მთავარი,სიახლეები

ხელოვნური კუნძულის გზშ-ში ხარვეზებია – სააგენტო „ამბასადორს“ 2 თვეს აძლევს გასასწორებლად

23.04.2024 • 5216
ხელოვნური კუნძულის გზშ-ში ხარვეზებია – სააგენტო „ამბასადორს“ 2 თვეს აძლევს გასასწორებლად

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია [გზშ] სააგენტომ დაახარვეზა და კომპანიას 2 თვის ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად.

ხარვეზების გამოსწორების გარდა, სააგენტო „ამბასადორს“ წერს, რომ კომპანიამ წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზეც, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას.

ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. ანუ, ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ასეთი გადაწყვეტილება აუცილებელია.

„ამბასადორის“ მიერ წარდგენილ გზშ-ს დოკუმენტზე კი გარემოს სააგენტოს სხვადასხვა სახის 36 შენიშვნა აქვს.

„გთხოვთ, ორი თვის ვადაში უზრუნველყოთ დაზუსტებული/დამატებითი ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე“ – მიწერეს „ამბასადორს“ სააგენტოდან 2024 წლის 19 აპრილს.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

„2024 წლის 12 იანვარს ბათუმის მერიაში გამართულ, გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას, დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები/მოსაზრებები დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის ეხებოდა პროექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის შედეგად ვიზუალურ-ლანდშაფტურ ზემოქმედებას.

ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით წარმოდგენილია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“, „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ წევრების, ურბანისტ გიორგი აბაშიძისა და სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის წერილობითი შენიშვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს საჯარო განხილვაზე დასმული საკითხებისა და სააგენტოში წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ცხრილის სახით“ – წერს სააგენტო „ამბასადორს“.

„ამასთან, დოკუმენტის შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება დაგეგმილია პროექტის შემდგომ ეტაპზე. ასევე მითითებულია, რომ პირველი ფაზის პერიოდში დაგეგმილია დამცავი მოლების და ხელოვნური კუნძულის ტერიტორიის მოწყობა.

ვინაიდან, გზშ-ის ანგარიშში დეტალურად არ არის განხილული კუნძულის განაშენიანებასთან და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და მათი ზემოქმედება გარემოსა და ქალაქზე, მათ შორის ზეგავლენა მისასვლელ გზებსა და ქალაქის ურბანულ პროცესებზე, სააგენტო აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში იმსჯელებს პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილ დამცავი მოლებისა და ხელოვნური კუნძულის მოწყობის თაობაზე“ – აღნიშნულია სააგენტოს წერილში.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აქვეყნებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წერილს ხელოვნური კუნძულის გზშ-თან დაკავშირებით.

„აღნიშნული ხელოვნური კუნძული წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, შესაბამისად უნდა ჩატარდეს რიგი საექსპერტო კვლევები და გაიცეს დასკვნები. წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის 4.10.8 პუნქტი განიხილავს კუნძულის შემადგენელი მოლების ზემოქმედებას ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე, თუმცა აღნიშნული ზემოქმედების დასადასტურებელი კვლევების დამადასტურებელი, მათ შორის კომპეტენტური საზღვაო ინსტიტუტის [ლაბორატორიის] დასკვნა არ არის მითითებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ არაერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია აღნიშნული კუნძულისათვის საჭირო ტალღმჭრელების მოწყობასთან დაკავშირებით. კერძოდ, იქვე განლაგებულ ბათუმის შიდა და გარე ნავსადგურის სანავსადგურე ობიექტებზე, საშტორმო ამინდის დროს ზღვის ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან მომავალი, ტალღების ზემოქმედების განსაზღვრის მიზნით.

აგრეთვე, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდოს პროექტის მომიჯნავე შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“, შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“, შპს „ტერმინალ-1“-სა და შპს „იბერია ლიმითედის“ ადმინისტრაციას“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წერილში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს, სთხოვა, რომ მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო.

ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს აშენებს, ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 18 თვით გადაუვადა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: