„ამაზე ფიქრიც არ შემიძლია, რა მოხდება… უვიზო რეჟიმის შეზღუდვა კატასტროფულად მძიმე იქნება“, – გვითხრა ქართველმა ემიგრანტმა თამარ ლომიძემ, რომელიც 5 წელია იტალიაში მუშაობს. იტალიიდან გამოგზავნილი ხელფასით თამარი ოჯახს არჩენს საქართველოში და ასევე, იმ ბინის სესხს ფარავს, რომლის შეძენაც საქართველოში ყოფნის დროს ვერ შეძლო.
თამარ ლომიძე ხულოს სოფელ ბეღლეთიდანაა, მარტოხელა დედაა და ემიგრაციაზე საუბრის დროს, პირველ რიგში, ყურადღებას იმაზე ამახვილებს, თავისი ნებით რომ არავინ ტოვებს სამშობლოს:
„მკერავად ვმუშაობდი ფაბრიკაში, როგორ უნდა მეარსება 400 ლარით, როცა მთელი დღე იქ ვმუშაობდი? არ ვიცი საქართველოში ისეთი ოჯახი, რომელიც ხელფასით ცხოვრობს. ასეთი ალბათ ხელისუფლების ოჯახებია“.
რა მოხდება, თუ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შეიზღუდება? – იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს კონკრეტული და მკაფიო გზავნილი აქვს:
„ჩვენ კი არა, ვინც დარჩენილია საქართველოში, რამდენისგან მესმის, იმდენად გაუსაძლისია ცხოვრება, წამოვიდეთ უნდაო…
მარტოობაში ვართ ემიგრანტები. ქართულად აქ მხოლოდ ჩემი გულის ხმა მესმის. თვეში ერთხელ თუ ვნახულობთ ერთმანეთს ქართველები, ზეიმი გვაქვს, დღესასწაული… გაუსაძლისი მდგომარეობაა, მე უკვე შვილიშვილები მყავს, ახალგაზრდა დედები არიან აქ. ერთი ქალია, მისი შვილი პირველ კლასშია და მაქსიმალურად ცდილობს, დრო ისე გადაანაწილოს, რომ ტელეფონით აქედან, იტალიიდან ამეცადინოს შვილი.
ხელისუფლების წარმომადგენლებს ამას ვეტყოდი: თავიანთ დედებს ჰკითხონ: რამდენად ძნელია საკუთარი შვილის დატოვება, შვილის და შვილიშვილების მონატრება? თუ მათ ხელეწიფებათ ჩვენს ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნება და ამას არ აკეთებენ, დადგება დრო, როცა ესენი წავლენ ხელისუფლებიდან და გაიყოლებენ უამრავი დედის ტკივილს, წყევლას, ცრემლებს, ცოდვას….
ისინი პატივს არ სცემენ დღეს ნებისმიერი ქართველის ტკივილს, მით უფრო, როცა ასეთი გულანთებული ახალგაზრდები გამოდიან ქუჩაში. მე მართლა ამაყი ვარ დღეს, რომ დღევანდელი ცხოვრების მიუხედავად, ამდენი მებრძოლი ახალგაზრდაა კიდევ. რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს, ჩემი გზავნილი ესაა,“ – გვითხრა თამარ ლომიძემ.
რა მოუვა საქართველოს, თუ ის ევროპას დაშორდება და რუსეთს დაუახლოვდება? – ვკითხეთ ემიგრანტს.
„ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანა. ჩვენ, ემიგრანტებს, უკან დაბრუნება რომ მოგვიწიოს, არ ვიცი, რა იქნება ჩვენი ქვეყანა. რატომ არ მივდივართ რუსეთში სამუშაოდ, იქ თუ კარგია? რატომ ვართ ამდენი ქართველი ევროპაში და არა რუსეთში?
კარგად გვახსოვს რუსეთის „სიკეთეები“, ამდენი ახალგაზრდის სიკვდილი 2008 წელს, გინდაც 9 აპრილს, მათ საფლავებს როგორ უნდა გადაუაროს ქართველმა ადამიანმა? ან იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს დროშაზე სისხლი დააქციეს? როგორ უნდა გადააბიჯო ამ ქართველების საფლავებს და გადახვიდე რუსეთში?“ – კითხულობს ემიგრანტი ქალი.
თამარ ლომიძეს ვესაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ემიგრაციაში და აპირებს თუ არა 2024 წლის შემოდგომაზე არჩევნებზე წასვლას.
- „როგორ აღმოვჩნდი იტალიაში“
„მაკრთობს ის შიში, როცა უცხო ქვეყანაში არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, ღმერთის ანაბარა წამოვედი,“ – იტალიაში ჩასვლის პირველ დღეს იხსენებს „ბათუმელებთან“ თამარ ლომიძე, – „ორნი ვიყავით ერთად და ავცდით ბარში მიმავალ თვითმფრინავს მილანის აეროპორტში. ბედად ერთი ქართველი ბიჭი გამოჩნდა და გაგვიშვა ავტობუსით. მერე ავტობუსით აგვერია ნეაპოლშიც…
შემოდიხარ უცხო ქვეყანაში, ენა არ იცი. თურმე არ უნდა მოგერიდოს, ვისაც არ უნდა ვთხოვო ახლა დახმარება, ყველა ისე დაგეხმარება, მთელი გულით… დღეს უკვე იტალია ჩემი მეორე სამშობლოა.
სამ წელიწად-ნახევარი ერთ ოჯახში ვიყავი, დაიღუპა მერე ის მოხუცი, სამხრეთ იტალიაში ვცხოვრობდი, იქ უფრო დაბალია ხელფასები. ახლა ყოველდღე ვმუშაობ და ანაზღაურებაც უფრო მაღალი მაქვს, თუმცა ჩემი ხელფასის ძირითადი ნაწილი მიდის ბანკის ვალში – საცხოვრებელი არ მქონდა, როცა საქართველო დავტოვე. ჩემი შვილი ცოლ-შვილიანია, მაგრამ ვის ჰყოფნის თავისი ხელფასი?ტექნიკაზე მუშაობს, ბინა თბილისში ვიყიდეთ და მე ვიხდი ბანკის ფულს. სესხის გარდა, ისეც ვგზავნი ფულს. მე რომ ჩემი ხელფასი არ გამოგზავნო, შვილს თავისი ხელფასი ალბათ მხოლოდ ჭამაში და კომუნალურებში ძლივს შეიძლება გასწვდეს.
სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი, საქართველოში როცა ვცხოვრობდი, ჯერ ჩემს მშობლებთან, მერე ნაქირავებში ვიყავით. ჩემი ბიჭი სამხედრო საკონტრაქტოზეც მუშაობდა, ავღანეთშიც იყო, მაგრამ ერთი შვილი მყავდა, მე ვთხოვე, დაენებებინა თავი, ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, ავდექი და წამოვედი.
- „როდის დავბრუნდები“
51 წლის ვარ ახლა, 6 წელი ემიგრაციაში ვარ და 6 წელი კიდევ დამჭირდება, რომ დავდგე ფეხზე, რომ მომინდეს ჩემს სახლში დაბრუნება, მომინდეს რა – რომ შევძლო სახლში დაბრუნება, თორემ ყოველ წუთას მინდა დაბრუნება. თანაც, დედაჩემს ისე ვჭირდები…
არ მაქვს იმედი, რომ რამე გამოსწორდება, რომ დავბრუნდე. საქართველოში ვერ შევძლებ ამ ბანკის ვალის გადახდას, რაც კისერზე მადევს.
ხელისუფლებას ის მაინც ხომ შეუძლია, რომ ამხელა პროცენტს არ გვახდევინებდეს ბანკი? აქ ვინც ემიგრაციაშია, მათ 70%-ს ბანკის ვალი აქვს.
ახლა უზარმაზარ აპარტამენტში ვცხოვრობ, მაგრამ აქ ერთი ნივთიც არაა ჩემი, საკუთარი, თვიდან თვემდე ხელფასს ველოდები. დასვენების დღე საერთოდ არ მაქვს, იმ პირობით ვმუშაობ.
სხვა რა გითხრათ: ემიგრანტები ალბათ ყველა დროში იქნებიან, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაცის გამოსწორება?
ადრე გაგონილი მქონდა, ევროპაში სულ სხვანაირი ცხოვრებაო. მე ქართულს ვერასდროს ვერაფერს ვერ შევადარებ: რა თქმა უნდა, ყველას თავისი კულტურა და ცხოვრების წესი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად იტალიაში დროის შეგრძნება მომწონს – ნებისმიერი წუთი და წამი ამათთვის მნიშვნელოვანია და ხვალ რას გააკეთებენ, წინასწარ გეგმავენ დიდი ხნით ადრე.
მშვიდი ხალხია, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, არავის ცხოვრებაში არ იხედებიან.
- წავალ თუ არა არჩევნებზე?
ჩემი ერთადერთი სურვილია, გაგვიხსნან საარჩევნო უბნები იქნება თუ ყუთები. უნდა შეგვეძლოს ჩვენი აზრის დაფიქსირება, არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა გვქონდეს.
მხოლოდ რომში საარჩევნო უბნის გახსნა არაა გამოსავალი – იქ შეიძლება ვერ ჩავიდე, რადგან რომამდე მინიმუმ ერთი საათის გზაა მატარებლით, შესაძლოა, ოჯახს არ აწყობდეს, რომ ამდენი ხნით წავიდე. ფლორენციაში საკმაოდ ბევრი ქართველია, რატომ არ უნდა გახსნან იქ უბანი? აქამდე ემიგრაციაში ყოფნის დროს არასდროს წავსულვარ არჩევნებზე.
ხელისუფლებაში საკუთარი, პირადი ცხოვრების მოსაწყობად არ უნდა მოდიოდნენ ადამიანები. დღეს ყველა, ვინც მოდის ხელისუფლებაში, მოდის პირადი ცხოვრების მოსაწყობად, საშვილიშვილოდ და შთამომავლობისთვის რომ შეისყიდონ გრანდიოზული შენობები.
ბებიაჩემი იტყოდა, ფუტკრის და მთავრობის საქმეს ვერ გაიგებო, მაგრამ თუ არ ფიქრობენ საკუთარ მოქალაქეებზე, რისთვის უნდათ ეს ქვეყანა?“ – ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი ემიგრანტმა თამარ ლომიძემ.
საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ემიგრანტის შეტყობინება მივიღეთ: „დამავიწყდა მეთქვა, თუ ოდესმე დავბრუნდებით, აღარც დედებად, აღარც შვილებად და აღარც ადამიანებად ვივარგებთ, გაყინული გვაქვს გრძნობები“.