მთავარი,სიახლეები

პარლამენტში სხდომა ხვალ გაიმართება

09.03.2023 • 909
პარლამენტში სხდომა ხვალ გაიმართება

ხვალ, 10 მარტს  11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული, შემდეგ კი 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს, 9 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა.

განცხადებაში მითითებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ სხდომაზე უცხოური აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან და ჩააგდებენ.

ამ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით თბილისში პარლამენტის წინ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები იმართება.

დღეს, 9 მარტს მოქალაქეებმა, მიუხედავად „ოცნების“ დაპირებისა, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენის დროს ჩააგდებდნენ, დაუყოვნებლივ მოითხოვეს სესიის ჩანიშვნა სწორედ ამ დაპირების ოფიციალურად გასაფორმებლად.

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: