„გათლილი კარტოფილის კანს ვრეცხავდით და ვჭამდით, ისე ვიყავითო“ – გადასახლება ქედიდან ციმბირში
„დასხდებოდნენ ბიძაჩემები, მამიდაჩემი და მოჰყვებოდნენ მათ თავგადასავალს. ისეთი შეხვედრა მაგათ არ ჰქონიათ, გადასახლების პერიოდი რომ არ გაეხსენებინათ. ობლად დარჩნენ, მერე გადაასახლეს. ამის გახსენებისას მათ თვალებზე სულ ცრემლი იყო. სულ, სულ ტიროდნენ.
რა ისტორიებიც ჩემი ოჯახის წევრებისგან მაქვს მოსმენილი, ისეთი დღე ღმერთმა ნურავის ნუ დაუწეროს.
მე თვითონ არ ვყოფილვარ გადასახლებული, მაგრამ რომ მოჰყვებოდნენ, ისეთი იყო, გულზე რომ ტყვია გესროლონ“, – გვეუბნება ზურაბ ცეცხლაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისიდან.
ზურაბ ცეცხლაძის მამა, ხუსეინ ცეცხლაძე ორ მცირეწლოვან და-ძმასთან, უფროს ძმასთან და ქვრივ დედასთან ერთად 1949 წელს ციმბირში გადაასახლეს. ცეცხლაძეების ოჯახმა გადასახლებაში 8 წელიწადი გაატარა.
როგორც ზურაბ ცეცხლაძემ გვითხრა, სოფელ მერისიდან მაშინ კიდევ რამდენიმე ოჯახი გადაასახლეს.
„ყველას ყაზახეთში გადასახლებულად წერენ, მაგრამ ესენი იყვნენ ციმბირში. 1956 წელს დაბრუნდნენ უკან.
დასხდებოდნენ დედმამიშვილები და გაიხსენებდნენ იმ ამბებს. რუსები კარტოფილს რომ თლიდნენ და გადმოჰყრიდნენ, იმას ვრეცხავდით და ვჭამდით, იმ დღეში ვიყავითო. სახლი არ გვქონდა, კარი არ გვქონდა, გვციოდა და არავინ არ ფიქრობდა ჩვენზეო. ასეთი წვალებით იცხოვრეს ის რვა წელიწადი იქ. როცა დაბრუნდნენ აქაც ცის ქვეშ იყვნენ, არაფერი არ ჰქონდათ, მხოლოდ ჰქონდათ ტიალი მიწა. ხალხის, მეზობლების დახმარებით, წვალებით ააგეს ცხოვრება.
გასახლების ტკივილი მაინც სხვანაირი, დაუვიწყებელია. ბაბუაჩემი გადასახლებამდე 5 წლით ადრე გარდაიცვალა. ობოლი ბავშვები და ქვრივი ქალი, ბებიაჩემი გადაასახლეს.
მამაჩემი 9 წლის იყო გასახლებებისას, მესამე კლასში სწავლობდა. იხსენებდა – გადასახლების წინა დღეს სოფლის ცენტრში ვიყავი უფროსებთან ერთად, სადაც თქვეს ცეცხლაძეებს ასახლებენო, მაგრამ ჩვენზე იყო ეს თუ ვისზე, არ ვიცოდი, სახლში რომ ამოვედი იმ საღამოს საჭმელი არ მიჭამია, დედაჩემმა მითხრა ჭამეო, მაგრამ მაინც არ ვჭამეო. გათენებული არ იყო, რომ კარებზე მოაკაკუნეს.
დედაჩემმა კარი რომ გააღო და შეხედა, სალდათები დახვდნენ სამხედრო ფორმით, რომლებმაც უთხრეს: „წამოგვყევით!“ დედაჩემი ეკითხებოდა რა ხდებაო და პასუხად „წამოგვეყევით!“ „წამოგვყევით!“ ისმოდა მხოლოდ.
ჩემი პატარა და-ძმა იქეთ-აქეთ დაიჭირა დედაჩემმა ხელში და წავედით. არც რაიმეს წაღება და არც არაფერი საერთოდ. გამთენიისას წაგვიყვანეს და ფეხით გვატარეს 12 კილომეტრი ქედის ცენტრამდე. იქიდან სატვირთო მანქანაზე შეგვყარეს ბათუმამდე.
ბათუმში რომ ჩამოვედით სამშენებლო ვაგონში შეგვიყვანეს და იმით წაგვიყვანეს. რა მიმართულებით, კაციშვილმა არ გვითხრა. რომ ჩავედით ადგილზე, მაშინ გვითხრეს, ციმბირში რომ ვიყავით. იქამდე არავინ არაფერს არ გვეუბნებოდა.
დავსახლდით ციმბირში. რაღაც ქოხივით იყო, იქ ვცხოვრობდით. საწოლი არ გვქონია იქ და არაფერიო“ – იხსენებს მამის ნაამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

იგი გვეუბნება, რომ როგორც ოჯახის წევრების მონათხრობიდან იცის, სხვა ქართველები არ ყოფილან გადასახლებაში მყოფ ცეცხლაძეების ოჯახთან ერთად.
„მამაჩემი ამბობდა, რომ ჩავედით, სამი დღის შემდეგ გაგვიყვანეს სამუშაოდო. ბავშვი ვიყავი, რა უნდა მემუშავა, რა უნდა გამეკეთებინა განა, მაგრამ მაინც გვამუშავებდნენ და ყველანაირ საქმეს გვაკეთებინებდნენო. როგორც ადრე იყო, პატიმრები გაჰყავდათ და ამუშავებდნენ, მაგ სისტემით.
მცირეწლოვან ბავშვებს შავ საქმეზე ამუშავებდნენ.
თუ ვინმეს შევეცოდებოდით, პატარები ვიყავით და რაიმეს მოგვცემდნენ ეს იყო, დანარჩენი არავინ საერთოდ, მთავრობა, გინდ სხვა, მიმხედველი არ იყო, არავინ ყურადღებას არ გვაქცევდაო“, – გვითხრა ზურაბმა. მისი თქმით, მამამისმა და ოჯახის სხვა წევრებმა გზაში 14-15 დღე გაატარეს და როცა საბოლოოდ, რვა წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს, არანაირი დახმარება არ აღმოუჩენიათ მათთვის.
„საქართველოში ჩამოსვლისთვის გზადაგზა ვმუშაობდით. იქიდან პირდაპირ გამოგვიშვეს, მეტი არაფერიო – იხსენებდნენ მამაჩემი და უფროსი ბიძაჩემი. ისინი მუშაობდნენ ძირითადად, ბებიას და მამაჩემის პატარა და-ძმას არ შეეძლოთ მუშაობა.
მამაჩემი მიყვებოდა ხოლმე – ერთ ადგილზე ვიღაც შუახეველი კაცი შეგვხვდა, შევეცოდეთ, მოგვცა ფული და იმას აქეთ აღარ გვიმუშავია, პირდაპირ წამოვედითო. როცა ჩამოვედით, იმის მერე გავიდა წლები, მე მახსოვდა ამ შუახეველი კაცის სახელი-გვარი, მივაგენი და მივეცი ის ფული უკანო“.
გადასახლებიდან რვა წლის შემდეგ დაბრუნებულმა ხუსეინ ცეცხლაძემ 1962 წელს იქორწინა და ქორწინებიდან რვა თვის შემდეგ 3-წლიანი ჯარის მოხდაც მოუწია. ის 6 შვილის მამა იყო.
ზურაბს მამა ძლიერ და მებრძოლ ადამიანად ახსოვს. ინტერვიუს განმავლობაში ბევრჯერ გაუტყდა ხმა და ცრემლი მოერია. ამბობს, რომ თითოეული დღე, რაც მისმა ოჯახმა გადასახლებაში გაიარა, ტანჯვის ტოლფასი იყო და წარმოუდგენლად მძიმეა საკუთარი სახლიდან, რომლის შენებაშიც უდიდესი ძალისხმევა, შრომა გაქვს ჩადებული ვინმემ გაგასახლოს და უკან დაბრუნებულს სრულიად არაფერი არ დაგხვდეს:
„მოსმენაც კი მიჭირდა იმის, რაც მამაჩემმა, მისმა და-ძმამ და ბებიაჩემმა გამოიარეს.
რაიმე დანაშაული რომ ჰქონოდათ, სხვა იქნებოდა. არაფერი დაუშავებიათ, კაცის მკვლელები ეგენი არ იყვნენ და არაფერი. ხნიერი ხალხისგან არ გამიგონია, რომ ბაბუაშენი ცუდი კაცი იყოო. ქვრივი ქალი, ობოლი ბავშვები… მე არ ვიცი რატომ მოხდა, რის გამო გადაასახლეს.
მამაჩემი 2018 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა და დღესაც მაინტერესებს რატომ გადაასახლეს, თუმცა ვერავისგან ვერ გავიგე“, – ამბობს ზურაბი.
ზურაბ ცეცხლაძე თვლის, რომ მის ოჯახს გადასახლების გამოცდილება რომ არ ჰქონდეს, ბევრად უკეთესი ცხოვრებისეული პირობების შექმნას მოახერხებდნენ:
„რა თქმა უნდა, უკან დაგვხია გადასახლებამ. გადასახლებიდან დაბრუნებულმა ჩემს ოჯახს ყველაფრის ნულიდან შენება მოუწია. [მამაჩემმა] ნელა-ნელა, მეზობლების დახმარებით გააკეთა რაღაც და იმით გააგრძელა ცხოვრება.
გასულ წლებში ოჯახმა, როგორც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლმა, კომპენსაცია მიიღო.
„კომპენსაციის ოდენობა 3 000 ლარი იყო მე მგონი. მამაჩემმა და ბიძაჩემმა აიღეს 3-3 ათასი ლარი. რომელი წლები იყო არ მახსოვს. მაგისთვისაც არბენინეს ხან ქობულეთში, ხან ქუთაისში და ბოლოს ამ ოდენობის ფული მისცეს“, – გვითხრა ზურაბ ცეცხლაძემ საუბრის დასასრულს.
ნახეთ ვიდეო:
ფეხბურთელების საშუალო შეფასებით საქართველო მე-3 ადგილზეა – Sky Sports
ბრიტანული „სქაი სპორტსის“ მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ, ფეხბურთელების საშუალო რეიტინგით საქართველო მე-3 ადგილზეა.
სიას სათავეში უდგას სლოვაკეთის ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა საშუალო რეიტინგია – 7,94. სლოვაკებმა პირველ ტურში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ბელგიის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 0-1.
მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა საშუალო რეიტინგია – 6,94. რუმინეთის ნაკრებმა, ყველასთვის მოულოდნელად უკრაინის ნაკრები დაამარცხა 3-0.
რაც შეეხება საქართველოს, ნაკრების ფეხბურთელთა საშუალო რეიტინგია – 6,89 მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში წააგო თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან.
საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ჩეხეთის ნაკრები მე-7 ადგილზეა – 6,33 ქულით, თურქეთის ნაკრები მე-9 ადგილზე – 6,26 ქულით, ხოლო პორტუგალიის ნაკრები საშუალო 6,1 ქულით მე-14 ადგილზეა.
პირველი ტურის ყველაზე დაბალრეიტინგული გუნდი „სქაის“ მიხედვით შოტლანდიის ეროვნული ნაკრებია.
რაც შეეხება ფეხბურთელთა ინდივიდუალურ შეფასებას, აქ ყველაზე მაღალი ქულა, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ჯუდ ბელინგემს აქვს – 8,3. მეორე ადგილზე 8,2 ქულით ერთბაშად 4 ფეხბურთელია: გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა, სლოვაკეთის ნაკრებიდან მარტინ დუბრავკა, ასევე სლოვაკეთის ნაკრებიდან მილან შკრინიანი და სტანისლავ ლობოტკა.
„სქაი სპორტსის“ მიხედვით, ქართველი ფეხბურთელებიდან საუკეთესო შეფასება ჟორჟ მიქაუტაძეს აქვს – 7,7 ქულა, მას მოსდევენ გიორგი ჩაკვეტაძე და ანზორ მექვაბიშვილი 7,4 ქულით.
მთავარი ფოტო : nakrebi.ge
ბათუმში ხვალ აფროსნობის ტურნირი იწყება
21-23 ივნისს ბათუმში აფროსნობის ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, ფოთისა და თბილისის აფროსანთა კლუბები.
ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია, 21 ივნისს, 12 საათზე გაიმართება ე.წ. „მელკიმორიაზე“, ბაქოს ქუჩის 33-ში.
ტურნირის ორგანიზატორია აჭარის აფროსანთა ფედერაცია, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა. პრესრელიზის თანახმად, ფედერაციის მიერ ორგანიზებულ აფროსნობის სკოლაში, მოზარდებს საშუალება აქვთ უფასოდ დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას და მიიღონ ყველა საჭირო სერვისი, რაც მათ პროფესიულ ზრდაში დაეხმარება.
აფროსნობის ტურნირი ბათუმში პირველად გაიმართება 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ტურნირში პატარებთან ერთად, უფროსი ასაკის აფროსნებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმის აფროსანთა კლუბი-სკოლა, მოყვარულ მეთევზეთა კლუბ „დელფინის“ ინიციატივით დაფუძნდა, რომელიც ბათუმელ აფროსნებს აერთიანებს.
სკოლა აღჭურვილია აფროსნობისთვის საჭირო თანამედროვე წყალზე მცურავი ტექნიკითა და აპარატურით, რომლის მოდერნიზება ისევ გრძელდება.
აჭარის აფროსანთა ფედერაციის ცნობით, უახლოეს მომავალში ფედერაცია გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების და მოზარდების სკოლაში მიღებას. შესაბამისი ინვენტარის შეძენაზე ზრუნვა, უკვე დაწყებულია. შესაბამისად, სპორტსმენებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პარასპორტულ ღონისძიებებში, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე.
ფედერაციის ცნობით, საქართველოში აფროსნობის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის 90-იან წლებში და პირველი იახტკლუბი სწორედ ბათუმში გაიხსნა, უცხოელ დიპლომატთა და მეწარმეთა სახსრებით. ამ კლუბმა 1920-იან წლებამდე იარსება.
1924-30 წლებში ბათუმის საზღვაო სადგურის მეზღვაურთა ინიციატივით აფროსანთა არაერთი შეჯიბრება გაიმართა, 1931 წელს კი მოეწყო პირველი გაცურვა ბათუმიდან სოხუმამდე და უკან. მოგვიანებით საქართველოს აფროსნები „დ-1“და „ს-60“ ნავებით სევასტოპოლსა და ოდესაში ჩავიდნენ. 1994 წელს მოხდა ბათუმის აფროსანთა სკოლის შენობის დემონტაჟი და გაუქმდა კლუბიც, რამაც სპორტის ამ სახეობის განვითარება, ბათუმში რამდენიმე ათწლეულით შეაჩერა.
ფეხსაცმელებით ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა სარფის საზღვარზე
„კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად, სპორტულ ფეხსაცმელებში, მალულად განთავსებული [ფეხსაცმელების ლანჩის ქვეშ], პოლიეთილენის შეფუთვებში დაფასოებული 238 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება [კრისტალური ფხვნილის სახით მეტადონის მარილი] აღმოაჩინეს.

ასევე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა დიდი ოდენობით (საერთო წონა 500 გრამი) ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შემოტანის მცდელობა, რომელიც სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს წებოვანი ლენტით, სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის კიდევ ერთი მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
კერძოდ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 168 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

გააფართოებენ თუ არა ხიდს ბათუმის შემოსასვლელში – რეაბილიტირებული „ძაბრიხიდი“
ხიდი ბათუმის შემოსასვლელში, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ისევ ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის.
6 თვის წინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ „ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები“ ხიდის გაფართოების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არაფერია შეცვლილი.
მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდი რეაბილიტაციის დროს დაავიწროვეს კიდეც, რის გამოც მას „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს.

ამავე სამმართველოდან დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია ველოდებოდით პასუხს კითხვაზე, თუ რა „შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს“ აღნიშნული ხიდის გაფართოების მიზნით და კონკრეტულად რა კეთდება ახლა?
„ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან საბაგირომდე [„არგო“] არსებულ გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს დღისა და ღამის საავტომობილო ნაკადების შესწავლა, რაც ასევე მოიცავს სხვადასხვა მონაკვეთში როგორც გზის, ასევე, პერსპექტივაში, ხელოვნური ნაგებობების რეკონსტრუქცია-ახლის მშენებლობის საკითხსაც“ – მოგვწერეს დღეს, 2024 წლის 20 ივნისს ბათუმის მერიის სამმართველოდან.
როდის უნდა დასრულდეს „საავტომობილო ნაკადების შესწავლა“? – ამ კითხვაზე სამმართველოდან პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა „ხიდის გაფართოება, რომ „პერსპექტივად“ რჩება ფაქტია. ანუ, ყოროლისწყალზე მიმდინარე ზაფხულშიც „ძაბრიხიდი“ იმუშავებს.
ვიდრე „საავტომობილო ნაკადებს სწავლობს“, ბათუმის მერიამ ქალაქში საცობების მოგვარების კუთხით ახალი პროექტი დააანონსა – გზაგამტარი გვირაბის აშენება შავშეთის ქუჩაზე, რომელიც ისედაც თვეებია გადაკეტილია სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის გამო.
თუმცა გვირაბის აშენებით, როგორ დარეგულირდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა „მანთაშევზე“, ჯერ მერიაში გადაწყვეტილი არ აქვთ. სამმართველოში გვითხრეს, რომ ეს გზაგამტარი გვირაბის დეტალური პროექტირების დროს დაზუსტდება.
ვრცლად: ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს
ვიდრე ბათუმის შემოვლითი გზა არ გაიხსნება, „ბენზეს ხიდი“ ერთადერთი გადასასვლელია მდინარე ყოროლისწყალზე და ერთადერთი შემოსასვლელ-გასასვლელი ქალაქში, სადაც ინტენსიური სატრანზიტო მოძრაობაა.
აღნიშნულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარდა. 2022 წლის 18 ივლისიდან კი, დეპარტამენტის ინფორმაციით გზის ის მონაკვეთი სადაც „ბენზეს ხიდია“ [ასევე თავად ხიდი] აღარ ირიცხება მათ ბალანსზე და მისი მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიის ვალდებულებაა.
ამავე თემაზე:
ბათუმის შემოსასვლელში ხიდის რემონტის გამო ტრანსპორტი დროებით ნაგებობაზე იმოძრავებს
უფლებების ჩამორთმევა ნარკოდანაშაულისთვის – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად ჩათვალა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებისთვის ისეთი სამოქალაქო უფლებების ავტომატურად ჩამორთმევა, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, ან საჯარო სამსახურში საქმიანობა.
საქმეზე – „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სარჩელით საკონსტიტუციოს 2015 წელს მიმართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის 14 ივნისს მიიღო.
მოსარჩელეები საერთო სასამართლოებმა სხვადასხვა დროს დამნაშავედ ცნეს ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის. სასჯელის ნაწილში მათ მოსამართლეებმა ავტომატურად შეუზღუდეს სამოქალაქო უფლებები.
მაგალითად, კონსტანტინე ლაბარტყავას თავისუფლების აღკვეთა 1 წლით შეუფარდეს, რაც ჩაეთვალა პირობითაც, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4 ათასი ლარი. მას 3 წლის ვადით ჩამოართვეს გასაჩივრებული სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვები, მოსარჩელეებს მალხაზ ნოზაძეს და ირაკლი გოგოლაშვილს კი, 5-5 წლის ვადით ჩამოერთვათ კონკრეტული სამოქალაქო უფლებებით სარგებლობა.
მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები – ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა – ურთიერთობის იმდენად ფართო სპექტრს მიემართება, რომ გავლენას ახდენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაზე და გააჩნია მსუსხავი ეფექტი. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმები პირს ართმევს მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, რომელიც, კონკრეტული ტიპის საქმიანობასთან ერთად, გულისხმობს პიროვნული თუ პროფესიული განვითარების, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:
„სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით უნდა შეფასდეს სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების სიმძიმისა და გამოყენებული პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება.
ნებისმიერი სასჯელის ზომა იწვევს პირის პიროვნული თავისუფლების გარკვეული ასპექტის შეზღუდვას და, შესაბამისად, არის ჩარევა მის ძირითად უფლებებში. მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის ფორმით განსაზღვრული სასჯელი გარდაუვალად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას…
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას, დანაშაულის სიმძიმესთან ერთად, მხედველობაში იღებს სასჯელის სიმკაცრეს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები ითვალისწინებს შემდეგი უფლებების ჩამორთმევას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო [საბიუჯეტო] დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევა ხდება სხვადასხვა ვადით – (სუბიექტების მიხედვით) 3, 5 და 10 წლით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა იწყება: თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამ გადაწყვეტილებას ორი მოსამართლე ირინე იმერლიშვილი და თეიმურაზ ტუღუში არ დაეთანხმა. მათი განსხვავებული მოსაზრებები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
„მივიჩნევთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება სასამართლოს წინარე პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს,“ – მიიჩნევენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“. ეს ორგანიზაცია იცავდა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს.
„გაუმართლებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, წლობით აჭიანურებს იმ სარჩელების განხილვას, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემებს ეხება. მეორე მხრივ კი, წლების შემდეგაც სრულიად დაუსაბუთებელ და წინარე პრაქტიკასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას იღებს, რითაც ხელს უწყობს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას და ახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისთვის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას,“ – ვკითხულობთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,“ – ასეთია „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრის პოზიციაა.
ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მოსარჩელეებმა მოსამართლეებს უთხრეს, რომ „შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, მართლაც არსებობდეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის საქმიანობის უფლების შეზღუდვის ინტერესი, თუმცა უფლებათა ფართო სპექტრის ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევა იმის გაუთვალისწინებლად, თუ რამდენად არსებობს რაციონალური კავშირი პირის ჩადენილ ქმედებასა და ჩამორთმეულ უფლებას შორის, თანაზომიერების პრინციპის აშკარა დარღვევაა“.
მოპასუხის, ანუ პარლამენტის პოზიციით კი, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების ჩამორთმევა არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც სასჯელი, რადგან მოსამართლეს არ აქვს დისკრეცია, გამოიყენებს თუ არა სადავო რეგულირებით დაწესებულ შეზღუდვას კონკრეტულ შემთხვევაში. აღნიშნული უფლებები პირს ეზღუდება ყველა შემთხვევაში, თუკი ის ჩაიდენს კონკრეტული ხასიათის დანაშაულს. ამასთან, კანონმდებელმა სადავო ნორმები განზრახ არ მოაქცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში, რადგან მისი მიზანი არ ყოფილა ამ შეზღუდვის სასჯელად დაწესება,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მოსალოდნელია ხანმოკლე, ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო და გავრცელებულ ინფორმაციაში აზუსტებს, რომ „საფრთხის დონე საშუალოა“.
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 530 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
- ტანკი – 7 987 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 15 337 ერთეული [+18]
- საარტილერიო სისტემა – 14 052 ერთეული [+45]
- MLRS – 1 105 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 859 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 260 ერთეული [+39]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 298 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 134 ერთეული [+56]
- სპეცტექნიკა – 2 357 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 26 008 უპილოტო საფრენი აპარატი
- 531 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 385 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 346 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 665 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 726 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
სირსკი: დამატებითი შეიარაღებისა და F16-ების მიღების შემდეგ დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
„კატასტროფულად მძიმე იქნება“ – ქართველი ემიგრანტი უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საფრთხეზე
„ამაზე ფიქრიც არ შემიძლია, რა მოხდება… უვიზო რეჟიმის შეზღუდვა კატასტროფულად მძიმე იქნება“, – გვითხრა ქართველმა ემიგრანტმა თამარ ლომიძემ, რომელიც 5 წელია იტალიაში მუშაობს. იტალიიდან გამოგზავნილი ხელფასით თამარი ოჯახს არჩენს საქართველოში და ასევე, იმ ბინის სესხს ფარავს, რომლის შეძენაც საქართველოში ყოფნის დროს ვერ შეძლო.
თამარ ლომიძე ხულოს სოფელ ბეღლეთიდანაა, მარტოხელა დედაა და ემიგრაციაზე საუბრის დროს, პირველ რიგში, ყურადღებას იმაზე ამახვილებს, თავისი ნებით რომ არავინ ტოვებს სამშობლოს:
„მკერავად ვმუშაობდი ფაბრიკაში, როგორ უნდა მეარსება 400 ლარით, როცა მთელი დღე იქ ვმუშაობდი? არ ვიცი საქართველოში ისეთი ოჯახი, რომელიც ხელფასით ცხოვრობს. ასეთი ალბათ ხელისუფლების ოჯახებია“.
რა მოხდება, თუ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შეიზღუდება? – იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს კონკრეტული და მკაფიო გზავნილი აქვს:
„ჩვენ კი არა, ვინც დარჩენილია საქართველოში, რამდენისგან მესმის, იმდენად გაუსაძლისია ცხოვრება, წამოვიდეთ უნდაო…
მარტოობაში ვართ ემიგრანტები. ქართულად აქ მხოლოდ ჩემი გულის ხმა მესმის. თვეში ერთხელ თუ ვნახულობთ ერთმანეთს ქართველები, ზეიმი გვაქვს, დღესასწაული… გაუსაძლისი მდგომარეობაა, მე უკვე შვილიშვილები მყავს, ახალგაზრდა დედები არიან აქ. ერთი ქალია, მისი შვილი პირველ კლასშია და მაქსიმალურად ცდილობს, დრო ისე გადაანაწილოს, რომ ტელეფონით აქედან, იტალიიდან ამეცადინოს შვილი.
ხელისუფლების წარმომადგენლებს ამას ვეტყოდი: თავიანთ დედებს ჰკითხონ: რამდენად ძნელია საკუთარი შვილის დატოვება, შვილის და შვილიშვილების მონატრება? თუ მათ ხელეწიფებათ ჩვენს ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნება და ამას არ აკეთებენ, დადგება დრო, როცა ესენი წავლენ ხელისუფლებიდან და გაიყოლებენ უამრავი დედის ტკივილს, წყევლას, ცრემლებს, ცოდვას….
ისინი პატივს არ სცემენ დღეს ნებისმიერი ქართველის ტკივილს, მით უფრო, როცა ასეთი გულანთებული ახალგაზრდები გამოდიან ქუჩაში. მე მართლა ამაყი ვარ დღეს, რომ დღევანდელი ცხოვრების მიუხედავად, ამდენი მებრძოლი ახალგაზრდაა კიდევ. რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს, ჩემი გზავნილი ესაა,“ – გვითხრა თამარ ლომიძემ.
რა მოუვა საქართველოს, თუ ის ევროპას დაშორდება და რუსეთს დაუახლოვდება? – ვკითხეთ ემიგრანტს.
„ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანა. ჩვენ, ემიგრანტებს, უკან დაბრუნება რომ მოგვიწიოს, არ ვიცი, რა იქნება ჩვენი ქვეყანა. რატომ არ მივდივართ რუსეთში სამუშაოდ, იქ თუ კარგია? რატომ ვართ ამდენი ქართველი ევროპაში და არა რუსეთში?
კარგად გვახსოვს რუსეთის „სიკეთეები“, ამდენი ახალგაზრდის სიკვდილი 2008 წელს, გინდაც 9 აპრილს, მათ საფლავებს როგორ უნდა გადაუაროს ქართველმა ადამიანმა? ან იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს დროშაზე სისხლი დააქციეს? როგორ უნდა გადააბიჯო ამ ქართველების საფლავებს და გადახვიდე რუსეთში?“ – კითხულობს ემიგრანტი ქალი.
თამარ ლომიძეს ვესაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ემიგრაციაში და აპირებს თუ არა 2024 წლის შემოდგომაზე არჩევნებზე წასვლას.
- „როგორ აღმოვჩნდი იტალიაში“
„მაკრთობს ის შიში, როცა უცხო ქვეყანაში არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, ღმერთის ანაბარა წამოვედი,“ – იტალიაში ჩასვლის პირველ დღეს იხსენებს „ბათუმელებთან“ თამარ ლომიძე, – „ორნი ვიყავით ერთად და ავცდით ბარში მიმავალ თვითმფრინავს მილანის აეროპორტში. ბედად ერთი ქართველი ბიჭი გამოჩნდა და გაგვიშვა ავტობუსით. მერე ავტობუსით აგვერია ნეაპოლშიც…
შემოდიხარ უცხო ქვეყანაში, ენა არ იცი. თურმე არ უნდა მოგერიდოს, ვისაც არ უნდა ვთხოვო ახლა დახმარება, ყველა ისე დაგეხმარება, მთელი გულით… დღეს უკვე იტალია ჩემი მეორე სამშობლოა.
სამ წელიწად-ნახევარი ერთ ოჯახში ვიყავი, დაიღუპა მერე ის მოხუცი, სამხრეთ იტალიაში ვცხოვრობდი, იქ უფრო დაბალია ხელფასები. ახლა ყოველდღე ვმუშაობ და ანაზღაურებაც უფრო მაღალი მაქვს, თუმცა ჩემი ხელფასის ძირითადი ნაწილი მიდის ბანკის ვალში – საცხოვრებელი არ მქონდა, როცა საქართველო დავტოვე. ჩემი შვილი ცოლ-შვილიანია, მაგრამ ვის ჰყოფნის თავისი ხელფასი?ტექნიკაზე მუშაობს, ბინა თბილისში ვიყიდეთ და მე ვიხდი ბანკის ფულს. სესხის გარდა, ისეც ვგზავნი ფულს. მე რომ ჩემი ხელფასი არ გამოგზავნო, შვილს თავისი ხელფასი ალბათ მხოლოდ ჭამაში და კომუნალურებში ძლივს შეიძლება გასწვდეს.
სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი, საქართველოში როცა ვცხოვრობდი, ჯერ ჩემს მშობლებთან, მერე ნაქირავებში ვიყავით. ჩემი ბიჭი სამხედრო საკონტრაქტოზეც მუშაობდა, ავღანეთშიც იყო, მაგრამ ერთი შვილი მყავდა, მე ვთხოვე, დაენებებინა თავი, ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, ავდექი და წამოვედი.
- „როდის დავბრუნდები“
51 წლის ვარ ახლა, 6 წელი ემიგრაციაში ვარ და 6 წელი კიდევ დამჭირდება, რომ დავდგე ფეხზე, რომ მომინდეს ჩემს სახლში დაბრუნება, მომინდეს რა – რომ შევძლო სახლში დაბრუნება, თორემ ყოველ წუთას მინდა დაბრუნება. თანაც, დედაჩემს ისე ვჭირდები…
არ მაქვს იმედი, რომ რამე გამოსწორდება, რომ დავბრუნდე. საქართველოში ვერ შევძლებ ამ ბანკის ვალის გადახდას, რაც კისერზე მადევს.
ხელისუფლებას ის მაინც ხომ შეუძლია, რომ ამხელა პროცენტს არ გვახდევინებდეს ბანკი? აქ ვინც ემიგრაციაშია, მათ 70%-ს ბანკის ვალი აქვს.
ახლა უზარმაზარ აპარტამენტში ვცხოვრობ, მაგრამ აქ ერთი ნივთიც არაა ჩემი, საკუთარი, თვიდან თვემდე ხელფასს ველოდები. დასვენების დღე საერთოდ არ მაქვს, იმ პირობით ვმუშაობ.
სხვა რა გითხრათ: ემიგრანტები ალბათ ყველა დროში იქნებიან, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაცის გამოსწორება?
ადრე გაგონილი მქონდა, ევროპაში სულ სხვანაირი ცხოვრებაო. მე ქართულს ვერასდროს ვერაფერს ვერ შევადარებ: რა თქმა უნდა, ყველას თავისი კულტურა და ცხოვრების წესი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად იტალიაში დროის შეგრძნება მომწონს – ნებისმიერი წუთი და წამი ამათთვის მნიშვნელოვანია და ხვალ რას გააკეთებენ, წინასწარ გეგმავენ დიდი ხნით ადრე.
მშვიდი ხალხია, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, არავის ცხოვრებაში არ იხედებიან.
- წავალ თუ არა არჩევნებზე?
ჩემი ერთადერთი სურვილია, გაგვიხსნან საარჩევნო უბნები იქნება თუ ყუთები. უნდა შეგვეძლოს ჩვენი აზრის დაფიქსირება, არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა გვქონდეს.
მხოლოდ რომში საარჩევნო უბნის გახსნა არაა გამოსავალი – იქ შეიძლება ვერ ჩავიდე, რადგან რომამდე მინიმუმ ერთი საათის გზაა მატარებლით, შესაძლოა, ოჯახს არ აწყობდეს, რომ ამდენი ხნით წავიდე. ფლორენციაში საკმაოდ ბევრი ქართველია, რატომ არ უნდა გახსნან იქ უბანი? აქამდე ემიგრაციაში ყოფნის დროს არასდროს წავსულვარ არჩევნებზე.
ხელისუფლებაში საკუთარი, პირადი ცხოვრების მოსაწყობად არ უნდა მოდიოდნენ ადამიანები. დღეს ყველა, ვინც მოდის ხელისუფლებაში, მოდის პირადი ცხოვრების მოსაწყობად, საშვილიშვილოდ და შთამომავლობისთვის რომ შეისყიდონ გრანდიოზული შენობები.
ბებიაჩემი იტყოდა, ფუტკრის და მთავრობის საქმეს ვერ გაიგებო, მაგრამ თუ არ ფიქრობენ საკუთარ მოქალაქეებზე, რისთვის უნდათ ეს ქვეყანა?“ – ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი ემიგრანტმა თამარ ლომიძემ.
საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ემიგრანტის შეტყობინება მივიღეთ: „დამავიწყდა მეთქვა, თუ ოდესმე დავბრუნდებით, აღარც დედებად, აღარც შვილებად და აღარც ადამიანებად ვივარგებთ, გაყინული გვაქვს გრძნობები“.
განზრახ მკვლელობა თუ მოგერიება – რა კითხვებს სვამენ ნაფიცი მსაჯულები ბათუმის სასამართლოში
„…თუ მართალი იყო, რატომ მიატოვა? როცა დანა ჩაარტყა ჩემს შვილიშვილს, სასწრაფოს რატომ არ გამოუძახა? ან პოლიციაში რატომ არ მივიდა, ამ კაცმა ჭკუიდან გადამიყვანაო? სამჯერ ჩაარტყა დანა, სამჯერ… მკლავის ძალით მოერეოდა მარტო, ისე გაელახა, კაფანდარა ბიჭი იყო ჩემი შვილიშვილი,”- ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა მიმართა ნაფიც მსაჯულებს ქალმა, რომელმაც შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ჩვენება მისცა სასამართლოს.
- დღეს, 19 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. საუბარია ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მკვლელობაზე – 2023 წლის 28 სექტემბერს 23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულია შოთა ს. გარდაცვლილის თანასოფლელია. მისი მტკიცებით, ის უდანაშაულოა, რადგან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
„ვიდრე თვითონ დაარტყამდა დანას ავთანდილს, ავთანდილმა მას დანით ორი ჭრილობა მიაყენა.
ეს აღნიშნულია დაკავების ოქმშიც, რომ მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა“, – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
თუმცა, პროკურატურის ვერსიით, ავთანდილ სიხარულიძეს არ მიუყენებია დაზიანება ბრალდებულისთვის და საქმე არც აუცილებელ მოგერიებასთან გვაქვს.

მკვლელობაში ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, როცა მას პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარუდგინა ბრალი – მანამდე შოთა ს. პოლიციელზე თავდასხმის გამო გაასამართლეს, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაფორმებულა.
გარდაცვლილი კაცის ახლობლები კონფლიქტს უკავშირებენ იმას, რომ მკვლელობაში ბრალდებული შოთა ს. ცოლზე ძალადობდა, რაც გაიგო ავთანდილმა და „რჩევა მისცა, ნუ სვამ და ნუ ავიწროებ ოჯახის წევრებსო… ამას უთქვამს, პასუხი უნდა ვაგებინო ამაზეო,“- გისოსებში მყოფი ბრალდებულისკენ მიუთითა მოსამართლეს გარდაცვლილის ბებიამ, მერე ცრემლი მოიწმინდა და დასძინა:
„ამის ბებიას და მოვიდა ჩემთან სამძიმრის სათქმელად, საშინელი ბავშვია, ჩემს დას სცემდაო“.
ბრალდებულის ადვოკატების ვერსიით კი კონფლიქტი თანასოფლელებს შორის ნარკოტიკს უკავშირდება:
„ის ითხოვდა მარიხუანას… დადასტურებულია, რომ მეტადონის მომხმარებელი იყო,“- გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ, ვიდრე სასამართლო სხდომა დაიწყებოდა და ნაფიცი მსაჯულები დაიკავებდნენ მათთვის განკუთვნილ რიგს.
მკვლელობაში ბრალდებულმა არჩია, მისი საქმე მოსამართლის ნაცვლად, ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.
12 მსაჯული ბრალდებულის წინ ზის და პროცესს აკვირდება. ისინი მოწმეებთან დასასმელ კითხვებს ფურცლებზე წერენ და მანდატურის საშუალებით აწვდიან მოსამართლეს – მსაჯულების იდენტიფიცირება შეკითხვების დასმის ეტაპზეც არ უნდა ხდებოდეს.
„ექსპერტიზა ჩატარდა და მეტადონი ამოვიდა იქ“- გარდაცვლილის ცხედარზე ჩატარებულ ექსპერტიზის დოკუმენტზე მიუთითა მოწმეს ბრალდებულის ადვოკატმა ჩვენების მიცემის დროს.
„არ ვიცი, ჩემი შვილიშვილი არანაირ ნარკოტიკს არ იღებდა, ეს გამორიცხულია,“- კატეგორიული პოზიციით შეხვდა ადვოკატის არგუმენტს მოკლული შვილიშვილის ბებია.
„სიყვარულით გავზარდე… ლექსების კუთხვა უყვარდა, სახლში ფუსფუსებდა, ვახშმებსაც ის გვიმზადებდა,“- რამდენჯერმე გაიმეორა მოწმემ.
„რატომ არ განაგრძო სწავლა, რატომ არ მუშაობდა?“-ჰკითხა მოწმეს ამჯერად ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.
„სულ კომპიუტერში სწავლობდა რაღაცას, ყველა თემაზე შეიძლებოდა მასთან საუბარი… საზღვარგარეთ აპირებდა სასწავლებლად წასვლას,“- უპასუხა ადვოკატს მოწმემ.
„აღნიშნეთ, რომ ავთუკა მორწმუნე იყო, საიდან გახდა ნარკოტიკის მომხმარებელი?“ – ნაფიცი მსაჯულის შეკითხვა წაუკითხა მოკლული შვილიშვილის ბებიას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
„არ იყო მომხმარებელი, საიდან გაჩნდა ეს, არ ვიცი,“- მიმართა მსაჯულებს მოწმემ.
ერთ-ერთი მსაჯულის შეკითხვა კი, ასეთი იყო: „თუ არ მეგობრობდა ავთუკა მასთან (მკვლელობაში ბრალდებულთან), რატომ მისცემდა რჩევას?”
„იცნობდა, როგორ არ იცნობდა, სოფელში ყველა იცნობს ერთმანეთს, მე არ ვიცნობდი,“- ისევ ბრალდებულს გამოხედა მოკლული ბიჭის ბებიამ და მას მიმართა:
„თვალებში ჩამხედოს და მითხრას, რომ ჩემმა შვილიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა“. მოწმეს გისოსებთან მიახლოების საშუალება მანდატურებმა აღარ მისცეს.
„დანა დამარტყა ორჯერ, დანა,“- ბრაზი დაეტყო მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც მანამდე ჩუმად იჯდა.
სასამართლოს ჩვენება მისცა მოკლული ბიჭის ბაბუამაც.
„ავთუკა სულ სახლში იყო… მე და ჩემი მეუღლე მაღაზიაში ვმუშაობთ ერთად, დაწკრიალებულს გვახვედრებდა სახლს,“- უთხრა მოსამართლეს ავთანდილ სიხარულიძემ და ხაზი გაუსვა, პირველი შვილიშვილი ჩემი მოსახელე იყოო.
ადვოკატმა ზაზა პაპიძემ ბაბუასაც ჰკითხა ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოკლულის სისხლში მეტადონი აღმოჩნდა:
„არ არის ეს სწორი გადაწყვეტილება… მე შეიძლება ვერ მიმხვდარიყო, მაგრამ დედა მიხვდებოდა,“- ნარკოტიკთან მოკლული ბიჭის კავშირი გამორიცხა ბაბუამ. „სიგარეტს ეწეოდა მხოლოდ,”- დასძინა მან.
„ჩემი შვილიშვილი მაგას დანას არ დაარტყამდა, თვითდაზიანება მიიყენა თვითონ“ – მოკლული ბიჭის ბაბუა გამორიცხავს იმასაც, რომ ავთანდილმაც დაარტყა დანა შოთას.
„ექსპერტი ამბობს, რომ ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელია. მიგაჩნიათ, რომ დანა დაარტყა მხოლოდ იმის გამო, რომ უსაყვედურა, ნუ სვამო?”- მოწმეს ჩააცივდა ადვოკატი ზაზა პაპიძე.
„მაშინ თქვენ მითხარით მიზეზი,“- გაცხარდა მოკლული ბიჭის ბაბუა.
„ჩემს ავთუკას ვერ გამიცოცხლებს ვერავინ, ეს მე ჩამყვება საფლავში“,- ხელი ჩაიქნია მოწმემ.
მოკლული ბიჭის ბაბუასთან ნაფიცი მსაჯულებს შეკითხვა ძირითადად ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო მოხმარებას შეეხო.
წინა დღეებში სხვა მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულებს შეკითხვა ამ სოფელში მცხოვრები კიდევ ერთი პირის მიმართ გაუჩნდათ.
„რატომ გსურდათ დავით სიხარულიძესთან მისი (ავთანდილის) ჩამოშორება?” „ადასტურებთ მარიხუანას მოპარვის ფაქტს?“ – მსაჯულების შეკითხვები წაუკითხა მოწმეს მოსამართლემ.
„დავითი რა შუაშია?“- იკითხა მოკლული ბიჭის ბაბუამ და მარიხუანას მოპარვა გამორიცხა.
„საზღვარგარეთ მისი მარტო გაშვება რატომ არ გინდოდათ?“- იკითხა კიდევ ერთმა ნაფიცმა მსაჯულთა.
„მე სულ არ მინდოდა მაგის გაშვება“, – უპასუხა მსაჯულებს მოკლული ბიჭის ბაბუამ.
ნაფიცი მსაჯულების სასამართლო გრძელდება.
ნაფიცები მსაჯულები, როგორც პროცედურაშია გაწერილი, ზედიზედ ყოველდღე იკრიბებიან. ისინი რამდენიმე დღეში მიიღებენ ვერდიქტს.
_______________
ფოტოზე: ბრალდებულის ადვოკატები: ზაზა პაპიძე და გელა სიორდია სასამართლო პროცესზე. ფოტო: „ბათუმელები“
ხელოვნური კუნძული ბათუმში – რას პასუხობს კომპანია გზშ-ს ხარვეზებზე სააგენტოს
„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა.
პროექტის გზშ [გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში] 2024 წლის აპრილში კომპანიას სააგენტოში დაუხარვეზეს და 2 თვის ვადა მისცეს ხარვეზების გამოსასწორებლად.
სააგენტო „ამბასადორს“ ასევე წერდა, რომ კომპანიას წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზე, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას თუ სპეციალისტებს.

ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ასეთი გადაწყვეტილება აუცილებელია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ხელოვნური კუნძულის გარდა „ამბასადორმა“ ზღვაში 2 ხელოვნური ნახევარკუნძულიც უნდა ააშენოს. ნახევარკუნძულის მშენებლობა კი უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
„2024 წლის 19 აპრილის წერილის პასუხად წარმოგიდგენთ დამატებით დოკუმენტაციას. ამასთან, გთხოვთ, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე გარემოზე ზემოქმედების ანგარიში განიხილოთ ორი ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის მოწყობის ჭრილში, ვინაიდან ამავე ტერიტორიაზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის და მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს ამზადებს და შესაბამისი პროცედურების გავლის მიზნით წარმოგიდგენთ უახლოეს პერიოდში.
შესაბამისად, მიმდინარე წარმოების ფარგლებში, გთხოვთ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცეთ ხელოვნური კუნძულის და ორი ნახევარკუნძულის მოწყობის პროექტზე. განაშენიანებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა და შეთანხმება მოხდება დამოუკიდებელი პროცედურით“ – აღნიშნულია 2024 წლის 14 ივნისით დათარიღებულ წერილში, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დირექტორმა ირინა ფაილოძემ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაგზავნა.
წერილს თან ახლავს შესაბამისი დანართები, რომლებიც სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზების დაზუსტებას ეხება. მათ შორისაა:
- ხელოვნური კუნძულის ნაპირდამცავი ნაგებობის დეტალური პროექტი; ჰიდროლოგიური მიდგომები; ჰიდროდინამიკური და წყლის განახლების ანგარიში; მონიტორინგის გეგმა; ჰიდროლოგია – საპროექტო აკვატორიაში ჩამდინარე ზედაპირული წყლების; 100 მ სიღრმის ჭაბურღილის ლითოლოგიური სვეტი; კუმულაციური ზემოქმედება ხელოვნური კუნძულის ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე; ზდჩ-ს ნორმების პროექტი; გეოტექნიკური ანგარიში; მოლების გეგმები და ჭრილები; ინფორმაცია საჯარო განხილვის პროცესში შემოსული შენიშვნებზე და წინადადებებზე რეაგირების შესახებ; კუნძულის და ნახევარკუნძულის გენერალური გეგმა.
წერილს ცალკე დანართად ერთვის ასევე კომპანიის პასუხები გარემოს ეროვნული სააგენტოს შენიშვნებზე.
პროექტის გზშ-სთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციაში კომპანია „ამბასადორი“ შენიშვნებს უმეტეს შემთხვევაში არ ეთანხმება, თუმცა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს შენიშვნები და წინადადებები სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება.
„ამბასადორის“ პოზიცია ზოგიერთ საკითხზე:
- „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის მიერ დაწყებულია ხელოვნური კუნძულის განაშენიანების პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტაციის მომზადება და უახლოეს პერიოდში წარედგინება სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოს“.
- სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში გათვალისწინებული იქნება ქალაქის გენერალური გეგმით გათვალისწინებული დებულებები და მიდგომები, ასევე საჯარო განხილვის პროცესში შემოსული შენიშვნები და წინადადებები.
- უახლოეს პერიოდში ჩატარდება ასევე პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიშის და შემდეგ შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები.
- კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება დაგეგმილია პროექტის შემდგომ ეტაპზე.
- ექსპლუატაციის ფაზაზე სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების შეფასება მოცემული იქნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში, რომელიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია.
- პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სადაც განსაზღვრულია ინვესტორი კომპანიის ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. როგორც გზშ-ს ანგარიშშია მოცემული, კუნძულის ექსპლუატაციის ფაზაზე ქალაქის შესაბამის სამსახურებთან გაფორმდება ხელშეკრულებები ინფრასტრუქტურის მართვასთან დაკავშირებით, რაზედაც ყველა სამსახურთან არსებობს წინასწარი შეთანხმება.
- გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ქალაქის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლა, კომპანია თავის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში.“
კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელოვნური კუნძული ზემოქმედებას არ მოახდენს ბათუმის ნავსადგურის მუშაობაზე:
„ხელოვნური კუნძულის პროექტირების პროცესში ჩატარებული კვლევების და პროგრამული მოდელირების შედეგების მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება არავითარ ზემოქმედებას არ მოახდენს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობებზე.
რაც შეეხება ნავსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებულ პერსპექტივას, ხელოვნური კუნძულის საპროექტო აკვატორია ხელსაყრელი არ არის, რადგან კვლევის შედეგების მიხედვით წყალქვეშა ფერდი მცირე დახრილობისაა და დიდი მანძილითაა დაცილებული წყალქვეშა კანიონიდან, რაც არსებული ნავსადგურისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დიდი გემების მიღების თვალსაზრისით.
საპროექტო აკვატორიაში ნავსადგურის მოწყობა და ექსპლუატაცია დაკავშირებული იქნება ძალიან მაღალ ხარჯებთან. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნავსადგურის მოსაწყობად ტერიტორიების შერჩევის პროცესში, არასდროს ყოფილა განხილული საპროექტო აკვატორიის ალტერნატივა“ – მიიჩნევს „ამბასადორი“.

„ამბასადორის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში ბოლოს წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, „ამ ეტაპისათვის პროექტის მიზნებისათვის უკვე დახარჯულია 20 მილონზე მეტი თანხა, რაც განაპირობებს პროცესის შეუქცევად განვითარებას. დაგეგმილ საქმიანობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ განესაზღვრება ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე კუნძულის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე პროექტის ყველა ეტაპზე“.
კომპანიაში ასევე თვლიან, რომ „ქალაქის [ბათუმის] მოსახლეობის ზრდა და ურბანული განაშენიანება შეუქცევადი პროცესია და დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც ექნება ადგილი. ახლად შექმნილ, ქალაქის ურბანული ზონისაგან დამოუკიდებელ ტერიტორიაზე განვითარებული განაშენიანება კი შედარებით ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე“.
„როგორც გზშ-ს ანგარიშშია მოცემული, ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლში მიმდინარე ეროზიული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებული არ იქნება. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში ადგილი აქვს ხმელეთის ინტენსიურ წარეცხვას, ქალაქისათვის 84 ჰა ფართობის ტერიტორიის შემატება მნიშვნელოვან დადებით ზემოქმედებად უნდა ჩაითალოს.“ – აცხადებს „ამბასადორი“.
ამასთან, „დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება, ხელს ვერ შეუშლის ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციას, კერძოდ: ტურიზმის განვითარება არ შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკის სხვა დარგების ხელშემშლელ ფაქტორად. როგორც გზშ-ს ანგარიშშია აღნიშნული, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდება ქალაქის ისტორიულ უბნებში ჭარბი განაშენიანების პროცესი“ – აღნიშნულია „ამბასადორის“ წერილში.
ამავე წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „შენიშვნის გათვალისწინებით, იქთიოპლანქტონის ფონური მდგომარეობის კვლევის სამუშაოები ჩატარებული იქნება მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული ზღვის ბიოლოგიური გარემოს წინასამშენებლო კვლევის პერიოდში, ხოლო შესაძლო ზემოქმედების კვლევა და შეფასება მოხდება მშენებლობის და ექსპლუატაციის ფაზებზე დაგეგმილი მონიტორინგის ფარგლებში შედეგების მიხედვით.“
კომპანიაში კვლავ იმეორებენ, რომ „ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედების რისკებთან და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც მოსალოდნელია ზღვის ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედება,“ თუმცა, „ამბასადორი“ ირწმუნება, რომ ეს ზემოქმედება „შეიძლება შემცირდეს [გზშ-ს] ანგარიშში მოცემული შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით“.

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.
ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო.
ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.
მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს აშენებს, ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 18 თვით გადაუვადა.
ამავე თემაზე:
ხელოვნური კუნძულის გზშ-ში ხარვეზებია – სააგენტო „ამბასადორს“ 2 თვეს აძლევს გასასწორებლად
შოუები რუსულ ენაზე საქართველოში – „თავმოყვარე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ამის კონტროლზე“
ბათუმის ზაფხულის აფიშას თუ თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი რუსულ ენაზე.
დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ვებგვერდზე ბათუმში დაგეგმილი 10-მდე რუსულენოვანი გასართობი ღონისძიება იძებნება, მათი დიდი ნაწილი – იმ არტისტების მონაწილეობით, ვინც რუსეთში აღარ ცხოვრობს, თუმცა ბათუმში ღონისძიებებს გეგმავენ ის არტისტებიც, რომლებიც დღემდე რუსეთში ცხოვრობენ და დამატებითი შემოსავლისთვის მართავენ შოუებს ქვეყნის გარეთ, რუსულენოვანი აუდიტორიისთვის.
მაგალითად, ბათუმში დაგეგმილია ცნობილი რუსული ჯგუფის, „მაშინა ვრემენის“ კონცერტი, რომლის სოლისტიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის აქტიური კრიტიკისთვის აგენტად მიიჩნიეს და ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს.
ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდნენ რუსი მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება რუსეთში აკრძალულია „ძალადობისა და ნარკოტიკების პროპაგანდის” ბრალდებით. ასევე, წელს ბათუმში ჩამოდიან ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობები: დიმიტრი ნაზაროვი და ოლგა ვასილევა, რომლებმაც სამსახური იმის გამო დაკარგეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელებში ანტისაომარ ლექსებს კითხულობდნენ. ეს მსახიობები ახლა საფრანგეთში ცხოვრობენ.
ამავე დროს, ბათუმში ღონისძიებებს გეგმავენ გასართობი ინდუსტრიის ისეთი წარმომადგენლები, კომიკოსები, რომლებიც რუსულ გასართობ სატელევიზიო არხებზე CTC-სა და TNT-ზე გამოდიან, მათ შორის: ვარვარა შერბაკოვა და მარია მარკოვა და „Импровизаторы“, რომელთა შოუც ოქტომბერში, ბათუმის კულტურის ცენტრის ბალანსზე მყოფ, საზაფხულო თეატრის შენობაშია ჩანიშნული.
რამდენად მისაღებია ღონისძიებების გამართვა რუსი არტისტების მონაწილეობით რუსულ ენაზე საქართველოში, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული?
საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში რუსული გავლენები მომძლავრებულია, რუსული კულტურული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთი არტისტების მონაწილეობით, რომლებიც პოლიტიკურ დისკომფორტს არ განიცდიან რუსეთში ცხოვრებისა და მუშაობისას, პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს – ხელს უშლის მოსახლეობაში რუსეთის მტრული პოლიტიკის ადეკვატურად აღქმას და ხელს უწყობს რუსეთის მიმართ მცდარი კეთილგანწყობის შექმნას:
„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი არა მარტო ცდილობს გავლენა მოიპოვოს ქართულ კულტურაზე, არამედ იყენებს კულტურას პროპაგანდის იარაღად, ე.წ. რბილ ძალად.
ამის გამოძახილიც არის, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოში იმართება ესა თუ ის ღონისძიება ისეთი რუსი ისეთ არტისტების მონაწილეობით, რომლებიც არ განიცდიან დისკომფორტს რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო პოლიტიკის გამო. თავმოყვარე სახელმწიფო პირიქით, უნდა ზრუნავდეს ამის კონტროლზე, როგორც ომის შემდეგ გააკეთეს ბალტიის ქვეყნებმა“ – გვითხრა მან.
საუბარია რეგულაციებზე, რომელთა მიხედვითაც მაგალითად ლატვიაში 2023 წელს დაიხურა წვდომა Yandex-თან დაკავშირებულ ყველა საიტზე, მათ შორის დაიბლოკა წვდომა Yandex.Music-ის ვებგვერდზე, სადაც განთავსებულია რუსული მუსიკა, ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირების პოდკასტები და სხვა მსგავსი კონტენტი.
2022 წელს, ლიეტუვაში დროებით აიკრძალა რუსული და ბელორუსული ტელე და რადიო გადაცემები, ასევე ცალკეული პროგრამები ინტერნეტში, შექმნილი იმ პირების მიერ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მართულები არიან, კონტროლდებიან ან ფინანსდებიან რუსეთისა და ბელორუსის მიერ.
რუსული მუსიკის საჯაროდ გამოყენება, მათ შორის ტაქსისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ომის დაწყებიდან მალევე, კანონით შეიზღუდა უკრაინაში.
„ჯერ კიდევ გვესმის მოსაზრება, რომ კულტურა და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, რაც ძალიან მცდარია.
პირიქით, კულტურა არის პოლიტიკის წარმოების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი, ეს ასეა ყველგან და რუსეთში – განსაკუთრებით.
რუსეთი დიდ ფულს ხარჯავს ამაში – პირდაპირ ბიუჯეტიდან აფინანსებს სხვადასხვა ღონისძიებებსა და არტისტებს, რომ მათ მოიპოვონ გავლენები და შემდგომში ეს გავლენები გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის.
ამ ყველაფერს აქვს ერთი კონკრეტული მიზანი, რაც შეიძლება გაჯდეს საზოგადოებაში იმისი აღქმა, რომ რუსეთი თითქოს არის „მეგობარი“, ან ისეთი სახელმწიფო, რომელთანაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობა.
რუსეთი არის საფრთხე ნებისმიერ სფეროში, მათ შორის კულტურის სფეროში და ამ გავლენის ასარიდებლად, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული კონკრეტული მექანიზმები, მაგალითად არა პირდაპირი აკრძალვებით, არა უხეში ჩარევებით, არამედ სხვა მექანიზმებით, რაც მსოფლიომ შექმნა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და რისი მოდელის შემუშავებაც საქართველოშიც შეიძლება“– ამბობს გიგა კობალაძე.

მწერალი და სცენარისტი დავით გაბუნია მიიჩნევს, რომ რუსული ღონისძიებების, ასევე რუსულ კონტინგენტზე გათვლილი კაფე-ბარების, საკვირაო სკოლებისა თუ სოციალიზაციის სხვა საშუალებების მატება, როგორც რუსეთიდან ემიგრაციის მასიური ტალღის თანმდევი პროცესი, მოსალოდნელიც იყო და ეს კულტურულ ექსპანსიად არ უნდა განვიხილოთ, თუმცა მიიჩნევს, რომ პრობლემურია იმ არტისტების დამოკიდებულება, რომლებიც თავს იკავებენ რუსეთის პოლიტიკის კრიტიკისგან:
„ეს ხდება ყველგან, სადაც დიდი რაოდენობით მოხდა ბოლო პერიოდის რუსული მიგრაცია. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ ლატვიაში, სადაც, უხეშად რომ ვთქვათ, ბაზარი ამას მოითხოვს, ჰყავთ მომხმარებელი. იქ ეს ყველაფერი ხდება და ამ დროს სრულებით იგნორირებულია მიმდინარე ომის კონტექსტი. ამ ქვეყნებში ჩადიან როგორც რუსეთიდან გაქცეული, ისე რუსეთში მცხოვრები არტისტები.
მე პრობლემურად მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები არ იზიარებენ, ასე ვთქვათ, კოლექტიურ პასუხისმგებლობას და ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ თვლიან საჭიროდ რაღაც პროაქტიულად გააკეთონ ამ ომის წინააღმდეგ.
„თავიდან, როცა ეს ამბები დაიწყო, სულ ვფიქრობდი, აი, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, საქართველო არის ასეთ მდგომარეობაში, გაიქეცი და შენი ქვეყანა ასეთ საშინელებებს სჩადის, თან არც მთავრდება ეს საშინელება – რა შეიძლებოდა მეკეთებინა? თუ მე გავიქეცი, თუ ქვეყანაში არ დამედგომება, თუ ის რეჟიმი ცუდია, რომელიც ამ საშინელებას აკეთებს, მე ჩემს მოვალეობად ჩავთვლიდი დღე და ღამ ამაზე მელაპარაკა, სანამ ეს საშინელება არ დამთავრდებოდა… ყოველი ჩემი გამოსვლა დამეწყო ამით და ღიად გამომეხატა პოზიცია. რუსი არტისტები, როგორი კალიბრისაც არ უნდა იყვნენ ისინი – ამას აქტიურად არ აკეთებენ.
„დეკალარირებულად, ერთხელ და ორჯერ სადღაც ნათქვამი „არა ომს“, რომელიც ნეიტრალური გამონათქვამია, შედარებით უსაფრთხოა. გეგონება ვინმე ნორმალური და შერაცხადი იყოს ომის მომხრე. ასე აგრძელებენ ჩვეულებრივად საქმიანობას და საკმაოდ კარგადაც არიან“– ამბობს დავით გაბუნია.

დავით გაბუნიას ვკითხეთ რუსული კომედიური გადაცემის წამყვანებისთვის სახელმწიფოს კუთვნილი შენობის, ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენის დათმობაზეც.
„სხვა საკითხია როგორი დამოკიდებულება აქვს ამის მიმართ ქართულ სახელმწიფოს, ნეტა მხოლოდ ეს იყოს ჩვენს სახელმწიფოს პრობლემა რუსეთთან დამოკიდებულებაში. იმდენად ბევრ რამეზე აქვს [სახელმწიფოს] თვალი დახუჭული, აი, ასეთ „წვრილმანზე“ პრეტენზიის გამოთქმამდე ბევრად დიდი პრეტენზიები გვაქვს გამოსათქმელი, ზოგადად.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ასეთ „წვრილმან“ დეტალებზე თავსაც არ იწუხებენ და თუ ვთქვათ, იქიდან შემოსავალი შემოვა – რატომაც არა.
ზოგადად საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკა მთლიანად ფულზე არის მიბმული, ერთი კაცის და კონკრეტულად რუსულ ფულზე, ამიტომ ამ მთლიან სურათში ძალიან კარგად ჯდება, აი, როგორც პატარა გამონაყარი კანზე, რომელიც რაღაც უფრო დიდის სიმპტომია და მხოლოდ გამონაყარს ვერაფერს ვუზამთ“ – ამბობს დათო გაბუნია.
ამავე თემაზე:
რატომ უნდა გამოვრთოთ რუსული მუსიკა – ინტერვიუ კამპანიის ორგანიზატორთან
საქართველოს ნაკრები შაბათს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დრამატული სადებიუტო მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრა შაბათს, 22 ივნისს, ჰამბურგში, „ვოლკსპარშტადიონზე“ შედგება. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოს ნაკრები არსებობის მანძილზე პირველად ეთამაშება.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს თურქეთის ნაკრები ლიდერობს ერთი მოგებით, 3 ქულითა და ბურთების უკეთესი შეფარდებით. ჩვენი ჯგუფის და ზოგადად ტურნირის ფავორიტ პორტუგალიის ნაკრებსაც 3 ქულა აქვს, მაგრამ ერთით ნაკლები ბურთი გაუტანა ჩეხეთის ნაკრებს პირველ ტურში, ვიდრე საქართველოს – თურქეთმა. შესაბამისად, მესამე ადგილს პირველი ტურის შემდეგ იჭერს ჩეხეთის ნაკრები ორი გაშვებული ბურთით და ბოლო, მე -4 ადგილზე ჯერჯერობით საქართველოს ნაკრებია გაშვებული სამი გოლით.

მიუხედავად წაგებული თამაშისა, საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს.
- მოკლედ ჩეხეთის ეროვნული ნაკრების შესახებ
მართალია 18 ივნისს ჩეხეთის ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან მინიმალური სხვაობით (1-2) დამარცხდა, მაგრამ ჩეხები კარგ ფორმაში არიან, ისინი მანამდე ზედიზედ 7 შეხვედრაში არ იყვნენ დამარცხებულები.
ჩეხეთის ნაკრების გუნდის ლიდერები ტოპ – ჩემპიონატებში თამაშობენ ( სერია ა, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა), მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და კარგ ფორმაშიც იმყოფებიან. ნაკრები მონაწილეობდა ევროპის წინა ჩემპიონატზე, გააღწია ჯგუფიდან და მერვედფინალიდან საკმაოდ ძლიერი ნიდერლანდების ნაკრები გამოთიშა, ხოლო მეოთხედფინალში დანიასთან დამარცხდა და ჩემპიონატი დატოვა.
22 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის ლიდერების: თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა.
ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 საათიდან 20 ივნისის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე [პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი] მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.
განახლება: დეპარტამენტის 20 ივნისის განცხადებით ხულო-ზარზმის გზის დარჩენილ 26 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.
ამავე თემაზე:
ხულო-გოდერძის გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ სამუშაოები 2024 წელს „ძირითადად“ დასრულდება:
„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება
მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზა / 12.06.2024 / ფოტო: გზების დეპარტამენტი
ბათუმში 20 ივნისს დასაქმების ფორუმი გაიმართება
20 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ დასაქმების ფორუმი გაიმართება – ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ფორუმში, რომელიც 14 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროში მოქმედი 70-მდე კომპანია აჭარიდან.
სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე 2000-ზე მეტი ვაკანსია იქნება წარმოდგენილი.
„მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, არსებული კვალიფიკაციის და სასურველი დასაქმების ხანგრძლივობის შესაბამისად შეარჩიონ სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან“ – იუწყება სამინისტრო.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით იმართება.
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა და 1388-ზე მეტი დაშავდა.
მათგან, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსეთის თავდასხმის შედეგად ცხრა ბავშვი დაშავდა.
ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან მარიუპოლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ინფორმაციის დაზუსტება შეუძლებელია.
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.
_______________
ფოტოზე: ბათუმი, ევროპის მოედანზე დაღუპული ბავშვებისთვის დანთებული სანთლები უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 529 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
- ტანკი – 7 984 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 15 319 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 14 007 ერთეული [+48]
- MLRS – 1 104 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 857 ერთეული [+4]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 221 ერთეული [+34]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 297 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 078 ერთეული [+47]
- სპეცტექნიკა – 2 351 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 25 934 უპილოტო საფრენი აპარატი
- 531 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 374 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 344 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 645 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 687 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
სირსკი: დამატებითი შეიარაღებისა და F16-ების მიღების შემდეგ დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს
„რუსები წყვეტენ ხალხს, მაგრამ დონბასის საზღვარზე ვერ გადიან“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!
თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.
ფინალისტები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ
- ტექ ლიდერი – მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი,
- აღმოჩენა ახალ თაობაში – ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა,
- გამორჩეული მეცნიერი – თინა კახნიაშვილი , ლელა ოქრომელიძე, მარიამი გაჩეჩილაძე,
- ინოვაციური ტექ პროდუქტი – Elven Technologies, Helio.AI, Quickshipper
- ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის – ლივინგსტონი, Noxtton, VELI.store
დაჯილდოების ცერემონია ივლისში გაიმართება და ტექნოლოგიურ სფეროში 5 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.
„ცარიელია ბინები“ – რამდენად ქირავდება ბათუმში ბინები ამ ზაფხულს
„რუსები თვითონ აქირავებენ უკვე ბინებს, ჩვენამდე აღარ მოდიან,“ – ეცინება „ბათუმელებთან“ გიგა გორგილაძეს, ის ტბელ აბუსერიძის და შარტავას ქუჩებზე აქირავებს ბინებს დღიურად.
ზღვის სეზონი ბათუმში უკვე გაიხსნა. რა ღირს, ან ეღირება ბათუმში ამ ზაფხულს ბინა? – კვლევას ამ მიმართულებით არავინ ატარებს. ჩვენ უძრავი ქონების რამდენიმე აგენტს გავესაუბრეთ, ასევე ბინების მესაკუთრეებს, რომლებსაც განცხადება ბინის გაქირავების შესახებ საიტებზე აქვთ განთავსებული.
ბინის მესაკუთრეების თქმით, ბინებს გასული წლის ზაფხულის ფასი დაადეს, რადგან ჯერ-ჯერობით მსურველი ნაკლებია. უძრავი ქონების აგენტების, ე.წ. მაკლერების დაკვირვებით კი, ბინების დღიური გაქირავების ფასი ბათუმის შემთხვევაში მინიმუმ 10%-ით შემცირდა.
ზღვასთან ახლოს, სტუდიოს ტიპის ბინის [2 ადამიანზე გათვლილი] დაქირავება ივნისში, დღეში მინიმუმ 80 – 100 ლარი დაგიჯდებათ, ბათუმის შუა ზოლში – 60 – 80 ლარი, ე.წ. ჭაობში – 50 ლარი.
„ბინაში ორი ადამიანი მოთავსდება, ასევე ბავშვი ან ბავშვები, ფასი 60 ლარია დღეში. ივლისსა და აგვისტოში იგივე ბინა 100 ლარი ეღირება. გასულ წელსაც ეს ფასები იყო… მეტად უნდა გალამაზდეს ქალაქი, მეტი ობიექტი მოეწყოს, კონცერტები ნაკლებია,“ – მიიჩნევს ბინის მესაკუთრე, გიგა გორგილაძე.
„ცარიელია ბინები, სადაა ტურისტი?“ – გვითხრა ბინის კიდევ ერთმა მესაკუთრემ ვინაობის გამხელის გარეშე. ის ბინას ბაგრატიონის ქუჩაზე დღეში 50 ლარად აქირავებს:
„ჩემთან მოდიან ძირითადად გიდები, მძღოლები, ტურისტების მომსახურე პერსონალი, ტურისტი ნაკლებია… შარშან სასტუმრო მქონდა აღებული გარეუბანში, ძალიან კარგი მუშაობა გვქონდა, რუსების ნაკადი იყო იმდენი დიდი, რომ გარეუბანშიც კი სავსე ვიყავით,“ – გვითხრა ბინის მესაკუთრემ.
„მე 100 ლარად ვაქირავებ ბინას, გორგილაძეზე, მაგრამ მსურველი ჯერ არ ჩანს, მხოლოდ ზაფხულობით ვაქირავებ, ახლა დაიწყო სეზონი, იმედია, გამოჩნდებიან,“ – გვითხრა ნარგიზ მალაყმაძემ. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ევროპის ბაზარზე უნდა იმუშაოს აქტიურად, რომ ქვეყანაში ევროპელი ტურისტები ჩამოვიდნენ.
„ევროპა უნდა დავაინტერესოთ, ევროპა გვინდა, რუსი და ოკუპანტი – არა, მაგათზე დამოკიდებულება არ შეიძლება…“ – მიიჩნევს მოქალაქე.
„სტაბილური არაა ბაზარი, ზოგი ძალიან ძვირს ამბობს, ზოგი – იაფს,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს„დისქავერ ბათუმის“ მენეჯერი, თამთა წურწუმია.
„რუსებმა ძირითადად იქირავეს კომერციული ფართები და იქვე მოაწყვეს საცხოვრებელი სივრცე.
ამ ეტაპზე ბათუმში კარგად ქირავდება „ორბის“ აპარტამენტის ბინები, ფასი 90 ლარიდან 120 ლარამდეა. ივლისსა და აგვისტოში ეს ბინები მინიმუმ 150 ლარი ეღირება.
რაც შეეხება რუსთაველს და მიმდებარე ქუჩებს ქალაქის ცენტრში, მესაკუთრეები ამბობენ 100 ლარს, მაგრამ ჯერ მსურველი არ ჩანს. ტურისტებისთვის უფრო მისაღებია სტუდიოს ტიპის ბინები და არა ბინები ძველი რემონტით თუნდაც ძველ ბათუმში. ქალაქის ცენტრში, ახალ კორპუსებში, დღიურად ბინებს ნაკლებად აქირავებენ.
ჩემი დაკვირვებით, მოთხოვნა დღიურად გაქირავებაზე შემცირებულია წინა წელთან შედარებით, თუმცა სეზონი წინაა,“ – გვითხრა თამთა წურწუმიამ.
„ფასები შემცირდა, რადგან კონკურენცია ძალიან დიდი. დაახლოებით 10 %-ით შემცირდა დღიურად გაქირავების ფასი,“ – გვითხრა უძრავი ქონების კიდევ ერთმა აგენტმა.
„მაგალითად, შარტავას ქუჩაზე ვაქირავებ ორსაწოლიან ბინას 60 ლარად, უცხოელებისთვის 100 ლარი გამოდის დაახლოებით, რადგან განაცხადი უცხოურ საიტებზე მაქვს განთავსებული და საკომისიო ემატება… მე არ ვფიქრობ, რომ შემცირდა რუსების ნაკადი: სადაც გაიხედავ, ყველგან მხვდებიან. შარშან მქონდა ბევრი ჯავშანი რუსების, ბელარუსელების. წელს შემცირდა ეს მოთხოვნა,“ – გვითხრა ბინის მესაკუთრემ.
„ბათუმელები“ დაინტერესდა ბათუმში მდებარე სამი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ფასებითაც: რა ღირს სტანდარტული, ორადგილიანი ნომერი საუზმით? – ვიკითხეთ „შერატონში“, „რადისონსა“ და „ჰილტონში“.
სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ გვითხრეს, რომ დღეისთვის ყველა ნომერი დაჯავშნილია, ხვალისთვის კი, სტანდარტული ნომრის ფასი 815 ლარია.
„შერატონში“ გვიპასუხეს, რომ სტანდარტული ნომრის ფასი საუზმით 1023 ლარია, „ჰილტონში“ – 410 აშშ დოლარი. სასტუმროების ადმინისტრატორებმა ვერ გვითხრეს, დაახლოებით რამდენით გაძვირდა ივნისში სასტუმროს ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქ ნომრების დიდი ნაწილი ივლისსა და აგვისტოში უკვე დაჯავშნილია.
ცესკოსა და სწავლების ცენტრის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) საინფორმაციო-სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო.
პროექტი, რომლის მიზანიც საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების გადამზადება და კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდაჭერაა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა სწავლება პროფილურად შერჩეული კურსის მიხედვით გაიარეს, მათ შორის ჩატარდა კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის და კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ ძირითად საკითხებს გაეცნენ: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები; ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა. სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვანი აქცენტები საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე გაკეთდა. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების და კენჭისყრის წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვის პრინციპებს.
„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ სწავლების ცენტრის მიერ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით, გადამზადებულმა 170-მა ტრენერმა ჩაატარა. პროექტი 2024 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა.
რუსეთში დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობბაზა იწვის
რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ქალაქ აზოვში დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობით სავსე რეზერვუარები იწვის.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, რეზერვუარებს ცეცხლი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად გაუჩნდა.
რუსული ტელეგრამის არხებზე წერენ, რომ მანამდე ადგილობრივმა მოსახლეობამ 5 აფეთქება გაიგო.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იწვის 5000 კუბური მეტრი ნავთობპროდუქტი.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივნისის 21 საათიდან 19 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი
- ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი
- ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 20 და 21 ივნისს საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის წვიმა.
20 ივნისს ბათუმში აქცია გაიმართება
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ 20 ივნისს ბათუმში აქციას გამართავს.
„გახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!“ – აღნიშნულია „დაფიონის“ ანონსში.
აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე, საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.
20 ივნისს „დაფიონი“ აქციას გამართავს თბილისშიც, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
———————–
მოკლედ – რა მოხდა 2019 წლის 19-20 ივნისს
2019 წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.
20 ივნისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი.
ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის იმავე დღეებში ამბობდა, რომ დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი დატოვა. აქციები რამდენიმე თვის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა.
______________
ფოტოზე: თბილისში გამართული აქცია 20 ივნისის მოვლენების შემდგომ. ფოტო: ნეტგაზეთი
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივნისი
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 528 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
- ტანკი – 7 974 ერთეული [+16]
- ჯავშანტექნიკა – 15 307 ერთეული [+20]
- საარტილერიო სისტემა – 13 959 ერთეული [+32]
- MLRS – 1 104 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 853 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 187 ერთეული [+20]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 297 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 031 ერთეული [+40]
- სპეცტექნიკა – 2 344 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 25 891 უპილოტო საფრენი აპარატი
- 531 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 366 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 343 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 610 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 645 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რაზე შეთანხმდნენ მსოფლიო ლიდერები შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტზე
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობა
ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა. ამჯერად დეზინფორმაციული განცხადებები ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი.
ცესკო არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კოლეგიური ორგანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები თუ შეფასებები პოლიტიკურ გაერთიანებებთან აფილირების შესახებ, რომელიც სიუჟეტში არაერთხელ გაკეთდა, ერთადერთ მიზანს შესაძლოა ემსახურებოდეს – კომისიის დისკრედიტაციას. ზემოხსენებულ სიუჟეტში როგორც ჟურნალისტის, ასევე ცესკოს ზოგიერთი იმ წევრის მხრიდან, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არის დანიშნული, გაკეთდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები, თითქოს ცესკო იცავს ხელისუფლების ინტერესებს, საუბნო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს სხვა ინსტიტუცია და არა ცესკო და ა.შ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჟურნალისტის, ისე ცესკოს ზოგიერთი წევრის განცხადებები აჩვენებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი ამოცანა ამომრჩევლებს შორის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის დათესვაა, შემდგომში სავარაუდოდ ამ უნდობლობის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოსაყენებლად. როგორც ჩანს, ცესკოს საქმიანობაზე პოლიტიკური დღის წესრიგის თავსმოხვევის შეუძლებლობის გაცნობიერების შემდეგ, აღნიშნული პირები გადავიდნენ პროცესის დისკრედიტაციის და დაზიანების დაუფარავ დღის წესრიგზე, რაც მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით, ვინაიდან კომისიის წევრი არ უნდა წარმოადგენდეს დამნიშნავ პოლიტიკურ პარტიას, არამედ იგი უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი.
უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი კომენტარისა თუ განმარტებისთვის არც კი დაკავშირებია ცესკოს, მიუხედავად იმისა რომ საყოველთაოდ ცნობილია საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა – ყოველთვის ამომწურავად უპასუხოს მედიის კითხვებს. ეს გარემოებაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ მიზანმიმართულად გავიდა სიუჟეტი ცესკოს პოზიციისა თუ განმარტებების გარეშე.
ამასთან, გვინდა მოკლედ შევეხოთ სიუჟეტში ნახსენებ იმ ფაქტობრივ უზუსტობებს, რომელიც უშუალოდ საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეხება:
დეზინფორმაცია ე.წ. „კარუსელებთან“ დაკავშირებით:
რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ცდილობენ საკითხი წარმოაჩინონ ისე, თითქოს არჩევნების დღეს შესაძლებელია ე.წ. „კარუსელების“ განხორციელება. თუმცა ამ მტკიცების პარალელურად ავტორი თავადვე აღიარებს, რომ ელექტრონული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენის უბნიდან გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ბიულეტენზე დატანილია ე.წ. QR კოდი და კონკრეტული საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილ ბიულეტენს სხვა უბნის ხმის მთვლელი აპარატი არ მიიღებს. ამავდროულად, ბიულეტენზე რამდენიმე მონიშვნის შემთხვევაში, ბიულეტენი ბათილია. გარდა ამისა, ბიულეტენის ზომიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი საარჩევნო უბნიდან გატანა და ამით რამენაირად მანიპულირება.
დეზინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით:
რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ირწმუნებიან, რომ ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით მანიპულაცია განხორციელდება. როგორც ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი სიუჟეტში ამბობს: „ცესკო გვეუბნება, რომ მე ამოვბეჭდავ იმ აპარატიდან სიას და კედლის სიას დაადარეთო, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ჩაამატო იქ ეს სია დაამატო იქ ათი კაცი რა… თუ ინტერნეტში ჩართე ეს აპარატი უკვე დისტანციურად შეიძლება ყველაფრის გაკეთება, კოდის შეცვლა, სიის ჩამატება ანუ ნებისმიერი გადანაცვლება შეგიძლია…“
სხვა პარტიის წევრი კი ამბობს, რომ „თეორიულად შესაძლებელია, რომ პირი იყოს დუბლირებული რამდენიმე უბნის სიაში მხოლოდ თეორიულად, ერთ უბანზე თუ აპარატი მეორედ ხმის მიცემის შემთხვევაში სიგნალს გამოსცემს სხვა უბანზე გამომდინარე იქიდან, რომ იქ სხვა უბნის სიაა ამ სიგნალს არ გამოსცემს და თეორიული შანსი ამისა არსებობს“.
გარდა ამისა, რეპორტაჟში საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტივობას მმართველი პარტია და ცესკო ხედავს. მაშინ როდესაც, ამომრჩეველთა აქტივობა საჯაროა, პერიოდულად ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე და მასზე წვდომა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
რეალურად კი, ვერიფიკაციის აპარატი ინტერნეტთან კავშირში არ არის და არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც იქ ჩატვირთული სიის შეცვლას გახდის შესაძლებელს. ვერიფიკაციის აპარატის გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია „პრო ვი ენდ ვიმ“. მათ დასკვნაში ნათლად წერია, რომ ერთი პირის სხვადასხვა უბანზე დუბლირება შეუძლებელია, ვინაიდან პირს აქვს მხოლოდ ერთი უნიკალური პირადი ნომერი და პროგრამა თეორიულადაც კი არ იძლევა პირის სხვა უბანზე ჩაწერის შესაძლებლობას. ამას გარდა, პროცესში როგორც დამატებითი მექანიზმი, კვლაც შენარჩუნებულია მარკირების პროცედურა. ამავდროულად, გარდა იმისა, რომ საარჩევნო უბანზე ამოიბეჭდება სია და გაიკვრება ე.წ. კედლის სიის ვერსიასთან ერთად, პოლიტიკურ გაერთიანებებს ნებისმიერ დროს აქვთ კომისიიდან სიების გამოთხოვის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ დამატებითი მექანიზმია იმისთვის, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, კომპლექსურად მოახდინონ სიების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის, მათ შორის ამ რეპორტაჟში მონაწილე ცესკოს წევრებისთვის, თუმცა როგორც ჩანს საარჩევნო პროცესის სანდოობაზე მაღლა ისინი პოლიტიკურ ინტერესებს აყენებენ და რიგ შემთხვევებში თეორიებითა და ვარაუდებით ცდილობენ არასწორი აღქმების და მოლოდინების შექმნას.
დეზინფორმაცია გადასატან ყუთსა და სპეციალურ სიებთან დაკავშირებით:
სიუჟეტში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ თუ გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანები მივლენ საარჩევნო უბანზე, ვერიფიკაციის აპარატი სიგნალს არ გამოსცემს. იმავეს ამტკიცებს ის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით. ამბობს, რომ თუ კომისიის წევრი ეცდება იმ უბანზე მისცეს ხმა, სადაც რეგისტრირებულია, აპარატი ხმას არ გამოსცემს.
რეალურად და პრაქტიკიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ძირითადად ხმას აძლევენ იმ უბანზე, სადაც ისინი ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მივა უბანზე, სადაც რეგისტრირებულია მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, აპარატი გამოსცემს ხმას და მიუთითებს, რომ ეს კონკრეტული პირი სპეციალურ სიაშია. გარდა ამისა, კვლავ ძალაში რჩება მარკირების პროცედურა, რაც დაცვის კიდევ ერთი მექანიზმია.
ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულისგან და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება და არა ერთპიროვნულად, რაც თავის მხრივ მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია. აღნიშნული წესით, ასევე 17 წევრისგან შედგება ქვემდგომი საარჩევნო კომისიებიც საარჩევნო პერიოდში, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოფილია როგორც დაკვირვების, ისე უშუალოდ ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. დაკვირვების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, აქვთ ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებსა და არჩევნებისთვის აკრედიტებულ მედიას.
შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის კომისიის ზოგიერთმა წევრმა, ხელი შეუწყოს არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, მათი მხრიდან დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, პროცესის დამაზიანებელი განცხადებები ვრცელდება.
საარჩევნო ადმინისტრაცია სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგრძელებს მუშაობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახუროს. ამასთან, ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და გარემოს.
ჯერ გაამტყუნა, შემდეგ გაამართლა – რა თქვა მოსამართლემ უსახლკაროების აქციაზე შშმ პირის დაკავებაზე
„ვინ დამიძახა სასამართლოში?“ – კითხვა შეუბრუნა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მარტოხელა დედამ – მაგული ფუტკარაძემ, იმ შშმ პირის დედამ, რომელიც 2024 წლის 19 აპრილს, ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე დააკავეს.
დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა შშმ პირი – ჯაბა კურცხალიძე. მანამდე კი, აპრილში, დაკავებიდან მეორე დღეს იგივე პირი – ჯაბა კურცხალიძე იმავე საქმეზე ამ მოსამართლემ სამართალდამრღვევად მიიჩნია.
აპრილში გამართულ სასამართლო სხდომას არც დაკავებული პირის მხარდამჭერი დაასწრეს და არც საიას ადვოკატი, რომელიც შშმ პირის ინტერესებს იცავდა.
სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება გააბათილა. საქმე ხელახლა განსახილველად იგივე მოსამართლეს დაუბრუნეს.
„არ მიიტანეთ გადაწყვეტილება, რომ მხარდამჭერი პირი ხართ?“ – მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაინტერესდა, აცნობა თუ არა შშმ პირის დედამ სამართალდამცველებს, დაკავებული კაცი შშმ პირი რომ იყო.
„მივიტანე და ვინ შეხედა გადაწყვეტილებას? არავინ არ შეხედა… 200 კაცი იყო შეგროვებული, პოლიციასთან, კიბეებიდან გადმოგვყარეს ცხვრებივით, ასე შეიძლება?“ – შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს გახედა დაკავებული კაცის დედამ, მაგული ფუტკარაძემ.
„არც სასამართლოში არ წარმოადგინეთ?“ – მოსამართლემ იმის წარმოჩენა სცადა, რომ სასამართლოც არ იყო ინფორმირებული დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.
„რატომ მომეცით ეს გადაწყვეტილება სასამართლომ, თუ არ არსებობს კანონები? პასუხს ვითხოვ მაგაზე“, – გაცხარდა უსახლკარო ქალი და ფეხზე წამოდგა.
პროცესზე არაფერი უთქვამს თავად დაკავებულს. ის დაკავებიდან მეორე დღესვე, 20 აპრილს გაათავისუფლეს.
უსახლკაროები ბათუმში პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციას და ხელისუფლებას პროგრამის შემუშავებას სთხოვენ, რომლის მიხედვითაც უსახლკაროდ დარჩენილ შშმ პირებს, მარტოხელა დედებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს და სხვა დაზარალებულებს საცხოვრისის მიღების, ან შესყიდვის შესაძლებლობა მიეცემა. ეს ადამიანები წლებია ნაქირავებში ცხოვრობენ და ძირითადად სოციალურ შემწეობას იღებენ. უსახლკაროების შესახებ არათუ პროგრამა, მათი საჭიროებებიც კი, ბათუმის მერიას ან აჭარის მთავრობას არ გამოუკვლევია.
19 აპრილის საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილე უსახლკაროებმა ყურადღების მისაქცევად რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. ამ დროს დააკავეს შშმ პირი ჯაბა კურცხალიძე.

„ჩვენ მივმართავდით მანამდე რიჟვაძეს, გამოდი, დაგველაპარაკე, გამოდი, დაგველაპარაკე, მაგრამ არ მოგვაქცია არავინ ყურადღება,“ – მოსამართლეს ქუჩის გადაკეტვის ამბავი მოუყვა მარტოხელა დედამ, – „ქუჩა რომ გადავკეტეთ და პოლიციელმა ხელი მომკიდა, ჩემმა შვილმა ეს დაინახა და მაშინ მოვიდა ჩემთან, მე, დედა დამიცვა. ამ მომენტში მიახტა 6 პოლიციელი და დააკავეს. ეუბნებოდა ხალხი, თავი დაანებეთ, შშმ პირია, მაგრამ არა. რა, რეციდივისტი იყო?“ – ისევ პოლიციელს გამოხედა დაკავებულის დედამ.
„…გადაკეტეს ქუჩა, მოვუწოდებდით, რომ დამორჩილებოდნენ ჩვენს გაფრთხილებას… დაკავდა 173-ე მუხლის მიხედვით,“ – მიმართა მოსამართლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იაგო ტაკიძემ და ის მუხლი მიუთითა, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ცნობილი იყო, რომ მას მხარდამჭერი ჰყავდა? საქმეში წარმოდგენილი არ გქონდათ,“ – სამართალდამცველს მიუბრუნდა მოსამართლე.
„არა, არ ვიცოდით, არავის არ განუმარტავს,“ – უხერხულობა დაეტყო შსს-ს წარმომადგენელს. ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საიას ადვოკატებმა ტყუილში ამხილეს.

„იზოლატორშივე წარვუდგინეთ გადაწყვეტილება, ინფორმირებული იყვნენ კანცელარიაში და შიგნითაც,“ – უთხრა მოსამართლეს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ.
„შესაძლოა, რთული ყოფილიყო ამის დადგენა, დაკავებული შშმ პირი იყო თუ არა, მაგრამ ჩვენ იზოლატორში ყოფნის დროს წარვუდგინეთ მათ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარდამჭერის სტატუსის მატარებელი იყო.
მეორე დღეს, შაბათს ველოდებოდით, როდის ჩაინიშნებოდა სასამართლო სხდომა. მოულოდნელად გავიგეთ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე მიღებული იყო,“ – აღნიშნა თამარ წულუკიძემ.
„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ოჯახის წევრები იზოლატორთან ელოდებოდნენ, დაკავებულის გადაყვანა სასამართლოში მოხდა მათი გვერდის ავლით და შედეგად, პროცესი ჩატარდა როგორც ადვოკატის, ისე მხარდამჭერის დასწრების გარეშე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევას,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაში.
ვიდრე დაკავებულს 19 აპრილს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანდნენ, „ბათუმელები“ ფეისბუკლაივშიც აშუქებდა ამ შემთხვევას: ჯაბა კურცხალიძის ახლობლებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები და უშუალოდ ჯაბა კურცხალიძის დედა უმეორებდნენ პოლიციის განყოფილების შესასვლელთან მყოფ პოლიციელებს, რომ დაკავებული შშმ პირია.
შშმ პირის იზოლატორში გადაყვანამდე „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს პრესცენტრსაც დაუსვა შეკითხვა: რა სამართლებრივი საფუძვლით დააკავეს აქციაზე შშმ პირი?
პოლიციელმა დუმილი არჩია და აღარც მოსამართლეს უთქვამს რამე, როცა საია-ს მეორე იურისტმა საქმისთვის თანდართულ ვიდეოჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება:
„დაკავების დროს გადაღებულ, უწყვეტ ვიდეოკადრში ისმის, როცა გეუბნებიან, ბიჭებო, შშმ პირია, ავად არის, არ წაიყვანოთო, ეს კარგად ისმის ჩანაწერში…ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ჯაბას კი არ ჰქონდა გადაკეტილი ქუჩა, არამედ ის მართლაც დედის დასაცავად გადადის ტროტუარიდან დაუახლოვდება დედას.
პრობლემაა სისტემა, რომელიც ასე იქცევა,“ – დაასრულა ადვოკატმა და მოსამართლეს მიანიშნა, რომ თუ მოსამართლეს ეს ყველაფერი მართლაც დაუმალეს: „სასამართლოსთვის დამალვა ძალიან ცუდი პრაქტიკაა, ასე არ უნდა ხდებოდეს,“ – დასძინა ირმა აბაშიძემ.
„შეწყდეს სამართალწარმოება…“, – მალევე გადაწყვიტა სხდომის დასრულება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ.

აჭარის იალაღების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
რამდენიმე კვირაა მაღალმთიანი აჭარის იალაღებზე მესაქონლეები ავიდნენ, თუმცა ბევრ მათგანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ აქვს.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როდის მიეწოდება ელექტროენერგია მოიალაღეებს.
„საზაფხულო იალაღების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება: სამსმელოს მთა, კუნჭულეთი, ნათელათი, ქვაბიჯვარი, ჩიბუხნარი, ვერნების მთა, ბოძაურის მთა, დიდი იაილა, ვერხვნალი, უჩხოს იაილა, ბეშუმის იაილა, საკამბეჩო, ლოდიძირი, ქვედა ყორანას იაილა, შქერნალი, ძველი იეილა და ხარიათაღი.
დარჩენილ მთებში აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები და უახლოეს 2 – 3 დღეში მოიალაღეებს ყველა დასახლებაში, სრული დატვირთვით მიეწოდებათ ელექტროენერგია”, – მოგვწერე ხულოს მერიის პრესსამსახურიდან.
„ბათუმელები“ რამდენიმე მოალაღეს ესაუბრა იმ ადგილებიდან, სადაც, ხულოს მერიის ცნობით, ელექტროენერგია უკვე ჩაირთო. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მათ ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდებათ.
„შესაძლოა იყოს შეფერხებები. დღის ბოლომდე აუცილებლად იქნება შუქი ამ იალაღებზე“ – გვითხრეს ხულოს მერიის პრესსამსახურში.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კურორტ ბეშუმის დირექტორსაც იმის დასაზუსტებლად, თუ რა მდგომარეობაა ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მხრივ ბეშუმში, თუმცა კურორტის დირექტორმა ჩვენს კითხვას არ უპასუხა.
„ამ ეტაპზე ბეშუმს და სხვა ძირითადად იალაღებს ელექტროენერგია მიეწოდება. რამდენიმე იალაღია [ელექტროენერგიის გარეშე] დარჩენილი ხიხაძირის, ვაშლოვანის და დიდაჭარის მიმართულებით. ველოდებით მომართვას მათი მხრიდან და მომართვის შემდეგ, თუ ქსელი მოგვცემს საშუალებას და ყველანაირი უსაფრთხოების ნომრები დაცული იქნება, ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება ელექტროენერგია”, – გვითხრეს კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას პრესსამსახურში, რომელიც აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.
შუახევის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ელექტროენერგია ამჟამად შუახევის ორ იალაღს, მერიაყელსა და ღომას არ მიეწოდება.
ახალი Toyota Land Cruiser Prado „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა
ახალი თაობა და მეტი შესაძლებლობები – Toyota Land Cruiser Prado სერიით J250 ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 2024 წლის სრულად განახლებული მოდელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა.
მეტად უსაფრთხო, მრავალფეროვანი ფუნქციონალი და განახლებული ვიზუალი – ასეთია უახლესი თაობის მოდელის ძირითადი მახასიათებლები. იაპონურმა ბრენდმა სამოდელო რიგი ახალ დონეზე აიყვანა და მომხმარებელს უფრო სანდო და კომფორტული ავტომობილი შესთავაზა.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, პარტნიორებსა და ღონისძიების სტუმრებს სრულიად ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado-ს პრეზენტაციაზე ვუმასპინძლეთ. იაპონური ბრენდი მუდმივად აუმჯობესებს მიღწევებს და მზად არის, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგენდარული Prado-ს ეს ახალი ვერსია ზუსტად წარმოაჩენს ბრენდის მთავარ ღირებულებებს – საიმედოობას, გამძლეობასა და პრაქტიკულობას. იაპონური ტრადიციების დაცვით, ტოიოტა ერთმანეთს უკავშირებს საწყისებსა და თანამედროვეობას. სწორედ ამ მიზეზით შევარჩიეთ ავტომობილის წარსადგენად უძველესი ისტორიული მნიშვნელობის გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის ტერიტორია. ვფიქრობ, ის ზუსტად პასუხობს ღონისძიების კონცეფციას – „უკან საწყისებისკენ“, რომელსაც ტოიოტას ინჟინრებმა Toyota Land Cruiser Prado-ს ხასიათი მიუსადაგეს“.

ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალი მოდელი დეტალურად დაეთვალიერებინათ და მიეღოთ ინფორმაცია Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი სერიის შესახებ.
სარკეებით გაფორმებული ინსტალაციის დახმარებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ავტომობილის განახლებული ვიზუალი. მუზეუმის ეზოში განთავსებული დეკორატიული ლოდები კი სიმბოლურად უსვამდა ხაზს ახალი მოდელის, როგორც „ყველგანმავალი“ ავტომობილის, შესაძლებლობებს, რომლისთვისაც გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს.
Toyota Land Cruiser Prado J250-ის წარდგენას იაპონური ბრენდის ერთგული მომხმარებელი და „თეგეტა ჰოლდინგისა“ და მის შემადგენლობაში შემავალი, ღონისძიების მასპინძელი კომპანიის „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ პარტნიორები ესწრებოდნენ.
პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: „Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი თაობის მოდელის გამოსვლას დიდი ინტერესით ელოდნენ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. პრემიერა იაპონიაში აპრილის ბოლოს შედგა, დღეს კი უკვე შესაძლებლობა გვაქვს, 2024 წლის ეს განსაკუთრებული ავტომობილი ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ.
ჩვენმა მომხმარებელმა უკვე წლებია, იცის, რომ საერთაშორისო საავტომობილო ინდუსტრიის ყველა სიახლე და მიღწევა ჩვენს შოურუმებში ხელმისაწვდომია. ამჯერად ეს სიახლე კიდევ უფრო დახვეწილი Land Cruiser Prado-ს უახლესი მოდელია, რომლის მწარმოებელ იაპონურ ბრენდს, Toyota-ს, „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს“.
გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2024 წლის Toyota Land Cruiser Prado თავადაც გამოეცადათ. ტესტ-დრაივისათვის მარშრუტი საგანგებოდ დაიგეგმა, რომელიც გზატკეცილთან ერთად რთულად დასაძლევ მონაკვეთებსაც მოიცავდა.
პრეზენტაცია თიბისი დაზღვევის, „ქორთიარდ მერიოტ ბათუმისა“ და „ალდაგის“ მხარდაჭერით გაიმართა.

Toyota Land Cruiser Prado J250
„უკან საწყისებისკენ“ – ამ კონცეფციით განაახლა იაპონურმა მწარმოებელმა ლეგენდარული მოდელი, რაც, პირველ რიგში, დიზაინზე აისახება. მრგვალის ნაცვლად, ტოიოტამ ექსტერიერში საწყისი, კუთხოვანი ფორმები დააბრუნა.
Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი თაობის ჩარჩო 50%-ით უფრო მტკიცე და გამძლეა, ვიდრე წინამორბედ მოდელში იყო. რაც შეეხება კონსტრუქციას, მისი სიმტკიცე, ძარასთან ერთად, 30%-ით არის გაზრდილი.
ავტომობილის სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე – 1,98 მ; ხოლო სიმაღლე – 1,87 მ.
შასის კონსტრუქცია: დამოუკიდებელი, ორბერკეტიანი საკიდარი წინ, ხისტი, გაუჭრელი ღერძი უკან და თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონი გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა წინა ღერძის სტაბილიზატორი, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს ხდის და მოჭიდებას აუმჯობესებს.
კლირენსი 220 მილიმეტრია. წინა განაკიდის კუთხე 30 ან 31 გრადუსს შეადგენს (კომპლექტაციის მიხედვით), უკანა განაკიდის კუთხე კი 22 გრადუსია.
არაერთი სიახლეა ინტერიერში – მძღოლის განკარგულებაშია ციფრულ ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური სენსორული ეკრანი და მომსახურების ცალკეული განყოფილება სხვადასხვა ძირეული ფუნქციისთვის. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია 3-ზონიანი კლიმატკონტროლი და JBL-ის აუდიოსისტემა 14 დინამიკით.
ახალ ავტომობილს სავარძლების ორი ან სამი რიგით (5-7 მგზავრი) აქვს ცენტრალური ბლოკირება და უკანა, თვლებსშორისი დიფერენციალის ბლოკირებაც. კიდევ უფრო გაუმჯობესდა Crawl Control, ე.წ. ცოცვის რეჟიმი.

ამ ეტაპზე Toyota Land Cruiser Prado ხელმისაწვდომია 2,8 ლიტრი მოცულობის დიზელის ტურბირებული ძრავით. 4-ცილინდრიანი (2,755 სმ3) ტურბოდიზელის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა. ასევე წარმოდგენილია 2.7 ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა და 2.4 ტურბირებული ბენზინის ძრავა – 277 ცხენის ძალით.
სრულიად ახალია 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონმეტრია (მიიღწევა 1600-დან 2800 ბრუნამდე დიაპაზონში) და ამგვარი კომბინაციის შედეგად, ახალი პრადოს ტვირთამწეობა 3500 კილოგრამს შეადგენს.
კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა უსაფრთხოების სისტემებიც. ავტომობილის გარშემო განთავსებული კამერების მეშვეობით ურთულეს უგზოობაზეც კი ეკრანიდან გააკონტროლებთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ან ავტომობილის ქვეშ ხდება. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Toyota Safety Sense სისტემის განახლებული ფუნქციები, Toyota T-Mate-პაკეტი, საგზაო ნიშნების ამომცნობი და შეჯახებისგან დაცვის სისტემა.
Toyota Land Cruiser Prado 70 წელზე მეტია, იწარმოება და ამ დროის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, 10 მილიონზე მეტ გაყიდულ ავტომობილს ითვლის.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები ღამის 12 საათამდე იმოძრავებენ
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეიდან, 17 ივნისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრავებს.
ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილება [სამუშაო დროის გაზრდა] ზაფხულის სეზონს უკავშირდება.
ბათუმისთვის დამატებით 100 ახალი მიკროავტობუსი და 25 ავტობუსიც უნდა შეისყიდონ.
ვრცლად ამ თემაზე:
ბათუმისთვის 25 ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად მთავრობამ კომისია შექმნა
გახდი სპორტის გურუ და გაემგზავრე EURO 2024-ის ფინალზე უფასოდ!
ევრო 2024-ის დაწყებასთან ერთად, აჭარაბეთ არენა სპორტის გულშემატკივრებს სთავაზობს ახალ სპორტულ თამაშს “სპორტის გურუ”.
„სპორტის გურუ“ გაძლევთ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ გაემგზავროთ EURO 2024-ის ფინალზე და ასევე მოიგოთ ისეთი არაჩვეულებრივი პრიზები როგორიცაა: საქართველოს ნაკრების ფორმა, PS5, და საგზური ევროპის ჩემპიონატის ფინალზე.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს სპორტის გურუს გათამაშებაში სრულიად უფასოდ, ამისათვის უნდა დარეგისტრირდეთ აჭარაბეთ არენას ვებ გვერდზე, გააკეთოთ ყოველდღიური პროგნოზები, დააგროვოთ ქულები და მოხვდეთ ლიდერბორდში.
გარდა ამისა, აჭარაბეთ არენა წარმოგიდგენთ ევრო 2024-ის ყოველი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ბათუმში დიდ ეკრანზე სრულიად უფასოდ.
აჭარაბეთ არენასთან მოწყობილია ფან ზონა, სადაც მაყურებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სახალისო აქტივობებში და მოიგოს სხვადასხვა პრიზები
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენებს ევროზე!
„მზის ხაზი“ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე – გასტროლი
19 და 20 ივნისს, ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე „თეატრი ათონელზე“ წარმოადგენს სპექტაკლს – „მზის ხაზი“.
„გათენებამდე სამზარეულოში ჩარჩენილი ცოლ-ქმარი ოჯახურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. უკვე დიდი ხანია ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ და ურთიერთგაგების ყოველ მცდელობას კრახით ასრულებენ. რაშია პრობლემა? ვინ არის დამნაშავე? როგორ შეიძლება გადაილახოს კრიზისი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოკიდეთ ხელი თქვენს მეორე ნახევარს და მობრძანდით სპექტაკლის სანახავად“ – ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში, რომელსაც თეატრი ავრცელებს ფეისბუქზე.
სპექტაკლის რეჟისორია გეგა გაგნიძე, დრამატურგი – ივან ვირიპაევი. მონაწილეობენ მსახიობები: ნატალია გაბისონია და გიორგი შარვაშიძე.
სპექტაკლზე დაიშვებიან 18+ პირები.
ბილეთის ფასი 25 ლარია.
____________
ფოტო: „თეატრი ათონელზე“/facebook
ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს
ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ე.წ. მანთაშევის შლაგბაუმთან ქალაქის მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს.
„საჭიროა გზაგამტარი გვირაბის მოწყობა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შავშეთის ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა, რაც შესაძლებელია გვირაბის მშენებლობით.
საპროექტო გვირაბმა უნდა უზრუნველყოს შავშეთის, წერეთლის და მაიაკოვსკის ქუჩებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების უწყვეტ რეჟიმში შეუფერხებლად გადაადგილება და პირიქით, რითაც საგრძნობლად განიტვირთება, როგორც შავშეთის ქუჩა, ასევე წერეთლის, პუშკინისა და მაიაკოვსკის ქუჩები“ – წერია ბაზრის კვლევის დოკუმენტში.
აქვე აღსანიშნავია, რომ მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს ქალაქის საკრებულომ სახელი გადაარქვა და მანთაშევის გადასასვლელიდან ბონის კულტურის სახლამდე მონაკვეთს არა მაიაკოვსკის, არამედ წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის სახელი ჰქვია.
შესაბამისად, საავტომობილო გვირაბი მანთაშევთან [ავტოსადგურის მიმდებარედ] წერეთლის, შავშეთისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების კვეთაში მოეწყობა.

ბაზრის კვლევას, მშენებლობისთვის საჭირო კვლევების, პროექტირებისა და შემდეგ სამშენებლო სამუშაოების ფასის დასადგენად, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ატარებს.
ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში DesignBuild მეთოდით გამოცხადდება, რომლის პირობაც „შავშეთის, წერეთლის და მაიაკოვსკის ქუჩების გადაკვეთაში გზაგამტარი გვირაბის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა [2024-2025 წწ სახსრებით]“ იქნება.
„ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ საავტომობილო გვირაბი აუცილებლად გავა [მანთაშევზე] სარკინიგზო ხაზის ქვეშ. სხვა დანარჩენი, თუ როგორ დაპროექტდება გზაგამტარი გვირაბი, დამოკიდებული იქნება ბაზრის კვლევასა და ტენდერზე. შემდგომში, რა გადაწყვეტას შემოგვთავაზებს ტენდერში გამარჯვებული, იმის შესაბამისად გადაწყდება ტექნიკური საკითხები და გვირაბის მშენებლობა“ – გვითხრეს მერიის სამმართველოში.
სამმართველოს ინფორმაციით, ტენდერის გამოცხადების შემდეგ გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან გვირაბის აშენებამდე ვადა 10 თვეა გათვლილი [ანუ, ამ ვადაში შედის საკვლევ–საძიებო სამუშაოები, პროექტირებაც და მშენებლობაც].
ბაზრის კვლევის პირობის მიხედვით, დაინტერესებულმა პირმა არაუგვიანეს 2024 წლის 21 ივნისის 18:00 საათისა მერიის სამმართველოში უნდა წარადგინოს თავისი წინადადება, მათ შორის განფასებული ცხრილი და ინფორმაცია გამოცდილების თაობაზე.

ტექნიკური დავალების დოკუმენტის მიხედვით, უნდა დამუშავდეს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს [მაგრამ არ შემოიფარგლება] საკვლევ–საძიებო სამუშაოებს; ასევე, მიმწოდებელმა გვირაბის პროექტირებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი [სავარაუდო] პარამეტრები:
- გვირაბის მოწყობა 50-80 მეტრი;
- თითო ზოლის სიგანე [არანაკლები] 3,5 მეტრი;
- სავალი ნაწილის სიგანე [არანაკლები] 7,0 მეტრი;
- რკ.ბეტონის სარეგულაციო კედლების მოწყობა სიგრძით საშ. 160,0 გრძ.მ;
- საძირკვლის გამაგრება შპურებისა და ხიმინჯების გამოყენებით;
- ა/ბეტონის საფარის აღდგენა-რეაბილიტაცია საშ. 10 000,0მ2;
- გვირაბში სანიაღვრე სისტემის მოწყობა ტუმბოების გათვალისწინებით;
- საექსპლუატაციო და უსაფრთხოების ტროტუარი (ცალ მხარეს მაინც).
- დრენაჟის და ჰიდროიზოლაციის მოწყობა;
- გვირაბის ელ.განათება;
- მოძრაობის რეგულირება [წრიული, კუნძულები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნა];

- „მშენებლობის დასრულების შემდეგ საგარანტიო პერიოდი შეადგენს 60 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს:
- ნაპირსამაგრი, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და კანალიზაციის,საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაციის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 80 მილიონი ლარის ოდენობით;
- უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ნაპირსამაგრის მოწყობა რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და კანალიზაციის,საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია სამუშაოები 10 მილიონი ლარის ოდენობით;
- ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები არანაკლებ 20 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს შპუნტების და რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოებს;
- იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მხოლოდ მის მიერ ფაქტობრივი მოცულობებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
- აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელი მოცულობებისა და სამუშაოთა სახეობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
- 2024 წელს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით ანაზღაურდება 1 000 000 ლარი; ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 2024 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებ“ და სხვა.
მშენებლობის ღირებულება ბაზრის კვლევის საფუძველზე ტენდერის გამოცხადების წინ დაზუსტდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ შავშეთის ქუჩაზე [ბაგრატიონიდან-ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში] სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობაც მიმდინარეობს.
„სანიაღვრე კოლექტორისა და შემდგომში გვირაბის სამშენებლო სამუშაოები ერთმანეთს ხელს არ შეუშლის“ – გვითხრეს დღეს, 17 ივნისს, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.


წლების წინ მანთაშევის გადასასვლელთან საავტომობილო საცობის პრობლემის გადასაჭრელად არა გვირაბის, არამედ ხიდის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა, თუმცა აჭარის მთავრობაში ამ საკითხს მსვლელობა აღარ მიეცა.
ამ თემაზე:
თურქეთის ნაკრებს გერმანიაში დიასპორის დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს – მედია
თურქეთი „ევრო 2024-ზე“ თურქულ-გერმანული საზოგადოებისგან დიდ მხარდაჭერას ელის – წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“. გამოცემა მიუთითებს, რომ გერმანიაში ბევრი თურქი ცხოვრობს ჯერ კიდევ ცივი ომის შემდგომი პერიოდიდან.
თურქეთის ნაკრები F ჯგუფის პირველ ორ მატჩს დორტმუნდში საქართველოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, რასაც მოჰყვება მატჩი ჰამბურგში, ჩეხეთის წინააღმდეგ.
„ჰურიეთი“ წერს, რომ ორივე ქალაქში მრავალრიცხოვანი თურქული დიასპორაა, რაც ადგილობრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი „ევრო 2024-ზე“ ფრთხილი ოპტიმიზმით გადის 2021 წლის იმედგაცრუებული თამაშის შემდეგ, სადაც გუნდმა სამივე თამაში წააგო და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
„ძირითადი მოთამაშეები არიან მილანის „ინტერის“ კაპიტანი ჰაკან ჩალჰანოღლუ და 19 წლის ვუნდერკინდი არდა გიულერი მადრიდის „რეალიდან“ – წერს „ჰურიეთი“ და სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველოს დებიუტი აქვს დიდ ტურნირზე და ნაკრებს „ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ხელმძღვანელობს, შინ პოლიტიკური არეულობის ფონზე“.
ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი საღამოს 8-ზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების ცნობით, ხვალ, 18 ივნისს, 11:00 საათიდან, თურქეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე, დორტმუნდში, ვესტ პარკში საქართველოს გულშემატკივრები შეიკრიბებიან, 14:00 საათიდან კი დაიწყება მსვლელობა დორტმუნდის სტადიონისკენ, სადაც მატჩი გაიმართება.
____________
ფოტოზე: საქართველოს ნაკრები ვარჯიშზე გერმანიაში. ფოტო: საქართველოს ნაკრები/facebook
- ამავე თემაზე:
ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ
ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ
საქართველოს ნაკრების პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 18 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ.
ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი.
ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი საღამოს 8-ზე დაიწყება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ.
ლედმონიტორები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჩემპიონატის დასრულებამდე მითითებულ ადგილებში დარჩება.
საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ სასამართლოში პირის იძულებით მიყვანის საკითხს ადმინისტრაციულ საქმეზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო საქმეზე, რომელიც სასამართლოში პირის იძულებით წარმოდგენის საკითხს ეხება.
სადავოდ გამხდარი ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისგებაში მიცემული პირი თუ თავს არიდებს შსს-ს, ან მოსამართლით გამოძახებით გამოცხადებას, შესაძლებელია, იძულებით მიიყვანონ სასამართლოში. მოსარჩელეების ალექსანდრე კობაიძის და მირანდა შალამბერიძის პოზიციით, ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა მიიჩნიოს.
მოსარჩელეების აზრით, მიუღებელია კანონის დათქმა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას სავალდებულო წესით უნდა ესწრებოდეს პასუხისგებაში მიცემული პირი მაშინაც კი, როდესაც მას ადვოკატი წარმოადგენს.
„ადვოკატი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს საქმის სტრატეგია, რისი შემადგენელი ნაწილი არის მათ შორის ისიც, რომ დამოუკიდებლად და საკანონმდებლო ჩარევების გარეშე გადაწყვიტოს საქმის განხილვისას მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა/მარწმუნებელმა მიიღოს მონაწილეობა თუ დამოუკიდებლად წარმოადგინოს და დაიცვას თავისი ინტერესები.
აღნიშნულში ჩარევა კი ზღუდავს ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას და საქმის განმხილველ ორგანოს საშუალებას აძლევს მის საქმიანობაში ჩაერიოს და დაადგინოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის იძულებით მიყვანა. ცხადია, ამგვარი ქმედება საქმის განხილვაზე გავლენას მოახდენს და დიდი ალბათობით დადებით კონტექსტში ვერ წარმოჩნდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის ინტერესები, რაც გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. ამდენად, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას იცავს, მიზანს ვერ მიაღწევს და პირთა ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფს,“ – აღნიშნულია სარჩელში.
რაც შეეხება პირის იძულებით მიყვანას სასამართლოში, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „ადამიანის ღირსების უფლება აბსოლუტური ხასიათისაა და მისი შელახვა არც ერთი უფლების დაცვის მიზნით არ დაიშვება.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც ადამიანის ღირსებას ხელყოფს, საქართველოს კონსტიტუციის შემლახველია. განსახილველ შემთხვევაში, პირის შინაგან საქმეთა ორგანოში იძულებით წარდგენა მისი უფლებების უპირობო დარღვევაა.
იძულებით წარდგენა მოიაზრებს, რომ პირმა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ განიცადოს ზემოქმედება. განსახილველი ზემოქმედების შედეგად, ადამიანი ღირსების შემლახავ შეგრძნებას, რაც უფრო მეტად მძაფრდება, თუ აღნიშნული ქმედება მესამე პირების თვალწინ ხორციელდება, რაც ცალსახად გარდაუვალია, რადგან შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენისას აუცილებლად მოხვდება გარეშე პირთა თვალთახედვის ქვეშ, ხოლო თავად განმხილველი პირის წინაშე კი ღირსებაშელახული წარდგება.
გარდა აღნიშნულისა, როდესაც პირი ემორჩილება სახელმწიფო ინსტიტუტებს და საქმის წარმოებაში მონაწილეობას გადაწყვეტს ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით და ამის მიუხედავად შინაგან საქმეთა ორგანოები იძულების წესით მაინც მოახდენენ მის წარდგენას, უფრო მეტად ლახავს ადამიანის ღირსებას.
პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დასაშვები. შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ სასამართლოს განჩინების გარეშე პირის იძულებით წარდგენა პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს [თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით],“ – ვკითხულობთ სარჩელში.


