საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო საქმეზე, რომელიც სასამართლოში პირის იძულებით წარმოდგენის საკითხს ეხება.
სადავოდ გამხდარი ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისგებაში მიცემული პირი თუ თავს არიდებს შსს-ს, ან მოსამართლით გამოძახებით გამოცხადებას, შესაძლებელია, იძულებით მიიყვანონ სასამართლოში. მოსარჩელეების ალექსანდრე კობაიძის და მირანდა შალამბერიძის პოზიციით, ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა მიიჩნიოს.
მოსარჩელეების აზრით, მიუღებელია კანონის დათქმა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას სავალდებულო წესით უნდა ესწრებოდეს პასუხისგებაში მიცემული პირი მაშინაც კი, როდესაც მას ადვოკატი წარმოადგენს.
„ადვოკატი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს საქმის სტრატეგია, რისი შემადგენელი ნაწილი არის მათ შორის ისიც, რომ დამოუკიდებლად და საკანონმდებლო ჩარევების გარეშე გადაწყვიტოს საქმის განხილვისას მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა/მარწმუნებელმა მიიღოს მონაწილეობა თუ დამოუკიდებლად წარმოადგინოს და დაიცვას თავისი ინტერესები.
აღნიშნულში ჩარევა კი ზღუდავს ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას და საქმის განმხილველ ორგანოს საშუალებას აძლევს მის საქმიანობაში ჩაერიოს და დაადგინოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის იძულებით მიყვანა. ცხადია, ამგვარი ქმედება საქმის განხილვაზე გავლენას მოახდენს და დიდი ალბათობით დადებით კონტექსტში ვერ წარმოჩნდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის ინტერესები, რაც გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. ამდენად, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას იცავს, მიზანს ვერ მიაღწევს და პირთა ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფს,“ – აღნიშნულია სარჩელში.
რაც შეეხება პირის იძულებით მიყვანას სასამართლოში, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „ადამიანის ღირსების უფლება აბსოლუტური ხასიათისაა და მისი შელახვა არც ერთი უფლების დაცვის მიზნით არ დაიშვება.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც ადამიანის ღირსებას ხელყოფს, საქართველოს კონსტიტუციის შემლახველია. განსახილველ შემთხვევაში, პირის შინაგან საქმეთა ორგანოში იძულებით წარდგენა მისი უფლებების უპირობო დარღვევაა.
იძულებით წარდგენა მოიაზრებს, რომ პირმა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ განიცადოს ზემოქმედება. განსახილველი ზემოქმედების შედეგად, ადამიანი ღირსების შემლახავ შეგრძნებას, რაც უფრო მეტად მძაფრდება, თუ აღნიშნული ქმედება მესამე პირების თვალწინ ხორციელდება, რაც ცალსახად გარდაუვალია, რადგან შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენისას აუცილებლად მოხვდება გარეშე პირთა თვალთახედვის ქვეშ, ხოლო თავად განმხილველი პირის წინაშე კი ღირსებაშელახული წარდგება.
გარდა აღნიშნულისა, როდესაც პირი ემორჩილება სახელმწიფო ინსტიტუტებს და საქმის წარმოებაში მონაწილეობას გადაწყვეტს ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით და ამის მიუხედავად შინაგან საქმეთა ორგანოები იძულების წესით მაინც მოახდენენ მის წარდგენას, უფრო მეტად ლახავს ადამიანის ღირსებას.
პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დასაშვები. შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ სასამართლოს განჩინების გარეშე პირის იძულებით წარდგენა პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს [თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით],“ – ვკითხულობთ სარჩელში.