მთავარი,სიახლეები

შსს აქციის მონაწილეებზე გამოძიებას აგრძელებს

10.03.2023 • 1029
შსს აქციის მონაწილეებზე გამოძიებას აგრძელებს

დღეს, 10 მარტს, შს სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა და  7-8 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონისა და მთავრობის პრორუსული კურსის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ისაუბრა.

კუპატაძის თქმით, ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი და მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე პოლიციელმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო დემონსტრანტების მიერ ნასროლი პიროტექნიკის და „ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების“ შედეგად.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“ – განაცხადა კუპატაძემ.

ბრიფინგზე მან 7-8 მარტის აქციებზე პოლიციის ქმედება ქრონოლოგიურად მიმოიხილა და განაცხადა, რომ პოლიციამ თანმიმდევრულად გამოიყენა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.

„აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგანს – ქვებს, ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ მათ. ასევე მიზანმიმართულად აზიანებდნენ სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებსა და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობას“ – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მიმდინარე წლის 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა.

თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“ – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

კუპატაძეს არაფერი უთქვამს პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესახებ.

ბოლო ცნობებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა.

7-8 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

კერძოდ, 7 მარტის აქციაზე დააკავეს ზურაბ – გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი, რომლებიც ამბობენ, რომ დაკავებისას ხელკეტები და წიხლები ურტყეს. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ აქციაზე დაკავებულთა შორის, ვინც მან მოინახულა, ყველაზე მძიმე დაზიანებები ზურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) განცხადებით, ზურა ჯაფარიძის მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისმე-3 (ადამიანის წამებაარაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან გათანაბრებული მოპყრობა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე10 მუხლების (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა

ზურა ჯაფარიძე, ძალადობის კვალი თავზე

9 მარტს გამართულ აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას. მას ვიდეოს გადაღების დროს წიხლი ჩაარტყეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, 7-8 მარტის აქციებზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესახებ.

კერძოდ:

  • სპეცრაზმმა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა.
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე, გიორგი კვიჟინაძესა და დავით მანიაზე.
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას“ ჟურნალისტზე, თეა თეთრაძესა და ოპერატორ ნიკა კოკაიაზე, ასევე, მათ რამდენჯერმე შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი.
  • ფიზიკურად იძალადეს „მედიაჩეკერის“ რედაქტორ გიორგი გოგუაზე. ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან აუხსნა, რომ პრესის წარმომადგენელია.
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ფორმულას“ ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს.
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას“ ჟურნალისტ ნიკა საჯაიზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, პოლიციამ აქციაზე გამოიყენა ძალა, რომლის საჭიროებაც არ არსებობდა. გარდა ამისა, აქციებზე დაკავებულებს საათების განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ ადვოკატები და ოჯახის წევრები, რადგან მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

______________________

ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“ – 9 მარტი, თბილისი, რუსთაველის გამზირი. ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

გადაბეჭდვის წესი


ასევე: