განათლება,მთავარი,სიახლეები

„მობილურის აკრძალვით მოსწავლეს ვერ გააჩერებ, თუ მას საგანი არ აინტერესებს“ – მასწავლებელი

08.07.2026
„მობილურის აკრძალვით მოსწავლეს ვერ გააჩერებ, თუ მას საგანი არ აინტერესებს“ – მასწავლებელი

ცოტნე გვაჯაია ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში დაასახელეს.

„ბათუმელები“ მასწავლებელს სკოლებში მობილურების აკრძალვაზე და სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ესაუბრა.

  • ბატონო ცოტნე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სექტემბრიდან სკოლებში მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალოს. თქვენ როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, რა აზრის ხართ ამ შეზღუდვაზე? სმარტფონების კარადებში ჩაკეტვით გაიზრდება მოსწავლის ინტერესი საგაკვეთილო პროცესის მიმართ?

ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაა, თუმცა მგონია, რომ ტელეფონის სრული აკრძალვა ყველა საგნის შემთხვევაში, ერთნაირად ეფექტური არ იქნება.

აი, მაგალითად, ჩემს საგანში, მობილური მოწყობილობა არის ერთ-ერთი სასწავლო რესურსი. მაგალითად, მოსწავლეები ტექნოლოგიების, ტელეფონების გამოყენებით სწავლობენ QR კოდით ინფორმაციის მიღებას და გაზიარებას, დასკანერებას.

არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს ორმაგი უსაფრთხოების სისტემა აქვთ მობილურ მოწყობილობაზე დაყენებული, Google ავთენტიფიკატორი ან თუნდაც Microsoft-მა დაამატა ახლა ჩვენს სტუდენტურ მეილებზე იგივე და თუ მოსწავლეს ეს სისტემები დამატებული აქვს ტელეფონზე, ამ შემთხვევაში ვერ შევა ვერც თავის გვერდზე – student.gov.ge-ს მეილებს ვგულისხმობ და შეექმნება პრობლემა.

რიგ შემთხვევებში ტელეფონი ყურადღების გამფანტველი ნამდვილად არ არის, ერთ-ერთი რესურსია და სასწავლო პროცესის ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემა მობილურ ტელეფონში კი არ არის, არამედ მის არასწორ გამოყენებაში.

  • ხშირად მსმენია მასწავლებლებისგან, რომ რა უნდა ასწავლო ბავშვს, როცა „ტელეფონში აქვს თავი ჩარგული“ და მსგავსი პრეტენზიები. ვისი პრობლემა ეს, თუკი მოსწავლე არ ინტერესდება გაკვეთილით, მხოლოდ მოსწავლის თუ სასწავლო პროცესისაც?

ტელეფონები კი არ უნდა ავკრძალოთ, არამედ ვასწავლოთ მოსწავლეებს ციფრული პასუხისმგებლობა. უფრო ამ ნაწილზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და არა ტექნოლოგიების აკრძალვაზე. ეს არ არის ნამდვილად გამოსავალი, მით უმეტეს, ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება და რაღაც სიახლეებს გვთავაზობენ სულ.

მე, მაგალითად, ტელეფონს ვიყენებ როგორც რესურსს. თუ კომპიუტერი არ არის მწყობრში, თავისუფლად შესაძლებელია გამოვიყენო მობილური მოწყობილობა. ამიტომ, ტელეფონიც სასწავლო რესურსია და არა რაღაც „ცუდი მოწყობილობა“, რომელიც მოსწავლეს ხელს უშლის კონცენტრაციაში.

  • AI-ს ეპოქაში ვცხოვრობთ და ვამბობთ კიდეც, რომ მომავალი არის ტექნოლოგიების. გამოწვევები მესმის, მაგრამ ამ ტექნოლოგიების სასწავლო პროცესიდან ამოღება რატომ უნდა იყოს სისტემის მიზანი?

რთული კითხვაა. არ ვიცი ვინ დააყენა ასე საკითხი და ვისი იდეა იყო ეს. ან საერთოდ რატომ დადგა ასე საკითხი დღის წესრიგში. მე, პირიქით, მომხრე ვარ სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების მეტი გამოყენების და ასევე სხვა მასწავლებლებიც, რომლებიც კონკრეტულად ჩემს საგანთან კოლაბორაციაში შემოდიან. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიებს.

AI ვახსენეთ და ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენება მობილურით უფრო მარტივია, ვიდრე კომპიუტერით, რადგან მობილურში ყველა მონაცემი შეყვანილი მაქვს და არ მჭირდება თავიდან შეყვანა და ამაზე დროის კარგვა.

  • სახელმწიფოს ხომ აქვს გარკვეული ვალდებულება, რომ ციფრული კომპეტენციები განუვითაროს მოსწავლეებს. ეს გადაწყვეტილება ამ მიზნებს არ ეწინააღმდეგება?

ვფიქრობ, ეს იქნება შემაფერხებელი პროცესი და არა რაღაც დადებითი. უბრალოდ ვერ შევაფასებ დადებითად მობილურების აკრძალვას. ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ტექნოლოგების გამოყენების კულტურა.

არაერთი პროექტი არსებობს მედიაწიგნიერებაზე, სადაც ჩვენც მიგვიღია მონაწილეობა და გვისაუბრია ყალბ ინფორმაციასთან გამკლავებაზე, რომელიც დღესდღეობით ინტერნეტით ვრცელდება. ამ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლის წყაროებზე გვქონდა საუბარი და ბავშვებს განუვითარდათ უნარ-ჩვევები, თუ როგორ უნდა განარჩიონ რეალური და ყალბი ამბავი.

მოსწავლეები უნდა აღვზარდოთ ციფრული პასუხისმგებლობით და სამოქალაქო განათლებას ენიჭება უფრო მეტი როლი. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებსაც.

  • ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მეტი კონტროლი დამყარდეს სკოლაზე, მოსწავლეზე?

ვფიქრობ მასწავლებელთა გარკვეული კატეგორიის მოთხოვნაც იყო ალბათ, რომ აეკრძალათ ტელეფონები, რადგანაც გაკვეთილზე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ ბავშვები. მაგალითად, შეიძლება შემაჯამებლის წერის დროს AI-ის დააწერინოს მოსწავლემ დავალება და ეს ვერ შეამჩნიოს მასწავლებელმა.

  • შემაჯამებლის წერისას ან სხვა გამოცდის შემთხვევაში შეეძლოთ შეეზღუდათ.

რა თქმა უნდა.

სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რა დროს უნდა შევზღუდოთ მობილურის გამოყენება და არა მთლიანად სკოლაში ტელეფონის გარეშე მივიღოთ მოსწავლეები. ტელეფონი არ იქნება, სხვა ფაქტორები იქნება, რომელიც ხელს შეგვიშლის გაკვეთილზე.

თუ მოსწავლეს კონკრეტული საგანი არ აინტერესებს და ტელეფონში თამაშობს, თუ ტელეფონს აუკრძალავ, სხვა რამით გაერთობა. ვერ გააჩერებ ასეთ მოსწავლეს.

ეს ვერ შეცვლის პროცესს, ამიტომ მოსწავლის დაინტერესება უნდა მოხდეს სხვა კუთხით.

  • ბევრი თქვენი კოლეგა, რომელსაც უნახავს არაერთი სკოლა დასავლეთში, ევროპაში, საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გამართულია იქ სასკოლო ინფრასტრუქტურა, როგორ არის აღჭურვილი კლასები ციფრული დაფებით, ინტერნეტით, კომპიუტერებით და როგორ იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს მოსწავლეები განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე საკლასო ოთახი და ჩვენ რა გვაქვს რეალურად?

თანამედროვე კლასში პროექტორის ნაცვლად ციფრული, ჭკვიანი დაფები უნდა იყოს, თუმცა დღეს პროექტორიც ძალიან დიდი ფუფუნებაა ბევრი სკოლისთვის. თანამედროვე კლასში, ცხადია, უნდა იყოს კარგი კომპიუტერები და ინტერნეტი, რაც დღემდე ასევე პრობლემაა საქართველოს ბევრი სკოლისთვის.

  • სამინისტრო აპირებს ფორმები ჩააცვას ბავშვებს სკოლაში, 45 მილიონი ლარი დაიხარჯება ამაში მხოლოდ ერთ წელიწადში. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეიძენდით ამ თანხით სკოლებისთვის?

ეს ფორმებიც ალბათ ექსპერიმენტის ნაწილია, რომელიც არა მგონია რომ გამართლებული იყოს. ამ თანხად ძალიან ბევრი სკოლის გარემონტება შეიძლებოდა, თუნდაც ჩემს რეგიონში, სადაც ბევრი ავარიული სკოლაა.

შევხვედრივარ, მისაუბრია მასწავლებლებთან, რომლებსაც კლასში 5 კომპიუტერი აქვთ და ჰყავთ 20 მოსწავლე. ასეთ დროს ჩვენ ვკრძალავთ ტელეფონებს და არ ვზრუნავთ იმაზე, რომ სკოლა აღვჭურვოთ საკმარისი ტექნოლოგიებით.

დაახლოებით 10 000 ლარი ღირს დიდი ზომის ჭკვიანი დაფა, ამ თანხით ასეთ დაფას ძალიან ბევრ ისეთ სკოლას შევუძენდით, რომლებსაც რესურსების დეფიციტი აქვთ.

ჭკვიან დაფას თუ ვერ ვუყიდით, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია მაინც ხომ ექნებოდათ. როცა კლასში 28 მოსწავლეა და 5 კომპიუტერი გაქვს, როგორ უნდა გაანაწილო, რამდენი უნდა დასვა ერთ კომპიუტერთან?!

  • ისიც კი მსმენია, რომ ზოგიერთ სკოლას საერთოდ ჩაკეტილი აქვს კომპიუტერული კლასი, რომ არ დაზიანდეს ტექნიკა, ალბათ. 

იყო ასეთი შემთხვევებიც, როდესაც შეფუთული იყო კომპიუტერი და არ ხსნიდნენ. ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად გამოდგებოდა ეს თანხები.

თანაც, როგორც ვიცი, ეს ფორმები ისევ მშობლებმა უნდა შეიძინონ და რა გამოდის?!

  • როგორც თქვეს, სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო მისცემს ფორმებს.

გასაგებია, მაგრამ ისეთი ოჯახებიც არსებობს, რომლებსაც შესაძლოა არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ მაინც რთული იყოს მათთვის ამ ფორმების შეძენა. სადღაც 150 ლარი გამოდის ერთი ბავშვის ფორმა, როგორ ვიცი და როგორ შესწვდებიან ასეთი ოჯახები ამხელა ხარჯს, მით უმეტეს, თუ ორი ან მეტი ბავშვი ჰყავთ სკოლაში. ისეთი ოჯახებიც მინახავს, როცა სხვისი ტანსაცმლით უშვებენ ბავშვებს სკოლაში, რადგან ახალს ვერ ყიდულობენ და ასეთმა ოჯახმა როგორ უნდა შეიძინოს ფორმა.

ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ ტექნოლოგიურ ბანაკში, სადაც მასწავლებლები გავდივართ ტრენინგს, თუ როგორ შიძლება დავნერგოთ სკოლებში რობოტიკა. ამ ბანაკში 2025 წლიდან ვიღებ მონაწილეობას და მსგავსი ტექნოლოგიური სწავლება ხშირად იმართება, რაც კარგია მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის. მასწავლებლებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის პროგრამირებადი მოწყობილობები, რომელიც უნდა შეიტანონ არაფორმალურ განათლებაში და გაგრძელდეს ეს პროცესი.

მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ სკოლების უმრავლესობას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ აქვთ კომპიუტერები და სად ჩაწერონ ეს კოდები? ისევ მივდივართ ტექნოლოგიურ სიმწირესთან, რაც უკვე დიდი დაბრკოლებაა.

ერთი მიმართულებით ძლიერდება მასწავლებელი, მაგრამ საჭიროა მეორე მიმართულების გაძლიერებაც. სკოლაში მისულ მასწავლებელს შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს, ხომ?! – ადგილი, სადაც შექმნის კლუბს და გააგრძელებს ამ პროცესს. ამის შესაძლებლობას ამჟამინდელი ტექნოლოგიები და კომპიუტერული ლაბორატორიები უმეტეს სკოლაში არ იძლევა.

არის სკოლები, სადაც ცუდი ხარისხის ინტერნეტი მიეწოდებათ. მე, მაგალითად, ქალაქის სკოლაში ვასწავლი და ჩემთანაც იყო ხოლმე პრობლემები ამ მხრივ და თვეში ერთხელ მაინც მიწევს IT სამსახურთან დარეკვა და ამ პრობლემაზე საუბარი.

  • როგორც ამბობენ, ციფრული ტექნოლოგიები სინათლის სისწრაფით ვითარდება და ჩვენ სად ვართ ციფრული ცოდნის, უნარების თვალსაზრისით დღეს?

სადღაც შუაში ვართ, ალბათ.

ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, მივაღწიე იმას, რომ რამდენიმე სახის დაფინანსება მოვიპოვე, მაქვს ახალი ტექნოლოგიები, რამდენიმე 3D პრინტერი ჩემს სკოლაში და ამ ტიპის პრობლემები თითქმის მოგვარებული მაქვს, მაგრამ სხვა სკოლებს თუ შევხედავთ, ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება განვითარებისთვის.

  • რა აინტერესებთ ბავშვებს დღეს ყველაზე მეტად

ბუნებრივია მასწავლებელზეა ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენმა წარმატებებმა გამოიწვია ის, რომ მოსწავლეები, განსაკუთრებით გოგონები, საკმაოდ კარგად არიან ჩართული ტექნოლოგიების სწავლის პროცესში.

თუ არ ვიქნებით ციფრული მოქალაქეები AI ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, ტექნოლოგიები მართლა ჩაგვანაცვლებს წლების შემდეგ.

  • მასწავლებლებსაც?

მასწავლებელს ვერ ჩაანაცვლებს, საბედნიეროდ.

მართალია, შესაძლებელია მასწავლებლის გარეშეც განვითარდე რაღაც კუთხით, თუმცა მასწავლებლის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან ადამიანური ფაქტორი უფრო მაღლა დგას და ადამიანის ხედვა უფრო მეტია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი.

ვიტყვი იმასაც, რომ აუცილებელია ყველა მოსწავლემ გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები, როგორც რესურსი. ამიტომ არ მგონია, რომ გაამართლოს სმარტფონების სრულად აკრძალვამ სკოლაში. მე პირადად ხელს შემიშლის მობილურების აკრძალვა, შემაფერხებელი ფაქტორი იქნება ჩემთვის, ვიდრე პირიქით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: