მთავარი,სიახლეები

„რუსები წყვეტენ ხალხს, მაგრამ დონბასის საზღვარზე ვერ გადიან“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

14.06.2024 •
„რუსები წყვეტენ ხალხს, მაგრამ დონბასის საზღვარზე ვერ გადიან“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„მას შემდეგ, რაც გამოჩნდება F16-ები, და ეს ალბათ იქნება ივლისის დასაწყისში, უნდა შეიცვალოს გარკვეულწილად საჰაერო ვითარება. შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა შეიძლება დააპიროს უკრაინამ,“ – უკრაინაში დასავლეთიდან დაპირებული სამხედრო ტექნიკის გამოჩენას ელოდება გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, 2025 წლის გაზაფხულისთვის რუსებს აღჭურვილობის კრიზისი შეექმნება, თუმცა გამორიცხული არაა, ვითარება მანამდეც შეიცვალოს.

„რუსები ვერ მიდიან წინ, ისინი ინარჩუნებენ აქტიურობას, მაგრამ ეს აქტიურობა ალბათ უფრო არის ზემდგომებისთვის საჩვენებლად,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი და დასძენს:

„ჰაიმარსები“ უკვე საკმარისი რაოდენობით აქვს უკრაინას. ეს აძლევს უკრაინელებს საშუალებას, იგივე ვოლჩანსკის მიმართულებაზე, ზურგში დაარტყან მოწინააღმდეგეს. ამიტომაცაა, რომ ხარკოვის მიმართულებაზე ფაქტობრივად რუსები შეჩერებული არიან – ჩიხში შევიდა აქ რუსეთის შეტევა,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, „პატრიოტის“ მესამე სისტემას გადასაცემს გერმანია უკრაინას. კიდევ რა გაირკვა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, რომელიც ბერლინში ჩატარდა?

მაგალითად, ნიდერლანდები მზადაა, რომ უკრაინას გადასცეს „პატრიოტების“ რაკეტების წარმოების კვანძები. ნიდერლანდები თავის წილს გადასცემს უკრაინას და მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც, იგივე გააკეთონ.

ნიდერლანდები და გერმანელები შეთანხმებული არიან, რომ „პატრიოტების“ რაკეტები ერთობლივად აწარმოონ უშუალოდ გერმანიაში. რაღაც ნაწილს დაიტოვებენ, ევროპასაც სჭირდება ეს, რომ დაცული იყოს.

  • რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ზელენსკის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დაჰპირდა. 7 ერთეული „პატრიოტი“ გვჭირდებაო, მანამდე თქვა ზელენსკიმ. რას აჩვენებს თქვენთვის გზავნილები სამიტიდან? 

G 7-ის სამიტი აჩვენებს, რომ ისინი აქტიურად მხარს უჭერენ უკრაინას. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ რუსული აქტივებიდანაც დაეხმარონ უკრაინას: რუსეთს თავისივე განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა საკუთარი ფულით მოუწევს.

უკრაინას სჭირდება„პატრიოტები“ და არ აქვს საკმარისი რაოდენობით. მაგალითად, წინა ღამეს უკრაინელებმა ჩამოაგდეს 10-დან 7 ფრთოსანი რაკეტა X 101 – 155 და 17 დარტყმითი, უპილოტო აპარატი „შაჰიდი”131/136,  თუმცა პრობლემა აქვთ ბალისტიკურ რაკეტებზე – 4 „ისკანდერი“ გაეპარათ, ერთი „კინჟალი“ ჩამოაგდეს. რუსებმა იციან სად არის „პატრიოტი“ და დარჩენილ ღრიჭოებში ახერხებენ ამ რაკეტების გაშვებას.

ამიტომაც, უკრაინას სჭირდება შეავსოს ეს საჰაერო სივრცე, რომ ბალისტიკური რაკეტებისგან იყოს დაცული. „პატრიოტს“ კი ორი რაკეტა აქვს: სპეციალურად ბალისტიკური მიზნებისთვის და საჰაერო მიზნებისთვის.

  • ბაიდენმა როცა ილაპარაკა სამიტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზე, მოიაზრება „პატრიოტები“? 

ძირითადად „პატრიოტზეა“ საუბარი. უკრაინელებს აქვთ საშუალო და ახლო მანძილის საშუალებები. უკრაინამ მიიღო „სტინგერები“ საკმაოდ დიდი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ მათი ეფექტიანობა გაზარდეს – გარკვეული ნაწილი გადაინაწილეს სპეცდანიშნულების ძალებმა, რომლებიც ახერხებენ ჩაუსაფრდნენ მფრინავ საშუალებას, რომლებიც ამოცანას ასრულებენ და უკან ბრუნდებიან და ამ დროს გაანადგურონ.

სავარაუდოდ, ეს 10-წლიანი სტრატეგიული შეთანხმება, რაც გაფორმდა უკრაინას და აშშ-ის შორის უსაფრთხოების სფეროში, მოიცავს კონკრეტიკასაც. როგორც წესი, ეს ჩარჩო დოკუმენტია და შემდეგ იქნება ხელშეკრულებები, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული თარიღები და გეგმა, რას და როდის მიაწვდიან უკრაინას.

  • რა ხდება ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე? უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის თქმით, მოწინააღმდეგე ჩარჩენილია ვოლჩანსკში, მიუხედავად ძალებისა და საშუალებებისა, რომელსაც მუდმივად ავსებს სხვა მიმართულებების დანაყოფებიდან.

უკრაინელებმა მიიღეს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტრანშე და საარტილერიო საშუალებები. თვითონ უკრაინელები იძახიან, ამდენი ჭურვი ერთად, რაც ომი დაიწყო, ერთად არ გვინახავსო.

ამას ემატება „ჰაიმარსები“, რაც უკვე საკმარისი რაოდენობით აქვს უკრაინას. ეს აძლევს საშუალებას უკრაინელებს იგივე ვოლჩანსკის მიმართულებაზე ზურგში დაარტყან მოწინააღმდეგეს. ამიტომაცაა, რომ ხარკოვის მიმართულებაზე ფაქტობრივად რუსები შეჩერებული არიან – ჩიხში შევიდა აქ რუსეთის შეტევა.

გარკვეულ მიმართულებებზე უკრაინელებიც ახორციელებს კონტრშეტევას. საუბარია ლოკალურ, ტაქტიკური დონის შეტევებზე, მაგალითად, როცა ქუჩიდან ქუჩაზე უწევთ რუსებს უკან დახევა.

რუსების წინსვლა ტაქტიკურის ზემოთ ვერ მიდის. რუსები არიან 1200 კილომეტრზე გადანაწილებული, 3 ათასი ტანკი, 300 თვითმფრინავი და ამდენივე ვერტმფრენით, დაახლოებით 18 ათასი საარტილერიო საშუალება. ეს რესურსი რუსეთს არ აძლევს საშუალებას, რაღაც კონცენტრაცია მოახდინონ გარკვეულ წერტილში.

რუსები დარტყმის მთავარ მიმართულებად მაინც ინარჩუნებენ პოკროვსკის. ამ გზით ისინი ცდილობენ დონბასის საზღვარზე გასვლას, თუმცა კურახოვეს მიმართულებითაც საკმაოდ აქტიური ბრძოლებია, ასევე ჩასივ-იარში. წყვეტენ ხალხს რუსები, მაგრამ გეგმას მაინც ვერ ასრულებენ – ვერ გადიან დონბასის საზღვარზე, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი მანძილია იქამდე.

ბრძოლები მიდის რობოტინოსთან, ზაპოროჟიეს რაიონში და კრინკისთან – ხერსონის რაიონში, სადაც მდინარის მარცხენა ნაპირზე უკრაინელებს პლაცდარმი აქვთ მოწყობილი.

უკვე რამდენიმე ხანია ერთი და იმავე დასახელებებს ვაჟღერებთ. ეს აჩვენებს იმას, რომ რუსები ვერ მიდიან წინ, ისინი ინარჩუნებენ აქტიურობას, მაგრამ ეს აქტიურობა ალბათ უფრო არის ზემდგომებისთვის საჩვენებლად.

რეალობა არის ის, რომ რუსეთს წინსვლა არ აქვთ, შედეგიანობა არ არის. ჩემი აზრით, შემოდგომამდე რუსებმა რასაც შეიძლება მიაღწიონ მიაღწიონ, ეს არის მაქსიმუმ კრინკის, ან რობოტინოს აღება.

  • დონბასის აღებას ვერ შეძლებენ? 

ეს შემოდგომამდე გამორიცხულია

  • შემოდგომაზე?

შემოდგომაზე შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. გესაუბრებით დღევანდელ მოცემულობაზე. შემოდგომაზე იწყება წვიმები და ზამთრის პერიოდი, პრობლემაა უკვე წინსვლა და შეტევაში გადაადგილება.

გაითვალისწინეთ ისიც, თუ როგორ გააქტიურდნენ რუსეთში მოქმედი დივერსიული და პარტიზანული ჯგუფები. ეს შეიძლება იყოს იგივე გარკვეული, ეროვნული რესპუბლიკების პარტიზანული ჯგუფები, ან უკრაინის სპეცოპერაციების დივერსიული ჯგუფები, თუმცა ფაქტი ისაა, რომ, მაგალითად, გუშინ მოსკოვში ფაქტობრივად 800 კვადრატულ მეტრზე ცეცხლი გაჩნდა. ეს იყო თვითმფრინავების საკონსტრუქციო ბიუროს შენობა, ფაქტობრივად ამ წარმოების ტვინი, სადაც ინახება ყველა დოკუმენტაცია და ასე შემდეგ. რუსები კი იძახიან, რომ ცარიელი შენობა იყოო, მაგრამ საკონსტრუქტორო ბიურო თუ გადატანილი არაა სხვაგან, ცარიელი ვერ იქნებოდა ვერანაირად.

წარმოიდგინეთ, ეს მოხდა შუა მოსკოვში. თანაც, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გარკვეული ტერიტორიები დაიკავა, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქების განადგურება გრძელდება, უკრაინა დატოვა სადღაც 8 მილიონამდე ადამიანმა. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატივია უკრაინისთვის, მაგრამ აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი იმარჯვებს. მე ვთვლი, რომ ეს გამოჩნდება 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, როცა რუსეთს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექნება აღჭურვილობაში.

  • აშშ აცხადებს ახალ სანქციებს ბელარუსის და ჩინეთის 300 უწყების მიმართ, რომლებიც რუსეთს აწვდიან პროდუქციას სამხედრო წარმოებისთვის. რამდენად ექნება ამ სანქციებს გავლენა იმ კუთხით, რომ რუსეთს უფრო ადრე დაუდგეს სამხედრო აღჭურვილობის კრიზისი, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, სავარაუდოდ 2025 წლისთვის?

ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არა მგონია, რომ ასე მყისიერად, უცებ დადგეს ეს კრიზისი. სანქციებს აქვს კუმულაციური ეფექტი – თანდათან გროვდება.

რუსეთმა შეძლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განახლება, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სფეროები სუსტდება. რუსეთი დღეს ჩინეთსა და ინდოეთში ყიდის თავის საწვავს, თუმცა ჩინეთი ამას ყიდულობს რუსეთის ფასებით, ევროპაში კი იყიდებოდა საექსპორტო ფასით. ძალიან დიდი იქნება სხვაობა მოგების თვალსაზრისით. ასე რომ სანქციები გამოიღებს თავის შედეგს, მაგრამ არა ისე, რომ გავიღვიძებთ და ხვალ უკრაინა გამარჯვებული იქნება.

  • ზელენსკის მშობლიურ ქალაქს, კრივოი-როგს დაარტყეს ისევ რუსებმა ბალისტიკური რაკეტით, რასაც უკრაინის შსს-ს ცნობით, სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 32 პირი დაზარალდა. რატომ არჩია რუსეთმა სამიზნედ ისევ კრივოი-როგი, თუ ეს მხოლოდ ზელენსკის პერსონას უკავშირდება?

შესაძლოა კრივოი-როგში იყოს რაიმე სამხედრო ობიექტი, მაგრამ რუსეთი ძირითადად არჩევს ისეთ ადგილებს, რომელიც არ არის დაცული „პატრიოტის“ ქოლგის ქვეშ. მისთვის არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელ ქალაქს გაანადგურებს. მისი ამოცანაა მეტი ნგრევა და მეტი მსხვერპლი.

  • უკრაინაში დაიწყო მობილიზაცია – რა იცვლება ახალი მთავარსარდლის პირობებში, თქვენი დაკვირვებით? სირსკი ამბობს, რომ უნდა შეიცვალოს „თავდაცვითი და შეტევითი ფსიქოლოგია,“, ასევე უნდა შემცირდეს დანაკარგები.

ფსიქოლოგია გასაგებია: როცა 2 წელზე მეტია ზიხარ სანგარში, უცებ ვერ გადახვალ შეტევაზე, ეს რთულია.

ამ ეტაპზე, ლოკალურ დონეზე თავდაცვა გახდა უფრო აქტიური. ეს გულისხმობს კონტრშეტევებს და კონტრდარტყმებს. რასაც ვუყურებ, სირსკი მეთოდურად მოქმედებს ზალუჟნისგან განსხვავებით, რომელიც რისკიანი იყო და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიმღები, როგორც მოწინააღმდეგისთვის, ისე ზელენსკისთვის.

  • რა ჩანს ამ გადასახედიდან: უკრაინა ელოდება, როდის გამოიფიტება რუსეთი, თუ ჩნდება შესაძლებლობა დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინა მოემზადოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის? 

უკრაინას არ ეტყობა, რომ ემზადება ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის. უკრაინა ითხოვს ძირითადად ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს, რომ დაიცვას თავისი ძირითადი ინფრასტრუქტურა. მას შემდეგ, რაც გამოჩნდება F16-ები, და ეს ალბათ იქნება ივლისის დასაწყისში, შემდეგ უნდა შეიცვალოს წესით გარკვეულწილად საჰაერო ვითარება. შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა შეიძლება დააპიროს უკრაინამ.

უკრაინაში მობილიზაცია გრძელდება, თუმცა მომზადებისთვის საჭირო იქნება 6 თვე. შეტევა უნდა განახორციელოს დასვენებულმა, აღჭურვილმა, მომზადებულმა დანაყოფმა. ახლა სანგრებიდან ამოდი და შეტევაზე გადავიდეთ – ასე არ ხდება ეს.

უკრაინა ითხოვდა 120-130 ერთეულ F16-ს. დაახლოებით ამდენი გროვდება იმ განცხადებების მიხედვით, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნებიდან. რა რაოდენობით მიიღებს ამას უკრაინა, შეძლებს ერთიანად მიიღოს, თუ ნაწილ-ნაწილ, არ ვიცი.

უკრაინამ რაც ამ ეტაპზე მიიღო, ეს მართვადი, საავიაციო ბომბებია. უკრაინელმა ოსტატებმა მოახერხეს საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებზე დაეკიდათ ეს ბომბები. თუ F16-ები დაემატება ამ ყველაფერს, ეფექტიანობა მაქსიმალურად გაიზრდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: