„დასხდებოდნენ ბიძაჩემები, მამიდაჩემი და მოჰყვებოდნენ მათ თავგადასავალს. ისეთი შეხვედრა მაგათ არ ჰქონიათ, გადასახლების პერიოდი რომ არ გაეხსენებინათ. ობლად დარჩნენ, მერე გადაასახლეს. ამის გახსენებისას მათ თვალებზე სულ ცრემლი იყო. სულ, სულ ტიროდნენ.
რა ისტორიებიც ჩემი ოჯახის წევრებისგან მაქვს მოსმენილი, ისეთი დღე ღმერთმა ნურავის ნუ დაუწეროს.
მე თვითონ არ ვყოფილვარ გადასახლებული, მაგრამ რომ მოჰყვებოდნენ, ისეთი იყო, გულზე რომ ტყვია გესროლონ“, – გვეუბნება ზურაბ ცეცხლაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისიდან.
ზურაბ ცეცხლაძის მამა, ხუსეინ ცეცხლაძე ორ მცირეწლოვან და-ძმასთან, უფროს ძმასთან და ქვრივ დედასთან ერთად 1949 წელს ციმბირში გადაასახლეს. ცეცხლაძეების ოჯახმა გადასახლებაში 8 წელიწადი გაატარა.
როგორც ზურაბ ცეცხლაძემ გვითხრა, სოფელ მერისიდან მაშინ კიდევ რამდენიმე ოჯახი გადაასახლეს.
„ყველას ყაზახეთში გადასახლებულად წერენ, მაგრამ ესენი იყვნენ ციმბირში. 1956 წელს დაბრუნდნენ უკან.
დასხდებოდნენ დედმამიშვილები და გაიხსენებდნენ იმ ამბებს. რუსები კარტოფილს რომ თლიდნენ და გადმოჰყრიდნენ, იმას ვრეცხავდით და ვჭამდით, იმ დღეში ვიყავითო. სახლი არ გვქონდა, კარი არ გვქონდა, გვციოდა და არავინ არ ფიქრობდა ჩვენზეო. ასეთი წვალებით იცხოვრეს ის რვა წელიწადი იქ. როცა დაბრუნდნენ აქაც ცის ქვეშ იყვნენ, არაფერი არ ჰქონდათ, მხოლოდ ჰქონდათ ტიალი მიწა. ხალხის, მეზობლების დახმარებით, წვალებით ააგეს ცხოვრება.
გასახლების ტკივილი მაინც სხვანაირი, დაუვიწყებელია. ბაბუაჩემი გადასახლებამდე 5 წლით ადრე გარდაიცვალა. ობოლი ბავშვები და ქვრივი ქალი, ბებიაჩემი გადაასახლეს.
მამაჩემი 9 წლის იყო გასახლებებისას, მესამე კლასში სწავლობდა. იხსენებდა – გადასახლების წინა დღეს სოფლის ცენტრში ვიყავი უფროსებთან ერთად, სადაც თქვეს ცეცხლაძეებს ასახლებენო, მაგრამ ჩვენზე იყო ეს თუ ვისზე, არ ვიცოდი, სახლში რომ ამოვედი იმ საღამოს საჭმელი არ მიჭამია, დედაჩემმა მითხრა ჭამეო, მაგრამ მაინც არ ვჭამეო. გათენებული არ იყო, რომ კარებზე მოაკაკუნეს.
დედაჩემმა კარი რომ გააღო და შეხედა, სალდათები დახვდნენ სამხედრო ფორმით, რომლებმაც უთხრეს: „წამოგვყევით!“ დედაჩემი ეკითხებოდა რა ხდებაო და პასუხად „წამოგვეყევით!“ „წამოგვყევით!“ ისმოდა მხოლოდ.
ჩემი პატარა და-ძმა იქეთ-აქეთ დაიჭირა დედაჩემმა ხელში და წავედით. არც რაიმეს წაღება და არც არაფერი საერთოდ. გამთენიისას წაგვიყვანეს და ფეხით გვატარეს 12 კილომეტრი ქედის ცენტრამდე. იქიდან სატვირთო მანქანაზე შეგვყარეს ბათუმამდე.
ბათუმში რომ ჩამოვედით სამშენებლო ვაგონში შეგვიყვანეს და იმით წაგვიყვანეს. რა მიმართულებით, კაციშვილმა არ გვითხრა. რომ ჩავედით ადგილზე, მაშინ გვითხრეს, ციმბირში რომ ვიყავით. იქამდე არავინ არაფერს არ გვეუბნებოდა.
დავსახლდით ციმბირში. რაღაც ქოხივით იყო, იქ ვცხოვრობდით. საწოლი არ გვქონია იქ და არაფერიო“ – იხსენებს მამის ნაამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
იგი გვეუბნება, რომ როგორც ოჯახის წევრების მონათხრობიდან იცის, სხვა ქართველები არ ყოფილან გადასახლებაში მყოფ ცეცხლაძეების ოჯახთან ერთად.
„მამაჩემი ამბობდა, რომ ჩავედით, სამი დღის შემდეგ გაგვიყვანეს სამუშაოდო. ბავშვი ვიყავი, რა უნდა მემუშავა, რა უნდა გამეკეთებინა განა, მაგრამ მაინც გვამუშავებდნენ და ყველანაირ საქმეს გვაკეთებინებდნენო. როგორც ადრე იყო, პატიმრები გაჰყავდათ და ამუშავებდნენ, მაგ სისტემით.
მცირეწლოვან ბავშვებს შავ საქმეზე ამუშავებდნენ.
თუ ვინმეს შევეცოდებოდით, პატარები ვიყავით და რაიმეს მოგვცემდნენ ეს იყო, დანარჩენი არავინ საერთოდ, მთავრობა, გინდ სხვა, მიმხედველი არ იყო, არავინ ყურადღებას არ გვაქცევდაო“, – გვითხრა ზურაბმა. მისი თქმით, მამამისმა და ოჯახის სხვა წევრებმა გზაში 14-15 დღე გაატარეს და როცა საბოლოოდ, რვა წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს, არანაირი დახმარება არ აღმოუჩენიათ მათთვის.
„საქართველოში ჩამოსვლისთვის გზადაგზა ვმუშაობდით. იქიდან პირდაპირ გამოგვიშვეს, მეტი არაფერიო – იხსენებდნენ მამაჩემი და უფროსი ბიძაჩემი. ისინი მუშაობდნენ ძირითადად, ბებიას და მამაჩემის პატარა და-ძმას არ შეეძლოთ მუშაობა.
მამაჩემი მიყვებოდა ხოლმე – ერთ ადგილზე ვიღაც შუახეველი კაცი შეგვხვდა, შევეცოდეთ, მოგვცა ფული და იმას აქეთ აღარ გვიმუშავია, პირდაპირ წამოვედითო. როცა ჩამოვედით, იმის მერე გავიდა წლები, მე მახსოვდა ამ შუახეველი კაცის სახელი-გვარი, მივაგენი და მივეცი ის ფული უკანო“.
გადასახლებიდან რვა წლის შემდეგ დაბრუნებულმა ხუსეინ ცეცხლაძემ 1962 წელს იქორწინა და ქორწინებიდან რვა თვის შემდეგ 3-წლიანი ჯარის მოხდაც მოუწია. ის 6 შვილის მამა იყო.
ზურაბს მამა ძლიერ და მებრძოლ ადამიანად ახსოვს. ინტერვიუს განმავლობაში ბევრჯერ გაუტყდა ხმა და ცრემლი მოერია. ამბობს, რომ თითოეული დღე, რაც მისმა ოჯახმა გადასახლებაში გაიარა, ტანჯვის ტოლფასი იყო და წარმოუდგენლად მძიმეა საკუთარი სახლიდან, რომლის შენებაშიც უდიდესი ძალისხმევა, შრომა გაქვს ჩადებული ვინმემ გაგასახლოს და უკან დაბრუნებულს სრულიად არაფერი არ დაგხვდეს:
„მოსმენაც კი მიჭირდა იმის, რაც მამაჩემმა, მისმა და-ძმამ და ბებიაჩემმა გამოიარეს.
რაიმე დანაშაული რომ ჰქონოდათ, სხვა იქნებოდა. არაფერი დაუშავებიათ, კაცის მკვლელები ეგენი არ იყვნენ და არაფერი. ხნიერი ხალხისგან არ გამიგონია, რომ ბაბუაშენი ცუდი კაცი იყოო. ქვრივი ქალი, ობოლი ბავშვები… მე არ ვიცი რატომ მოხდა, რის გამო გადაასახლეს.
მამაჩემი 2018 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა და დღესაც მაინტერესებს რატომ გადაასახლეს, თუმცა ვერავისგან ვერ გავიგე“, – ამბობს ზურაბი.
ზურაბ ცეცხლაძე თვლის, რომ მის ოჯახს გადასახლების გამოცდილება რომ არ ჰქონდეს, ბევრად უკეთესი ცხოვრებისეული პირობების შექმნას მოახერხებდნენ:
„რა თქმა უნდა, უკან დაგვხია გადასახლებამ. გადასახლებიდან დაბრუნებულმა ჩემს ოჯახს ყველაფრის ნულიდან შენება მოუწია. [მამაჩემმა] ნელა-ნელა, მეზობლების დახმარებით გააკეთა რაღაც და იმით გააგრძელა ცხოვრება.
გასულ წლებში ოჯახმა, როგორც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლმა, კომპენსაცია მიიღო.
„კომპენსაციის ოდენობა 3 000 ლარი იყო მე მგონი. მამაჩემმა და ბიძაჩემმა აიღეს 3-3 ათასი ლარი. რომელი წლები იყო არ მახსოვს. მაგისთვისაც არბენინეს ხან ქობულეთში, ხან ქუთაისში და ბოლოს ამ ოდენობის ფული მისცეს“, – გვითხრა ზურაბ ცეცხლაძემ საუბრის დასასრულს.
ნახეთ ვიდეო: