„ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს, რომ ომი არ იქნება. ევროპა ნიშნავს უსაფრთხოებას. ევროპა, რომელსაც მე წლებია ვაკვირდები, არის ადამიანზე ორიენტირებული სამყარო. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს ნაკლები პრობლემა. ან თუ აქვს პრობლემა, სახელმწიფოს რითაც შეუძლია, ვალდებულია დაეხმაროს და მტრისას თუ არ დაეხმარა.
სახელმწიფო ვალდებულია საყოფაცხოვრებო და ჯანდაცვის საკითხებში დაეხმაროს მოქალაქეს. ევროპა არ არის ერთი პატარა ქალაქი ან სოფელი. ევროპა ბევრი ქვეყნისგან შედგება, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს, ერთმანეთისგან განსხვავებულები, თავისი მიზნებით და ამოცანებით,“ – ასე ხსნის ევროპის და ევროკავშირის არსს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მთარგმნელი დარეჯან კიკოლიაშვილი.
2007 წელს ემიგრაციაში დარეჯანიც იმ მიზეზებმა წაიყვანა, რამაც საქართველოს სხვა ათასობით მოქალაქე. მისი სამუშაოც სხვა ემიგრანტების სამუშაოს მსგავსია, მოხუცს უვლის. თუმცა მოხუცის მოვლის პარალელურად არასდროს დაუვიწყებია მისი ძირითადი პროფესია.
დარეჯან კიკოლიაშვილმა თარგმნა ცნობილი იტალიელი მწერლების ნაწარმოებები. მათ შორის, უმბერტო ეკო (მტრის ხატის შექმნა), იტალო კალვინო (უხილავი ქალაქები) და პრიმო ლევი (განა ეს ადამიანია).
„ვმუშაობ მოხუცთან, პარალელურად რაღაცებს ვთარგმნი, პროფესია რომ არ დამავიწყდეს. როცა მოხუცთან მუშაობ, თითქოს სტატუსით ნაკლები ხარ. მიუხედავად ამისა, მაინც დიდია პატივისცემა.
როცა უმბერტო ეკოს თარგმნა დავიწყე, ჩემმა ოჯახმა მთელ უბანს მოსდო აი, ჩვენი დარეჯანი ის კი არ არის რაღაცა… ეკოს თარგმნისო,“ – იხსენებს დარეჯანი ემიგრაციის პირველ წლებს.
მიუხედავად იმისა, რომ 17 წელია ემიგრაციაში ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ აქტიური მოქალაქეა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა არჩევნებში, რომელიც 2007 წლის შემდეგ საქართველოში გაიმართა.
დარეჯან კიკოლიაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს იმ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ და რუსულ კანონზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპას აშორებს.
„რუსულ კანონი, რომელსაც გამჭვირვალობის კანონს ეძახიან… ამ კანონს აქვს მერვე მუხლი – ვიღაცას შეუძლია ეჭვის საფუძველზე დაგასმინოს. ეს ხომ გაიარა უკვე საქართველომ? 30-იანი წლების საბჭოთა ტერორი მეტი ხომ არაფერი ყოფილა?
იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ევროპას ე.წ. გარყვნილების ბუდედ მიიჩნევს, არათუ არასდროს ყოფილა ევროპაში, ისიც კი არ იცის, რომ ევროკავშირი ერთი ქვეყანა ან ერთი ქალაქი არ არის. ევროპაში ყველა ქვეყანა განსხვავებულია, თავიანთი ენა, კულტურა და ტრადიცია აქვთ. ევროკავშირი ბევრი ქვეყანა და ბევრი რეალობაა.
ევროკავშირის მთავარი სიკეთე პირადად ჩემთვის არის ის, რომ ვიქნებით უფრო დაცული საომარი საფრთხეებისგან. თუ ვინმე ომს აპირებს, ორჯერ მაინც დაფიქრდება, ღირს თუ არ ღირს.
უსაფრთხოების შემდეგ ჩემთვის არის ევროპული პენსია, კარგი ყავა, ბარში რომ შედიხარ გიღიმიან და აინტერესებთ, როგორ ხარ. მთავარი სიკეთე ევროპისგან უსაფრთხოების გარანტია.
ასევე უმთავრესია, რომ კანონი ყველასთვის ერთია და სისტემა გამართულად მუშაობს,“ – ამბობს დარეჯან კიკოლიაშვილი.
მთარგმნელი იხსენებს იტალიური პოლიტიკური ცხოვრების სირთულეებს, როდესაც ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებები მოხდა და გარკვეული ხანი იტალია მთავრობის გარეშე დარჩა.
„იტალიაში ყოფნისას ორჯერ მოვესწარი სიტუაციას, როდესაც მთავრობა დაიშალა. პროდის მეორე მთავრობა რომ დაემხო (რომანო პროდი იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი 2006-2008 წლებში), ვიფიქრე რა გვეშველება ახლა, აქ ომი ატყდება. როგორც ქართველს ისე წარმომედგინა. არაფერი არ გვიგრძვნია არავის. ჩვეულებრივად მუშაობდა სახელმწიფო მანქანა და მალევე აირჩიეს ახალი.
ევროპა ჩემთვის ამასაც ნიშნავს – ადამიანებზე ზრუნვას, ჯანდაცვის უფლებას. თუნდაც საბუთი არ გქონდეს და არალეგალი ემიგრანტი იყო, აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გაქვს, ისევე როგორც აქაურ მოქალაქეს. არავინ არ გტოვებს ქუჩაში. თუ ლეგალურად მუშაობ და უმუშევარი დარჩი, უმუშევრობის დახმარება გეძლევა თითქმის ხელფასის ოდენობის. უფასო მკურნალობის საშუალება გაქვს,“ – ამბობს დარეჯან კიკოლიაშვილი.
- რა სოციალური დაცვა აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს
დარეჯან კიკოლიაშვილი იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს. ის საუბრობს იმ შრომის კულტურაზე, რომელსაც კანონი არეგულირებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. აზრი არ აქვს რას აკეთებ – მოხუცის მომვლელი ხარ, ბარში მიმტანი თუ რომელიმე ფირმაში მუშაობ. კანონი ყველას იცავს.
“მოხუცის მომვლელს ყოველდღე, დღეში 2 საათით გაქვს დასვენების უფლება, ხოლო თუ არ სარგებლობ დასვენების უფლებით, ოჯახი ფულს გიხდის ამაში. კვირაში დღე-ნახევარი გაქვს ასევე დასვენებისთვის. როდესაც ოჯახში მუშაობ, არ იხდი კომუნალურებს და ბინის ქირას. თუ კონტრაქტით მუშაობ, იხდი 30 %-ს ანაზღაურებიდან, რომელიც მიდის საგადასახადოში. მაგრამ თუ უმუშევარი დარჩი, აუცილებლად დაგენიშნება დახმარება და ეს გადახდილი გადასახადები გიბრუნდება. აფთიაქში რომ წამლები გაქვს ნაყიდი, იმ თანხის ნაწილიც კი უკან გიბრუნდება. იტალიაში ცხოვრების და მუშაობის პერიოდში ერთადერთხელ ვისარგებლე ამით და თითქმის ერთი წელი ვიღებდი [უმუშევრობის დახმარებას].
ასევე ჩემს ბანკთან მაქვს გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება, თვეში 13 ევროს ვიხდი უმუშევრობის დაზღვევისთვის. თუ უმუშევარი დავრჩები ნებისმიერი მიზეზით, მე დავანებებ თავს თუ ოჯახი დამითხოვს, 6 თვე მაინც დამეხმარება ბანკი. 500 ევროა თითო თვეზე განსაზღვრული, რომლის ერთად აღებაც შეგიძლია და ცალკეული თვეების მიხედვითაც.
ხელფასის ნახევარს გაძლევენ, მაგრამ ბინის ქირისა და კვებისთვის სრულიად საკმარისია, ქუჩაში არ დარჩები.
ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში კი ყველაფერში გეხმარება სახელმწიფო, კონკრეტულად INPS (სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი).
ბანკი ასევე მთავაზობდა ჯანმრთელობის დაზღვევას იმ შემთხვევაში, თუკი საავადმყოფოში აღმოვჩნდებოდი. იტალიაში საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში ოთხი უფასო დღე გაქვს, შემდეგ გიწევს გადახდა და ამ ხარჯს (საკმაოდ დიდს) ბანკი ფარავს დაზღვევის შემთხვევაში. ეს არის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პოზიციაზე დასაქმებულის უფლებრივი და ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან,“ – ამბობს დარეჯან კიკოლიაშვილი.
დარეჯანის თქმით, იმ ფონზეც კი, როცა იტალია „ყველაზე არხეინი ქვეყანაა ევროპაში“, სახელმწიფო აპარატები გამართულად მუშაობენ. იტალიაში მცხოვრები ადამიანები კი თავს დაცულად გრძნობენ.
- ევროპული პენსია
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი საკითხი ევროპული პენსია. იტალიაში მინიმალური პენსია 615 ევროა. ამ პენსიას იღებენ ის მოქალაქეები, ვისაც არასდროს უმუშავია ოფიციალური კონტრაქტით და შესაბამისად არ გადაუხდია გადასახადები. საშუალო პენსია კი 1500 ევრომდე აღწევს – იმის მიხედვით, თუ რა პოზიციაზე მუშაობდა პენსიაში გასვლამდე პენსიონერი, რამდენი წელი მუშაობდა და რა თანხა დააგროვა მუშაობის პერიოდში, პენსიის ოდენობა იზრდება.
„ადამიანი, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე მაღალ პენსიას იღებს, დაახლოებით 2000 ევროს. ბევრად მეტსაც იღებენ ცალკეულ შემთხვევაში, მაგრამ მე ვსაუბრობ საშუალო პენსიაზე.
თუმცა, როდესაც დაბალი პენსიის მქონე პენსიონერებს დახმარება სჭირდებათ, მაგალითად მომვლელი, სახელმწიფო დამატებით უხდის 500 ევროს, როგორც ბონუსს. ასევე გარკვეულ პროცენტს უფარავს მომვლელის დაქირავებისთვის. მარტო არ რჩება ადამიანი.
სოციალური პენსია ვისაც აქვს, ანუ სტაჟის და დამსახურების გარეშე, მათთვის სახელმწიფოს მედიკამენტების პროგრამით წამლები თითქმის უფასოა. მკურნალობა უფასოა, ექიმი უფასო.
15 ათას ევროზე ნაკლების შემოსავლის მქონეებსაც, ჩემსავით დასაქმებულებს, ბევრი ბონუსი გვაქვს და რიგ სერვისებზე უფასო წვდომა.
ეს სისტემა, შეიძლება ფუფუნებით ცხოვრების საშუალებას არ გაძლევდეს ადამიანს, მაგრამ კვებაზე და გადასახადებზე გყოფნის.
იტალიაში შვილებს საკმაოდ დიდი თანხა უჯდებათ მოხუცი მშობლების მოვლა. მიუხედავად ამისა, ურჩევნიათ ეს თანხები დახარჯონ და მათმა მშობლებმა ნაცნობ, მშობლიურ გარემოში გაატარონ სიცოცხლის უკანასკნელი წლები“, – ამბობს დარეჯან კიკოლიაშვილი.
დარეჯანის თქმით, შრომის უფლებების დაცვა ევროპაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
„ახალგაზრდები, სტუდენტები იტალიაშიც მუშაობენ. მუშაობენ ბარებში, რესტორნებში ან კურიერებად. ვერცერთი უფროსი ვერ გაუბედავს ვერცერთ დასაქმებულ ახალგაზრდას და ვერ ეტყვის: „შენ ახლა ღამის 12 საათამდე უნდა იმუშაო, ოღონდ ხელფასი იგივე გექნებაო“. ეგ არის გამორიცხული. კანონი იმდენად იცავს დასაქმებულს, აზრადაც არავის მოუვა ისე გამუშაოს“.
- სამოქალაქო პოზიცია
„ქართველებს უყვართ, როცა მათი შვილები დიპლომს იღებენ. „ბავშვმა უნდა ისწავლოს“ – ეს არის ქართველის დიდი მიზანი. მაგრამ რატომ უნდა ისწავლოს? მერე რაში გამოადგება ეს სწავლა? ამ პირობებში (როცა რუსული კანონი გვაქვს) არაფერში აღარ გამოადგება.
რასაც ყველაზე მეტად ვსაყვედურობ მთავრობას, არის სოციალური პოლიტიკა. მაგალითად, ფეისბუქს გახსნი და გული ხელით გიჭირავს. ათი ბავშვი მაინც ითხოვს თანხის ჩარიცხვას. იმიტომ, რომ რაღაცა საოცრება სჭირს და სასწრაფოდ სადღაც არის წასაყვანი. ხომ შეიძლებოდა ამდენი წლის განმავლობაში რაღაცა ყოფილიყო ჩვენთანაც. მით უმეტეს, დაგვპირდა ჩვენი „მამა მარჩენალი“, რომ ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს გააკეთებდა.
ამასწინათ დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა: „ეს ძალიან რთული საკითხია და ჩვენ ამაზე ვფიქრობთო“. და რა არის ამაზე ამდენი ფიქრი. ამდენი წელი?
შეეძლოთ ევროკავშირისგან მოეთხოვათ ეს თანხა, რა არის აქ შეუძლებელი?
აი, ასეთ რამეებზე უნდა დაფიქრდეს მოქალაქე. ჩვენს მოხუცებს, რამდენი რამე ენატრებათ, რამდენი რამე არ აქვთ. მარტო თბილისი და ბათუმი ხომ არაა საქართველო?
თბილისსა და ბათუმს გარეთ როგორც კი გახვალთ… მე რეგიონებში მყავს უამრავი ნათესავი და ვიცი რა მდგომარეობაში არიან ადამიანები. უდიდესი სიღარიბეა – ფეხზე დახეული აცვიათ, ტანზე დახეული ან ვიღაცის გამონაცვალი. დასვენებაზე და ზღვაზე წასვლაზე აღარაა საუბარი. გამორიცხულია ძალიან ბევრი ოჯახისთვის ამაზე ოცნება.
ხილის ყიდვა რომ პრობლემაა მოხუცისთვის თუ ბავშვისთვის, რაღაზეა საუბარი?
ჩვენ ირგვლივ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, „ოცნების“ ამომრჩეველი რომ ხარ, ამაზე ფიქრობთ?
სექტემბრიდან რომ რუსული კანონი ძალაში შევა, ვიღაცამ უნდა მკითხოს, შენ ეს დაფინანსება საიდან მიიღე? მე უნდა ვუთხრა, რომ იტალიის მხარემ დამაფინანსა. ჩემ მასშტაბზე არაა ახლა აქ მარტო საუბარი, უბრალოდ ვცდილობ ავხსნა, რომ ეს ყველას შეეხება.
რას ვაკეთებ მე?
ეს არის ზოგადი კითხვა და თან ისეთი, რომელიც ყოველდღე უნდა დავსვათ.
ემიგრანტები აქ თავს იკლავენ შრომით. ერთ სამსახურს არ სჯერდებიან და ღამის სამსახურებს იღებენ, რომ ოჯახს არაფერი მოაკლონ საქართველოში.
ბევრი პრობლემა მოიხსნა საქართველოში ემიგრანტებისგან გამოგზავნილი თანხით.
რომში მცხოვრები ემიგრანტები ძირითადად კვირას ისვენებენ, ამ დღეს გამოდიან ქალაქში, ხვდებიან ერთმანეთს. შეიძლება ბევრი დრო არ აქვთ პოლიტიკაზე ფიქრისთვის, გააზრებისთვის, მაგრამ ესეც, მათი დაუსრულებელი შრომაც ხომ ნიშანია, რომ მთლად კარგადა არაა საქმე საქართველოში? ამდენი წელი რომ აქ ხარ, მაინც ვერ აუხვედი პრობლემებს, რომელიც არა და არ მთავრდება, ამან ხომ უნდა დაგაფიქროს?
20 წელი გავიდა, რაც უცხოეთში ხარ, ისევ შენს გაგზავნილ ფულზეა დამოკიდებული ყველა, შენი ფული სულ საჭიროა. ეს ხომ ნიშნავს, რომ რაღაცაშია საქმე?
არ არის რთული იმის მიხვედრა, მით უმეტეს ემიგრანტისთვის, კიდევ ამდენი დახმარება რომ სჭირდება შენს ოჯახს, ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში რთულადაა სიტუაცია ისევ.
ხანდახან, აქაური სამრევლო აწყობს ტურებს, რომი კარგად ვიცი და მე ვგიდობ. ტურზე არიან ქალები, იტალიაში წამოსვლამდე თავიანთ სოფლებს რომ არ იყვნენ გაცილებული, მაგრამ საოცრად გონიერები, ნიჭიერები არიან. საოცარი ადამიანები. სულ ვფიქრობ მათზე, ამ ნიჭიერ ქალებზე, რომელთაც თავისმა ქვეყანამ განვითარების საშუალება არასდროს მისცა. მარტო ოჯახს ემსახურებიან, ბოლომდე თავი გაწირეს…
ვფიქრობ, ახლა თითოეული მოქალაქე უნდა იყოს აქტიური, თავისი ღირსება უნდა დაიცვას და მისი გათელვის უფლება არავის მისცე.
აუცილებელია ადამიანებმა სახელი დაარქვან რაღაცებს. ის, რომ ჩემი ახლობელია და ვერ ვიკადრებ, რაღაცები დავუწერო და ვუთხრა, ეს ერთ ქვაბში გვხარშავს ავს და კარგს.
ევროპა კი არა, არაფერი არაა სრულყოფილი დედამიწაზე. სადაც ადამიანი გარეულა, ყველგან შექმნილა პრობლემა.
მაგრამ ელემენტარულია – რაც შენთვის გინდა ის გინდოდეს სხვისთვის და რაც შენთვის არ გინდა, ის არ გინდოდეს სხვისთვის.
მშვიდობაო ისე გიმტკიცებს სახელისუფლებო პროპაგანდა, ვითომ საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ქართველები ჩვენ არ გვეხება. როგორაა მშვიდობა?
ერთადერთი იმას ვნატრობ, ისეთი ოპოზიციური კოალიცია მაინც შეიკრას, რომ ოქტომბერში არჩევანი გაადვილდეს. ვიცოდე, რატომ ვაძლევ მათ ხმას. ახლა ხმების დაკარგვის დიდი საშიშროებაა, თორემ ამ სიტუაციაში არც კი ვიცი, ვის უნდა მივცე ხმა“.