„მიწაზე შევნიშნე რამოდენიმე ადგილას გაწყვეტილი, ვერცხლისფერი, პატარა და წვრილი, მრგვალი ლითონის მსგავსი ბურთულებით აწყობილი ყელსაბამი, რომლის ფრაგმენტები მიმობნეული იყო მამაკაცის თავისა და ტანის სიახლოვეს… ერთ-ერთ წვრილ ყელსაბამის ფრაგმენტზე ეკეთა რაღაც ლითონი, რომელზეც იკითხებოდა თუ არ ვცდები ინგლისური ასოებით გვარი „შავაძე“… სხვა რაიმე ნივთი გვამის გარშემო არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, აუცილებლად დამამახსოვრდებოდა, რადგან ყელსაბამის წვრილი ფრაგმენტები მახსოვს და სხვა რაიმე ნივთი, იარაღი ან ხელბორკილი რომ ჰქონოდა გვამს, ან მის სიახლოვეს, აუცილებლად დამამახსოვრდებოდა და მოგახსენებდით,“ – როინ შავაძის მკვლელობის შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი პირველი გამომძიებელი ქობულეთის განყოფილებიდან, ქეთო ოქროპირიძე მისულა.
„ბათუმელები“ როინ შავაძის საქმის მასალებს გაეცნო. სპეცრაზმელების ჩვენებების გარდა, აქ ნახავთ სხვა მაღალჩინოსნების, ასევე ვანო მერაბიშვილის, მაშინდელი შს მინისტრის გამოკითხვის ოქმსაც.
აგვისტოს ომის მონაწილე – როინ შავაძე სამართალდამცველებმა წამებით 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. გამოძიებას მკვლელობიდან 16 წლის შემდეგაც არ აქვს პასუხი: რა იყო სპეცრაზმელების მიერ როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც არ დაკისრებია პასუხისმგებლობა.
2020 წელს, ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.
2 სპეცრაზმელის საქმეს ამჯერად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. უფლებადამცველების აზრით, როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს – რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.
მაგალითად, ვასილ როინიშვილი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს აჭარის მთავარი პროკურორი იყო, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.
რა უთხრა გამოძიებას რესან კონცელიძეს, შეგიძლიათ, ნახოთ აქ. იგი შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, ახლა პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.
სპეცრაზმელების გამოკითხვის ოქმების მიხედვით, მათ უკანონო ბრძანების შესრულება კონკრეტულად კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის, ანუ კუდის აჭარის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, თეიმურაზ პატარიძემ აიძულა. თეიმურაზ პატარიძე გამოძიებამ 2023 წელს გამოჰკითხა. მის წინააღმდეგ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე არსებობს, თუმცა ის დღემდე იძებნება.
- „ბევრ შემთხვევებზე ვიყავი ნამყოფი, ნანახმა ძალიან ცუდად იმოქმედა“ – გამომძიებლის რეაქცია და სასწრაფოს მედდის ჩანაწერი
„შუადღის საათები იყო. ზუსტი დრო არ მახსოვს, როდესაც ხელმძღვანელის, გოჩა ჯაშის დავალებით, მე და ზურაბ ირემაძე გავემგზავრეთ სოფელ ქაქუთთან გამავალ საავტომობილო გზაზე, სადაც მომხდარი იყო მკვლელობა. როგორც იქ შემდგომ გავიგე, მოკლული იყო: სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძე,“ – მოუყვა „როინ შავაძის საქმის“ გამომძიებელს ქეთო ოქროპირიძე, რომელიც 2011 წლამდე შსს-ს ქობულეთის რაიონული სამმართველო დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობდა.
„შემთხვევის ადგილი დაუსახლებელი პუნქტია, სადაც გადის ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. რომელსაც ორივე მხარეს გასდევს ქარსაცავი ზოლი ნაძვის ხეებით.
ჩვენ გავჩერდით, სოფელ ქაქუთთან გამავალ საავტომობილო გზაზე, ოზურგეთის მიმართულებით მარჯვენა მხარეს, სადაც იდგა სამი მუქი ფერის ჯიპის მარკის ავტომანქანა. ნომერი და მოდელი არ მახსოვს… სავალ გზაზე იდგა რამოდენიმე დაახლოებით 10-12 ნიღბიანი, სამხედრო ფორმიანი და ავტომატებით შეიარაღებული პირები.
გვამს ტანთ ეცვა სამხედრო ფორმის შარვალი, ყავისფერი სამხედრო ფეხსაცმელი, მუქი ფერის მაისური, რომელიც ზურგის მიდამოში ჰქონდა შემოხეული. ზურგის, ფეხების და ასევე ხელის მიდამოებში ემჩნეოდა სავარაუდოდ ნატყვიარები, უფრო ზუსტად მსურს მოგახსენოთ, რომ გვამი, როდესაც ვნახე, ორივე ხელი მხრების სიგანეზე ჰქონდა წინ, იდაყვში მოხრილი და ისეთ მდგომარეობაში იწვა, განსაკუთრებით დამამახსოვრდა მარცხენა ხელის, თუ არ ვცდები საჩვენებელი თითი, რომლის ზედა ფალანგი იყო მოტეხილი და სისხლიანი.
თითის ზედა ნაწილი ეკავა კანს და იყო საპირისპირო მხარეს შებრუნებული. ამ ყველაფრის ფონზე მივხვდი, რომ გვამს ჰქონდა ბევრი ნატყვიარი. ამის შემდგომ ვცდილობდი გამობრუნებას, როდესაც მომიახლოვდა ნიღბიანი სპეცრაზმელი და მითხრა, დროულად მოვშორებოდი გვამს და მის მიმდებარე ტერიტორიას…
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევებზე ვიყავი ნამყოფი, ნანახმა ძალიან ცუდად იმოქმედა. მინდა გითხრათ, რომ მე რომ მივედი, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის სამმართველოს თანამშრომლები, ნიღბიანი სპეცრაზმელები და ასევე სამოქალაქო ფორმიანი ორი პიროვნება, რომლებსაც არ ვიცნობდი,“ – ქეთო ოქროპირიძე იხსენებს, რომ აჭარის მთავარმა სამმართველომ დაიწყო გამოძიება, იმ დროს კი, ჯერ კიდევ მოსული არ იყვნენ, როცა ვათვალიერებდიო.
დათვალიერების ოქმი შემდეგ სხვა გამომძიებელს შეუდგენია.
გამოძიებამ ამ საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პერსონალსაც მოუსმინა – მედდას, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა:
„ოზურგეთიდან ქობულეთისკენ მიმავალი საავტომობილო სავალი გზის განაპირას ჩამწკრივებულ ნაძვებს შორის ესვენა მიცვალებული. მძღოლმა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა გააჩერა ავტომაგისტრალის გვერდულზე, იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, სადაც გვამი ესვენა,“ – ეს გულნარა წერეთლის გამოკითხვის ოქმია. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედდად მუშაობდა, როცა როინ შავაძე მოკლეს.
„ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, მე, ბრიგადის ექიმი – ნანა ნიჟარაძე და მძღოლი ჩამოვედით მანქანიდან და ფეხით გავემართეთ მიცვალებულისკენ. მიცვალებულთან მივედი დაახლოებით 0,5 – 1 მეტრის მანძილზე…
ვინაიდან ერთი შეხედვითვე აშკარა იყო, რომ პირი გარდაცვლილი იყო, მე გადაცვლილი პირის გვამს არც კი შევხებივარ, ისე გავბრუნდი უკან და ჩავჯექი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში, რადგან ჩემი იქ ყოფნა საჭირო არ იყო. მე როგორც სასწრაფო დახმარების მედდას არაფრის გაკეთება შემეძლო.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე მიცვალებულთან მივედი დაახლოებით 01 მეტრის მანძილზე, შესაბამისად კარგად დავინახე, რომ გარდაცვლილი იყო მამაკაცი, რომელიც ესვენა გულმკერდის მხრით, ანუ სახით მიწისკენ. გარდაცვლილს ეცვა სამხედრო ტანისამოსი, კერძოდ სამხედრო ნიმუშის მქონე მოკლესახელოიანი მაისური, თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ არ მახსოვს მიცვალებულს ედო თუ არა ხელბორკილი.
არც ის მახსოვს, მიცვალებულთან იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი,“ – უთხრა გამომძიებელს გულნარა წერეთელმა.
- სპეცრაზმელის გამოკითხვა: „ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ როინ შავაძემ თქვა, არა ვარ დამნაშავე, ბატონო ოფიცრებოო.“
„თეიმურაზ პატარიძისგან ჩვენ გვქონდა მითითება, რომ აღნიშნული პიროვნება, როინ შავაძე უნდა დაკავებულიყო ხმაურით. მისთვის უნდა გვეძახა მოღალატე, რათა ხალხს გაეგო, რომ
თითქოს ვაკავებდით მოღალატეს,“ – როინ შავაძის დაკავების ეპიზოდს აღწერს ყოფილი სპეცრაზმელი დავით ზაქარაძე 2023 წელს შედგენილ გამოკითხვის ოქმში. ისიც გასამართლდა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
როგორც „ბათუმელებს“ დავით ზაქარაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა უთხრა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება არჩია, მან ასევე უარი თქვა გამოძიების ეტაპზე შედგენილი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებაზე სასამართლო სხდომის დროს.
„…ადგილზე მისვლის შემდეგ დავინახეთ, რომ ოქროს ბირჟის სიახლოვეს, კაფის წინ სკამზე იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდეგ გავიგე – როინ შავაძე. მისგან მოშორებით
იმყოფებოდა თეიმურაზ პატარიძე, რომლის ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ პატარიძის მოადგილე – ალი ბალაძე და ასევე ჩვენი თანამშრომელი – გიორგი ჩიქოვანი, ზედმეტსახელად
„მაიმუნა“. გიორგი ჩიქოვანი აღნიშნული დროისათვის იყო ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. რაც შეეხება ალი ბალაძეს, როგორც აღვნიშნე, იგი იყო პატარიძის მოადგილე და იგი, ისევე,
როგორც თეიმურაზ პატარიძე, სამსახურებრივად წარმოადგენდა ჩვენს ხელმძღვანელ პირს.
ჩემი ავტომანქანით სწრაფად მივვარდით აღნიშნულ პიროვნებასთან, ავტომანქანიდან გადმოვედით მე, თემურ მგელაძე, მირზა კონცელიძე, ომარ ჭაღალიძე და მოვახდინეთ აღნიშნული პირის დაკავება. დაკავებისას, ყველი ჩვენთაგანი მას ვეძახდით მოღალატეს, ასევე მის მიმართ ჩვენი მხრიდან იყო სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფის, აგრეთვე, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, კერძოდ, ყველა ჩვენთაგანის მხრიდან როინ შავაძის მიმართ ადგილი ჰქონდა ხელების წამორტყმებს, მუჯლუგუნით დარტყმებს, ასევე ძალის გამოყენებით დავადგეთ ძირს და მოვახდინეთ მისი დაკავება.
დაკავების პროცესში ჩვენ მოგვეხმარნენ ზვიად ნურიძის ჯგუფის წევრები: ზვიად ნურიძე, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძე, გიორგი არაბული, მამუკა ბერიძე. დაკავების შემდეგ როინ შავაძე მოვათავსეთ სამსახურებრივ ავტომანქანაში…
საჭესთან დავჯექი მე, ჩემ გვერდით დაჯდა თემურ მგელაძე, უკანა სავარძელზე დასხდნენ მირზა კონცელიძე და ომარ ჭაღალიძე, რომელთა შუაში ჩასვეს როინ შავაძე. დაკავებულს ავტომანქანაში ედო ხელბორკილი. ამასთან არ მახსოვს, თუ რა მომენტში დავადეთ მას აღნიშნული ხელბორკილი. ჩვენს ავტომანქანას უკან გამოჰყვა ზვიად ნურიძის ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა თავად ზვიად ნურიძე. ამავე ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ: ასლან ინაიშვილი, გიორგი არაბული, გელა გვიანიძე, მამუკა ბერიძე.
ჩვენ წინ მიდიოდა თეიმურაზ პატარიძე თავისი ავტომანქანით, რომელიც იყო ჯიპი, თუ სწორედ მახსოვს „ბმვX5″, აღნიშნული ავტომანქანის სხვა მონაცემები არ მახსოვს. მასთან ერთად ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ მისი მოადგილე ალი ბალაძე და აგრეთვე, გიორგი ჩიქოვანი,“ – თქვა მოწმემ და შემდეგ განმარტა, იზოლატორში მიგვყავდა დაკავებული, მაგრამ იზოლატორთან როცა მივედით, პატარიძემ მანქანიდან ხელით გვანიშნა უკან გავყოლოდით და ქობულეთისკენ წავედითო.
„შესაბამისად, პატარიძის ავტომანქანას გავყევი უკან. წინ მიდიოდა თეიმურაზ პატარიძე, უკან მივყვებოდი მე ჩემი ავტომანქანით, ხოლო ჩემს უკან – ზვიად ნურიძის ავტომანქანა.
გზაში მოძრაობისას მახსოვს, რომ როინ შავაძე ამბობდა, ტყუილად მაბრალებენ, არა ვარ დამნაშავეო.
როდესაც მივედით ქაქუთში, თეიმურაზ პატარიძემ მოგვცა მითითება, რომ გაგვეჩერებინა ავტომანქანები. აღნიშნული მითითება არ მახსოვს, რა ფორმით გადმოგვცა, თუმცა მახსოვს, რომ პატარაძის მითითებით გავაჩერეთ ავტომანქანები. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოვიდა თეიმურაზ პატარიძე და მოგვცა მითითება, რომ ავტომანქანიდან ჩამოგვეყვანა დაკავებული. თეიმურაზ პატარიძის ავტომანქანიდან ასევე გადმოვიდნენ გიორგი ჩიქოვანი, ალი ბალაძე.
თეიმურაზ პატარიძის მითითებით, ჩვენი ავტომანქანიდან დაკავებული როინ შავაძე გადმოიყვანა მირზა კონცელიძემ, რომელსაც ასევე ეხმარებოდა ომარ ჭაღალიძე. ავტომანქანიდან გადმოყვანის შემდეგ, პატარიძემ მოგვცა ბრძანება, დაკავებულისთვის შეგვეხსნა ხელბორკილი. პატარიძის მითითებით, როინ შავაძეს ხელბორკილი ახსნა მირზა კონცელიძემ, ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ როინ შავაძემ თქვა, არ ვარ დამნაშავე, ბატონო ოფიცრებოო.
ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, პატარიძე უყვიროდა შავაძეს, შენი მოღალატე დედაო და აგინებდა დედის მისამართით. ასევე პატარიძე ჩვენ მოგვმართავდა და გვეძახდა, რომ ეს მოღალატეა, ბიჭებო, ამის დედაო. ხელბორკილის გახსნის შემდეგ პატარიძემ დაუყვირა როინ შავაძეს, დავაი, გაიქეცი, გიშვებ, შენი დედაო. როინ შავაძემ პატარიძის მითითებით მოძრაობა დაიწყო ქარსაცავი ზოლის მიმართულებით, თან იძახდა, არ ვარ დამნაშავეო.
პატარიძემ მოგვცა მითითება, ჩამწკრივდით და ესროლეთო. პატარიძის ბრძანების გაცემიდან, რამოდენიმე ხანში ჩვენ ჩავმწკრივდით ავტომანქანების გასწვრივ და თითქმის ერთდროულად განვახორციელეთ სროლები ჩვენზე მომაგრებული ავტომატებიდან. კერძოდ კი როინ შავაძის მიმართულებით ვისროლეთ იქ მყოფმა სპეცრაზმის ყველა თანამშრომელმა: ზვიად ნურიძემ, თემურ მგელაძემ, მე, ომარ ჭაღალიძემ, მირზა კონცელიძემ, გიორგი არაბულმა, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძემ, მამუკა ბერიძემ.
ჩვენ თან გვქონდა ჩვენზე მომაგრებული „AKS“ ტიპის ავტომატები და ვისროდით სწორედ ამ ავტომატებიდან, რომლებიც ინდივიდუალურად ჩვენზე იყო მომაგრებული… მე უშუალოდ რამდენი გავისროლე, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ სროლას ვაწარმოებდი როინ შავაძის ფეხების მიმართულებით. მე არ ვიცი, ჩემგან ნასროლი ტყვიები მოხვდა თუ არა როინ შავაძეს.
ჩვენს მიერ განხორციელებული სროლების შედეგად, როინ შავაძე დაეცა ძირს. აღნიშნული სროლების შედეგად იგი გარდაიცვალა.
როინ შავაძის მკვლელობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ თეიმურაზ პატარიძემ მითითება მისცა ზვიად ნურიძეს, რომ მირზა კონცელიძის პისტოლეტიდან გასროლა განეხორციელებინა ჩვენი ერთ-ერთი ავტომანქანის მიმართულებით. პატარიძის დავალებით, მირზა კონცელიძის პისტოლეტიდან სროლის ფაქტი იმიტომ განხორციელდა, რომ როგორც გავიგე, უნდა მომხდარიყო იმის მოგონება, თითქოსდა როინ შავაძე მირზა კონცელიძემ გადაიყვანა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და თითქოსდა სწორედ ამ დროს ამოაცალა პისტოლეტი კონცელიძეს, თითქოსდა, ამ დროს ისროლა შავაძემ ავტომანქანისა და ჩვენი მიმართულებით.
დაკავების ადგილზე, ასევე დაკავების შემდეგ და მკვლელობის ადგილზე თეიმურაზ პატარიძე საუბრობდა ტელეფონზე. კონკრეტულად ვის ესაუბრებოდა, არ ვიცი, თუმცა მთელი ამ პროცესის მანძილზე მე ვხდებოდი, რომ იგი საუბრობდა როინ შავაძესთან დაკავშირებით და იღებდა გარკვეულ მითითებებს. ასევე, როდესაც იგი აჭარის კუდის შენობასთან შეჩერდა ამ დროსაც პატარიძე საუბრობდა ტელეფონზე, ხოლო, შემდეგ კი, მისი მითითებით შევიცვალეთ მარშრუტი და გავემართეთ ქობულეთის მიმართულებით. შესაძლოა, სწორედ ამ დროს ჰქონდეს მას მიღებული გარკვეული მითითება როინ შავაძესთან დაკავშირებით, რომლის დეტალებიც ჩემთვის ცნობილი არ არის,“ – თქვა დავით ზაქარაძემ.
გამომძიებელმა მოწმეს ასევე ჰკითხა როინ შავაძის ნარკოტიკის ჩადებაზე. დავით ზაქარაძის თქმით, მან არ იცის, დაკავების პროცესში იყვნენ თუ არა ჩართული სოდ-ის თანამშრომლები, თუმცა დასძინა. „როინ შავაძისათვის ჩხრეკა არ ჩაგვიტარებია და, შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება არ ამოგვიღია“, – თქვა მან.
„ჰქონდათ თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი თეიმურაზ პატარიძეს, ალი ბალაძეს და გიორგი ჩიქოვანს?“ – ჰკითხა გამომძიებელმა მოწმეს.
„თეიმურაზ პატარიძესა და გიორგი ჩიქოვანს ჰქონდათ პისტოლეტები, ხოლო, თუ რა პისტოლეტები ჰქონდათ, არ მახსოვს. რაც შეეხება ალი ბალაძეს, მას იარაღი არ ჰქონია… აღნიშნულ პირთა მხრიდან სროლის ფაქტი მე არ მახსენდება,“ – აღნიშნა მოწმემ.
„თეიმურაზ პატარიძის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ, მომხდარიყო როინ შავაძის მკვლელობა, ვინმეს ხომ არ გამოუთქვამს რაიმე პროტესტი, ან ვინმეს ხომ არ უთქვამს, რომ გაჩერებულიყავით და არ მოგეხდინათ სროლა როინ შავაძის მიმართულებით?“ – მიუბრუნდა ისევ მოწმეს გამომძიებელი.
„არა, ვინმეს რაიმე ასეთი მითითება, ან რჩევა იქ მყოფი პირებიდან, არ მოუცია,“ – ამ პასუხით ხაზე გაესვა პატარიძის მოადგილის, ალი ბალაძის პასუხისმგებლობასაც, ვისი საქმეც მსაჯულებმა განიხილეს და მასაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:
„საქმეზე ამოღებულია რამოდენიმე არაიდენტიფიცირებული მასრა – ტყვია, რომელიც გასროლილი არ არის არცერთი იმ ავტომატიდან, რომლებიც თითოეულ თქვენთაგანზე – 9 სპეცრაზმელზე – იყო განპიროვნებული. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულთან დაკავშირებით?“ – უკითხავს გამომძიებელს დავით ზაქარაძისთვის.
„ჩვენ ვისროდით ინდივიდუალურად მხოლოდ ჩვენზე განპიროვნებული ავტომატებიდან, ხოლო, არაიდენტიფიცირებული მასრებზე ან ტყვიებზე ინფორმაცია არ გამაჩნია,“ – აღნიშნა მოწმემ.
- გამომძიებლის ჩვენება, რომელიც დასაჯეს, მაგრამ უკვე გარეთაა: „მე გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი“
„მე სრულად ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად განვახორციელე როინ შავაძის უკანონო დაკავება, რა მიზნითაც გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მასში მივუთითე, რომ თითქოსდა როინ შავაძის პირადი ჩხრეკისას ამოვიღე ნარკოტიკული საშუალებები, რაც როგორც მოგახსენეთ, რეალურად არ განმიხორციელებია.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, როინ შავაძის სამხედრო პირადობის მოწმობასთან ერთად, მე სამსახურში გადმომცა თეიმურაზ პატარიძემ და დამავალა, რომ ოქმში მიმეთითებინა აღნიშნული ნივთიერებების როინ შავაძის ჩხრეკისას ამოღების შესახებ, რაც მე შევასრულე კიდეც,“ – ეს აღიარებითი ჩვენება სულიკო ვარშანიძეს ეკუთვნის.
ვარშანიძე როინ შავაძის მკვლელობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის განყოფილების განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.
სულიკო ვარშანიძემ სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია. მას უკანონო დაკავება დაუდასტურდა, რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია. სპეცრაზმელებისგან განსხვავებით, რომლებსაც 12 -12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, სულიკო ვარშანიძე უკვე თავისუფალია. როგორც მისმა ადვოკატმა, ბადრი ბერიძემ გვითხრა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მხოლოდ 9 თვით შეუფარდეს რეალური სასჯელი. სულიკო ვარშანიძე ახლა პირობითი მსჯავრის ქვეშაა.
„მე გავაყალბე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე სპეცრაზმის თანამშრომლების ხელმოწერები. ყოველივე ჩემი აღნიშნული მოქმედებებით, ხელი შევუწყვე როინ შავაძის უკანონო დაკავებას და მონაწილეობა მივიღე მის უკანონო დაკავებაში, რადგან აღნიშნულით შეიქმნა ერთ-ერთი საფუძველი როინ შავაძის უკანონო დაკავებისა, რასაც ვნანობ და განვიცდი.
ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ხსენებულ პერიოდში ვინაიდან ქვეყანაში იყო საომარი მოქმედებები, მე რომ არ შემესრულებინა ეს დავალებები, შესაძლოა მეც შერაცხული ვყოფილიყავი სამშობლოს მოღალატედ და შესაძლოა მომხდარიყო ჩემი ლიკვიდაციაც,“ – დასძინა გამომძიებელმა.
მას შემდეგ, რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ როინ შავაძის საქმეზე კონკრეტული პირებისთვის პასუხის მოთხოვნა გადაწყვიტა, საქმის გამომძიებელმაც გაიხსენა, როგორ მიიყვანა გიორგი ჩიქოვანმა კუდის შენობაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი მკვლელობის წინა დღით:
„2008 წლის 15 აგვისტოს ვიმყოფებოდი ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა N4-ში მდებარე ჩემს სამსახური. აღნიშნულ დროს, სამსახურში ყოფნისას დავინახე ჩვენი თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი. აღნიშნული პიროვნება დასახელებული დროისათვის რა თანამდებობაზე მუშაობდა, არ მახსოვს. მას თან ახლდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობდი.
შემდეგ გავიგე, რომ ყოფილა როინ შავაძე.
გიორგი ჩიქოვანმა ხსენებული პიროვნება წაიყვანა ჩვენი სამსახურის უფროსის, თეიმურაზ პატარიძის კაბინეტისკენ. ამის შემდეგ მე გადავერთე ჩემს საქმეზე და შემდეგში ყურადღება აღარ მიმიქცევია ხსენებული პირებისთვის.
რამოდენიმე ხანში, დავინახე, რომ აღნიშნულმა სამხედრო ფორმაში მყოფმა პიროვნებამ დატოვა ჩვენი სამსახური. გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიგონე თეიმურაზ პატარიძის ყვირილი, რა დროსაც იგი გიორგი ჩიქოვანზე გაბრაზებული ყვიროდა ხმამაღლა და იძახდა, რომ, მე იმის გარკვევა დავავალე, დაედგინა, კაცი სახლში იმყოფებოდა თუ არაო, მან კი სამსახურში მოიყვანა ეს კაციო. იმავდროულად პატარიძე იგინებოდა „მაიმუნა“-ს მისამართით.
მეორე დღეს, ანუ 2008 წლის 16 აგვისტოს, ვიმყოფებოდი სამსახურში, გრიბოედოვის ქუჩაზე და როგორც მახსოვს, ვიმყოფებოდი ჩვენი საგამოძიებო განყოფილების უფროსის – მალხაზ აბულაძის კაბინეტში, რა დროსაც იქ შემოვიდა თეიმურაზ პატარიძე და გვითხრა, მოემზადეთ, კაცი იქნება დასაკავებელიო. ზოგადად, როგორც გამომძიებელს, საგამოძიებო მოქმედებებისთვის მე ისედაც გამზადებული მქონდა ხოლმე შესაბამისი დოკუმენტები და ამიტომ დაველოდე შემდგომ ბრძანება, რომ გავსულიყავით დანიშნულების ადგილზე.
აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე ხანში აბულაძემ დაიძახა, გავდივართ უკვეო, რის შემდეგაც ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით გავედი დანიშნულების ადგილზე. მალხაზ აბულაძეც ასევე იმყოფებოდა ჩემთან ერთად აღნიშნულ ავტომანქანაში.
კერძოდ კი, მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან ჩვენ მივედით გამსახურდიას ქუჩის კვეთასთან, ე.წ. „ოქროს ბირჟის“ სიახლოვეს. აღნიშნულ დროს დავინახე, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა ჩვენი სამსახურის უფროსი თეიმურაზ პატარიძე – გადმოსულიყო თავისი ავტომანქანიდან და მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა მისი მოადგილე ალი ბალაძე. დასახელებული დროისათვის, როგორც თეიმურაზ პატარიძე, ასევე ალი ბალაძე წარმოადგენდნენ სწორედ ხელმძღვანელ პირებს. დაკავების ადგილზე ასევე დავინახე გიორგი ჩიქოვანი.
აღნიშნულ ადგილზე უკვე მისული იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, სულ თუ რამდენი თანამშრომელი იყო, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ იყვნენ საკმაო რაოდენობით. აქვე დავძენ, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებიდან მე ყველას არ ვიცნობდი პირადად. ვიცნობდი მხოლოდ ზვიად ნურიძეს და მახსოვს, რომ ზვიად ნურიძე დაკავების ადგილზე იმყოფებოდა. შემდეგში კი, ჩემთვის ცნობილი გახდა იქ მყოფი სხვა სპეცრაზმის თანამშრომლების ვინაობებიც, კერძოდ კი ესენი არიან: თემურ მგელაძე, ომარ ჭაღალიძე, დავით ზაქარაძე, მამუკა ბერიძე, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძე, გიორგი არაბული, მირზა კონცელიძე და ასევე ზვიად ნურიძე.
დაკავების ადგილზე ჩემი მისვლის შემდეგ დავინახე, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებს გაკავებული ჰყავდათ სამხედრო ფორმაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო ის პირი, რომელიც წინა დღეს გიორგი ჩიქოვანს მოყვანილი ჰყავდა ჩვენთან სამსახურში…
როინ შავაძეს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. მას რაიმე წინააღმდეგობა, ვინმესთვის ჩემი იქ ყოფნის დროს არ გაუწევია და არც რაიმე წინააღმდეგობის გაწევა უცდია ჩემი იქ ყოფნის პერიოდში. აღვნიშნავ, რომ მე როინ შავაძის პირადი ჩხრეკა არ ჩამიტარებია და მისგან ნარკოტიკული საშუალება ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამომიღია. ასევე დაკავების ადგილზე ჩემს მიერ შედგენილი არ ყოფილა აღნიშნული პირის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. აღვნიშნავ, რომ შესაძლოა ფორმალურად ადგილზე, „ოქროს ბირჟის“ მიმდებარედ მე დავიწყე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, თუმცა მახსოვს, რომ ხსენებული ოქმი შემდეგში თეიმურაზ პატარიძის მითითებით მე შევადგინე ჩვენს სამსახურში.
აღვნიშნავ, რომ ადგილზე მითითებებს გასცემდა თეიმურაზ პატარიძე, ასევე მახსოვს, რომ ჩემი იქ მისვლის შემდეგ პატარიძემ დაიწყო თავის მობილურ ტელეფონზე საუბარი, როგორც ჩანს, ამ დროს ვიღაც პირმა დაურეკა მას. მას შემდეგ, რაც პატარიძე მორჩა საუბარს, მან ხმამაღლა დაიყვირა როინ შავაძის მისამართით, ჩასვით მანქანაში ამის მოღალატე დედაო და თან შეაგინა როინ შავაძეს.
მართლაც ამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით სამსახურში, სადაც მე მოვახდინე როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა. რამოდენიმე საათში, სამსახურში დაბრუნდა თეიმურაზ პატარიძე და დამავალა ოქმში ჩამეწერა, რომ როინ შავაძის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი და სუბოტექსი. ასევე, თეიმურაზ პატარიძის მითითებით, როინ შავაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მე მივუთითე, რომ თითქოს როინ შავაძემ დაკავებისას გასწია წინააღმდეგობა, რეალურად კი, რაიმე ასეთ ფაქტს დაკავების ადგილზე ჩემი ყოფნის დროს, ადგილი არ ჰქონია.
მე უშუალოდ როინ შავაძის მკვლელობის ადგილზე არ ვიმყოფებოდი და აღნიშნული ფაქტის შემსწრე არ გახლავართ, თუმცა მახსოვს, რომ მოგვიანებით, როდესაც თეიმურაზ პატარიძე დაბრუნდა სამსახურში, მან დაიწყო როინ შავაძის ლანძღვა. კერძოდ კი, იგინებოდა როინ შავაძის მისამართით და იძახდა, მაგის მოღალატე დედაო,“ – დაასრულა სულიკო ვარშანიძემ.
- რას ჰყვება კიდევ 2 სპეცრაზმელი, ვისი საქმეც სასამართლოს ჯერ არ განუხილავს
„როინ შავაძის საქმეზე“ პასუხისგებაში სულ 12 პირი მისცეს, მათ შორის 9 სპეცრაზმელია.
გამოძიებამ 2023 წლის ივლისში ერთდროულად დაიწყო 10 პირის სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, მაშინდელი კუდ-ის უფროსი, თეიმურაზ პატარაძის წინააღმდეგ, თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ მას ამ დრომდე ეძებენ. იძებნება კიდევ ერთი ყოფილი სპეცრაზმელი – გიორგი არაბული.
სასამართლომ დანარჩენი 8 ბრალდებულს უკვე გამოუტანა განაჩენი: 5 სპეცრაზმელს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ორ სპეცრაზმელს კი, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა და კუდ-ის უფროსის მოადგილე – ალი ბალაძეც დაადანაშაულეს მკვლელობის ორგანიზებაში, საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს. ალი ბალაძეს 12 წელი მიუსაჯეს. გამომძიებელ სულიკო ვარშანიძეს კი, რომელსაც ასევე საპროცესო გაუკეთეს, უკვე თავისუფალია.
2024 წლის თებერვალში, „როინ შავაძის საქმეზე“ კიდევ 2 სპეცრაზმელი დააკავეს: გელა გვიანიძე და ასლან ინაიშვილი. მათი საქმეების არსებითი განხილვა ახლახან დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.
პროკურატურის ვერსიით, გელა გვიანიძე და ასლან ინაიშვილმაც ესროლეს როინ შავაძეს ავტომატიდან სხვა სპეცრაზმელებთან ერთად. უკვე მსჯავრდებული სპეცრაზმელებიც ადასტურებენ, რომ მკვლელობის ადგილზე 9 სპეცრაზმელი იყო და ცრხავემ ესროლა როინ შავაძეს, თემურ პატარაძის ნასროლი ერთი ტყვია კი არ დაუნახავთ, მოხვდა თუ არა როინ შავაძეს.
ბრალდებულის, ყოფილი სპეცრაზმელის ასლან ინაიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სპეცრაზმელებს უკანო ბრძანება შეასრულებინეს.
„სპეცრაზმელი ვალდებულია, ბრძანება შეასრულოს,“ – გვითხრა ადვოკატმა, მარიამ ბარსონიძემ, თუმცა ადვოკატს შევახსენეთ, რომ ბრძანება კანონიერი უნდა იყოს, როინ შავაძის საქმეში კი, ჩანს მოცემულობა, როცა ყველა სპეცრაზმელი იაზრებდა ბრძანების უკანონობას: როინ შავაძე არსად გარბოდა და ეს სპეცრაზმელებმა საკუთარი თვალით ნახეს. ამას გარდა: როინ შავაძე მოღალატე რომც ყოფილიყო – სპეცრაზმელებისვე თქმით, ამას პატარიძე იძახდა – ეს ვერ გაამართლებს ადამიანის მკვლელობას.
„არცერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, მათ შორის, ასლან ინაიშვილმა, რომ უკანონო ბრძანება გასცეს. მათი ვალდებულება იყო ყველა ბრძანების შესრულება. ბრძანება ბრძანებაა. მათ არაფრის გარკვევის დრო არ აქვთ, ესენი ქვედა რგოლის წარმომადგენლები არიან,“ – უთხრა ადვოკატმა მარიამ ბარსონიძემ „ბათუმელებს“.
გამოკითხვის ოქმში, რომელიც ბრალდებულმა და ყოფილმა სპეცრაზმელმა, გელა გვიანიძემ 2020 წელს მისცა გამოძიებას, აღნიშნულია:
„…ახალი დაბრუნებული ვიყავი სამაჩაბლოს ომიდან. ზუსტად ვერ ვიხსენებ შუა დღის საათები იყო, რომ დამევალა ბათუმის გასასვლელთან შევხვედროდი ჩემს თანამშრომლებს, რომლებსაც თან ჰყავდათ დაკავებული როინ შავაძე. სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ თუ რომელ თანამშრომლებთან ერთად ვიმყოფებოდი და ასევე იმ თანამშრომელთა ვინაობასაც ვერ ვაზუსტებ, რომლებსაც ჰყავდათ მანქანაში დაკავებული როინ შავაძე. მახსოვს, რომ უკან გავყევით „ნისანის მარკის“ ჯიპს, რომელშიც დაკავებული ეჯდათ. მე პირადად დაკავებული მანქანაში კარგად არ დამინახავს და ამიტომ მის ფიზიკურ მდგომარეობას ვერ მოგახსენებთ, არც ის ვიცი, თუ რაზე ჰყავდათ დაკავებული როინ შავაძე. მისი ვინაობაც მისი ლიკვიდაციის შემდგომ შევიტყვე.
თუ როგორ მოხდა როინ შავაძის ლიკვიდაცია, მანამდე აღენიშნებოდა თუ არა მას რაიმე დაზიანება და ასევე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხები გაცემული მაქვს და დაფიქსირებულია ჩემს დაკითხვის ოქმებში, რასაც ამჟამადაც ვადასტურებ. ვინაიდან მომხდარიდან გასულია საკმაო დრო სხვას ვერაფერს ვერ ვიხსენებ. იმ შემთხვევაში თუ აღვიდგინე სხვა დეტალები, რაც ჩვენებებში არ მაქვს აღწერილი მოვმართავ გამოძიებას,“ – აღნიშნა მოწმემ.
სპეცრაზმელებმა 2008 წლის დაკითხვაზე გამოძიებაზე ერთი და იგივე რამ დააფიქსირეს: დაკავებული როინ შავაძე გაქცევას ცდილობდა, ცეცხლი გაგვიხსნა და ამიტომაც ვესროლეთო.
ბრალდებულ ყოფილ სპეცრაზმელებს: ასლან ინაიშვილს და გელა გვიანიძეს სასამართლოსთვის ჯერ ჩვენება არ მიუციათ.
როგორ ეძებდა როინ შავაძეს ოჯახი – ახლობლების ჩვენება
„მივედი ქ.ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც უშიშროების შენობასთან იმყოფებოდა ჩემი და ციცინო შავაძე. იქ ასევე მოვიდა ჩემი ძმა ამირან კონცელიძე. ციცინო შავაძე იმყოფებოდა ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაში. მან თქვა, რომ მისი მეუღლე – როინი უცნობ პირებს უცემიათ და წაუყვანიათ გაურკვეველი მიმართულებით. მისივე განმარტებით, მან არ იცოდა როინის ადგილსამყოფელი და ცდილობდა მის მოძებნას.
მივედით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, სამართალდამცავ უწყებაში. ჩვენ აგრეთვე მივედით ხელვაჩაურში, სამხედრო ბაზაზე, სადაც როინი მსახურობდა.
აღნიშნულ უწყებებში პასუხს არ გვცემდნენ. ასევე არ გვაძლევდნენ რაიმე ინფორმაციას როინთან დაკავშირებით. ზოგადად გვეუბნებოდნენ, რომ რაიმე ასეთი ინფორმაცია არ გააჩნდათ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ჩვენი მისვლისას, იქ თავმოყრილი იყო უამრავი ხალხი, მათ შორის იმყოფებოდნენ პოლიციის ფორმაში მყოფი სხვადასხვა ჩემთვის უცნობი ადამიანი. იქ მისვლის შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ როინ შავაძე იყო გარდაცვლილი.
აღნიშნულის გაგონებაზე ჩემი და ციცინო შავაძე ჩავარდა კიდევ უფრო მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, რაღაც დროით დაკარგა გონებაც. იქ მყოფმა პირებმა, რომელთა ვინაობებიც არ ვიცი, გვითხრეს, რომ შეგვეძლო გარდაცვლილი როინ შავაძე წაგვეყვანა სახლში, ამასთან, მათი განმარტებით, უნდა ვყოფილიყავით წყნარად და აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არ უნდა ამოგვეღო ხმა. კონკრეტულად იმ პირთა ვინაობები, ვინც ეს თქვა, არ ვიცი,“ – აღნიშნა მოწმემ.
„გარდაცვლილი როინის გვამი პროზექტურაში ვნახეთ მე და მამაჩემმა ყებასი კონცელიძემ, რა დროსაც მახსოვს, რომ როინს აღენიშნებოდა მრავალი დაზიანება. ჩანდა, რომ იგი სასტიკად იყო ნაცემი,“ – პროკურატურამ ციცინო შავაძის ძმა, ამირან კონცელიძეც გამოჰკითხა:
„პროზექტურიდან გარდაცვლილი როინის გვამი გამოგვატანეს მე და მამაჩემს, რის შემდეგაც გარდაცვლილი მივასვენეთ სახლში.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ჩვენი მისვლისას, მახსოვს, რომ იქ თავმოყრილი იყო უამრავი ხალხი, მათ შორის იმყოფებოდნენ პოლიციის ფორმაში მყოფი ჩემთვის უცხო პირებიც. იქ ყოფნის პერიოდში, ჩემი და ციცინო გახდა ცუდად და გარკვეული პერიოდით დაკარგა გონებაც…
იქ მყოფმა ჩემთვის უცნობმა პირებმა, რომელთა ვინაობებიც არ ვიცი, გვითხრეს, რომ გარდაცვლილი შეგვეძლო გადაგვესვენებინა სახლში და ამასთან, მათივე განმარტებით, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით წყნარად და აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არ უნდა ამოგვეღო ხმა. ხსენებულ პირთა ვინაობები, რომელთაც ეს გვითხრეს, როგორც აღვნიშნე, არ ვიცი და მათი ამოცნობაც არ შემიძლია,“ – ამირან კონცელიძემ აღწერა, რომ მუქარა შემდეგაც გაგრძელდა, როცა მობილურზე ურეკავდნენ, ერთხელ კი, ავტოსახელოსნოში ესტუმრა სამი კაცი:
„მათ გამიყვანეს ავტოსერვისიდან გვერდით, თითქოსდა უნდოდათ შეკეთების მიზნით ეჩვენებინათ ავტომანქანა, რომლის მონაცემებიც არ მახსოვს.
მას შემდეგ, რაც მათ გავყევი გარეთ, ხსენებულმა პირებმა მითხრეს, რომ ვყოფილიყავით წყნარად და გაგვეტანა საჩივარი უკან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აღმომიჩენდნენ ან ნარკოტიკს, ან იარაღს, ან დიდი სატვირთო ავტომანქანა გამიტანდა, ან საერთოდ ავფეთქდებოდი. მათივე მუქარა მიმართული იყო აგრეთვე, როინის შავაძის ოჯახისკენ. კერძოდ ასევე იძახდნენ, რომ ოჯახიანად ვიქნებოდით დაღუპულები. მათი მხრიდან აღნიშნული მუქარებს, სხვა ვინმე პირი არ ესწრებოდა. აღნიშნული მუქარების თაობაზე, თუ სწორედ მახსოვს, იმავე დღეს [თავის დაზღვევის მიზნით] აჭარის ტელევიზიაშიც მივედი და განვაცხადე, თუმცა რაიმე სიუჟეტი აღნიშნულზე არ გასულა,“ – თქვა ამირან კონცელიძემ.
„16 აგვისტოს, დილის 02 საათსა და 30 წუთზე, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვუყურებდით ტელევიზორს, შემოგვესმა ძახილის ხმა, კერძოდ, ვიღაც იძახოდა ჩემი მეუღლის სახელს, რის გამოც ჩემი მეუღლე ადგა და მივიდა ფანჯარასთან,“ – უთხრა გამომძიებელს 2008 წელს ციცინო შავაძემ, როინ შავაძის მეუღლემ. – „ამ დროს ფანჯარა ღია იყო. ჩემმა მეუღლემ ქვემოთ მყოფ პიროვნებას მიმართა სახელით, კერძოდ, მან დაიძახა, რომ რატომ იძახი ქვემოდან “მაიმუნა” ამოდი სახლშიო, რაზედაც მე გავიგონე, რომ იმ პირმა, რომელსაც ჩემმა მეუღლემ დაუძახა მაიმუნა, უთხრა, რომ არა, ვერ ამოვალ, თავად ჩამოდი შენთან საქმე გვაქვსო.
აღნიშნულის გამო, ჩემი მეუღლე ჩავიდა ქვემოთ, მე კი მივედი ფანჯარასთან და ვიყურებოდი ფანჯრიდან. ჩვენი სახლი მდებარეობს მეორე სართულზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ჩემი მეუღლე ქვემოთ ჩავიდოდა და მასთან მივიდოდა, იმ პირმა, ანუ მაიმუნამ ტელეფონით დაურეკა ვიღაცას და უთხრა, რომ სახლში არის და ჩამოდის დაბლაო. ის პიროვნება იდგა მარტო, შავი ფერის მერსედესთან, ხოლო რაც შეეხება ავტომანქანის ნომრებს, მე მისი დამახსოვრება ვერ მოვახერხე.
როდესაც ჩემი მეუღლე მასთან ჩავიდა უთხრა, რომ რაში იყო საქმეო, რის შემდეგაც იმ პირმა მას რაღაც უთხრა, რაზედაც როინიმ უთხრა, რომ ის სახლში იყო და არსად არ აპირებდა წასვლას. ამის შემდეგ მე ნათლად დავაფიქსირე, რომ როინიმ მაიმუნას აუწია პერანგი და უთხრა, რაში სჭირდებოდა მას მასთან ასე მისვლა. ამის შემდეგ მე უკვე გარკვევით აღარ მესმოდა საუბრის შინაარსი. მათი საუბარი გაგრძელდა 5 წუთი, რის შემდეგაც მაიმუნამ უთხრა დამჯდარიყო მანქანაში და გაჰყოლოდა. ამის შემდეგ მაიმუნა დაჯდა საჭის მეორე მხარეს, ხოლო ჩემი მეუღლე ჩაჯდა უკანა სალონში. მაიმუნას ქმედებით ნათლად ჩანდა, რომ ავტომანქანის საჭესთან იჯდა სხვა პირი.
როდესაც მანქანა დაიძრა, მე ფანჯრიდან ვადევნებდი თვალის, რა დროსაც შევნიშნე, რომ მათ მანქანას უკან გაჰყვა ასევე შავი ფერის მერსედესი. ასევე, მე არ დამიფიქსირებია ამ ავტომანქანის ნომერი. დაახლოებით, 30 წუთში, როინი დაბრუნდა უკან. უკან ის მოვიდა იმ ავტომანქანით, რომელიც მათ გაჰყვა უკან. ეს როინიმ მე თავად მითხრა, როცა ის სახლში დაბრუნდა.
მან ასევე მითხრა, რომ მაიმუნამ მიმიყვანა უშიშროების შენობაში, შეიყვანა ვიღაცასთან კაბინეტში, რა დროსაც იმ პირმა მაიმუნას უსაყვედურა, ვინ გითხრა აქ ამის მოყვანაო, იმავე წუთს უკან გამომაბრუნესო, ხოლო მაიმუნა იქ დაიტოვესო. მან ასევე თქვა: „ნეტა, სხვა ბიჭებივით მეც ხომ არ მომკლავენო”. თუ რატომ თქვა ეს, ჩემთვის არაერთი შეკითხვის მიუხედავად, არ აუხსნია. ის იყო გაოგნებული.
დილით როინი 8 საათზე გავიდა სახლიდან და წავიდა ახალ სამსახურში. სამსახურში რომ იყო, ეს ვიცი იქედან, რომ როცა მას დავურეკე, მითხრა, რომ იყო ხელვაჩაურში, სამხედრო ნაწილში და ასევე ტელეფონში შემომესმა სწორდისა და სმენის ხმა. მივხდი, რომ იყო სამხედრო მოწყობა. ჩვენ იმ დღეს უნდა წავსულიყავით ქობულეთში, გარდაცვლილი ჯარისკაცის სამძიმარზე. ამიტომ ხელმეორედ დავურეკე უკვე 11 საათსა და 30 წუთზე, თან მივულოცე ახალი სამსახური – პირველი დღე და ეტყობოდა, რომ ის იყო კმაყოფილ. მითხრა, რომ უნდა გასულიყო ბათუმში, ოქროს ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგანაც მას შეკვეთა ჰქონდა მიცემული, კერძოდ, სამხედრო ფორმაზე უნდა ამოექარგა მისი სახელი და გვარი.
დაახლოებით, 14 საათსა და 30 წუთზე, ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე დამირეკა ვიღაც მამაკაცმა და მითხრა, რომ ის იყო ჩემი მეუღლის თანამშრომელი და რომ როინი იგვიანებდა
სამსახურში, თანაც ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდა და მთხოვა იქნებ მე შევხმიანებოდი, რომ სამსახურში მისულიყო. ამ დროს მე თმებს ვჭრიდი ჩემს ნაცნობ ქალბატონს, რომლის სახელი და გვარი ამჟამად არ მახსოვს.
როდესაც თმის შეჭრა დავამთავრე, გადავრეკე როინისთან და ვუთხარი, რატომ აგვიანებდა პირველ დღეს სამსახურში, რაზედაც მას გაუკვირდა და მიპასუხა, რომ თუ ვინ დამირეკა და საიდან იცოდნენ შენი ნომერიო. ასევე მან მითხრა, რომ შეკვეთის დასრულებას სჭირდებოდა 5 წუთი, ახლა ყავას დავლევ და სასწრაფოდ წავალ სამსახურშიო. ამის შემდეგ ჩემთან მოდის ის ქალბატონი, რომელსაც თმები შევჭერი და მითხრა, რომ ოქროს ბირჟასთან როინის თავს დაესხა 30 კაცამდე ნიღბებით შეიარაღებული პირები, რომლებიც იყვნენ შავი ჯიპებითო. ამის გამო მე გავოგნდი. უმალვე დავუკავშირდი ჩემს ძმას, ჩემს დას და ავუხსენი მომხდარის შესახებ.
დაახლოებით, 10 წუთში ორივე ჩემთან იყო, რის შემდეგაც სუყველა წავედით უშიშროებაში. შენობაში შევიდნენ ჩემი ძმა ამირან კონცელიძე და და გუგული კონცელიძე, რომლებსაც უშიშროებაში განუმარტეს, რომ ასეთი პირი დაკავებული არ აყო და აღნიშნულის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. ამის შემდეგ მივედით საპატრულოში, სადაც ჯარისკაცმა გვითხრა, რომ ხელმძღვანელობა არავინ არ იყო და არ შეგვიშვა…“, – თქვა ციცინო შავაძემ.
როინ შავაძის ცოლის თქმით, მან ვერცერთი უწყებიდან ვერ მიიღო პასუხი, დაახლოებით საღამოს 9-ზე კი, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უბნის პოლიციელი გამოჩნდა:
„გვითხრა, რომ როინი იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. შემდეგ ჩვენ დაუყოვნებლივ წავედით საავადმყოფოში, სადაც გავიგე, რომ ჩემი მეუღლე უკვე გადაყვანილი ჰყავდათ პროზექტურაში. იქ ჩვენ დაგვხვდა პოლიციის თანამშრომლები, ასევე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ხმა არ ამომეღო. მე მათი ამოცნობა არ შემიძლია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როცა როინი წაიყვანეს ღამით უშიშროებაში და როცა უკან მობრუნდა, მან მითხრა, რომ მანქანაში, რომლითაც ის უკან მოიყვანეს იჯდა მისთვის უცნობი 4 მამაკაცი, რომლებსაც ჰქონდათ აღმოსავლური კილო და ყველა მათგანს ჰქონდათ მაყუჩიანი იარაღებიო. მანვე მითხრა, რომ ისინი უცენზუროდ საუბრობდნენ ერთმანეთშიო.
აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რაც შეემთხვა ჩემს მეუღლე ა/წლის 15 აგვისტოს, კერძოდ, ამ დღეს როინის შეხვდა მისი ყოფილი თანამშრომელი სენაკიდან დათოს, რომლის გვარი ამჟამად არ მახსოვს და მას უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა მასთან, რომ „გამოჩნდა თეთრი და შავიო”, თუ რას გულისხმობდა როინი ამ სიტყვებში, არ ვიცი,“ – აღნიშნა ციცინო შავაძემ.
რა დაავალეს ექსპერტს? – „რაც შეიძლება ბუნდოვნად უნდა აღმეწერა გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები…“
„როდესაც უნდა ჩამეტარებინა გარდაცვლილ როინ შავაძის გვამის გამოკვლევა, ჩემთან პროზექტურაში შემოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომლის აღწერილობაც ამჟამად არ მახსოვს. მან მთხოვა, რომ გვერდზე გავსულიყავით, რადგან სასაუბრო ჰქონდა ჩემთან,“ – საქმის მასალებშია ექსპერტის, მამუკა მეტრეველის მონათხრობი, რომელმაც როინ შავაძის გვამის ექსპერტიზა ჩაატარა:
„ეს პიროვნება გამეცნო მე და მითხრა, რომ იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი. არ მახსოვს სახელი და გვარი მითხრა თუ არა. აღნიშნულმა პირმა მითხრა, რომ ჩემთან მოსული იყო ხელმძღვანელობის დავალებით და მისი გადმოცემით, მეუბნებოდა სწორედ მათ დავალებას. კერძოდ, კი, მითხრა, რომ ხელმძღვანელობის დავალება იყო, რაც შეიძლება ბუნდოვნად აღმეწერა გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები და რაც შეიძლება, დროში გამეჭიანურებინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაცემა. ამასთან, მას ჩემთვის არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობდა ხელმძღვანელობაში, რომელთა დავალებაც მან გადმომცა.
ვინაიდან დასახელებული პერიოდისათვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰქონდათ დიდი გავლენა და შეუზღუდავი უფლებები, მათ შეეძლოთ პიროვნების სამსახურიდან გაშვებაც და მასთან ანგარიშსწორებაც, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ პირს თანხმობა გავუცხადე, რომ ჩემი მხრიდან გათვალისწინებული იქნებოდა ხელმძღვანელობის ეს დავალება. ამასთან, ამ ფაქტორების გამო აღნიშნული საუბრის შესახებ მე არ განმიცხადებია და მათ შორის არ მითქვამს არც ჩემი ხელმძღვანელობისთვის.
სწორედ ამ ფაქტორების გამოა ის, რომ ჩემს მიერ 2008 წლის 21 ოქტომბერს გაცემულ დასკვნაში გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ იქნა გაცემული, რაც შემდეგში, დაკონკრეტებულ იქნა დამატებით გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში,“ – თქვა მოწმემ.
რა თქვეს სხვა ექსპერტებმა?
„…ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო როინ შავაძის ტანსაცმელი: ქუდი, ხალათი, მაისური, ტრუსი, შარვალი, წყვილი წინდა და წყვილი ფეხსაცმელი. ჩვენ აღნიშნულ ტანსაცმელზე ჩავატარეთ ბალისტიკური კვლევა და გავეცით დასკვნა გამოძიების მიერ დასმულ კითხვებზე, რასაც ამჟამადაც ვადასტურებ,“ – უთხრა გამომძიებელს ექსპერტმა ლერი შოშიტაშვილმა. მისი თქმით, ბალისტიკური კვლევისთვის მხოლოდ შარვალი იყო გამოსადეგი.
„…სისხლისმაგვარი ნივთიერებით გაჟღენთილ ფონზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის და ფორმის მრავლობითი დაზიანება, რომლებიც მათი მორფოლოგიის მიხედვით შემსვლელ გამსვლელი და შემხებითი ხასიათისაა და ზომების მიხედვით განვითარებული უნდა იყოს ცეცხლნასროლი იარაღიდან სროლის შედეგად და ზომების მიხედვით განვითარებული უნდა იყოს 5,45 მმ ან 5,56მმ და 9მმ კალიბრის ჭურვების ზემოქმედებით. შარვალზე არსებული დაზიანებანი ლოკალიზაციით შეესაბამება როინ შავაძის გვამზე არსებულ ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებულ დაზიანებებს.
5,45 მმ ან 5,56მმ კალიბრის ჭურვები შესაძლოა გასროლილი იყოს ე.წ აკს-ის სისტემის კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან, ხოლო 9მმ კალიბრის ჭურვები, რომლებიც მოხვედრილია როინ შავაძის შარვალზე მარჯვენა ტოტის ზედა მხარეს წინა ზედაპირზე, წინიდან უკანა მიმართულებით განეკუთვნება როგორც „მაკაროვის“ ასევე „ლუგერის“ პისტოლეტების ნაირსახეობებს,“ – აღნიშნა ექსპერტმა.
გამოიკითხა აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი, ბონდო ანთაძეც:
„შუადღეს გადაცილებული იქნებოდა, როდესაც მივიღე შეტყობინება აჭარის ტერიტორიაზე, გურიის საზღვართან ახლოს სოფელ ქაქუთში მომხდარი მკვლელობის შესახებ. ვინაიდან დღემდე ჩვენი სამსახური განთავსებულია ქობულეთის რაიონული სამმართველოს შენობაში, შემთხვევის ადგილზე გამიყვანა ქობულეთის პოლიციის თანამშრომელმა… მე ვინაიდან ვიყავი დამწყები ექსპერტი, დაველოდე ემზარ ჯაფარიძეს და მისი მოსვლის შემდგომ ერთად გავერკვიეთ მომხდარში.
შემთხვევის ადგილზე მისვლისას ვნახე აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმის რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებიც იყვნენ ნიღბებში. რამოდენიმე უცნობი სამოქალაქო ფორმაში მყოფი პიროვნება, ასევე ქობულეთის პოლიციის უფროსი გოჩა ჯაში, მისი მოადგილეები: მამუკა თხილაიშვილი, პაატა კვირკველია, გამომძიებლები: ლია ბალაძე, ქეთევან ოქროპირიძე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: მამუკა ზოიძე, ზურაბ აბუსერიძე, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ნოდარ ცეცხლაძე, მუხაესტატეს პოლიციის უბნის ინსპექტორები: ნუგზარ ოქროპირიძე და რამინ ხოზრევანიძე. ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
იქვე იმყოფებოდა აჭარის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი მალხაზ თავდგირიძე, რომელმაც მე და ემზარ ჯაფარიძეს გვითხრა, რომ აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმის თანამშრომლებს ბათუმიდან თბილისში გადაჰყავდათ პატიმარი. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა დანაშაულისათვის იყო დაკავებული აღნიშნული პიროვნება, რომელსაც ავტომანქანას მსვლელობის დროს რომელიღაც სპეცრაზმელისათვის წაურთმევია პისტოლეტი, შემდგომ იგი გადმომხტარა ავტომანქანიდან და ცდილობდა გაქცევას. იმავდროულად მას უსვრია სპეცრაზმელების ავტომანქანის მიმართულებით, სპეცრაზმელებს იქვე საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად მოუკლავთ გაქცეული პატიმარი.
გამომძიებელთან და ექსპერტ ემზარ ჯაფარიძესთან ერთად გადავედი ავტომანქანებიდან საპირისპირო მხარეს გზის გადაღმა, სადაც გვერდულიდან ახლო მანძილში იყო მამაკაცის გვამი, სახით მიწაზე მწოლიარე მდგომარეობაში, რომელსაც ეცვა სამხედრო შარვალი, რომლის საქამრე სალტე და ქამარი გაწყვეტილ მდგომარეობაში იყო. ტანთ ეცვა მუქი ფერის ზედა, რომელიც თითქმის შემოხეული ჰქონდა, სხეულზე ეტყობოდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები. გვამთან ახლოს იდო პისტოლეტი, მისგან მარჯვენა მხარეს ხის ძირში იდო სამხედრო ქუდი და კომუფლირებული სამხედრო ზედა სამოსი, რომელიც რატომღაც არაბუნებრივად მეჩვენა, რადგან რამოდენიმე წუთის წინ გაგონილ მომხდარი შემთხვევის ვერსიას ვერ დავაკავშირე – კომუფლირებულ სამხედრო სამოსს ეტყობოდა, რომ იყო აშკარად დადებული და არა გაქცევისას დავარდნილი.
ამასთან გვამს ზედა სამოსი, ანუ მაისური ზურგის მიდამოში თითქმის შემოხეული ჰქონდა. ხოლო სამხედრო ზედა სამოსს, რომელიც სავარაუდოდ მოკლულ მამაკაცს ეკუთვნოდა, არანაირი ცეცხლნასროლი ან მექანიკური დაზიანება არ ემჩნეოდა.
ამასთან გვამზე და მის მიმდებარედ ხელბორკილი ან რაიმე მსგავსი არაფერი გვინახავს. აღნიშნული გარემოებაც ჩემთვის რაღაცნაირად დასაფიქრებელი იყო, თუმცა მე როგორც დამწყებ
ექსპერტს, არავისთვის არაფერი მიკითხავს,“ – თქვა მოწმემ და დასძინა, რომ მანაც შენიშნა გვამთა დაგდებული წარწერიანი სამხედრო ჟეტონი.
…სამსახურებრივი ადმინისტრაციული შენობიდან შემთხვევის ადგილზე მივედით დაახლოებით 20-25 წუთში. შემთხვევის ადგილზე მისულს დამხვდა შემდეგი სურათი: ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში, ქობულეთისა და ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებული იყო მაღალი გამავლობის რამდენიმე მანქანა, კერძოდ ორი ან სამი მანქანა, საიდანაც ერთ-ერთ იყო დაზიანებული, თუ არ ვცდები ან უკანა კარი, ან ფრთა ჰქონდა დაზიანებული.
საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ანუ ოზურგეთიდან ქობულეთისკენ მიმავალი საავტომობილო სავალი გზის განაპირას ჩამწკრივებულ ნაძვებს შორის ესვენა მიცვალებული, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გადასვენებული პროზექტურაში. მსურს ასევე აღვნიშნო, რომ მე მიცვალებულთან მივედი დაახლოებით 04-05 მეტრის მანძილზე, შესაბამისად, მართალია მისი სახე არ დამინახავს, თუმცა ზუსტად მახსოვს, რომ მას ეცვა სამხედრო ფორმა და მიწაზე ესვენა გულმკერდის მხარით, ანუ სახით მიწისკენ. მსურს აღვნიშნო, რომ მიცვალებულზე ან მიცვალებულთან ახლოს არ დამინახავს რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი.
შემთხვევის ადგილზე მისულს ადგილზე დამხვდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ე.წ. „კუდ“-ის დაახლოებით 10 ნიღბიანი სპეცრაზმელი, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით. შემთხვევის ადგილზე მისულისთვის, ჩემთვის ნათელი იყო, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას, რაც მიეკუთვნებოდა შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქვემდებარეობას.
შემთხვევის ადგილზე ჩემი მისვლის შემდეგ, რამოდენიმე ხანში, ხოლო თუ რამდენ ხანში, არ მახსოვს, შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი –
ირაკლი მოწყობილი და მისი მოადგილე – რესან კონცელიძე. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნებოდა აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქვემდებარეობას და აღნიშნული სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე და „კუდ“-ის მაღალჩინოსნები ადგილზე იმყოფებოდნენ, მე საჭიროდ აღარ მივიჩნიე მათ საქმეში ჩარევა, შესაბამისად მე მონაწილეობა არ მაქვს მიღებული როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისას განხორციელებულ არცერთ საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებაში,,“ – დაასრულა მოწმემ.
რა უთხრა გამოძიებას როინ შავაძის მეგობარმა: „ჩვენ ერთად ვიყავით ომში“
„მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში, დელტა ასეულის სადაზვერვო ოცეულში სერჟანტის თანამდებობაზე ვმუშაობდი. ჩემს უფლება-მოვალეობებში შედიოდა ბრძოლის ველზე სავარაუდო სამოქმედო გეგმის მომზადება. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ბატალიონი დისლოცირებული იყო სენაკში… სენაკში ჩემი მუშაობის დაწყების დღიდან დავმეგობრდი ამავე ბატალიონში, იგივე პოზიციაზე მომუშავე როინ შავაძესთან, რომელიც იყო ბათუმიდან,“ – მიმართა გამომძიებელს მოწმის სახით გამოკითხულმა უშანგი ჯაიანმა.
„როინი ჩემზე ასაკით უფროსი იყო და გააჩნდა მეტი გამოცდილება საბრძოლო მომზადებაშიც, მას ჰქონდა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ფიზიკურად და მორალურად იყო ძლიერი პიროვნება, ალკოჰოლთან და ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, ცხოვრობდა ჯანსაღი ცხოვრების წესით, უყვარდა თავისი ქვეყანა, ოჯახი და მეგობრები. მინდა გითხრათ, რომ როინ შავაძესთან არაერთ სასწავლო და საბრძოლო ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა.
ჩვენ თავდაცვის სამინისტროს მიერ სამშვიდობო მისიით მივლინებული ვიყავით ერაყში. შემდგომ კი 2008 წლის აგვისტოს ომში ერთად მოგვიწია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, სადაც იგი იმყოფებოდა ჩემს გვერდით ან ბატალიონის ხელმძღვანელობის გვერდით. ცხინვალის რეგიონში აგვისტოს ომის დროს იმ საბრძოლო მოქმედებებში, რომელშიც ჩვენმა ბატალიონმა მიიღო მონაწილეობა როინ შავაძე იყო ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი. როინ შავაძესთან ერთად ომში ვიმყოფებოდი 2008 წლის 08 აგვისტოდან 2008 წლის 11 აგვისტომდე. მე, მასთან და ასევე ჩვენი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეტაკებების ფონზე მომიწია სოფლების დირბის, ავნევის, ხეთაგუროვოს გავლა, შემდგომ ვიმყოფებოდით სოფელ ტბეთში, ცხინვალიდან დაახლოებით სამ-ოთხ კილომეტრში. სადაც 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენს მიმართულებით დაიწყო მასირებული საჰაერო და საარტილერიო შეტევა, რის გამოც ხელმძღვანელობისაგან მივიღეთ – ბრძანება – საბრძოლო პოზიციების დატოვების შესახებ, იმავდროულად გაწყდა კავშირი, როგორც სატელეფონო ასევე რადიოსადგურების მეშვეობით. რის შემდგომაც ყველამ ინდივიდუალურად დავტოვეთ ცხინვალის რეგიონი, ჩვენი ბატალიონის ნაწილი შეიკრიბა სურამთან, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა ბრძოლის ველიდან გამოსვლას.
სურამში შეკრებილი პირადმა შემადგენლობამ მივიღეთ ბრძანება, რომ წავსულიყავით კოჯრის ბატალიონში, სადაც დანარჩენი ბატალიონის წევრებიც შემოგვემატებოდნენ. მინდა გითხრათ,
რომ ბოლოს როინ შავაძე ვნახე 2008 წლის 11 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დროს, მე მასთან ერთად გამოსვლა ვერ მომიხერხდა, ვინაიდან ჩვენი ქვედანაყოფი არეულობის და მასირებული დაბომბვის ფონზე გავიფანტეთ და როგორც მოგახსენეთ, ნაწილ-ნაწილ გამოვედით ბრძოლიდან. ასევე ჩვენ ერთმანეთს კავშირის უქონლობის გამო ვეღარ ვეკონტაქტებოდით.
რამოდენიმე დღეში ჩემთვის ბატალიონის წევრებისაგან ცნობილი გახდა, რომ როინ შავაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით ბათუმში დაუკავებიათ, თუ ვის არ ვიცი. შემდგომ უწამებიათ, მერე ავტომატების ჯერებით დაუცხრილიათ და სასტიკად მოუკლავთ. აღნიშნულმა ფაქტმა ძალიან განმაცვიფრა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, მე როინ შავაძეს წლების განმავლობაში ვიცნობდი, ვმეგობრობდი, ერთად ვიბრძოდით და ჩემთვის დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ მან თითქოს სამშობლოს უღალატა.
რა უთხრა ვანო მერაბიშვილმა „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ გამოძიებას?
ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრი, „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პროკურატურამ 2022 წლის 21 თებერვალს გამოკითხა. რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ვანო მერაბიშვილს კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსთან, თეიმურაზ პატარიძესთან, ასევე დათა ახალიასთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის პერიოდში კუდ-ს ხელმძღვანელობდა? – ამ საკითხზე საუბრით დაუწყია გამომძიებელს შს ყოფილი მინისტრის გამოკითხვა.
„თეიმურაზ პატარიძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, თუმცა რა პერიოდში, ვერ ვიხსენებ. მასთან მაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა… მასთან გამაჩნდა იშვიათი კომუნიკაცია. თუ ვიყავი აჭარაში, მაშინ მხვდებოდა, როგორც დანაყოფის ხელმძღვანელი. რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციას, შეიძლება მქონოდა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებს ვერ ვიხსენებ,“ – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
გამომძიებელი: „თქვენ როგორც იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს რა საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით მოგმართავდათ ხოლმე დათა ახალაია და ასევე მასთან როგორი სახის კომუნიკაცია გაგაჩნდათ?“
ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ სამსახურებრივი საქმეები იხილებოდა ოფიციალური დოკუმენტაციის მეშვეობით, როგორც დათა ახალაიასთან, ისე ნებისმიერი დანაყოფის წარმომადგენელთან. რაც შეეხება სატელეფონო საუბრებს დათა ახალაიასთან და ნებისმიერ სხვა პოლიციის თანამშრომელთან, ძირითადად შემოიფარგლებოდა დაბადების დღის მილოცვით ან სხვა პირადი, მეგობრული საუბრებით.“
გამომძიებელი: „თქვენთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრთან, თუ შემოდიოდა ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომ ისინი სავარაუდოდ თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეც. სამსახურებთან?“
ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ მსგავსი რამე არ მახსენდება. მე თქვენს მიერ დასახელებული სახის ინფორმაცია შეიძლება მიმეღო მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდგომ.“
გამომძიებელი: „2008 წლის 16 აგვისტოს აჭარა-გურიის საზღვართან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მოკლეს სამხედრო მოსამსახურე, მეხუთე ბრიგადის დაზვერვის ოფიცერი როინ შავაძე. თქვენ, როგორც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, რა ინფორმაციას ფლობთ აღნიშნული ფაქტის ირგვლივ?“
ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ აღნიშნულის შესახებ მე ინფორმაცია გავიგე ტელევიზიებიდან 2012 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელისუფლება. მანამდე ხსენებული ფაქტის შესახებ მე არ ვიცოდი.“
გამომძიებელი: „მოკლულ სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის შესახებ თქვენ, როგორც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ფლობდით თუ არა რაიმე სახის ინფორმაციას?“
ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენებთ, რომ როინ შავაძეზე მის სიცოცხლის პერიოდში და მისი გარდაცვალების შემდგომაც არაფერი მსმენია და მასზედ არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია.
გამომძიებელი: „2008 წლის 16 აგვისტოს როინ შავაძის მკვლელობის დღეს დაწყებული იქნა გამოძიება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თუ მოგაწოდეს ინფორმაცია?“
ვანო მერაბიშვილი: „მოგახსენეთ, რომ როინ შავაძის შესახებ როგორც გითხარით არ მსმენია. მის შესახებ გავიგე 2012 წლის შემდგომ და შესაბამისად აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც ჩემი ინფორმირების ფაქტი არ მახსენდება.“
აქ გამომძიებელი ვანო მერაბიშვილს სასამართლო განჩინების საფუძველზე მობილური ტელეფონის ოპერატორიდან ამოღებულ მონაცემებს აწვდის, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილმა 2008 წლის 16 აგვისტოს დათა ახალაიას დაურეკა.
„ხომ ვერ გაიხსენებთ აღნიშნულ სატელეფონო კომუნიკაციის დროს საუბრების შინაარსი ხომ არ ეხებოდა როინ შავაძეს?“ – მიმართა შს ყოფილ მინისტრს გამომძიებელმა.
„მოგახსენებთ, რომ აღნიშნული კომუნიკაციის შინაარსი არ შეეხებოდა როინ შავაძეს,“ – უპასუხა კითხვას ვანო მერაბიშვილმა. მას არ დაუკონკრეტებია, რა თემაზე ესაუბრა ახალაიას, რადგან შავაძის მკვლელობის საკითხზე საუბარი გამორიცხა და თქვა, რომ ეს ახსოვდა.
გამომძიებელი: გამოძიებით, კერძოდ თავდაცვის სამინისტროდან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებული წერილებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს თბილისი- სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალს აკონტროლებდნენ რუსი სამხედროები აჭარიდან თბილისის მიმართულებით ცენტრალური მაგისტრალის გავლით გადაადგილება შეიძლებოდა თუ არა?
ვანო მერაბიშვილი: მოგახსენებთ, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე რამდენად შესაძლებელი იყო გადაადგილება არ ვიცი, მაგრამ იყო ალტერნატიული უსაფრთხო გზა ბათუმი- გოდერძის უღელტეხილი ახალციხე-ახალქალაქი-თბილისის მიმართულებით მარშრუტი.
გამომძიებელი: „ხომ არ გსურთ რაიმეს დამატება?“
ვანო მერაბიშვილი: „დასამატებელი არაფერი მაქვს“
___
ამ თემაზე:
„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე