როგორ ნერგავს „ქართული ოცნება“ ომის შიშს და როგორ უნდა განიკურნოს ამომრჩეველი ამ შიშებისგან? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ფსიქოლოგ სალომე ჩარკვიანს, რომელიც შიშის პროპაგანდის დაძლევაზე გვიზიარებს თავის მოსაზრებას.
- ქალბატონო სალომე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიტორიკა გაჟღენთილია შიშის პროპაგანდით: „აბა ომი გინდათ?“, „რუსეთმა თუ მოინდომა, ერთ საათში გაგვაქრობს“, ნატოში სწრაფვის გამო აღმოჩნდა უკრაინა ომში და ასე შემდეგ. პროპაგანდის ამ იარაღმა რომ არ დააბრკოლოს ადამიანების არჩევანზე, რა დაეხმარება მათ ამ შიშების გაფანტვაში?
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ომის შიშზე დაფუძნებული პროპაგანდა არ არის პირველი, რაც „ოცნებამ“ გააკეთა. რუსული პროპაგანდის მთავარი პრინციპია ის, რომ ჯერ „ნაცების“ უნდა გვშინებოდა, მერე ამ ომის, ეს ომიც რომ აღარ ეყოთ, ლგბტქ გარყვნილების პროპაგანდა შემოიტანეს.
ეს ერთი. მეორე, რატომ არის შიში ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი პროპაგანდის მიერ, იმიტომ, რომ ზოგადად, ეს არის პირველყოფილი გრძნობა, განცდა და არ სჭირდება გააზრება, სხვა რაღაცებისგან განსხვავებით.
შიში არ არის მხოლოდ ადამიანური ფაქტორი, ნებისმიერი ცხოველის გადარჩენის მთავარი ინსტინქტია და ტვინის აზროვნების ფუნქციები არ სჭირდება მას. ამიტომ თუ მე შიშის გამომწვევ რაღაც ტრიდერს მოგაწვდი, სანამ შენ ფიქრს დაიწყებ, იქამდე შეგეშინდება. ამიტომ არის ძალიან მარტივი, რადგან ჯერ განვიცდით და მერე ვიწყებთ გაანალიზებას.
შიშს ახასიათებს უამრავი არარაციონალური შიშები და ფსიქოლოგია ამას გააზრებით მეთოდოლოგით კურნავს. მაგალითად, თუ ვიღაცას ეშინია ობობების ან თაგვების, ამის გააზრებით იწყება განკურნება, თუ რატომ ეშინია.
ამიტომ, ომიც ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია, რომელიც გამოცდილი თუ არ გვაქვს, უჯრედულ დონეზე მაინც გვახსოვს ყველას, რომ რაღაც საშიშია. მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს რუსეთთან ომი და როცა ვიღაც გეუბნება, რომ თუ ამას არ იზამ, ომი გვექნება, ბუნებრივია, სანამ ამ ადამიანის მსჯელობას დავაყენებთ ეჭვის ქვეშ, მანამდე მოდის შიში.
შესაბამისად, შიშის წამალი არის მსჯელობა და აზროვნება.
- დღეს, ამომრჩეველი თუ ახერხებს მაგალითად კონტექსტის წაკითხვას, რატომ აწვდიან ამა თუ იმ პროპაგანდას და თუ ვერ ახერხებს, როგორ უნდა დავეხმაროთ მათ ამ შიშების დაძლევაში?
აქ უფრო მეტი პრეტენზია მაქვს მედიასთან და ოპოზიციასთან, რადგან სწორედ აქ არის საჭირო ზუსტი და მოკლე მესიჯბოქსებით საუბარი.
მედია უფრო მსჯელობს იმაზე თუ რა კარგი იქნება ევროპა, რა კარგი იქნება პროგრესი, მაგრამ როგორც ვთქვით, შიში მოდის მანამდე, სანამ ადამიანი ამ ყველაფრის გააზრებას მოასწრებს. ეუბნებიან, რომ პროგრესისკენ თუ წახვალ, მოკვდები. შესაბამისად, სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ბევრისთვის, ვიდრე იგივე თავისუფლება თუ განვითარება.
ამიტომ მე მაგალითად ვისურვებდი, რომ „აბა ომი გინდა?“ ასეთივე პატარა მესიჯბოქსით ვესაუბროთ ადამიანებს. პროპაგანდისტები მართლა სულელები კი არ არიან, ასეთი პრიმიტიული წინადადებებით რომ გველაპარაკებიან. უბრალოდ ეს არის ადვილად შეღწევადი ადამიანის ტვინებში და ასეთივე მარტივი უნდა იყოს პოლიტიკოსების მესიჯბოქსიც.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ „აი, მოლდოვა რა კარგად მიდის“, რამხელა ნახტომი გააკეთა რუსეთისგან, დსთ-დან ლამის პირდაპირ ევროკავშირში გააკეთა ნახტომი ხომ? და ეს იმიტომ კი არა, რომ რუსეთი გახდა კარგი, იმიტომ, რომ რუსეთს აღარ აქვს ახალი ომის თავი.
- რუსეთის სისუსტე და ომის ფაქტორი ჩვენ სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ?
დიახ, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს მარტივ მესიჯბოქსებად მიწოდებული და ეს უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის.
შემდეგი პროპაგანდა არის ის, რომ „ახლა ჩვენთვის არ სცალია რუსეთს, მაგრამ ჩვენი სამყოფი რაკეტები სულ ექნება“. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავსვათ კითხვები, თუ პროგრესს შევაჩერებთ, ეს დაგვიცავს ომისგან? მაგალითად 90-იან წლებში როცა არანაირი პროგრესი არ გვქონდა, არც ევროკავშირსა და ნატოზე იყო საუბარი, ამან დაგვიცვა რუსეთთან ომისგან? პირიქით, უფრო დიდი ომი გვქონდა.
აგვისტოს ომს ვერც კი შევადრით აფხაზეთისა და ცხინვალის ომებს, ზუსტად მაგიტომ, რომ მაშინ ბევრად მოწყვლადები, სუსტები და მარტონი ვიყავით.
აგვისტოს ომიც იმიტომ იყო ბევრად მოკლეხნიანი, რომ დასავლეთის მხარდაჭერა გვქონდა.
თუ შევადარებთ იმას, რომ უფრო განვითარების შემთხვევაში რას გვიზამს რუსეთი და იმას, რუსეთის უკანა ეზოდ თუ დავრჩებით რა გველოდება, მაშინ უნდა შევხედოთ რა უქნა რუსეთმა ჩეჩნეთს, აფხაზეთს.
მარტო ომით ხომ არ არის რუსეთისგან გამოწვეული სიკვდილი. ჩეჩნეთში ომი არ არის, მაგრამ ეს ხალხი დღეს უკრაინაში იღუპება. სინამდვილეში, რუსეთი თვითონ არის სიკვდილის მანქანა და რა ტიპის კომუნიკაციაშიც არ უნდა დარჩე მასთან და რა ტიპის თანამშრომლობაშიც არ უნდა იყო, ის შენ სიკვდილს მოგიტანს.
თუნდაც იგივე 90-იანების მაგალითი რომ ავიღოთ, ომის მერე ნარკოტიკით, ქუჩური გარჩევებით, ზუსტად რუსულ-ქურდული მენტალიტეტით რამდენი ადამიანი დაიღუპა ეგ რომ დავთვალოთ, არცერთ ომს არ ჩამოუვარდებოდა საქართველოში.
ამიტომ, ესეც არის რაღაც მესიჯბოქსად დასალაგებელი, რომ უნდა გვეშინოდეს ადამიანებს, დიახ, მაგრამ უნდა გეშინოდეთ რუსეთთან სიახლოვის და არა განვითარების.
- ომის შიშის პარალელურად, რუსული პროპაგანდა მუშაობს საქართველოს იზოლაციაზე. პარტიაც კი შეიქმნა ამ არჩევნებისთვის „ნეიტრალური საქართველო“. იზოლაციის შიშზეც რომ ვილაპარაკოთ, რა ზიანის მომტანია ეს და რა განსხვავებაა ომის შიშსა და მარტოდ დარჩენას შორის?
კარგი თემაა ესეც, იმიტომ, რომ ადამიანები, ვისაც ვერ დააჯერეს, რომ პროგრესის შემთხვევაში რუსეთი ომს მოგვიტანს და ისე ხელს გადაგვისვამს თურმე თავზე, ამ ადამიანებისთვის შექმნეს ახალი პროპაგანდა, რომ „არც რუსეთი მინდა და არც დასავლეთი“, ვიქნები ასე ჩემთვის.
ამაზეც არსებობს ძალიან მარტივი პასუხი. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მარტოა. ნებისმიერ ისტორიულ მონაკვეთში პოლიტიკას ქმნიდნენ ალიანსები. რაც უფრო ძლიერ ალიანსში ხარ, რაც უფრო ძლიერ თანამშრომლობაში ხარ, მით უფრო ძლიერი ხარ.
ავიღოთ თუნდაც თურქეთის მაგალითი. როგორ გაძლიერდა თურქეთის თავდაცვა ნატოში ალიანსის შემდეგ, აგერ აზერბაიჯანს ომი მოაგებინა. ვინც აირჩია სწორი მოკავშირე, იმან მოიგო. აზერბაიჯანმა აირჩია სწორი მოკავშირე და მოიგო ომი, სომხეთმა აირჩია რუსეთი და დარჩა მარტო.
დღეს თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, რუსეთი კი თვითონ აწარმოებს ომებს.
არ არსებობს მეზობელი, რომელთანაც რუსეთს არეულობა არ აქვს. აზიისკენ შეიძლება ომები არ აქვს, მაგრამ მთლიანად მოცულია მათი ეკონომიკა და კულტურა.
ეს ყველაფერი ძალიან გასაგებია იმის გასააზრებლად, თუ ვინ უნდა გვყავდეს მოკავშირედ.
- ამ ყველაფრის პარალელურად რუსული პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ მეგობარი გამოგვიცხადოს მტრად, რომ დასავლეთს ჩვენი დამონება უნდა და ასე შემდეგ. რას უნდა მივაქციოთ ასეთ დროს ყურადღება, რომ მუდმივმა ჩიჩინმა არ მიგვიყვანოს მცდარ წარმოდგენებამდე?
მე ვეთანხმები იმ მსჯელობაში ადამიანებს, რომ გეოპოლიტიკაში არ არსებობს მეგობრები, რომ ასეთი ემოციური კავშირები როგორც ადამიანებს შორის არსებობს, არ არსებობს სახელმწიფოებს შორის. მაგრამ არსებობს საერთო ინტერესები და სწორედ ეს ინტერესები გვამეგობრებს და გვაახლოებს მოკავშირეებთან. აი, ამ ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ ჩვენც.
ჩვენ იმის იდენტიფიცირება უნდა გავაკეთოთ, რა არის ევროპის ინტერესი, რა არის რუსეთის ან აქეთ კიდევ ჩინეთის ინტერესი და რა გვინდა ჩვენ.
ისევ და ისევ, ესეც არის მესიჯბოქსების დონეზე დასალაგებელი, თუ როგორ ექცევა რუსეთი, ჩინეთი და ირანი თავის მოქალაქეებს და როგორ ევროკავშირის ქვეყნები და რომელი გვინდა ჩვენ აქედან?
- აი, ამ პროპაგანდისტული მესიჯბოქსების გაფილტვრაში რა ეხმარება ადამიანს?
იმის ახსნა და გაანალიზება, რომ რამდენჯერაც ევროპა და ამერიკა ეცადა, რომ არ გაეღიზიანებინა რუსეთი, ამას არ მოჰყოლია კარგი შედეგები. ამ არგაღიზიანების გამო გვაიგნორეს ჩვენც და უკრაინაც გარკვეული პერიოდი, სანამ ფართომასშტაბიანი ომი არ დაიწყო უკრაინაში.
რამდენი მიწის დაკარგვა, რამდენი ადამიანის სიკვდილი დააიგნორეს რუსეთის არგაღიზიანების გამო, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩვენი არგუმენტია და არა ხელისუფლების, რომ „გლობალურო ომის პარტია“ დასავლეთი კი არა არის, რომელმაც ყველაფერი სცადა, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინა, არამედ ეს არის რუსეთი. ეს უნდა იყოს ჩვენთვისაც მაგალითი.
რუსეთმა კარგად იმუშავა თავის დროზე პროპაგანდისტულად და თქვა, რომ აი, თქვენ – დასავლეთი, დემოკრატია ნუ მომიახლოვდებით, თორემ მერე მე თავი უნდა დავიცვა.
და ამას იმეორებენ დღემდე ვიღაც ბრიყვები, რომ უკრაინა ნატოში რომ წევრიანდებოდა, ამიტომ დაიწყო თურმე რუსეთმა ომი. მაშინ როცა უახლოეს პერიოდში არ იყო უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი და ვერც ჩვენ, ვერც უკრაინა და მოლდოვა – რომ არა ეს ომი, ვერც კი ვიოცნებებდით ამ მოკლე დროში ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ასე, რომ ეს არგუმენტები ჩვენკენაა, რომ არაფერი მუშაობს რუსეთის დასაწყნარებლად გარდა იმისა, რომ ძალით შეაჩერო ის. როცა მოძალადე შენს მოსაკლავად მოდის, მარტო პირჯვრის გადაწერა, სამწუხაროდ, ვერ გიშველის.
- რა შემთხვევაში შეგვიძლია ომის თავიდან არიდება?
ომის თავიდან არიდება და, ზოგადად, მტრისგან თავდაცვაც შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოში იგულისხმება როგორც განათლებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, საიდანაც ახალგაზრდები არ მიდიან სხვა ქვეყანაში, ასევე იგულისხმება ძლიერი თავდაცვა, რომელსაც აქვს დიდი ბიუჯეტი და ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებთ დასავლეთის დახმარების გარეშე.
შევხედოთ ისრაელს, როგორ გააკეთა ის ყველაფერი, რაც დღეს აქვს. ის მტრებით არის გარშემორტყმული და რუსეთი არაფერია იმასთან შედარებით, რა გარემოცვაც აქვს ისრაელს ხომ? და როგორ იცავს თავს. რომ არა დასავლეთი, შეძლებდა ამას ისრაელი მარტო?
ზუსტადაც რომ დასავლეთია მშვიდობის გარანტი ნებისმიერი ქვეყნისთვის და აქეთკენ უნდა ვიაროთ ჩვენც.
უბრალოდ, არ არსებობს სხვა მაგალითი ისტორიაში, არც უახლესში, რომ ქვეყანამ გეზი აიღო დასავლეთისკენ და არ განვითარდა. და ქვეყანა, რომელმაც გეზი აიღო რუსეთისკენ – განვითარდა.
- დღეს გვაქვს დასავლეთისგან ისეთი შემოთავაზებები, რაც არ გვქონია ისტორიის მანძილზე – უვიზო მიმოსვლა აშშ-ში და თავისუფალი ვაჭრობა. გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა. როგორ ფიქრობთ, აი ამ შესაძლებლობებს გადაწონის რუსული პროპაგანდა?
უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა უკვე. წილი ნაყარია, ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის, არამედ ცივილიზებულ სამყაროსა და ავტორიტარების სამყაროებს შორის.
და ეს წილი რახან ნაყარია, ისიც ნათელია, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება ახალი საზღვრების ფორმირება. ამ ახალ საზღვრებში სად აღმოვჩნდებით ჩვენ – განვითარებულ სამყაროში თუ მაჩანჩალა მესამე სამყაროში, ეს იქნება ხალხის გადაწყვეტილება ოქტომბერში.
- ინტერნეტის სამყაროა, არსებობს სანდო გამოცემებიც და ისიც ნათელია, ვინ მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე. ამიტომ ადამიანის არჩევანია, საიდან მიიღოს ინფორმაცია, რომ არ იყოს შიშების ქვეშ, თუ რა არის აქ გასაკეთებელი?
აქ მუშაობს ტენდენცია, რომელიც ახასიათებს ადამიანს, რომ რაღაც ეტაპის მერე ეძებს არა დაბალანსებულ ინფორმაციას, არამედ ეძებს ინფორმაციას, რომელიც გაამყარებს მის რწმენას. ამიტომ, თუ აქვს ადამიანს იმის განცდა, რომ მაგალითად „ოცნება“ საქმეს აკეთებს, ის აუცილებლად ეცდება მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მის წარმოდგენებს დაადასტურებს.
ადამიანისთვის ზოგადად მტკივნეული განცდაა, გაიაზროს, რომ ირაციონალურია ის, რისიც სჯეროდა. ამიტომ ამ სეგმენტს უნდა ვესაუბროთ ძალიან პატარა და განმეორებითი მესიჯბოქსებით, რომ ეს ინფორმაცია გაჯდეს მის ცნობიერში და ასე განეიტრალდეს პროპაგანდა.