ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ცარიელია ბინები“ – რამდენად ქირავდება ბათუმში ბინები ამ ზაფხულს

18.06.2024 •
„ცარიელია ბინები“ – რამდენად ქირავდება ბათუმში ბინები ამ ზაფხულს

„რუსები თვითონ აქირავებენ უკვე ბინებს, ჩვენამდე აღარ მოდიან,“ – ეცინება „ბათუმელებთან“ გიგა გორგილაძეს, ის ტბელ აბუსერიძის და შარტავას ქუჩებზე აქირავებს ბინებს დღიურად.

ზღვის სეზონი ბათუმში უკვე გაიხსნა. რა ღირს, ან ეღირება ბათუმში ამ ზაფხულს ბინა? – კვლევას ამ მიმართულებით არავინ ატარებს. ჩვენ უძრავი ქონების რამდენიმე აგენტს გავესაუბრეთ, ასევე ბინების მესაკუთრეებს, რომლებსაც განცხადება ბინის გაქირავების შესახებ საიტებზე აქვთ განთავსებული.

ბინის მესაკუთრეების თქმით, ბინებს გასული წლის ზაფხულის ფასი დაადეს, რადგან ჯერ-ჯერობით მსურველი ნაკლებია. უძრავი ქონების აგენტების, ე.წ. მაკლერების დაკვირვებით კი, ბინების დღიური გაქირავების ფასი ბათუმის შემთხვევაში მინიმუმ 10%-ით შემცირდა.

ზღვასთან ახლოს, სტუდიოს ტიპის ბინის [2 ადამიანზე გათვლილი] დაქირავება ივნისში, დღეში მინიმუმ 80 – 100 ლარი დაგიჯდებათ, ბათუმის შუა ზოლში – 60 – 80 ლარი, ე.წ. ჭაობში – 50 ლარი.

„ბინაში ორი ადამიანი მოთავსდება, ასევე ბავშვი ან ბავშვები, ფასი 60 ლარია დღეში. ივლისსა და აგვისტოში იგივე ბინა 100 ლარი ეღირება. გასულ წელსაც ეს ფასები იყო… მეტად უნდა გალამაზდეს ქალაქი, მეტი ობიექტი მოეწყოს, კონცერტები ნაკლებია,“ – მიიჩნევს ბინის მესაკუთრე, გიგა გორგილაძე.

„ცარიელია ბინები, სადაა ტურისტი?“ – გვითხრა ბინის კიდევ ერთმა მესაკუთრემ ვინაობის გამხელის გარეშე. ის ბინას ბაგრატიონის ქუჩაზე დღეში 50 ლარად აქირავებს:

„ჩემთან მოდიან ძირითადად გიდები, მძღოლები, ტურისტების მომსახურე პერსონალი, ტურისტი ნაკლებია… შარშან სასტუმრო მქონდა აღებული გარეუბანში, ძალიან კარგი მუშაობა გვქონდა, რუსების ნაკადი იყო იმდენი დიდი, რომ გარეუბანშიც კი სავსე ვიყავით,“ – გვითხრა ბინის მესაკუთრემ.

„მე 100 ლარად ვაქირავებ ბინას, გორგილაძეზე, მაგრამ მსურველი ჯერ არ ჩანს, მხოლოდ ზაფხულობით ვაქირავებ, ახლა დაიწყო სეზონი, იმედია, გამოჩნდებიან,“ – გვითხრა ნარგიზ მალაყმაძემ. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ევროპის ბაზარზე უნდა იმუშაოს აქტიურად, რომ ქვეყანაში ევროპელი ტურისტები ჩამოვიდნენ.

„ევროპა უნდა დავაინტერესოთ, ევროპა გვინდა, რუსი და ოკუპანტი – არა, მაგათზე დამოკიდებულება არ შეიძლება…“ – მიიჩნევს მოქალაქე.

„სტაბილური არაა ბაზარი, ზოგი ძალიან ძვირს ამბობს, ზოგი – იაფს,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს„დისქავერ ბათუმის“ მენეჯერი, თამთა წურწუმია.

„რუსებმა ძირითადად იქირავეს კომერციული ფართები და იქვე მოაწყვეს საცხოვრებელი სივრცე.

ამ ეტაპზე ბათუმში კარგად ქირავდება „ორბის“ აპარტამენტის ბინები, ფასი 90 ლარიდან 120 ლარამდეა. ივლისსა და აგვისტოში ეს ბინები მინიმუმ 150 ლარი ეღირება.

რაც შეეხება რუსთაველს და მიმდებარე ქუჩებს ქალაქის ცენტრში, მესაკუთრეები ამბობენ 100 ლარს, მაგრამ ჯერ მსურველი არ ჩანს. ტურისტებისთვის უფრო მისაღებია სტუდიოს ტიპის ბინები და არა ბინები ძველი რემონტით თუნდაც ძველ ბათუმში. ქალაქის ცენტრში, ახალ კორპუსებში, დღიურად ბინებს ნაკლებად აქირავებენ.

ჩემი დაკვირვებით, მოთხოვნა დღიურად გაქირავებაზე შემცირებულია წინა წელთან შედარებით, თუმცა სეზონი წინაა,“ – გვითხრა თამთა წურწუმიამ.

„ფასები შემცირდა, რადგან კონკურენცია ძალიან დიდი. დაახლოებით 10 %-ით შემცირდა დღიურად გაქირავების ფასი,“ – გვითხრა უძრავი ქონების კიდევ ერთმა აგენტმა.

„მაგალითად, შარტავას ქუჩაზე ვაქირავებ ორსაწოლიან ბინას 60 ლარად, უცხოელებისთვის 100 ლარი გამოდის დაახლოებით, რადგან განაცხადი უცხოურ საიტებზე მაქვს განთავსებული და საკომისიო ემატება… მე არ ვფიქრობ, რომ შემცირდა რუსების ნაკადი: სადაც გაიხედავ, ყველგან მხვდებიან. შარშან მქონდა ბევრი ჯავშანი რუსების, ბელარუსელების. წელს შემცირდა ეს მოთხოვნა,“ – გვითხრა ბინის მესაკუთრემ.

„ბათუმელები“ დაინტერესდა ბათუმში მდებარე სამი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ფასებითაც: რა ღირს სტანდარტული, ორადგილიანი ნომერი საუზმით? – ვიკითხეთ „შერატონში“, „რადისონსა“ და „ჰილტონში“.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ გვითხრეს, რომ დღეისთვის ყველა ნომერი დაჯავშნილია, ხვალისთვის კი, სტანდარტული ნომრის ფასი 815 ლარია.

„შერატონში“ გვიპასუხეს, რომ სტანდარტული ნომრის ფასი საუზმით 1023 ლარია, „ჰილტონში“ – 410 აშშ დოლარი. სასტუმროების ადმინისტრატორებმა ვერ გვითხრეს, დაახლოებით რამდენით გაძვირდა ივნისში სასტუმროს ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქ ნომრების დიდი ნაწილი ივლისსა და აგვისტოში უკვე დაჯავშნილია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: