საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად ჩათვალა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებისთვის ისეთი სამოქალაქო უფლებების ავტომატურად ჩამორთმევა, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, ან საჯარო სამსახურში საქმიანობა.
საქმეზე – „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სარჩელით საკონსტიტუციოს 2015 წელს მიმართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის 14 ივნისს მიიღო.
მოსარჩელეები საერთო სასამართლოებმა სხვადასხვა დროს დამნაშავედ ცნეს ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის. სასჯელის ნაწილში მათ მოსამართლეებმა ავტომატურად შეუზღუდეს სამოქალაქო უფლებები.
მაგალითად, კონსტანტინე ლაბარტყავას თავისუფლების აღკვეთა 1 წლით შეუფარდეს, რაც ჩაეთვალა პირობითაც, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4 ათასი ლარი. მას 3 წლის ვადით ჩამოართვეს გასაჩივრებული სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვები, მოსარჩელეებს მალხაზ ნოზაძეს და ირაკლი გოგოლაშვილს კი, 5-5 წლის ვადით ჩამოერთვათ კონკრეტული სამოქალაქო უფლებებით სარგებლობა.
მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები – ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა – ურთიერთობის იმდენად ფართო სპექტრს მიემართება, რომ გავლენას ახდენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაზე და გააჩნია მსუსხავი ეფექტი. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმები პირს ართმევს მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, რომელიც, კონკრეტული ტიპის საქმიანობასთან ერთად, გულისხმობს პიროვნული თუ პროფესიული განვითარების, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:
„სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით უნდა შეფასდეს სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების სიმძიმისა და გამოყენებული პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება.
ნებისმიერი სასჯელის ზომა იწვევს პირის პიროვნული თავისუფლების გარკვეული ასპექტის შეზღუდვას და, შესაბამისად, არის ჩარევა მის ძირითად უფლებებში. მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის ფორმით განსაზღვრული სასჯელი გარდაუვალად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას…
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას, დანაშაულის სიმძიმესთან ერთად, მხედველობაში იღებს სასჯელის სიმკაცრეს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები ითვალისწინებს შემდეგი უფლებების ჩამორთმევას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო [საბიუჯეტო] დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევა ხდება სხვადასხვა ვადით – (სუბიექტების მიხედვით) 3, 5 და 10 წლით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა იწყება: თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებისას – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამ გადაწყვეტილებას ორი მოსამართლე ირინე იმერლიშვილი და თეიმურაზ ტუღუში არ დაეთანხმა. მათი განსხვავებული მოსაზრებები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
„მივიჩნევთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება სასამართლოს წინარე პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს,“ – მიიჩნევენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“. ეს ორგანიზაცია იცავდა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს.
„გაუმართლებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, წლობით აჭიანურებს იმ სარჩელების განხილვას, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემებს ეხება. მეორე მხრივ კი, წლების შემდეგაც სრულიად დაუსაბუთებელ და წინარე პრაქტიკასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას იღებს, რითაც ხელს უწყობს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას და ახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისთვის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას,“ – ვკითხულობთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,“ – ასეთია „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრის პოზიციაა.
ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მოსარჩელეებმა მოსამართლეებს უთხრეს, რომ „შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, მართლაც არსებობდეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის საქმიანობის უფლების შეზღუდვის ინტერესი, თუმცა უფლებათა ფართო სპექტრის ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევა იმის გაუთვალისწინებლად, თუ რამდენად არსებობს რაციონალური კავშირი პირის ჩადენილ ქმედებასა და ჩამორთმეულ უფლებას შორის, თანაზომიერების პრინციპის აშკარა დარღვევაა“.
მოპასუხის, ანუ პარლამენტის პოზიციით კი, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების ჩამორთმევა არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც სასჯელი, რადგან მოსამართლეს არ აქვს დისკრეცია, გამოიყენებს თუ არა სადავო რეგულირებით დაწესებულ შეზღუდვას კონკრეტულ შემთხვევაში. აღნიშნული უფლებები პირს ეზღუდება ყველა შემთხვევაში, თუკი ის ჩაიდენს კონკრეტული ხასიათის დანაშაულს. ამასთან, კანონმდებელმა სადავო ნორმები განზრახ არ მოაქცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში, რადგან მისი მიზანი არ ყოფილა ამ შეზღუდვის სასჯელად დაწესება,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.