საიამ ბათუმში კარვის გაშლის გამო დაკავებული მოქალაქის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო

„საიამ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ცნობის საქმე ევროპულ სასამართლოში მოიგო,“ – წერს საია დღეს, 23 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარია ბათუმში, 2022 წელს მომხდარ შემთხვევაზე: მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარავი გაშალა და ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვება მოითხოვა. ზურაბ ქარჩავა კარავში დარჩენას და შიმშილობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ პოლიციელებმა მას კარავი წაართვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ზურაბ ქარჩავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

მნიშვნელოვანია, რომ კარვის გაშლის შესახებ მოქალაქემ მერიას წინასწარ, წერილობით აცნობა.

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2023 წლის სექტემბერში ევროპული კონვენციის მე-6 [სამართლიანი სასამართლოს უფლება] და მე-10 [გამოხატვის თავისუფლება] მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა.

„დღეს საიამ სტრასბურგის სასამართლოში მეორე მნიშვნელოვანი საქმეც [გიორგი ანწუხელიძის საქმე] მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

ორივე საქმეზე საია საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას 15:00 საათზე გააცნობს,“ – აღნიშნულია საიას მიერ 23 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ თემაზე:

საია კარვის გაშლის გამო პირის სამართალდამრღვევად ცნობას სტრასბურგში ასაჩივრებს

 

117 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოში სოფლის მოსახლეობა – საქსტატი

საქართველოში სოფლის მოსახლეობა 2014 წელთან შედარებით 117 044 ადამიანით არის შემცირებული.

ეს არის მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის 22 ივნისს გამოაქვეყნა.

  • საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 3 617 სოფელია.
  • აქედან 200 სოფელში 2024 წლისთვის მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება. 40  სოფელში კი მხოლოდ 1 მოსახლე ცხოვრობს. 
საქსტატის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები.

გვაქვს ასევე 42 – ორკაციანი, 31- სამკაციანი სოფლებიც.

10 ადამიანი ცხოვრობს 22 სოფელში. 132 სოფელში კი – თითოეულში სულ ცოტა 5-6-7 ადამიანი.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოსახლეობის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხულოში. 2014 წელთან შედარებით აქ მოსახლეობა 29.9%-ით შემცირდა. შუახევში კი 26.2%-ით. ორივე მუნიციპალიტეტი აჭარაშია.

მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე ცაგერის (18.2 პროცენტი), წყალტუბოს (15.1 პროცენტი) და ტყიბულის (14.9 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.

კლების ტენდენცია გვაქვს სხვა რეგიონებშიც. კერძოდ: გურიის რეგიონში – 9.7 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7.6 პროცენტი. მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.8%, კახეთში – 4.6%, იმერეთში 4.3%.

 

„სურთ ხალხმა თავი დაიცენზუროს“ – „ოცნება“ ტერმინებთან ბრძოლას იწყებს

კომუნიკაციების კომისია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ საქმეს განიხილავს ისეთი ტერმინების გამოყენების გამო, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და „პოლიტპატიმრები“.

„თქვენ ცდილობთ დაამკვიდროთ ტერმინები, რომელიც ვიღაცამ, სადღაც, ოდესღაც გამოიყენა“, – ამბობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა ტერმინზე, რომელსაც საერთაშორისო მედია იმ პირებთან დაკავშირებით იყენებს, რომლებიც თავიანთი მრწამსის და შეხედულებების გამო იდევნებიან.

რა მიზანი აქვს რეალურად კომუნიკაციების კომისიას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელს ნათია კუპრაშვილს.

  • ნათია, როგორც ვიცით, კომუნიკაციების კომისია ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ედავება ისეთი ტერმინების გამოყენებას სიუჟეტში, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „პოლიტიკური პატიმრები“. თუმცა ის ამონარიდი, რომელიც მელაძის თქმით, ComCom-ს ჰქონდა საჩივარში მოყვანილი, არ არღვევს იმ სტანდარტს, რასაც ედავებიან. რას ემსახურება ამ ტერმინებზე შეტევა, თქვენი აზრით?

დავიწყოთ იქედან, რომ, ზოგადად, „კომკომი“ განიხილავს საქმეებს, რომელსაც არ ჰყავს ეგრეთ წოდებული მომჩივანი. ანუ ამით არავინ შეწუხებულა. ყველაზე მეტად, მიკერძოებით შეიძლება წუხდებოდეს აუდიტორია და ის უნდა ჩიოდეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

ზოგადად, ჟურნალისტური მიკერძოების თემების განხილვის გადაბარება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის, რომელიც აქამდე გვარდებოდა მაუწყებელთა თვითრეგულირების სისტემებით, არასწორი მიდგომაა. ვერ ნახავთ ვერცერთ ევროპულ მაუწყებელს, რომელთა გაერთიანების წევრიც არის კომუნიკაციების კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს, მით უმეტეს მაშინ, როცა ამას დაზარალებული მხარეც არ ჰყავს.

არ ვლაპარაკობ მარტო საზოგადოებაზე, შეიძლება პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდეს და რომელიმე პოლიტიკური პარტია ჩიოდეს, რომ ვთქვათ, ესა და ეს ზიანი მომადგა და ამას არგუმენტირებულად ამტკიცებდეს. ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს უწევს ფიქრი იმაზე, რა კუდი გამოვაბა ახლა ამ ტერმინოლოგიას, რომ გავამტყუნო მაუწყებელი?

ეს არ უნდა იყოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია ზოგადად, არასწორი სისტემაა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. სინამდვილეში, არანორმალურია ეს, რაც შექმნეს.

ტერმინებზე მსჯელობა „ტვ პირველთან“ მიმართებით მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა მაგალითად პროსამთავრობო არხებზე თითქმის ყოველდღე გვხვდება ტერმინოლოგია, მაგალითად: „აკაცუკები“, „რადიკალური ჯგუფები“, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ასე შემდეგ. აი, ახლაც რომ გახსნათ მათი ვებგვერდები, ქარდებშია გამოტანილი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“.

ასეთი ტიპის ტერმინოლოგიას შეხვდებით, რომელიც კიდევ უფრო მიკერძოებულია, ვიდრე ტერმინი „სინდისის პატიმრები“.

„სინდისის პატიმრები“ ბევრად უფრო ნაკლებად მიკერძოებული ტერმინია, რადგან როცა ადამიანს ეწოდება სინდისის პატიმარი, ეს ეფუძნება კონკრეტულ კრიტერიუმებს. აქ არის პოლიტიკური მდგენელი, თუ რას ემყარება ეს ტერმინი.

„სინდისის პატიმრები“ იყენებენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები და ეს არ არის ჟურნალისტების გამოგონილი ტერმინი. ის, რაც მე ჩამოგითვალეთ საპირწონედ, იქ კიდევ უფრო მეტად შეგიძლიათ დაადგინოთ მიკერძოება, ამ ფონზე ამას არ განიხილავს კომუნიკაციების კომისია, რაც აჩვენებს შერჩევითობას.

„სინდისის პატიმრები“ ვერ გავა ეპითეტში, რადგან ეს არის კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული შეფასებითი განმარტება და არა ეპითეტი.

„აკაცუკი“, „რადიკალები“ და ასე შემდეგ არის ეპითეტი, რომელიც არეთიკურია და მათი გამოყენება არასწორია, ოღონდ გამოხატვის თავისუფლებით აბსოლუტურად დაშვებული.

ესეც არანორმალურია, როცა უკრძალავ მედიას გამოიყენოს ეპითეტი. თუ არის მიკერძოება და ამით ვინმე ზიანდება, ეს შეიძლება იყოს არაეთიკური, ოღონდ ეს წმინდა ეთიკური განხილვის საგანია. ეს ვერაფრით ვერ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო დავის ან რაიმე დასანქცირებ-დაჯარიმების ამბავი. ეს განხილვა აბსოლუტურად არანორმალური და მიუღებელია.

  • მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობდა [მელაძესთან] ჩართვაში, რომ „თქვენ გინდათ დაამკვიდროთ „სინდისის პატიმრები“ და ყოველდღიურად გამოიყენოთ? ანუ კონკრეტულად ეს ტერმინი იწვევს გაღიზიანებას?

ვიღაცამ, ოდესღაც, სადღაც კი არა, ზუსტად ვიცით ვინ გამოიყენა „აკაცუკი“, ვინ გამოიყენა „რადიკალური ოპოზიცია“, ვინ გამოიყენა რაღაც ტიპის ტერმინი, რომელსაც პრო – ოცნების არხები ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც იარლიყს აკანონებენ. ამას უფრო ჰყავს დაზიანებული მხარე.

თუკი ვინმე შეიძლება დაზიანდეს ყველაზე მეტად მედიურ კომუნიკაციებში, ეს ვერაფრით იქნება ძალაუფლებაში მყოფი ძალა, რომელსაც თმენის მაღალი ვალდებულება აქვს. ეს, პირველ რიგში, შეიძლება იყოს დაუცველი ჯგუფები, ადამიანები, ვისაც არ აქვთ ძალაუფლება ხელთ და ისინიც კი არ მიმართავენ კომუნიკაციების კომისიას, არ არის ეს მოთხოვნა. სად გინახავთ სასამართლოში რიგითი ადამიანის მიერ დაწერილი საჩივარი მედიის წინააღმდეგ? მე არ მინახავს.

არც კანონების გამკაცრებამდე, არც მანამდე, როცა ლიბერალური კანონენი გვქონდა, არცერთ პერიოდში, ადამიანს ჰქონდა ეს ინსტრუმენტი ხელში. რიგითი ადამიანი მედიის წინააღმდეგ არ მიდიოდა, რადგან ზუსტად იცის მედიის სარგებელი და ზუსტად იცის, რომ თუკი რამის გასწორება უნდა, მიმართავს მედიას და როგორმე მიაღწევს სამართალს ნებისმიერი ტიპის მედიაში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, პირადად ჩემთვის, იმის უფლება, რომ „პრო-ოცნების“ მედიებმა უძახოს ხალხს „აქაცუკები“, ეს უფლება ჩემთვის არის უზენაესი უფლება. მართლა გეუბნებით, არავის საქმე არ არის, რას დაუძახებს და როგორ დაუძახებს, თუკი ამის მერე შუღლი არ ღვივდება და ვინმეს რაღაცა მყისიერი საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმე.

  • ყოფილა პრეცედენტი, რომ მარეგულირებელ კომისიას, „იმედის“, „პოსტივის“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ წამოეწყოს დავა ტერმინებზე?

არ მახსენდება. მაგრამ ჩვენთან – „ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან“ დაკავშირებით იყო ერთი სასამართლო დავა, როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გვიჩივლა გამოძიების გამო და ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ [მაშინ შეუმჩნეველი დარჩა, რადგან ჯერ კიდევ არ იყო ეს კანონები მიღებული]. მაშინ სასამართლომ დაგვიდგინა, რომ ტერმინი უნდა გამოგვეცვალა. ჩვენ გვქონდა გამოყენებული ტერმინი „შუამავალი კომპანია“. მათი აზრით, უნდა გამოგვეყენებინა არა „შუამავალი კომპანია“, არამედ „გაყიდვების კომპანია“.

პროპაგანდისტულ მედიებთან დაკავშირებით, არასდროს არ ყოფილა, რომ ედაოს კომუნიკაციების კომისიას.

ყოფილა ტერმინების განხილვა სასამართლოში, ოღონდ ყოფილა სწორედ ძალაუფლებაში მყოფი პირების მხრიდან დავა. კომუნიკაციების კომისიის მიერ ტერმინოლოგიის განმარტებები გვაქვს ახლა, ახალი თავმჯდომარის პირობებში. ძველ თავმჯდომარეს ამაზე ხელი არ მოუწერია.

  • მიზანი რა შეიძლება იყოს – ის, რომ „ოცნებას“ სურს დაასუსტოს, დააზიანოს კრიტიკული მედია კიდევ უფრო მეტად, თუ მედიიდან გააქრონ ტერმინები: „სინდისის პატიმარი“, „პოლიტიკური პატიმარი“ ან ისეთი ტერმინები, რომელიც მათი ხელისუფლების ლეგიტიმაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ?

მიზანი არის თვითცენზურა და, ზოგადად, თვითცენზურის ძალიან ძლიერ ტალღას ვხედავ უკვე ადამიანების ქცევებში. ჟურნალისტებში ყველაზე ნაკლებად, მაგრამ ახლა წავიკითხე, რომ სოცქსელები ბევრმა პირადზე გადაიყვანა საჯაროდან.

ყველაფერი მიმართულია თვითცენზურისკენ. სად აქვს ამხელა რესურსი ნებისმიერი ტიპის ხელისუფლებას, რომ მასა ბოლომდე აკონტროლოს? ამიტომ მასამ თავისი თავი თვითონ უნდა აკონტროლოს, თვითონ უნდა დაიცენზუროს და ამისკენ არის მიმართული ყველაფერი.

  • გამოდის გაუვიდა „ოცნებას“, რადგან თვითცენზურის ტენდენცია გამოჩნდა?

არის ამის რისკები, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ მედიაშია.

„ტვ პირველი“ არ არის პირველი, ვისაც უჩივლა მარეგულირებელმა – წინა კვირას „ფორმულა“ გააფრთხილეს გარკვეული ტერმინების გამო. უბრალოდ, „ფორმულამ“ დიდად არ შეცვალა ტერმინოლოგია.

მე ვამბობ, რომ საქართველოში ყველაზე მედეგი ინსტიტუცია აღმოჩნდა მედია, რომელიც არ დარეგისტრირდა რაღაც რეესტრებში, დაიტოვა ტერმინოლოგია, მიდგომები, თავისი სარედაქციო პოლიტიკა. სწორია, არასწორია, ეთიკურია, არაეთიკურია – ამაზე არ ვსაუბრობ. პირიქით, მივესალმები კიდეც, რომ ეთიკასთან დაკავშირებული მსჯელობები გვქონოდა პროფესიულ სივრცეებში. ეს სჭირდება მედიას, ეს სჭირდება „ტვ პირველსაც“, ეს სჭირდება „ტვ ფორმულასაც“, რა თქმა უნდა.

ეს კარგი პროცესი იქნებოდა, მაგრამ არაფერი ესაქმება ამ მსჯელობას კომუნიკაციების კომისიაში, როცა თავმჯდომარეს უწევს გამოიგონოს კუდები, როგორ ახსნას, რატომ არის „სინდისის პატიმრები“ მიკერძოებული ტერმინი, როცა შეიძლება ის საერთოდაც არ იყოს მიკერძოებული ტერმინი.

  • როგორც ვიცი, ხელმეორე გაფრთხილების შემთხვევაში მაუწყებელს შესაძლოა შეუჩერონ ავტორიზაცია და ეს ხომ არ აქვთ მიზნად?

დიახ, ავტორიზაციის შეჩერებას ითვალისწინებს, მაგრამ მანდ კიდევ კარგი, რომ კარგი კანონებით დავხვდით. მე თუ მკითხავთ, ავტორიზაციის შეჩერებაზე უფრო დიდი პრობლემა დღეს არის ტელევიზიებისთვის ფინანსური მდგომარეობა, ფინანსური ჯარიმები უფრო გააჩერებს ტელევიზიებს.

და ამის მაგალითი გვაქვს წინ, როცა ტელევიზიები თვითონ იუქმებენ თავს. გაუქმდა ტელეკომპანია „ბორჯომი“, გაჩერებულია „მეცხრე არხი“. გაიგო ვინმემ? „ქართული ოცნება“ არ შეჭრილა ამ ტელევიზიებში, მაგრამ შექმნა გარემო, რომ გაჩერდნენ.

„ტვ 25“-იც ფინანსების გამო გაჩერდა აჭარაში და ნიუსს ვეღარ აკეთებს. „ქართული ოცნება“ არ არის ის ხელისუფლება, რომელიც შეიჭრება ტელევიზიებში, „ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც აიძულებს მედიებს თვითლიკვიდაციას და თვითცენზურას. ეს არის მისი მმართველობის სტილი.

  • ამ დროისთვის ასამდე სინდისის პატიმარი გვყავს ციხეში და ამის შეხსენება ალბათ აღიზიანებს „ოცნებას“. ალბათ ასევე ცდილობს, რომ არც საზოგადოებას მოხვდეს ყურში ამბები ადამიანების შესახებ, რომლებიც ციხეებში საკუთარი შეხედულებების გამო გამოამწყვდიეს და არა დანაშაულისთვის. ეს უნდა „ოცნებას“?

რა თქმა უნდა, აღიზიანებთ „სინდისის პატიმრები“ და „პოლიტიკური პატიმრებიც“.  მახსოვს ამაზეც იყო „ფორმულასთან“ დავა.

ალბათ აქვთ კონკრეტული დავალებები, რომელი ტერმინოლოგიის ჩახსნა უნდათ და ამ მიმართულებით მუშაობენ.

თუმცა არ მინახავს, რომ ვთქვათ „პოსტივის“ და „იმედს“ ედავებოდნენ, რატომ იყენებს „აქაცუკებს“,  „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, „რადიკალურ ჯგუფებს“ და რაღაც მსგავს ეპითეტებს. თუ დაინტერესდება, ახლაც ნახავს „სქროლვის სააგენტო“ ამ ყველაფერს მათ ეთერებში და სოციალურ ქსელებში.

 

შეღავათი მძღოლობის კანდიდატებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც მონაწილეობენ

შსს-ს მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ.

„კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს.

ამისათვის აუცილებელია მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე – sagency@sa.gov.ge გამოაგზავნოს საგამოცდო ბარათი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.“ – წერს მომსახურების სააგენტო.

სააგენტოს განცხადებით, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კანდიდატს გამოცდის ახალი დრო განესაზღვრება.

  • გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.

ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

 

 

ვადაგასული ზღვის პროდუქტები გამოავლინეს ბათუმსა და ქობულეთში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა.

სააგენტოს ინფორმაციით, „ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში [მიდია 125 კგ] და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში [კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ]. ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად“.

„თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს „კ.ს.ც.“ის თბილისის სამაცივრე მეურნეობაში [მის: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 10] გამოავლინეს ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსებისა [სხვადასხვა დასახელების გაყინული თევზპროდუქტები] და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი [ხიზილალა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, 6132.2 კგ ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.“ – წერს სააგენტო.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 394 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 050 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 24 812 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 44 604 ერთეული [+74]
  • MLRS – 1 887 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 437 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 368 015 ერთეული [+1 851]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 719 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 110 827 ერთეული [+626]
  • სპეცტექნიკა – 4 329 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში, ვორონეჟის რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანას უკრაინამ დაარტყა

2024 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კაცი ქიბარ ხალვაშის ოჯახის გავლენებზე: „ქონებას ვერ ვიბრუნებ“

„მოსამართლის მიერ ხელმოწერილი ორი სააღსრულებო ფურცელი მიჭირავს ხელში და ჩემს ქონებას მაინც ვერ ვიბრუნებ,“ – ამბობს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე. ის ბათუმში, შანიძის 16-ში მდებარე უძრავი ქონების, ასევე საწარმოს და ძვირადღირებული დანადგარების დაბრუნებისთვის იბრძვის.

ბიზნესმენი ამბობს, რომ სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, უკვე 3 წელია განზრახ ჭიანურდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან საქმე „ოცნებასთან“ დაახლოებულ ხალვაშების ოჯახს ეხება.

საუბარია ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშზე, რომელიც კომპანია „ბიზონის“ მესაკუთრეა. სწორედ ამ კომპანიის წინააღმდეგ არის გამოცემული სააღსრულებო ფურცელი: ერთი 2023 წელს, მეორე – 2025 წელს. ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის ძმაა ქიბარ ხალვაში – პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი. ნიაზ ხალვაშის და – ფატი ხალვაში კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.

დავის საგანი 10 მლნ აშშ დოლარად შეფასებული ქონებაა შანიძის ქუჩაზე, სადაც ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძის კომპანიას „ტრანსკავკასიის კაპიტალს“ მინის დამუშავების და მინის ნაკეთობების საწარმო ჰქონდა მოწყობილი. მამუკა სხვიტარიძე ამბობს, რომ სწორედ აქ მზადდებოდა წლების წინ დასავლეთ საქართველოში მდებარე ბრენდული აპარტამენტების, თუ სასტუმროების მინის ფასადები.

ეს ქონება დღეს რეესტრით მამუკა სხვიტარიძის კომპანიას ეკუთვნის. პრობლემა ამ ქონებიდან ნიაზ ხალვაშის, ასევე მასთან მყოფი პირების გამოსახლება და ძვირადღირებული საწარმოო აპარატების მესაკუთრისთვის დაბრუნებაა. მამუკა სხვიტარიძე ამბობს, რომ ნიაზ ხალვაში მინის საწარმოს არ ამუშავებს, მაგრამ ტერიტორიას იყენებს „ინერტული მასალისთვის, თავისი ბიზნესსაქმიანობისთვის“.

„ნიაზ ხალვაში მეუბნება, რომ დატოვებს ჩემს ტერიტორიას, თუ გადავუხდი 2 მლნ აშშ დოლარს და ასევე, 1.5 მილიონის დანადგარს მივცემ… ქიბარ ხალვაშის და ფატი ხალვაშის გავლენით ბედავს ის ამას. ფატი ხალვაშის შვილები მეც შემხვდნენ ე.წ. მოლაპარაკებაზე, ჩართულია ამ საქმეში ხალვაშების მთელი ოჯახი.

მეორე საკითხია იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელიც იყო „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ამ გავლენასაც იყენებენ,“ – უთხრა მამუკა სხვიტარიძემ „ბათუმელებს“.

„დღეს საწარმო გაძარცულია. მე ამ საწარმოში არ შევდივარ, რადგან ეს უნდა გააკეთოს აღსრულებამ, ხოლო აღსრულება ამას არ აკეთებს… ნიაზ ხალვაში იქ ცხოვრობს უკვე ოჯახით, არ ტოვებს ტერიტორიას მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე დაცვის სამსახური ავიყვანე. გამოსახლება გაწელეს სამი წელია…“ – გვიყვება მამუკა სხვიტარიძე და გვაჩვენებს სასამართლოს გადაწყვეტილებას: 2022 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ [მამუკა სხვიტარიძის კომპანია] სარჩელი დაკმაყოფილდა და გაბათილდა 2017 წელს ჩატარებული აუქციონი, რომლის ფარგლებშიც სადავო საწარმო ნიაზ ხალვაშის კომპანია „ბიზონმა“ შეიძინა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აუქციონი, რომელიც აღსრულების ბიურომ გამოაცხადა, კანონდარღვევით ჩატარდა.

მამუკა სხვიტარიძის კომპანიას ერთ-ერთი კომპანიის მიმართ 2017 წელს ფინანსური დავალიანება ჰქონდა. ამ დავალიანების დასაფარად გამოცხადდა მაშინ აუქციონი.

„ეს აუქციონი იმდენად უკანონოდ ჩატარდა, საბოლოოდ სასამართლომაც ვერ დამალა ფაქტი, მაგრამ ახლა აღსრულებას წელავენ,“ – ამბობს მამუკა სხვიტარიძე.

მინის საწარმო შანიძის ქუჩაზე

რა წერია სააღსრულებო ფურცლებში – რა უნდა გაეკეთებინა სააღსრულებო ბიუროს?

2025 წელს, სასამართლოს მიერ გამოცემულ სააღსრულებო ფურცელში წერია, რომ შპს „ბიზონის“ მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას და მოსარჩელე შპს „ტრანსკავკასიის ენერჯის“გადაეცეს მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები: მინის საჭრელი მანქანა და მინის ნაწარმის დამზადების მანქანა, რომლებიც განთავსებულია შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ საკუთრებაში რიცხული და შპს „ბიზონის“ მფლობელობაში მყოფ უძრავ ქონებაში, მდებარე ბათუმი, აკ. შანიძის 16“, – ვკითხულობთ სააღსრულებო ფურცელში.

2023 წელს გამოცემული სააღსრულებო ფურცელში კი წერია: „შპს „ბიზონის“ უკანონო მფლობელობიდან მისი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, აკ. შანიძის 16…. და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს შპს „ტრანსკავკასიის კრისტალს“.

რატომ არ აღასრულა აღსრულების ბიურომ სასამართლოს გადაწყვეტილებები? – აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრში საკითხის მოკითხვას დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე უწყებიდან არავინ დაგვკავშირებია.

სამაგიეროდ, სამუშაო დღის ბოლოს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე ისევ დაგვიკავშირდა და გვაჩვენა დღეს, 22 ივნისს, მის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებული ახალი წერილი:

„ვინაიდან შპს „ბიზონის“ მიერ არ იქნა შესრულებული # 2-1493/2020 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გიგზავნით სააღსრულებო საქმის მასალებს შემდეგი რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც დღეს, 2026 წლის 22 ივნისს, გადაუგზავნია აღსრულების ეროვნულ ბიუროს აჭარის პროკურატურაში, ანუ აღსრულების ბიურო პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს.

„ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა ქიბარ ხალვაშს და ფატი ხალვაშს. ქიბარ ხალვაშმა გვითხრა, რომ კომენტარს არ გვაძლევს, ფატი ხალვაშმა კი თქვა, რომ კონსულტაციას ადვოკატთან გაივლის.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ნიაზ ხალვაშს იმ ბრალდებებზე საპასუხოდ, რაც მამუკა სხვიტარიძემ გააჟღერა. ნიაზ ხალვაშმა გვითხრა, რომ თავად კომენტარს არ გააკეთებს, მაგრამ მისი ადვოკატი დაგველაპარაკება.

„ცილისწამებას წარმოადგენს ბატონ ქიბარ ქალვაშისა და ქალბატონ ფატი ხალვაშის რაიმე ფორმით აფილირება დავასთან. გავლენებზე საუბარი ემსახურება ყურადღების მიქცევას და მსხვერპლის როლში გამოჩენას.

მამუკა სხვიტარიძე 2026 წლის 22 აპრილიდან დღემდე გვაშანტაჟებს, შემოჭრილია სადავო ფართში და ახდენს ნიაზ ხალვაშის ხელშეშლას. გავლენები და მფარველები ჰყავს მამუკა სხვიტარიძეს, როგორც სასამართლო სისტემაში, ასევე სამართალდამცავ უწყებაში… სხვიტარიძე ყველაფერს ართმევს ნიაზ ხალვაშს და საინტერესოა, როგორ ახერხებს ამდენს, თუ ჩვენს ხელშია ძალაუფლება?!“ – გვითხრა ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა, ის შპს „ბიზონის“ და ნიაზ ხალვაშის ინტერესებს იცავს.

რაც შეეხება კონკრეტულად დავას შანიძის ქუჩაზე, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი განმარტავს შემდეგს:

„ნიაზ ხალვაში და მისი კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგინდა საზიარო უფლების მქონე სუბიექტად. იურიდიულად ნიაზ ხალვაშის სადავო ფართის ფლობას მიენიჭა ლეგიტიმური საფუძველი. ეს გადაწყვეტილება ძალაშია.

რაც შეეხება სააღსრულებლო პროცედურებს. საკითხი უნდა დაიყოს მოძრავ და უძრავ ნივთებთან დაკავშირებით. მამუკა სხვიტარიძე პრეტენზიას აცხადებს მოძრავი ნივთების გატანაზე. ვინაიდან მხარეთა შორის, ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს თანხის დაკისრებაზე სხვა დავა, მამუკა სხვიტარიძეს აღიარებული აქვს 200 ათასს ლარზე მეტი ვალი ნიაზ ხალვაშის „ბიზონის“ მიმართ, მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, მოძრავი ნივთები შესაძლოა გაიქვითოს ვალში.

შესაბამისად, გატანა ამ მიზნით სურს მამუკა სხვიტარიძეს, რომ მოგვესპოს შესაძლებლობა შემდგომ მოთხოვნებზე. აღსრულებას ეს ნიუანსები ძალიან კარგად ესმის და ბოლო პრეტენზია იყო მხოლოდ ის, რომ მამუკა სხვიტარიძეს ენახა, ეს მოძრავი ნივთები იდგა თუ არა ადგილზე. ჩვენ ეს ფოტო-მასალით დავადასტურეთ და აღსრულებას აქვს სრული ინფორმაცია ნივთების ადგილზე არსებობის შესახებ.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, მამუკა სხვიტარიძეს მიმართული აქვს სასამართლოსთვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, არ არსებობს პირდაპირი იურიდიული საფუძველი დავთმოთ ის ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ნიაზ ხალვაშს და გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შეიძინა მამუკა სხვიტარიძემ.

შესაბამისად, ის ვერასოდეს გახდება ამ ქონების კეთილსინდისიერი მესაკუთრე. ბევრი სამხილი არსებობს, როგორ გააჩნდა სასამართლოსთან კავშირები, რათა ნიაზ ხალვაშს აუქციონზე შეძენილი ქონების საკუთრების უფლება დაეკარგა,“ – აღნიშნა ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა.

___

მთავარი ფოტო: სადავო ქონება

ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო

პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ ინციდენტზე – ჟურნალისტზე სავარაუდო მუქარისა და ძალადობის შემთხვევაზე, რომელშიც საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტი, გამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი სულხან მესხიძე ამბობს, რომ გამომძიებლისგან წერილი მიიღო:

„გარემოებების შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა,“ – წერს გამომძიებელი რევაზ ირემაძე ჟურნალისტ სულხან მესხიძეს.

საუბარია 2026 წლის 7 მაისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურის მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს არიგებდნენ, რასაც იქ მყოფი ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლებისგან აგრესია მოჰყვა. ისინი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სინდისის პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ და „ბათუმელებისა“ და „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტებს დაემუქრნენ, ასევე ხელი შეუშალეს მათ პროფესიულ საქმიანობაში.

ამ შემთხვევის შესახებ სულხან მესხიძე საგამოძიებო ორგანოში 22 მაისს გამოჰკითხეს.

__________

ფოტოზე: ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები – კადრები ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალიდან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

ვინ არიან ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები, რომლებიც დაუპირისპირდნენ სინდისის პატიმრების მშობლებს და ჟურნალისტებს  

რა სურს ირანს საქართველოში? – ირანისტის შეფასება

„როცა თბილისში საელჩო გააკეთა, მაშინვე დაიწყო აქტიურობა, რომ ბათუმშიც ჰქონოდა გენერალური საკონსულო. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ირანი აჭარის რეგიონს და შავიზღვისპირეთს. ამიტომ, თუ ირანმა აქტიურობა დაიწყო, რა თქმა უნდა, შეეცდება აჭარის რეგიონშიც შემოჰყოს თავი“, – ამბობს ირანისტი, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ვასილ ღლონტი „ბათუმელებთან“.

მას ასევე ვესაუბრეთ შიიტურ რიტუალებზე, რომელიც ბოლო დროს თვალშისაცემი გახდა და ირანის რელიგიური ლიდერების სურათების ფონზე იმართება, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში.

  • ბატონო ვასილ, ბოლო დროს, ბევრი იწერება საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენებზე. თქვენ თუ ფიქრობთ იმავეს და თუ ასეა, რამდენად სახიფათოა ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?

ზოგადად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ირანს ძალიან დიდი მცდელობა ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის და თავისი გავლენების გაძლიერების. აზერბაიჯანის მიმართულებით იყო ძალიან აქტიური და ვიცი, რომ ირანის უნივერსიტეტებში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობდა, რომლებსაც შემდეგ ირანი იბირებდა და სათავისოდ იყენებდა.

სომხეთში სერიოზული გავლენები ჰქონდა ყოველთვის და ერთი პერიოდი, სომხეთი და ირანი სტრატეგიულ პარტნიორებადაც კი განიხილებოდნენ. ახლაც კარგი ურთიერთობები აქვთ.

საქართველოსთან მიმართებაში ირანი უფრო აქტიურად მუშაობდა ქვემო ქართლში და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ამ რეგიონში აზერბაიჯანული წარმოშობის ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც რელიგიურად შიიტები არიან. რადგან ირანში შიიტური ისლამია გაბატონებული, ირანელებმა ძალიან აქტიური საქმიანობა წამოიწყეს. განსაკუთრებით ეს ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში, სადღაც 90-იანი წლებში სერიოზულად მუშაობდა ირანი საქართველოში.

  • რაში გამოიხატებოდა მათი მუშაობა?

იხსნებოდა ირანული მისიონერული სასწავლებლები, რომლებსაც აქტიურად ეხმარებოდნენ ირანის სპეცსამსახურები. იგივე ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსი, ირანის ინფორმაციის [დაზვერვის] სამინისტრო.

ირანის დღევანდელ პოლიტიკურ სისტემას რომ გადავხედოთ, ძალიან სერიოზული სიმბიოზია – ორი სექტორი მართავს დღეს ირანს, ერთია რელიგიური ინსტიტუტი, რაზეც დგას დღევანდელი ირანის რეჟიმი და ირანის გუშაგთა კორპუსი. ეს ორნი ერთად, ჰარმონიულად, სინქრონულად მოქმედებდნენ 90-იან წლებში.

დაიწყეს საქართველოში ირანული სასწავლებლების ფილიალების გახსნა. ასეთი იყო მაგალითად აჰლი ბეითი, ალულ ბეითი, ორგანიზაცია „იმანი“ და კიდევ, დაახლოებით 10-მდე ირანული ორგანიზაციაა, რომელთა ფილიალები აქტიურად ფუნქციონირებდა ქვემო ქართლში, სხვათა შორის – ფონიჭალაშიც.

  • აშშ-ს მიერ დასანქცირებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტიც ხომ მანდ გახსნეს?

ალ-მუსტაფას უნივერსიტეტიც ძალიან გავლენიანი რელიგიური უნივერსიტეტია, რომელსაც ხელმძღვანელობენ აიათოლები. მათი კურსდამთავრებულები მჭიდრო კავშირში არიან ირანის სპეცსამსახურებთან. ცენტრალური უნივერსიტეტი მდებარეობს ირანის რელიგიურ ქალაქ ყუმში.

  • ამ უნივერსიტეტის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გავუგზავნეთ ირანის ელჩს საქართველოში, ასევე რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, რადგან სწორედ მათი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ამ უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეზე მეტი გავიდა, პასუხი ვერ მივიღეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ირანს საქართველოში?

1979 წელს, როდესაც ირანმა სახელმწიფო რელიგიად შიიზმი გამოაცხადა, პარალელურად, ხამენეიმ გამოაცხადა, რომ ისლამური რევოლუციის ექსპორტიც უნდა მომხდარიყო და ამ მხრივ დაიწყეს კიდეც მუშაობა ახლო აღმოსავლეთში – ერაყში, სირიაში, ლიბანში (ჰეზბოლა ჩამოაყალიბა მაგალითად და გაწვრთნა).

მიზანი არის რელიგიური ექსპანსიაც და პოლიტიკური გავლენების გაფართოებაც. სადაც ნახულობენ შიიტი აღმსარებლობის პირებს, იქნება ეს აზერბაიჯანელი თუ არაბი, ცდილობენ იქ ჩამოაყალიბონ ფილიალები და მოიზიდონ მიმდევრები.

საქართველოში აზერბაიჯანელებზე იმიტომ კეთდება აქცენტი, რომ ქართველები ძირითად ქრისტიანები ვართ და აქედან გამომდინარე, სამუშაო ველი ირანის სპეცსამსახურებისთვის და რელიგიური წრეებისთვის შეზღუდულია.

იმ ფონზე, როცა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ირანთან კარგი ურთიერთობებით გამოირჩევა, ირანულმა ორგანიზაციებმა უფრო წამოჰყვეს თავი. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასე არ იყო. მაშინ მკაცრად კონტროლდებოდა ირანული გავლენები საქართველოში. ბოლო წლებში კი პრო-ირანული ორგანიზაციები უფრო და უფრო აქტიურობენ და იმასაც ბედავენ, რომ მარნეულში გამოსვლებისას ხამენეის ფოტოები გამოიტანეს მსვლელობებზე. „ნაციონალების“ დროს ეს წარმოუდგენელი იყო.

იგივე კობახიძის ვიზიტმა ირანში და სხვა ფაქტორებმაც განაპირობა ის, რომ აქ ირანი უფრო გააქტიურდა.

  • თქვენ ამბობთ, რომ სომხეთთან კარგი ურთიერთობა აქვს ირანს. თუმცა იქ ვერც ისლამური გავლენების გაძლიერებას ვხედავთ და ვერც ისლამურ ორგანიზაციებს. რატომ?

სომხეთს და ირანს ძალიან სპეციფიკური ურთიერთობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხები ქრისტიანები არიან, რასობრივად, ეთნიკურად ეს ხალხი ძალიან ახლოა სპარსელებთან. მე როცა ირანში ვსწავლობდი, ერთმა ისლამისტმა მითხრა საუბარში, რომ სომხებს ცალკე ერად ვერც განვიხილავთო.

მაგრამ, როცა სომხეთს ომი ჰქონდა ყარაბაღში, ირანი არ დაეხმარა და ირანისადმი ცოტა გულგრილი დამოკიდებულება იმ პერიოდში უკვე შეინიშნებოდა. არც რუსეთი დაეხმარა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაც გამოავლინეს სომხებმა ამ არჩევნებში, როცა მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ორიენტაცია აჩვენეს. შესაბამისად, ირანს ისეთი კარგი ურთიერთობები სომხეთთან აღარ ექნება.

  • ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი და ირანი მოკავშირეები არიან ბევრ საკითხში. ირანის გააქტიურება ხომ არ არის რუსული გავლენების შედეგიც?

რუსეთს ირანთან მიმართებაში აქვს ძალიან სპეციფიკური დამოკიდებულება და რას ვგულისხმობ ამაში – რა თქმა უნდა, რუსეთს რაღაც დონეზე ირანის შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში აწყობს, იმიტომ რომ შეასუსტოს დასავლეთის გავლენა, თუმცა, რუსეთს არავისთან არ უყვარს თავისი გავლენის გაყოფა. საერთოდ არ აქვთ ასეთი პოლიტიკა, რაც არ უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ვინმესთან.

არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ირანი ამ ეტაპზე შემოუშვას კიდეც, მით უმეტეს ახლა, როცა უკრაინაში გაჭედილია და არც ის რუსეთი აღარაა, რაც აქამდე იყო. ჩვენ დავრჩით მარტო. აზერბაიჯანი იყო და ერთი წლის წინ პირდაპირ განუცხადა ალიევმა, რომ ჩემს ტერიტორიაზე, ჩემს ქვეყანაში რუსებს არაფერი ესაქმებათო. ახლა იგივე გაიმეორა ფაშინიანმაც. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებაღა დარჩათ მხარდამჭერად.

  • გამოდის, „ქართული ოცნება“ აძლევს ამ ბერკეტს ირანსაც და რუსეთსაც?

ლოგიკურად მართლა ასე ჩანს, რადგან ამათი პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც ანტიდასავლურობაში გადაიზარდა, ირანს გარკვეულწილად სათავისო პასიანსის დალაგების საშუალებას აძლევს. საფრთხეა ისლამის გაძლიერება, რადგან ირანს სახელმწიფო პოლიტიკად აქვს გამოცხადებული შიიზმის გავრცელება და ჩვენ ეს რაში გვაწყობს?

მით უმეტეს, როცა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს და კიდევ ერთი რეგიონი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.

  • როცა ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაზე იყო საუბარი, აშშ-ს პასუხი იყო, რომ საქართველოსთან იმ შემთხვევაში აღდგებოდა ურთიერთობები, თუ ის გათავისუფლდება გარე გავლენებისგან. აქ მოიაზრებოდა რუსეთი-ირანი-ჩინეთი. გვახსოვს ირანის ელჩის ვრცელი პოსტი ფეისბუქზე, სადაც მან ახსენა „შიდა არეულობა“, რაც მაშინ ბევრმა მუქარად აღიქვა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ირანის დღევანდელი სახელმწიფოს რაობა რომ გავაანალიზოთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ ეს არის საკმაოდ რეპრესიული რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც უსწორდება. ვიცით, რომ არაერთი ადამიანი შეეწირა ირანში ამ რეჟიმთან ბრძოლას.

ახლა ირანს მოლაპარაკებები აქვს აშშ-თან და ბევრი რამ ამ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. თუ ირანმა სათავისო გეგმა გაიტანა და 14-პუნქტიან ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს, ირანის პოზიციები რეგიონში გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვისაც პრობლემა იქნება. ირანს სურს გამოიყენოს აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორია, როგორც კარიბჭე სამხრეთ კავკასიაში და შავიზღვისპირეთში გასასვლელად.

  • ანუ შავ ზღვაზე უნდა ირანსაც გასვლა?

რა თქმა უნდა. როცა თბილისში საელჩო გააკეთა, მაშინვე დაიწყო აქტიურობა, რომ ბათუმშიც ჰქონოდა გენერალური საკონსულო. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ირანი აჭარის რეგიონს და შავიზღვისპირეთს. თუ ირანმა აქტიურობა დაიწყო, რა თქმა უნდა, შეეცდება აჭარის რეგიონშიც შემოყოს თავი. მით უმეტეს, რომ აქ ბევრი აღიარებს ისლამს.

  • თუმცა ქართველი მუსლიმები შიიტები არ არიან.

სუნიტები არიან, მაგრამ მუსლიმი თემი უფრო მოწყვლადია ირანისათვის. მით უმეტეს, რომ მათ აქვთ სუნიტების შიიტებად მოქცევის პოლიტიკა და ეს მე ჩემი თვალით მინახავს ირანში.

  • მარტში იყო შემთხვევა, როცა ცნობილი გახდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს. ირანის მიერ რეკრუტირებულმა მოქალაქეებმა არაერთ ქვეყანაში სცადეს ისრაელის ელჩების მკვლელობა. ახლახან იყო შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეს დასდეს ბრალი ანტიპუტინისტი ხელოვანის მკვლელობაში პოლონეთში. ეს ზიანს მოუტანს საქართველოს ევროპულ მომავალს?

რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები პრობლემა გახდება ჩვენი ქვეყნისთვის, თუ ამას ექნება სისტემური სახე.

  • ეს ხომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. როგორ ფიქრობთ, „ოცნების“ ხელისუფლება ამაზე შეგნებულად ხუჭავს თვალს?

მე სანამ საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი გავხდებოდი, დიდი ხნის განმავლობაში ვმსახურობდი ქართულ სპეცსამსახურში. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა შიგნიდან. საშუალო და ქვედა რგოლებში არიან კარგი და მშრომელი კადრები, რომლებიც მუშაობენ საგარეო საფრთხეების განეიტრალებაზე, მაგრამ ბოლო პერიოდში ისეთი არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი ხელმძღვანელები ჰყავდა ამ უწყებას, რომ დაბნეული არიან.

ვინ არის ლილუაშვილი, მდინარაძე, ოხანაშვილი? – ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. პროფესიონალებს აგდებენ თუ პოლიტიკურად მათი მომხრე არ არის, ან საერთოდ არ იკარებენ. ასეთი მიდგომა ასუსტებს სისტემას.

  • მარნეულიდან რომ კადრი გავრცელდა, ხამენეის ფონზე, ახალგაზრდების რელიგიური რიტუალის, ასეთი კომენტარებიც იყო ფეისბუქზე, რომ პრობლემა რელიგიურ რიტუალში კი არ უნდა დავინახოთ, არამედ რა პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაშიო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

რა თქმა უნდა, პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამას მაშინ, თუკი წარმოდგენის დროს ირანის რეჟიმის მაღალჩინოსნებს აჩვენებენ, მათი ფოტოები დააქვთ ხელით და მხარდაჭერას უცხადებენ.

ადამიანები, რომლებიც ხამენეისა და ირანის რეჟიმს მხარდაჭერას უცხადებენ, ხვალ-ზეგ საქართველოს წინააღმდეგაც შეიძლება გამოვიდნენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა იცავდეს, ხვალ-ზეგ დაიცავს ირანის ინტერესებს და ეს თავისთავად საფრთხე ხდება.

მაგრამ, სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ვფიქრობ, ეს საფრთხეები კიდევ უფრო გაიზრდება.

ამიტომ, გამოსავალი არის ის, რომ საქართველომ უნდა დააფიქსიროს მკვეთრი პოზიცია ირანის დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით და გაემიჯნოს მის როგორც საგარეო, ასევე საშინაო კურსს, რადგან ვიცით, რომ უამრავი ადამიანი დააპატიმრეს და დახვრიტეს საპროტესტო მოძრაობებიდან და შეინარჩუნოს ნეიტრალური პოლიტიკა.

  • შეიძლება ფიქრობენ, რომ ეს არის ნეიტრალური პოლიტიკა?

ეს არც ნეიტრალური პოლიტიკაა და არც მოქნილი. ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების პოლიტიკა. თუ არ გაემიჯნება „ოცნება“ ირანის პოლიტიკას, ამას მოჰყვება პრობლემები, რადგან ქართველებს გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრები, ანუ ევროკავშირის, ნატოს წევრი და ამას ვცდილობთ საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან.

საგზაო დარღვევებისთვის 130 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადეს მოქალაქეებმა 5 თვეში

მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სახელმწიფომ მოქალაქეებისგან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ჯარიმების სახით, 130 მილიონი ლარი ამოიღო.

ბოლო 5 თვის განმავლობაში, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები სახელმწიფო ხაზინამ გამოაქვეყნა.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გადახდილი ჯარიმებიდან 51 866 284 მილიონი ლარი ცენტრალურ ბიუჯეტში შევიდა, ხოლო 77 798 229 ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.

რაც შეეხება სხვა სახის ჯარიმებს, რომლებიც მოქალაქეებმა სხვადასხვა მიზეზით გადაიხადეს.

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შევიდა 8 788 634 ლარი, უბილეთო მგზავრობის გამო 1 346 609 ლარი.

სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში დაწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში შესულმა თანხამ კი 38 324 697 ლარი შეადგინა.

 

ხუთდღიანი შეღავათი მეზღვაურებისთვის – სააგენტო დოკუმენტებს უფასოდ გასცემს

22 ივნისიდან 26 ივნისის  ჩათვლით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს რიგ სერვისებს უფასოდ მიაწვდის.

კერძოდ, 5 დღის განმავლობაში, უფასოდ გაიცემა მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი [მატროსი, მოტორისტი], მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი და მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი.

შესაბამისი ბრძანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოსცა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს, რომ მეზღვაურებს უფასოდ გაეწევათ ისეთი სერვისები, რომლის მისაღებადაც კანონით 7 სამუშაო დღეა განსაზღვრული.

ამასთან, სააგენტოს განმარტებით, სერვისებს საქართველოს მოქალაქე მეზღვაურები იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მათი დოკუმენტების მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 12 თვე.

სერვისების უფასოდ მიწოდება მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველი წლის 25 ივნისს აღინიშნება.

ამ თემაზე:

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

რუსეთში, ვორონეჟის რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანას უკრაინამ დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალები, ზუსტი სარაკეტო დარტყმებით, თავს დაესხა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში მდებარე ქარხანას, სადაც რუსები სარაკეტო დანადგარებისთვის ელექტრომოწყობილობებს ამზადებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„22 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ქვედანაყოფებმა დაარტყეს რუსული რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანას რუსეთის ქალაქ ვორონეჟში. თავდასხმისთვის გამოყენებული იქნა მაღალი სიზუსტის რაკეტები“, – წერია თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ისკანდერებისა“ და სხვა მაღალი სიზუსტის რაკეტებისთვის საჭირო კომპონენტებს სწორედ ამ ქარხანაში აწარმოებს რუსეთი.

„საწარმო ობიექტის განადგურება მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის მიერ ახალი რაკეტების წარმოებას“ – წერს უკრაინის გენშტაბი.

დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ 21 ივნისის ღამეს და 22 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმები განახორციელეს რიგ სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის მოსკოვში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრზე.

1 მილიონ ლარამდე სესხი მხოლოდ ლარით უნდა გაიცეს – ახალი ბრძანება

უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო გაამკაცრა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი ბრძანებით, 2026 წლის პირველი ივლისიდან სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1 000 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.

ამავე ბრძანებით „ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.“

ეს ზღვარი დღეს 750 000 ლარია [2025 წლის 1-ლი აგვისტოდან].

აღნიშნული 1-მილიონიანი ზღვარი არ იმოქმედებს იმ შემთხვევებში, თუ:

  • „სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 1 000 000 ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;
  • სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;
  • სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში;
  • სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში.
  • ხორციელდება სესხის/საბანკო კრედიტის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა“.

ამ თემაზე:

სახელმწიფომ 2017 წელს „გალარების პროგრამა“ დაიწყო. მაშინ 100 ათას ლარამდე სესხების პორტფელში მოქალაქეების უმეტესობას, ძირითადად, 10 ან 20 ათასი დოლარის სესხი ჰქონდა. იმ მიზნით, რომ აღარ გაგრძელებულიყო სესხის აღება დოლარში, სახელმწიფომ ხელოვნურად მოახდინა ერთგვარი პრევენცია ლარიზაციის პროგრამით, რომ ყველა სესხი 100 ათას ლარამდე, ბანკებიდან გასულიყო არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში.

შემდეგ ამ ზღვარს ეროვნული ბანკი ეტაპობრივად ზრდიდა.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ვინ იხეირა გალარების პროგრამით

October 4 Trial Nears End as Eight More Defendants Sentenced

Proceedings have concluded in another branch of the October 4 case. On June 22, Judge Romeo Tkeshelashvili delivered verdicts against Zura Chavchanidze, Vladimer Gvelesiani, Amiran Dolishvili, Anton Vardanidze, Aleksandre Chilachava, Genadi Kupreishvili, Sulkhan Tughushi, and Ramaz Mamuladze.

 All eight defendants received five-year prison sentences.

During the hearing, Zura Chavchanidze—also known as the Flag Bearer of Batumi—requested a plea agreement. However, the judge stated that such a request should have been made earlier in the proceedings.

This marks the third verdict in the October 4 case, which has been divided into five separate trials. The first verdict was delivered by Judge Irakli Khuskivadze on May 7, with the second announced by Judge Giorgi Gelashvili on June 19. Verdicts in the remaining two trials are expected later this week from Judges Tamar Mchedlishvili and Tamar Makharoblidze.

On June 19, another case related to the October 4 protests concluded. Judge Giorgi Gelashvili sentenced seven defendants to prison terms, including a renowned 72-year-old pediatrician, Giorgi Chakhunashili.  All seven were charged under Article 225(2) of the Criminal Code (participation in group violence). Six—excluding Ia Darakhvelidze, who left the country before the sentencing—were also charged under Article 19-222(2)(a) (attempted seizure or blockade of strategic and specially important facilities by a group).

On June 10, fourteen defendants in the October 4 case were released after reaching plea bargains before formal verdicts. Six others in the same group either declined plea deals, couldn’t reach terms, or refused to admit guilt. A day earlier, Judge Jvebe Nachkebia approved plea deals for eight other defendants, who admitted guilt and received three-year suspended sentences, resulting in their immediate release from the courtroom.

The October 4 case involves 64 defendants accused of organizing and participating in group violence, attempting to seize strategic state facilities, and, for some, calling for the overthrow of the constitutional order and government.

The so-called “organizers’ group” received verdicts on May 7: five members—Paata Burchuladze, Murtaz Zodelava, Irakli Nadiradze, Lasha Beridze, and Paata Manjgaladze—were convicted on all three counts and each sentenced to seven years in prison. Other members of the group received sentences ranging from two to five years.

On October 4, 2025, Georgian Dream held local self-government elections against a backdrop of dozens of political prisoners and ongoing repression of independent media, civil society, and opposition groups. Most opposition parties boycotted the vote.

Simultaneously, a large-scale rally unfolded in Tbilisi. Shortly after the demonstration began, Paata Burchuladze, a renowned Georgian opera singer, and the organizing committee addressed the crowd, declaring that—due to the allegedly rigged 2024 elections and Georgian Dream’s deviation from the Constitution, which they claimed endangered Georgia’s sovereignty—the people were reclaiming power and announcing the Declaration of the National Assembly. 

After the announcement, Murtaz Zodelava, former prosecutor and member of the United National Movement, urged supporters to follow him to “get the keys” to the Orbeliani Presidential Palace. A portion of the crowd on Rustaveli Avenue then marched toward the palace. Some protesters damaged the fence, but special task forces repelled them with pepper spray, water cannons, and tear gas. 

Georgia’s fifth president, Salome Zourabichvili, who remained on Rustaveli Avenue with most demonstrators, condemned the incident—calling it a staged provocation intended to discredit the peaceful protest.

Lekso Burchuladze, son of Paata Burchuladze, told TV Pirveli that he believes the plan was not to storm the Presidential Palace, but that there may have been another plan—possibly involving a peaceful entry: “they would have come over to our side.” He said he felt there had been a betrayal from within and called on the organizers to reveal the original plan and who had betrayed the protest.

 The next day, on October 5, Paata Burchuladze and all members of the October 4 rally’s organizing committee were arrested. Additional arrests followed in the days after.

რატომ არ გაუფორმეს ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება მოთხოვნის მიუხედავად

„მოლაპარაკება არასოდეს არც კი იწყება ბრალდების მხარის მიერ პირებთან, როდესაც მათი მხრიდან არ არის აღიარება,“ – აღნიშნა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოთხოვნის მიუხედავად, რატომ არ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება ზურაბ ჭავჭანიძეს?

ზურაბ ჭავჭანიძე ერთ-ერთი მსჯავრდებულია „4 ოქტომბრის საქმეზე“, რომელსაც დღეს, 22 ივნისს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დღესვე ამ საქმეზე ბრალდებულ კიდევ 7 პირს.

ზურაბ ჭავჭანიძემ თავის საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ მან საპროცესო შეთანხმება მოითხოვა. ამ საქმეზე რამდენიმე პირს გაუფორმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება.

რატომ უთხრეს უარი საპროცესოზე ზურაბ ჭავჭანიძეს?

„ბრალდების მხარე არაერთხელ აცხადებდა, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება განხორციელდებოდა იმ პირებთან, რომლებიც აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს. ვინაიდან თავისი არსით საპროცესო შეთანხმება მოიცავს, რომ პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს.

ამ შემთხვევაში, ზურაბ ჭავჭავაძის არც თავის განცხადებაში და არც დღეს, სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ პოზიციაში, მისი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ აფორმებს.

მოლაპარაკება არასოდეს არც კი იწყება ბრალდების მხარის მიერ პირებთან, როდესაც მათი მხრიდან არ არის აღიარება. მოგეხსენებათ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს, მათ შორის სასამართლო განიხილავს აღიარება ნებაყოფლობითი იყო თუ არა,“ – უთხრა პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს.

პროკურორმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ეტაპზეც ფორმდება.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრი იყო, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.

ამ თემაზე:

4 ოქტომბრის მოსამართლე: “იქნებ ახლა მაინც გავიაზროთ და გავიგოთ, რა არის შავი და რა არის თეთრი”

მოსახლეობის აღწერის შედეგებით, საქართველოში 3 929 581 ადამიანი ცხოვრობს

დღეს, 22 ივნისს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის საყოველთა აღწერის შედეგები წარმოადგინა. საქსტატის ინფორმაციით, აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვრობა 2024 წელს 3 929 581 ადამიანით განისაზღვრა.

ამავე წყაროს ცნობით, 2014 წელთან შედარებით, მოსახლეობის რიცხოვრობა გაზრდილია 5,8%-ით. „რიცხობრივ გამოსახულებაში ეს გახლავთ 216 000 კაცი“.

მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. აღწერის შედეგების მიხედვით გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში ხოლო 38% სოფლად.

ქალაქის მოსახლეობის წილი გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია 5%-ით.

თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34% და დედაქალაქის მთლიანი მოსახლეობა შეადგენს მილიონ 331 485 კაცს. რაც 222 768 ადამიანით აღემატება 2014 წლის მონაცემებს.

54%-ით გაიზარდა მოსახლეობა ბათუმშიც. 153 ათასიდან გაიზარდა და შეადგენს 235 668 კაცს. 

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობა გაიზარდა აჭარაში და ქვემო ქართლში, დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენციაა.

ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ: მაღალმთიანი აჭარის, ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 96,1 ანუ 3 მილიონ 775 ათასი კაცი, საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის 8 865 კაცი ორმაგი მოქალაქეობის მქონეა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3,4 პროცენტია, რაც 134 ათას კაცს შეადგენს. მათ შორის, 1063 მოქალაქეობის არმქონე პირია.

ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37 715 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.

23 925 ინდოეთის მოქალაქეა, 11 542 უკრაინის, 8 309 აზერბაიჯანის, 5 381 სომხეთის მოქალაქეა.

არაბი ეროვნების მოსახლეობა 609 კაციდან 12 533 კაცამდე, ბელარუსელთა რიცხოვნობა 431 კაციდან 4 558 კაცამდე, ხოლო ირანელთა რიცხოვნობა 217 კაციდან 4 304 კაცამდე გაიზარდა.

ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

იმის მიუხედავად, რომ ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზურაბ ჭავჭანიძე 59 წლისაა.

„მიწოდებენ ბათუმელ მედროშეს, მაგრამ მე ვარ სოხუმელი. სოხუმში მე 15 ვაჟკაცი, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი, ომში დამეღუპნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ყველას ბედნიერ, ერთიან საქართველოში გვეცხოვრა. ჩემი ბიჭების სულებმა არ მომცეს საშუალება, რომ გავჩერებულიყავი.

ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება. ერთადერთი, რაც გამაჩნია, ჩემი პატიოსანი ადამიანის სახელია.
5 მანქანით ჩამომაკითხა ბადრაგმა ბათუმში [დასაკავებლად]. დილის მერე ლუკმა არ მიჭამია-მეთქი, საღამოს ვთქვი. გააჩერა მთელი ბადრაგი მაღალჩინოსანმა, ჩამოვიდა და შაურმა მიყიდა, თავისთვის – სიგარეტი. ის კაცი ჩემზე ფიქრობდა. როგორ ვუთხრა, მოწინააღმდეგე ხარ-მეთქი.

ყველა რუსი მმართველის, კრემლის აგენტურის ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე. თაობა არ გაზრდილა საქართველოში, რომ ბრძოლა არ უწევდეს თავისუფლებისთვის. აქამდე თუ მოდიოდა მტერი დასაპყრობად, დღეს მოდის გასაქრობად. ეს შემოაქვთ ჩვენთან. ამიტომ ვერ გავჩერდი სახლში, ამიტომ გამოვედი. გამშველებელს ყველაზე მეტი ხდებაო. ა! ციხეში ვზივარ.

ყველა ვსხედვართ აქ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები. მოვხვდით უადგილო, უდროო სიტუაციაში. აქციამდე ერთ თვეზე მეტი მიდიოდა ანონსი. ყველა ჯერზე ნათქვამი იყო, რომ მშვიდობიანი აქცია უნდა ყოფილიყო. ასე ვიყავით ყველა, პატარა ბავშვებით. მე არ ვიცი, რა მოხდა და რატომ.

მე ვიცი, რომ ყველა უდანაშაულო ხალხი ვართ. ყველამ მაპატიეთ, მაგრამ მე თხოვნა გავგზავნე საპროცესო გარიგებაზე. ყველაზე დიდი ფასი ჩემთვის მართლა თავისუფლება ყოფილა. ჩემი მეუღლე აქ ვერც მოდის. ცხოვრებაში მის თვალებზე ცრემლი არ დამინახავს, მაგრამ ბოლოს რომ ველაპარაკე, ცრემლებს ვგრძნობდი,“ — განაცხადა ზურა ჭავჭანიძემ თავის საბოლოო სიტყვაში.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრი იყო, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.

პროტესტის ნიშნად ზურაბ ჭავჭანიძე ციხეში შიმშილობდა.

„ადამიანი დროშას სად აფრიალებს, ეზოში თუ გარეთ, ეს დანაშაული ვერ იქნება” – მაია მწარიაშვილი

რუსული დრონები ოდესასთან ტვირთმზიდ გემებს დაესხნენ თავს – დაიღუპა მეზღვაური

22 ივნისს, ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქის პორტებისკენ მიმავალ სამ სამოქალაქო გემს შეუტიეს – დაიღუპა ერთი მეზღვაური.

ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შედეგად დაზიანდა სამი სამოქალაქო სავაჭრო გემი.

მისივე განცხადების თანახმად, ერთ-ერთი დარტყმა პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალი ტვირთმზიდ გემზე განხორციელდა. გემზე ხანძარი გაჩნდა და ეკიპაჟის ევაკუაცია გახდა საჭირო. თავდასხმის შედეგად, ეკიპაჟის წევრი – მზარეული, ეგვიპტის მოქალაქე – დაიღუპა.

გემიდან განხორციელდა 8 მეზღვაურის ევაკუაცია, მათ შორის არიან თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.

22 ივნისს რუსეთმა ასევე შეუტია პალაუს და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ ორ სამოქალაქო გემს. მსხვერპლი არ ყოფილა.

 

„სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურები მოათავსა“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

შს სამინისტროს ცნობით, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავში, სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიებს ჯამში 3 500 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 393 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 050 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 805 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 44 530 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 886 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 437 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 366 164 ერთეული [+2 015]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 712 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 110 201 ერთეული [+384]
  • სპეცტექნიკა – 4 321 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი აფრთხილებს ლუკაშენკოს, რომ გაანადგურებს „ტექნიკას“ საზღვარზე, თუ მას ერთ კვირაში არ გაიყვანენ 

 

2024 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სახელმწიფო უწყებები 645 ავტომობილს იყიდიან – სატენდერო ღირებულება 50 მილიონი ლარია

ახალშექმნილმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ, რომელსაც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება ევალება, ამ დროისთვის 645 ავტომობილის შესყიდვაზე 6 ტენდერი გამოაცხადა.

აქედან 50 ავტომობილი – საგამოცდო დანიშნულების, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთვის იქნება, ხოლო დანარჩენი – პიკაპები, ჰიბრიდები თუ ელექტროავტომობილები – სხვადასხვა უწყებისთვისაა განკუთვნილი.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 50 892 011 ლარია.

  • 305 სპეციალიზებული კლასის [პიკაპი] ავტომობილის შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი 27 571 695 ლარითაა გამოცხადებული [რაოდენობა აქაც და ქვემოთ სხვა ტენდერებშიც, საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს არაუმეტეს 10%-ის ოდენობით].

ამ ტენდერის ფარგლებში 90 ავტომობილს სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის, 50-ს ეროვნული სატყეო სააგენტო, 33-ს – გაზის ტრანსპორტირების კომპანია და ა.შ. სულ 14 საბიუჯეტო ორგანიზაცია:

ამ შემთხვევაში ერთეული ავტომანქანის ღირებულება [ზღვრული], მითოთებულია 66 499 ლარი.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 24 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში.

  • 98 ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის [სრულად ჰიბრიდული] ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერი 7 947 800 ლარითაა გამოცხადებული.

ამ ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა რაოდენობის ავტომობილს 12 საბიუჯეტო ორგანიზაცია შეისყიდის:

აღნიშნულ ტენდერში ერთეული ავტომანქანის ზღვრული ღირებულებაა 68 900 ლარი.

წინადადებების მიღება 2026 წლის 24 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.

მიწოდება კი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის განმავლობაში.

  • 156 ერთეული III კლასის მსუბუქი [სრულად ჰიბრიდული] ავტომობილის შეძენას კი სახელმწიფო ცალკე ტენდერით 9 218 040 ლარად გეგმავს.

აღნიშნულ ავტომობილებს 9 უწყება გადაინაწილებს [მაგალითად, შემოსავლების სამსახური – 85 მანქანა, თავდაცვის სამინისტრო – 29, სუესათის სააგენტო – 10]:

ამ შემთხვევაში ერთეული ავტომანქანის ღირებულება [ზღვრული] – 49 940 ლარია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის განმავლობაში.

ამასთან, ტენდერში აღნიშნულია, რომ „შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.“

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება ასევე 2026 წლის 24 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.

  • 33 ერთეულ II კლასის მსუბუქ [სრულად ჰიბრიდულ] ავტომანქანას შეიძენენ მაქსიმუმ 2 319 900 ლარად.

ამ ავტომობილებს 10 უწყება გადაინაწილებს:

ერთეული ავტომანქანის ღირებულება [ზღვრული] არის 59 000 ლარი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის განმავლობაში.

წინადადებების მიღება კი აქაც 2026 წლის 24 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.

  • ცალკე ტენდერია გამოცხადებული 3 ერთეული II კლასის მსუბუქი ელექტროავტომობილის შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ჯამური თანხა 270 576 ლარია.

თითო ცალ ელექტროავტომობილს ამ ტენდერის ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტრო, გარემოსდაცვითი დეპარტამენტი და დაცული ტერიტორიების სააგენტო შეიძენს:

ამ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის განმავლობაში. ტენდერში წინადადებების მიღების დაწყება დასრულების დრო, როგორც ზემოთ, ამ შემთხვევაშიც იგივეა.

ყველა ზემოთ აღნიშნული ტენდერის შემთხვევაში, პირობაში მითითებულია, რომ „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება“.

ამასთან „შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“. თუმცა, 156 ცალი III კლასის მსუბუქი [სრულად ჰიბრიდული] ავტომობილის შესყიდვის ტენდერის შემთხვევაშია მითითებული პირობაში, რომ „შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან [ნებისმიერი ფერი, გარდა შავისა]“.

  • 50 საგამოცდო დანიშნულების 50 ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 564 000 ლარია.

საგამოცდო დანიშნულების 50 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ცალკე კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. ავტომობილები განკუთვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 ივნისს დაიწყება და 23 ივნისს დასრულდება.

ერთეული ავტომანქანის ზღვრულ ღირებულებად კი 52 842 ლარია მითითებული.

შესასყიდი ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლები და ბრენდირების ნიმუში:

„შენიშვნა: აღნიშნული ესკიზი არის ვიზუალისთვის და არ არის განსაზღვრული სურათზე ასახული კონკრეტული მოდელის/მარკის ავტომობილისთვის“. / წყარო: ტენდერი

პირობაში აღნიშნულია, რომ „ავტოსატრანსპორტო საშუალებები ადაპტირებული უნდა იყოს მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდისათვის, დამატებითი აღჭურვილობით, რომელიც უნდა შედგებოდეს რკინის მყარი კონსტრუქციისაგან.

კერძოდ: პარალელური სატერფულებით: სამუხრუჭე, აქსელერატორი. სალონში დამატებითი ცენტრალური უკანა ხედვის სარკე [თანდართული ესკიზისა და ზომების შესაბამისად]. ძარაზე არსებული გვერდითი უკანა ხედვის მარჯვენა და მარცხენა სარკის ზედა ნაწილზე განთავსებული [მიმაგრებული] უნდა იყოს დამატებითი გვერდითი უკანა ხედვის სარკე“.

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო 2026 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა, როგორც „დამოუკიდებელი სსიპ, რომელიც ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას“. ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მთავრობა.

ამ ორგანოს შექმნამდე კონსოლიდირებულ ტენდერებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებდა. „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 1-ელი ივნისის განკარგულებით, აღნიშნული სააგენტოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა ლევან რაზმაძე და ის იმავე დღეს დანიშნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელად. პირველი ივნისის სხვა განკარგულებით კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარედ გიორგი ლაცაბიძე დაინიშნა.

ამავე თემაზე:

„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

 

 

 

 

 

„აქედან გაგვყრიან, სხვა თუ ვერაფრით, ფულით მოგვერევიან“ – ვის უნდა პლაჟი გონიო-კვარიათის სანაპიროზე

20 ივნისს აჭარის მთავრობამ ტურისტული სეზონი „ოფიციალურად“ გახსნა, თუმცა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილებში – გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯერ მზადების პროცესიც არ არის.

აუქციონები, რომლითაც ბათუმის მერია კვარიათის პლაჟზე კომერციული საქმიანობისთვის ადგილების საიჯარო წესით გასხვისებას გეგმავს, 24 ივნისს უნდა დასრულდეს. გონიოში კი ხშირ შემთხვევაში მერიას განმეორებითი აუქციონების გამოცხადება მოუწევს, რადგან მათი უმეტესობა ჩაიშალა.

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ მსურველები შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები საზაფხულო-ტურისტული სეზონის პარალელურად უნდა წარიმართოს.

„მართალია ჩვენ არ ვჩქარობთ, რადგან ამ დროს ნაკლებია დამსვენებელი და გვირჩევნია ცოტა გვიან დავდოთ ხელშეკრულება, რომ არ დავზარალდეთ, ვინც შეზლონგებით და ქოლგებით ვემსახურებით დამსვენებელს, მაგრამ კაფეებისა და ბუნგალოების მოწყობა მართლა გვიანდება. ახლა უკვე დაწყებული უნდა იყოს, რადგან დრო სჭირდება.“ – გვიხსნის მოქალაქე, რომელიც პლაჟზე შეზლონგებს აქირავებს.

გონიოს სანაპიროზე მასალის მოსამზადებლად ჩვენ სწორედ იმ ადამიანების დაჟინებული თხოვნით ჩავედით, რომლებიც წლებია ტურისტულ სეზონზე პლაჟზე კომერციულ ობიექტებს ამუშავებდნენ და ეს მათი ოჯახების შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.

„ჯერ ვცდილობთ გავუმკლავდეთ, მაგრამ აქედან გაგვყრიან. წელს თუ დავრჩით, მომავალ წელს ვერ დავრჩებით, მომავალ წელს თუ დავრჩით, შემდეგ წელს მაინც გაგყვრიან, სხვა ვერაფერი, ფული მოგვერევა, ფული“ – ემოციურად გვიხნის კაცი, რომელიც 15 წელზე მეტია ტურისტულ სეზონზე გონიოს პლაჟზე კომერციულ ობიექტს ამუშავებდა. სატელეფონო საუბარში მან კატეგორიულად მოგვთხოვა ადგილზე  ჩავსულიყავით.

„მერიამ გვითხრა, რომ კონკურენცია უნდა იყოს, სხვასაც უნდა მეცეს შანსი, აბა სულ თქვენ ხომ არ იქნებითო.“

მათ ვკითხეთ რა გამოსავალს ხედავდნენ ასეთ ვითარებაში, რადგან კონკურენციის შექმნა მერიის მოვალეობაა, გვიპასუხეს, რომ პასუხი არ აქვთ: „არ ვიცით“

კვარიათი

გონიო-კვარიათის პლაჟზე 16 ივნისს ჩავედით.

ინფორმაცია, რომ გონიო-კვარიათის პლაჟზე კაფეების ნაწილი მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა შერჩევით, შეიძლება ითქვას რომ სიმართლეს არ შეესაბამება, 16 ივნისს პლაჟზე არცერთი კაფე არ დაგხვედრია, ერთის გარდა, რომლიც სასტუმრო „პანორამა კვარიათის“ წინ მუშაობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით არ ირკვევა აქვს თუ არა მესაკუთრეს საიჯარო ხელშეკრულება პლაჟით სარგებლობასთან დაკავშირებით, თუმცა, რადგან რამდენიმე ადგილი უკვე გასხვისდა, დიდი ალბათობით, აქვს.

სასტუმრო „პანორმა კვარიათი“ და მოქმედი კაფე სასტუმროს წინ

სამაგიეროდ დაგხვდა დაშლილი კაფეების ნარჩენები, ნაგავი და ყველაფერი რაც აღარ გამოადგებოდათ ადგილზე დაუტოვებიათ. როგორც ჩანს მესაკუთრეებმა თავი არ შეიწუხეს იმ ადგილის დასასუფთავებლად, სადაც მთელი ზაფხული მუშაობდნენ.

პლაჟი მოუვლელი და დანაგვიანებულია

ადგილობრივმა მეწარმეებმა იციან, რომ ყველა დიდ სასტუმროს საკუთარი კომპლექსის წინ პლაჟი გრძელვადიანი საიჯარო წესით უნდა:

„მოკლევადიანი იჯარითაც რომ იყოს, ისინი აუქციონზე ბოლომდე გამოგვყვებიან, მათ ეს არ აბრკოლებთ, ჩვენ წავაგებთ. მართალია ჩვენ წლებია აქ ვართ და ამ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ისე არ გავმდიდრებულვართ, რომ მილიონერებს მოვუგოთ. გული მტკივა, ასე მგონია ჩემი სახლიდან უნდა გამაგდონ. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ადგილი ვიცოდით, სხვის ადგილზე არც მოვინდომებდი“  – გულდაწყვეტით გვიყვება ერთ-ერთი მეწარმე.

გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟის დაწყების შესახებ ბათუმის მერიამ ინფორმაცია 8 აპრილს გამოქვეყნა. ინსპექცია წერდა, რომ კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და სავაჭრო ჯიხურების – ჯამში 35 ობიექტის მფლობელი გააფრთხილეს. ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების უმრავლესობამ კაფეები თავად დაშალა და ჯიხურებიც გაიტანეს.

საბოლოოდ გონიო-კვარიათში 40-მდე უნებართვო ობიექტის დემონტაჟის დასრულების შესახებ მუნიციპალურმა ინსპექციამ 21 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია.  წერდნენ, რომ ჯამში 40-მდე კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა. ფაქტობრივად პროცესი დაგვიანდა, მერია უკვე ზაფხულის ახალ სეზონს უნდა გეგმავდეს.

ამ დროისთვის მერიას 3 ადგილი აქვს აუქციონზე გატანილი კვარიათში, გონიოში კი მათი ნაწილი დასრულდა, ნაწილი ჩაიშალა.
ვინ და რა პირობებით მოახერხა პლაჟების ათვისება მიმდინარე წელს გონიო-კვარიათის პლაჟზე „ბათუმელები“ ამ ინფრომაციას ოფიციალურად გამოითხოვს. ამით შევძლებთ გავარკვიოთ მიიღეს თუ არა პლაჟები გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებებით მაღალბიუჯეტიანმა კომპანიებმა.
დაზიანებული პრომენადი

ამავე თემაზე:

როგორ ჩახერგა და დაამახანჯა გონიო-კვარიათის სანაპირო ბათუმის მერიამ – ფოტორეპორტაჟი

 

ბათუმში პარკირების მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად მერია კვლევის ჩატარებას გეგმავს

ბათუმის პარკირების ინვენტარიზაციისა და მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად ქალაქის მერია ბაზარს იკვლევს. კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს შესაბამისი მომსახურების ღირებულება და შემდეგ შეირჩეს კონსულტანტი.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „კონსულტანტმა უნდა მოამზადოს ქალაქ ბათუმის პარკირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება ინვენტარიზაციის შედეგებს, პარკირების არსებული პრაქტიკისა და მონაცემების ანალიზს, ასევე პირველადი ზონირების წინადადებას“.

„ქალაქის ურბანული განვითარება, მოსახლეობისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, ტურისტული სეზონის პერიოდში სატრანსპორტო მოთხოვნის მატება და კერძო ავტომობილების ინტენსიური გამოყენება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარკირების სისტემაზე, ქუჩების გამტარუნარიანობაზე, საზოგადოებრივი სივრცეების ხარისხსა და ქვეითთა უსაფრთხოებაზე.

ქალაქში ამჟამად არ მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. პარკირების მართვა ეფუძნება განსაზღვრული ვადით მოქმედ აბონემენტურ სისტემას, მათ შორის 1-დღიან, 7-დღიან, 30-დღიან, 6-თვიან და 12-თვიან საშვებს. არსებული მოდელი საჭიროებს შეფასებას როგორც ადმინისტრირების, ისე ტარიფების, აღსრულების, საპარკინგე ადგილების გამოყენებისა და პარკირების ადგილების ბრუნვის კუთხით.

დავალების მიზანია ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული პარკირების რესურსის სრული საველე ინვენტარიზაცია, პარკირების მართვის არსებული პოლიტიკისა და
მონაცემების ანალიზი, პირველადი ზონირების წინადადების მომზადება და პარკირების მართვის სტრატეგიის შემუშავება.“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვთ:

„ინვენტარიზაცია უნდა მოიცავდეს როგორც ოფიციალურად ორგანიზებულ საპარკინგე ადგილებს, ისე ფაქტობრივად გამოყენებულ, არაორგანიზებულ და პრობლემურ პარკირების სივრცეებს.

უნდა მოხდეს ქუჩის მიღმა არსებული პარკირების ობიექტების იდენტიფიცირება და აღწერა, მათ შორის მუნიციპალური, კომერციული და სხვა სახის ავტოსადგომების.

კონსულტანტმა უნდა შეისწავლოს და შეაფასოს ქალაქ ბათუმში პარკირების მართვის არსებული პოლიტიკა, მათ შორის არსებული აბონემენტური სისტემა, ტარიფები, გადახდისა
და ჯარიმების მექანიზმები, აღსრულების პრაქტიკა და ადმინისტრირება. განახორციელოს გადახდებისა და ჯარიმების სტატისტიკური ანალიზი. უნდა მოამზადოს რეკომენდაციები პარკირების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით.

პირველადი ზონირების წინადადება გულისხმობს ქალაქის ტერიტორიის დაყოფას პარკირების მართვის განსხვავებული რეჟიმების მქონე ზონებად, სადაც განისაზღვრება პარკირების მოთხოვნის ინტენსივობა, სავარაუდო რეგულირების დონე და ზონალურ-საათობრივი გადახდის სისტემის შესაძლო ეტაპობრივი დანერგვის არეალები.

სტრატეგია უნდა მოიცავდეს პარკირების მართვის ძირითად რეკომენდაციებს, მათ შორის ფასწარმოების მოდელის, ზონალურ-საათობრივი გადახდის შესაძლო ეტაპობრივი დანერგვის, საშვების/აბონემენტების, ჯარიმების პოლიტიკის, აღსრულების მექანიზმების, რეზიდენტული და სპეციალური კატეგორიების პარკირების, ასევე ციფრული გადახდის, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების (ITS) და მობილური აპლიკაციის განვითარების მიმართულებით“.

სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენს არაუმეტეს 4 თვეს ხელშეკრულების გაფორმებიდან.

ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა / 21.06.2026

რა შედეგს ელოდება ბათუმის მერია ზემოთ აღნიშნული მომსახურების შესყიდვის შემდგომ, ესეც ტექნიკურ დავალებაში აქვს გაწერილი. კონკრეტულად, მომსახურების შედეგად მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს:

ქალაქის მასშტაბით პარკირების განახლებული GIS მონაცემთა ბაზა; ქუჩისპირა და ქუჩის მიღმა პარკირების ინვენტარიზაციის შედეგები; საპარკინგე ადგილების გამოყენების მაჩვენებლისა და პარკირების მოთხოვნის ანალიზი;

არსებული პარკირების პოლიტიკის, ტარიფების, აბონემენტური სისტემისა და აღსრულების შეფასება; პრობლემური პარკირების ზონების იდენტიფიცირება; პარკირების პირველადი ზონირების რუკა; ზონალურ-საათობრივი პარკირების ეტაპობრივი დანერგვის წინადადება; პარკირების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ასევე სამართლებრივი, ინსტიტუციური, ფინანსური და ციფრული მართვის რეკომენდაციები.

„მომზადებული მასალები უნდა იყოს პრაქტიკულად გამოსაყენებელი როგორც პარკირების ყოველდღიური ადმინისტრირებისთვის, ისე ზონალური პარკირების, ციფრული გადახდის,
აღსრულების გაუმჯობესებისა და მუნიციპალური სატრანსპორტო პოლიტიკის შემდგომი განვითარებისთვის… სტრატეგია უნდა იყოს პრაქტიკულად დანერგვადი და მორგებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ, ფინანსურ და სამართლებრივ შესაძლებლობებზე.“ – წერს მერია.

ბაზრის კვლევაში წინადადებების მიღება 2026 წლის 29 ივნისს დასრულდება.

პარკირების პრობლემა ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბათუმისთვის. ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობა უკვე ნებისმიერ სეზონზე სერიოზული პრობლემაა და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც არის.

მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალდონიანი პარკინგების მოწყობას ითხოვდა ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია. ამაზე მათ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებშიც დაწერეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი მხრივ, ბათუმის მერიაც აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ამ თემაზე ვრცლად: „მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მძღოლებისგან კი ბათუმის ბიუჯეტში გასულ, 2025 წელს 13 მილიონ 676 ათასი ლარი შევიდა. ეს მონაცემი ბათუმის მერიას ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აქვს დაფიქსირებული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის, გამოდის, რომ 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი ლარის ჯარიმა გადაიხადეს.

ვრცლად: ჯარიმები, გადასახადები, კაზინო – რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი

ამ თემაზე:

100 ლარი არასწორ დგომაზე ბათუმში?- მძღოლები ჯარიმებსა და პარკირების კრიზისზე

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივნისის 21 საათიდან 22 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა. ელჭექი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რაც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 18  – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 23 და 24 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

———-

მთავარი ფოტო: ბათუმი, გონიო-კვარიათის სანაპირო / ივნისი, 2026 წელი.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 391 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 049 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 24 797 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 44 479 ერთეული [+93]
  • MLRS – 1 885 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 435 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 364 149 ერთეული [+2 346]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 703 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 109 817 ერთეული [+475]
  • სპეცტექნიკა – 4 316 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი აფრთხილებს ლუკაშენკოს, რომ გაანადგურებს „ტექნიკას“ საზღვარზე, თუ მას ერთ კვირაში არ გაიყვანენ 

 

2024 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მხოლოდ ერთ მონაკვეთში 2 კაცი დაიღუპა – ავარიები ხელვაჩაურის გზაზე, რომელსაც „ოცნება“ წლებია აკეთებს

ბოლო 2 თვეში ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 2 ადამიანი დაიღუპა ზუსტად ერთსა და იმავე ადგილზე: ერთ შემთხვევაში 70 წლის კაცი გადადიოდა ქუჩაზე, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მეორე შემთხვევაში დაღუპული კაცი ავტომანქანაში მყოფი მგზავრი იყო.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ე.წ. ხელვაჩაურის გზაა – ადგილი, სადაც ადამიანები მოუწესრიგებელი გზის გამო იღუპებიან. „ოცნების“ ხელისუფლება არათუ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, პირიქით, ამ ქუჩის მოწესრიგებას წლებია არ ასრულებს.

ხელვაჩაურის გზა „გუთენთრაკენის“ მეთოდით 2021 წლიდან კეთდებოდა, ხოლო 2023 წელს მოძრაობა სრულად განახლდა. სამუშაოების დასრულების და ჩაბარების მიუხედავად, გზაზე ამ დრომდე არაა შესაბამისი საგზაო მონიშვნები, ზებრა გადასასვლელები, შუქნიშნები…

„ამ ეტაპზე ორმული შეკეთება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ დაიწყება საგზაო მონიშვნის სამუშაოები,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ დღეს, 19 ივნისს, საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესცენტრში.

2023 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, როცა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანების მოძრაობა განახლდა, „ბათუმელები“ წერდა 13 ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ადამიანების დაღუპვა, ან ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად: ბოლო 3 წელში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავარიით მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. საუბარია იმ შემთხვევებზე, რაც ცნობილი გახდა „ბათუმელებისთვის“. ხელვაჩაურის გზაზე მომხდარი ავარიების რეალური მაჩვენებელი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

კანონის მიხედვით კი, „შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

  • ადამიანის  დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
  • ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
ადგილი ხელვაჩაურის გზაზე, სადაც 2026 წელს მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

რატომ არ  არის ფრიდონ ხალვაშის გამზირი „შავი წერტილი“, სადაც გადაადგილება საშიშია? – გზების დეპარტამენტში ამ შეკითხვაზე გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე შსს-ს უნდა მივმართოთ, შსს-ს პრესცენტრმა კი, „შავ წერტილებზე“ ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა.

  • ავარიების ქრონიკა ხელვაჩაურის გზაზე 

2026 წლის 14 ივნისს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაღუპული კაცი მგზავრი იყო.

2026 წლის 11 ივნისს  სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა 50 წლამდე ქალი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

2026 წლის 23 მაისს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2026 წლის 20 აპრილს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

2025 წლის 30 ოქტომბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთი პირი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

2024 წლის 11 თებერვალს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

2024 წლის 31 ოქტომბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

2024 წლის 17 მარტს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი ქვეითი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა „მედინასთან“ მოხდა – 40 წლის ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა. მას იმ დროს დაეჯახა ავტომანქანა, როცა ის გზაზე გადადიოდა. მეორე ქვეითი სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“ დაიღუპა.

2023 წლის 7 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.

2023 წლის 27 სექტემბერს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

2023 წლის 31 იანვარს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

2023 წლის 24 ნოემბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომანქანა ბოძს დაეჯახა

  • სპეციალისტის კომენტარი: „ადამიანები იღუპებიან… ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ 

„პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, როცა გზა არ არის შესაბამისად მოწესრიგებული და ეს წლობით გრძელდება… ჯერჯერობით „შავი წერტილების“ მიმართულებით მოვიკოჭლებთ,“ – ამბობს ირაკლი იზორია, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე.

ირაკლი იზორიას თქმით, კანონის მიხედვით, ფრიდონ ხალვაშის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული „შავ წერტილად“, რადგან სამი წელიწადში აქ 10-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა, რომელსაც ადამიანების დაღუპვა, ან ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.

სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მედიაში დაფიქსირებული ციფრი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს, რადგან მედიის ყურამდე ყველა ამბავი არ აღწევს.

„უნდა მოხდეს ამ არეალის, მონაკვეთის შეფასება, ინსპექტირება, შემოწმება და შემდგომ დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობა ამ მონაკვეთზე. ვფიქრობ და ვშიშობ, რომ ეს უკვე ნამდვილად „შავი წერტილია“ გამომდინარე გამოქვეყნებული ნიუსებიდან… სასწრაფოდ უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული ჩარევები და გამოსწორება.

აუცილებლად უნდა შეფასდეს გზის საფარი, ასევე, არის თუ არა სიჩქარე დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, არის თუ არა გადასასვლელები მოწესრიგებული და აქვთ თუ არა ფეხით მოსიარულეებს წვდომა ორივე მხრიდან?

კანონმდებლობა შეიცვალა და გაზარდეს ჯარიმები, მათ შორის, ქვეითებისთვის, რომელიც არღვევს გადაადგილების წესს: 10 ლარი იყო და ახლა 50 ლარია. თუ ადამიანებს არ აქვთ გადასასვლელი, მაშინ სად უნდა გადავიდნენ? მნიშვნელოვანია, რომ ზებრა გადასასვლელები იყო სპეციალური ურბანული ლიმიტის გათვალისწინებით, თუ ამ მონაკვეთზე არის სასწავლო დაწესებულებები, იქ უნდა არსებობდეს მაქსიმალური ლიმიტი 30 კმ/სთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი იზორია.

ირაკლი იზორია

მიუხედავად იმისა, რომ კანონით 2020 წლიდან განისაზღვრა „შავი წერტილები“, ირაკლი იზორია ამბობს, რომ 2024 წლამდე ფაქტობრივად გზებზე სახიფათო მონაკვეთებს არ ადგენდა სახელმწიფო.

„2025 წლიდან კი, აქვს გზების დეპარტამენტს ამ კუთხით გარკვეული წინსვლა, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში განისაზღვრება „შავი წერტილები“ პირველი ფაზის ფარგლებში. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით 40-მდე „შავ წერტილზეა“ საუბარი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ჯერ დაზუსტებული ეს მონაცემები არ არის,“ – ამბობს ირაკლი იზორია.

იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ჯერ არც ამ საკითხზე საჯაროობაა უზრუნველყოფილი. სპეციალისტის თქმით, ევროპის ქვეყნებში „შავი წერტილების“ შესახებ ინფორმაცია რუკებზე მონიშნული, რომ სიტუაციის გამოსწორებამდე მძღოლებმა თადარიგი დაიჭირონ.

ჩვენთან კი, არც ის ვიცით: ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებობს „შავი წერტილი“?

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო „შავი წერტილის“ დადგენის შემდეგ?

„შავი წერტილების“ იდენტიფიცირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უშუალოდ სამინისტროა უფლებამოსილი, გადაუგზავნოს ეს სტატისტიკური მონაცემები და ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტს, როგორც საქართველოს, ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, რომ მოახდინონ  „შავი წერტილების“ ადგილზე შეფასება, გაარკვიონ, რა არის პრობლემა, რატომ ხდება საგზაო შემთხვევები და შემდგომ შესაბამისად ჩაერიონ, ანუ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და ის ნაკლოვანებები, რაც არსებობს გზაზე.

ზებრა გადასასვლელი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომლის სიგრძეც 7 კილომეტრია, მხოლოდ რამდენიმე ადგილზეა, მაგალითად, საჯარო სკოლასთან, თუმცა მონიშვნაც და ზებრაც გაუფერულებულია.

„შავ წერტილზე“ უნდა მუშაობდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ინსპექტირებას. მან უნდა დაადგინოს გამომწვევი მიზეზი და დაისახოს შესაბამისი ღონისძიებები. შესწავლას სჭირდება შესაბამისი ექსპერტები, ასევე, შესწავლის შემდგომი რეკომენდაციების შემუშავება და იმპლემენტაციას, რა თქმა უნდა, თავისი ხარჯები აქვს – ინფრასტრუქტურული ჩარევა უნდა მოხდეს“, – გვიყვება ირაკლი იზორია.

საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, სამთავრობო უწყებებმა დროულად იმოქმედონ.

„საერთაშორისო რეგულაციებით სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, გზების პროექტების დაფინანსების დროს, ყოველთვის დებენ პირობას, რომ გზის დაგების შემდგომ, სწრაფად უნდა გაკეთდეს მონიშვნები, საგზაო ნიშნები. არ შეიძლება, მაგალითად, გზას ვაგებდეთ ერთი წელი, მერე ერთი წელი ტენდერს ვაცხადებდეთ საგზაო ნიშნების დამონტაჟებაზე და მესამე წელი მონიშვნას ვაკეთებდეთ. გზისთვის განუყოფელი ნაწილია ეს მონიშვნები და საგზაო ნიშნები. მოქალაქეებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ კომფორტი და უსაფრთხოების განცდა.

ყველაფერი დროში სწრაფად უნდა გაკეთდეს. ადამიანები იღუპებიან და თითოეული ადამიანის დაღუპვა ადამიანური ტრაგედიის გარდა, ძალიან დიდი რესურსის დაკარგვა ქვეყნისთვის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი იზორიამ, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

  • ვინ გააკეთა ხელვაჩაურის გზა? 

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ახალციხის გზის ნაწილია. „ბათუმელები“ 2023 წლის დეკემბერში წერდა, რომ ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე იყო გაფორმებული.

ამავე თემაზე: ფული მიაქვთ ჯიბეში“, ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში

შპს „ერ ტე დე“ ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ამ კომპანიამ, კონკრეტულად კი, ჟურნალისტ ბექა ყორშიას ჟურნალისტური ნამუშევრით „გუთენთრაქენის მეთოდზე“.

კომპანიამ „ერ ტე დე“ ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც ახალდაგებული ასფალტის ნაწილი იმავე 2023 წელს აყარა და ხელახლა დააგო. გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 16-ჯერ შევიდა. 2023 წლის 15 დეკემბრის ცვლილებით კი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [ვიდეო]

„ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ის „ოცნების“ შემწირველია.

___

მთავარი ფოტო: ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. 14 ივნისი, 2026 წელი

„იმედის საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ“… – მზია ამაღლობელის მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას

უკანონო პატიმრობაში მყოფი სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერა პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაზე მიმდინარე კვირას ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა ისაუბრეს.

„იმედის“ საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ ბათუმელები/ნეტგაზეთს გეტყვით. მიკერძოებაში არ ჩამითვლიან იმედია.

ხუმრობა იქით იყოს და რაღაცნაირი კვირაა, დამძიმებული. ყოველ მომდევნო დღეს კიდევ უფრო სასტიკ რეალობაში შევყავართ. მოულოდნელი ხომ  არაფერია თითქოს, აღარ უნდა ვღელავდე, მაგრამ არ გამოდის. ამ ახალი დაპატიმრებების, ძალადობის, გულგრილობის თუ ათასგვარი რეპრესიების ამბებს ვერ ვიღებ მშვიდად:

როგორი მოსასმენია ელენეს [ხოშტარია] ხელჯოხით სიარული, ან ის, რომ ხელში კალმის დაჭერა უჭირს. კარგია ადვოკატებმა რომ გაამახვილეს ყურადღება ელენეს ჯანმრთელობაზე.

აქ, ჩაკეტილ სივრცეში, უსამართლობის მიმართ მგრძნობელობა ისე მძაფრდება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის, უმნიშვნელო ხდება.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ქვეყანაში, სადაც ექიმების და საავადმყოფოების მფლობელების ჩათვლით, ყველა უცხოეთში დადის არათუ სამკურნალოდ, არამედ დიაგნოზის დასასმელადაც კი, როგორ შეიძლება გწყინდეს კითხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე და ციხის პირობებში მისი მკურნალობის გეგმაზე. თან ელენე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც არა თუ რაც სჭირდება, არამედ რაც ეკუთვნის იმასაც კი არ მოითხოვს აქ, ციხის პირობებში.

მანიპულაციები არაფერში სჭირდება.

მეც კი ვიცი, რომ ელენეც დაპატიმრებამდე ტკივილგამაყუჩებლებით იდგა ფეხზე. ციხეში რომ დამძიმდებოდა და გართულდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ყველაზე უკეთ რეჟიმმა იცის.

ელენეს მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ, ის ხომ 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა.

არ მგონია ელენეს ვინმესგან, თუნდაც ჩემგან სჭირდებოდეს რამე გამამხნევებელი გზავნილი, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ მარტო არ არის – მისგან ერთი გადაძახების მანძილზეა ქალი, ანუ მე, რომელსაც მის მსგავსად სჯერა და მის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის“.

2 მილიონად გაარემონტებენ ბათუმის მერიის შენობას ლერმონტოვის ქუჩაზე

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის 2,2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2 255 186 ლარით გამოაცხადა. 

პროექტის რენდერების მიხედვით რეაბილიტაციის შემდეგ შენობაზე წარწერის „ქ. ბათუმის მერია“ ნაცვლად იქნება წარწერა – „ა[ა]იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობა ლერმონტოვის ქუჩაზე / არსებული მდგომარეობა [მარცხნივ] და რენდერი / ფოტოები შენობის სარეაბილიტაციო პროექტიდან
სარეაბილიტაციო პროექტში აღნიშნულია, რომ არსებული ორსართულიანი ორბლოკიანი ქვის შენობა აშენებულია გასული საუკუნის მეორე ნახევარში, შენობა მთლიანად მოქცეულია ცალმხრივ დაბალ ქანობიანი სახურავის [პარაპეტით] ქვეშ.

ამასთან, „საპროექტო ორგანიზაციამ ჩაატარა ვიზუალური მოკვლევა შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, რის შედეგად დადგინდა, რომ შენობაზე არ იკვეთება კონსტრუქციული სისუსტის ნიშნები“.

პროექტის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს:

„სახურავის ფენილის და არსებული სანივნივე სისტემების [ამორტიზირებული] შეცვლას. გარე ზედაპირებიდან ამორტიზირებული ბათქაშის ჩამოყრას. აგურის წყობაზე ეწყობა არმატურის პერანგი და ისახება ქვიშაცემენტის ხსნარით, დანარჩენი ზედაპირი ილესება ჩვეულებრივ ქვიშაცემენტის ხსნარით.

შიგა ფართში გადაგეგმარების მიზნით დემონტაჟი უტარდება მეტალოპლასმასის და თაბაშირმუყაოს ფილებით შედგენილ ტიხრებს, ახალი ტიხრები ეწყობა თაბაშირმუყაოს ორმაგი ფილებით ლითონის კარკასზე [დათბუნებით] და ბეტონის საკედლე ბლოკებით. იხსნება სხვადასხვა სახეობის მასალის მოპირკეთებები სრულად, ასევე სრულად ჩამოიყრება არსებული ბათქაშები, ხელახლა მოეწყობა ბათქაში ქვიშაცემენტის ხსნარით, ზედაპირების შემდგომი შეღებვით.

სრულად უტარდება დემონტაჟი შეკიდულ ჭერებსა და იატაკების ფენილებს. შეკიდული ჭერების მოსაწყობად გათვალისწინებულია ძირითად „ამსტრონგის“ ტიპის ფილები ლითონის კარკასზე. იატაკის და კიბის უჯრედის მოპირკეთებისათვის გათვალისწინებულია ლამინატის, მეტლახისა და ბუნებრივი გრანიტის მასალები.

სრული დემონტაჟი უტარდება არსებულ ფანჯრებს, კარებს და ვიტრაჟებს. მათ ნაცვლად ეწყობა იზოალუმინის ფანჯრები და ვიტრაჟები, კარები ძირითადად „მდფ“-ის მასალისაა. ფასადის ზედაპირები იმოსება მაღალი წნევის ქვეშ დაწნეხილი ლამინატის [HPL] ფილებით. დემონტაჟი უტარდება არსებულ კომუნიკაციების სისტემებს“.

პროქტით ასევე გათვალისწინებულია საკომუნიკაციო სისტემების მოწყობა [ელექტროობა, სუსტი დენები, სახანძრო სიგნალიზაცია-გახმოვანება, წყალკანალიზაცია, გათბობა-გაგრილება და ვენტილაცია].

ტერიტორიის კეთილმოწყობა კი ითვალისწინებს მხოლოდ შენობის მთავარი ფასადიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას, შიგა ეზო რჩება ხელუხლებელი. რეაბილიტაცია [გაწმენდა, შეღებვა] ჩაუტარდება ტერიტორიის შემომფარგვლავ ღობეს.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „გათვალისწინებულია [დამკვეთთან შეთანხმებით] საოფისე ავეჯის შეძენა“, თუმცა, ამ ტენდერის ხარჯთაღრიცხვაში ეს ნაწილი არ არის გათვალისწინებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 4 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება.

პირობის მიხედვით სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

 

 

რუსეთიდან საქართველოში $528 მილიონის პროდუქცია შემოვიდა, გავიდა $68 მილიონის – 5 თვის სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 10,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 3,1 მილიარდი აშშ დოლარის იყო, ხოლო იმპორტი 7,3 მილიარდი აშშ დოლარის.

საქსტატის მონაცემებით 2026 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი. შემდეგ მოდის სომხეთი და რუსეთი.

ამავე პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების პირველ სამეულში შედის: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

ექსპორტ-იმპორტის გათვალისწინებით კი, 2026 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი [1 387.5 მლნ. აშშ დოლარი], რუსეთი [1 232.1 მლნ. აშშ დოლარი] და ჩინეთი [1 177.2 მლნ. აშშ დოლარი].

2026 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 734.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.6
პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ექსპორტის 11.8 პროცენტი], ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 255.6 მლნ. აშშ დოლარით [8.2 პროცენტი].

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ამავე პერიოდში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 251.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 635.5 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 8.7 პროცენტი], ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 295.9 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 4.0 პროცენტი].

რაც შეეხება ვაჭრობას რუსეთის ფედერაციასთან, 2026 წლის იანვარ-მარტში რუსეთში საქართველოდან 68 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, ხოლო იგივე პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 528,2 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთთან გაზრდილია როგორც ექსპორტი [4,7 მილიონი დოლარით], ასევე იმპორტი [13,1 მილიონით].

საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, საქართველოდან რუსეთში გატანილია ყველაზე მეტად ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილი, კაკალი და ა.შ.

ამავე პერიოდში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნედლი ნავთობი, ხორბალი და მესლინი, მზესუმზირის ზეთი და სხვა პროდუქცია.

წყარო: საქსტატი

ამავე თემაზე:

რუსეთი უკვე EU-ში გაწევრიანების გამოც ემუქრება საქართველოს – ინტერვიუ რუსეთში ყოფილ ელჩთან

 

სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანიისგან შეისყიდიან

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.

„კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება“ – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საჯარო რეესტრის მიხედვით შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე და დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.

„ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს. ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება“ – განაცხადა მინისტრმა გივი მიქანაძემ.

2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.  ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შეძენის მიზნით, მთავრობის განკარგულებით, „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.

მანამდე, „საგანმანათლებლო რესურსებს“ ფორმების შესაძენად 45 658 840 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მისცა.

შესყიდვების პორტალზე გაკეთებული განაცხადის მიხედვით „2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია სამ ეტაპად:

  • I ეტაპი – 301 000 ცალი – 2026 წლის 15 ივნისიდან (შესაბამისი მთავრობის განკარგულების მიღებიდან) 2026 წლის 25 აგვისტომდე;
  • II ეტაპი – 600 000 ცალი – 2026 წლის 15 ოქტომბრამდე;
  • III ეტაპი – 900 000 ცალი – 2026 წლის 30 ნოემბრამდე“.

სასკოლო ფორმების შესაძენად საჭირო ბაზრის კვლევა კი „საგანმანათლებლო რესურსებს“ ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევას თავიდან გამოაცხადებს

 

9,8 მილიონი ლარი დაიხარჯება უმაღლესი საბჭოს შესანახად 2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის უმაღლესმა საბჭომ თავისივე დადგენილებით ამავე უწყებისთვის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 9,8 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მიმდინარე, 2026 წელს, უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტში 10 113 600 ლარია გაწერილი. მიმდინარე წელთან შედარებით კლება კი, ძირითადად, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.

უმაღლესი საბჭოს „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 2027 წლისთვის განისაზღვრა 272 000 ლარით. მიმდინარე წელს კი ამ მუხლში 1 115 700 ლარი არის გაწერილი. ეს არის ხარჯი უმაღლესი საბჭოს მიერ საკუთარი ქონების [კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა, ავტოპარკი, ინვენტარი და სხვა] შესაძენად, გასაუმჯობესებლად.

2027 წელს, 2026 წელთან შედარებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 152 920 ლარით იზრდება ხელფასებისთვის საჭირო თანხის ოდენობა.

მიმდინარე წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში 6 296 600 ლარია გაწერილი, 2027 წლის პროექტით კი – 6 449 520 ლარი იქნება.

უცვლელი რჩება „უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა“ – 117 საშტატო ერთეული.

უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული თანხა, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, აჭარის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უნდა აისახოს.

 

 

 

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 390 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 041 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 787 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 44 386 ერთეული [+88]
  • MLRS – 1 883 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 433 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 361 803 ერთეული [+2 246]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 695 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 109 342 ერთეული [+476]
  • სპეცტექნიკა – 4 314 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი აფრთხილებს ლუკაშენკოს, რომ გაანადგურებს „ტექნიკას“ საზღვარზე, თუ მას ერთ კვირაში არ გაიყვანენ 

 

2024 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვეღარ ვუძლებ“ – შშმ ქალი ბათუმში ნახევრად დანგრეულ ქოხში ცხოვრობს

გულნაზ ფერაძე 49 წლის შშმ ქალია. ის თითქმის დანგრეულ, დაობებულ და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ფიცრულში ცხოვრობს ბათუმში, ფერაძის ქუჩაზე.

ნესტიანი ქოხი უფანჯროა, იატაკი ჩანგრეული, რის გამოც საძინებელ ოთახში დიდი ღრიჭოებია და თავისუფლად შეგიძლია დაინახო ეზო. ქოხი გულნაზის 300 ლარად აქვს ნაქირავები.

უკანა კედელი არ აქვს საპირფარეშოდ გამოყოფილ ადგილს, ჭერიც დაზიანებულია. ადგილი, სადაც წესით აბაზანა უნდა იყოს, ჩახერგილია და კარიც კი არ იღება.

გულნაზი ამბობს, რომ დასაბანად ხან ერთ ნაცნობთან მიდის, ხან – მეორესთან.

ქოხში ელექტროგაყვანილობა კუსტარულია. არ დგას ავეჯი, ამის გამო ტანსაცმელი დაობებულ კედლებზეა ჩამოკიდებული. ნივთების ნაწილი ფუთებშია შენახული და არცერთ ოთახში სივრცე არ არის. შესასვლელიც ვიწრო და ბნელია. ამის გამო, გულნაზის შუქი სულ უნთია.

ამას მეორე მიზეზიც აქვს. გულნაზი ამბობს, რომ ღრიჭოებიდან თაგვები და მორიელები შემოდიან ოთახში.

ჩავარდნილი იატაკი გულნაზ ფერაძის ქოხში, საიდანაც ქუჩა მოჩანს.

„ერთმა მორიელმა მიკბინა კიდეც. სასწრაფო არ გამომიძახებია, დექსამეტაზონი გავიკეთე და ვიფიქრე, – რაც იქნება იქნება“ – გვეუბნება გულნაზი.

ის თავის მძიმე ცხოვრებაზე უყვება „ბათუმელებს“.

ამბობს, რომ თითქმის რვა წელი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა.

„არც მზე დამინახავს და არც მთვარე. დედის გარდაცვალების შემდეგ, ყოფილმა მეუღლემ დედის დატოვებული ბინა თავის სახელზე გადაიფორმა. ჩემი ბინა ინასარიძის ქუჩაზე იყო და წესით, ახლაც იქ უნდა ვიყო ჩაწერილი.

გულნახის ქოხს ფანჯარა არ აქვს და დღის შუქი ვერ აღწევს.

მითხრა, რომ კომერციული ფართობის გაკეთებას აპირებდა და ფული სჭირდებოდა. მე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვიღებ მედიკამენტებს. ვფიქრობ, ჩემი მდგომარეობით ისარგებლა და ისე მომაწერინა ხელი. არც კი მახსოვს, რაზე მოვუწერე.

შემდეგ, როცა იპოთეკის ფული აღარ გადაიხადა და ვთხოვდი, რომ ჩემი ბინა დაებრუნებინა, ჩემზე ფიზიკურად იძალადა. სულ მცემდა. შემაკავებელი ორდერიც აქვს გამოწერილი. სამი წელია საქმე სასამართლოშია, მაგრამ პროცესი არ იწყება. მე დავრჩი მარტოდ და უბინაოდ. თაღლითობის საქმეზე არც კი წამომიწყია დავა, რადგან ჯერ ძალადობის საქმის განხილვაც კი არ დაუწყია სასამართლოს. რა აზრი აქვს?!

შერყეული მაქვს ჯანმრთელობა. მაქვს დიაბეტიც. 400 ლარი მაქვს პენსია და აქედან 300 ლარს ამ დაობებულ ოთახში ვიხდი. საჭმლის ფულიც კი აღარ მრჩება“- ამბობს გულნაზ ფერაძე.

იგი გვაჩვენებს მაცივარს, სადაც პოლიეთილენის პარკებში ჩადებული დაობებული მწვანილი და მწირი, ვადაგასული პროდუქტი უდევს.

გულნაზ ფერაძე ამბობს, რომ შშმ პირის პენსია არც წამლისთვის ჰყოფნის და არც საკვებისთვის.

ამბობს, რომ ერთხელ მოითხოვა მერიისგან დახმარება და ამისთვის ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწია.

„კიდევ მიყავი მისული დახმარებაზე და მითხრეს, რაში გჭირდება ფულიო. თავზე მაწვიმს, წამლის ფულიც არ მაქვს, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ვიღებ, რომელიც აუცილებელია ჩემი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სახელმწიფო პროგრამით ყველა არ მიფინანსდება.

რადგან სახურავი დაზიანებულია და ჭერიდან წყალი ჩამოდის, გავცივდი. ფილტვებში წყალი მქონდა ჩამდგარი. ახლობელი დამეხმარა წამლების შეძენაში და უკეთ გავხდი, მაგრამ გადასამოწმებელი მაქვს ფილტვები. ექიმთან ვიზიტი არ მიფინანსდება, 80 ლარი სჭირდება და საიდან მოვიტანო?

რადგან დიაბეტი მაქვს, ასევე ყველა სამ თვეში მჭირდება სისხლის საერთო ანალიზი და გადასხმები. ჩემი პენსია კი ჩემს საჭიროებებს ვერ სწვდება.

ქოხში, რომელიც გულნაზ ფერაძეს 300 ლარად აქვს ნაქირავები, წყალი ჩასდის.

მერია მეუბნება თავშესაფარში წადიო, მაგრამ არ წავალ. 4 ძაღლი მყავს და ძაღლებს იქ არ წამაყვანინებენ. მე მათ ვერ მივატოვებ. ახლა ცოტა ხნით ახლობელთან მყავს შეფარებულ, მაგრამ უნდა მოვიყვანო, იქ დიდხანს ვერ გააჩერებენ. ჩემი ერთი ძაღლი 12 წლისაა, მას ვერ მივატოვებ“- გვეუბნება გულნაზი.

ამბობს, რომ თავს დაუცველად გრძნობს, რადგან სახელმწიფო მის პრობლემებს – უსახლკარობას და ჯანდაცვის საკითხებს, გულგრილად ეკიდება.

„ვეღარ ვუძლებ“ – გვეუბნება ის.

გულნაზის ქოხის გარშემო მაღლივი კორპუსები შენდება. ეს რამდენიმე ქოხი კი ამ მშენებლობებს შორისაა მოქცეული. გულნაზი ამბობს, რომ შესაძლოა ეს ქოხიც მალე აიღონ და ის საერთოდ ღია ცის ქვეშ დარჩება.

„უნდა დამეხმაროს მერია და მომცეს თავშესაფარი, რადგან ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია. მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი იცხოვრებდა ასეთ ქოხში, ასეთ საპირფარეშოში შევიდოდა?

პირველყოფილი ადამიანივით ვცხოვრობ. შეიძლება ის უკეთესად ცხოვრობდა“- ამბობს გულნაზი.

ნახეთ ვიდეო: 

_______________

გულნაზ ფერაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე:

GE67LB0211154398260000

მიმღები: გულნაზ ფერაძე.

ზელენსკი აფრთხილებს ლუკაშენკოს, რომ გაანადგურებს „ტექნიკას“ საზღვარზე, თუ მას ერთ კვირაში არ გაიყვანენ 

რუსული მედიის თანახმად, ჰონდურასის პრეზიდენტ, ნასრი ასფურასთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს განთავსებულია რეტრანსლატორები, რომლებიც, მისი თქმით, „ცეცხლის კორექტირებას ახდენენ“. ზელენსკის აზრით, ეს ბელარუსს სამხედრო კონფლიქტში ითრევს.

უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ეს „ტექნიკა“ ერთ კვირაში გამოირთოს.

„ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება ამის გასაკეთებლად. რატომ ვამბობ ერთ კვირას? იმიტომ, რომ ამის გამო ყოველდღიურად იღუპებიან ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. თუ ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინული წარმოშობისაა დრონი, რომელმაც ბრიანსკის ოლქში იმ ავტობუსს შეუტია, რომელშიც ბელარუსი ბავშვები ისხდნენ. ამასთან, მისი თქმით, ბელარუსი ჯერ არ ჩქარობს „რაიმე დასკვნის გაკეთებას“.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ დრონის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს საკმარისი რაოდენობის „კონსპირაციული ვერსიები“.

მან  დასძინა, რომ თუ ვინმე პროვოკაციას აწყობს და ცდილობს ბელარუსის სამხედრო მოქმედებებში ჩათრევას, ეს „ცუდად დასრულდება მათთვის, ვინც ამას ცდილობს“.

მისი თქმით, ბელარუსის და რუსეთის სამართალდამცავები მომხდარს აუცილებლად გამოიძიებენ.

„მე არაერთხელ გაგაფრთხილეთ (თქვენ ეს გარკვეული შემთხვევეში ჩემზე უკეთაც კი იცით) –  დღეს ომი, უბრალოდ, სადღაც, შორს აღარ არის. ის ჩვენს ღობესთანაა, ზოგჯერ კი უფრო ახლოსაც. ამის დასტურია სხვადასხვა სახის პროვოკაცია. არა მხოლოდ პროვოკაციები, არამედ გარკვეული სახელმწიფოების მხრიდან, როგორც შეთანხმებების, ისე ომის დროს ქცევის წესების პირდაპირი დარღვევა“, – ასე გამოეხმაურა ლუკაშენკო დრონით თავდასხმას.

3 კვ.მეტრი ფართობი ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 249 995 ლარად გასხვისდა – აუქციონი

ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის #3-ში, ბათუმის მერიამ 3 კვ.მეტრი ფართობი კომერციული დანიშნულებით, აუქციონზე 9 ივნისს გაიტანა. პირობის მიხედვით, მოსარგებლემ, მერიასთან შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად, უნდა მოამზადოს სავაჭრო ჯიხური სუვენირებისთვის. მერია გამარჯვებულთან ხელშეკრულებას აუქციონის დასრულების შემდეგ აფორმებს.

 

ესკიზი

მერიამ 3 კვ.მეტრი ფართობი საიჯარო წესით გასასხვისებლად წლის ბოლომდე გამოიტანა. საწყისი ფასი 620 ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 19 ლარი იყო. აუქციონი 15 ივნისს დასრულდა.

ელექტრონული ვაჭრობა დაუჯერებელი კონკურენციის პირობებში წარიმართა – ორმა კონკურენტმა სულ 13 125 ბიჯი დადო. ვაჭრობა კი 249 995 ლარზე გაჩერდა.

აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებული 3 კვ.მეტრით ისარგებლებს 6 თვის განმავლობაში – 2026 წლის 25 ივნისიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ აუქციონში გამარჯვებულმა, თუ ის მართლა გააფორმებს მერიასთან ხელშეკრულებას, 3 კვ მეტრში, თვეში 41 ათას ლარზე მეტი უნდა გადაიხადოს. ეს არარეალურია.

როგორც ჩანს, საქმე გვაქვს პრინციპულ მიდგომასთან, როცა შენთვის საინტერესო ადგილის დათმობა სხვისთვის არ გინდა და კონკურენციას ხელოვნურად ქმნი.

ადგილი, რომლისთვისაც ორმა კონკურენტმა 13 125 ბიჯი დადო, ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან ახლოსაა. იქვეა იახტკლუბი. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული უარს იტყვის ხელშეკრულების გაფორმებასა და შესაბამისი ვალდებულების აღებაზე, აუქციონის შედეგები გაუქმდება. წინასწარ წარდგენილი საგარანტიო თანხა – 496 ლარი კი ბიუჯეტში ჩაირიცხება. 

გოგებაშვილის ქუჩაზე მუშაობის გაგრძელების მოთხოვნით სუვენირებით მოვაჭრეები ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მათ მერიამ ბულვარის იერ-სახის დამტკიცებულ გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის არგუმენტით შეაჩერებინა მუშაობა.

საბოლოოდ მერია მათ დაჰპირდა, რომ კონკრეტულ ფართობებს აუქციონზე გაიტანდა.

450 800 ლარი ორდღიანი ფესტივალისთვის ბათუმში

ბათუმში, 20 და 21 ივნისს, ანბანის კოშკის მიმდებარედ, დაგეგმილია ფესტივალის ჩატარება, რომლის სლოგანია – „ზაფხული იწყება აქ“. ფესტივალის ორგანიზებაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებში კი ჯამში 450 800 ლარი დაიხარჯება.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯითი ჰოლდინგთან“ 137 400 ლარზე აქვს გაფორმებული [ტენდერი 159 740 ლარით იყო გამოცხადებული].

„შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნისა და ანონსის ორდღიანი ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ – სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვა, რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას სკაფოლდის სისტემებით, სასცენო განათებას, სასცენო ეფექტებს, ლაზერებით, სასცენო ცეცხლით ე.წ stage flame – ით, CO და კონფეტის დიდი სკალის აპარატით მომსახურებას, გახმოვანების აპარატურას. 213 კვ.მ-ის ლედ ეკრანებს, ლაივ ჩართვების მომსახურებას, სასცენო დაცვასა და ე.წ. ბექ სტეიჯის მომსახურების უზრუნველყოფას.“ – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ღონისძიება ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოცრებათა პარკში, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ტერიტორიაზე ჩატარდება. „ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მოეწყობა გრანდიოზული სცენა, შიდა და გვერდითა ლედ ეკრანებით, სასცენო ცეცხლებით, ლაზერული განათებებით, ლაივ ჩართვის სპეციალური ტექნიკური აპარატურით.“

  • 120 500 ლარზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება სხვა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჩვენი თეატრთან“. „შესყიდვის ობიექტი კი თეატრალური და კოსტიუმირებული წარმოდგენების, აკრობატული შოუს, საბავშვო გმირებისა და საბავშვო აქტივობების ორგანიზება“ წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით სააგენტოსა და კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით ეს ხელშეკრულება შეწყდა. შესაბამისად, როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნული აქტივობები ფესტივალზე აღარ იქნება.

კიდევ ერთი ხელშეკრულება სააგენტოს შპს „კრეატივ-ჯგუფთან“ აქვს გაფორმებული 168 900 ლარზე – ფესტივალის დეკორაციული ნაწილის ორგანიზებაზე. 

ამ შემთხვევაში მომსახურება მოიცავს სივრცით დეკორაციებისა და მასშტაბური ინსტალაციების მოწყობას, დიდი ზომის მზის ქოლგებს, კვების ნაწილს – ე.წ. ლაუნჯებს, რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვისთვის დახლ-მაგიდების უზრუნველყოფას და სხვა.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში მოწვეულ დიჯეებსა და მუსიკალურ ჯგუფებს ჰონორარის სახით ჯამში 144 ათას 500 ლარს გადაუხდის.

აქედან „ურსას“ – 30 ათასი ლარი, „კახაბერი და ხანუმები“ – 25 ათასი, „სინთეზი“ – 20 ათასი, „მიქსტურა“ – 16 ათასი, New one – 13 ათასი ლარი და ა.შ.

მოწვეული დიჯეების და ჯგუფების სია სრულად ნახეთ ამ ბმულზე:

ვინ იმღერებს საზღვაო სეზონის გახსნაზე ბათუმში – 144,5 ათასი ლარი ჰონორარებში

 

მთავარი ფოტო: სცენის რენდერი ტენდერიდან

 

Exit mobile version