მთავარი,სიახლეები

ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

23.09.2019 • 3536
ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

ქობულეთის მერია მუნიციპალიტეტის სსიპ-ს „ქობულეთის შუქურას“ სოფელ ბობოყვათში ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას გადასცემს. მუნიციპალიტეტის მერიის ქონების განკარგვის კომისიის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი კლუბს უსასყიდლოდ, უზურფრუქტის წესით [სარგებლობის პირობით] გადაეცემა. ამავე კომისიის სხდომის ოქმში ნათქვამია ისიც, რომ გადაცემული ტერიტორია საფეხბურთო კლუბმა საწვრთნელი ბაზის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს.

კომისიის ოქმში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა სახსრებით მოაწყობს კლუბი საწვრთნელ ბაზას, რომელიც 2017 წლამდე მუნიციპალიტეტის სუბსიდირებითა და ქართული ფეხბურთის ფონდიდან გამოყოფილი თანხით მუშაობდა. 2018 წლიდან კი, კლუბს მხოლოდ ფონდიდან გამოყოფილი ნახევარი მილიონი აქვს ბიუჯეტში ყოველწლიურად. ფონდი ამ დაფინანსების ფარგლებში ყოველთვიურად 40 000 ლარს რიცხავს კლუბის ანგარიშზე. წინასწარ განსაზღვრულია თანხის მიზნობრიობა. ამ რესურსის გადანაწილება გუნდის მენეჯმენტს თავისი შეხედულებისამებრ არ შეუძლია.

40 000 ლარიდან 20 000 ხელფასების სახით გაიცემა, დარჩენილი 20 000 ლარი კი გუნდს ხმარდება ყოველდღიური ხარჯებისთვის, მათ შორის ყიდულობენ საწვავს გუნდის გადასაადგილებლად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას, ამ მიმართულებით კლუბი მხოლოდ ბიზნესმენების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ცოტა ხნის წინ გუნდს საშინაო მატჩების გამართვა აუკრძალეს. როგორც კლუბის დირექტორმა გვითხრა, „სტადიონის მინდვრის საფარი არ აკმაყოფილებდა სტანდარტს და ახლა ჩვენი ხარჯებით ვაწესრიგებთ.“

ბობოყვათში არსებული სტადიონის გარდა, ცოტა ხნის წინ „შუქურას“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთის ცენტრალური სტადიონი „შუქურა“ [24 976კვ.მ] და მასზე დამაგრებული შენობებიც [2127 კვ,მ] გადასცა [ასევე უზურფრუქტის წესით].

ქობულეთის ცენტრალური სტადიონი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საფეხბურთო კლუბის გასხვისება არ იგეგმება. ამ ინფორმაციას არც კლუბის ახალი დირექტორი ადასტურებს.

ირაკლი ბერიძე გვარწმუნებს, რომ საწვრთნელ ბაზას ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და აჭარის მთავრობის ფინანსური დახმარებით მოაწყობენ. „რაც შეეხება ინვესტორს, მე როგორც ვიცი, მსგავსი მიმართვაც კი არ ყოფილა. შემიძლია გითხრათ, რომ ბობოყვათის სტადიონის ინფრასტრუქტურა ძალიან რთულ ვითარებაშია, მდინარემ წაიღო ნაწილი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. სასწრაფო წესით საჭიროა გაბიონის მოწყობა, რომ სტადიონი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც არის სტანდარტების შესაბამისი“, – ამბობს ირაკლი ბერიძე.

„ქობულეთის შუქურას“ ირაკლი ბერიძე 2019 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს, მანამდე ის ქობულეთის საარჩევნო ოლქში მუშაობდა.

ახალი დირექტორის დანიშვნამდე კი „ქობულეთის შუქურას“ რევაზ ჩელებაძე ხელმძღვანელობდა. მან ისე დატოვა კლუბი, რომ არ განუმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შესაძლოა რევაზ ჩელებაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ალტერნატიული გუნდის შექმნაც გამხდარიყო. რეესტრის მონაცემით დასტურდება, რომ სამსახურიდან წასვლამდე ორი თვით ადრე, 2019  წლის აპრილში, რევაზ ჩელებაძემ პარტნიორებთან ერთად  ახალი საფეხბურთო კლუბი დააფუძნა, თითქმის იდენტური სახელწოდებით – „საფეხბურთო კლუბი ქობულეთის შუქურა“.

შპს „საფეხბურთო კლუბი ქობულეთის შუქურას“ 50 პროცენტს ბიზნესმენი ჯუმბერ გოგიტიძე, 16,5 – 16.5 პროცენტს ბიზნესმენები – გიორგი გოგისვანიძე და გიორგი თბილელი ფლობენ, ხოლო დარჩენილ 17 პროცენტს – თავად რევაზ ჩელებაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: