ზელენსკი: უკრაინული „ფლამინგოები“ ჩებოქსარის ქარხანაში მიფრინდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 5 მაისის ღამეს, რუსეთში, ჩებოქსარიში,  სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანას დაარტყეს.

„გასულ ღამეს, შეიარაღებული ძალების ოპერაცია Deep Strike-ის ფარგლებში, განხორციელდა ფრთოსანი რაკეტების, F-5 Flamingo-ს საბრძოლო გაშვება მოწინააღმდეგის რამდენიმე სამიზნის, კერძოდ კი, ჩებოქსარიში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტების მიმართულებით“ – წერს ზელენსკი.

„ფლამინგო“ უკრაინული რაკეტაა. ზელენსკი წერს, რომ რაკეტებმა 1500 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს.

მედიის ცნობით, ჩებოქსარის ქარხანა აწვდის სანავიგაციო ელემენტებს რუსეთის საზღვაო ფლოტს, სარაკეტო მრეწველობას, ავიაციასა და ჯავშანტექნიკას, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

„რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და რეალურ დიპლომატიაზე გადავიდეს. ჩვენ ჩვენი შეთავაზება გავაკეთეთ. დიდება უკრაინას!“ – წერს ზელენსკი.

მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დრონი მოხვდა კორპუსის შენობასაც, რამაც აფეთქება გამოიწვია.

რუსული მედიის ცნობით, ჩებოქსარში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, შეძლებისდაგვარად, სახლში დარჩნენ და ქალაქში გადაადგილება შეზღუდონ.

_________

მთავარ ფოტოზე: კადრები ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეომასალიდან.

რა მოხდა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების პროცესზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 15 პირი. დღეს, 5 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

„არ ვცნობ თავს დამნაშავედ“- ერთი და იმავე ფრაზით უპასუხა თხუთმეტივე ბრალდებულმა მოსამართლეს, რომელმაც ბრალის გაცნობის შემდეგ თითოეულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში?

ადვოკატების მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს კავშირს “ქურდულ სამყაროსთან”.

საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი, რომლებიც, ადვოკატების თქმით, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი – თამარ მიქელაძე ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა გელა გელაძემ 17 მარტს.

„თქვენ ფეხზე იმიტომ ხომ არ დგახართ, რომ ადგილი არ გყოფნით?”- ბრალდებულისთვის გამოყოფილ პატარა სივრცეში გამოკეტილ ბრალდებულებს გახედა მოსამართლემ, ხოლო გადავსებულ დარბაზს მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„არა, ბევრი გვიწევს ჯდომა, გვირჩევნია ვიდგეთ“, – უპასუხა მოსამართლეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა.

პროცესს არ დასწრებია ერთ-ერთი ბრალდებული რეზო მ. მოსამართლემ თქვა, რომ წარმოდგენილი ცნობით, მან ბადრაგირებაზე, ასევე დისტანციურ ჩართვაზე უარი თქვა.

„მე მივიღე მისი წერილი, რომ შიმშილობას აცხადებს“ – აღნიშნა ადვოკატმა პაატა შავაძემ.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა და სადავოდ მიჩნევა მოითხოვეს ადვოკატებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე არსებითი განხილვის სხდომაზე მოუსმენს თითოეულ მოწმეს.

ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება არ განიხილება. პროკურორმა თემურ გურამიშვილმა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

„500-500 ლარობით ვალს უხდიდა, ამაზეა საუბარი, ტაქსისტობდა… მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ჩვენება მივცეთ“, – პროკურორს გახედა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის გათავისუფლება 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.

ადვოკატ თენგიზ კახიძის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული კი მეზღვაურია. ადვოკატის თქმით, ის რეისში მიდიოდა და ქურდულ შეკრებას კი არ დაესწრო, არამედ „თავმოყრილ ხალხს“ შეხვდა და დაემშვიდობა.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რაიმე ინტერესი ჰქონოდა და დასწრებოდა მსგავს ღონისძიებას“, – განმარტა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაზე“და ბრალდებულის გათავისუფლება 5 ათასი ლარის სანაცვლოდ მოითხოვა.

„რომელი კანონიერი ქურდის დავალებას ასრულებდა? საიდან დგინდება, რომ ქურდული სამყაროს წევრია?“ – აღნიშნა ბრალდებულია გია ლ.-ს ადვოკატმა. მისი თქმით, ფარული ჩანაწერებითაც არ დასტურდება ის, რომ ბრალდებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.

ამ საქმეზე დაკავებული ბრალდებულების საქმის განხილვა რამდენიმე ნაწილად იმართება, მათ შორის, 30 ბრალდებულის საქმე განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დღეს ამ დიდი საქმიდან 15 ბრალდებულის საქმეზე შედგა წინასასამართლო სხდომა.

___

ამ თემაზე:

ძმები წულუკიძეები დააკავეს

 

“ორი უტვინო რუსოფობის დიალოგი” – მედვედევი ფაშინიანი-ზელენსკის შეხვედრაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე ერევანში გამართული ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრას „ორი უტვინო რუსოფობის“ შეხვედრა უწოდა.

„დღეს ერევანში შეხვდა ორი უტვინო რუსოფობი, რომლებიც შესანიშნავად საუბრობენ რუსულად, თავიანთი არასრულფასოვნების გამო ცუდი ინგლისურით საუბრობდნენ. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ეს კამერებისთვის იყო, შემდეგ კი ჩვეულებრივ, მათთვის ჩვეულ და დიად ენაზე გააგრძელეს საუბარი“, – დაწერა მედვედევმა.

მანვე ირონიულად დაწერა, რომ შეხვედრას მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვანსი აკლდნენ, რათა „უმეცრებისთვის“ ინგლისური ენის ცოდნაში გამოცდა ჩაებარებინათ.

4 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ლიდერები სომხეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ჩავიდნენ. იმავე დღეს ზელენსკიმ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკებები ინგლისურ ენაზე გამართეს.

მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოში ზელენსკის მონაწილეობით გამართული სამიტი „ერევანში შეკრებად“ მოიხსენიეს.

ბათუმში სანდასუფთავების მანქანა ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სანდასუფთავების სატვირთო ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 5 მაისს მოხდა.

ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

„ჩვენ მივდივართ ივანიშვილის სახლთან“ – მშობლების პროტესტი

ხვალ, 6 მაისს კი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, წამლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.

დღეს კი მათ საპასუხოდ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა:  „გონივრული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ყველა რისკ-ფაქტორი გათვალისწინებული, მათ შორის „ფარმაცევტული მაფიის“ ინტერესები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“.

მშობლები 15 დღეზე მეტია, მთავრობის კანცელარიის ეზოში მართავენ აქციას და მოითხოვენ მათი შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათი არასრულწლოვანი შვილების გადასარჩენად.

მშობლებს, შვილებთან ერთად უწევთ ქუჩაში დღე და ღამე ყოფნა იმისთვის, რომ წამალი მიიღონ. თუმცა, როგორც მშობლები აცხადებენ, „ოცნების“ ხელისუფლება სრულ გულგრილობას იჩენს, როგორც მშობლების, ასევე ბავშვების მიმართ.

ქუჩაში მყოფ მშობლებს პოლიცია არ აძლევს პუფების გამოყენების უფლებასაც კი. მშობლებს ბეტონის ბორდიურებზე უწევთ ყოფნა.

კახა წიქარიშვილიც სხვა მშობლებთან ერთად იბრძვის საკუთარი და სხვისი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

„ჩვენ დავიწყეთ აქცია ჯანდაცვის სამინისტროდან, შემდგომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯანდაცვის მინისტრი ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას და გადავინაცვლეთ კანცელარიასთან, ვინაიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მთავრობის ადმინისტრაციის მიერ და ვითხოვდით ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას უკვე ერთ თვეზე მეტია, მაგრამ ირაკლი კობახიძე არ გვხვდება.

შესაბამისად, შემდგომი ლოკაცია არის ბიძინა ივანიშვილი. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიმღები პირი, ამიტომ მის სახლთანაც ჩავატარებთ აქციას. ვისაც შეუძლია გადაწყვეტილებაზე მოახდინოს ზეგავლენა, ყველგან შეიძლება ჩავატაროთ აქცია.

გვინდა ივანიშვილს ვუთხრათ, რომ ის მოვიდა ხელისუფლებაში ქველმოქმედის სახელით. დღეს ასი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია და ამ ბავშვებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. ივანიშვილი არის პირი, ვისაც სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებაზე ზემოქმედება შეუძლია.

მას შევახსენებთ, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მუდმივად ვერ იქნება და ვერც ივანიშვილი ვერ იქნება მუდმივად ხელისუფლებაში. ამიტომ, უმჯობესია თავისი რეპუტაცია, თუნდაც იმ კუთხით მაინც შეინარჩუნოს, რომ არ გაწიროს ეს ბავშვები დასაღუპად“, – ამბობს კახა წიქარიშვილი.

მშობლები ითხოვენ წამალს შვილებისთვის/ფოტო: ნეტგაზეთი

მისი თქმით, სწორედ მან შექმნა ასეთი სისტემა, ამიტომაც უწევთ მშობლებს ივანიშვილისთვის დახმარების თხოვნა.

„როდესაც ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო, პარლამენტი, არსებობს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაცია და სახელმწიფო ბიუჯეტი ამ უწყებების ხელშია, ივანიშვილთან არ უნდა გვიწევდეს მისვლა. მაგრამ სწორედ მან შექმნა სახელმწიფო სისტემა, რომელიც ძალიან შორს არის დემოკრატიისგან. ფაქტობრივად, ერთი კაცის ხელშია მოქცეული და ეს ყველამ იცის ამ ქვეყანაში. ამიტომ მივდივართ ამ ადამიანთან, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა.

გასაგებია, რომ ხელისუფლებას არ უნდა ხმაური, არ უნდათ, რომ ამ ფორმით მოახდინონ ადამიანებმა ზეგავლენა პოლიტიკურ ნებაზე, თუმცა არც ხმაურის გარეშე უნდათ ჩვენი შვილებისთვის წამლის შემოტანა.

მშობლებს გვქონდა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება. ვინაიდან არანაირი შედეგი არ გამოიღო ამან, ამიტომ გადავედით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებაზე, გადავედით ქუჩის აქციებზე. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ხალხი არის ძალაუფლების წყარო, გადაწყვეტილებას თუ მიიღებს ხალხი, მაშინ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს.

შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხმა – მოქალაქეებმა ერთობლივად შემოუძახონ ხელისუფლებას და უთხრან, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხალხია დავალების მიმცემი და ხელისუფლება არის დავალების შემსრულებელი.

თუ ხალხმა მისცა დავალება, რომ ეს ბავშვები გადასარჩენია, მაშინ ხელისუფლებამ ეს დავალება უნდა შეასრულოს და თუ არ შეასრულებს, ის დაკარგავს ყველანაირ ძალაუფლებას“, – ამბობს დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი.

მოსკოვში მობილური ინტერნეტი გათიშეს უკრაინული დრონების თავდასხმის ასარიდებლად

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში, მობილური ინტერნეტი დაბლოკეს. როგორც ქვეყნის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრო აცხადებს, ეს დროებითი ღონისძიებაა და სახლის ინტერნეტი და Wi-Fi მუშაობს.

შეზღუდვა უკავშირდება 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებას.

რუსული პროპაგანდისტული მედია სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვსა და რუსეთის რეგიონებში ინტერნეტი შეზღუდულია უსაფრთხოების გამო, მათ შორის უკრაინული დრონების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, რადგან მობილური ინტერნეტის გათიშვა დრონების დამიზნების სიზუსტეს ამცირებს.

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტის გათიშვის შესახებ რუსეთში დღეს, 5 მაისს განაცხადეს. მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში მიუწვდომელია ის ინტერნეტრესურსებიც კი, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეფერხებების დროს. შეუძლებელია მობილური ქსელებით ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაც.

რუსეთში ინტერნეტისა და სოცქსელების შეზღუდვის საკითხი ბოლო ერთი თვე განსაკუთრებით აქტუალურია და საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს.

ბათუმსა და თბილისს შორის რკინიგზით მგზავრობა 4 საათამდე შემცირდება – „ოცნების“ დაპირება

დღეს, 5 მაისს, საქართველოს რკინიგზაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იგეგმება საქართველოს რკინიგზის სრული მოდერნიზაცია.

ამავე პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმი, თბილისი-ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია.

„შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე“- განაცხადა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა საქართველოს რკინიგზაში დაგეგმილ ცვლილებებსა და ოპტიმიზაციაზე. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზაში 1000 საშტატო ერთეული შემცირდა, რის შედეგადაც დაიზოგა 24 მილიონი ლარი.

მისი თქმით, დაგეგმილია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრული განახლებაც.

„50 ახალი ლოკომოტივი და 1500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი „საქართველოს რკინიგზის“ მიერ. განხორციელდება რკინიგზის სადგურების და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია და დაინერგება თანამედროვე, ავტომატიზებული მართვის სისტემები. აშენდება ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18 კმ-იანი რკინიგზა“ – განაცხადა კობახიძემ.

პრეზენტაციის მიხედვით, 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატებით, სრულად მოდერნიზდება სამგზავრო პარკი და „ყველა არსებულ მიმართულებაზე იმოძრავებს თანამედროვე სტანდარტების მქონე მატარებელი“.

რა უპირატესობები აქვს აეროგრილს ღუმელთან შედარებით

ბოლო წლებში აეროგრილმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ცხელი ჰაერის ცირკულაციით, მარტივად და სწრაფად, ამზადებს საკვებს და ტრადიციულ ღუმელთან შედარებით ხშირად უფრო პრაქტიკულიც არის. საინტერესოა, რა უპირატესობები აქვს აეროგრილს კლასიკურ ღუმელთან შედარებით და ყოველდღიურობაში რომელი არჩევანია უკეთესი. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, აეროგრილსა და ღუმელს შორის განსხვავებებს და გავარკვევთ, ზუსტად რატომ სჯობს ერთი მეორეს. 

როგორ მუშაობს აეროგრილი

აეროგრილი კომპაქტური სამზარეულოს მოწყობილობაა, რომელიც საკვებს ცხელი ჰაერის ინტენსიური ცირკულაციით ამზადებს. მის შიგნით განთავსებულია გამათბობელი ელემენტი და ვენტილატორი, რომელიც სიცხეს თანაბრად ანაწილებს. შედეგად, საკვების ზედაპირი ხდება ხრაშუნა, შიგნით კი რჩება ნაზი და წვნიანი სტრუქტურა. აეროგრილს ხშირად ნაკლები ზეთი სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ შეწვას ან ღუმელში მომზადებას. ის სწრაფად ცხელდება და წინასწარ ჩართვა და გათბობა არ სჭირდება, რაც დროსა და ენერგიას ზოგავს და ყოველდღიურობას ამარტივებს.

თუ ახალი აეროგრილის შეძენას აპირებ, Extra.ge-ზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს. აქ ყველაზე ხარისხიან მოდელებს, ხელმისაწვდომ ფასად, შეხვდები. Extra.ge-ზე სასურველ პროდუქციას, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და სწრაფად, შეიძენთ. 

აეროგრილი vs ღუმელი

რა უპირატესობები აქვს აეროგრილს ღუმელთან შედარებით? ამის გასაგებად, მნიშვნელოვანია გავიგოთ: რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს, როგორი შედეგები აქვს და რამდენად კომფორტულია მისი მოვლა. ქვემოთ ამ მთავარ განსხვავებებს დეტალურად განვიხილავთ, რათა უკეთ გადაწყვიტო, რომელი მოწყობილობა შეესაბამება შენს საჭიროებებს.

დრო და ენერგომოხმარება

აეროგრილი, როგორც წესი, გაცილებით სწრაფად ცხელდება, რადგან მცირე მოცულობისაა და ცხელი ჰაერი ინტენსიურად ცირკულირებს. ეს ნიშნავს, რომ, ღუმელისგან განსხვავებით, წინასწარი გათბობის დრო არ გჭირდება და საკვების მოსამზადებლად ნაკლები დრო გეხარჯება. იგივე კერძისთვის ღუმელს უფრო მეტი დრო და ზოგჯერ მეტი ენერგია ეხარჯება. ყოველდღიურ რიტმში ეს დიდი კომფორტია. სწრაფად ამზადებ, ნაკლებ დროს ხარჯავ და პროცესიც უფრო მარტივდება.

ჯანსაღი საკვების მომზადება

აეროგრილი, ზეთის გარეშე, გაძლევთ საშუალებას მოამზადოთ ხრაშუნა და გემრიელი საკვები. ზეთის გარეშე მომზადება უდიდესი უპირატესობაა, რადგან მეტ სიჯანსაღეს ნიშნავს. ცხელი ჰაერი კერძს ყველა მხრიდან თანაბრად ეცემა, რის გამოც ზეთში შეწვა საჭირო აღარაა. შედეგად, იგივე გემო და ტექსტურა მიიღება შედარებით მსუბუქი ფორმით. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი აეროგრილს უფრო ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევს.

კომფორტი, კომპაქტურობა და მოვლა

აეროგრილი კომპაქტური მოწყობილობაა და ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად მოათავსებ, რაც პატარა სამზარეულოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღუმელი ბევრად მეტ სივრცეს იკავებს და ხშირად რთულია მისთვის ადგილის პოვნა.

აეროგრილის გაწმენდა, ღუმელისგან განსხვავებით, როგორც წესი, სწრაფი და მარტივია, ბევრ მოდელს ისეთ მასალები აქვს, რომლებიც ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც კი გაირეცხება. 

შეჯამება

აეროგრილი ტრადიციულ ღუმელთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში, უფრო მოსახერხებელი და ენერგოეფექტური არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფად და ნაკლები ზეთით გინდა გემრიელი კერძების მომზადება. მცირე ზომისა და მოვლის სიმარტივის წყალობით, იგი ყოველდღიურ ყოფას ამარტივებს და კერძის მომზადებას უფრო მარტივ პროცესად აქცევს. თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც შენს საჭიროებებსა და სივრცეზეა დამოკიდებული, ზოგ სიტუაციაში ღუმელიც დაუვიწყარი დამხმარეა. მთავარია, ის მოწყობილობა აირჩიო, რომელიც შენს რიტმსა და ცხოვრების სტილს უკეთ ერგება.

როდის დათბება ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
    ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, აჭარაში ჰაერის ტემპერატურა 9 მაისიდან მოიმატებს და კვირის ბოლოს, 10-11 მაისს, 20-23 გრადუსამდე გათბება.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში წერეთლის ქუჩის გადაკეტვის გამო იცვლება ავტობუსების მარშრუტები

ბათუმის მერიის განცხადებით, 5 მაისიდან 21 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში.

„შეზღუდვა დაკავშირებულია იმედაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც იმედაშვილისა და ბაქოს ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება“- აცხადებს ქალაქის მერია.

შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შედის მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო მიმართულებებში:

  • №1 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა;
  • №1ა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა;
  • №4 – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;
  • №7 – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სულაბერიძის ქუჩა;
  • №7ა – სულაბერიძის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა;
  • №8 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა;
  • №11 – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სოხუმის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;
  • №12, №16 და №19 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

ასევე, შეიცვლება მიკროავტობუსების მოძრაობის მარშრუტები:

№21, №22, №26, №26ა, №33, №35 და №37 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

5 მაისიდან 21 მაისამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 336 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 917 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 510 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 41 386 ერთეული [+80]
  • MLRS – 1 770 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 361 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 274 030 ერთეული [+1 968]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 320 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 94 030 ერთეული [+206]
  • სპეცტექნიკა – 4 170 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 584 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ზელენსკი ერევანში ჩავიდა

კიევი: გამოვლენილია რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც ქართველებიც შედიოდნენ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ფორმულას“ ცნობით, მათი მაყურებლების ნაწილს შეუწყდა არხის მაუწყებლობა

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ არხის მაუწყებლობა მათი მაყურებლების ნაწილს შეუწყდა.

ტელეკომპანიამ განცხადება დღეს, 4 მაისს, საღამოს გაავრცელა.

„გვსურს, შევატყობინოთ „ფორმულას“ მაყურებელს, რომ არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს.

მიზეზი არის დავალიანება კომპანია „სტერეო პლიუსის“ მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს.

არხის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე, რათა მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს“ – წერს „ფორმულა“.

ამავე დროს, ტელეკომპანია მაყურებლებს მხარდაჭერას სთხოვს:

ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ტელეკომპანია ფორმულას დონაციის გზით. გმადლობთ ნდობისა და თანადგომისთვის.
ანგარიშის ნომერი: GE32TB7843845067800005“.

 

შევეგუეთ ადამიანების დაპატიმრებას ტროტუარზე დგომის გამო? – ინტერვიუ

გასულ კვირას, 24 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, ტროტუარზე დგომის გამო საქართველოს 4 მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.

ოთხივე საქმე ორმა მოსამართლემ განიხილა – ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ. ეს მოსამართლეები ტროტუარის საქმეებს ყველაზე ხშირად განიხილავენ. მოსამართლეებმა ყველა შემთხვევაში სასჯელის ზომად პატიმრობა გამოიყენეს.

  • ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულები

სამოქალაქო აქტივისტს, ანი ჩრდილელს, 24 აპრილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გზის გადაკეტვის საბაბით.

ოფიციალურად, შს სამინისტრო ანი ჩრდილელს 7 მარტს, მარშის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წინ ბასლაინზე დგომას ედავებოდა და ამტკიცებდა, რომ ის გზას კეტავდა.

შსს არ უარყოფდა, რომ მარშის შესახებ ადმინისტრაციული ორგანო გაფრთხილებული იყო. მანქანების გადაადგილება რუსთაველის გამზირზე მაგ დროს დემონსტრანტებს, მათ შორის ანი ჩრდილელს, არ შეუზღუდავთ, ქუჩა არ გადაუკეტავთ. შსს ამტკიცებდა, რომ დემონსტრანტებს ბასლაინი ჰქონდათ ათვისებული და ნაწილობრივ აფერხებდნენ გადაადგილებას.

შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მითითებები მისმა უწყებამ საიტზე გამოაქვეყნა. კერძოდ, ის, რომ მარშის დასრულებისთანავე, მოქალაქეები უნდა გადასულიყვნენ საფეხმავლო გზაზე.

29 აპრილს სამი შვილის დედას, ინგა ბუაძეს 7 თებერვლის მარშზე გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

29 აპრილის დილას მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კიდევ ერთი დემონსტრანტის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

მოქალაქე ია მღებრიშვილი მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამო.

29 აპრილს გაასამართლეს გიო ჩაჩანიძეც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, გიო ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, პარლამენტის წინ 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომით ფეხითმოსიარულეთა ხელოვნურად შეფერხების საბაბით.

29 აპრილსავე საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

სახალხო დამცველის ამიკუსი შეეხება ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულ მოქალაქეებს.

„ბოლო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებებისა და სხვადასხვა ღია საინფორმაციო წყაროებით დასტურდება, რომ საერთო სასამართლოები ამ საფუძვლით დიდი ოდენობის საქმეებს განიხილავენ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ამიკუსის შესავალში.

რეპრესიული ცვლილებები რამდენიმე კანონში 2025 წლის დეკემბერში შევიდა. სწორედ ამ ცვლილებების წყალობით, მოსამართლეები „კანონიერად“ ასამართლებენ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო.

საქართველოს ათობით მოქალაქეს აქვს უკვე ადმინისტრაციული ჯარიმა დაკისრებული ტროტუარზე დგომის გამო და ათობით მოქალაქეს აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა მოხდილი, ქვეყნის სხვადასხვა იზოლატორში, ტროტუარზე დგომის გამო.

როგორ მოხდა, რომ საზოგადოება თითქოს შეეგუა იმ ფაქტს, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და ამაზე ისეთი მძაფრი რეაქცია აღარ აქვს, როგორც პირველ ეტაპზე ჰქონდა, როდესაც რეპრესიული კანონის აღსრულება დაიწყეს? – ვკითხეთ ფილოსოფოსს ლევან ღამბაშიძეს.

„შეგუება ადამიანისთვის, პრინციპში ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, ძალიან ბუნებრივი რამეა, ჩვენი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია შეგუება. ნებისმიერ ცვლილებასთან, რაც არ უნდა ტრავმული იყოს, ადამიანი ადაპტაციას ახერხებს.

ის, რაც შეიძლება თავის დროზე აღშფოთების საფუძველი იყო, დროთა განმავლობაში ნორმალიზდება. არა მარტო საქართველოში, ძალიან ბევრ საზოგადოებას აქვს იგივე გამოცდილი აქვს – ყველგან, სადაც დიქტატურა ნელ-ნელა ყალიბდებოდა, იგივე პროცესი აქვთ გავლილი, იქნება ეს ნაცისტური გერმანია თუ საბჭოთა კავშირი.

ვფიქრობ, გაკვირვების ნაცვლად, სხვა კითხვა უნდა დაისვას – რას ვაკეთებთ ამ ახალ მოცემულობაში?

ვიტყვით – „რას იზამ, ეს გახდა ჩვენი ცხოვრება და ასე იქნება“, თუ ვიტყვით – „კი, ეს ცვლილება მოხდა, მაგრამ აუცილებელია ყველაფერი დავაბრუნოთ იმ წერტილზე, როდესაც ქვეყანაში ცხოვრება უფრო მისაღები იყო“?!

ხალხი რომ ისევ გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს, ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ის, რომ ჩვენ უფრო გულგრილები ვართ რეჟიმის ძალადობრივი ქმედებების მიმართ.

რუსეთის შემთხვევა რომ ავიღოთ, რუსეთში შეეგუვნენ და სახლში შევიდნენ. იქ აღიარეს, რომ ამ ეტაპზე პუტინის რეჟიმს ვერ გადატეხენ, აღიარეს, რომ პოლიტიკოსები შეიძლება ციხეში მოკლან, რომ აქციის გამართვა აკრძალულია… ყველაფერი, რაც შეიძლება უბედურება სჭირდეს მოქალაქეს რუსეთში, სჭირთ და ხალხი ამას არ აპროტესტებს.

ორი პარალელური პროცესი, შეგუება და პროტესტი ერთდროულად რომ არის საქართველოში, ეს კარგი მგონია. უფრო ამაზე ვფოკუსირდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა მოცემულობად აღვიქვამთ, რომ რეჟიმი ისეთი ბრუტალურია როგორიც არის, მის წინააღმდეგ მაინც ძალიან ბევრი მოქალაქე გამოხატავს თავის უკმაყოფილებას და ეს კარგია.

ლევან ღამბაშიძე
  • როგორ ფიქრობთ, ეს შეგუება გადარჩენის სტრატეგიაა, თავისუფლების ნელ-ნელა დათმობა თუ შეგუება და თან არდანებება?

თითოეულმა ადამიანმა, ვინც რუსთაველზე დგას, იცის, რომ ეს შედეგი შეიძლება დადგეს, შეიძლება დაგაკავონ. ანუ ეს არ არის, რომ ვიღაცას რაღაც დაემართა და მე არ დამემართება.

ამ შეგუებაში მე უფრო ვხედავ იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთის უფლებას, ავირჩიოთ ბრძოლის მეთოდები.

მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ციხეში არიან ქუჩაში დგომის გამო, ჩემთვის არიან მისაბაძი ადამიანები. მე გულგრილი კი არ ვარ მათი დაკავების მიმართ, უბრალოდ ვაღიარებ მათ უფლებას, რომ ის გზა აირჩიეს, რომელიც აირჩიეს და რომელიც მეც არჩეული მაქვს.

აქციის მონაწილეები ერთმანეთის ავტონომიურობას ვაღიარებთ და ეს „არ შეცოდება“ ან „არ გაბრაზება“ იმას არ ნიშნავს, რომ ისე არ განვიცდით ერთმანეთის ამბავს, როგორც ადრე განვიცდიდით.

ამიტომ მე ამ შეგუებას ნეგატიურად არ აღვიქვამ, უფრო პირიქით. ეს ემოციური გაციება ერთის მხრივ ახასიათებს იმას, რომ როცა ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ხდება, ფიზიკურად აღარ შეგიძლია ყველაფერზე თანაბრად ემოციური რეაქცია გქონდეს.

მეორეს მხრივ, მე ამ ბრძოლაში მყოფი ადამიანები აღმაფრთოვანებენ. შემიძლია მხარდაჭერა გამოვუცხადო მათ იმის ნაცვლად, რომ თავზე ნაცარი დავიყარო და ვთქვა – „ეს რეჟიმი რას გვიშვრება“.

კი, რეჟიმი გვთრგუნავს, ცდილობს დაგვაშინოს, იძალადოს ჩვენზე, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი ადამიანი ციხეში ხვდება, ჩემთვის ეს არის ჩვენი სიმტკიცის, ერთიანობის სიმტკიცის გამარჯვება რეჟიმზე სინამდვილეში. როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ რაღაცნაირად ამაყი ვარ ერთის მხრივ, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ და მეორეს მხრივ ვგრძნობ, რომ სანამ ასეთი ხალხი არსებობს, არც შეგუება მოხდება და რეჟიმის გამარჯვებაც ძალიან შორს არის.

  • და ამ დროს რა ემართება საჯარო სივრცეს, როცა იქ ყოფნა, დგომა დაკავების პოტენციურ რისკად იქცევა? სწორედ საჯარო სივრცეში დგომის გამო არიან დაკავებული ეს ადამიანები.

ნებისმიერ რეჟიმს, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, უნდა რომ მიიტაცოს მთელი საჯარო სივრცე, იმიტომ რომ მარტივი ლოგიკაა – არსებობს ის, რაც ჩანს და რაც არ ჩანს – ის არ არსებობს.

შესაბამისად, რეჟიმი ცდილობს, ადამიანები უბრალოდ გააქროს და ამით შექმნას ილუზია, რომ უკმაყოფილება ქვეყანაში არ არსებობს.

ხელოვნური პროცესია, უკმაყოფილება სინამდვილეში აკუმულირდება და რეჟიმები ამას ვერ ხვდებიან ხოლმე. ჰგონიათ, რომ როცა ხალხი ქუჩაში არ დგას და არ აპროტესტებს, ყველაფერი კარგად არის და მათ ძალაუფლებას საფრთხე არ ემუქრება.

სინამდვილეში ბევრად უფრო საშიშია საზოგადოება, რომელიც წინააღმდეგობის იმპულსს თავის თავში ჩუმად ინახავს, იმიტომ, რომ როდის აფეთქდება და რა ფორმით აფეთქდება, არავინ იცის.

დემოკრატიული საზოგადოების მთელი არსი არის ის, რომ მოქალაქე არსებობს იმდენად, რამდენადაც ის არსებობს საჯაროდ, ანუ საჯაროდ შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა, საკუთარი არსებობის დაფიქსირება, საკუთარი აზრის გამოხატვა.

მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, ხალხი მაინც ქუჩაშია, ხალხი მაინც საკუთარ აზრს გამოხატავს. რაღაც სივრცეებში მიაღწიეს თითქოს მორჩილებას, ვთქვათ, საჯარო სექტორში ხალხი ისე აღარ აქტიურობს, ვიღაცები, ვინც, ვთქვათ, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ადრე აზრს გამოხატავდნენ, მოსამართლეები – დღეს შემცირებულია მსგავსი გამოხატვის შემთხვევები, მაგრამ რუსთაველის ბირთვი, ჯერჯერობით მაინც, ცოცხალია.

ზოგადად, ადამიანს არ აქვს დიდი იმპულსი იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური იყოს ან რამე შეცვალოს სამყაროში. ერთეულებს უფრო აქვთ, ვიდრე მთელ საზოგადოებას ერთად, სანამ ისეთი რამე არ მოხდება, რაც ყველას დისკომფორტს შეუქმნის, მაგალითად – ეკონომიკური პრობლემები.

სამწუხაროდ, ჩვენმა საზოგადოებამ ასე გადაინაწილა როლები, რომ ერთი ნაწილი ყოველთვის გამოხატავს უკმაყოფილებას და მეორე ნაწილი, რომელიც ასევე უკმაყოფილოა, ფიქრობს, რომ სანამ რუსთაველი არის, თვითონ არ უნდა გავიდეს იქ, იმიტომ, რომ სხვა აკეთებს იმას, რასაც თვითონაც უნდა აკეთებდეს.

პრინციპში ესეც ნორმალური პროცესია, იმიტომ, რომ მოსთხოვო ადამიანს 500-ზე მეტი დღის განმავლობაში ერთი და იგივე რაღაც აკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ასე სწრაფად არ დგება, არარაციონალურია. დადგება ეს მომენტი, როდესაც ყველანი ქუჩაში გამოვლენ, მაგრამ ამისთვის, ყოველდღიურად საქმე, სამწუხაროდ, ცოტა ხალხმა უნდა აკეთოს.

კაცობრიობის ისტორიასაც რომ გადახედოთ, ერთეულებს აქვთ ქვეყნისთვის ბევრი რამ გაკეთებული და დიდ ნაწილს ისე აქვს ცხოვრება გალეული, რომ არაფერი გაუკეთებიათ არა მარტო ქვეყნისთვის, მეზობლისთვისაც კი.

ამიტომ ეს გაბრაზება ან საყვედური -„რატომ არ აკეთებთ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“ – არ მგონია სწორი.

ყველა ადამიანის კონტექსტი სხვადასხვაა და ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს, რატომ არ აკეთებს იმას, რასაც არ აკეთებს.

მე პირადად მირჩევნია ვუყურო იმ ხალხს, ვინც პროცესშია, პროტესტშია და იმ ხალხს, ვინც რაღაცას აკეთებს და ამით აღვფრთოვანდე, ვიდრე იმ დანარჩენი ხალხით, რომელიც ამაში არ არის ჩართული.

ანალოგია რომ მოვიყვანოთ, თერგდალეულები უფრო ლამაზი საყურებელია მე-19 საუკუნეში, ვიდრე ის პასიური ხალხი, რომლის შესახებაც არც ვიცით საერთოდ, რომელიც არაფერს არ აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესი გამხდარიყო.

რამდენი იქნებოდნენ თერგდალეულები? და მათშიც კი, ილია ჭავჭავაძე ვიცით და კიდევ რამდენიმე.

ჩვენ ახლა ისტორიულ პროცესს გავდივართ და ეს პროცესი მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც მიმდინარეობდა ყველა დანარჩენი ისტორიული პროცესი.

განსხვავებით სხვა დიქტატორული რეჟიმებისა, საქართველოში ჯერჯერობით საზოგადოება ბოლომდე გადატეხილი არ არის. ეს კარგია.

ასე დანახული სიტუაცია მე თავად მეხმარება იმაში, რომ იმედი არ დავკარგო.

ზოგადად, იმედის საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი. იმაზე არ არის საუბარი, მე მაქვს იმედი, რომ ხვალ გავიღვიძებ და რეჟიმი დასრულდება ან უკან დაიხევს. აქ საუბარი იმაზეა, რომ უბრალოდ სხვანაირად აღარ წარმომიდგენია ცხოვრება, თუ ეს არ გავაკეთე. შეიძლება შედეგს ხვალ ვერ მივაღწიო, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის სწორი, ასე უნდა მოვიქცეთ და ეს მნიშვნელოვანი მიგნება მგონია ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ისევ თერგდალეულები რომ გავიხსენოთ, ილია ჭავჭავაძე რომ იწყებდა საქმიანობას, საერთოდ არ ეგონა, რომ ხვალ შეიცვლებოდა საქართველო და ზეგ ყველა ადამიანს წერა-კითხვა ეცოდინებოდა საქართველოში, მაგრამ შედეგს მიაღწია 40 თუ 50 წლის მერე. რაღაცნაირად, ამ პროცესში ჩვენი თავი ისე უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რაც სწორია, რასაც სინდისი გვკარნახობს და შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ სწორი ქმედება თავად არის უკვე ღირებული.

  • როგორ ხედავთ იმ ქვეყნის მომავალს, სადაც უკანონობა სამართლად დააკანონეს? და როდესაც პროტესტში ჩართული ადამიანები ამბობენ – „ბრძოლა ბოლომდე“, სანამდე შეიძლება იყოს ეს „ბოლომდე“?

ბოლოს გავიგებთ როცა დადგება, მაგას მივხვდებით. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის ბოლო აღარ არსებობს, იმიტომ, რომ როგორც კი რაღაც ცვლილება მოხდება, მოქალაქეები ისეთი გააქტიურებულები არიან, აღარ მგონია, სახლში შევიდნენ.

ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი ასეა. იმედი მაქვს, უკვე ვიცით, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება რეჟიმს, რამდენ ხანს შეუძლია მართოს, სამწუხაროდ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

თუ კარგად დააკვირდებით, ცდილობენ გაათამაშონ კარტი, რომ ევროპულები არიან. თან ევროპაში მიდიან და თან ევროპას აგინებენ. ეს პროცესი ვერ დაალაგეს ჯერჯერობით წესიერად, პირდაპირ თქვან, რომ არიან პრორუსები.

სანამ ეს მათი შირმული პროევროპულობა კიდევ პრობლემაა მათთვის, ანუ სანამ ჯერ კიდევ იძულებულები არიან საზოგადოებას მოატყუონ – „აი, ჩვენ მაინც ევროპელები ვართ“, ეს ნიშნავს, რომ ჩვენია ეს კარტი სინამდვილეში. ჩვენ გვყავს ჩაყენებული ისეთ სიტუაციაში, სადაც მათ თავის მართლება და საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება უწევთ, რომ პროევროპულები არიან.

ვფიქრობ, თვითონაც იციან, რომ თუ ამ ზღვარს გადალახავენ და გადალახავენ ღიად და ალბათ უკვე მალე, შემდეგ უკვე ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღშფოთდება.

მეორე არის ეკონომიკური ფაქტორი. ისევ და ისევ, თუ მსოფლიო ისტორიაში მომხდარ დიდ ცვლილებებს შეხედავთ, ვთქვათ საფრანგეთის ან რუსეთის რევოლუციას, ყოველთვის ეკონომიკური ფაქტორი იყო განმსაზღვრელი.

ადამიანებს პოლიტიკის შესახებ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ვერ ხვდებიან, რომ რეალურად მათი თავისუფლებაა შეზღუდული, როდესაც მათი თანამოქალაქის თავისუფლება იზღუდება. ვერ ხვდებიან, რომ მაგალითად, თუ ტროტუარზე დადგომა აკრძალულია ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, თვითონ დგას თუ არა, მისთვისაც აკრძალულია, ანუ უნდა თუ არ უნდა, მისი თავისუფლებაც შეზღუდულია.

ყველაზე მარტივად პოლიტიკას გრძნობენ ხოლმე ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ და ამიტომ იყო, რომ შიმშილმა აიძულა გამოსულიყო ხალხი საფრანგეთში, რუსეთში.

ამიტომ შექმნეს ფასების კომისია და ამხელა რესურსს ხარჯავს პროპაგანდა. ამტკიცებენ, რომ ყველაფერი რიგზეა, ფასები არ გაქცეულა… ადამიანები ღარიბდებიან, კორუფციაა, ოლიგარქი არ ზრუნავს მოქალაქეებზე, ყველაფერი დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, მაგრამ ცდილობენ ეს კავშირი დამალონ.

არ გამოსდით, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ყველაზე წარუმატებელი რაც იყო, იყო სწორედ ფასების კომისია და კობახიძის ბოლო დროინდელი განცხადება ხორცის ფასებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ თუ პროპაგანდა კარგად იმუშავებს, შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, რომ რუსთაველზე დგანან რადიკალები და ქვეყნის დაქცევა უნდათ, მაგრამ ის არასდროს დაიჯერებს პროპაგანდის ნათქვამ ტყუილს, რომ გერმანიაში თურმე ფასები ბევრად უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში შემოსავალთან მიმართებაში ან ხორცი ღირს 10 ლარი.

ვფიქრობ, ცვლილებებისთვის ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, მათ შორის – საგარეო ფაქტორი. ყოველთვის ასე იყო საქართველოს შემთხვევაში – როგორც კი მოღალატე რეჟიმის ცენტრი სახელმწიფო სუსტდებოდა ხოლმე, უმალ ქვეყნის შიგნით სიტუაცია იცვლებოდა. რუსეთი როგორც კი დასუსტდება, ავტომატურად ქართული რეჟიმიც ბევრ რამეს შეცვლის ჩვენთან, ქვეყნის შიგნით. საგარეო ფაქტორები, პლუს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, პლუს უკმაყოფილების ზრდა, ყველაფერი ერთად რაღაც წერტილში უნდა გაერთიანდეს და დაემთხვეს და მერე უკვე ცვლილებაზე შეგვიძლია რეალურად ვისაუბროთ.

აი, ეს იქნება ბოლო.

______________

მთავარ ფოტოზე: პროტესტი თბილისში, 2026 წლის თებერვალი. ფოტო: ნეტგაზეთი

ევროპის ლიდერები სომხეთში, რა იცვლება საქართველოსთვის? – ინტერვიუ დიპლომატთან

„პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში… აბსოლუტურად ახალი თანამშრომლობის და ურთიერთქმედების პოტენციალი გაიხსნა სამხრეთ კავკასიაში. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საცეცები რეგიონში შეიკვეცება და მისი გავლენები შემცირდება უფრო მეტად. ეს პრაქტიკულად უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს,“ – ამბობს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელსაც სომხეთის სამიტზე ვესაუბრეთ.

ვალერი ჩეჩელაშვილს ვკითხეთ ირაკლი კობახიძის გზავნილზეც: რას ცდილობს ამჯერად ბიძინა ივანიშვილი?

„ერთადერთი არგუმენტი, რაც რჩება დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობას, არის გეოგრაფია. ვერავინ უარყოფს, რომ ეს არის ჩვენი სერიოზული აქტივი, რადგან ერთადერთი ქვეყანა ვართ სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე. ამ უპირატესობით და ამ არგუმენტის ექსპლუატაციით არის დაკავებული ბატონი ირაკლი კობახიძე – პრაქტიკულად სხვა არგუმენტები ხელიდან გამოეცალათ,“ – გვითხრა ირაკლი ჩეჩელაშვილმა.

„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი და საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში.

  • ბატონო ვალერი, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე ერევანში სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა: „8 წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა. ეს ქვეყანა რუსეთის სატელიტად განიხილებოდა“. რა არის ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი ერევნიდან? 

მთავარი გზავნილია ის, რომ მათ სჯერათ სომხეთის და სომხეთის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის, ძალიან სერიოზულად აფასებენ იმ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც სომხეთი უფრო და უფრო შორდება რუსეთს და უახლოვდება ევროკავშირს; მიაჩნიათ ეს ძალიან სერიოზულად და მდგრად პოლიტიკად. მათ სჯერათ ამისი. ამის დადასტურებაა ის მაღალი დონე, რომელიც დელეგაციებმა აჩვენეს დღეს ერევანში და ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება უმაღლეს დონეზე ჩატარებული ევროკავშირ-სომხეთის სამიტი ამ ღონისძიების ფარგლებში.

  • „აბა ომი გინდათ?“ – „ოცნების“ ამ მთავარი პროპაგანდისტული გზავნილის აბსურდულობას აჩვენებს თუ არა ფაშინიანის პოლიტიკა? გიუმრიში ისევაა რუსული სამხედრო ბაზა, ამ დროს ფაშინიანი დგამს თამამ ნაბიჯებს ევროკავშირისკენ… 

რა თქმა უნდა. ფაშინიანის შემთხვევა ცხადი დადასტურებაა იმის, რომ შეიძლება კომპეტენტური საგარეო პოლიტიკის წარმოება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს სომხეთი გაცილებით უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე საქართველო, თუნდაც იმით, რომ არის კუხო-ს და ევრაზიული კავშირის მონაწილე.

სომხეთი ეკონომიკურადაც გაცილებით უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე – საქართველო. ამის მიუხედავად, კარგად გააზრებული, ჩამოყალიბებული და შეწონილი პოლიტიკით სომხეთი აღწევს იმას, რომ პირდაპირ ეუბნება ფაშინიანი პუტინს კრემლში, რომ სომეხი ხალხის გადასაწყვეტი იქნება, როდესაც ეს დრო დადგება, თუ რომელ კავშირთან უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა სომხეთმა – ევრაზიულ კავშირთან, თუ ევროპულ კავშირთან.

უბრალოდ, ვტკბებოდი ფაშინიანის დიალოგით პუტინთან კრემლში, იცით რატომ? – ამას უნდა ძალიან სერიოზული გამბედაობა. საერთოდ, ვინც არის ნამყოფი კრემლში და ვინც დალაპარაკებია კრემლში რუსებს, მან ძალიან კარგად იცის, რომ სერიოზული წნეხია ეს ყოველივე.

ვალერი ჩეჩელაშვილი
  • ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ფაშინიანის პერსონალური გამბედაობა? 

დიახ, ფაშინიანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ეტყობა ყველაფერში, მათ შორის, პოლიტიკურ გამბედაობაში, რომ ადამიანს კარგად აქვს გააზრებული, რას აკეთებს.

როდესაც ვამბობდი, რომ ლაპარაკი რუსებთან რთულია კრემლში მით უმეტეს, მინდა გაგახსენოთ კაია კალასის წინამორბედის, ბატონი ჟოზეფ ბორელის შეხვედრა ლავროვთან – პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა ეს გამოცდილი ევროპელი დიპლომატი ლავროვმა. ენა ჩაყლაპა ბატონმა ბორელმა და უკან სიტყვა ვერ დაუბრუნა.

რა დავინახეთ ჩვენ ფაშინიანის შემთხვევაში? – დავინახეთ საკუთარ თავში დარწმუნებული პოლიტიკოსი. ვფიქრობ, ეს რწმენა იმაზეც არის დამყარებული, რომ ის გრძნობს საკუთარი კურსის მიმართ სომხური საზოგადოების მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, სომხეთმა აირჩია მშვიდობა და თანამშრომლობა მეზობლებთან და იგემა უსაფრთხოების ახალი ხარისხი, კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები, რომელიც ევროპასთან არის დაკავშირებული.

ამ რამდენიმედღიანი სამიტის შემდგომ სრულად ვარ დარწმუნებული, რომ 7 ივნისს ფაშინიანი და მისი პოლიტიკური ძალა უპირობოდ გაიმარჯვებს არჩევნებში. ეს იქნება ძალიან კარგი სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, სრულიად სამხრეთ კავკასიისთვის, ისევე, როგორც ევროკავშირის თანამშრომლობისთვის ჩვენს რეგიონთან.

ფაშინიანმა მოახერხა ლიმიტირება ჰიბრიდული საფრთხეების, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან და გენერირდება რუსეთში. მან მოახერხა ამ ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება ევროპელების მხარდაჭერით – სპეციალური მისია იმუშავებს სომხეთში, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ ვითარებას ფაშინიანის მთავრობა ძალიან კარგად ფლობს, რაც, მათ შორის, გამოიხატა იმ ტონალობაში, რომელიც ჩვენ კრემლში ვიხილეთ ფაშინიანი-პუტინის საუბრის დროს.

  • ირაკლი კობახიძეც ესწრება დღევანდელ სამიტს ერევანში, მან განაცხადა, რომ საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში ამ საკითხებზე იქნება საუბარი. ის ასევე შეხვდა ზელენსკის. რის მიღწევას ცდილობს ამჯერად ივანიშვილი?

ჩვენი საგარეო პოლიტიკა მაინცადამაინც ვერ დაიკვეხნის წარმატებებით, რადგანაც ნებისმიერი საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ  გაამრავლო შენი კეთილმოსურნეების და პარტნიორების, შენი მოკავშირეების რიცხვი და შეამცირო შენდამი ოპოზიციურად და ოპონენტურად განწყობილი სახელმწიფოების რიცხვი.

ჩვენ დავკარგეთ ორი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი: ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ნატო. სამწუხაროდ, ქვეყნები, რომლებიც ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ საქართველოს მიმართ, ისინიც გადავიმტერეთ. გაიხსენეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება რუსთაველზე. თანაც, უნდა ვიქონიოთ მხედველობაში ალექსანდრე სტუბის, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფიგურა, რომელიც ძალიან ავტორიტეტული ლიდერია როგორც ევროპაში, ასევე გამორჩეული ურთიერთობები აქვს ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან.

აი, ეს იყო, მე ვფიქრობ, აპოთეოზი ამ არაკომპეტენტურობის, რომელმაც ძალიან სერიოზულად ავნო საქართველოს ინტერესებს.

აი, ამ ყველაფრის ფონზე, ერთადერთი არგუმენტი, რაც რჩება დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობას, არის გეოგრაფია. ვერავინ უარყოფს, რომ ეს არის ჩვენი სერიოზული აქტივი – ერთადერთი ქვეყანა ვართ სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე. ამ უპირატესობით და ამ არგუმენტის ექსპლუატაციით არის დაკავებული ბატონი ირაკლი კობახიძე. პრაქტიკულად სხვა არგუმენტები ხელიდან გამოეცალათ.

  • რამდენად შეიძლება წონადი გახდეს ეს არგუმენტი, როცა „ოცნებამ“ მოიჭრა გზა ევროკავშირისკენ და დღემდე აქტიურადაა დაკავებული ანტიდასავლური რიტორიკით? 

რიტორიკის შეცვლა კარგი იქნებოდა არამხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ საქართველოსთვის.

გეოგრაფიული ფაქტორი ყოველთვის დარჩება ფაქტორად და მის გამოყენებას ყოველთვის შეეცდება „ქართული ოცნება“, რაც სრულიად გასაგებია და ამას ევროკავშირიც ანგარიშს გაუწევს: ევროკავშირი არის დაინტერესებული სატრანსპორტო, საკომუნიკაციო ხაზების განვითარებით სამხრეთ კავკასიის პოტენციალის გამოყენებით.

კონკრეტული პროექტებია, რომლებიც საქართველოზე გადის – გინდა არ გინდა, ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი, ეს არის ელექტროკაბელის პროგრამა და ასე შემდეგ. ამ პროექტების განხორციელება გაგრძელდება, მაგრამ ის დიდი სიკეთეები, რაც ჩვენ შეიძლება მიგვეღო ევროკავშირისგან – ბოლომდე ამ სიკეთეებს ჩვენ ვერ ვეზიარებით, თუ, რა თქმა უნდა, ევროპასთან არ დავუბრუნდებით სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების ხარისხს.

რაღაც სარგებელს გეოგრაფიული ფაქტორი ნებისმიერ შემთხვევაში მოიტანს ჩვენთვის, მაგალითად, რაც უფრო მეტი გაზი გაივლის ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე, მით უფრო მეტ სარგებელს ვნახავთ. რაც უფრო მეტი ელექტროენერგია მიეწოდება ჩვენი გავლით და, მათ შორის, ჩვენთან გამომუშავებული ელექტროენერგია ევროკავშირის ბაზარს, უფრო მეტი სარგებელი ექნება საქართველოს.

ეს არის კონკრეტული პროექტებიდან მიღებული სარგებელი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გენერაციაში ვერ გადაიზრდება ეს ყოველივე, რადგან ურთიერთობები ევროკავშირთან გვაქვს ძალიან დაბალ ნიშნულზე.

  • რომ შეცვალოს „ოცნებამ“ რიტორიკა და პოლიტიკაც, შესაძლებელია, დავიბრუნოთ სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი „ოცნების“ პირობებში?

ეს საკითხი ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული ევროპელების მხრიდან – 12 და შემდგომ 9 პუნქტამდე დაყენებულ მოთხოვნათა სიაში. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს არის სამი მაგიური სიტყვა: პატიმრები, არჩევნები, კანონები!

ამას შეიძლება დავუმატოთ ის, რაზეც ევროპელები ძალიან ღიზიანდებიან – ანტიევროპული რიტორიკა. ისე შორს წავიდა, მაგალითად, ბატონი შალვა პაპუაშვილი, რომ პირდაპირ ამბობს, იგივე საბჭოთა კავშირია ჩამოყალიბებული ბრიუსელში და ადრე ჭკუას გვასწავლიდნენ რუსულ ენაზე და ახლა გვასწავლიან ინგლისურზეო.

ვინც იცის რეალურად რა იყო საბჭოთა კავშირი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მსგავსი შედარებები. მერიდება კიდევაც ამ შედარებების მოყვანა: შეიძლება, საათობით და რამდენიმე დღე ილაპარაკო რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის.

ევროკავშირი არის 27 ქვეყნის დემოკრატიული კავშირი, სადაც ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილებების დაბლოკვის, ანუ ვეტოს უფლება. ამას ვადევნებდით ჩვენ თვალს ორბანის მთავრობის პირობებში, ხოლო პოლიტბიურო, რომელიც მართავდა საბჭოთა კავშირს, კომუნისტურ პარტიას და 15 კაცი 15 რესპუბლიკას წარმოადგენდა, რას წყვეტდნენ? – რასაც წყვეტდნენ ზევით, დანარჩენები უბრალოდ ასრულებდნენ გადასახლებების თუ დახვრეტების ჩათვლით. როგორ შეიძლება ამ ორი კავშირის ერთმანეთთან შედარება?

ამ ყველაფერს ევროკავშირის ქვეყნები როცა ისმენენ, რა თქმა უნდა, ეკარგებათ ყოველგვარი სურვილი, თანამშრომლობა განავითარონ საქართველოსთან.

ეს რიტორიკა თუ შეიცვლება და, მაგალითად, შესრულდება საბაზისო მოთხოვნები, რაც კარგად აქვს ევროკავშირს ჩამოყალიბებული: არჩევნები, პატიმრები, კანონები, სრულიად შესაძლებელია, რომ დავუბრუნდეთ პარტნიორობას. ამას გვეუბნება ყოველ ფეხის ნაბიჯზე კაია კალასი თუ ელჩი ჰერჩინსკი.

აი, რამდენად შეძლებენ ამას და საერთოდ, ფიქრობენ თუ არა ამაზე, პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს.

  • დღეს როგორც კი შეხვდა ირაკლი კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის, შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები „ოცნებამ“ მაშინვე გამოაქვეყნა. ეს ამბავი რაზე მიანიშნებს? 

ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი, მაგრამ შორს მიმავალ დასკვნებს ჯერ ნუ გავაკეთებთ. ეს კარგი ნაბიჯია, სწორი მიმართულებით გადადგმული, მაგრამ რა მოჰყვება ამას, ეს კიდევ სანახავია.

  • რა შანსი რჩება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში? თქვენ აღნიშნეთ, რომ სომხეთში არჩევნებს დიდი ალბათობით ფაშინიანი მოიგებს… 

პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობას აუცილებლად მიიღებს ნიკოლ ფაშინიანი, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მიიღოს.

ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში: მთავრობათაშორისი ურთიერთობების თაობაზე შეთანხმებების ხელმოწერა უმაღლეს დონეზე, მისი რატიფიცირება, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, როგორც ბაქოსთან, ასევე ანკარასთან ერევნის მხრიდან, აბსოლუტურად ახალი თანამშრომლობის და ურთიერთქმედების პოტენციალის გახსნა მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.

ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საცეცები რეგიონში შეიკვეცება და მისი გავლენები შემცირდება უფრო მეტად. ეს უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

  • მხოლოდ საქართველოზე გავლენის შენარჩუნება ვეღარ უშველის პუტინს სამხრეთ კავკასიაში? 

თუ ერთიანი რეგიონი ჩამოყალიბდება, როგორც სერიოზული სუბიექტი საერთაშორისო ურთიერთობებში და ამისთვის არის საჭირო სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის დაუყოვნებლივ და დინამიკური ჩამოყალიბება, განვითარება, გამყარება, რა თქმა უნდა, ამ სამმხრივი თანამშრომლობის შედეგად სამხრეთ კავკასია გახდება საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული სუბიექტი.

შესაბამისად, იძულებული იქნება ყველა, მას გაუწიოს მეტი ანგარიში, როგორც ჩვენმა კეთილმოსურნემ, ასევე ჩვენმა ოპონენტმა.

ამიტომაც რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ სომხეთში ფაშინიანმა ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ამის რესურსი მე მგონი უკვე ნაკლებად დარჩა. აი, ეს დაადასტურა, სხვათა შორის, ფაშინიანის საუბარმა კრემლში, რომელსაც დიდი ხალისით ვადევნებდი თვალყურს და დიდი სიამოვნება მივიღე ფაშინიანის და პუტინის დიალოგით.

  • როგორი გეოპოლიტიკური მოთამაშე ხდება ევროკავშირი? სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა სამ პრიორიტეტზე: ენერგეტიკის დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი თავდაცვა, დაკავშირებადობა. 

ევროპას სხვა გზა არ აქვს – ის იძულებულია, გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე და ამას ძალიან შეუწყო ხელი, სხვათა შორის, ტრამპის მიდგომებმა. ვფიქრობ, ეს დასაფასებელია: კარგი იყო სინამდვილეში ის, რომ შეაჯანჯღარა ევროპა ტრამპმა და ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ დიახაც, უნდა დაიკავონ კუთვნილი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში – უფრო სერიოზული და ძლიერი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპა არის გლობალური მოთამაშე. ევროკავშირის ეკონომიკა აღემატება 20 ტრილიონ დოლარს და არის მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, იგი ჩინეთის ეკონომიკაზე უფრო მაღალია მაჩვენებლით. ამას უნდა დავუმატოთ ევროპული ქვეყნების, მაგრამ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ეკონომიკის მოცულობა – 4 ტრილიონი დოლარი – დიდი ბრიტანეთი, 1 ტრილიონი დოლარი – შვეიცარია და 1.5 ტრილიონი – ნორვეგია. ისინი  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ნაწილი არიან.

ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ევროკავშირი გახდეს გაცილებით უფრო ძლიერი და თავდაჯერებული საკუთარი პოლიტიკის წარმოებისას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში. ამას ევროპელები ახერხებენ. რთულია ის, რომ ესაა დემოკრატიული კავშირი, სადაც 27 ქვეყნიდან ნებისმიერი ქვეყნის ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა – ესტონეთს თუ დიდ გერმანიას. ბუნებრივია, ეს მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას კონსენსუსის გამოძებნისთვის. როდესაც ამას ევროპა ახერხებს, ის ხდება გაცილებით უფრო ძლიერი და ჩვენ ამის მოწმენი ვართ.

ამ ბარბაროსული ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება ევროპაში, სრულიად გათავისუფლდა ევროკავშირი რუსეთის გაზის დამოკიდებულებაზე. დღეს აზერბაიჯანი აწვდის იმავე ოდენობის გაზს ევროკავშირს, როგორც რუსეთის ფედერაცია. ფანტასტიკური ვითარება ჩამოყალიბდა. ნავთობზეც აღარ არის დამოკიდებული ევროკავშირი რუსეთზე.

დამოუკიდებლობის ხარისხი ამ კრიზისის შედეგად გაძლიერდა, რაც უფრო მეტ რესურსს და თავდაჯერებულობას აძლევს ევროკავშირს საიმისოდ, რომ ის ნამდვილად გახდეს ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშე, გააძლიეროს საკუთარი როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.

  • სამხრეთ კავკასიაში ტრამპისა და ევროკავშირის გააქტიურება, ასევე რუსეთის დასუსტების გათვალისწინებით, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ ტენდენციის ნაწილი მაინც გავხდებით გეოგრაფიის წყალობით, თუ ისევ გვაქვს სერიოზული საფრთხე – გავხდეთ რუსეთის გავლენის მქონე ჩიხი? 

გეოგრაფია ყოველთვის იქნება ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ეს არაა საკმარისი პირობაა საიმისოდ, რომ მივაღწიოთ უსაფრთხოების გარანტიებს, კეთილდღეობასა და განვითარების პერსპექტივებს.

ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია ეფექტურად მხოლოდ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის დაბრუნებით. ამის გარეშე გეოგრაფია იქნება, რა თქმა უნდა, რაღაც სიკეთის მომტანი, მაგრამ ძირეულად ვერ შექმნის ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიებს.

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური და საგარეო ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელება გაცილებით რთული იქნება.

„მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს კვლავ ვაყენებთ“ – დიდი ბრიტანეთის და 15 ევროპული ქვეყნის მოსაზრება

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელსაც, ასევე, 14 ევროპული ქვეყანა უჭერს მხარს.

მოსაზრება ეხმიანება მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება და მზია ამაღლობელის საქმეს. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „მედიის თავისუფლების კოალიცია“ კვლავ აყენებს მისი გათავისუფლების საკითხს.

„მზია ამაღლობელის საქმე მკაფიოდ ასახავს იმას, თუ რა დგას სასწორზე. მისი დაკავება, მოპყრობა და დაპატიმრება 2025 წლის პროტესტების შემდეგ საერთაშორისო დონეზე დაგმობილ იქნა, როგორც უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ კვლავ ვაყენებთ მისი განთავისუფლების საკითხს. მზია ამაღლობელის მსგავსი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზანი არის მთლიანად ამ პროფესიის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობა“ – ნათქვამია განცხადებაში. 

მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში „შემაშფოთებელი ტენდენციებია“ მედიის თავისუფლების მხრივ:

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მონაცემებით, პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ადგილი მკვეთრად გაუარესდა. საქართველო 2022 წელს 77-ე ადგილს, ხოლო 2026 წელს 135-ე ადგილს იკავებს, რაც სერიოზული უკუსვლაა. RSF საქართველოს მედიაგარემოს „რთულად“ აფასებს და მიუთითებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და კანონებზე, რაც ავიწროებს თავისუფალი გამოხატვის სივრცეს. დოკუმენტირებულია სულ მცირე 50 ჟურნალისტი, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაშავდნენ, სცემეს, დააკავეს ან ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ეს თავდასხმები მიუღებელია.

ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად გამოძიების, გაშუქებისა და ხელისუფლების მოქმედებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა, შიშის გარეშე.

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში მომხსენებელი ხაზს უსვამს ძალადობის სისტემურ ხასიათს 2024–2025 წლებში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მის ბოლო ანგარიშში, 2024–2025 წლებში გამართული პროტესტების დროს მომიტინგეებსა და ჟურნალისტების მიმართ უკანონო დაკავებებსა და გადამეტებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე საუბრობს. ასევე, ანგარიშში შევიდა ჩანაწერი კანონმდებლობაზე, რომელიც აზრის გამოხატვას, მშვიდობიან შეკრებასა და გაერთიანების უფლებებს ზღუდავს.

გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საყოველთაო ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-19 მუხლით არის დაცული და მოიცავს თავისუფლად ფიქრის, ლაპარაკის, მოსმენისა და წერის უფლებას. ეს თავისუფლებები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. მათ გარეშე მოქალაქეებს არ შეუძლიათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ან საკუთარი ქვეყნის მომავალზე ღია და უსაფრთხო დისკუსიის წარმართვა“ – ვკითხულობთ მოსაზრებაში.

ასევე, მოსაზრებაში ვკითხულობთ, რომ „მედიის თავისუფლების კოალიცია“ (Media Freedom Coalition – MFC), დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის თანათავმჯდომარეობით და ექვსი კონტინენტის 51 ქვეყნის გაერთიანებით, მედიის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის მუშაობს და მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, იურისტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, გაიზარდოს ანგარიშვალდებულება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და უზრუნველყოფილ იქნას კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება.

„ეს საკითხი, დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მედიის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეები არ შემოიფარგლება მხოლოდ ცენზურით.

ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში ინფორმაცია თავად იქცა საბრძოლო იარაღად.

დეზინფორმაციული კამპანიები ხშირად მიზანმიმართულად იყენებენ ღია საზოგადოებებს, თავისუფალი მედიის ენას და იერსახეს იმ მიზნით, რომ შეიტანონ დაბნეულობა, დაპირისპირება და დაამახინჯონ დემოკრატიული დებატები. ამგვარ ქმედებებზე პასუხი არ არის თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი; ეს მისი დაცვის აუცილებელი საშუალებაა. გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტების დაცვით ჩვენ უზრუნველვყოფთ, პრესის თავისუფლებას დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მის წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღად.

მედია და ციფრული წიგნიერების გზით საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფინეთი, რომელიც 2017 წლიდან მედია წიგნიერების ინდექსში პირველ ადგილს იკავებს, ნათლად აჩვენებს, რომ მედია წიგნიერებისადმი მრავალმხრივი და განგრძობადი მიდგომა მოქალაქეებს რთულ საინფორმაციო გარემოში თავდაჯერებულად ორიენტირების საშუალებას აძლევს. დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა არ გულისხმობს აზრის კონტროლს ან კრიტიკის შეზღუდვას; ის ემსახურება საჯარო საინფორმაციო ველის მთლიანობის დაცვას. ამ განსხვავების გაუცნობიერებლობით, მიზანმიმართული სიცრუე და ფარული გავლენა შეიძლება ჟურნალისტიკის სახელით შეინიღბოს, რაც ასუსტებს მთლიანად მედიის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ინტერესის სამსახურში მდგომ ნამდვილ ჟურნალისტიკას.

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებას, დავიცვათ ყველგან ჟურნალისტების უსაფრთხოება“ – წერია განცხადებაში.

მოსაზრების ავტორები არიან დიდი ბრიტანეთი და ფინეთი, როგორც მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები, ხოლო მოსაზრებას მხარს უჭერენ „მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი შემდეგი სახელმწიფოები: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.

რატომ იღუპებიან დელფნები შავ ზღვაში – სპეციალისტის განმარტება

„ბოლო პერიოდში დელფინების დაღუპვის მიზეზებში დაგვემატა მეხუთე ფაქტორი.

…თევზჭერა იყო, დაბინძურება, ვირუსული დაავადებები და ნავიგაცია იყო – ეს ოთხი არის მსოფლიოში აღიარებული ფაქტორი შავ ზღვაში, რაც ზღვაში ძუძუმწოვრების დაღუპვას იწვევს. დაგვემატა მეხუთე – ეს არის ომი – საომარი მოქმედებები, რაც მიმდინარეობს შავ ზღვაში აქტიურად, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში. იქ მუშაობენ ზედაპირული და წყალქვეშა დრონები, გემების ჩაძირვები ხდება, მთელი სისტემაა, მოგეხსენებათ, იქ რა პროცესები მიმდინარეობს“ – იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე სანაპიროზე დელფინების გამორიყვის შემთხვევების გაზრდის შესახებ წერს ფეისბუქზე.

სპეციალისტის ინფორმაციით, პირველი მარტიდან პირველ მაისამდე პერიოდში, მხოლოდ სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე, ზღვამ 40-მდე დელფინი გამორიყა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათი წლის განმავლობაში.

არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის მონიტორინგს წლებია აწარმოებს და მას ანალიზისთვის 17 წლის მონაცემები აქვს შეგროვებული.

„მონიტორინგს ვახორციელებდით მონაკოს პრინცის დაფინანსებით. ახლა ეს გრანტი აღარ გვაქვს, მოგეხსენებათ რატომაც“ – ამბობს სპეციალისტი. 

მისი განმარტებით, დელფინების გამორიყვის სტატისტიკის ასეთი ზრდა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და შესწავლა სჭირდება.

„ტენდენცია, რომ [გაზაფხულის] პირველ ორ თვეში გამოერიყა 40-მდე ინდივიდი, ფაქტობრივად არ გვქონია. გამორიყვა იწყება თებერვლის ბოლოდან და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე, შემდეგ მცირდება. ჩვენი მონიტორინგის განმავლობაში, თითქმის 17 წელია, არ გვქონია ასეთი მონაცემები და ეს ძალიან საგულისხმოა. როცა ეს მონაცემები შევადარე და გავაანალიზე, ვიფიქრე, რომ აქ რაღაც ვერ არის კარგად.

დელფინების გამორიყვას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

პირველი – ეს არის დაავადებები. დელფინებს აქვთ ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებები და სხვადასხვა პათოლოგია. ამ დაავადებების შედეგად იღუპებიან ან ხდება მათი მოძრაობის უნარის შეზღუდვა;

მეორე მიზეზი არის წყლის დაბინძურება – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია;

მესამე მიზეზი კი თევზჭერაა – სათევზაო ბადეებში ხვდება დელფინი, განსაკუთრებით კამბალას ბადეებს როცა დგამენ ზღვაში, შედის ამ ბადეში, რომ თევზი ამოიღოს, შემდგომ ვერ ახერხებს ზევით ამოსვლას და 20-30 წუთი, მაქსიმუმ ნახევარი საათი, თუ ვერ ამოისუნთქა, იღუპება;

შემდეგია ნავიგაციური ტრავმა გემების გადაადგილების შედეგად, განსაკუთრებით სწრაფმავალ კატერებზეა საუბარი, შეიძლება მოხდეს დელფინების ტრავმირება და დაღუპვა“ – ამბობს სპეციალისტი. 

არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ყურადღებას ამახვილებს მეოთხე ფაქტორზე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ბოლო წლებში დაემატა – ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი:

„მეხუთე მიზეზს თქვენ ვერცერთ სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ, ამ მიზეზს მე ვასახელებ, იმიტომ, რომ ის ნამდვილად არის და ამას მტკიცებულება არ სჭირდება. იქ [შავ ზღვაში, ომის არეალში] ხდება ხელსაწყოებით ბგერების ჩახშობა, მათ შორის წყალში არსებული ბგერების, რომ წყლის დრონები გაანეიტრალონ. აფეთქებები მიდის… მოგეხსენებათ, რომ წყალში ხმა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჰაერში. ეს აფრთხობს დელფინებს, ახდენს მათ დეზორიენტაციას და ისინი ირიყებიან ნაპირზე“. 

სპეციალისტი აცხადებს, რომ აუცილებელია შესწავლა, თუ რომელმა ფაქტორმა განაპირობა ამ შემთხვევაში სტატისტიკის ზრდა:

„ახლა მთავარი კითხვაა, გამორიყულ დელფინებზე უმეტესად რომელმა ფაქტორმა იმოქმედა, ამას სჭირდება დეტალური კვლევა. ფაქტია, ცუდი რაღაც ხდება ჩვენს თავს.

საჭიროა ლაბორატორიული კვლევები, გამორიყული დელფინების გაკვეთა, მათი პათანატომიური კვლევა, წყლის ხარისხობრივი ანალიზები, საჭიროა კომპლექსური კვლევები. 

გამორიყულ დელფინს ხელსაც კი არ კიდებს არავინ. მაგალითად, ურეკავთ შესაბამის სამსახურს და ხუთჯერ, ექვსჯერ დარეკვა დაგჭირდებათ. იქ მეცნიერი არ მიდის, რომ პათანატომიური კვლევა მოხდეს გამორიყული დელფინების, სპეციალური ქსოვილების აღება, ბიოფსია – უნდა დადგინდეს ბაქტერიული დაავადებაა, ვირუსულია, სოკოვანია, პათოლოგიაა, დაბინძურების ფაქტორია რა არის მიზეზი?!

არანაირი კვლევა არ ხდება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს უცნობია, საზოგადოებისთვისაც არის უცნობი. კომენტარიც არ კეთდება, სრული დუმილია. ხდება ის, რომ „ყველაფერი არის ბრწყინვალედ, ყველაფერი არის არაჩვეულებრივად, რომ ზღვის ხარისხობრივი მონაცემები ნორმის ფარგლებშია, ყველაფერი გვაქვს იდეალურად“.

ვხუმრობ ხოლმე, იაზონი რომ მოადგა „არგოთი“კოლხეთს, მაშინ ზღვა უფრო ბინძური იყო, ვიდრე ახლა – პირდაპირ ასე წერენ, ისტორიაში არ ყოფილა ასეთი მონაცემებიო. ეს უკვე უკვე ხუმრობის თემაც აღარ არის, მაგრამ ესაა რეაქცია შესაბამისი სამსახურების. ეს ძალიან სამწუხარო. თავს ვისულელებთ, თითქოს არაფერი არ ხდება, თითქოს ყველაფერი არის კარგად, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი.

მთელი ფეისბუქი არის აჭრელებული, იმდენ ფოტოს მიგზავნიან, რომ… მე მაქვს სპეციალური ქსელი, ცხელი ნომერი, მირეკავენ, შემოდის უამრავი ნომერი, მოდის ფოტოები, მოდის ვიდეო მასალა, პირდაპირ ეთერში გადაღებული… მთელ ზღვისპირეთში, ანაკლიიდან დაწყებული სარფის ჩათვლით, ყველგან, მათ შორის ბათუმშიც იყო [გამორიყვის შემთხვევა]… რეაქცია – ნული“.

„ბათუმელები“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, დელფინების გამორიყვის შემთხვევების ზრდაზე გავრცელების შესახებ სპეციალისტები სანაპიროზე გავიდნენ და გარემო შეისწავლეს, თუმცა საბოლოო ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყება თუ არა კვლევა დელფინების გამორიყვის შემთხვევების მიზეზების შესასწავლად: „ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია, როგორც კი გვექნება შესაბამისი ინფორმაცია, მოგაწვდით“ – გვითხრეს სააგენტოში.

არჩილ გუჩმანიძემ ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზეც, რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის დადგინდეს, რა იწვევს დელფინების სიკვდილს და რა კავშირი აქვს ამ საკითხს უსაფრთხოებასთან:

„ზღვას აქვს პრობლემა, გესმით?! მოქალაქეების შეტყობინებებს კი არ უნდა ველოდებოდეთ, ამ პრობლემაზე უნდა ვიმუშაოთ.

ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს. დღესაც მივიღე შეტყობინებები და ეს გაგრძელდება კიდევ. გამოვაქვეყნებ საინტერესო ვიდეოს და ფოტომასალას, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია – სულ ეს არის.

პათანატომიური კვლევები ძალიან ძვირადღირებულია, ამის დაფინანსება ჩვენ არ გვაქვს და არც ტექნიკური შესაძლებლობები. ეს არის სახელმწიფოს ბიოლოგიური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, იმიტომ, რომ დელფინი თბილსისხლიანია. დელფინებს და ჩვენ გვაქვს საერთო დაავადებები და ეს არის ჩვენი საზოგადოების ბიოუსაფრთხოების სისტემის ნაწილი.

ასე არ უნდა ვისხდეთ გულხელდაკრეფილები, იმიტომ, რომ ზღვაში რაღაც ხდება, მასიურად ირიყებიან დელფინები და არის რისკი. 85-90% ჩვენი დაავადებებისა არის ერთი და იგივე. იქ არის კონტაქტი ადამიანების, კონტაქტია შინაური ცხოველების, ფრინველების, გამორიყულ დელფინებს კორტნიან ფრინველები – ვიდეო მაქვს გადაღებული არაერთი, ძაღლები იტაცებენ იმ ძვლებს და დაათრევენ და ასე შემდეგ. როგორ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო?!“

არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, ან თემაზე შეტყობინებები სახელმწიფო უწყებებშიც შედის:

„პირდაპირ გეუბნებით, ვინც ჩვენ გვირეკავს, ისინი მერე უკავშირდებიან იმათაც. სანაპიროს დაცვაშია შესული ოფიციალური შეტყობინებები. ნახონ, ამოიღონ მათი ცხელი ხაზიდან“ – ამბობს სპეციალისტი.

„განხილვა გადავდოთ 2 თვით“ – ვოლსკი ადამიანის უფლებების შესახებ ომბუდსმენის ანგარიშზე

დღეს 4 მაისს, საქართველოს პარლამენტში, სახალხო დამცველის ანგარიში შევიდა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

ბიუროს სხდომაზე, „ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საკითხის გადადების შესახებ დააყენა მოთხოვნა, რასაც ბიუროს სხდომაში მონაწილე სხვა პირებმაც მხარი დაუჭირეს.

„განხილვის ვადა გადავდოთ 2 თვით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს 2025 წლის პერიოდს, სადაც ასევე საუბარია 2024 წელს საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევაზე. „წინა საანგარიშო პერიოდის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევის კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო.

2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა, დღემდე არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა. დევნა არ დაწყებულა იმ ორ ეპიზოდზეც კი, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ“, – წერს ომბუდსმენი.

ამავე ანგარიშში წერია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. „მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო“.

სახალხო დამცველის ამავე ანგარიშში საუბარია ბავშვთა სიღარიბეზე, ხანდაზმულთა მიმართ ძალადობაზე, ფემიციდზე, შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობასა და სხვა გამოწვევებზე ჩვენს ქვეყანაში.

„რძის არალეგალურ საწარმოში გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძის პროდუქტების არალეგალური წარმოების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს, ამჯერად – ხობში.

კერძოდ, სააგენტომ არაგეგმურად შეამოწმა შპს „ფერმა ბოჩი“, რომელიც, სააგენტოსავე ცნობით, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მდებარეობს.

„ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რძის პროდუქტებს აწარმოებდა.

ობიექტზე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე“ – წერს სააგენტო.

ბოლო ორი თვის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო რძის პროდუქტების არალეგალური და ჰიგიენური ნორმების გარეშე წარმოების არა ერთ შემთხვევაზე წერს.

____________

ფოტო: სურსათის უვნებლობის სააგენტო

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 41 ათასზე მეტი პირია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 41 042 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 40 978 განაცხადი.

ბოლო ხუთ თვეში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია 4 927-ით არის გაზრდილი. 2026 წლის დეკემბრის მონაცემებით აღნიშნულ სიაში 36 115 პირი იყო რეგისტრირებული.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაცია“ – წერს შემოსავლების სამსახური.

დამოკიდებულ პირთა სიაში 2025 წლის 5 მაისიდან საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანასთან ერთად, დასაშვებია ასევე საქართველოს იმ მოქალაქის მონაცემების შეტანაც, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან  შევიდა.

2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ.

თამაში ეკრძალებათ ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 335 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 914 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 24 507 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 41 306 ერთეული [+113]
  • MLRS – 1 767 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 357 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 272 062 ერთეული [+2 249]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 317 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 93 824 ერთეული [+268]
  • სპეცტექნიკა – 4 168 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 584 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ზელენსკი ერევანში ჩავიდა

კიევი: გამოვლენილია რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც ქართველებიც შედიოდნენ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვინ იცავს ქართველ მეზღვაურებს? – რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტში მუშაობა

„გაბზარულ მილს, რომელსაც წესით შედუღება და სერიოზული რემონტი სჭირდებოდა, უბრალოდ სქელ საღებავს უსვამდნენ. მთავარი იყო, ინსპექტორს თვალი შეევლო და ეთქვა – კი, შეკეთებულია,“ – ასე იხსენებს ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური, სანდრო [სახელი შეცვლილია], თავისი ცხოვრების ყველაზე კოშმარულ რეისს ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტში“.

როდესაც გემზე ადიოდა, ეგონა, რომ ეს ერთი რიგითი, სტანდარტული კონტრაქტი იქნებოდა. ადგილობრივი სააგენტოს გავლით დასაქმებულმა მეზღვაურმა წინასწარ არც ხომალდის ტექნიკური ისტორია იცოდა და არც მისი რეალური მარშრუტი. რეალობა კი პირველივე პორტში გამოაშკარავდა: ბელგიაში ჩასულ ეკიპაჟს ტანკერი დაპატიმრებული დახვდა.

„ორი თვის განმავლობაში ვიყავით გაჩერებულები და მერე პირდაპირ რუსეთში, უსტ-ლუგაში წავედით. გემი საერთოდ არ იყო მომზადებული, გზად ყველაფერი გაგვიფუჭდა… წინასწარ არავინ გეუბნება სად მიდიხარ. მხოლოდ გემზე გავიგეთ, თურმე უსტ-ლუგაში მივდიოდით. რატომ გეტყვის? იცის, რომ უკან ვეღარ წამოხვალ,“ – ჰყვება მეზღვაური.

პორტის დატოვებამდე, სრული ტექნიკური შეკეთებისთვის ტანკერი მშრალ დოკში უნდა შეეყვანათ. თუმცა, გემთმფლობელებმა ხარჯების დაზოგვა არჩიეს. სპეციფიკური საინჟინრო სამუშაოები პირდაპირ ეკიპაჟს დააკისრეს. „გზადაგზა, ღია ზღვაში უნდა გაგვეკეთებინა ის, რისი შესრულებაც მოძრავ გემზე ფიზიკურად შეუძლებელი იყო,“ – იხსენებს სანდრო.

რუსეთიდან სანქცირებული ნავთობით დატვირთულმა, დაშლის პირას მყოფმა გემმა ტვირთი საბერძნეთის სანაპიროებთან გადატვირთა და გაყიდა. ევროპისკენ ცარიელი კორპუსით დაძრული ხომალდისთვის ყველაზე დიდი კოშმარი სწორედ აქ, ბისკაის ყურეში დაიწყო. ჩრდილოეთის წყლებისთვის მოუმზადებელმა ტანკერმა შტორმს ვეღარ გაუძლო.

„ბისკაიში ისეთი შტორმებია, გემებს ამტვრევს და ჩვენც დაგვამტვრია. თან ცარიელი მივდიოდით და უფრო მეტად არყევდა. გემი გაგვებზარა და ფაქტობრივად, მთელი ხომალდი თავზე დაგვატყდა. არც საჭმელი გვქონდა… ხანდახან დღეები გვიწევდა მშიერი ყოფნა. პარალელურად, გემზე ხანძარიც გაჩნდა. ყველაფერი წვალებით მუშაობდა,“ – იხსენებს სანდრო. კომპანიას ნაპირიდან მხოლოდ ერთი დირექტივა ჰქონდა: „გვეუბნებოდნენ, როგორმე ესპანეთამდე ჩამოაღწიეთო“.

ესპანეთის პორტში შესულმა სრულად ქართულმა ეკიპაჟმა გადარჩენისთვის ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო – ბუნტი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

„ჩამოვედით თუ არა, ვთქვით, რომ მაგ გემზე მუშაობა უკვე ძალიან სახიფათო იყო. ყველამ ერთად დავწერეთ განცხადება. კაპიტანიც ქართველი იყო და ბრძანება აღარ გასცა – გემი აღარ დავძარით,“ –  იხსენებს სანდრო. 

გემის მფლობელები იძულებული გახდნენ, ეკიპაჟი სახიფათო ხომალდიდან გაეშვათ.

რამ აიძულა ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც ზღვაზე მეტად ხმელეთზე ცხოვრება, მეგობრები და მუსიკა უყვარს, ასეთ მახეში საკუთარი ნებით გაბმულიყო?

მაშინ, როცა რუსეთიდან სანქცირებული ნავთობი მოჰქონდა გაბზარული ხომალდით, სანდროს ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რეალურად რას ნიშნავდა „ჩრდილოვანი ფლოტი”. ჩარტერულმა რეისებმა მისი ცხოვრება უწყვეტ, მექანიკურ ციკლად აქცია. დღე-ღამის ბუნებრივი აღქმა მკაცრმა, ექვსსაათიანმა გრაფიკმა ჩაანაცვლა: ექვსი საათი მუშაობა, ექვსი საათი ძილი. პასუხზე ბევრი არ უფიქრია: „ფული. მარტო ფული, სხვა არაფერი… მაგრამ ახლა იმ აზრზე ვარ, რომ არანაირი ფული არ ღირს იმ პირობებისა და სამუშაოს სანაცვლოდ“.

რა არის ჩრდილოვანი ფლოტი?

2022 წელს, უკრაინაში შეჭრისა და დასავლური სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“ შექმნა, რომელიც ნავთობით ფარული ვაჭრობის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ძირითადად მოძველებული ტანკერებისგან შემდგარი ეს ქსელი საერთაშორისო წესების მიღმა ოპერირებს: მათთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა სანავიგაციო სიგნალების გათიშვა, დროშების მუდმივი ცვლა და უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფა.

Razom We Stand-ის მონაცემებით, გასულ წელს ამ ფლოტის მოცულობამ 848 გემს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის დასავლეთმა (ევროკავშირმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა და მათმა მოკავშირეებმა) 621 უნიკალური ტანკერი დაასანქცირა, „შავ სიაში“ მოხვედრილი გემები რუსულ პორტებში კვლავ შეუფერხებლად იტვირთებიან და მათი რიცხვი სტაბილურად იზრდება.

დისტანციიდან „ჩრდილოვანი ფლოტი“ საერთაშორისო სანქციებისა და ანალიტიკური ანგარიშების თემაა, თუმცა ბათუმს თავისი საზღვაო ეკონომიკა აქვს, რომლის მთავარი საყრდენი მეზღვაურთა შრომაა. 

მიუხედავად ამისა, 2026 წლის ივნისის მონაცემებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დასაქმების პორტალზე 7 000-ზე მეტი რეგისტრირებული მეზღვაურისთვის არცერთი თავისუფალი სამუშაო ადგილი არ იძებნება.

ამ კონკურენციის ფონზე, ქართველი მეზღვაურები „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინაშე განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან. 

სტატიაზე მუშაობისას 5 სხვადასხვა რანგისა და გამოცდილების მეზღვაურს ვესაუბრეთ. ჩრდილოვან ფლოტში ხელფასი სტანდარტულია. ქართველები ამ რისკზე ძირითადად სიდუხჭირის, უმუშევრობის, ინგლისური ენის არცოდნისა და სწრაფი დაწინაურების სურვილის გამო მიდიან.

ენის ბარიერი და და „დაუწერელი ხარკი“

მირზა ფუტკარაძე შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწეა. 17 წლის წინ მისი პროფესიული გზა რიგითი მატროსობიდან დაიწყო, დღეს კი მსოფლიოს უდიდესი, 350 000-ტონიანი ნავთობმზიდავების (VLCC) ნავიგაციას მართავს. ის ახლა ორ საზღვაო სასწავლებელშიც ასწავლის და მიაჩნია, რომ ქართველი მეზღვაურებისთვის მთავარი ბარიერი ინგლისური ენის არასაკმარისი ცოდნა და სუსტი საბაზისო განათლებაა.

მირზა ფუტკარაძე

იგი მიიჩნევს, რომ ენის სათანადო ცოდნის გარეშე გაცემული დიპლომი მეზღვაურს საერთაშორისო ბაზარზე იზოლაციისთვის იმეტებს. ეს გამოწვევები სტუდენტებს სანდო, საერთაშორისო კომპანიებისკენ გზას უკეტავს, ისინი პირველივე გასაუბრებაზე იჭრებიან. შედეგად, ზოგი პროფესიას ტოვებს, სხვები კი გემზე მოსახვედრად ფულის გადახდას და საეჭვო გზებს თანხმდებიან. 

გლობალურ ფლოტში მოსახვედრად მეზღვაურებს, ძირითადად, ორი გზა აქვთ. 

პირველი უსაფრთხო და გამჭვირვალეა: დიდი საერთაშორისო კომპანიები (მაგალითად, „V.Ships“ ან „Columbia“) ბათუმში საკუთარ ფილიალებს ხსნიან და კადრებს პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე ასაქმებენ და ატრენინგებენ.

მეორე გზა ე.წ. საკრუინგო, ანუ შუამავალ სააგენტოებზე გადის. მირზას თქმით, სუსტი კონტროლისა და რეგულაციების ნაკლებობის გამო, ეს ბაზარი ხშირად მანკიერი წესებით თამაშობს. წესით, შუამავალმა სააგენტომ კადრის მოძიებისთვის ფული უცხოელი დამსაქმებლისგან ისედაც უნდა აიღოს, თუმცა რეალობაში, დასაქმების სანაცვლოდ ისინი თანხას თავად მეზღვაურებსაც სძალავენ.

„ყოველთვის, როცა გემზე მიდიხარ, 80-90%-ში ფულს იხდი. შეიძლება გადაიხადო ერთი თვის ხელფასი ან მესამედი“, – დასძენს მეზღვაური სანდრო, რომელიც დაპატიმრებულ გემზე სწორედ ადგილობრივი საკრუინგო სააგენტოს „დახმარებით“ აღმოჩნდა.

არადა, ეს „დაუწერელი ხარკი“ მხოლოდ უსამართლო ტრადიცია არ არის. საქართველომ მოახდინა საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც 2025 წლის თებერვალში შევიდა ძალაში. კონვენცია ცალსახად კრძალავს მეზღვაურისგან სამსახურის შოვნისთვის საკომისიოს აღებას, თუმცა, ქაღალდზე აღებული ეს ვალდებულება ბათუმის საკრუინგო ოფისების ყოველდღიურობას ჯერ არ შეხებია.

(აქვე, სტატიაზე მუშაობისას, საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს მივმართეთ კითხვით: კონვენციის ამოქმედების შემდეგ, რა მექანიზმით ამოწმებს უწყება მის შესრულებას და რამდენი შუამავალი კომპანია დაჯარიმდა ან გაფრთხილდა ამ უკანონო პრაქტიკის გამო?)

დაწინაურების ილუზია და რეპუტაციული რისკი

ჩრდილოვან ფლოტში მოხვედრა მარტივია, რადგან იქ არ მუშაობს საერთაშორისო წესები და არ ტარდება ინსპექციები. ეს გარემო მეზღვაურებს სწრაფი დაწინაურების ილუზიას უქმნის – მათ შეუძლიათ რეზიუმეში ოფიცრის სტატუსი მარტივად ჩაიწერონ, სტანდარტული ინტერვიუებისა და შემოწმებების გარეშე.

„ბევრი საქმე არ გაქვს… დახურული ავზივითაა, არავინ ამოწმებს, შიგნით რა გაქვს. მთავარია, გემი დაიტვირთოს და გადაადგილდეს. დანარჩენი არავის აინტერესებს“, – ჰყვება მირზა ფუტკარაძე.

თუმცა, ასეთი გემების სტატუსი სერიოზულ რისკებს შეიცავს:

„იქ, სადაც საერთაშორისო წესები არ მუშაობს, ვერავინ მოგცემს გარანტიას, რეისის ბოლოს სახლში დაბრუნდები, თუ რომელიმე უცხო ქვეყნის ციხეში აღმოჩნდები“, – ამბობს კაპიტნის უფროსი თანაშემწე, რომელმაც მსგავსი საეჭვო შეთავაზება სწორედ ამ მიზეზით უარყო.

უფრო მეტიც, „იზოლირებული ავზიდან“ ლეგალურ ბაზარზე დაბრუნება რთულია. საერთაშორისო სანდო კომპანიები კადრის წარსულს ამოწმებენ. ვინაიდან ჩრდილოვან ფლოტში არც ინსპექციები არსებობს და არც ტვირთის მკაცრი კონტროლი, იქ ხშირია ნავთობისა და საწვავის მოპარვის შემთხვევები.

მირზა ფუტკარაძე დამსაქმებლების ამ შიშს ასე განმარტავს: „შენ რომ ჩრდილოვან ფლოტზე მუშაობდი… შეიძლება ლეგალურად დაგასაქმო, მაგრამ მიჩვეული ხელი მაინც თავისას შვრება. პერსპექტივაში მეზღვაურმა შეიძლება ლიცენზიაც დაკარგოს.“

თუ ქართველების ჩრდილოვან ფლოტზე დასაქმება მასობრივ ხასიათს მიიღებს, ეს მხოლოდ ცალკეული მეზღვაურების სანდოობას კი არა, მთლიანად ქვეყნის საზღვაო რეპუტაციას დააზიანებს. 

საქართველოს უკვე აქვს რეპუტაციული კოლაფსის მწარე გამოცდილება – 2010-2014 წლებში, ყალბი დიპლომების სკანდალის გამო, ევროკავშირმა ქართული საზღვაო სერტიფიკატების აღიარება შეაჩერა, რამაც ათასობით ქართველი მეზღვაური წლების განმავლობაში ევროპული ბაზრის მიღმა, „შავ სიაში“ დატოვა.

2026 წლის 20 მარტს საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში ნავთობტანკერი Deyna დააკავეს – გემი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში ყოფნაში იყო ეჭვმიტანილი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GUILLAUME HORCAJUELO

ილუზიური ფარი: რატომ დუმან პროფკავშირები?

რა ხდება მაშინ, როცა ხომალდზე პრობლემები იწყება და მეზღვაურს ინსტიტუციური დაცვა სჭირდება? წესით, ასეთ დროს მათ ზურგს პროფკავშირი უნდა უმაგრებდეს. თუმცა, ჩვენი რესპონდენტები ჰყვებიან, რომ ორგანიზაცია, რომელიც მათ უფლებებს უნდა იცავდეს, რეალობაში თითქმის უხილავია.

ყველაფერი საინფორმაციო ვაკუუმიდან იწყება – პროფკავშირს ჩრდილოვან ფლოტზე მეზღვაურები საჯაროდ არასდროს გაუფრთხილებია.

სტატიაზე მუშაობისას მერაბ ჩიჯავაძეს, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის, ITF-ის წარმომადგენელს საქართველოში, ინტერვიუ ვთხოვეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწის, მირზა ფუტკარაძის შეფასებით, განსხვავებით ინდოელი ან ფილიპინელი კოლეგებისგან, რომლებმაც იციან, რომ ზურგს ძლიერი პროფკავშირი უმაგრებთ, ქართველი მეზღვაურები კრიზისის დროს მარტო რჩებიან. „მე ვერ ვხედავ იმ ბერკეტს, რომ პროფკავშირი რაღაცით დაგვეხმარება,“ – აღნიშნავს ის.

თუ როგორი უნდა იყოს ეს ბერკეტი პრაქტიკაში, ამას კონტეინერმზიდის ოფიცერი, ლუკა კოღოშვილი ფილიპინების მაგალითზე ხსნის. იქ პროფკავშირი საეჭვო კომპანიებს მკაცრად ფილტრავს და კაპიტანს მეზღვაურის თვითნებურად გაშვებას უზღუდავს. „ჩვენ ზუსტად ასეთი დამცველობითი ფუნქცია გვჭირდება, რომ ქართველი მეზღვაური არ დაიჩაგროს,“ – დასძენს ის.

მესამე რანგის ოფიცერი სულო ჩებინოვი გერმანულ კომპანიაში 2021 წლიდან მუშაობს.  ITF-თან აფილირებული ქართული ორგანიზაციის არსებობის შესახებ არ სმენია. „არასდროს მქონია შეხება მეზღვაურთა პროფკავშირებთან. შეიძლება სადღაც რეგისტრირებული არიან, მაგრამ ასრულებენ თუ არა თავის მოვალეობებს – ეს მეორე საკითხია“ – გვითხრა მან. 

სულო ჩებინოვი

არადა, საქართველოს პროფკავშირს საერთაშორისო ფედერაციის (ITF) მანდატი ოფიციალურად აქვს. როგორც მეორე რიგის ოფიცერი, იაკობ ხალვაში აღნიშნავს, ეკიპაჟებმა ორგანიზაციის წარმომადგენლების სახელები და მისამართიც კი არ იციან. მისი თქმით, ეს კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია:

„დღეს თუ სოციალურ ქსელში აქტიური არ ხარ, ჩათვალე, საზოგადოებას არ ელაპარაკები“ – ამბობს იაკობ ხალვაში.

რისკის რეალური ფასი: მიტოვება, ციხე და დრონები

ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერმა ლუკასაც ახლოს ჩაუარა – პორტში შესვლისას ის უშუალოდ შეესწრო ასეთი გემის  დაპატიმრებას.

„ჩვენთან ახლოს ტანკერი დააკავეს, რადგან ყალბი დოკუმენტებით ირანული სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა,“ — იხსენებს გერმანული კომპანიის კაპიტნის უფროსი თანაშემწე, რომელიც თავად მკაცრად გაწერილ, ლეგალურ სისტემაში მუშაობს.

სწორედ ამ დაცული სტრუქტურიდან დანახულმა სურათმა დაარწმუნა ის, რომ ფარულ ფლოტში დასაქმება უკიდურესად სარისკოა. ლუკას შეფასებით, მთავარი საფრთხე პასუხისმგებლობის არარსებობაა:

„ჩემი აზრით, ეს ხალხი ნელი მოქმედების ბომბზე ზის. არავინაა დაზღვეული, რა მოხდება, სად დააკავებენ და როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება გემი დააკავონ და დამხმარე არავინ ეყოლებათ. ის საკრუინგოები და ფირმები, რომლებიც ჩრდილოვან ფლოტს ემსახურებიან, უმეტესად არალიცენზირებულები არიან. შესაბამისად, პასუხს ვერავის მოსთხოვ და ამ ქართველ მეზღვაურებზე პასუხისმგებელი არავინ იქნება“.

საერთაშორისო სატრანსპორტო ფედერაციის (ITF) მონაცემებით, 2025 წელს გემებზე მიტოვებულ მეზღვაურთა რაოდენობამ ანტირეკორდულ ნიშნულს მიაღწია: 410 ხომალდზე 6,223 ადამიანი დარჩა ბედის ანაბარად. ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეექვსე წელია იზრდება. ეკიპაჟებს ჯამში 25.8 მილიონი დოლარის ხელფასი გაეყინათ, საიდანაც პროფკავშირებმა მხოლოდ 16.5 მილიონის დაბრუნება შეძლეს.

ყველაზე საგანგაშო კი პროპორციაა: Lloyd’s List-ის 2026 წლის იანვრის კვლევით, მიტოვებული ტანკერების 66% სწორედ ჩრდილოვან ფლოტზე მოდის, მაშინ როცა თავად ეს ფლოტი მსოფლიო სატანკერო ბაზრის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩრდილოვან ხომალდზე მოხვედრისას ეკიპაჟის გემზე მიტოვების რისკი სამჯერ უფრო მაღალია.

ფინანსური რისკების მიღმა, მეზღვაურები რეალური იურიდიული საფრთხის წინაშეც დგანან.

ამის ნათელი მაგალითია 47 წლის ქართველი კაპიტნის, ავთანდილ კალანდაძის საქმე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩრდილოვანი ფლოტის კაპიტანმა, რომელსაც ირანული და ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა, ამერიკის საოლქო სასამართლოში ბრალი ოფიციალურად აღიარა. კალანდაძეს კარიბის ზღვიდან ჩრდილო ატლანტის ოკეანემდე მრავალკვირიანი დევნისას აშშ-ის სანაპირო დაცვისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად, რის გამოც ახლა ის ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს.

თუმცა, ხელფასის დაკარგვასა და დაპატიმრებაზე უარესი მაინც ფიზიკური განადგურების რისკია. ფარული მარშრუტებით მოძრავი სანქცირებული გემები ღია ზღვაში ხშირად პირდაპირ სამიზნეებად იქცევიან.

მხოლოდ 2025 წლის ბოლოს რამდენიმე ინციდენტი მოხდა: 27 ნოემბერს სენეგალის სანაპიროსთან ტანკერი Mersin ააფეთქეს; მეორე დღეს, 28 ნოემბერს, უკრაინულმა საზღვაო დრონებმა („Sea Baby“) თურქეთის სანაპიროსთან ორი სანქცირებული ხომალდი დააზიანეს; 2 დეკემბერს კი ტანკერ Midvolga 2-ს, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი მოჰქონდა, თურქეთის სანაპიროდან 129 კილომეტრში დაარტყეს.

60 წუთი გადასარჩენად: ინდივიდუალური პასუხისმგებლობა

იაკობ ხალვაში ქიმმზიდებისა და ტანკერების მეორე ოფიცერია. მისთვის ზღვა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა – 19 წლის ასაკში, პირველი რეისის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გემის მკაცრად გაწერილ რუტინაში გონებრივად ისვენებს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სივრცეს პოულობს.

გემზე ასვლისას გეოპოლიტიკა ნაპირზე რჩება. ამიტომ, იაკობი ჩრდილოვან ფლოტსაც არა მორალური, არამედ წმინდად პრაგმატული პოზიციიდან აფასებს:

„არავინ კითხულობს, საიდან მოაქვს და სად მიაქვს გემს ტვირთი. მეზღვაურისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სიტუაცია გემზე, ხელფასი და კონტრაქტის პირობები“ – ამბობს ის. 

სწორედ ამ პრაგმატიზმის გამო, მისთვის „საინფორმაციო ვაკუუმი“ მოგონილი კონცეფციაა. იაკობი ვინმესთვის რაიმეს აკრძალვის წინააღმდეგია – მთავარია, მეზღვაურმა გადაწყვეტილება სრული სურათის დანახვის შემდეგ, გააზრებულად მიიღოს. დღეს, როცა სისტემური დაცვა არ არსებობს, ეს უსაფრთხოება მხოლოდ ციფრულ ძიებაზე გადის.

მართალია, მონაცემები ერთ, გამარტივებულ ეკრანზე არავის დაუხვდება და ძიება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ, იაკობის თქმით, რეალური სურვილის შემთხვევაში გადასამოწმებლად ერთი საათიც საკმარისია. ეს ზუსტად ის 60 წუთია, რომელიც შენს მომავალს წყვეტს – სანდო კომპანიის ხიდურზე აღმოჩნდები, თუ ჩრდილოვანი ფლოტის უხილავ ნაწილად იქცევი.

ამ უხილავობის მისაღწევად „ჩრდილოვანი ფლოტი“ სწორედ ციფრული კვალის წაშლით მუშაობს.

მესამე რანგის ოფიცერი სულო ჩებინოვი ხსნის მექანიზმს, თუ როგორ მუშაობს ეს საინფორმაციო ვაკუუმი პრაქტიკაში:

„სანამ გემი ტერიტორიულ წყლებში შევა, რთავენ AIS-ს [ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა]. იშლება აბსოლუტურად ყველაფერი: გემის სახელი, დროშა, გემთმფლობელი. შეგნებულად უმალავენ ეკიპაჟს რეალურ სურათს. მეზღვაური აწერს ხელს კონტრაქტს, ჩადის გემზე და მხოლოდ ადგილზე, შუა ოკეანეში აღმოაჩენს ხშირ შემთხვევაში, რომ სანქცირებულ ტვირთზე უწევს მუშაობა. ამის შემდეგ უკანდასახევი გზა აღარ არის – შუა ოკეანეში უკან ვერავინ დაგაბრუნებს“.  

თუმცა, პრობლემა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით ვერ მოგვარდება. იაკობი ხედავს, რომ ბაზარს ღია, დინამიური რეესტრი აკლია. მისი შეფასებით, მეზღვაურებს სჭირდებათ არა სააგენტოების მშრალი ჩამონათვალი, არამედ პლატფორმა, სადაც პირდაპირ გამოჩნდება: რამდენი ადამიანი დასაქმდა კონკრეტული შუამავლის მეშვეობით, როგორია რეალური საშუალო ანაზღაურება და იძებნება თუ არა ისტორიაში კომპანიების მიმართ საჩივრები.

სულიკო მიიჩნევს, რომ ერთიანი რეესტრის შექმნამდე სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებაც შეუძლია: „სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. როცა არსებობს მეზღვაურთა ბაზა ჩვენი პირადი მონაცემებით, ელემენტარული შეტყობინების [SMS] სახითაც შეგვიძლია ვაცნობოთ მათ რისკების შესახებ. კარგი იქნება, რომ ყველა მეზღვაურმა წინასწარ გადახედოს, რა რისკებს აწერს ხელს. ძალიან დიდი საშიშროება არსებობს კარიერის დასრულების და ‘შავ სიაში’ მოხვედრის“.

სანამ ბაზარს გამჭვირვალე რეესტრი, ხოლო მეზღვაურს ინსტიტუციური ფარი აკლია, ზღვაში გადარჩენა მხოლოდ ინდივიდუალურ ალღოზე გადის. ამ სისტემური დაუცველობის ფასი ყველაზე მძაფრად სწორედ სანდრომ იგრძნო.

ბისკაის ყურეში გადატანილი შტორმის შემდეგ, მან ზღვაში ბედი კიდევ ერთხელ სცადა. ისრაელში, ხაიფას პორტში ჩასულმა მეზღვაურმა აღმოაჩინა, რომ ზუსტად იმ კაიუტაში უნდა ეცხოვრა, სადაც წინა დღეს მისი წინამორბედი – გემის ტანკში გაგუდული ქართველი ესვენა. ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა მაშინ, როცა გემთმფლობელთა მოთხოვნით იმ სამუშაოს ასრულებდა, რაც მის პროფესიულ მოვალეობებში არ შედიოდა.

„ერთი თვე გავძელი იმ კაიუტაში და წამოვედი,“ – იხსენებს სანდრო. მისთვის ეს რეისი საერთაშორისო წყლებში ჯერჯერობით ბოლო გასვლა აღმოჩნდა.

_________________

მთავარ ფოტოზე: სამხრეთ შვედეთის სანაპირო, სირიის დროში ქვეშ მცურავი გემი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის. 2026 წლის  მაისი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Johan Nilsson

ზელენსკი ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის შემდეგ დღეს, 3 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკიმ თავად გამოაქვეყნა: „ჩავედი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. წინ ბევრი შეხვედრა გველის. მთავარია, მეტი უსაფრთხოება და კოორდინაცია ყველა ჩვენგანისთვის. დიდება უკრაინას!“ – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც სომხური მედია წერს, მას ზვარტნოცის აეროპორტში პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა.

ხვალ, 4 მაისს, სომხეთში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მე-8 სამიტი გაიმართება თემაზე – „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.

შესაბამისად, ერევანში უკვე ჩაფრინდა ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროპარლამენტის ხელმძღვანელი რობერტა მეცოლა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი, ასევე ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაკუტი, მონაკოს პრინცი ალბერ II , საბერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ლუკ ფრიდენი, ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, კანადის პრემიერ მინისტრი ანიტა ანანდი.

სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში იმყოფებიან ასევე „ოცნების“ პრემიერი – ირაკლი კობახიძე და მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში შეახსენა საზოგადოებას, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ერევანში დაწესდება მოძრაობის შეზღუდვები, რაც მოქალაქეებს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის.

მან აღნიშნა, რომ 5 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი შედგება, რომლის ფარგლებშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი გიუმრისაც ეწვევიან და სომეხი და ფრანგი ვარსკვლავების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან.

5 მაისს ასევე გაიმართება სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 მაისს ღამით იწვიმებს, ხოლო დღისით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

4 მაისს ბათუმში დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, დააფინანსოს სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი.

“სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეუხებელი უფლებაა, რომელსაც იცავს კანონი! მოდი დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მშობლების მხარდასაჭერად აქციაზე!” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ანონსში.

დიუშენის მარში – დღეს თბილისში ბავშვებისთვის საჭირო წამლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ – მითების დეტექტორის კვლება

მედიის განვითარების ფონდმა და მითების დეტექტორმა მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ 2025 წელსა და 2026 წლის 4 თვეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი ტენდენციების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა.

კვლევის მიხედვით, „მითების დეტექტორმა“ 2025- 2026 წელს (აპრილის ჩათვლით)  მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა.

აქედან ყველაზე გავრცელებული (26 შემთხვევა) ვიზუალური მანიპულაცია იყო. ვიზუალური მანიპულაცია თავის მხრივ მოიცავდა 15 ვიდეომანიპულაციასა და 11 ფოტომანიპულაციას.

გამოვლინდა თაღლითობის 6 შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტების ვიზუალს მეტწილად სამედიცინო მედიკამენტების რეალიზების მიზნით იყენებდნენ.

გამოვლინდა ასევე მანიპულაციისა და უკონტექსტო შინაარსის გავრცელების 4 და დეზინფორმაციის გავრცელების 3 შემთხვევა და ჟურნალისტების სახელით და ჟურნალისტის წინააღმდეგ ციტატის გაყალბების 3 მაგალითი.

ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური ტაქტიკები დივერსიფიცირებულია.

ყველაზე ხშირად, 12 შემთხვევაში, ჟურნალისტების/მედიის მიკერძოებაში დადანაშაულება და მათ მიმართ უნდობლობის გაღვივება ხდებოდა.

ამასთანავე თითქმის თანაბრად გამოიყენებოდა გენდერული დეზინფორმაციისა და სლატშეიმინგის ტაქტიკა.

შედარებით ნაკლებად – თაღლითურ პოსტებში მეტი სანდოობის მოსაპოვებლად მეინსტრიმული მედიის ჟურნალისტების ვიზუალს იყენებდნენ. დეზინფორმაციული და მანიპულალციური მასალები ჟურნალისტების წინააღმდეგ ასევე მოიცავდა მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას, გაქილიკებას და შეურაცხადად გამოცხადებას, ორმაგ სტანდარტებში და ერთ შემთხვევაში ჯაშუშობაში დადანაშაულებას.

დეზინფორმაციული, მანიპულაციური შინაარსის ყველაზე ხშირი სამიზნე ტვ პირველის ჟურნალისტები იყვნენ, ასევე პატიმრობაში მყოფი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და მისივე დაფუძნებული გამოცემები, რასაც პროპაგანდისტული ნარატივებიც ემატებოდა.

  • დეზინფორმაცია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

მედიის განვითარების ფონდისა და მითების დეტექტორის კვლევაში ნათქვამია, რომ პატიმრობაში მყოფი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, სახაროვის პრემიის მფლობელი მზია ამაღლობელი როგორც დეზინფორმაციის, ასევე მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე იყო, რასაც ანონიმური ფეისბუქგვერდებისა და ანგარიშების კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც ერთვოდა.

“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელი დამნაშავედ მანამ გამოაცხადა, ვიდრე სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე ვერდიქტს გამოიტანდა და ის პოლიციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაში დაადანაშაულა.

აღნიშნული ქმედება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მზია ამაღლობელს მისი რეპუტაციის დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან სასამართლომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ამაღლობელის საჩივრის განხილვა პირველივე სხდომაზე შეწყვიტა.

მზია ამაღლობლის საქმეში პოლიტიკური მოტივების უარყოფის მიზნით მმართველი პარტიის წარმომადგენელი ნინო წილოსანი და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, სახელისუფლებო ტელე იმედის ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ჟურნალისტს დარღვეული უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

მათ მიერ გავრცელებული, განმეორებადი გზავნილები იდენტური შინაარსის იყო და ამკვიდრებდა აზრს, რომ ეს ფაქტი საქმეში პოლიტიკური მოტივების არარსებობას ადასტურებდა, რადგან გარდაუვალი მარცხის თავიდან ასაცილებლად ამაღლობელმა საერთაშორისო მართლმსაჯულების შესაძლებლობებით არ ისარგბელა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსთვის მზია ამაღლობელს ამ განცხადებების გაკეთებამდე გაცილებით ადრე ჰქონდა მიმართული, ხოლო 23 ივნისიდან სტრასბურგის სასამართლოს მოპასუხე მხარესთან – საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჰქონდა დაწყებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები მანიპულაციურად აშუქებდნენ მზია ამაღლობელის საქმეზე გერმანიის ელჩის განცხადებასა(Postv) და ინფორმაციას გერმანიაში ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით (ტვ იმედი).

გაშუქება მიზნად ისახავდა დაემკვიდრებინა აზრი, რომ ამაღლობელის საქმის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკა დაუსაბუთებელი და საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების გამოვლინება იყო.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სოციალურ მედიაში კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც (CIB) გამოვლინდა. ერთი მხრივ, ანონიმური ფეისბუქგვერდები მის დისკრედიტაციას სხვადასხვა პოსტებით, მათ შორის გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობდნენ, მეორე მხრივ ყალბი ანგარიშები ონლაინ გამოცემების „ინტერპრესნიუსის“, News.on.ge-ის და Tabula-ს კომენტარებში აქტიურობდნენ და ჟურნალისტის შესახებ ნეგატიურ კომენტარებსა და რეაქციებს ტოვებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ერთ-ერთი ტროლის კომენტარებს სახელისუფლებო მედიაც (კვირა, რეპორტიური, news-hub პრაიმ-ტაიმი) კოორდინირებულად ციტირებდა.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ანგარიშს რამდენიმე სახელი და ფოტო აქვს გამოცვლილი, მათ შორის სხვისი კუთვნილი და მედიაშიც განსხვავებული ვიზუალით და სახელით არის ციტირებული”, – ნათქვამია კვლევაში.

 

დეზინფორმაციული და მანიპულაციური მასალები ასევე ვრცელდებოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის სხვა მედიების მიმართ: ფორმულა, მისმინე, კავკასია, მთავარი არხი, მთის ამბები. ერთ შემთხვევაში კი სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.

ფეისბუქზე გავრცელებულ თაღლითურ პოსტებში გამოყენებული ჟურნალისტები მეტწილად სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებიდან (საზოგადაოებრივი მაუწყებლის არხი, იმედი, რუსთავი) იყვნენ, ასევე ევრონიუს საქართველოდან და ქვიარ-ფემინისტური გამოცემა „აპრილიდან“.

 

“გამოძიების შედეგად დადგინდება, იყო თუ არა ავარია მძღოლის ბრალი” – საგანგებო სიტუაციების სამსახური

2 მაისს ბათუმში სასწრაფო დახმარების ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. ორივე გადარჩა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კუთხეში მოხდა.

დღეს, 3 მაისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც  დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.

დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, კანონის შესაბამისად, გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

306 ინციდენტი ერთ წელში – მედიის უფლებების დარღვევა საქართველოში

ბოლო 1 წლის განმავლობაში,  2025 წლის მაისიდან 2026 წლის მაისამდე, საქართველოში, ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ 306 ინცინდენტი მოხდა.

დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევების შესახებ მონაცემები „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა – CMIS“ აღრიცხა.

„საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია,“-  წერს CMIS და განმარტავს, რომ მათ მიერ აღრიცხული მედიაზე თავდასხმებისას, „ზოგ შემთხვევაში, ერთი ინციდენტის დროს, ერთდროულად, რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი (მაგ. დაკავება და ფიზიკური ძალადობა)“.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ განხორციელდა ისეთი ტიპის ინციდენტები, როგორებიცაა: დაკავება/დაპატიმრება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება,  და სხვა. 

2026 წლის 2 აპრილს, ე.წ. „უდოს კომისიამ“ სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა.

ამაღლობელს 2025 წლის 6 აგვისტოს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი  პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ,”- წერს CMIS.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს უახლესი ინდექსით, საქართველო 180 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 135-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველო 75 პოზიციით დაქვეითდა, რაც გულისხმობს მედიის თავისუფლების კუთხით საგანგაშო გაუარესებას.

„მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის” მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა:

  • პოლიტიკური მოტივით გასამართლება – 1 შემთხვევა

2025 წლის 6 აგვისტოს , მზია ამაღლობელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა  მიესაჯა

სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები – 103  შემთხვევა

დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციების გაშუქების დროს – 16  (ე.წ. „გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძველით“, პროევროპული პროტესტის გაშუქებისას. ამ ეტაპზე ჯარიმების დიდი უმრავლესობა გასაჩივრებულია;  ნაწილს ჯარიმა მოეხსნა)

სხვა ტიპის ფინანსური ჯარიმა (მაგ. მედიაორგანიზაციაზე დაკისრებული ჯარიმები, სოციალურ მედიაში პოსტის გამო ჯარიმა) – 13

  • სამართლებრივი დევნა – 39 (სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზეწოლა, გამოძიების დაწყება, რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულება, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს წერილები, კომუნიკაციების კომისიის სიტყვიერი შენიშვნა )
  • ადმინისტრაციული პატიმრობა -10 (უკავშირდება „ტროტუარზე დგომას“).
  • მედიის შემზღუდველი კანონმდებლობის დაინიცირება და მიღება – 8
  • SLAPP სარჩელი – 7
  • საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება – 5 (ჟურნალისტებზე სისტემური ზეწოლისა და დევნის არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი დაბარება აღიქმება როგორც მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი ფორმა და ქმნის მსუსხავ ეფექტს ჟურნალისტურ საქმიანობაზე)
  • დაკავება – 5

სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია – 108 შემთხვევა

  • დისკრედიტაცია – 69
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა – 20
  • დაშინება – 18

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა – 35 შემთხვევა

  • გადაღების აკრძალვა – 9
  • ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა – 8
  • საჯარო ღონისძიებაზე არშეშვება – 8
  • სასამართლო სხდომიდან გაძევება – 7
  • აკრედიტაციის შეჩერება – 3

ფიზიკური ძალადობა და დაზიანება ჟურნალისტებზე- 26 შემთხვევა

  • ფიზიკური ძალადობა – 16
  • დაზიანება (მათ შორის, აქციებზე) – 10

შრომითი უფლებები დარღვევის – 13 შემთხვევა

(ყველა შემთხვევა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება)

  • სამსახურიდან გათავისუფლება – 10
  • დისციპლინური პასუხისმგბელობის დაკისრება – 3

თავდასხმა საკუთრებაზე – 12 შემთხვევა

  • ტექნიკის ჩამორთმევა – 7
  • ტექნიკის დაზიანება – 4
  • ქონების დაზიანება (მაგ. ოფისი, სახლი, მანქანა) – 1

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში  უცხოელი ჟურნალისტების დაუსაბუთებლად არშემოშვების 7 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 4 შემთხვევა 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების წინა პერიოდში მოხდა.

მედიაგარემო უარესდება, ჟურნალისტებისთვის ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის – საია

„საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას.

მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში, რომელიც ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებით და ჟურნალისტებისთვის მტრული პირობების ფორმირებით,“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებს.

3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს.

„ამ დღის აღნიშვნით საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გამძლე და ჯანსაღი დემოკრატიებისთვის.

პრესის თავისუფლების საფუძველი 77 წლის წინ მიღებულ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში“ ჩაიყარა, სადაც წერია: „ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა,“ – წერს საია.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა.

ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.

ჟურნალისტი ქალი, „აზრის თავისუფლებისთვის“ სახაროვის პრემიის ლაურეატი, მზია ამაღლობელი, პოლიტიკური პატიმარია.

საია მზია ამაღლობელის ინტერესებს ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს. გაგზავნილია მისი 3 საჩივარი (აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის განსაზღვრის თაობაზე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის თაობაზე და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, ხოლო, მზადებაშია მე-4, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი.

„ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის – დღემდე არავინ დასჯილა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი ძალადობისთვის. ხშირია მათ მიმართ მტრული რიტორიკა, თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ აქვს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის განცდას,“ – ნათქვამია საიას გზავნილში.

Freedom House-ის შეფასებით, 2025 წელს საქართველო იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიის ტაქტიკებს იყენებენ.

ამ მხრივ, ცალკე აღსანიშნავია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის, შემთხვევა, როდესაც 2026 წელს, სახელმწიფომ, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიებისა, ის სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით აზერბაიჯანში გააძევა.

საია წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ კრიზისში განსაკუთრებით აქტიურ როლს თამაშობს.

„2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ინტენსიურად და სწრაფად იცვლება კანონმდებლობა.

ამ პროცესში უგულებელყოფილია საერთაშორისო სტანდარტები, რეპუტაციული საერთაშორისო შეფასებები (მაგალითად, ვენეციის კომისიის და ODIHR-ის დასკვნები) და ქვეყნის შიგნით არსებული უფლებადაცვითი ორგანიზაციების მოსაზრებები.

„ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებით ქმნის სხვადასხვა სფეროში რეპრესიის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართულ ფორმალურ-სამართლებრივ იარაღებს.

საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი აშკარა სამიზნე თავიდანვე იყო გამოხატვის თავისუფლება და მედიის საქმიანობა“.

საია თვლის ყველა იმ კანონს, რომელიც ბოლო წლებში მიიღო “ქართულმა ოცნებამ” და რომელი კანონებითაც მედიის მდგომარეობა გააუარესა.

2024 წელს მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (რუსული კანონი) „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ აცხადებს ისეთ მედიასაშუალებებს, მათ შორის, მაუწყებლებს, ბეჭდურ და ონლაინ მედიას, რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

მასტიგმატიზებელ რეესტრში რეგისტრაციის გარდა, ეს გულისხმობს ამ ორგანიზაციებისთვის ინტენსიური ანგარიშგების ვალდებულების დაკისრებას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში – მაღალ ადმინისტრაციულ ჯარიმებს. კანონი მკაცრად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ და ODIHR-მა.

ეს კანონი კვლავ ძალაშია.

ეს კანონი საიას და სამოქალაქო საზოგადოების კიდევ 100-ზე მეტი ორგანიზაციის (მათ შორის, მედია ორგანიზაციების) სახელით გასაჩივრებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ე.წ. FARA-ს ფართო და ბუნდოვანი დებულებები ახალისებს თვითცენზურას და შესაძლებლობას იძლევა, ამ კანონით გათვალისწინებული მასტიგმატიზებელი სტატუსი, ექსტენსიური ანგარიშგების სისტემა და სხვა ვალდებულებები, ასევე, სისხლისსამართლებრივი სანქციები თვითნებურად იყოს გამოყენებული, მათ შორის, გამოხატვის და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ.

ეს კანონი საიას და კიდევ 2 მედია ორგანიზაციის სახელით გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის უცხოური დაფინანსება საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი სამიზნეა.

დაფინანსების შეზღუდვა რამდენიმე საკანონმდებლო აქტითაა გამოწვეული, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონით, რომელიც პირდაპირ კრძალავს მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას.

სხვა ფორმის მედიასაშუალებებისთვის, ამ მხრივ, რელევანტურია ე.წ. FARA-ს საფუძველზე და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით დადგენილი რეგულაციები, რომლის შედეგად, დაფინანსების მიღება მთავრობის ნებაზე დამოკიდებული ხდება.

ეს კი საფრთხეს უქმნის მთავრობის მიმართ კრიტიკულ მედიებს. ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ რეგულაციები მედიასაშუალებებს უბიძგებს, თავად თქვან უარი უცხოურ დაფინანსებაზე „აგენტის“ იარლიყის თავიდან ასაცილებლად.

მაუწყებლობის შესახებ კანონში „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ ახლებური განუჭვრეტელი რეგულირება ქმნის კრიტიკული მაუწყებლების თვითნებური დასჯისა და გაუმართლებელი შინაარსობრივი კონტროლის საფრთხეს.

სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის მომწესრიგებელი ახალი ნორმები პრაქტიკაში სრულად კრძალავს ამ საქმიანობას, უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს, პირადი ცხოვრების პატივისცემასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვის ვალდებულებას, იმავდროულად, მიზნად ისახავს მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების გაშუქების ხელშეშლას.

ცილისწამებასთან დაკავშირებული ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში“ ასუსტებს იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა მიზანიც საჯარო დისკურსის დაცვა იყო და მედიას (ასევე, სხვა აქტორებს) უფრო მოწყვლადს ხდის SLAPP-ების მიმართ.

„ამ მძიმე მდგომარეობაში საია სოლიდარობას უცხადებს ჯერ კიდევ ფუნქციურ თავისუფალ მედიას და გააგრძელებს გამოხატვის თავისუფლების დაცვას სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით,“ – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

დიუშენის მარში – დღეს თბილისში ბავშვებისთვის საჭირო წამლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

დღეს, 3 მაისს, თბილისში, 18:00 საათზე „დიუშენის მარში“ გაიმართება.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, დააფინანსოს სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი.

„დიუშენის მარში“ რუსთაველის მეტროდან დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციამდე მივლენ.

„ჩვენ გამოვდივართ ქუჩაში, რათა დავიცვათ ბავშვების სიცოცხლის უფლება. ყოველი ნაბიჯი – ეს არის ხმა მათი სიცოცხლისა და მომავლისთვის.

მოდი მარშზე და მხარი დაუჭირე დიუშენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას.

გადაარჩინე სიცოცხლე – გადაარჩინე მომავალი!“ – ასეთია მარშის ორგანიზატორთა გზავნილი საზოგადოებისადმი.

ამავე თემაზე:

ერთი დიაგნოზი – ორი რეალობა: რატომ მკურნალობენ ქართველ ბავშვებს უცხოეთში, მაგრამ არა სამშობლოში

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითებს დაეჯახა

2 მაისის საღამოს, ბათუმში, ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ორი ადამიანი.

“ბათუმელების” ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები იყვნენ და ისე გადაიყვანეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 334 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 908 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 503 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 41 193 ერთეული [+76]
  • MLRS – 1 765 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 357 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 269 813 ერთეული [+2 224]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 306 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 93 556 ერთეული [+282]
  • სპეცტექნიკა – 4 151 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 579 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინული დრონები რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალს მეოთხედ დაესხნენ თავს

კიევი: გამოვლენილია რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც ქართველებიც შედიოდნენ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ – თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში იმართება

დღეს, 2 მაისს, თბილისში დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი მარში გაიმართა. „თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის უკვე 14 თვეა უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

„მარში მედიისთვის“ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და პარლამენტთან უნდა დასრულდეს. მედიის სოლიდარობის მარში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იმართება, რომელიც ხვალ, 3 მაისს აღინიშნება.

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო წლებში 75 ადგილით ჩამოქვეითდა.

საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) თანახმად, 2026 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში, წინა წელთან შედარებით, 21 ადგილით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილზეა ჰონგ-კონგთან და ელ სალვადორთან ერთად.

აქციის მონაწილეებმა მედიის მხარდამჭერი მარში შაბათის მარშებს დაამთხვიეს.

ქობულეთის ცენტრში ისტორიული შენობა 1.1 მილიონად გაყიდეს უპირობო აუქციონზე

აჭარის მთავრობამ ქობულეთში, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ცენტრის მიმდებარედ ისტორიული შენობა და მიწის ნაკვეთი, 892 კვ.მეტრი უპირობო ელექტრონული აუქციონით გაყიდა.

შენობის ფართობი 907.80 კვ.მეტრია

ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ვაჭრობა სამ დაინტერესებულ პირს შორის გაიმართა და შენობა მაღალი კონკურენციის პირობებში 1 მილიონ 195 000 ლარად, 41-ე ბიჯით გაიყიდა, ქონების საწყისი ფასი 920 000 ლარი იყო, ბიჯი 25 000 ლარი.

აუქციონი 29 აპრილს დასრულდა. ამ დროისთვის არ ვიცით, ვინ არის მყიდველი და გეგმავს თუ არა ის აქ მშენებლობას ძველი შენობის დემონტაჟის ხარჯზე. გამყიდველ სტრუქტურას მისი აღდგენა არ მოუთხოვია, ამიტომ დიდი ალბათობით შენობას დაანგრევენ.

ბოლო დროის პრაქტიკა, როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში ასეთია, ინვესტორებს არსებული ისტორიული შენობების შენარჩუნება ნაკლებად სურთ და ძირითადად ადგილებს ზღვასთან ახლოს კორპუსების ასაშენებლად ეძებენ.

ქობულეთის სანაპიროს პირველ ზოლში უკვე დაწყებულია მასშტაბური კორპუსების მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს განაშენიანების გეგმა აქვს, ის ინვესტორების სურვილის შესაბამისად იცვლება, ისევე როგორც ქალაქის იერ-სახე.

საკრებულოს თითქმის იდენტური ინტენსივობით შეაქვს უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში ცვლილებები, რამდენჯერაც ამას „ფულიანი“ ინვესტორი მოინდომებს.

რა უთხრეს აჭარის სოფლებში „თავისუფლების მოედანს“ – ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან

პოლიტიკურმა პარტიამ, „თავისუფლების მოედანმა“ აჭარის სოფლებში იმოგზაურა. პოლიტიკოსები შეხვდნენ, გაესაუბრნენ ადამიანებს, შეაგროვეს ამბები და დაასკვნეს, რომ „ცვლილება რეალურად ყველას უნდა და ამომრჩეველი სოფელში პოლიტიკოსს მხოლოდ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არ ელოდება. საჭიროა მეტი კომუნიკაცია რეალური ნდობის მოსაპოვებლად“.

„თავისუფლების მოედანი“ კამპანიის ფარგლებში – „საქართველოს გულისთვის“, რეგიონებში მოგზაურობს. შემდეგი გაჩერება კახეთი და კახეთის სოფლები იქნება, მანამდე კი პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ „ბათუმელებს“ აჭარაში მიღებული ინფორმაცია და შთაბეჭდილებები გაუზიარა.

  • ბატონო ლევან, დავიწყოთ კამპანიით „საქართველოს გულისთვის“, რა დაგხვდათ სოფლებში, როგორც აჭარის მაღალმთიანში, ასევე ქობულეთის სოფლებში, რა ინფორმაცია მიიღეთ?

დამხვდა ძალიან მაგარი ხალხი – ადამიანები, რომლებიც იქ ჯიუტად დგანან, მიუხედავად იმისა, რომ არის გაჭირვება და ბევრი პრობლემა.

ძალიან დიდი სია ჩამოვიტანეთ პრობლემების, დაწყებული ყოველდღიური პრობლემებით, დამთავრებული სახელმწიფოს მიერ ხალხის ჩაგვრით, მანიპულაციით, დახმარებების შერჩევითი, პოლიტიკური ნიშნით გაცემით.

ამის მიუხედავად, მაინც ჯიუტად არიან იქ ადამიანები და ინახავენ ძალიან ძვირფას რამეს – ტრადიციას, კულტურას, ადათებს და სოფლებს აცოცხლებენ. ბევრი სახლი ჩამქრალი დამხვდა, დაცლილი ახალგაზრდებისგან, მაგრამ მაინც ყველგან არის ეს ჟინი – „აქ ვიყოთ“, რომ მნიშვნელოვანია აქ ყოფნა.

დამხვდა ძალიან შრომისმოყვარე ხალხი. იქ სხვანაირად ვერ გადარჩები – გჭირდება ფიზიკური შრომა და ყველაფრის გონივრულად კეთება იმისთვის, რომ თუნდაც პროდუქტი გქონდეს ზამთარში.

  • შეიძლება შემოდგომის მიწურულს უკვე გზა ჩაიკეტოს მოულოდნელად. 

დიახ და ამავდროულად დენის პრობლემა იყოს, ტრანსპორტის, ექიმის და ასე შემდეგ.

რეალურად, იქ სამოქალაქო გმირები დამხვდნენ. ძალიან ბევრი უცნობი სამოქალაქო გმირი ვნახე. ახლა ჩემთვის უკვე ნაცნობები არიან, მაგრამ აქამდე ამ ხალხს არ ვიცნობდი და ძალიან მიხარია მათი გაცნობა.

ასევე, დამხვდა ბევრი მაგალითი „ქართული ოცნების“ კორუფციის, თავმოუბმელობის და უვიცობის.

მაგალითად, შეიძლება ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილას არ იყოს დაგებული და არავინ იცის, რატომ არ არის ეს მონაკვეთი დაგებული. ბევრი საქმეა დაწყებული, მიგდებული, დაუსრულებელი… დამხვდა კორუფციის ბევრი მაგალითი: ვნახე სკოლა, სადაც მაქსიმუმ 50 ბავშვი სწავლობს, მაგრამ არის სამსართულიანი კორპუსი აშენებული. მითხრეს სკოლაზე, სადაც იმაზე მეტი ადამიანია გაფორმებული, ვიდრე მოსწავლე სწავლობს.

  •  ამაზე ღიად საუბრობენ? 

საუბრობენ, კი. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ძალიან გულთბილად დაგვხვდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვფრთხილობდი. ვიცი, რა გარემოც არის ქვეყანაში, ადამიანებს შეიძლება ჰქონოდათ რაღაც ბარიერი ურთიერთობის. მაგრამ არა, პირიქით, ადამიანები თვითონაც იჩენდნენ ინიციატივას, რომ გამოგვლაპარაკებოდნენ. სახლში შეგვიპატიჟეს, ისეთი მოულოდნელი, დაუგეგმავი სტუმარ-მასპინძლობები იყო, რომ არ ველოდი.

დამხვდა ბევრი უსამართლობაც. მე არ მგონია, რომ სამართლიანობა მხოლოდ კანონები ან მხოლოდ სასამართლოა. ჯანდაცვა, ხელფასები, პენსიები, განათლება – ამ ყველაფრის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო დოვლათის თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება – ეს ყველაფერი სამართლიანობის საკითხია და ბევრი უსამართლობა ვნახე ამ მხრივ.

ზემო აჭარაში თითქმის ყველგან დგას საპენსიო ასაკის გადახედვის საკითხი. მაღალმთიან პირობებში მცხოვრები ხალხი თვლის, რომ მათ უფრო ადრე უნდა გაეწიოთ ის მხარდაჭერა, რასაც სახელმწიფო პენსიონერებს უწევს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია თითქმის ყველგან. ეს თემა მომისმენია მაღაროელებისგან, ვინც მძიმე შრომაშია, მაგრამ მაღალმთიან სოფლებშიც, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენც გვექნება ამაზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება ეს აისახოს ჩვენს პარტიულ ხედვაში თუ სამთავრობო პროგრამაში.

  •  დღეს, პირველ მაისს, ბათუმში ქობულეთიდან იყვნენ ჩამოსული მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე – მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითხოვს მოსახლეობა. მეორე მხრივ, აჭარაში მიწის რეფორმა არ დასრულებულა. ეს საკითხი თუ დაისვა დღის წესრიგში და როგორი იყო თქვენი პასუხი?

დიახ, დაისვა ეს საკითხი უსამართლობის ჭრილში. მე, მაგალითად, გავიგე ასეთი შემთხვევების შესახებ: „აა, შენ ჩვენიანი არა ხარ? – მაშინ პრობლემები გექნება დარეგისტრირებაში“.

მიწის რეგისტრაციის ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ რაც არის – ეს დამეწყრილი ადგილებია. ადამიანები მართლა მამა-პაპისეულ მიწას ტოვებენ, ვეღარ იყენებენ, უწევთ გადასვლა სხვაგან და სრულიად სასაცილო კომპენსაციას სთავაზობს მათ „ქართული ოცნება“. 50 000 ლარი რა არის იმისთვის, რომ ადამიანმა თავიდან დაიწყოს ცხოვრება – დაცინვაა, მაშინ როცა 50-ათასლარიანი საათი უკეთია „ოცნების“ პარლამენტარს.

  • ესე იგი, მითია, რომ სოფლებში ოპოზიციის მისვლას აზრი არ აქვს და არავინ გამოდის მათთან სალაპარაკოდ?

ალბათ ოპოზიციასაც გააჩნია, მაგრამ მთლიანობაში მითია, რომ ოპოზიციას არ ელაპარაკებიან.

იმაზე მეტად კმაყოფილი ვარ, ვიდრე ველოდი. აინტერესებთ: „აბა, რას შვებით, რა გეგმები გაქვთ, როგორ გადავარჩინოთ ქვეყანა?“

რაც არ შემხვედრია, ეს არის დეზინფორმაცია. არავის არ უთქვამს ჩემთვის… მაგალითად, „გლობალური ომის პარტიაზე“ არ გვილაპარაკია.

შეხვედრა მოსახლეობასთან მაღალმთიანი აჭარის სოფლებში
  •  ანუ, პროპაგანდა სოფლებში ნაკლებად მუშაობს, ეს დაინახეთ?

მე მინახავს „იმედის“ პროპაგანდისგან დაბნეული ადამიანები, მათ შორის „ოცნების“ მომხრეები, როგორც ჩანს, უკვე მათაც უჭირთ, ისაუბრონ არგუმენტებით.

რეალობას მაინც ვერ ცვლის პროპაგანდა. ჩემი აზრით, რეალობა იქ უფრო მკვეთრად იგრძნობა და რაც არ უნდა გელაპარაკოს „ოცნება“, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ბუმი გვაქვს, ხომ შეხვალ მაღაზიაში, შუქი რომ ჩაქრება, ხომ დაფიქრდები?! ექიმი რომ კვირაში ერთხელ ახერხებს ამოსვლას?! სოფელი რომ დაიცალა?! ამ ყველაფერმა არ იცის გარჩევა „ოცნების“ მხარდამჭერის და არა მხარდამჭერის.

ამიტომ მოდის პროპაგანდის ნიაღვარი და მისი ამოცანაც ეს არის, დაგაბნიოს. აი, ეს არის ზუსტად შესაცვლელი, რაშიც მინდა, რომ ჩვენ, „თავისუფლების მოედანმა“, წვლილი შევიტანოთ, ადამიანებმა დაიჯერონ, რომ რაც ახლა ხდება, არ არის კანონზომიერი, რომ შეიძლება უკეთესი.

  • ამ ყველაფერთან ერთად, სოფლებში ვინმე ამბობს, რომ საორჭოფოა, ევროპა გვინდა თუ არა?

საორჭოფო ვისთვის? ხალხისთვის?! საერთოდ არ გვქონია ამაზე ლაპარაკი. ჩემი აზრით, ეს თემები ადამიანებისთვის უდავოა, რომ ასე უნდა იყოს, რომ ევროპელებთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა და ევროკავშირში გაწევრიანება კარგია, რომ ეს მოიტანს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა იმ ხალხთან, ვისაც შევხვდი.

თემა არის ის, რომ სახელმწიფომ მიატოვა ხალხი, ზურგი შეაქცია მათ. „ოცნების“ მოდელია, დაიმორჩილოს და დაქვემდებარებული გახადოს მოქალაქე, უნდა გადააქციოს უბრალოდ მოსახლედ, რომელსაც აღარ აქვს პოლიტიკური ნება და მისცემს 300-ლარიან ხელფასს.

ათეულობით ადამიანია დასაქმებული ბალახის მკრეჭავად. მითხრეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ერთ-ერთ ობელისკზე, რომელსაც ხუთი მომვლელი ჰყავს, რომ მერე მადლიერები იყვნენ [„ოცნების“].

„ოცნებას“ აწყობს, რომ ადამიანი არ გაძლიერდეს სოფელში, დარჩეს იმ ვითარებაში, რომელშიც არის და არ გახდეს შეძლებული ფერმერი, შეძლებული მეღვინე, ეკოტურიზმის ცენტრის მფლობელი, იმიტომ, რომ ძლიერი ადამიანი თავისუფალია და ვისაც უნდა, იმას მისცემს ხმას.

ამიტომ მათი მოდელი ასეთია: მე მოგცემ ბიუჯეტს, ცოტა ფულს, მაგრამ არაფერს ისეთს არ გავაკეთებ, რაც რადიკალურ გაუმჯობესებას მოუტანს მოსახლეობას.

  • მაგრამ ძლიერი ბიზნესიც ჩუმად არის. ის მაინც „ოცნებაზეა“ მიბმული და თავის სიტყვას ვერ ამბობს. თქვენი აზრით, რატომ?

მე ეს მიმაჩნია შეგნებულ მავნებლურ პოლიტიკად. იქაც არიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, მაგრამ სულ რამდენიმეა ასეთი. ისინი მხარს უჭერენ არა „ოცნებას“, არამედ „მთავრობას“ და ხვალაც შეეცდებიან მომავალ მთავრობასთან ურთიერთობებში იყვნენ. სამწუხაროდ, ასეა იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად დემოკრატია არასდროს გვქონია და დიდი ბიზნესი ამას აღიქვამს საფრთხედ.

აი, მაგალითად, „ფასების კომისია“ – დაიბარეს ხალხი და ქვეყნის წინაშე მოუწყვეს დაკითხვები, დამამცირებელი და სულელური დაკითხვები დაუსვეს ბიზნესმენებს, რომლებსაც სერიოზული შენატანი აქვთ ბიუჯეტში. დაამცირეს ეს ხალხი. მე მგონი, ამასაც ექნება თავისი შედეგები მათთვის.

ეს შეგნებული პოლიტიკაა, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება. სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ჩვენ რეალურად არ გაგვაჩნია. დიდი ფული შედის და გადის, მაგრამ ვერ ვხვდებით რა ხდება. შეგნებულად, რადგან ჩვენ რომ გვქონდეს სოფლის მეურნეობის კარგი პოლიტიკა, ეს გამოიწვევდა სოფლების გაძლიერებას, ქალაქების გაძლიერებას. მათი ეკონომიკური პოლიტიკა არის ჩაგვრის პოლიტიკა, რომ ადამიანები დაემორჩილონ.

პროექტებში ორჯერ მეტი ფული იხარჯება და ორჯერ მეტი ფული მიდის ვიღაცის ჯიბეში. თითქოს კორუფციას ვებრძვით, მაგრამ კომპანიებს კითხვებს არ ვუსვამთ. კორუფცია ჩამოვიდა წვრილმან დონეზე. ადრე იყო საუბარი ელიტურ კორუფციაზე, მაგრამ ეს კორუფცია არ არის მარტო ქეშის აღება-მიცემა. ეს არის კორუფციული სისტემა, რომელიც არადემოკრატიული და უსამართლო წესებით განაგებს რესურსებს.

  •  „ოცნების“ მომხრესთან დალაპარაკების შესაძლებლობა თუ მოგეცათ და როგორი იყო საუბარი?

მე ვცდილობდი მეპოვა ასეთი ადამიანები და მესაუბრა. მგონია, რომ ამ ადამიანებთანაც კი, თუ პირველ უნდობლობას გადავლახავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბევრი რამ გვაერთიანებს: პრობლემები საერთოა – ჯანმრთელობა, შემოსავალი, ემიგრაცია…

კი, მქონდა საუბარი და დაიწყო კლიშეებით, რომლებსაც „ოცნება“ ავრცელებს. „რას აკეთებთ ოპოზიცია, სოფლებში რატომ არ დადიხართ?“ – მითხრა ერთმა ქალბატონმა. ვუთხარი: „აი, ქალბატონო, აქ ვარ, თქვენთან ვარ, ვისაუბროთ“. მერე ვისაუბრეთ. მე არ მაქვს პრობლემა „ოცნების“ მხარდამჭერებთან საუბრის.

  • ამ შეხვედრების შემდეგ კონკრეტული გეგმა უნდა გამოაქვეყნოთ?

რა თქმა უნდა. ვცდილობთ გავიცნოთ ადამიანები, ვისაც უნდა ჩვენი თანამებრძოლი გახდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს ეს კამპანია – „საქართველოს გულისთვის“.

მარტში ვიყავით იმერეთში, იქაც მოვიარეთ სოფლები.

ყველგან ვეუბნებით: დაგვირეკეთ, დაგვეკონტაქტეთ, თუ ჩათვლით, რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ. პარალელურად მზადდება სამხარეო პროგრამა იმერეთისთვის, მერე ბათუმშიც იმავეს გავაკეთებთ.

ეს არ არის ერთჯერადი ამბავი. ჯერ შევხვდეთ ადამიანებს, მოვუსმინოთ, ვნახოთ ის დამეწყრილი მიწები… ეს სულ სხვა გამოცდილებაა. პოლიტიკური პარტია არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კი არ უნდა გამოჩნდეს, არამედ ორი წლით ადრე.

  • ხშირად მოგვისმენია მოსაზრება, რომ ხალხი ვერ ხედავს რეალურ ძალას ცვლილებისთვის. ცალ-ცალკე ვერაფერს შეძლებენ და ვერც გაერთიანებას მოხერხებენო – ასეთია განწყობა ოპოზიციის მიმართ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეა?

ხალხს სჭირდება სიახლე, ახალი პოლიტიკოსები – აი, ეს არის ყველაზე დეფიციტური და ამიტომაა „თავისუფლების მოედანი“ საინტერესო დღეს.

ჩვენ ახლები ვართ და უფრო გვაკვირდებიან. „თავისუფლების მოედანი“ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის სხვებთან, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი პარტია აღარ არსებობდეს და რაღაც ერთი პარტია ჩამოყალიბდეს.

ყველასთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ვხედავთ დამოკიდებულებას, რომ სიახლე უნდა ხალხს და უფრო მარტივად უჩნდებათ ნდობა.

უთანხმოებები ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, რომ ცივილურად გადავწყვიტოთ და ვაჩვენოთ დემოკრატიული ოპოზიციის ძლიერება.

  • როგორ გააკეთებთ ამას?

ჩვენ გვქონდა ეპიზოდები, როცა ჩვენს პარტიაზე იყო საჯარო თავდასხმები და ამისთვის არ გვიპასუხია. საკოორდინაციო ფორმატებში განვიხილეთ ეს საკითხები. მე მჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ – ხალხთან მჭიდრო კავშირის.

ახალი პოლიტიკური აზროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მათ [„ოცნებას“] ვერ მოვუგებთ უფრო ავტორიტარული ორგანიზებით, ჩვენ მოვუგებთ დემოკრატიული და საჯარო, სახალხო პოლიტიკით.

„ოცნება“ არ მინახავს ხალხში გასული დაუგეგმავ შეხვედრებზე. ძალა არის მაშინ, როცა შეგიძლია ხალხის წინაშე პირნათლად წარდგე.

  • ბოლოსკენ მინდა შეაფასოთ „ოცნების“ მცდელობები, ქვეყნის მასშტაბით საკადრო ცვლილებების უწყვეტი ტალღა, აჭარაში, მათ შორის. ასევე, ახალ-ახალი აკრძალვების მოფიქრება და კანონებად ქცევა, ფასების კომისია, გამოცხადებული ბრძოლა კორუფციასთან და ასე შემდეგ. რას გვაჩვენებს ეს ყველაფერი, რეალურად რა მდგომარეობაშია „ოცნების“ ხელისუფლება?

ერთი მხრივ, ეს ამჟღავნებს იმას, რომ შიგნით არის მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება კლანებს შორის და მეორე მხრივ, არაკომპეტენტურობას – ამ ხალხმა სახელმწიფოს მართვა რეალურად არ იცის. იციან მოქრთამვა, დაშინება… მაგრამ მართვა არ დგას ცოდნაზე. ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან.

„ბუმბულსაც ჰგონია, რომ მძიმეა, სანამ ქარი დაუბერავს“ – ასე არიან. ძალა არ არის მუშტების ბრახუნი, ძალა არის, როცა ხალხთან გაქვს კავშირი. ისინი კარგავენ კავშირს ხალხთან.

  •  პირველი რუსული კანონის დროს უფრო მეტი ბრძოლა გასწია საზოგადოებამ. ახლა რა ხდება?

პირველი რუსული კანონის დროს მოუმზადებელი იყო „ოცნება“, არ ელოდა ასეთ რეაქციას. ეგონათ, რომ რამდენიმე ორგანიზაციას გააუქმებდნენ და მორჩა. ხალხმა დაინახა, რომ ეს იყო ქვეყნის განვითარების პრინციპულ ვექტორზე შეხება.

დიახ, მაშინ არ ელოდა „ოცნება“ წინააღმდეგობას, ჩათვალა, რომ რუსული კანონით დაარტყამდა საზოგადოების ვიწრო ჯგუფს, რომელიც არავის აინტერესებდა. ეს იყო კონსპირაციული წარმოდგენები, რომ მაგალითად, დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები და ასე შემდეგ, არ არიან ხალხის წიაღიდან წამოსული ჯგუფები, რომლებიც ძვირფასია საზოგადოებისთვის და მის შეხედულებებსა და იდეალებსაც ასახავენ…

აქ მაგრად მოსრიალდნენ, მოულოდნელად. ხალხმა დაინახა, რომ ქვეყნის განვითარების ძალიან პრინციპულ ვექტორზე შეგვეხნენ.

და შემდეგ ისინი მოემზადნენ. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ბევრი დაკარგა კიდევაც „ოცნებამ“ და ჩვენ მივიღეთ დიდი ზიანი – დაიხურა ორგანიზაციები, მედიას ძალიან უჭირს, ადამიანები ციხეში არიან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავდასხმები, მოქალაქეებმა ჯანმრთელობა დაკარგეს და სხვა, მაგრამ მათაც დაკარგეს.

მათ დაკარგეს მთავარი რამ, ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში. ქართველმა ხალხმა მათ მოუგო ძალიან ბევრ ნაწილში, მოუგო დემოკრატიული ბრძოლა არჩევნებშიც და მას მერეც, ქუჩაში ეს მასობრივი დემონსტრაციები ამის მაჩვენებელი იყო.

ახლა „ქართულმა ოცნებამ“ რომ დაუძახოს თბილისელებს, აბა, გამოდი ჩემს მხარდამჭერადო, რამდენი გამოვა? – 20% მიიღო კალაძემ საერთო ამომრჩევლის თბილისში, ისიც მაშინ, როცა არავინ არ მონაწილეობდა პრაქტიკულად იმ არჩევნებში, ხომ?!

მათ წააგეს ბრძოლა მორალური უპირატესობისთვის, იმიტომ, რომ ასეთი რამის მერე, ასეთი უსინდისობის და არაადამიანობის, უგულობის მერე, შენ ხალხის ნდობა დაკარგული გაქვს, ქვეყნის მართვის მორალური უფლება არ გაქვს.

საერთაშორისო ზიანიც ძალიან დიდი მიიღეს და ახლა გუნდში თავზე ენგრევათ ყველაფერი. ეს დიდი წარმატებაა, რაც არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, მსვლელობები, მარშები, პოლიტიკური პატიმრების თავგანწირული ბრძოლა – იმიტომ, რომ ყოველი დღე, რომელსაც ისინი ირჩევენ დარჩნენ ციხეში და არა დაწერონ წერილი – „მაპატიეთ, შემეშალაო“, არის ყოველდღიური თავგანწირვა, რომელსაც მზია, ზვიადი და სხვები და სხვები ეწევიან.

პოლიტიკურ პარტიებსაც მეტი მოგვეთხოვება, რაღაცები უკეთ უნდა გაგვეკეთებინა და რაღაცებს უკეთესად გავაკეთებთ კიდეც.

ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, რომ მეტი შევძლოთ, მეტ ადამიანს შევხვდეთ, მეტი ნდობა გვქონდეს, მეტი ენერგია და ძალა გვქონდეს, რომელიც ამ ხალხიდან მოდის. ამას ფულით და პროპაგანდით ვერ იყიდი. მე დარწმუნებული ვარ, როცა საჭირო იქნება, ჩვენი ხალხი იტყვის თავის სათქმელს და კიდევ უფრო მეტი, ბევრად მეტი ადამიანი გამოხატავს თავის სამოქალაქო პოზიციას ამ ქვეყნის გადასარჩენად. 

  • ბათუმში ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს მერიიდან, მთავრობიდან, პროევროპულ პეტიციაზე ხელმოწერისა და კრიტიკული აზრის გამო. ეს ადამიანებიც კი არ ჩანან აქციებზე…

რთულია ითქვას, როგორ გაიხსნება ეს პოლიტიკური კვანძი და როგორ გადაილახება პოლიტიკური კრიზისი.

რომ გადაილახება, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ასე ვერ გაგრძელდება. ვერცერთ ვარიანტში ასე ვერ გაგრძელდება.

რაც შეეხება ადამიანების უფრო აქტიურად პროტესტში მონაწილეობას – იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის ძალიან სასიხარულო იქნებოდა და სასურველი, რომ ისინი უფრო აქტიურად იყვნენ, მაგრამ მათ სხვა რამის გაკეთებაც შეუძლიათ და უნდა გააკეთონ. ამიტომ პოლიტიკური პარტიების ამოცანა, სხვათა შორის, ისიც არის, რომ პოლიტიკური მონაწილეობის განსხვავებული ფორმები შევთავაზოთ ადამიანებს.

ზოგი შემოუერთდა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენთანაც არიან ადამიანები, რომლებმაც, ვთქვათ, თავიანთი პოლიტიკური პოზიციის გამო მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს საჯარო სამსახური. ზოგი შეიძლება ასე აშკარად არ ჩანდეს, მაგრამ თავისი ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით მიიღოს მონაწილეობა ამ ყველაფერში.

რეალურად, „ოცნებას“ დააკლდა კომპეტენცია, რომ მართოს წესიერად საკითხები და უკვე დასაცინი გახდა, „ოცნების“ ნათქვამზე დღეს ხალხი ქუჩაში იცინის. ეს სიცილი ბრაზში აუცილებლად გადავა. ჩვენი ხალხი იტყვის თავის სათქმელს.

რთულია ითქვას, როგორ გაიხსნება ეს პოლიტიკური კვანძი, მაგრამ რომ გადაილახება, ამაში დარწმუნებული ვარ. პოლიტიკური პარტიების ამოცანაა, რომ მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები შესთავაზოს ხალხს. თუ საჭირო იქნება, იმ ადამიანებსაც მივაკითხავთ, ვინც შიგნიდან დაიწყო ბრძოლა. ზოგი შემოუერთდა ბრძოლას, ზოგი პარტიებშია.

ახლა ისინი [„ოცნება“] ცდილობენ, არ გახდნენ დასაცინი. იმიტომ არის, რომ მუშტებს აბრახუნებენ სულ. ეს მშიშარა ხალხის საქციელია – ეშინიათ, რომ უკვე იმ ეტაპზე არიან, როდესაც ხალხი იტყვის: „აბა, ახლა აქედან…“ ამიტომ ცდილობენ ძალადობის ჩვენებას, რომ მზად არიან ვიღაცაზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად იძალადონ. მაგრამ არ არის მშიშარა ქართველი ხალხი. ახლა გავიარე ქობულეთის ქუჩებში და სიცილ-ხარხარი იყო ყველგან „ქართული ოცნების“ განცხადებებზე.

და ეს არის დასასრულის დასაწყისი.

მე ამ კამპანიის ყველა ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო მემატება რწმენა, რომ ხალხი თავის სათქმელს იტყვის. არსაიდან არ დავბრუნებულვარ იმედგაცრუებული.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 332 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 906 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 500 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 41 117 ერთეული [+73]
  • MLRS – 1 763 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 357 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 267 589 ერთეული [+2 305]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 579 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 93 274 ერთეული [+265]
  • სპეცტექნიკა – 4 151 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინული დრონები რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალს მეოთხედ დაესხნენ თავს

კიევი: გამოვლენილია რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც ქართველებიც შედიოდნენ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“ – ინტერვიუ

„დღეს ეს 44 900 000 ლარი ეკუთვნით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს. სწავლის ხარისხს და მოსწავლის ქცევას ფორმა ვერ გამოასწორებს“- ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.

როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტიდან 44 მლნ ლარი ეფექტურად ქვეყანაში, სადაც ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ, ბავშვების ნაწილს საკმარისი საკვები არ აქვს, მმართველი პარტია კი სასკოლო ფორმების შემოღებას მიიჩნევს განათლების სისტემის მთავარ გამოწვევად? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ სიმონ ჯანაშიას.

  • ბატონო სიმონ, რამდენიმე წელია მასწავლებლები, მშობლები, ბავშვები და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ სკოლებში ბავშვების კვება დააფინანსოს, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლებამ არ გამოყო კვების თანხა. ქუჩაში მშობლები ღამეებს ათენებენ და ითხოვენ წამალს შვილების სიცოცხლისთვის, თუმცა მათ არც წამლის შეძენას აპირებენ. სამაგიეროდ, უცებ გაჩნდა ბიუჯეტში 44 900 000 ლარი სკოლის ფორმებისთვის. რას ნიშნავს ეს?

პოლიტიკაში რაც ხდება, ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში არ არის დემოკრატიული მართვის მექანიზმები. მეორეს მხრივ, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც საზოგადოება დაუკვეთს ხელისუფლებას თავის პრიორიტეტებს. ეს რომ მუშაობდეს, სკოლის ტანსაცმელი ნამდვილად არ იქნებოდა პრიორიტეტი დღეს. პრიორიტეტი იქნებოდა, მაგალითად, თანასწორობა, ბავშვთა კვება, ბავშვების ჯანმრთელობა და სკოლების მშენებლობების სწრაფად დამთავრება, რადგან სამ ცვლაში უწევთ დღეს ბავშვებს სწავლა.

ესენი საკვების ნაცვლად ბავშვებს სთავაზობენ ფორმებს, მაგრამ სამაგიეროდ აღარ ექნებათ ბავშვებს ალტერნატიული სახელმძღვანელოები, 12-ის ნაცვლად 11 წელს ისწავლიან.

ყველა ცვლილება არის შეზღუდვაზე ორიენტირებული და შემაკავებელიც არაფერი არსებობს.

თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლებთან კონფლიქტში არიან. პროტესტში არიან მსახიობები, მწერლები, ჟურნალისტებთან ვერ თანამშრომლობენ, ვერ გამონახეს ენა დიპლომატებთან, სამხედროებთან და სპორტსმენების გარდა, ფაქტობრივად ყველა სფეროსთან დაპირისპირებაში არიან. მათ შორის განათლების სფეროსთანაც.

ბავშვებისთვის ამ ფორმების ჩაცმაც არ არის შემთხვევითი, რადგან რაც უფრო ავტორიტარული ხდება სისტემა, მით უფრო მეტად უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ აწესებს რაღაც შეზღუდვებს, რომელსაც აუცილებლად ყველა უნდა დაემორჩილოს. ამ ფორმების შემოტანა ამ კონტექსტში ამას ნიშნავს – „ჩვენ ვამყარებთ წესრიგს და ჩვენ ვმართავთ“.

  • ბავშვების ჩარჩოში მოქცევის სიმბოლოა ეს ფორმა?

რეალურად, ოჯახებს დაუწესეს გადასახადი და ეს 44 მილიონიც არ არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფორმებზე. ეს არის ფულის ნაწილი, ნაწილს გადაიხდიან მშობლები, როცა ვალდებულება გაუჩნდებათ, რადგან ითქვა, რომ სახელმწიფო მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მისცემს ფორმას უფასოდ, დანარჩენებმა უნდა იყიდონ, ასე გამოდის.

  • გამოდის, ხელისუფლებამ მილიონები უნდა დახარჯოს ისეთ რამეში, რაზეც არ ყოფილა მშობლების დაკვეთა?

ასე გამოდის კი, რომ სახელმწიფომ უნდა მიჰყიდოს მშობელს ის, რაც მას არ დაუკვეთავს. თუმცა, მშობელს არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ გააპროტესტოს.

აქ საუბარი არ არის უბრალოდ დრესკოდზე, რომ მოსწავლეს უნდა ეცვას, ვთქვათ, თეთრი პერანგი ან რაღაც ფერის შარვალი, რომ შემდეგ მშობელმა გადაწყვიტოს სად იყიდოს და როგორ, არამედ ეს არის სტანდარტიზებული ტანსაცმელი, რომელიც ყველამ უნდა ჩაიცვას. როგორც საბჭოთა კავშირში იყო, სწორედ ისე და მაშინაც ეს ფორმები იყო საზოგადოების დისციპლინირების ერთ-ერთი მექანიზმი.

საბჭოთა სკოლაშიც კი ამ ერთფეროვნების გამო, [ბავშვები] სახელოებს ახევდნენ, ჯიბეებს აძრობდნენ ღილებს და ცვლიდნენ ტანსაცმელს, რომ არ ყოფილიყვნენ სისტემის ნაწილი და ეს წინააღმდეგობა აუცილებლად ჩნდება მაშინ, როცა სისტემა უსამართლოა.

  • თუმცა საზოგადოებას ისე მიაწოდეს ეს ინფორმაცია, როგორც ბავშვებს შორის თანასწორობაზე ზრუნვა. ბულინგი შემცირდებაო – ამბობენ.

სინამდვილეში, ამ ფორმით თანასწორობის დამყარებაც დისციპლინირებაა, რადგან თუ მე არ მინდა ვიყო თანასწორი და სახელმწიფო მაიძულებს და მთხოვს, რომ სხვასთან მიმართებაში მოვიქცე ისე, თითქოს ვართ თანასწორი, ეს ნიშნავს, რომ მე მაიძულებს მოვიქცე ისე, რაც ჩემთვის ბუნებრივი არ არის. ეს არ არის თანასწორობა.

თანასწორობა არის შესაძლებლობის გათანაბრება. მაგალითად, ვიღაცას რომ ასეთი ფორმა აცვია, სხვას არ აქვს შესაძლებლობა ასეთი ფორმა იყიდოს და შენ ეხმარები, მაშინ ეს იქნებოდა თანასწორობისკენ გადადგმული ნაბიჯი. როცა ხედავ, რომ ვიღაც სკოლაში მშიერი მოდის, ვიღაც – არა და შენ მშიერს აწვდი საკვებს, ეს არის თანასწორობისკენ მიმართული ნაბიჯი.

როცა ვიცით, რომ დედაქალაქის და სხვა ქალაქის სკოლების მოსწავლეებს უფრო უკეთესი შედეგები აქვთ, მაგალითად, მისაღებ გამოცდებზე და სხვებს არა, ამიტომ მათთვის აკეთებ გახანგრძლივებულ გაკვეთილებს – აი, ეს არის თანასწორობა.

როცა მასწავლებლების კვალიფიკაცია არათანაბარია და შენ სოფლებში გყავს უფრო მეტი ნაკლები კვალიფიკაციის მასწავლებელი, ეს არის უთანასწორობა. მაგალითად, ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი რომ არ არის სკოლაში და ფიზკულტურის მასწავლებელი ასწავლის ფიზიკას, ეს არის უთანასწორობა.

სოფლის და ქალაქის სკოლის ბავშვს, რომ ერთნაირი ფორმა აცვია, ეს არაფერს ცვლის.

  • ფასადურ „თანასწორობას“ ქმნიან და არა რეალურს?

ფასადურია კი და ზოგადად, თანასწორობის პრობლემა არის არა მხოლოდ სკოლების შიგნით, არამედ სკოლებს შორისაც, რადგან თუ ჩემი შვილი უკეთეს სკოლაში დადის, ვიდრე სხვისი, ფორმების ჩაცმით ვერ ექნებათ მათ თანასწორობა.

სად არის თანასწორობა, როცა ერთს ეუბნები, რომ შეუძლია 12 წელი ისწავლოს და მეორეს არ აძლევ ამის შესაძლებლობას. თუ, მაგალითად, სოფლის სკოლაში ერთი ბავშვი იტყვის, რომ უნდა მე-12 კლასში სწავლის გაგრძელება, ის არ აღმოჩნდება წნეხის ქვეშ?!

მეორეა ის, რომ ასეთი სისტემის შემოღებით შეიძლება ხელი შეუწყო კორუფციასაც. თუ ერთ სკოლაში მასწავლებლები დაიყოლიებენ ბავშვებს, რომ გააგრძელონ სწავლა მე-12 კლასში, მიუხედავად იმისა, ივლიან თუ არა ისინი სკოლაში, მხოლოდ იმიტომ, რომ საათები შეინარჩუნონ მასწავლებლებმა, ეს არ აჩენს კორუფციის ელემენტებს სკოლაში?!

რომელიღაც სკოლაში მეტი ხელფასი რომ ექნება მასწავლებელს და რომელიღაც სკოლაში ნაკლები, ეს არ იქნება უთანასწორობა?!

ცალკე საკითხია, წამალს რომ ითხოვენ ბავშვები და სახელმწიფო ეუბნება ფული არ გვაქვსო. მერე აღმოჩნდება, რომ ფული არ არის პრობლემაა, რადგან მილიონობით ლარს ყრი ფორმებში, რომელზე მოთხოვნაც არ არსებობს.

ფაქტობრივად გადაყრილია ფულია ეს, რაც ფორმებში იხარჯება, რადგან ვერ მოიტანს შედეგს. სწავლის ხარისხს და მოსწავლის ქცევას ფორმა ვერ გამოასწორებს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ნახევარ წელიწადში გაიზრდებიან და თავიდან გაუხდებათ საყიდელი ეს ფორმები.

  • თანაც ტანსაცმელი არ არის, მაგალითად, წიგნი, რომ ერთის გამოყენებული მისცე სხვას…

სინამდვილეში, ამ ფულს მხოლოდ იმიტომ ხარჯავენ, რომ ერთხელ, სექტემბერში აჩვენონ საზოგადოებას, რომ რაღაც გააკეთეს განათლების სისტემაში. გადაუღებენ ფოტოებს ბავშვებს და მერე აღარავინ მოიკითხავს.

  • ანუ ჩავარდება ეს პროექტი?

ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა თავის დროზე ფორმების პროექტი, რომ ყველას ერთნაირი ქურთუკი უნდა ჰქონოდა, ერთნაირი ზურგჩანთა და ასე შემდეგ და მერე ეს იქცა რაღაც კოშმარად, რადგან განათლების სამინისტრო თვეების განმავლობაში დაკავებული იყო ზომების აღებით და შეკვეთებით.

ჯარშიც კი, ზრდასრულ ადამიანებთან რთულია იმის მიღწევა, რომ ყველას მოარგო ფორმა და ისეთ ასაკში, როცა ბავშვი ყოველ წელს, ყოველ სეზონზე იზრდება, რამდენად შეიძლება იმის მიღწევა, რომ ყველას მოარგებ ერთხელ შეკერილი ფორმას?! ამიტომ, გადაყრიან ამ 44 მილიონს და შემდეგ მიივიწყებენ ამ პროექტს.

ისევე, როგორც მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ხარჯავდნენ 50 მილიონს წელიწადში, მაგრამ გაიზარდა კვალიფიკაცია?! სადღაც 300 მილიონზე მეტია დახარჯული ამ პროგრამაში და ისე გააუქმეს, ვითომც არაფერი. არ სჯობდა, რომ მასწავლებლების ხელფასების გასაზრდელად დაეხარჯათ ეს თანხები?

  • რისი გაკეთება შეიძლება 44 მილიონად დღეს ბავშვების სასარგებლოდ?

მახსოვს ასეთი ამბავი, რომ ისრაელის დაარსების წლისთავზე გოლდა მეიერმა [ისრაელის მეოთხე პრემიერ-მინისტრი] თქვა, ჩვენ არ გავმართავთ ღონისძიებებს, სად გვაქვს ამდენი ფული, ქვეყანა გვაქვს ასაშენებელიო. საქართველოში კი უამრავი 44 მლნ-ია, რომელიც უაზროდ იხარჯება.

დღეს ეს თანხა სჭირდებათ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს. ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი და არა ის, რომ ყოველ წელს ავტომობილების პარკი განვაახლოთ და უაზრო ღონისძიებებში ვყაროთ ფული. ვანში იყო ახლა ამბავი, რომ მანქანები არ ჰყავდათ, მაგრამ ბენზინი იხარჯებოდა და ბევრი ასეთი რამ ხდება ამ ქვეყანაში, როცა ერთ ქუჩას ათასჯერ აგებენ და ერთი და იმავე საქმეში ხარჯავენ მილიონებს.

განათლებაშიც უამრავი საკითხია. არის ბავშვების ნაწილი, რომლებიც რამდენიმე წლით ჩამორჩებიან თანატოლებს და მათთვის დამატებითი გაკვეთილები იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა.

უფასო კვების პროგრამები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან თუ სოციალური მხარე ძლიერდება, შედეგებიც უკეთესია.

მაგალითად, მეზობელ თურქეთში იყო დანერგილი პირობითი ფულის გადაცემის პროგრამები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო მშობელს უყენებს პირობას, რომ ოჯახს დაეხმარება, ანუ მისცემს სტიპენდიას, თუ ბავშვს არ ამუშავებს, მაგალითად, თხილის პლანტაციაში და ამის გამო არ გააცდენინებს სკოლას. მაგრამ, როცა ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, იქ მმართველის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული რა იქნება და რა არა.

ხოლო იმის რწმენა, რომ შენ თვითონ შეგიძლია რაღაც შეცვალო, ადამიანებს ნაკლებად აქვთ, როცა ხედავენ, რომ პოლიცია შეიძლება სასტიკად გაუსწორდეს ადამიანს ან უმიზეზოდ დააპატიმროს.

  • როცა ასე, ერთჯერად პროექტებში მილიონები იხარჯება, რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს ფულის კეთების საშუალებაა და არა ის, რომ ზრუნავენ ბავშვებზე? 

არ არის გამორიცხული რომ კორუფციაც იდგეს ამის უკან. ვნახეთ რა მოხდა სკოლების რეაბილიტაციის პროექტებში, როცა კომპანიებმა ფული მოიპარეს და არ ააშენეს სკოლები, მაგრამ ისევ იღებენ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას. სკოლის ფორმების შეკერვითაც ვიღაცის კომპანია იქნება დაინტერესებული.

როცა, მაგალითად, გამომცემლობებს სახელმძღვანელოების ბეჭდვის შესაძლებლობა წაართვეს, აღმოჩნდა, რომ იმ სტამბას დაუკვეთეს წიგნების ბეჭდვა, რომელიც ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული.

თვითონ თანამდებობის პირები აღმოჩნდებიან ხოლმე შემსრულებლების მხარეს. ან გაიყიდება რაღაც უნივერსიტეტი და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მინისტრი ამ უნივერსიტეტის მმართველ საბჭოშია.

ალბათ თვითონაც არ სჯერათ, რომ სკოლის ფორმები გაამართლებს.

Exit mobile version