ხუთი მოქმედი მოსამართლე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 17 ივლისს დაიწყებს.
მოსამართლეები ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე თამარ ხაჟომია, მამუკა წიკლაური, ასევე სახალხო დამცველი იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებენ, რომელიც მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების, საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების წესებს ადგენს, ასევე ადგენს მოსამართლეების საჯაროდ აზრის გამოთქმას.
კონკრეტულად კი, სადავოა ნორმა, რომელიც მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის საფუძვლად მიიჩნევს, მის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმას.
დისციპლინური გადაცდომის ისეთი სახე, როგორიცაა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით, ბუნდოვანია, როგორც შინაარსის, აგრეთვე, რეგულირების ფარგლების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ვერ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს – მიიჩნევენ მოსარჩელეები.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ ფართო მნიშვნელობიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილმა აკრძალვამ და ამ აკრძალვის დარღვევის საპასუხოდ გათვალისწინებულმა პასუხისმგებლობის ფორმამ, შესაძლოა, აიძულოს მოსამართლე, უარი თქვას საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაზე. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი არათანაზომიერად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
რაც შეეხება მივლინებას, სარჩელში აღნიშნულია, რომ არსებული სამართლებრივი რეგულირება არ განსაზღვრავს მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმებსა და პირობებს, არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლის სათანადო ჩართულობას.
ამავდროულად, არაგანჭვრეტადია მივლინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებიც. მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მექანიზმი, სათანადო გარანტიების არარსებობის პირობებში, აჩენს აღნიშნული უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს, რითაც ირღვევა მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპები – მიიჩნევენ მოსარჩელეები.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს მხარი დაუჭირა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას, რასაც ახლა მოსამართლეების ნაწილი სახალხო დამცველთან ერთად ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს.
„პარლამენტმა დაჩქარებულად, სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისა და საკმარისი დისკუსიის გარეშე განიხილა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ უკიდურესად საშიში ცვლილებები. ჩვენი შეფასებით, კანონში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და მართლმსაჯულების განხორციელებას,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის სარჩელში.
ომბუდსმენმა 2022 წლის მაისში მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამართლებრივი ნორმების შესახებ, რომელიც მანამდე ერთი თვით ადრე მოსამართლეებმა გაასაჩივრეს. ამ ორ სარჩელს ერთიანად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო.
სახალხო დამცველის სარჩელის მიხედვით, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით იმ საკითხების არაკონსტიტუციურად ცნობას ვითხოვთ, რომლებიც უაღრესად სახიფათოა მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის და მიმართულია სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გაუარესებისაკენ, კერძოდ:
- გაუარესდა და არაგამჭვირვალე გახდა მოსამართლეთა პირველ და მეორე ინსტანციაში დანიშვნის სისტემა, იქმნება ნიადაგი ინტერესთა კონფლიქტებისთვის, კიდევ მეტად სუსტდება მოსამართლეთა შერჩევა დამსახურების მიხედვით.
- ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა არანებაყოფლობითი მივლინების ვადები და დაემატა ზოგადი და ბუნდოვანი შინაარსის საფუძველი. ასევე, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქვედა ინსტანციაში არანებაყოფლობით მივლინების აკრძალვა, რითაც იქმნება ახალი სადამსჯელო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას მოსამართლეთა მიმართ;
- უკიდურესად გამარტივდა საქმის განხილვისაგან მოსამართლეთა ჩამოცილება და ჩნდება სივრცე მანიპულაციებისთვის, რაც ინდივიდუალურ მოსამართლეზე გავლენის შესაძლებლობას აჩენს;
- მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა მცირდება და ამისათვის საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების ხმა, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში და ადამიანის უფლებების შელახვის რისკებს ზრდის;
- შეიზღუდა მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლით, რომლის განმარტებაც მისი ბუნდოვანების გამო, პრაქტიკაში არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეიცავს;
„იმ შემთხვევაში თუკი დავუშვებთ, რომ გასაჩივრებული ნორმა აკრძალულ ქმედებად მოიაზრებს მოსამართლის მიერ ისეთი აზრის საჯაროდ დაფიქსირებას, რომელიც მიზნად არ ისახავს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერას, არ წარმოადგენს პირადი პოლიტიკური/პარტიული პრეფერენციის დეკლარაციას, არამედ პოლიტიკურთან ერთად გააჩნია ზოგადსაკაცობრიო და სოციალური განზომილებაც, სახეზეა თანაზომიერების პრინციპის დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. თავისთავად ლეგიტიმური მიზნის არსებობა საკმარისი არ არის უფლებისმზღუდავი ნორმის კონსტიტუციურობის სამტკიცებლად, თანაზომიერების ტესტის მეორე კომპონენტის მოთხოვნაა, რომ არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვას შორის,“ – აღნიშნავენ სარჩელში მოსამართლეები. ვრცელ სარჩელში მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლების კუთხით შეგხვდებათ აშშ-ს და გერმანიის მაგალითი:
„საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში სადავო არ არის, რომ განსხვავებით ფიზიკური პირებისგან, მოსამართლის მიერ პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოხატვა განსაკუთრებულ რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს,“ – ვკითხულობთ მოსამართლეების სარჩელში. – მიუხედავად ამისა, მოსამართლის თავისუფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს ვიწროდ-მიზანმიმართული, ცხადი კანონმდებლობით, რათა რეგულირებამ მსუსხავი ეფექტი არ იქონიოს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეთა ქცევის კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მოსამართლეს ეკრძალება:
- იმოქმედოს, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის [პარტიის ან მასთან აფილირებული ნებისმიერი ორგანიზაციის] ლიდერმა ან თანამშრომელმა.
- გააკეთოს პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ განცხადებები.
- დააფინანსოს პოლიტიკური პარტია [მასთან აფილირებული ორგანიზაცია] ან ისარგებლოს პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სერვისით.
- დაიკავოს მოსამართლეობის თანამდებობა, თუკი იგი პარალელურად იყრის კენჭს ნებისმიერი სხვა პოსტის დასაკავებლად.
- ჩაერთოს ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობაში.
გერმანიაში სასამართლოს შესახებ გერმანიის აქტის 39-ე მუხლის თანახმად, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ასევე მის მიღმა მოსამართლე შეიძლება ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობაში იმდენად, რამდენადაც, ეს მის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას არ შელახავს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეში Baka v. Hungary, მოსამართლე დაითხოვეს უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის პოსტიდან იმ მიზეზის გამო, რომ მან დააფიქსირა საკუთარი პოზიციები იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა. მისი განმარტებით: „აღიარებულია, რომ სასამართლო სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია… სასამართლო ხელისუფლებას გააჩნია განსაკუთრებული როლი საზოგადოებაში, იგი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულების – სამართლიანობის გარანტორია.
საზოგადოების მხრიდან მოსამართლის მიუკერძოებლობის აღქმა, მოსამართლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. თუმცა, ამავდროულად, სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების დანაწილების პრინციპისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. გამომდინარე აქედან, სასამართლოს შეფასებით, ნებისმიერი ჩარევა მოსამართლის თავისუფლებაში მკაცრ შემოწმებას საჭიროებს. მეტიც, ისეთი საკითხები, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებას, საჯარო ინტერესის მატარებელია, რაც, თავის მხრივ, განსაკუთრებული დაცვის ხარისხით სარგებლობს კონვენციის მე-10 მუხლის მიზნებისთვის.
იმ შემთხვევაშიც თუკი საკითხს, რომელზეც მოსამართლე პოზიციას აფიქსირებს, პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია, ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მოსამართლეს ავუკრძალოთ აღნიშნულ საკითხზე მოსაზრების დაფიქსირება,“- ვკითხულობთ სარჩელში.






