მთავარი,სიახლეები

პოლიციამ აქციაზე გამოიყენა ძალა, რომლის საჭიროებაც არ არსებობდა – ინტერვიუ

08.03.2023 • 743
პოლიციამ აქციაზე გამოიყენა ძალა, რომლის საჭიროებაც არ არსებობდა – ინტერვიუ

„პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური არ იყო,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პოლიციას საერთოდ არ ჰქონდა 7 მარტს გამართულ აქციაზე წყლის ჭავლის ან გაზის გამოყენების უფლება.

იურისტი განმარტავს, რომ პოლიციამ კანონი დაარღვია მაშინაც, როცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი მასობრივი დაკავების პრაქტიკას მიმართა. დაკავებულები სხვადასხვა ქალაქის იზოლატორში გადაიყვანეს და ბევრ მათგანს ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.

  • ქალბატონო ნონა, რა სახით დაირღვა ადამიანის უფლებები გუშინდელ აქციაზე? 

გუშინდელ აქციაზე პოლიციამ გამოიყენა ძალა, რომლის გამოყენების არანაირი საჭიროება არ არსებობდა, შემდეგ იყო აქციის მონაწილეების დაკავება, მათი დაზიანება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევას. პოლიციას არ ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა ის ძალა, რაც გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ამ აქციაზე დააკავა არაერთი ადამიანი. როგორც შს სამინისტრო აცხადებს, დააკავეს 66 ადამიანი ადმინისტრაციული წესით. მასობრივად დააკავეს ადამიანები ამ აქციაზე და გაგრძელდა ადამიანების მასობრივი დაკავების პრაქტიკა.

პარტნიორი ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ამ ადამიანების პოვნას ვცდილობდით სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში, პოლიციის განყოფილებებში და ძალიან გართულებული იყო დაკავებული პირების ადგილსამყოფლის დადგენა. ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა არ იცოდნენ, სად იმყოფებოდნენ დაკავებული პირები. დღესაც, ამ დრომდე გრძელდება მათი ძებნა, რადგან ისინი გადაყვანილნი არიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ზოგიერთი გადაიყვანეს ქუთაისში, მაგალითად.

  • რატომ გადაჰყავთ სხვა ქალაქების იზოლატორებში დაკავებულები და ხომ არ განუხილავს რომელიმე დაკავებულის საქმე სასამართლოს? 

ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომ შეფერხდეს ადვოკატთან შეხვედრა და დამატებით ბარიერი შექმნან. ზოგჯერ ამას ხსნიან იმით, რომ ადგილი არ არის წინასწარი დაკავების იზოლატორში. შსს-მ უნდა განმარტოს, რატომ გადაიყვანეს დაკავებულები სხვადასხვა ქალაქის იზოლატორში.

ამ დროისთვის სასამართლოში საქმის განხილვა დაწყებული არ არის. ჯერჯერობით საქმეები არ არის შესული სასამართლოში განსახილველად.

რაც შეეხება ფიზიკურ დაზიანებებს: აქციის ზოგიერთი მონაწილე ფიზიკურად დაზიანდა და ეს კადრებშიც ვნახეთ.  მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ეპიზოდი და ფაქტი იყოს სასწრაფოდ განხილული. ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაცია აქციის მონაწილეების დაზიანებებთან დაკავშირებით, რითაც გაირკვევა, ეს რა სიმძიმის დაზიანებებია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად შემოწმდეს თითოეული დაზიანებული პირი, იმიტომ, რომ არ წაიშალოს კვალი, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე არსებობდეს. ეს არის გამოძიების საქმე და გამოძიებამ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს.

ნონა ქურდოვანიძე

  • თუმცა გამოძიება პირიქით დაიწყო, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ – პოლიციელის მიმართ ძალადობის და მუქარის მუხლებით…

გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელ პირებთან მიმართებით და რა ფაქტზე დაიწყო ეს გამოძიება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურია ის უწყება, რომელმაც უნდა გამოიძიოს პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტები. მათ აქვთ გამოძიება დაწყებული ერთ შემთხვევაზე, რაც ეხება ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტს.

  • საინტერესოა თქვენი შეფასება მოწოდებაზე – აქციაზე პერიოდულად რთავდნენ პოლიციელები აუდიოჩანაწერს და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლას სთხოვდნენ.  

ძალიან მნიშვნელოვანია, როდის დაიწყო პოლიციამ  აქციის მონაწილეების გაფრთხილება. როდესაც ძალა უკვე გამოყენებულია, მაშინ გაფრთხილება ძალიან დაგვიანებულია.

  • მანამდეც რა უფლება აქვს პოლიციას, მშვიდობიანი აქციის მონაწილეს მოსთხოვოს დაშლა? 

ეს დაუშვებელია, როდესაც აქცია არის მშვიდობიანი და არ ხდება ინციდენტი. მოწოდების ეს ფორმა არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას. გაფრთხილება უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც პოლიცია ხედავს, რომ აქცია ან მისი ნაწილი ძალადობრივია და საჭირო ხდება სპეციალური ძალის გამოყენება.

ამ შემთხვევაში კი, როდესაც პოლიციამ სპეციალური ძალის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, არ არსებობდა ამის საჭიროება.

ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა საშუალებები იყო გამოყენებული აქციაზე სპეციალური ძალის გამოყენების დროს და როგორი იყო მათი შემადგენლობა. შევეცდებით ამ საკითხის უფრო დეტალურ შესწავლას და გაანალიზებას.

  • როგორც თქვენ ამბობთ, ჭავლი და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს სამართალდამცველებმა უკანონოდ. როგორი უნდა იყოს ამ დროს რეაგირება, რა მოლოდინი გაქვთ?  

დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ არ იყო პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, დაეწყო ძალის გამოყენება მაშინ, როცა მან ეს განახორციელა.

ეს აქცია იყო მშვიდობიანი და ინარჩუნებდა მშვიდობიან ხასიათს. ამ დროს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების არანაირი საჭიროება არ იდგა. ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და გამოძიება არ უნდა იყოს მხოლოდ ცალკეულ პოლიციელებთან მიმართებით. უნდა შეფასდეს, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და გამოიკვეთოს იმ პირების ქმედებაში დანაშაულის ნიშნები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს.

მოლოდინთან დაკავშირებით რთულია რამე ვთქვათ, რადგან ჩვენ გვახსოვს გამოცდილებიდან მსგავსი შემთხვევები, როცა ამ ტიპის ქმედებები ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

  • აქცია გაგრძელდება დღესაც, რა უნდა იცოდნენ აქციის მონაწილეებმა, როგორ უნდა დაიცვან თავი? 

დაკავებულს აქვს უფლება, რომ დაკავებისთანავე ჰყავდეს ადვოკატი, მას უნდა განუმარტონ უფლებები და დაკავებისთანავე გააცნონ, რა ფაქტის გამო აკავებენ.

დაკავებულს უნდა მიეცეს ასევე შესაძლებლობა, რომ მისი ადგილსამყოფლის შესახებ შეატყობინოს ოჯახს.

ეს უფლებები ცალსახად იყო გუშინ დარღვეული, როცა საათობით და ზოგიერთ შემთხვევაში ამ დრომდე გრძელდება ადგილსამყოფლის დადგენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: