მთავარი,სიახლეები

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

15.07.2024 •
რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

„შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ მიახლოება უკრაინასთან, როცა უკრაინას ეყოლება F16 გამანადგურებელი“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით ომი უკვე გამოფიტვის ეტაპზე გადავიდა.

„ახლა შევდივართ ფაზაში, როდესაც შეჯიბრი გამოფიტვაზეა. ევროპას და დასავლეთს გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, ვიდრე რუსეთს იმის პოტენციალი, რომ გაძლიერდეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და მოსაზრებას გვიზიარებს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები აშშ-ში, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას აღარ შეწყვეტსო.

„არა მგონია, ტრამპმა რუსეთთან ფლირტი დაიწყოს… არაფერი არ გამოსდის რუსეთს მნიშვნელოვანი. ისევ რაღაც სოფლებზეა ლაპარაკი, რუკაზეც არაა აღნიშნული,“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ერთ-ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა, მარიანა ბეზუჰლამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ თითქოს გენერალი სირსკი მზადაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის. თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რამდენად შესაძლებელია მსგავს შეთანხმებაზე ფიქრის დაწყება?

წინაპირობებს გააჩნია.

დღეს არსებული დე ფაქტო პირობების მიხედვით, უკრაინას არ აწყობს არავითარ შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყება. მოლაპარაკების დაწყებას არაფერი არ უდგას წინ, მაგრამ უკრაინას უნდა, რაღაც წარმატებით მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.  რუსეთი კი ცდილობს, რომ თავისი წინადადებებით მიიტაცოს უკრაინა მაგიდასთან. ეს მაინც ვაჭრობის საკითხია რუსეთის მხრიდან.

სირსკიზე არცაა დამოკიდებული ეს – პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. სირსკის ამოცანაა, არ გაგრძელდეს თავდასხმა.

  • რა ხდება დონეცკის მიმართულებით? უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთმა ამ მიმართულებით მინიმუმ ერთი სოფელში გაარღვია უკრაინის დაცვის ხაზი.

დაცვის ხაზის გარღვევა ცოტა ისეთი ნათქვამია – ლაპარაკია ოცეულის, მაქსიმუმ ასეულის თავდაცვით ზღუდეზე. ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებია, თუმცა მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზის გარღვევაზე საუბარი არ არის.

  • ტრამპის გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, რომლითაც კიდევ უფრო დაიძაბა საარჩევნო გარემო აშშ-ში, რამდენად ელოდებით იმას, რომ უკრაინა ურყევად შეინარჩუნებს აშშ-ის და დასავლეთის მხარდაჭერას?

მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთია წინასაარჩევნო პერიოდში გამოსვლები და მეორე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ხარ – ის პუტინი არ არის, რომ მარტო თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. საკმაოდ ბევრი ინსტიტუციური ბერკეტებია მის გარშემო, რაც გამორიცხავს თვითნებობას, აი, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ.

არა მგონია, რომ ტრამპმა რუსეთთან ფლირტი დაიწყოს, როცა მას აქვს პოზიცია: არ გაძლიერდეს ჩინეთი.

უკრაინაში უკვე ისეთი თანხაა ჩადებული დასავლეთისგან, უკან დახევა არ იქნება არცერთ შემთხვევაში. თანაც, მხოლოდ აშშ ხომ არ ეხმარება უკრაინას? შესაბამისად, არა მგონია, რომ თუნდაც ამერიკის არჩევნებს კარდინალური ცვლილებები მოჰყვეს დასავლეთის მხარდაჭერის კუთხით.

დარწმუნებული იყავით, რომ გარკვეული მოლაპარაკებები კულუარულად მიმდინარეობს, როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე და არავითარ შემთხვევაში ომის დასრულებაზე.

  • რას შეცვლის F16-ები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე მიემართებიან უკრაინისკენ? წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ამ აღჭურვილობის დროული და სათანადო ოდენობით მიწოდება გამოაჩენს, რა შეიძლება დააპიროს უკრაინამ.

ამით ფაქტობრივად გაძლიერდება უკრაინის საჰაერო თავდაცვა. საჰაერო სივრცეში დამყარდება პარიტეტი რუსეთთან. მთავარია, რა ოდენობით მიიღებს უკრაინა F16-ებს და რა დროში.

აღნიშნული თვითმფრინავების კომპლექსში უკვე არსებულ სისტემებთან, მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას, რაც ყველაზე მეტად უჭირს ახლა უკრაინას.

  • ასევე ეს იქნება კონტრშეტევის ერთ-ერთი პირობა? 

კონტრშეტევის ერთ-ერთი პირობაა, რომ მოწინააღმდეგე ჩააყენო კონდიციაში, როცა მას აღარ აქვს შეტევის პოტენციალი, ის გაჩერებულია, ამის შემდეგ იქნება გასათვლელი შესაძლებლობები და რაოდენობა.

  • რას აჩვენებს თქვენთვის ბოლო მოვლენები ფრონტის ხაზზე, როცა რუსეთი ისევ ახერხებს გავიდეს დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე? რა გამოსდის რუსეთს? 

არაფერი არ გამოსდის რუსეთს მნიშვნელოვანი. ისევ რაღაც სოფლებზეა ლაპარაკი, რომელიც რუკაზეც არაა აღნიშნული.

ეს ამბიციური განცხადებები, რომ ზაპოროჟიე და ხერსონი თავის ადმინისტრაციულ საზღვრებიანად, ლუგანსკსა და დონეცკთან ერთად, გადავიდეს რუსეთის შემადგენლობაში – ამას არ დათანხმდება არცერთი უკრაინელი.

  • უკრაინასთან შედარებით რუსეთის უპირატეს რესურსებზე როცა ლაპარაკია, რა არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ის დაანონსებულ მიზანს ვერ აღწევს? 

რუსეთს გააჩნია ადამიანური რესურსი, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ტექნიკური რესურსი და საბრძოლო შესაძლებლობები. უნარები, რაც უნდა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებს. რუსებს არ გაჩნია შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი გარღვევა განახორციელოს.

  • უშვებთ, რომ შეიძლება რუსეთმა ძალა მოიკრიბოს, გადაიარაღდეს და ფართომასშტაბიანი შეტევა ისევ შეძლოს? 

ეს იმ შემთხვევაში მოხდება: გადაიარაღდება და ძალას მოიკრებს, თუ დასავლეთი არ განაგრძობს უკრაინის დახმარებას.

აქ ახლა შევდივართ ფაზაში, როდესაც შეჯიბრი გამოფიტვაზეა. ევროპას და დასავლეთს გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, ვიდრე რუსეთს იმის პოტენციალი, რომ გაძლიერდეს.

ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერჯერობით უკრაინა იღებს არცთუ ისე მოწინავე ტექნოლოგიებს: 70-იანი, 80-იანი წლების ტექნოლოგიებზეა საუბარია და არის უპირატესობა რუსეთთან…. მაგალითად, F16-ებს აძლევენ და არა F35-ს.

თუ დასჭირდება, ამასაც მისცემენ. ასე რომ, ამ შეჯიბრში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, თუ დასავლეთი იქნება ერთიანი. საბჭოთა კავშირი დაამარცხეს შეიარაღების კუთხით შეჯიბრში. რუსეთს 30 % პოტენციალი არ აქვს იმის, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა.

  • ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთთან თანამშრომლობის მიუხედავად, რუსეთი ვერ ახერხებს აღჭურვილობის განახლებას? 

ჯერჯერობით ახერხებს რუსეთი განახლებას. ეს ეხება ჩრდილოეთ კორეას, ასევე კონტრაბანდის გზით შესულ დეტალებს, რომლითაც მერე აწყობენ თავიანთ რაკეტებს.

ჯერჯერობით რუსეთი ახერხებს წელიწადში 3 მილიონი ჭურვის გამოშვებას, რასაც ევროპა პასუხობს დაახლოებით 700 ათასი ჭურვით წელიწადში. გამოაცხადა ევროკავშირმა, რომ შეეცდებოდა გასულიყო მილიონ 700 ათასის წარმოება, მაგრამ ჯერ კიდევ  ვერ გავიდა.

თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: პოტენციალის თვალსაზრისით რა შედარებაა, რა თქმა უნდა, დასავლეთს აქვს იმის უნარი, რომ ამ შეჯიბრში რუსეთი დაამარცხოს.

როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, 2025 წლის შუა პერიოდში გამოჩნდება, რომ რუსეთს ექნება გარკვეული პრობლემები. იმედი მაქვს, მას ეს პრობლემები შეექმნება.

  • ნატოს ბოლო კომუნიკეს მიხედვით, ნატო დაეხმარება უკრაინა ალიანსში ინტეგრაციის „შეუქცევად გზაზე“ და ის ასევე ჩინეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს კიევის წინააღმდეგ რუსეთის დახმარება. თქვენთვის რა იყო მნიშვნელოვანი გზავნილი ნატოს სამიტზე?

დაფიქსირდა, რომ შეუქცევადი იქნება უკრაინის გზა ნატოსკენ. მანამდეც იყო მოწოდებები, მაგრამ პოლიტიკური განაცხადის დონეზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

  • საინტერესოა თქვენი მოსაზრება ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ხომალდის შემოსვლაზე. რა ხომალდია ეს და რას ნიშნავს მისი შემოსვლა, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის?

როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს არის სამხედრო ბუქსირი. მას გარკვეული საბრძოლო შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ დიდი არაფერი. ეს არის უფრო პოლიტიკური აქტი, რომ დაანახონ აფხაზებს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართო. ეს ასევე არის იმის მცდელობა, დაგვანახონ ჩვენ – რუსეთი აქვეა. ეს არის არც სადაზვერვო მიზნებისთვის და არც სანაპირო დაზვერვისთვის. ისე ახლოსაა  შემოჭრილი რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოში, რომ სახმელეთო საშუალებითაც ჩვეულებრივად შეუძლიათ დაზვერვა აწარმოონ.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის პოლიტიკური ნაბიჯი, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.

რუსებმა შესაძლოა ოჩამჩირეში მოაწყონ დამხმარე ბაზა, რომელიც მნიშვნელოვანი გარდატეხის შემტანი არ იქნება. ეს უფრო არის საქართველოს საზღვართან ძალის დემონსტრირების საშუალება.

  • რამდენად სწორი იყო, თქვენი აზრით, ხელისუფლების დუმილი ამ შემთხვევაზე და რამდენად რეალურია ოჩამჩირეში მართლაც შექმნან რუსებმა ახალი ფლოტი?

ჩემი თვალსაზრისით ყველაფერზე უნდა გავაკეთოთ რეაგირება. ნებისმიერ ნაბიჯზე უნდა გაკეთდეს რეაგირება. განცხადების დონეზე იქნება ეს, შეშფოთების გამოხატვის, თუ გაეროში მიმართვის დონეზე.

  • ისევ უკრაინაზე მინდა გკითხოთ, სადაც სარაკეტო თავდასხმები რუსეთმა ისევ გაააქტიურა. ჩანს, რომ რუსეთს სურს უკრაინა მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. რა ფაქტორია ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის გამარჯვებისთვის?  

უფრო გამოიყენეს მართვადი, პლანირებადი ბომბები, ეს გააქტიურა მაქსიმალურად რუსეთმა, რადგან შემდეგ ძალიან გაუჭირდება მიახლოება უკრაინასთან, როცა უკრაინას ეყოლება F16 გამანადგურებელი. ახლა ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ზიანი მიაყენონ უკრაინას.

ძირითადად ურტყამენ ინფრასტრუქტურას, მნიშვნელოვან ენერგო წერტილები – ესაა რუსეთის სამიზნე. ეს მოქმედებს ფსიქოლოგიურად უკრაინის მოსახლეობაზე, რომ ხელისუფლება აიძულოს, დასხდნენ ავადსახსენებელი მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გათვლა აქვთ რუსებს, თუ უკრაინა მოლაპარაკებაზე ვერ დაიყოლია? 

რუსეთს აქვს უკრაინის მოსახლეობის გადაღლის იმედი, რომ უკრაინა მიიღებს ისეთ მატერიალურ ზარალს, რომ არჩევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. რუსეთი თვლის, რომ თავად მას დანაკარგი ნაკლები აქვს, მოსახლეობა უჭერს მხარს ამ ომს – რუსეთში შიგნით დიდი გამოსვლები და წინააღმდეგობა არ იგრძნობა, რიგები დგას მოხალისეების კომისარიატებთან, რათა ჩაეწერონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. ისეთ დუხჭირ ცხოვრებაში არიან, შეიარაღებულ ძალებში არსებული ხელფასი მნიშვნელოვანია მათთვის.

რუსეთს იმედი აქვს, რომ მოთმინების ფიალა ევროპასაც ამოეწურება და მოსახლეობაც იტყვის, რომ დასრულდეს რამენაირად ეს ომი.

  • დასავლეთის მხარდაჭერის უწყვეტობა გადამწყვეტი ფაქტორია? 

ასეა. უწყვეტობასთან ერთად მნიშვნელოვანია მზარდი ტემპი და მოცულობა. უკრაინა უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ტექნოლოგიურად, ტექნიკურად, რაოდენობრივად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: