მთავარი,სიახლეები

რა გამოწვევები ახლავს პარლამენტარების ოჯახების 54-სართულიანი ცათამბჯენების პროექტს ბათუმში 

16.07.2024 •
რა გამოწვევები ახლავს პარლამენტარების ოჯახების 54-სართულიანი ცათამბჯენების პროექტს ბათუმში 

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ორი პარლამენტარის კომპანიის მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმა [გდგ] საკრებულომ უკვე დაამტკიცა და მშენებლობის ნებართვამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

გდგ-ს მიხედვით პროექტი ზღვის სანაპიროზე სამი 54-სართულიანი, 180 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

რენდერი

მიწის ნაკვეთი „სიტი გაიდმა“ იყიდა, შემდეგ კი ამ კომპანიის წილები პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანიამ შპს „იბერკომპანიმ“ და კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილმა, ბუბა ჩანქსელიანმა შეისყიდეს. მიწის ნაკვეთისა და შემდეგ შემსყიდველი კომპანიის წილების გასხვისებაზე „ბათუმელებმა“ 2 თვის წინ დაწერა, როცა პროექტის კონცეფცია დაამტკიცეს.

ამჯერად პროექტთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

საქმე ისაა, რომ როგორც ბათუმის ცენტრალური ნაწილი, ქალაქის შემოსასვლელიც ახალი სამშენებლო პროექტების გამო იერსახეს სწრაფად იცვლის, შესაბამისად პრობლემები, რასაც მკვეთრად გაზრდილი სიმჭიდროვე იწვევს, აქაც აქტუალურია. ქალაქის შემოსასვლელში საცობების პრობლემა დღის წესრიგში მწვავედ დგას არამხოლოდ საკურორტო სეზონის დროს. ბათუმში ამბობენ, რომ ავტომობილებით მოძრაობის ინტენსივობას ვერ პასუხობს ახალი, რეაბილიტირებული ხიდიც – „ის ვიწროა“.

ხიდი ბათუმის შემოსასვლელში, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ისევ ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის. 6 თვის წინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ „ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები“ ხიდის გაფართოების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

ვრცლად: „ძაბრიხიდი“ – გააფართოებენ თუ არა ხიდს ბათუმის შემოსასვლელში

ხიდი ბათუმის შემოსასვლელში

ახალი კორპუსების მშენებლობის პარალელურად სადაო თემად იქცა ეზოების გადანაწილებისა და პარკინგზე ადგილების საკითხი. თამარის დასახლებაში გვითხრეს ისიც, რომ ნარჩენების რაოდენობის გაზრდის გამო მოვალეობას თავს ვეღარც „სანდასუფთავება“ ართმევს, რაც არანაკლებ პრობლემური საკითხია მათთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ნარჩენების დიდხანს დაყოვნება სუნს და ანტისანიტარიას იწვევს.

ფოტო გადაღებულია თამარის დასახლებაში – აქ მცხოვრების თქმით, ეს ურნები ეზოში კორპუსებში მცხოვრებლებმა თავად გადაიტანეს, მანამდე საავტომობილო გზის გასწვრივ ელაგა, რის გამოც უფრო სწრაფად ივსებოდა, ადგილობრივები კი ფაქტობრივად ვერ სარგებლობდნენ ამ ურნებით. თუმცა, ახლა სხვა პრობლემას წააწყდნენ: „სანდასუფთავების“ მანქანა ეზოში აღარ შედის, ვიდრე რომელიმე მეზობელი მათ გზაზე არ დახვდება და საგანგებოდ არ სთხოვს, რომ ურნები გაათავისუფლონ.

ქალაქის შემოსასვლელში ათეულობით მიმდინარე და დასრულებული პროექტის გარდა ვითარებას ართულებს კუნძულის მშენებლობაც.

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო. მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ კი კომპანია გარემოს ეროვნულ სააგენტოს სწერს, რომ „სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების შეფასება მოცემული იქნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში, რომელიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია“.

ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ქალაქში საჯარო სივრცეები ერთმანეთის მიყოლებით ქრება, მთავრობა მიწის ნაკვეთებს მშენებლობის პირობით ასხვისებს, ნაბართვის გამცემი კი უშვებს გამწვანების კოეფიციენტის შემცირების შესაძლებლობას ამ უბნებში. ამ გადაწყვეტილებებს ზუსტად იმ შედეგებამდე მივყავართ, რა შედეგებიც დღეს ქალაქში გვაქვს: საცობი, მანქანებით სავსე ტროტუარები, გადავსებული ნაგვის ურნები და ასე შემდეგ.

საპროექტო ტერიტორია, სადაც სამი 54-სართულიანი ცათამბჯენი უნდა ააშენონ, მდინარე ყოროლისწყლისა და ზღვის შესართავთან მდებარეობს. ნაკვეთსა და თამარ მეფის გამზირს შორის სამი 12-სართულიანი კორპუსია, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინაა აშენებული.

საპროექტო ტერიტორია

კორპუსები თამარის დასახლებაში. დრონის კადრები

12-სართულიანების გვერდით კიდევ ერთი ახალი სასტუმროს ტიპის 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ 2021 წელს გასცა. ეს კორპუსიც აშენებულია და როგორც 12-სართულიან სახლებში მცხოვრებლები ამბობენ – არც ეზო ჰყოფნით და არც პარკინგი.

„გადმოდიან და ჩვენთან აჩერებენ მანქანებს, რადგან საკმარისი ადგილი არ აქვთ“ – გვიყვება ნანული თებიძე, რომელიც აქვე ცხოვრობს. ისინი, ვისაც დიქტოფონთან საუბარი არ სურს, პირად საუბარში ამბობენ, რომ ეზოს შლაგბაუმით ჩაკეტავენ.

ნანული თებიძე

სამი ცათამბჯენის პროექტის ავტორები განაშენიანების დეტალურ გეგმაში ტრანსპორტით გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით სრული სერიოზულობით წერენ:

„მაცხოვრებელთა გადაადგილება განხორციელდება უმეტესად ფეხით და ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილს, რაც სატრანსპორტო ნაკადების დატვირთვაზე დადებითად აისახება.“

ასევე, მეტი დამაჯერებლობისთვის განაშენიანების დეტალურ გეგმაში ასვე წერენ: „საპროექტო ობიექტს საფეხმავლო მისაწვდომობის ფარგლებში გააჩნია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ფუნქციის მქონე ობიექტი. მიმდებარე ტერიტორია მდიდარია სარეკრეაციო გამწვანებული სივრცეებით [სკვერი, ბულვარი], ასევე, იქვეა სანაპიროც და მრავალი ტურისტული და არამხოლოდ ტურისტული მიზიდვის ობიექტი“. 

მარტივად რომ ვთქვათ, მშენებელი მერიას არწმუნებს, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში სტუმრები დასასვენებლად საკუთარი ავტომანქანებით თუ ჩამოვლენ ან აეროპორტიდან ტაქსით მოინდომებენ სასტუმრომდე მისვლას, ეს დიდ პრობლემებს ვერ შექმნის, რადგან ზღვა კომპლექსთან ახლოს არის და პლაჟზე ფეხით მივლენ. თუმცა, როგორც ჩანს, ქალაქის ტრანსპორტით გადატვირთვის და საცობების პრობლემას გვერდი მშენებელმაც ვერ აუარა:

„ავტომობილიზაციის სწრაფი განვითარება და შედეგად სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის ინტენსივობისა და სიმკვრივის ზრდა, განსაკუთრებულ სერიოზულ პრობლემას უქმნის ქალაქებს, რომლებშიც ავტომობილიზაციის დონეს საგრძნობლად ჩამორჩება საგზაო ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება. სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის ინტენსივობების, საგზაო ქსელის გამტარუნარიანობის ზღვრულ სიდიდემდე მიღწევას, მივყავართ ქალაქებში საცობების წარმოქმნამდე“. 

კომპანია მერიას რჩევებს აძლევს, როგორ უნდა გადაჭრას ქალაქში არსებული საცობების პრობლემა:

„თანამედროვე ქალაქებში გადატვირთულობის სირთულეები გადაიჭრება ორი გზით: არსებულ ქუჩებზე მოძრაობის ორგანიზაციით და ქსელის რეკონსტრუქციით, რომელიც თავისი ფუნქციონალური ნიშანთვისებებით ყოფს სატრანსპორტო ნაკადს. სატრანსპორტო ნაკადის ქვეითთა ნაკადისაგან გამოცალკავება უზრუნველყოფს ქუჩების მაღალ გამტარუნარიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქალაქმშენებლობის განვითარებაზე, ასევე უდიდეს ზეგავლენას ახდენს საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მისი თანმდევი ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა“.

კონცეფციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ავტოპარკინგი მხოლოდ 450 მანქანაზე მოეწყობა და ისიც მიწისქვეშა სართულზე. დღის წესრიგში დგება სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებაც, რომლებმაც ტერიტორიაზე სამშენებლო მასალები უნდა შეიტანონ. სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ 12-სართულიან სახლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებელს მათი ეზოების გამოყენების უფლებას არ მისცემენ:

„ჩვენ გვაინტერესებს ამ ეზოში საიდან გაივლის მანქანები. გვითხრეს, რომ გზა შედის ახალი კორპუსის იქით, მდინარის გასწვრივ და იმ გზის გავლით ააშენებენ სახლებს, ჩვენი სახლების აღებაზე საუბარი არ არის.

არანაირი შეხვედრა არ ჩატარებულა ჯერ, არც გასაუბრება ყოფილა მეზობლებთან. არაფერი ვიცით პროექტზე, მის მასშტაბზე. ჩვენს აღებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, თუ მოინდომეს, არავინ არ შეგვეკითხება ჩვენ. ჯერჯერობით არაა აღებაში [კორპუსები]. ეს ეზოები ჩვენია, აქედან მანქანებს არ გავუშვებთ. ჩვენ უარზე ვიქნებით“ – ამბობს ოსმან სარხანიძე.

ოსმან სარხანიძე

დიდი ხანია რაც ბათუმელი ირმა ზოიძე ქალაქში ურბანულ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობს, იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და მუშაობს იმ ისტორიული ღირებულებების გადასარჩენად, რაც ბათუმს დღემდე შემორჩა.

ახლა ირმას ბრძოლა საკუთარი ეზოს გადასარჩენად უწევს, რადგან იმ უბანში დაიბადა და გაიზარდა, რომლის მიმდებარედაც შპს „სიტი გაიდი“ სამი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

„ჩემს სახლსაც მოადგნენ. სამი ცათამბჯენი და ქაოსი, რასაც გამოიწვევს ეს პროექტი, სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენთვის, ვინც აქ ვცხოვრობთ.

ნებისმიერი დაგეგმარება ამ ქალაქში წყდება მხოლოდ სუბიექტურად, არადა უნდა ეკითხათ მოსახლეობისთვის, იმიტომ, რომ ეს სივრცე არის ძალიან დიდი დასახლების. ის რეკრეაციულ ზონად გამოადგებოდა მათ, ვინც დასახლების შიგნით ცხოვრობს და არა სანაპიროსთან. ასეთი სივრცე სჭირდებათ ადამიანებს. ეს გამოჩნდა იმითაც, რომ სანაპირო, სადაც კუნძული შენდება, აღარ ეკუთვნის ბარცხანის დასახლებას, ბარცხანელები გადმოდიან ბენზეს სანაპიროზე და აქაც პრობლემაა.

ქალაქის მცხოვრებლებს თავისივე საკუთრებაში ავიწროებენ. ეს ადგილი, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენს მომავალ თაობას აღარ ექნება.

ვისთვის არის ეს ხელისუფლება, რა გადაწყვეტილებას იღებს და ვისთვის იღებს? ვისთვის იყენებს საბოლოო ჯამში ჩვენს მანდატს? ვის ემსახურება? – იმას, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში თუ იმას, ვინც შემდეგ დიდი ფული უნდა აკეთოს?

ჩვეულებრივი ამბავია, მოცემულობაა, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს გაუმკლავდეს სისტემას და ბიზნესს ერთად შეკრულს. ეს არის ვანდალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით, სივრცეები აღარ დატოვეს ქალაქში“ – ამბობს ირმა.

ირმა ზოიძე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად აქვეყნებენ ანგარიშებს შესაძლო კორუფციის ნიშნებზე მთავრობის გადაწყვეტილებებსა და სხვადასხვა გარიგებებში, აცხადებენ, რომ სწორედ მსგავსი მაგალითები აჩენს კითხვებს, ამიტომაც ითხოვენ საზოგადოების მეტ ჩართულობას პროექტების განხილვისა და დამტკიცებისას.

„როდესაც იწყება მასშტაბურ პროექტებზე საუბარი და შემდეგ უკვე ამ პროცესებს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ინვესტორები, რომლებიც ასეთ მასშტაბურ პროექტებში არიან ჩართული, ან აანონსებენ, ან იწყებენ, ზოგჯერ უნებართვოდაც სხვადასხვა სახის პროექტებს, აღმოჩნდება, რომ ან მთავრობასთან დაახლოებული პირები არიან ან უშუალოდ თვითონ არიან ხელისუფლებაში. ესენი არიან დეპუტატები, საკრებულოს, უმაღლესი საბჭოს ან პარლამენტის წევრები.

ამ ადამიანებს სჭირდებათ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ თავისი ბიზნესინტერესები მარტივად განახორციელონ“ – ამბობს თამარ მამეიშვილი, „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში.

ნახეთ ვიდეო:

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: