მთავარი,სიახლეები

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სავარაუდოდ თბილისში დააკავეს

08.03.2023 • 2240
უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სავარაუდოდ თბილისში დააკავეს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე სავარაუდოდ დაკავებულია. როგორც მისი ახლობლები გვეუბნებიან, ნადიმ ხმალაძე ტელეფონს რამდენიმე საათია აღარ პასუხობს.

„ვეძებთ“ – გვეუბნებიან მისი მეგობრები.

უკრაინაში მებრძოლმა დავით ქაცარავამ ნადიმ ხმალაძის დაკავების შესახებ დაახლოებით 17:00 საათზე, ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„როგორც ამ წუთას გავიგე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს ნადიმ ხმალაძე!  არა დემონსტრაციის დროს, არამედ ნახევარი საათის წინ, ფაქტობრივად, ახლა!

ტელეფონი გაათიშინეს და კონტაქტზე შესაბამისად ვეღარ გამოდის.  რა ხდება ბატონებო, რეპრესიებზე და დაშინებაზე გადახვედით ისევ?  მისამართი შეგეშალათ“ – წერს დავით ქაცარავა.

„ბათუმელები“ ნადიმ ხმალაძის კიდევ ერთ მეგობარ,ს გიორგი სიხარულიძესაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ბოლო საუბრის დროს ნადიმი მას უნდა შეხვედროდა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონს აღარ უპასუხა.

„ნადიმი არის ჩემი მეგობარი, უნდა გვესადილა ერთად და ბოლოს რომ ველაპარაკე, როგორც ვიცი, იყო პარლამენტთან რომ გალერეაა, იმის წინ, მითხრა, ახლა ტაქსის ვაჩერებ და მოვალო. რა ადგილზე აჩერებდა ტაქსის, ეს არ ვიცი, მაგრამ ცოტა რომ დააგვიანა, გადავურეკე და უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი“ – გვთხრა გიორგი სიხარულიძემ.

„ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და ჰკითხა, არის თუ არა ამ დროისთვის ნადიმ ხმალაძე დაკავებული, თუმცა შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ამავე დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი, გიგა მაქარაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ნადიმ ხმალაძე ადმინსტრაციული წესით ჰყავთ დაკავებული და ზაჰესის იზოლატორშია  მოთავსებული.

შს სამინისტროდან ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

ნადიმ ხმალაძე უკრაინაში 2022 წლიდან იბრძვის, ამას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. როგორც ნადიმი, ასევე სხვა ქართველი მებრძოლები მიიჩნევენ, რომ ისინი უკრაინაში საქართველოს იცავენ, „რადგან რუსეთი ოკუპანტია და მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთეს. მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი მათ მოიხსენიებდა „ომის პარტიის“ წევრებად. ასევე, ქართველ მებრძოლებს „დაქირავებული მოხალისეებიც“ უწოდა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაურმაც, მან ქართველი მებრძოლები „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთ გმირს „კიკუს“ შეადარა, რის გამოც დავით ქაცარავამ მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვა.

„ქართული ოცნების“ წევრებმა ასევე განცხადებებს აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ  უკრაინაში მებრძოლ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

_____________________

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: