არჩევნები,მთავარი,სიახლეები

რას აპირებს Gen Z არჩევნებზე

17.07.2024 •
რას აპირებს Gen Z არჩევნებზე

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. „ოცნების“ საარჩევნო გზავნილები ამჯერადაც განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობასა და ომით დაშინების პროპაგანდაზეა აგებული.

როგორ აპირებს ახალგაზრდობა დაეხმაროს საზოგადოებას პროპაგანდით გამოწვეული შიშებისა თუ გაურკვევლობის დაძლევაში, რითაც „ოცნება“ ბოლო წლებია აქტიურად კვებავს.

„ბათუმელები“ ახალგაზრდა აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მთელი თვე იდგნენ რუსთაველზე და დღემდე აქტიურად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ლუკა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ლუკა ნაცვლიშვილი, სტუდენტი

ლუკას თქმით, ბოლო ორი წელია პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდები განსაკუთრებით არიან ჩართული და ამ ახალი ძალის დაბადებას სწორედ შარშან მარტის და წელს მაისის საპროტესტო აქციებმა შეუწყო ხელი.

„აი, ამ აქციებს შორის დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება, ძალიან ძლიერი და ერთიანი, რასაც ივანიშვილი არანაირად არ ელოდა. ამას ვხედავთ მისი გამოსვლებიდანაც. დაძაბულები და ანერვიულებულები არიან.

რეალურად, „ქართულ ოცნების“ მიმართ ამ 12 წლის განმავლობაში ასეთი ოპოზიციური განწყობა არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა – ახალგაზრდობამ გაიღვიძა და ჩემი დაკვირვებით, არჩევნებზეც აპირებენ მისვლას და თავიანთი პოზიციის გამოხატვას.

და ყველაზე მაგარი არის ის, რომ ამ იდეას აზიარებენ ერთმანეთში, ამაზე საუბრობენ, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია“, – ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, პროპაგანდა მაინც ახდენს გავლენას საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაველაპარაკოთ და მარტივად ავუხსნათ, თუ რატომ არის ევროკავშირში ყოფნა ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის გარანტია.

„როცა ადამიანს კონკრეტული ფაქტებით ესაუბრები, შეუძლებელი სიმართლეს გაექცეს. პროპაგანდის გავლენის შემცირება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

„დაფიონი“ პირველ ეტაპზე ვაპირებთ გააქტიურებას ონლაინ. კერძოდ ტიკტოკისა და იუტუბის პლატფორმებზე, რადგან ვიცით, რომ ბევრი მომხმარებელი ჰყავს ამ პლატფორმებს.

ვაპირებთ მაგალითებით, ფაქტებით ვესაუბროთ ადამიანებს იმაზე, თუ რატომ არის მისი მისვლა არჩევნებზე გადამწყვეტი. მოვიყვანთ მაგალითებს იმაზე, ვთქვათ ამა თუ იმ დეპუტატმა როგორ მოიგო 1 ხმით არჩევნები და სხვა არაერთი მაგალითიც გვექნება.

ჩვენი პროექტი მოიცავს ისტორიულ ნაწილსაც, რადგან თუ ისტორია არ იცი, ვერც მომავალი გექნება უკეთესი. უახლოეს ისტორიაზე ჩავწერთ ვიდეოებს, რადგან ეს პერიოდი ნაკლებად ისწავლება სკოლებში და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ისეთ ფაქტებზე ინფორმაცია, რაც ცვლიდა ჩვენი ქვეყნის ბედს.

უკრაინის მხარდასაჭერ ერთ-ერთ აქციაზე შინდისფერი დროშით ვიყავი და ერთი ჩემი ტოლა ახალგაზრდა ვერ მიხვდა რა დროშა იყო. ახალგაზრდების რაღაც ნაწილი არ იცნობს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ამბროსი ხელაიას და ბევრ ისეთ გამოჩენილ მოღვაწეს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – გვეუბნება ლუკა ნაცვლიშვილი.

როგორ აპირებთ ესაუბროთ ადამიანებს ომის შიშზე, რომელსაც თესავს ხელისუფლება. რა მოერევა ამ პროპაგანდას – ვკითხეთ ლუკას.

მისი აზრით, ისევ და ისევ იმ მოვლენებსა და ფაქტებზე ხშირი საუბარი, რაც ეს ორი წელია ხდება.

„არ მჭირდება ისეთი „მშვიდობა“, თუკი ჩემი აზრის გამოხატვის გამო პოლიცია ხელებს გადაგვიგრეხს, ზონდერებს მოგვისევენ და თავისუფლებას წაგვართმევენ.

თუ დღეს გვეამაყება დავით აღმაშენებლის დიდგორი, მაშინ ეს სულისკვეთება უნდა გავაგრძელოთ ჩვენც. რა ექნება ჩვენს მომავალ თაობას საამაყო, თუკი მტრის შიშით უარს ვიტყვით თავისუფლებაზე?

ის, რომ რუსეთი იმპერიაა და დიდია, თუ ამას თავი დავუხარეთ, ვერ დავიცავით ჩვენი იდენტობა, თავისუფლება, ის რამაც აქამდე მოგვიყვანა და ვართ დამოუკიდებლები, მაშინ დავემსგავსებით ბელარუსს და ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო.

ამ ყველაფერმა უნდა იტრიალოს ხალხის გონებაში, რომ შეძლონ ადამიანებმა მოსმენა და გააზრება.

რაც შეეხება რეგიონებში, სოფლებში გასვლას, ამის რესურსი ახლა არ გაგვაჩნია, მაგრამ როცა იუტუბზე გადავალთ, თუ ამ პროექტებმა დააგროვა ნახვები, იმედი მაქვს გამოჩნდებიან ფონდები, დონორები, ვინც დაგვეხმარება რეგიონებში გასვლაში და შევძლებთ ყველა თაობის ადამიანს ვესაუბროთ“, – ამბობს ლუკა.

მეგი დიასამიძე ასევე სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტის“ აქტივისტია. ისიც მიიჩნევს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთან პროპაგანდის წინააღმდეგ დისკუსიები, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ივანიშვილის გზავნილები „გლობალური ომის პარტიაზე“ რომ ვუსმენ, ჩემთვის არის სასაცილო, მაგრამ  სამწუხაროდ, მათ გზავნილებს ჯერ კიდევ ჰყავთ მსმენელი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს, მაინც არის სამუშაო ამომრჩევლის იმ ნაწილთან, ვისზეც მუშაობს პროპაგანდა.

აქციებმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიდიოდა, ჩემი დაკვირვებით გარდატეხა მოახდინა ადამიანებში, თუმცა მაინც საჭიროა ვიმუშაოთ პროპაგანდის მსხვერპლებთან.

მე პირადად, ჩემი მეგობრები, ვისაც გვინდა, რომ ამ არჩევნებზე ხმები დავიცვათ, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის დამკვირვებლობაშიც.

„ქართულ ოცნებას“ ეს ბრძოლა წაგებული აქვს და ეს არჩევნები იქნება ხმების დაცვა.

როცა ახალი თაობა სწორ პოზიციებს აფიქსირებს, მშობლების თაობა უკვე ამ მხარეს დგება. შესაბამისად, მშობლების თაობასთან კომუნიკაცია ამ ფოკუსით, არის საჭირო.

ყველა ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ქვეყნისთვის, მაქსიმალურად უნდა იმუშაონ ამომრჩეველთან“, – ამბობს მეგი.

აქვს თუ არა „ჯიუტს“ ადამიანური, ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ შეძლოს ველზე გასვლა და ხალხთან მუშაობა? – ვკითხეთ მას.

მეგის თქმით, „ჯიუტს“ ეს რესურსი აქვს.

„ჯიუტი“ მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობს, შემოწირულებებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა ბევრი აქტიური სტუდენტი გვყავს, რომლებიც მალე დაბრუნდებიან რეგიონებში და ისინი იქ, ადგილზე იმუშავებენ „ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ.

ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ რეგიონებში გავიდეთ. დიდ ქალაქებში გავალთ, სოფლებში ვნახოთ, თუ მოვახერხებთ.

ახალგაზრდები ასევე ჩართული ვართ პროექტში „დააკვირდი“, არჩევნებზე დამკვირვებლებს ვატრენინგებთ. 500 მსურველი გვყავს უკვე. აქედან 100 ადამიანი დავატრენინგეთ და ვაგრძელებთ ტრენინგებს“, – ამბობს მეგი.

გიორგი დუმბაძე, აქტივისტი

ვესაუბრეთ კიდევ ერთ ბათუმელ აქტივისტს, გიორგი დუმბაძეს.

„ქართული ოცნების“ პოზიცია გასაგებია და ისიც, რომ ამ პარტიისგან არაფერი ნათელი არ წამოვა და არც აქამდე ჩანდა. ისიც ნათელია, რომ ამ არჩევნებზეც პროპაგანდით გააგრძელებენ მუშაობას, მათ შორის იქნება ომზე აპელირება და შიშების ჩანერგვა ხალხში.

მათ ჰქონდათ 12 წელი და არაფერი გააკეთეს იმისთვის, რის გაკეთებასაც ახლა, 4 წელში გვპირდებიან. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ კუთხეშია მიმწყვდეული.

მათი ელექტორატიც ხომ მთლიანად იმ ადამიანებზეა აწყობილი, ვისაც არ უნდა ამ შიშებისგან გათავისუფლება. ვერც იმაზე მეტ მხარდამჭერს მიიღებს „ოცნება“ ამ თემებზე საუბრით, რაც დღეს ჰყავს.

ახალგაზრდების მუშაობას რაც შეეხება, ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ადამიანებს ის კონტრასტი, რაც ახლავს რუსეთთან ან ევროპასთან სიახლოვეს.

რუსეთი არის ომი, ჭაობი, ის, რასაც ამდენი ხანი გავურბოდით და მეორე მხარეს არის ევროპა, ის ღირებულებები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძვით“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.

მისი თქმით, მას და მის თანამოაზრეებს ერთი თვის შიგნით დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა პროექტი, რაც ითვალისწინებს ქალაქებსა თუ სოფლებში ჩასვლას და ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკაციას.

„უფრო მეტი აქცენტი იქნება იმ სოფლებზე, სადაც ყველაზე ნაკლებად მიდის ინფორმაცია და ყველაზე მოწყვლადია ამ პროპაგანდისთვის ადამიანები, რომელსაც „ოცნება“ იყენებს.

მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც კითხვები აქვს ვთქვათ იგივე ომთან მიმართებაში. ამ ხალხთანაც გვექნება საუბარი, შევეცდებით ავუხსნათ მათ ყველაფერი მაგალითებზე, ფაქტებზე დაყრდნობით – მშვიდობა არის ევროპაში.

სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, ვისაც გაწევრიანებიდან დღემდე არასდროს ჰქონიათ ომი და ეს არის ფაქტი.

ყველაზე მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი არის ევროპა და ეს არის ფაქტი და არა ჩვენი მოსაზრება. ინდივიდუალურად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებ ერთ თვეში ხალხში გასვლას და ვიცი სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც უფრო ადრეც აპირებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს“, – გვეუბნება გიორგი დუმბაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: