Skip to content

Batumelebi

ბათუმელები

რას ითხოვდნენ დღეს ბათუმში აქციაზე – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება“

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფი გაერთიანდა და საპროტესტო აქცია გამართა.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ უსახლკარო ოჯახები, რომლებმაც მოითხოვეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფა; იპოთეკით და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები; ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები; დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულები და მოქალაქეები, რომლებიც ქობულეთში, წინაპრების საკუთრებაში არსებული მიწების აღიარებას ითხოვენ.

აქციაზე ყველა ჯგუფს თავისი გზავნილი ჰქონდა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ბათუმის ბულვარიდან, საოცრებათა პარკიდან დაიწყეს და რუსთაველის ქუჩა სრულად აითვისეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიემართებიან აჭარის მთავრობის სახლისკენ

მოქალაქეები თავდაპირველად აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, საიდანაც ასევე მსვლელობით განაგრძეს გზა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ.

„სამი აქცია გავმართეთ, არცერთზე არ მოვიდა აჭარის ტელევიზია. ახლა მივალთ ტელევიზიასთან და გავიგებთ, რატომ არ აშუქებენ ჩვენს აქციებს“, – ასე ახსნა ტელევიზიასთან მისვლის მოტივი უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.

მას შემდეგ რაც საპროტესტო აქცია ტელევიზიასთან მივიდა და საჯაროდ, მიკროფონით დაუსვეს ქუჩიდან კითხვა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თუ რატომ არ აშუქებდა სოციალური საკითხების შესახებ გამართულ აქციებს, ტელევიზიიდან გადამღები ჯგუფი გამოვიდა და აქციის გაშუქება დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან ტელევიზიამ ამბის გაშუქება დაიწყო, ამით მათი მიზანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღწეული იყო და გზა ბათუმის მერიისკენ გააგრძელეს.

ბათუმის მერიასთან მისულმა აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათ მერი არ შეხვდა.

მოგვიანებით კი მერია დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა  და ვრცელი განმარტება გააკეთა.

„უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებების განხილვის პროცესი მოიცავს დეტალურ, მრავალეტაპიან შემოწმებასა და ინდივიდუალურად თითოეულ შემთხვევაზე კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყბასთან ინფორმაციის გამოთხოვისა თუ გადამოწმების მიზნებისთვის.

აღნიშნული პროცესის კომპლექსურობა და ინფორმაციის დიდი მოცულობა განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღებისთვის შესაბამის პერიოდს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობა ღიაა მოქალაქეებისთვის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისუფლად ისარგებლოს ცენტრალური შესასვლელით, მიმართოს კანცელარიას განცხადების დასატოვებლად ან მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე დადგენილი წესით.

მერიის შიდა სივრცეში აქციის ჩატარების საკითხი რეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, დაცვის სამსახურის მოქმედება შიდა ტეროტორიაზე აქციის მონაწილეთა გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე ემყარებოდა კანონის მოთხოვნებს და მიზნად ისახავდა საჯარო დაწესებულების უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში.

ბათუმის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მოქალაქეები ისევ მსვლელობით წავიდნენ აჭარის მთავრობისკენ და ზურაბ პატარაძეს, რომელიც ახლახან დაინიშნა, ორი კვირის ვადა მისცეს მათ პრობლემებში გასარკვევად.

მორიგი საპროტესტო აქცია 15 მაისს დაანონსდა.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია! ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას შანსს, დაინახოს ხალხის ერთობა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ დასაწყისი დიდი და შეუჩერებელი პროტესტისა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება და არ გავჩერდებით, სანამ თითოეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული!“ – ასეთი იყო დღევანდელი აქციის გზავნილი.

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სხვადასხვა მოთხოვნით

Posted byმანანა ქველიაშვილი01.05.202601.05.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: აქცია ბათუმში, ბათუმი

ყველაფერი შეიძლება მივიდეს სოციალურ აფეთქებამდე – ტაქსის მძღოლების პროტესტი ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა მეოთხედ გამართეს საპროტესტო აქცია. მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და დამსაქმებელ კომპანიებს სთხოვენ, გადახედონ ტაქსის გამოძახების ტარიფებს.

ტაქსის მძღოლების თქმით, შრომითი პირობების მხრივ, უკიდურესი მდგომარეობა აქვთ.

„მე პირადად ვარ „იანდექსის“ მძღოლი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიაში ხარ დასაქმებული, ფაქტობრივად პირობები ყველგან არის ერთნაირი. ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვისაც და ჩვენი საქმისთვისაც. იმდენად დაბალია ჩვენი გამომუშავება, რომ ტრანსპორტის ხარჯებსაც კი ვერ ვწვდებით.

ბენზინის ფასის ზრდა იყო ალბათ ბოლო წვეთი. პრობლემაა ისიც, რომ არცერთი დამსაქმებელი კომპანიის ოფისი საქართველოში არ მდებარეობს, უცხოეთშია და კომუნიკაცია გვიჭირს.

„იანდექსი“ მილიარდიანი შემოსავლების მქონე კომპანიაა და ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი შრომითი პირობები. სანამ არ დათანხმდებიან ჩვენს პირობებს, მანამდე გაგრძელდება პროტესტი“ – ამბობს პროტესტში მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი ზურაბ ვასაძე.

ბათუმში ტაქსის მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ – აქცია

„დილით რომ გამოდიხარ შეშინებული ხარ, იმიტომ, რომ არ იცი როგორი იქნება სამუშაო დღე. შენ თავზე აღარ ფიქრობ, იმაზე ფიქრობ ოჯახში რა მიიტანო, წამალი იქნება ეს თუ საკვები. მერე იმის გეშინია, რომ პოლიციამ არ დაგაჯარიმოს.

გულზე რომ არ წაგივიდეს და წყალი იყიდო ან აფთიაქთან გააჩერო 2-3 წუთით, მაშინვე 100-ლარიანი ჯარიმა მოდის. მთელ მსოფლიოში, ყველგან შგიძლია გაჩერდე 5 წუთით, ავარიულს თუ ჩართავ და ამ ქალაქში ვერსად გაჩერდები ჯარიმის გარეშე.

დილის რვა საათზე რომ გამოხვიდე და მთელი დღე იმუშაო, შეიძლება 50 ლარიც არ დაგვრჩეს. ყველაზე დაბალი, 5 ლარიდან მაინც უნდა იწყებოდეს ტაქსის გამოძახება, რომ რაღაც მაინც დაგვრჩეს ჩვენც“ – ამბობს კიდვ ერთი ტაქსის მძღოლი.

ტაქსის მძღოლების პროტესტი ბათუმში

ტაქსის მძღოლების თქმით, ისეთ პირობებს ქმნის სახელწმიფო და დამსაქმებელი ამ ქვეყანაში, რომ ყველაფერი შესაძლოა მივიდეს სოციალურ აფეთქებამდე:

„გზა წესიერად არ არის გაკეთებული, ჯარიმა ჯარიმაზე, ასე მუშაობა ძალიან რთულია. სახელმწიფო უნდა იყოს ხალხისთვის და არა თავისთვის. თუ ასე გაგრძელდა მივა ყველაფერი სოციალურ აფეთქებამდე, არეულობამდე“.

ტაქსის მძღოლები მოითხოვენ ჯანმრთელობის დაზღვევასაც, რადგან მათი თქმით, დღეს არსებული შემოსავლები მათ არც ჯანდაცვაში ჰყოფნით და არც ოჯახების შენახვაში.

„თუ მთელი შემოსავალი წამალში დავხარჯე, რად გვინდა ასეთი სამუშაო“- ამბობენ ისინი.

ვიდეო:

Posted byლელა დუმბაძე01.05.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: მძღოლების აქცია, ტაქსი, შრომითი უფლებები

უკრაინული დრონები რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალს მეოთხედ დაესხნენ თავს

პირველ მაისს რუსეთში, ტუაფსეს საზღვაო ტერმინალში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად კვლავ ხანძარი გაჩნდა.

რუსული მხარის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო ხანძრის ჩასაქრობად ასზე მეტი ადამიანი და 41 სპეცტექნიკაა მობილიზებული.

ბოლო დღეებში ეს უკრაინის მეოთხე თავდასხმაა ტუაფსეს ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის ამ ქალაქში ნავთობტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა განთავსებული, უკრაინული დრონების სამიზნე სწორედ ეს ინფრასტრუქტურაა.

უკრაინულმა დრონებმა ტუაფსეში ნავთობის ობიექტებს შეუტიეს 16 და 20 აპრილსაც, 22 აპრილს კი ქალაქში წვიმის წვეთებში ნავთობის კვალი შენიშნეს.

რეგიონის გუბერნატორის თქმით, ტუაფსეში სერიოზული ეკოლოგიური საფრთხე არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ.

Posted byნანა კვაჭაძე01.05.202601.05.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

„სავარაუდოდ, გზა ჩაიწია“ – რატომ ჩაიკეტა ხაჯალია-სუფსის ავტობანი ცალმხრივად

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი ცალმხრივადაა ჩაკეტილი.

ავტოტრანსპორტი ხაჯალიიდან სუფსა-გრიგოლეთის მიმართულებით პარალელური, ასე ვთქვათ, ძველი გზით მოძრაობს. გრიგოლეთიდან ხაჯალიას მიმართულებით კი ავტობანზე ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება.

გზაზე შეზღუდვა 2026 წლის 23 აპრილს დაწესდა და გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე წლის 14 ივნისამდე გაგრძელდება.

„ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე, სავარაუდოდ, გზა ჩაიწია და ეს მონაკვეთი დემონტაჟს და ხელახლა აღდგენას ექვემდებარება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით კი „23 აპრილიდა ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება“. 

ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ერთი წლის შემდეგ გზა „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო“ ორი კვირით გადაიკეტა – „დეპარტამენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების მიზნით“.

გზის იგივე მონაკვეთი 2025 წლის ნოემბერშიც ჩაიკეტა რამდენიმე დღით – „მიმდინარე სამუშაოების გამო“.

ხაჯალია-სუფსის გზა სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ავტომაგისტრალის მეოთხე მონაკვეთის[ლოტის] შემადგენელი ნაწილია.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი მაქსიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მხოლოდ ორი მონაკვეთი იყო დასრულებული/გახსნილი:

  • ლოტი 1 – სამტრედია-ჯაპანა [დაუსრულებელია]
  • ლოტი 2 – ჯაპანა-ლანჩხუთი [გახსნილია]
  • ლოტი 3 – ლანჩხუთი-ხაჯალია [დაუსრულებელია, გაიხსნა ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი / დარჩენილია ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი]
  • ლოტი 4 – ხაჯალია-სუფსა [გახსნილია. სწორედ ეს მონაკვეთია ამჯერად ჩაკეტილი ცალმხრივად]

აღნიშნული გზის სამტრედია-ჯაპანის მშენებარე მონაკვეთზე [ლოტი 1] 2023 წლის თებერვალში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. მანამდე, 2 წლით ადრე კი, ამ მონაკვეთის დასასრულებლად ბიუჯეტიდან 72 მილიონი ლარის გამოყოფა გახდა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დონორების მიერ იყო დაფინანსებული.

ამ თემაზე:

ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

 

 

 

Posted byთედო ჯორბენაძე01.05.202601.05.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ავტობანი, სამტრედია-გრიგოლეთის გზა

ბათუმში „შაჰ ქათამს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ გამოავლინეს.

საწარმო აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს.

„სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი“ – წერს სააგენტო.

Posted byნანა კვაჭაძე01.05.202601.05.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: სურსათის ეროვნული სააგენტო

დღეიდან ჯარიმები იზრდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

დღეს, პირველ მაისს, საქართველოში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესების შესახებ.

შსს-ს ცნობით, გაიზარდა ჯარიმები ცალკეულ სამართალდარღვევებზე.

კერძოდ:

100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;

დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით.

განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;

500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 10 ლარით.

ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა.

ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

ახლებურად განისაზღვრა BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:

BUS LANE-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;

საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

შს სამინისტროს ცნობით, ცვლილებების მთავარ მიზანს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

Posted byნანა კვაჭაძე01.05.202601.05.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, შსს

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი მაისის 21 საათიდან 2 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 მაისს ღამით იწვიმებს, ხოლო დღისით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

Posted byნანა კვაჭაძე01.05.202601.05.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ამინდის პროგნოზი აჭარაში, ამინდის პროგნოზი ბათუმში

გდდ-ს ყოფილი უფროსი გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოდ-ის უფროსად დანიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე  დაინიშნა.

ახალი უფროსი პირად შემადგენლობას სუს-ის ასევე ახალდანიშნულმა უფროსმა გეკა გელაძემ წარუდგინა.

გეკა გელაძემ ამ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე შეცვალა, რომელსაც ახალი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეუქმნეს.

სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი იყო.

მან ამ თანამდებობაზე 2025 წლის ივნისში ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ ჩაანაცვლა.

რომან ქარცივაძე გეკა გელაძის კადრია. მან 2025 წლის ივნისში გდდ-ს უფროსის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც შსს-ს მინისტრად გეკა გელაძე დანიშნეს. ხოლო მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 21 აპრილს, გეკა გელაძე სუსში გადაიყვანეს, თან გაჰყვა მას.

“ქართულმა ოცნებამ” ძალოვან სამინისტროებში ცვლილებები მიმდინარე წლის 21 აპრილს დაანონსა.

კერძოდ, გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც მანამდე მამუკა მდინარაძე მუშაობდა. გეკა გელაძის ადგილას, შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის მთავრობიდან გადაიყვანეს სულხან თამაზაშვილი.

ხოლო მამუკა მდინარაძისათვის შექმნეს ახალი თანამდებობა, რომლის სახელწოდებაც ასე ჟღერს – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ არის, ის სახელმწიფო მინისტრი ხდება

Posted byმანანა ქველიაშვილი01.05.202601.05.2026Posted inმთავარი, სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 331 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 903 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 496 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 41 044 ერთეული [+100]
  • MLRS – 1 757 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 357 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 265 284 ერთეული [+1 924]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 579 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 93 009 ერთეული [+403]
  • სპეცტექნიკა – 4 150 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

კიევი: გამოვლენილია რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც ქართველებიც შედიოდნენ

დუდამ გაიხსენა, თუ როგორ აატირა ზელენსკიმ

ტრამპმა და პუტინმა უკრაინის და ირანის საკითხები განიხილეს

რუსეთში, ტუაფსეში კვლავ ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად

ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოება დაიწყება

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Posted byბათუმელები01.05.202602.06.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

დუდამ გაიხსენა, თუ როგორ აატირა ზელენსკიმ

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის 23 თებერვალს და მან კიევი რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.

ანდჟეი დუდა ამბობს, რომ მაშინ ცრემლებამდე შეძრა უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამბედაობამ, როდესაც მან უარი თქვა კიევის დატოვებაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეებში. დუდამ ამის შესახებ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.

„არასდროს დამავიწყდება, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა 23 თებერვალს, რუსეთის აგრესიამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც აქ, კიევში დავემშვიდობე – როცა მას ჩავეხუტე, იმდენად შეძრული ვიყავი, რომ თვალებზე ცრემლები მომადგა“, – იხსენებს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

დუდას თქმით, ზელენსკიმ მას უთხრა, რომ კიევში ოჯახთან ერთად რჩებოდა და „ბოლომდე“ ბრძოლას აპირებდა.

„არასდროს დამავიწყდება, რაც მითხრა. მან მითხრა: „ანდჟეი, თუ პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინას ისევე დაიპყრობს, როგორც 2014 წელს ყირიმი დაიპყრო, ბრძოლის გარეშე – როგორც დონეცკსა და ლუგანსკში, სადაც უბრალოდ შევიდა და ბევრი არ უწევდა წინააღმდეგობას – მაშინ ცდება“, – თქვა დუდამ.

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ზელენსკის მიმართ „უსაზღვრო პატივისცემა“ აქვს და მის გადაწყვეტილებას დედაქალაქში დარჩენის შესახებ, უკრაინის წარმატებული თავდაცვისთვის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს.

„[რუსებს] ვოლოდიმირ ზელენსკის დატყვევება სურდათ და ეს, სავარაუდოდ, მისი სიკვდილით დასრულდებოდა. ამიტომ, ეს მართლაც უზარმაზარი მსხვერპლი იყო, რის გაღებისთვისაც მაშინ ის მზად იყო“, – თქვა დუდამ.

როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN იტყობინება, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ეტაპზე, კიევის სწრაფი აღების საფრთხიდან გამომდინარე, უკრაინის მთავრობის ნაწილი ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში გადაიყვანეს. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განმარტებით, მაშინ არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა პროცესები, ამიტომ მთავრობის ნაწილის ზურგში ევაკუაცია, ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, სწორ ნაბიჯად ითვლებოდა.

კულებამ აღნიშნა, რომ ივანო-ფრანკოვსკშიც კი უსაფრთხოება ფარდობითი იყო: ყველა თანამდებობის პირი იმყოფებოდა ერთ შენობაში, რომლის განადგურებაც ერთი ან ორი რაკეტით შეიძლებოდა. მთავრობის ნაწილი კი კიევში დარჩა და შეხვედრები ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა. 

Posted byეთერ თურაძე30.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთ-უკრაინის ომი

კაცების საპენსიო ასაკის შემცირებაზე რა თქვა საკონსტიტუციომ – ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე ბუდუ შეყილაძის სარჩელი, რომელიც მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის დადგენის არსებული წესი დისკრიმინაციულია: კაცები პენსიაში 65-ე წლიდან გადიან, ქალები 60 წლის ასაკიდან.

ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 30 აპრილის, მიიღო მეორე კოლეგიამ, მოსამართლეებმა – მანანა კობახიძემ, გიორგი მოდებაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ის ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

ამ სარჩელში ხაზგასმული იყო სტატისტიკური მონაცემი – ქალთა რაოდენობა აღემატება კაცების რაოდენობას, როგორც დაბადების მაჩვენებლით, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობით.

„შესაბამისად, კაცებისთვის საპენსიო ასაკის 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა წარმოადგენს სქესის ნიშნით დიფერენცირებას, რომელსაც არ გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას,“ – ეწერა სარჩელში.

მოპასუხე მხარის განმარტებით კი, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია. მოპასუხის მითითებით, ქალებს ხშირად უწევთ არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება შინამეურნეობაში, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მათ კარიერაში ჩნდება წყვეტები, რაც ამცირებს საპენსიო დანაზოგს. ამასთან, ადრეული საპენსიო ასაკი განპირობებულია ქალებსა და კაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობით და იმ სტერეოტიპებით, რომლებიც ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებას აფერხებს. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულირება ქალებსა და კაცებს შორის სოციალურ რეალობაში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებას ემსახურება.

ნახეთ, რა გადაწყვიტა სასამართლომ ამ სარჩელზე:

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას ქალებსა და კაცებს შორის, ხოლო დიფერენცირების ნიშანს სქესი წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლების შესაბამისად, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ასრულებს არაანაზღაურებად ზრუნვით და საოჯახო შრომას. ბავშვების აღზრდა, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლა, აგრეთვე საოჯახო საქმეების ორგანიზება და შესრულება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ, ტრადიციულად ქალის მოვალეობად აღიქმება.

ამგვარი გენდერული განაწილება ქალთა შრომას საზოგადოებრივად აუცილებელ, თუმცა ეკონომიკურად უხილავ საქმიანობად აქცევს, რაც მათ შრომით ბაზარზე სრულფასოვან ინტეგრაციას ზღუდავს. შედეგად, ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, დაიკავონ სტაბილური და მაღალანაზღაურებადი პოზიციები ან ჰქონდეთ უწყვეტი პროფესიული კარიერა, რაც ხანდაზმულობისთვის რეგულარულ და საკმარის დანაზოგს უზრუნველყოფდა.

ამასთან, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ისევე, როგორც ბავშვის მოვლა, ხშირად იწვევს კარიერულ წყვეტას, დასაქმების ფორმის ცვლილებას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობას.

აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება ქალთა შემოსავლის მოცულობაზე, პროფესიულ წინსვლასა და შრომითი სტაჟის უწყვეტობაზე. შემცირებული და არასტაბილური შემოსავალი, აგრეთვე შრომითი აქტივობის პერიოდული შეწყვეტა, საბოლოოდ, განაპირობებს შედარებით მცირე დანაზოგს და ზრდის ხანდაზმულობისას ეკონომიკური დაუცველობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შეზღუდვის რისკს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ უმრავლეს სფეროში ქალსა და კაცს წარმატებული და შედეგიანი საქმიანობის ერთნაირი უნარები აქვთ. აღნიშნულის მიუხედავად, გლობალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქალთა საშუალო ანაზღაურება სისტემურად ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას.

აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომით გარემოში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც კაცს ლიდერულ, გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად პოზიციებთან აკავშირებს. ამასთან, ქალთა დასაქმების მაღალი კონცენტრაცია შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, კიდევ უფრო აძლიერებს სახელფასო უთანასწორობას.

შედეგად, ქალისა და კაცის შემოსავალს შორის სხვაობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის, არამედ სტრუქტურული და კულტურული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა.

Posted byჯაბა ანანიძე30.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: პენსია, საკონსტიტუციო სასამართლო

სანქცირებულ „იმედს“ კომკომში ისევ უჩივლეს

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედს“ კომუნიკაციის კომისიაში „საქართველოს მომავლის აკადემია“ კიდევ ერთხელ უჩივის.

„იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომავლის აკადემიამ 29 აპრილს მიმართა და მოითხოვა ტელეკომპანიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო.

„საჩივარი ეხება 20 აპრილს საინფორმაციო გადაცემა ქრონიკაში გაშვებულ სიუჟეტებს, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის ტრენინგების ჩატარებას ქართული ორგანიზაციებისთვის და ტელეკომპანია „იმედის“ ტყუილს, თითქოს მათში საქარველოს მომავლის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სინამდვილეში კი ჩვენი ორგანიზაციის არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა ჩართული სიუჟეტებში ნახსენებ ტრენინგებში.

ამავდროულად, ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლებს არ ჰქონიათ რაიმე სახის კომუნიკაციის მცდელობა საქართველოს მომავლის აკადემიის ხელმძღვანელობასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არც სატელეფონო ზარით და არც წერილობით.

ტელეკომპანიის წარმომადგენლები არც ჩვენს ოფისში გამოჩენილან. შესაბამისად სიუჟეტებში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ „თავს ვარიდებდით კითხვებს“, ან  „არ ვპასუხობდით სატელეფონო ზარებს“ არის ტყუილი,“ – ნათქვამია „საქართველოს მომავლის აკადემიის“ განცხადებაში.

საქართველოს მომავლის აკადემია განმარტავს, რომ მისი ხელმძღვანელობის მზადაა პირდაპირი ეთერის ფორმატში უპასუხოს ტელეკომპანია „იმედის“ ნებისმიერ შეკითხვას ნებისმიერ დროს.

„საქართველოს მომავლის აკადემია აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს  ქართული ოცნების რეჟიმის მიერ კონტროლირებული პროპაგანდისტული სანქცირებული ტელევიზიების მიზანმიმართული ცილისმწამებლური ბრალდებები და გეგმავს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა ქართული ოცნების ავტორიტარული მისწრაფებების საპირწონედ საქართველოში შენარჩუნდეს თავისუფლების კერები და ახალგაზრდებს მიეცეთ ევროპული სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა,“ – ნათქვამია „საქართველოს მომავლის აკადემიის“ განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „საქართველოს მომავლის აკადემია“ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხ „იმედს“ უჩივის და ეთერში გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას მოითხოვს.

2025 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ოთხი საჩივარი შეიტანა. გასაჩივრებული სიუჟეტები ეხებოდა რუსული პროპაგანდის სტილში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მთავარი მიზანიც ევროპელი პარტნიორებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაშავებით საზოგადოებაში ანტიევროპული და პრორუსული განწყობების გაღვივება იყო.

კომუნიკაციების კომისიამ მომავლის აკადემიის არც ერთ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ოთხივე შემთხვევაში ტელეკომპანია „იმედი“ გაამართლა.

„კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებებით არა მხოლოდ არ უზრუნველყო მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ხელი შეუწყო სანქცირებული ტელეკომპანია იმედის მიერ რუსული სტილის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას, რომლებიც ახლა უკვე საერთაშორისო დონეზეც შეფასდა როგორც რუსეთის გავლენის ოპერაციის ნაწილი,“ – ასე შეაფასა კომკომის გადაწყვეტილება „მომავლის აკადემიამ“.

Posted byმანანა ქველიაშვილი30.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეები

„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია

პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ტაქსის მძღოლები მათი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მსვლელობას გეგმავენ.

„მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ტაქსის მძღოლები პროტესტის ნიშნად დილის 09:00 საათიდან აპლიკაციას გათიშავენ, ხოლო შემდგომ მსვლელობას მოაწყობენ საქართველოს დიდ ქალაქებში.

მსვლელობა დაიწყება 15:00 საათიდან.

ამავე დროს, 12:00 საათზე თბილისში შეიკრიბებიან კურიერებიც, მძიმე შრომითი და სოციალური მდგომარეობის გასაპროტესტებლად და შეუერთდებიან ტაქსის მძღოლებს.

ამავე დღეს, პირველ მაისს, „გურია ექსპრესში“ გაიფიცებიან დასაქმებულები. დაგეგმილია დამოუკიდებელი და თავისუფალი პროფესიული კავშირების კონფედერაციის დაფუძნება.

პირველი მაისი შრომის საერთაშორისო დღეა და ამ დღეს მთელ მსოფლიოში დასაქმებულები გამოდიან საკუთარ ქალაქებში და ღირსეული შრომის უფლებას ითხოვენ. პირველი მაისის მნიშვნელობა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ დაამახინჯა, შემდგომმა საქართველოს ხელისუფლებებმა საერთოდ გააუფასურეს. ყვითელმა პროფკავშირებმა, პროფკავშირებს დაუკარგეს არსი, მნიშვნელობა და ნდობა.

სწორედ ამიტომ, დროა დამოუკიდებელი, ძლიერი მშრომელთა გაერთიანებები შეიქმნას, რომ დავიწყოთ ბრძოლა იმ სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ამ ქვეყანაში დროთა განმავლობაში უფრო მეტად მწვავდება.

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რესურსი და უნარები, რომ პირველ მაისს და მშრომელთა მოძრაობებს დავუბრუნოთ თავისი მნიშვნელობა“- ნათქვამია დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ლაბორის“ განცხადებაში.

ბათუმში კერძო კომპანიაში დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა უკვე სამჯერ გამართეს საპროტესტო აქცია. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას და ასევე ტარიფების გაზრდას მოითხოვდნენ.

თუმცა, როგორც მძღოლები აცხადებდნენ, ამ დრომდე დამსაქმებლების მხრიდან არ ყოფილა შესაბამისი რეაგირება მათ მოთხოვნებზე, ამიტომ, მათივე თქმით, ისინი გააგრძელებენ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას.

______________________

მთავარ ფოტოზე: ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა ბათუმში, 2026 წლის აპრილი.

Posted byლელა დუმბაძე30.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: პროტესტი, ტაქსი, შრომითი უფლებები

ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდმა ვარშავაში საინვესტიციო ღონისძიება გამართა

ამბასადორი აილენდ ბათუმისა და Exclusive Poland-ის თანაპარტნიორობით, ვარშავაში, ექსკლუზიური საინვესტიციო ღონისძიება გაიმართა, რომელიც პროექტის საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენას მიეძღვნა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ამბასადორის კუნძულის კონცეფცია, განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო მოდელი, რომელიც პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ქვეყნისა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის.

„ჩვენ გვსურდა, ინვესტორებისთვის დეტალურად გაგვეცნო ის ეკონომიკური ფუნდამენტი, რაც საქართველოს დღეს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე გამოარჩევს. ამბასადორი აილენდი სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს, სადაც ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტები, ბაზრის გამჭვირვალობა და შავი ზღვის რეგიონის მზარდი შესაძლებლობები ერთიანდება. ვარშავაში გამართულმა დიალოგმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო ინვესტორები ეძებენ სწორედ ასეთ სტაბილურ და მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომელთაც გრძელვადიანი ღირებულების შექმნა შეუძლიათ.” – განაცხადა მარიუშ გაჯევსკიმ Exclusive Poland-ის მმართველმა პარტნიორმა.

ღონისძიების ფარგლებში ინვესტორები გაეცნენ ინფორმაციას ამბასადორის კუნძულის მიმდინარე პროგრესის შესახებ და წარედგინათ დეტალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: პროექტის გენერალური გეგმა და დივერსიფიცირებული საინვესტიციო მოდელები, რომლებიც მორგებულია ქართული ბაზრის მზარდ მოთხოვნებზე.

Posted byრეკლამა30.04.202630.04.2026Posted inრეკლამა, სიახლეებიTags: ამბასადორი ბათუმი აილენდი

AI-გენერირებული ტროლები დიუშენის მედიკამენტის წინააღმდეგ – მითების დეტექტორის კვლევა

მითების დეტექტორი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელში, დიუშენის სამკურნალო მედიკამენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიღმა AI გენერირებული ტროლები დგანან.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით (DMD) დაავადებული ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ თბილისში და სახელმწიფოს სთხოვენ დააფინანსოს დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა.

ბოლო 10 დღეა სახელმწიფო კანცელარიის წინ მშობლები ღამეს ათევენ და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

პროცესის პარალელურად, სოციალურ ქსელში გამოიკვეთა დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

მითების დეტექტორის კვლევით, ამ კამპანიაში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიების და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, ყალბი ანგარიშებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

„სოციალურ ქსელში  საეჭვო, კოორდინირებული აქტივობა უკავშირდება რუსთავი 2-ის მიერ 2026 წლის 20 და 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის თემაზე. აღნიშნული პოსტები მოიცავს როგორც სამეცნიერო კვლევის აღწერას (ვირთაგვაზე შექმნილი მოდელი და ექსპერიმენტული მედიკამენტის ტესტირება), ისე კახა კალაძის განცხადებას, სადაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას.

ამ პოსტების  ანალიზი მიუთითებს, რომ არაავთენტური ანგარიშები კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მიმართ მხარდაჭერის გაზრდას პოსტის მოწონებების (ლაიქების) და კოორდინირებული არაავთენტური ქმედების (CIB) გზით ცდილობენ.

კვლევის ფარგლებში, გამოვლინდა 75 ყალბი ანგარიში, რომლებიც მათი ქცევის მიხედვით, 2 კატეგორიად შეგვიძლია დავაჯგუფოთ:

1.არაავთენტური ანგარიშები, რომლებიც ფეისბუკ-გვერდებთან „აი, პოლიტიკა“ და „არ აგარევინებთ“ არიან დაკავშირებული და მეტწილად პოსტებზე რეაქციების გამოხატვით შემოიფარგლებიან. აღნიშნული გვერდები, თავის მხრივ, ხელისუფლების მხარდამჭერ, „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერს ვატო შაქარაშვილს და გია გაჩეჩილაძის მოძრაობას „არ აგარევინებთ“ უკავშირდება.

ეს ანგარიშები წარსულში ასევე გამოიყენებოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ BBC-ის კრიტიკული გამოძიების წინააღმდეგ სამთავრობო მედიების (რუსთავი 2-ის და ტვ იმედის) ზოგიერთ პოსტზე მოწონებების გზით ჩართულობის გასაზრდელად,“ – ნათქვამია მითების დეტექტორის კვლევაში.

2.„მითების დეტექტორის” მიერ ადრე გამოვლენილი ანგარიშები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩართული იყვნენ პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიებში,“ – წერს მითების დეტექტორი.

„მითების დეტექტორის“ განმარტებით, მათ მიერ გამოვლენილი ყალბი ანგარიშები შემდეგი ნიშნებით ხასიათდებიან:

„75 ყალბი ანგარიშიდან 47 ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ იდენტურ ფოტოს მცირედი მოდიფიცირებით იყენებს, 28 ანგარიში კი სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ფოტოებს იყენებს;

ამ 28 ანგარიშიდან 17 „მითების დეტექტორის“ მიერ წარსულში გამოვლენილ დისკრედიტაციის კამპანიებშიც იყო ჩართული;

75 ანგარიშიდან 47-ს პროფილის ფოტო 2026 წლის აპრილში აქვს ატვირთული, 26-ს კი  2025 წელს, რაც ანგარიშის შექმნის თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული;

75 ანგარიშიდან 70-ს სამუშაო ადგილად საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანია აქვს მითითებული.

რაც შეეხება ფეისბუქზე ამ ანგარიშების ქცევას: ყალბი ანგარიშები აქტიურად იწონებენ რუსთავი 2-ის მიერ 20 და 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის შესახებ. პოსტები ეხება როგორც მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, ისე კახა კალაძის განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას“.

„მითების დეტექტორი“ ცალკე გამოჰყოფს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ანგარიშებს და წერს, რომ რუსთავი 2-ის პოსტებზე ხელოვნურად შექმნილი ჩართულობა აჩენს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასთან, რომლის ძირითადი მიზანი ონლაინ აქტივობის ხელოვნურად გაზრდაა.

„იმ ანგარიშების პროფილების ფოტოები, რომლებიც ამ პოსტებს „იწონებენ“, არა რეალური ადამიანები, არამედ, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროფილებია.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სურათები რეალისტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათში შეინიშნება განმეორებადი ვიზუალური ნიშნები.

სავარაუდოდ, თავდაპირველად შერჩეულია რამდენიმე ძირითადი ფოტო და შემდეგ ამ ფოტოების სხვადასხვა ვარიაციით მიღებულია მრავალი განსხვავებული გამოსახულება. ცვლილებები მოიცავს სახის გამომეტყველების მინიმალურად კორექტირებას (მაგალითად, ღიმილის დამატებას), აქსესუარების (საყურე, სათვალე) დამატება/მოშორებას, თმის ვარცხნილობისა და განათების ცვლილებას. შედეგად ვიზუალურად განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან აშკარად დაკავშირებული სურათების სერია არის შექმნილი. აღნიშნული ფოტოები ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს – HIVE-ის გამოყენებითაც გადამოწმდა, რომელმაც დაადასტურა, რომ გამოსახულებები ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული,“- ნათქვამია კვლევაში.

Posted byმანანა ქველიაშვილი30.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ტროლები

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო დახურეს

ქობულეთში ფრინველების არალეგალური სასაკლაო აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს დღეს, 30 აპრილს.

„ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Posted byჯაბა ანანიძე30.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: სურსათის ეროვნული სააგენტო, ფრინველები

ბათუმში გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყო

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ცენტრალური გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის სალიკვიდაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა და მიმდინარეობს ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის პროცესი.

გუშინ, 29 აპრილს, დილის ექვსი საათიდან, გაზსადენზე დაზიანების გამო, გაზი არ მიეწოდებოდა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. დღეს. 30 აპრილს, ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება რიგ ქუჩებზე დაიწყო.

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყო და სრულად აღდგება 2 მაისის 20:00 საათამდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

Posted byნანა კვაჭაძე30.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: გაზი, სოკარი

რა იცვლება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაში – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართლებრივი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში – ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც ქმნის იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხეს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ მიიღეს.

მოქმედი კანონმდებლობით: თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას.

ამასთან, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22​1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი.

მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს.

სახალხო დამცველი ამ სარჩელში წერდა ერთ კონკრეტულ ისტორიაზე, სადაც მოქალაქე ძარცვაში იყო ბრალდებული. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს განმცხადებელი დაავადებული იყო პარანოიდული შიზოფრენიით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.

„იძულებითი მკურნალობის ვადის განსაზღვრისას, სასამართლომ ყურადღება მიაქცია ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც, დასკვნის მიხედვით, წარმოადგენდა სოციალურ საშიშროებას და სტაციონარში მოთავსებისთვის განსაზღვრა 2 წლიანი ვადა…

ამრიგად, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, შეურაცხადობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება. შესაბამისად, სასამართლო არ ადგენს, პირის ბრალეულობის საკითხს. მეტიც, იძულებითი მკურნალობის მომწესრიგებელი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება, არ წარმოადგენს მისთვის იძულებითი სტაციონარული დახმარების დანიშვნის თვითკმარ საფუძველს. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროება ეფუძნება მომავალი საფრთხეების შეფასებასა და პრევენციას და არ არის საკმარისი მხოლოდ წარსულში, სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების არსებობა.

მართალია, სსსკ-ის 191-ე მუხლის 21 ნაწილი ითვალისწინებს მოსამართლის ვალდებულებას, განჩინებაში მიუთითოს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ამგვარი დათქმა არ წარმოადგენს პაციენტის უფლებებისა და მისი სტაციონარში ყოფნის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან დაცვის ისეთივე ეფექტურ საშუალებას, როგორსაც არანებაყოფლობითი მკურნალობის პირობები ითვალისწინებენ,“ – წერდა სარჩელში სახალხო დამცველი.

მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ პირი დაწესებულებაში შესაძლებელია დარჩეს მაშინაც, როდესაც იგი აღარ საჭიროებს მკურნალობას. აღნიშნული იწვევს ადამიანის ღირსების ხელყოფას და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებთან შედარებით ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

პარლამენტის მტკიცებით კი, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცედურა იძლევა ინდივიდუალური შეფასების, მკურნალობის საჭიროების დროულად გადახედვისა და შეწყვეტის შესაძლებლობას, რის გამოც იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის ღირსების ხელმყოფ ინსტიტუტად. იმავდროულად, იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირები, მათგან მომდინარე მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ არანებაყოფლობით მკურნალობას დაქვემდებარებული პირების არსებითად თანასწორ პირებად.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ბუნების, მისი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ინტენსივობის და სახელმწიფოს ინსტიტუციური კონტროლის გათვალისწინებით, აღნიშნული მკურნალობის ხანგრძლივობამ, პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის დაცვისთვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, შეიძლება მიაღწიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ ეფუძნება პირის ფსიქიკური მდგომარეობის რეალურ საჭიროებას და მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის გაგრძელების ობიექტური აუცილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პროცედურული გარანტიების არსებობაზე, რომელთა ერთობლიობამაც, რეალურად, უნდა უზრუნველყოს იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების პრევენცია.

სასამართლომ, ამგვარ აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებად მიიჩნია, სასამართლო კონტროლის არსებობის ვალდებულება.

სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.

ამ პერიოდამდე პარლამენტმა ამ კუთხით არსებული კანონმდებლობა უნდა შეცვალოს.

Posted byჯაბა ანანიძე30.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: საკონსტიტუციო სასამართლო, სამართალი

სარფისა და ბათუმის პორტის საბაჟოებზე იარაღის შემოტანის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, 2 კი მხილებულია.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე პირი ბათუმის პორტისა და სარფის საბაჟოს ტერიტორიაზე დააკავეს ქვეყანაში საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ბრალდებით.

„პოლიციამ ბრალდებულები „ბათუმის პორტისა“ და საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე დააკავა. მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერებისას კი ამოღებულია 2 ხელყუმბარა, 2 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 150-მდე ვაზნა“ – წერს სამინისტრო.

ამავე დროს, შსს-ს ცნობით, პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Posted byნანა კვაჭაძე30.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: შსს

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მაისის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აპრილის 21 საათიდან პირველი მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 2 მაისს მოსალოდნელია წვიმა, 3-4 მაისს – ღამით წვიმა, ხოლო დღისით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

Posted byნანა კვაჭაძე30.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ამინდის პროგნოზი აჭარაში, ამინდის პროგნოზი ბათუმში

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 330 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 901 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 24 493 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 40 944 ერთეული [+119]
  • MLRS – 1 756 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 356 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 263 360 ერთეული [+1 327]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 579 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 92 606 ერთეული [+375]
  • სპეცტექნიკა – 4 148 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ტრამპმა და პუტინმა უკრაინის და ირანის საკითხები განიხილეს

რუსეთში, ტუაფსეში კვლავ ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად

ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოება დაიწყება

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Posted byბათუმელები30.04.202602.06.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

„სად ნახა კობახიძემ 10 ლარად ხორცი? ბაზარში არ დადის?“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

28 აპრილს ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველთან“ თქვა, რომ ნახევარი კილოგრამი რბილი ხორცი 10 ლარი ღირს. რას ფიქრობს ხალხი ამაზე ბათუმში? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

YouTube video player

Posted byჯაბა ანანიძე29.04.202629.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ბათუმელების გამოკითხვა

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ხანძარია

დღეს, 29 აპრილს, საღამოს, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა.

„ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ შენობიდან მოსახლეობა უკვე გამოიყვანეს.

ამ დრომდე [21:08] დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

არსებული ინფორმაციით, დაიწვა ერთი ბინა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ინფორმაცია განახლდება.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან:

Posted byნანა კვაჭაძე29.04.202629.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ხანძარი

რა იცვლება შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში

„ქართული ოცნება“ ცვლის კანონს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“.

კერძოდ, შვილად აყვანის მსურველ პირებს, თავიანთი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად, სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია აღარ მოუწევთ. ისინი თავად შეაგროვებენ დოკუმენტაციას, წარადგენენ ჯანდაცვის სამინისტროში და შემდეგ პროცედურებს მიჰყვებიან.

ამჟამად მშვილებელთა რეესტრში რეგისტრირებულია 1571 მშვილებელი პირი/ოჯახი.

  •  რა იცვლება

არსებული კანონით შვილად აყვანის მსურველი პირები ვალდებულნი იყვნენ გაევლოთ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სოციალურ აგენტს უნდა შეევსო მათი ანკეტა, შეეფასებინა მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შედეგად ოჯახებს მიეღოთ სარეიტინგო ქულა და შემდეგ ამ ქულების ამონაწერი წარედგინათ ჯანდაცვის სამინისტროში.

საკანონმდებლო ცვლილებით, შვილად აყვანის წესს ბრძანებით განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

აუცილებელი ხდება შვილად აყვანის მსურველმა პირმა შეაგროვოს თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია. კერძოდ, პირის/ოჯახის შემოსავლების, ქონებრივი მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, მათ შორის, საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტაცია.

ამის შემდეგ პროცესი რამდენიმე ეტაპიანია.

პროცესის პირველ ეტაპზე შვილად აყვანის მსურველი პირი უნდა დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში.

მეორე ეტაპზე – შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადებისას, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელსაც პირი სამინისტროში წარადგენს, შესაძლებელი იქნება, დადგინდეს მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა.

საკანონმდებლო ცვლილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზანს ემსახურება.

მშვილებლად რეგისტრირებული პირი, ვალდებული იქნება გაიაროს შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და მისი გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი სააგენტოს წარუდგინოს გასაშვილებელი ბავშვის მისთვის შეთავაზებიდან შვილად აყვანის შესახებ დასკვნის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის წარდგენამდე.

კანონპროექტის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა.

სამინისტრო განმარტავს ცვლილებების მიზეზს.

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული მიდგომა, რომელიც ადგენს ვალდებულებას, შვილად აყვანის მსურველი პირის მყარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად გამოყენებულ იქნეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა, შეუსაბამობაშია როგორც საკუთრივ აღნიშნული ბაზის ფორმირების მიზნებთან, ისე – შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის რეალურ საჭიროებებთან.

კანონში ცვლილებების განხორციელების მიზანია, ერთი მხრივ, შემოიღოს გაუმჯობესებული მექანიზმები, რომლებიც რეალურად ასახავს ბავშვის შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის მსურველი პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მატერიალური კეთილდღეობის დონეს და ხელს შეუწყობს შვილად აყვანის/მინდობის აღზრდის ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის გაჯანსაღებას და რეალურ მიზნებთან მის დაახლოებას განაპირობებს,“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა.

Posted byმანანა ქველიაშვილი29.04.2026Posted inმთავარი, სიახლეები

განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შესაკერად 44 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს

განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ 44 900 000 ლარზე გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. აღნიშნული თანხის დახარჯვას საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შეკერვაზე აპირებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების უნდა შეიკეროს 1 801 000 ერთეული ფორმა. შესყიდვის ღირებულება 44 900 000 ლარით განისაზღვრა.

შესყიდვის მასალების მიხედვით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის მიწოდების ვადა ორ ეტაპად არის განსაზღვრული.

პირველ ეტაპზე, საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდების ვადა არაუგვიანეს 31 ივლისისა განისაზღვრა, მეორე ეტაპი კი – არაუგვიანეს 20 აგვისტოს ჩათვლით.

გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

„ოცნების“ მთავრობის განკარგულების პროექტში კი ვკითხულობთ: „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ მიეცეს უფლება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს სასკოლო ფორმების სახელმწიფო შესყიდვა“.

______________________

ამ თემაზე:

სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია – სამინისტრო ბაზრის კვლევას ატარებს

Posted byლელა დუმბაძე29.04.202629.04.2026Posted inგანათლება, მთავარი, სიახლეებიTags: სახელმწიფო შესყიდვა, სკოლა

„მინიმუმ სამი შვილი უნდა გააჩინონ წყვილებმა, რომ შობადობის მატება იყოს ქვეყანაში“ – დემოგრაფი

„შვილის ყოლა საქართველოში კვლავ რჩება საკმაოდ ძლიერ ღირებულებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ [წყვილი] გააჩენს ორ ან სამ ბავშვს“, – ამბობს ლელა მენაბდიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი.

რა განაპირობებს საქართველოში შობადობის კრიტიკულად შემცირებას და აქვს თუ არა სახელმწიფოს ოჯახების გაძლიერების პოლიტიკა? – ამ თემაზე ესაუბრა ლელა მენაბდიშვილს „ბათუმელები“.

ლელა მენაბდიშვილი
  • ქალბატონო ლელა, თქვენი, როგორც სპეციალისტის დაკვირვებით, რა არის საქართველოში შობადობის შემცირების მიზეზი?

შობადობის მაჩვენებელს ყველაზე კარგად ასახავს ერთ ქალზე გაჩენილი ბავშვების რაოდენობა. ანუ, წყვილმა უნდა გააჩინოს მინიმუმ სამი შვილი, რომ შობადობის მატება იყოს ქვეყანაში.

ორი ბავშვი ნიშნავს, რომ მომდევნო თაობა ანაცვლებს წინას. მესამე უკვე არის მატება. როცა ორი ბავშვია, აქ მოსახლეობის აღწარმოება არ ხდება. ჩვენთან სამი შვილი არ არის, ძირითადად არის ორი შვილი.

21-ე საუკუნე ავიღოთ, ამ საუკუნეში პირველი ჩავარდნა გვქონდა 2000-2007 წლებში, როცა ბუნებრივად, შობადობის გზით მოსახლეობა არ იზრდებოდა.

შემდეგი ეტაპი იყო პატრიარქის ინიციატივა, როცა თქვა, რომ მონათლავდა ყოველ მესამე და მომდევნო შვილს და სხვათა შორის, გაამართლა ამ ინიციატივამ – მომდევნო წლებში ქვეყანაში გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი.

  • გამოდის, მოტივაციისთვის მხოლოდ ეს ინიციატივა ვერ იქნებოდა საკმარისი, რადგან შემდეგ წლებში ხომ ისევ დაიწყო კლება?

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ პირველი და მეორე ბავშვის რაოდენობა სულ მცირდებოდა. ბუნებრივი კლება ნიშნავს იმას, რომ დაბადებულები უფრო ცოტანი არიან, ვიდრე გარდაცვლილები. ანუ ფაქტობრივად, მოსახლეობა არ იმატებს შობადობის გზით.

მიზეზი ძალიან ბევრია. ყველაზე მეტი კვლევა ამბობს იმას, რომ ბავშვების გაჩენა ადამიანებს ხელს უშლის სამსახურებრივ საქმიანობაში, კარიერულ წინსვლაში. დააკვირდით იმასაც, რომ ქორწინების ასაკმა ძალიან გადაიწია. თუ წინა წლებში ქალის სექსუალური ცხოვრება იწყებოდა ქორწინებით, ახლა ეს სტიგმა მოიხსნა და ქალს შეუძლია ჰქონდეს სქესობრივი ცხოვრება ქორწინების გარეშეც, ისევე როგორც კაცს და ეს აღარ აჩქარებს ქალს.

ქალი ფიქრობს, რომ მოდი, გადავავადებ შვილის გაჩენას, ჯერ ავიწყობ კარიერას, მატერიალურად უზრუნველყოფილი გავხდები და ინდივიდუალურმა ღირებულებებმა წამოიწია წინ.

  • ეს იმიტომ, რომ რეალურად, ქალი დაუცველია ამ ქვეყანაში და ბუნებრივია, რომ ცდილობს გაძლიერდეს ეკონომიკურად.

დიახ, რა თქმა უნდა, ამანაც იქონია გავლენა. ქალი გახდა უფრო თავისუფალი, დაიწყო განათლების მიღება, წავიდა ევროპაში, ამერიკაში და ცდილობს აიწყოს კარიერა. როცა ქვეყანას გაუჭირდა, მაშინაც ხომ ქალი გავიდა ყველაზე მეტი ქვეყნიდან. ქალი აღარ არის დამოკიდებული კაცზე.

მეორე არის ის, რომ მრავალშვილიანობამ, როგორც ღირებულებამ დაკარგა მნიშვნელობა. შვილის ყოლა კვლავ რჩება საკმაოდ ძლიერ ღირებულებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გააჩენს ორ ან სამ ბავშვს.

სხვათა შორის, აქამდე ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ სასურველი ბავშვების რაოდენობა იყო სამი. წელს ჩავატარე კვლევა, 100 დასაქმებული ქალი გამოვკითხე და ყველას ჰყავს ერთი ან ორი შვილი და მესამეს გაჩენას აღარ აპირებს.

  • თავად რას ასახელებდნენ მიზეზად?

ბავშვების აღზრდის სირთულეს.

  • ეკონომიკური ფაქტორიც ხომ ახდენს ამაზე გავლენას. ძალიან  ძვირია ბავშვის კვება, ჰიგიენა, ძვირია ჯანდაცვა…

რაც უფრო მეტი აქვს შემოსავალი მშობელს, მით უფრო მეტს ხარჯავს შვილის გაზრდაზე.

2022 წელს გამოვკითხე ერთი ადამიანი, რომელიც კერძო კომპანიაში ფინანსურ დირექტორად იყო დასაქმებული და 10 000 ლარი ჰქონდა ხელფასი, მაგრამ მითხრა, რომ არ ჰყოფნიდა. იმიტომ, რომ ორი შვილი მყავს, ცოლი არ მუშაობს და მარტო მე ვარ შემომტანიო. ენგელის კანონია ეკონომიკაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რაც უფრო მეტია შემოსავალი, მოთხოვნილებაც მეტია.

  • მსგავსი ხელფასი საქართველოში თანამდებობის პირებს და ერთეულებს აქვთ, მოსახლეობის უმრავლესობა დაბალშემოსავლიანია, სადღაც 700-800 ლარზეც კი მუშაობენ ადამიანები. ეს რამდენად საკმარისია შვილის გასაზრდელად? 

ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში სიღარიბე არ არის და გამოკითხულთა უმრავლესობა მიწერს კიდეც, რომ უჭირთ და ფინანსური პრობლემები აქვთ.

გამოკითხვებში მიწერენ, რომ ბინის პრობლემები აქვთ, რომ მუშაობენ და თავისუფალი დრო არ აქვთ. ყველაზე საშინელება ის არის, რომ შემოდგომაზე გამოვკითხე დასაქმებული ქალები და ვკითხე, რამდენ დროს ატარებდნენ საკუთარ შვილებთან. მითხრეს, რომ 3-4 საათს. თუ არ იმუშავებენ, შვილებს ვერ უზრუნველყოფენ. აქ დგას საბავშვო ბაღის პრობლემაც. სახელმწიფო ბაგა-ბაღები არ არსებობს ბავშვი რომ მიიყვანო, კერძო ბაღი ძალიან ძვირია.

ხომ შეიძლება დეკრეტული შვებულება და ანაზღაურება გაიზარდოს? ძალიან რთული სიტუაციაა კერძო კომპანიაში დასაქმებულებისთვის, რადგან დეკრეტულ შვებულებაში გასულ ქალს ადგილს აღარ უნახავენ. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, რომ კერძო და საჯარო უწყებებში თანაბარი პირობებით სარგებლობდნენ დასაქმებულები, რადგან ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, როცა ბუნებრივი მატების ნაცვლად 25 წელიწადში კლება გვაქვს და 1,7-ია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. ფაქტობრივად, აღწარმოება და მშობლების ჩანაცვლებაც კი არ ხდება ამ მაჩვენებლით.

  • სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში 767 185 ქალი და კაცი ცხოვრობს 20-იდან 35 წლის ასაკის. თუმცა, შობადობის მაჩვენებელი გასულ წელს მაინც დაბალი იყო – სადღაც 37 000. რაზეც ვისაუბრეთ, ეს პრობლემები განაპირობებს შობადობის შემცირებას თუ კიდევ სხვა მიზეზიც არსებობს?

ქორწინება საკმაოდ დაბალია იგივე ეკონომიკური პირობების გამო. კაცებს არ შეუძლიათ ოჯახის შექმნა, რადგან არ აქვთ საკმარისი შემოსავალი. გაიხედეთ ქუჩაში, სავსეა ბირჟები კაცებით.

ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს რეგიონებში, ფაქტობრივად დაცარიელებულია. რეგიონის მოსახლეობის თითქმის 35%-ი თბილისში ცხოვრობს. სამი ქალაქი დარჩა – თბილისი, ბათუმი და ქუთაისი, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს. რეგიონში დარჩნენ მხოლოდ მოხუცები და ვინ შეცვლის მათ? ახალი თაობა აღარ არის. ასობით სკოლაა სოფლებში, რომლებსაც წლებია პირველკლასელი არ მიუღიათ.

  • 2024 წელს 121 425 საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, 2025-ში 114 374. ალბათ ესეც ახდენს გავლენას შობადობის შემცირებაზე, თქვენ როგორ ფიქრობთ?

ძალიან დიდია ემიგრაციის მაჩვენებელიც. მიდის ხალხი – აქ ვერ ხედავს კეთილდღეობას პერსპექტივაში და იძულებულია წავიდეს. დაბრუნებითაც არავინ ბრუნდება.

2023 წელს, გამოკვლევა რომ ჩავატარეთ დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა რეგიონებში, 2 000 კაცი გამოვკითხეთ თითქმის ყველა რეგიონში და აღმოჩნდა, რომ ამ ოჯახების მეოთხედი იყო წასული ემიგრაციაში. დაბრუნდებიან თუ არა, თუნდაც უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, არც ამაზე აქვთ პასუხი.

  • სამაგიეროდ, 2025 წელს საქართველოში 131 501 უცხოელი შემოვიდა. ეს რა გავლენას მოახდენს დემოგრაფიულ სურათზე, თქვენი აზრით?

ბოლო აღწერის მასალები რომ გამოაქვეყნეს თქვეს, რომ საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა და სადღაც 3 მლნ 900 000-მდეა. ეს მატება, ფაქტობრივად, მოხდა უცხოელების ხარჯზე. რუსეთიდან ბევრია ჩამოსული, უკრაინიდანაც არიან შემოსული ომის გამო და სხვა ქვეყნებიდანაც. ბუნებრივია, ეს ადამიანებიც მოხვდნენ ამ აღწერაში. უცხოელების ხარჯზე მოსახლეობის გაზრდა გვინდა?

  • როგორ ფიქრობთ, ის 37 ათასი ბავშვი, რომელიც წინა წელს დაიბადა, საქართველოს მოქალაქეების შვილები არიან თუ შესაძლოა აქ უცხოელებიც მოიაზრებოდნენ. სადმე არსებობს დიფერენცირებული სტატისტიკა?

სამწუხაროდ, არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რადგან ეროვნების ჩაწერა არცერთ დოკუმენტში აღარ ხდება. შესაბამისად, ვერ გავიგებთ დაბადებული ბავშვებიდან რამდენია ვთქვათ ეთნიკურად ქართველი.

ზოგადად, თუ საქართველოში შობადობის ასეთი ტენდენციები გაგრძელდა, ეს იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის. აბსოლუტურად ყველა რეგიონში არის ბუნებრივი კლება და როგორმე უნდა დაეხმაროს სახელმწიფო რეგიონებს, რომ არ მოხდეს ახალგაზრდების გადინება.

  • გახსოვთ ალბათ ივანიშვილის განცხადება, როცა თქვა, რომ ხელისუფლება აქ ვერ შექმნიდან სამუშაო ადგილებს და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დასაქმდნენ უცხოეთში. ბოლო წლებში უამრავი რეპრესიული კანონი მიიღეს, აკრძალეს გრანტების მიღება, რაც ეხმარებოდა საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში, მცირე ბიზნესის წარმოებაში და ოჯახების შენახვაშიც. ამავდროულად, საუბრობენ იმაზე, რომ შობადობა უნდა გაიზარდოს. თქვენ თუ ხედავთ რეალურ ნაბიჯს, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქის სასარგებლოდ დგამს?

ამ წუთში რეალურ ნაბიჯებს ვერაფერს ვერ ვხედავ, რომ გითხრათ სიმართლე. „უნდა გავმრავლდეთ“ ძახილით ეს პრობლემა არ მოგვარდება, რადგან პრობლემა კომპლექსურია.

სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომელიც გაითვალისწინებს ახალგაზრდა ოჯახების ინტერესებს. ახალგაზრდა ოჯახები ითხოვენ, რომ ჰქონდეთ ბინის შეძენის შესაძლებლობა, აღარ უნდათ დედ-მამასთან ცხოვრება და სწორია, რომ უნდათ დამოუკიდებელი ცხოვრება. ამიტომ, უნდა დავწიოთ სესხების პროცენტი და წავახალისოთ ახალგაზრდა ოჯახები, რომ შეძლონ ორი და მეტი ბავშვის გაჩენა.

წავახალისოთ მუნიციპალიტეტებში დარჩენილი ახალგაზრდობა, ხელი შევუწყოთ მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაღაც ისეთი უნდა გააკეთონ სოფლებში, რომ ოჯახები დაინტერესდნენ იქ ცხოვრებით. სამშობლოს სიყვარულიც უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რადგან სიყვარული არის იმაზე ზრუნვა, რაც შენ გიყვარს ხომ?

ყველამ თუ თავისი წილი აგური არ დადო ამ ქვეყნის მშენებლობაში, არაფერი გამოვა. ჩვენ რომ ვიდგეთ და ვიძახოთ 24 საათი, რომ „ოლიგარქი არაფერს არ გვიკეთებს“ და წავალთ აქედან, გავიქცევით. ის ოლიგარქი აქ დარჩება და იქნება კარგად. ამიტომ, კი არ უნდა გაიქცე, უნდა მობრუნდე, როცა ზურგი გექნება იმის, რომ მყარად დგახარ. შენი განათლებით, შენი ცოდნით უნდა მობრუნდე, რომ შენს ქვეყანას მოახმარო ეს ცოდნა.

  • როგორ დაბრუნდება, თუ აქ არ შეუქმნის სახელმწიფო განვითარების პირობებს, შვილისთვის წამალს არ მისცემ, დაუძახებს აგენტს, მტერს. ასეთ გარემოში ვინ ისურვებს შვილების ყოლას და ცხოვრებას?

ჩვენც გვეძახდნენ „ჩარეცხილებს“ და სამსახურებიდან გაგვყარეს, მაგრამ მოვტრიალდით და ფეხზე დავდექით. ხელფასს არ გვიხდიდნენ, მაგრამ დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი შევინარჩუნეთ. გაქცევა გამოსავალი არ არის.

გამოსავალი არის გზის ძებნა – მოვძებნოთ გონივრული გზა, თორემ თუ ყველა გაიქცევა, აქ დასახლდება სხვა. მე რომ გავიქცე, ჩემი შვილებიც გავიყოლო, ჩვენი ჯიში და ჯილაგი აქ აღარ დარჩება. გადავშენდებით.

  • ყველა ადამიანს აქვს ღირსეულად ცხოვრების უფლება. ფაქტია, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობას ხალს არ აძლევენ.

კარგ ცხოვრებას სხვა ვერ შეგვიქმნის თუ არ შევქმენით ჩვენ. ცხადია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლება, მაგრამ მოქალაქეც ვალდებულია სასარგებლო იყოს თავისი ქვეყნისთვის. მთავრობა მოდის და მიდის. ნამდვილად არ შეიძლება 8 და 12 წელიწადი იყოს ერთი ხელისუფლება. ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის და არა ხალხს ხელისუფლების.

ვისთვის შენდება ამდენი სახლები ქვეყანაში, თუ საქართველოს მოქალაქე ვერ იყიდის? ხომ შეიძლება ბიზნესიც ფიქრობდეს ადამიანებზე.

_________________

ამ თემაზე:

„ჩემ გარშემო გოგო-ბიჭების 70%-ი ვერ ვქმნით ოჯახს“ – ქალები რეალურ მიზეზებზე, რატომაც შემცირდა შობადობა

Posted byლელა დუმბაძე29.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: დემოგრაფია, მოსახლეობა

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის ფირფიტის და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ვინილის და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტი ამჯერად, წარმოგიდგენთ ქართული მუსიკის ლირიკის გენიის – ინოლა გურგულიას უნიკალური საარქივო აუდიოჩანაწერების ვინილების ნაკრებს.

შვიდი ვინილისგან შემდგარი ნაკრები, სხვადასხვა წყაროდან თავმოყრილ, 100 საარქივო აუდიო ჩანაწერს ხუთ ალბომად აერთიანებს. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა, ეს ჩანაწერები განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულებით გამოირჩევა.

  • I ვინილი „გახსოვს?“ – აერთიანებს ადრეულ, შინაურ ჩანაწერებს და ინოლას შემოქმედების საწყის ეტაპს წარმოაჩენს.
  • II ვინილი – „გამეორება ძნელია“ – მოიცავს კინოს, თეატრისა და ქალაქურ-ხალხურ რეპერტუარს და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.
  • III ვინილი – „ბედნიერი ვარ“ – ძირითადად გამოუქვეყნებელ მასალას აერთიანებს. აქვე მოისმენთ ინოლას მიერ მოთხრობილ მისივე ბიოგრაფიის ჩანაწერს.
  • IV ვინილი – „მოვალ და გიმღერებ“ – ასახავს 2023 წელს აღმოჩენილ ჩანაწერებს.
  • V ვინილი – „…პირველად იყო სიმღერა“ – მოიცავს შედარებით გვიანდელ ჩანაწერებს და ემოციურად ავტორის შემოქმედებით შეჯამებად აღიქმება.

ინოლა გურგულიას (1929–1977) ქართული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს – მომღერალს, კომპოზიტორსა და პოეტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას. მისი შემოქმედება, როგორც საავტორო ისე თარგმანებსა და უცხოურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები, უნიკალურ სინთეზს ქმნის ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ კულტურას შორის.

ინოლა გურგულია სიმღერების აღნიშნული ნაკრები წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რომელიც არა მხოლოდ ინოლა გურგულიას შემოქმედების ახლებურად აღმოჩენას სთავაზობს მსმენელს, არამედ მომავალ თაობებს უნარჩუნებს ქართული საავტორო სიმღერის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ვინილების ნაკრების შეძენას, მარჯანიშვილის 7-ში თიბისი კონცეპტის საკოლექციო მაღაზიაში.  ნაკრები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მაღაზია „რეტრომანიაში“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვინილების ნაკრების რაოდენობა ლიმიტირებულია.

Posted byრეკლამა29.04.2026Posted inრეკლამა, სიახლეებიTags: თიბისი

ახალგაზრდა ქალს დახმარება სჭირდება

ახალგაზრდა ქალს, რომელიც სტამბოლში, ერთ-ერთ კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

41 წლის თეონა ხოზრევანიძე თურქეთში, სტამბოლში,  Hisar ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თეონას ექიმებმა სეფსისის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც საქართველოში მკურნალობის დროს დაუდგენელი მიზეზით განუვითარდა.

პაციენტის ახლობლების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, გაუჩერდა თირკმელი – თეონას სამი წლის წინ მამამ თირკმელი გადაუნერგა და ერთი თირკმელით ცხოვრობს.

„იმისათვის, რომ თეონამ იცოცხლოს, საჭიროა სასწრაფო მკურნალობის კურსის ჩატარება, რომელიც ძვირადღირებულია. მაგალითად, დღეისათვის სასწრაფოდ საჭიროა 10 ათასი დოლარი, რომ პირველადი მკურნალობის ხარჯები დავფაროთ.

ოჯახმა ყველაფერი გაიღო მის გადასარჩენად, ცდილობენ რაც დარჩათ გაყიდონ, თუმცა დრო შეზღუდულია და ვერ აგროვებენ საკმარის თანხას, რაც თეონას მკურნალობას ესაჭიროება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თეონა ხოზრევანიძის ახლობელმა.

ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

თეონა ხოზრევანიძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშზე, რომელიც ქვეყნდება ოჯახის თანხმობით:

თიბისი: GE62TB7563845064300125GEL

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000269659900GEL

პირადი ნომერი: 61004026766

მიმღები: ზვიად შაინიძე (თეონა ხოზრევანიძის მეუღლე)

Posted byმანანა ქველიაშვილი29.04.202629.04.2026Posted inმთავარი, სიახლეები

ვინ გახდება პატრიარქი, რა ვიცით პატრიარქობის კანდიდატებზე – ინტერვიუ თეოლოგთან

„პირდაპირ ვინმეზე ზეწოლა და წნეხი შეიძლება მართლაც არ არის, მაგრამ ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გასაგებად მიანიშნა იერარქებს, რა შეუძლია. მიუთითა: თვით პატრიარქსაც არ დავინდობთ და ვცადეთ მისი დისკრედიტაცია, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ შევამჩნევთ, რომ თქვენ არ აკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვსურსო,“ – გვიყვება თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას სინოდის სხდომასა და პატრიარქობის სამი კანდიდატის შერჩევაზე ვესაუბრეთ.

ახალ პატრიარქს სინოდის 39 წევრიდან მინიმუმ 20-ის მხარდაჭერა სჭირდება. შესაძლებელია უკვე იმის თქმა, ვინ იქნება ახალი პატრიარქი? – მირიან გამრეკელაშვილი ვარაუდობს, რომ პირიქით, მეუფე შიოს გაფართოებულ სხდომაზე შესაძლოა 1 ხმა დააკლდეს და პატრიარქი ვერ გახდეს, რადგან „რუსეთის მხრიდან საფრთხეს ყველა ხედავს“.

„მეუფე შიომ გუნდში დააგროვა რაღაც გამოცდილებები, ინფორმაციები, შეისწავლა ეს ხალხი და მიხვდა, ვის რას შეჰპირდეს, ვის რაზე დაემუქროს… თუ მე მოვალ და არ იქნები მხარდამჭერით დაზღვეული, ამას და ამას გიზამ, ვთქვათ, გადაგიყვან-გადმოგიყვან, ან გეობას დაგაბრალებ. ბევრი რამ შეიძლება იყოს.

იერარქების დიდი ნაწილს შესაძლებელია გულში ურჩევნია შეჩვეული ჭირი რაღაც ახალს. ნებისმიერი სიახლე ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული. ბევრი თვლის, რომ მეუფე გრიგოლი თუ წამოიწყებს ეკლესიის რაღაცნაირად გაჯანსაღების პროცესს, მათაც მოუწევთ ამას ფეხი აუწყონ, რაღაცები შეცვალონ ეპარქიაში. ბევრს ეს მომენტი არ ხიბლავს, რადგან დამატებითი შრომაა,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

„ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო მირიან, სინოდის 28 აპრილის სხდომაზე მიტროპოლიტმა შიომ მიიღო 20 ხმა. ახალ პატრიარქს სინოდის 39 წევრიდან მინიმუმ 20-ის მხარდაჭერა სჭირდება. შესაძლებელია უკვე იმის თქმა, ვინ იქნება ახალი პატრიარქი? 

არა. არ ვიცით, რა მოხდება, თუმცა რაც სჭირდება მინიმალურად, ის მიიღო და ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა.

ფაქტია, რომ მეუფე შიოსთვის დაიხარჯა ძალიან დიდი რესურსი. სოციალურ ქსელებში იყო დიდი კამპანია, გააკეთეს ცალკე ანგარიშები, ბოტები, ჩატები, რილსები მოამზადეს და აზიარებდნენ მხარდამჭერ მასალას…

  • ფიქრობთ, რომ ამან იმოქმედა ეპისკოპოსების არჩევანზე? 

არა. ამან არ იმოქმედა. უბრალოდ ამან შექმნა საზოგადოებრივი აზრი, რომ მეუფე შიო ღირსეულია. ეპისკოპოსებზე წესით უნდა ემოქმედა, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური მოგვარების გზას – ყველასთან ინდივიდუალურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები: თუ დამიჭერ მხარს, მიიღებ ამას და ამას.

სავარაუდოდ, როცა მეუფე შიოს ჯგუფმა მეუფე დანიელის კანდიდატურის წამოყენების საკითხი ჩააგდო – შეგახსენებთ, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა და გამოიყენეს ეს სიტყვა „უმეტეს“ – გაირკვა, რომ მეუფე დანიელის კანდიდატურის გაყვანას ვერ ახერხებდნენ, სავარაუდოდ, დანიელის ჯგუფი შეუერთდა მეუფე შიოს. მაგის ხარჯზე მიიღო შიომ 20 ხმა.

დანიელის ჯგუფს ჰყავდა სამი გამოკვეთილი ფავორიტი თავიდანვე: თავად მიტროპოლიტი დანიელი, რომელიც დაიბლოკა ასაკის გამო; ისაია, რომელიც დაიბლოკა განათლების გამო და მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელიც დაიბლოკა რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტების მიერ გაცხადებული, შეიძლება ითქვას, არაკორექტული ქცევის გამო ახალგაზრდების მიმართ. მაშინ ეს საკითხი ჩაიფარცხა, დღეს ბევრს აღარც კი ახსოვს ეს ამბავი, მაგრამ გასაგებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პატრიარქობის კანდიდატი იქნებოდა, ეს თემა ამოტივტივდებოდა. სავარაუდოდ, ამის ხარჯზე გადალაგდა ხმები ამგვარად.

შვიდ-შვიდი ხმა აიღეს მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა და დანარჩენი ოთხი ხმა გადანაწილდა სამ კანდიდატზე: ორი ხმა მიიღო გრიგოლ კაციამ, ერთი – მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ, არცერთი – მელქისედეკ ხაჩიძემ და ერთიც გაბათილდა, რადგან ბიულეტენი იყო ცარიელი.

  • ეპისკოპოსების ეს განწყობები რამდენად ცვალებადია, ელით, რომ შესაძლებელია მოხდეს გადაჯგუფება? 

ეს მაინც იყო მოსასინჯი კრება და ძალები შესაბამისად გადანაწილდა ისე, როგორც ეს უნდა დაკრისტალიზებულიყო.

ამ კრების სიახლე ის არის, რომ მეუფე დანიელი, მისი კანდიდატურა და მისი გუნდი გამოირიცხა. ახლა ერთმანეთში დაიწყება მოლაპარაკებების სერიები. მაგალითად, მეუფე დოსითეოსი და მელქისედეკის ხმა სავარაუდოდ გადაიხრება გრიგოლისკენ, ან შიოსკენ – ეს არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში იობისკენ გადახრა ნაკლებ სავარაუდოა.

მეუფე შიო ეცდება, რომ გაიმყაროს შედეგები და ამ ორი ბანაკიდან რომელიმეს გადაბირებას ეცდება. შესაბამისად, არც ისინი იქნებიან გულხელდაკრეფილები.

  • არსებობს იმის რისკი, რომ ამ 20 ხმიდან რომელიმე ხმა დაკარგოს მოსაყდრე შიომ? 

კი, აუცილებლად. ჩემი ვარაუდი ეს არის, რომ ასე მოხდება.

  • იკვეთება, რომ „ოცნება“ ჩარეულია ამ პროცესში? ღიად ჩანს „ოცნების“ პროპაგანდისტების გზავნილები, რომ სინოდმა მხარი მოსაყდრეს უნდა დაუჭიროს. 

„ოცნების“ პროპაგანდისტები მოქმედებენ. თუ ზემოდან ბრძანება არ არის, თითს არ გაანძრევენ ვინმესთვის, ხომ?

გარდა ამისა, მეუფე შიომ გუნდში დააგროვა რაღაც გამოცდილებები, ინფორმაციები, შეისწავლა ეს ხალხი და მიხვდა, ვის რას შეჰპირდეს, ვის რაზე დაემუქროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კარგად იცნობ მომხრეს და მოწინააღმდეგესაც. მან ვიღაცებს შეიძლება მისცა გარანტია, რომ რაღაც არ მოხდება, თუ ვთქვათ, მე მოვალ, ვიღაცებს კი, პირიქით უთხრა: თუ მე მოვალ და არ იქნები მხარდამჭერით დაზღვეული, ამას და ამას გიზამ, ვთქვათ, გადაგიყვან-გადმოგიყვან, ან გეობას დაგაბრალებ. ბევრი რამ შეიძლება იყოს.

  • მოგვიყევით პატრიარქობის სამ კანდიდატზე, რა იკვეთება მათი წინასაარჩევნო გზავნილებიდან, რა იცვლება თითოეულ შემთხვევაში? 

მეუფე იობის წინასაარჩევნო დაპირება არის ის, რომ თუ ის გახდება პატრიარქი, ეცდება, საქართველოში აღადგინოს შუა საუკუნეების დროინდელი, ნაციონალისტურ-კონსერვატორული სიმფონიის მოდელი. ეს გულისხმობს ხელდასხმით მირონცხებულ მეფეს – პატრიარქის მხარდაჭერილ მეფეს და, სავარაუდოდ, საეკლესიო გვარდიის აღდგენას.

ასე რომ, მეუფე იობი თუ გახდება პატრიარქი, მირონცხება მოხდება, აღადგენს მეფეს თუნდაც სიმბოლური თვალსაზრისით და დანარჩენი უკვე მეფემ თავისით უნდა სცადოს, რომ ამ მირონცხებისგან გამოძერწოს რეალური ძალაუფლება. შეძლებს თუ არა ამას, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული.

  • მეუფე იობს არ უცდია თავისი კანდიდატით დაეინტერესებინა ივანიშვილი? 

მეუფე იობი იყო ერთ-ერთი თავგამოდებული, შეიძლება ითქვას, თავგანწირული მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, მაგრამ როდესაც იყო 20 ივნისის მოვლენები [საპროტესტო აქციები, რომელიც მოჰყვა რუსი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმას], იობი პირველი ჩაება ეპოქალურად ამ პროცესში. იობის კონსერვატიზმი ეფუძნება ნაციონალისტურ ნარატივს და არა რუსულ ნარატივს. ეს არ არის რუსული ნარატივი. იობი არ არის რუსული კონსერვატიზმის წარმომადგენელი. ის არის ნაციონალისტური კონსერვატიზმის წარმომადგენელი.

ამიტომაც, იობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ძალადობრივი განუკითხაობა, ხალხის ცემა-ტყეპა უმიზეზოდ, ვინც არ მოსწონს ხელისუფლებას, მისი ცემა, ძალადობა, დაჯარიმება. მაშინ იობმა მთავრობის წინააღმდეგ რამდენიმე გაბედული განცხადება გააკეთა და ამით მოიჭრა გზა „ოცნებასთან“, ჩაკეტა თავისი ეპარქია და გადაწყვიტა, რომ მისთვის დასაყრდენი იყო საპატრიარქოს ტახტის ბრძოლისას არა საერო ხელისუფლება, არამედ მკაცრი რელიგიური, ნაციონალური კონსერვატიზმი და საეკლესიო არმია.

  • რაც შეეხება მოსაყდრე შიოს, მისი მთავარი გზავნილები რა არის? 

მეუფე შიოს წინასაარჩევნო გზავნილები ასევე არის კონსერვატიზმი, მაგრამ არა ნაციონალისტური კონსერვატიზმი, არამედ ის ეფუძნება, ასე ვთქვათ, რუსულ კულტურულ-პოლიტიკურ იზოლაციონიზმს. იგულისხმება იზოლაციონიზმის შენარჩუნება ევროპასთან, ევროპის ფასეულობით სისტემასთან.

  • სად გამოჩნდა ეს მკაფიოდ, კონკრეტული მაგალითი რომ გვითხრათ. 

მეუფე შიო ხშირად იმეორებს რუსულ კონსერვატორულ ნარატივში არსებულ პოსტულატებს. ბოლოს ეს შეარბილა, მაგრამ, მაგალითად, ქალის როლზე რომ ნახოთ მისი ქადაგებების სერია და შეადაროთ, რა ხდება რუსულ ეკლესიაში, ნახავთ, რომ იდენტურია. იგივეა უმცირესობებთან მიმართებით – ის რუსეთიდან აკოპირებს ამ გზავნილებს, შემდეგ ფუთავს რელიგიურ-კულტურულ პატრიოტიზმით. მისი აზრით, სამყარო გარდაქმნის პროცესშია და არ იქნება ურიგო, თუ ჩვენ ამ გარდაქმნების მიღმა ვიქნებით.

  • მეუფე შიოს რუსული რელიგიურ–კულტურული სივრცე მოსწონს, რადგან იქ სწავლობდა და მოსკოვში მუშაობდა, თუ თქვენი დაკვირვებით, ის განიცდის რუსული ეკლესიის გავლენას?

ალბათ ერთიც და მეორეც. მეუფე შიო ცდილობს, შეუთავსოს სასიამოვნო სავალდებულოს.

შორიდან დაკვირვებით ასე ჩანს, რომ მას გააჩნია გულწრფელი სიმპათია რუსული სივრცის მიმართ, მაგრამ შეიძლება განიცდიდეს გარკვეულ გავლენასაც. რა ტიპის გავლენაა რუსული ეკლესიის და ვის ხარჯზე მოინდომა ეს, ვერავინ ვერ იტყვის.

მეუფე შიო იქ, რუსეთში ფორმირდა და შეიძლება, გულწრფელად მოსწონს და სჯერა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანა რუსულ კულტურულ სივრცეში დარჩება და მენტალურად დავახლოვდებით.

  • თანაც, „ოცნების“ პოლიტიკასთან თანხვედრაშია მისი ეს ხედვა? 

დიახ, თანხვედრაშია. მეუფე შიოს კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა ახლო კავშირი, ახლო კონტაქტი ხელისუფლებასთან.

მეუფე შიო ასევე აპირებს ცვლილებებს ეკლესიის სტრუქტურაში: ახალგაზრდა მღვდლებისგან შექმნა გუნდი, სავარაუდოდ, ესენი არიან დაქორწინებული მღვდლები, რადგან ბერების თემას მეუფე შიო ძალიან სერიოზულად უყურებს და სურს, რომ ეს იყოს გამორჩეული ნაბიჯი ადამიანების ცხოვრებაში, ადვილად არ სურს დაეთანხმოს ადამიანების მხრიდან ბერობის გადაწყვეტილებას, რაც აქამდე ხდებოდა.

ეს განასხვავებს კიდევ მეუფე შიოს მეუფე იობისაგან რადიკალურად. იობი, მაგალითად, ყველას აკურთხებს ბერად, ვინც ამას ეტყვის. მეუფე შიო ცდილობს, რომ ეს აქციოს რაღაც მისტიკური გადაწყვეტილებების კატეგორიად, როგორც ეს ხდება რუსულ ეკლესიაში.

რუსეთში ძალიან ძლიერია ეს ტრადიციული გაგება, თითქოს როდესაც ადამიანი ხდება ბერი, მას შეუძლია  წინასწარმეტყველება, ადამიანში სულის დანახვა და ასე შემდეგ. ეს მოდელები ხშირად ფილმებშიც გვხდება, მაგალითად როგორიცაა მხატვრული ფილმი „კუნძული“.

  • გვითხარით მესამე კანდიდატის შესახებ – მეუფე გრიგოლის პატრიარქად არჩევის შემთხვევაში, რა იცვლება არსებითად? 

უნდა აღინიშნოს, რომ ორი ეპისკოპოსი, ვისზეც გესაუბრეთ, წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიებს, ხოლო დასავლეთ საქართველოს ეპარქიების წარმომადგენელი გახლავთ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. იგი აშკარად არის რეფორმატორი, რეფორმების მომხრე. მან სცადა თავის ეპარქიაში მოეწყო გარკვეული მოდელი, მაგალითად, საკმაოდ წარმატებული სასწავლებლის შექმნა მოახერხა ისეთ პერიფერიულ ქალაქში, როგორიც არის ფოთი.

ამის მიღმა მეუფე გრიგოლს აქვს ძალიან მკაფიო პოზიციები ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ეს პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვისაც.

მეუფე გრიგოლი ახსენებს სამოციქულო ტრადიციის შენარჩუნებას. რუსეთის ეკლესია იმყოფება კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან სქიზმაში [განყოფაში], გათიშულობაში საბერძნეთის ეკლესიასთან უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის გამო, თუმცა ითვლება, რომ ეს გათიშულობა არის დროებითი და ოდესმე რუსული მართლმადიდებლური სივრცე და ბერძნულ-კულტურული ეკლესიები კვლავ გაერთიანდებიან.

შეკითხვა ასეთია: თუ რუსეთი წავიდა ვა-ბანკზე, ანუ ამ გათიშულობის საბოლოო გაფორმებაზე, მაშინ ის ეცდება ამ თავის იზოლაციონიზმში თან ჩაიყოლოს რამდენიმე ეკლესია, რომელსაც ის საკუთარ ორბიტაზე მყოფ ეკლესიად განიხილავს, მათ შორის, ალბათ საქართველოსაც. მეუფე გრიგოლი ერთადერთია, ვინც ამ საფრთხეს თავისი სახელი დაარქვა და თავისი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად აქცია: სწორედ სამოციქულო ტრადიციის შენარჩუნება.

წარმოიდგინეთ, რომ მოხდეს ამგვარი რამ და საქართველოს ეკლესიის წინაშე დადგეს არჩევანი. ამ მომენტში კი, ჩვენი პატრიარქი არ აღმოჩნდეს საკმარისად ძლიერი და დაჰყვეს რუსეთის ნებას. ჩვენი 1700-წლიანი ტრადიცია შეიძლება ერთი ხელის მოსმით დაიკარგოს და ჩვენ აღმოვჩნდეთ მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო სხეულის მიღმა.

აი, ამგვარი საფრთხე დგას ყველაზე მეტად მეუფე შიოსთან მიმართებაში: თუ მას რუსეთის ეკლესია მოსთხოვს ამის გაკეთებას ოფიციალურად, როგორ იქნება მისი პოზიცია? ამ საკითხზე მას არასოდეს უსაუბრია, თუმცა უთქმელად ჩანს, რომ მეუფე შიო ამ შემთხვევაში გადაიხრება აშკარად მოსკოვისკენ.

მეუფე გრიგოლი ასევე ხედავს საჭიროებას, ეკლესიამ გამოიმუშაოს ერთგვარი სოციალური დოქტრინა: ეკლესიების უმრავლესობას გააჩნია სოციალური დოქტრინა, სადაც ასახულია ტექსტუალური სახით ის, თუ ეკლესია როგორ ხედავს ამა თუ იმ თანამედროვე საკითხს. მაგალითად, რას ნიშნავს ეკლესიისთვის ხელოვნური ინტელექტი, ოჯახი, სიცოცხლის პატივისცემა და ასე შემდეგ.

საქართველოს პატრიარქი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმგვარი დიადი, თავის დროზე მას რომ არ ჰქონოდა სწორება ახალგაზრდა ადამიანებისკენ. ის როგორც კი მოვიდა ეკლესიაში, ერთ-ერთი რაც დაიწყო იყო ახალგაზრდებთან მუშაობა… მეუფე გრიგოლის ხედავს ასე, რომ გვესაჭიროება ქრისტიანები ეკლესიაში, რომელთაც საკუთარი ქრისტიანობა არ აიძულებს, უარი თქვან საკუთარ გარე სამყაროზე. დანარჩენი ორი კი, გვთავაზობს, შევქმნათ გარკვეული ტიპის ქრისტიანული „ბაბლი“.

მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ სამყარო ვითარდება და ეკლესიამ უნდა მოახერხოს ამ სამყაროზე გავლენის მოხდენა.

  • ეს ხედვები ცნობილი იყო უკვე სინოდისთვის, ასევე რუსულ ორბიტაზე აღმოჩენის საფრთხე. რა რესურსი არსებობს, რომ სინოდის უმრავლესობამ მიიღოს გულწრფელი გადაწყვეტილება? 

პატრიარქის ეპოქა იყო ძალიან დიდი, 49 წელი. შემდეგ მეუფე შიოს წილად ხვდა მოსაყდრეობა. იერარქების დიდი ნაწილს შესაძლებელია გულში ურჩევნია შეჩვეული ჭირი რაღაც ახალს. ნებისმიერი სიახლე ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული. ბევრი თვლის, რომ მეუფე გრიგოლი თუ წამოიწყებს ეკლესიის რაღაცნაირად გაჯანსაღების პროცესს, მათაც მოუწევთ ამას ფეხი აუწყონ, რაღაცები შეცვალონ ეპარქიაში. ბევრს ეს მომენტი არ ხიბლავს – დამატებითი შრომაა.

რუსეთის მხრიდან საფრთხეს ყველა ხედავს. ყველა ამტკიცებს, რომ არ არის პირდაპირი ზეწოლა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გასაგებად მიანიშნა იერარქებს, რომ ის აგროვებს კომპრომატებს ყველას წინააღმდეგ. მეუფე პეტრეს ინციდენტი, ციანიდის საქმე და სუს-ის კრებსები უნდა განვიხილოთ ერთი საერთო სქემის ნაწილად. თუ ამ ფაქტებს გავიხსენებთ წლების განმავლობაში რაც ხდებოდა, შემდეგ გახდება ბევრი რამ გასაგები.

პირდაპირ ვინმეზე ზეწოლა და წნეხი შეიძლება მართლაც არ არის, მაგრამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გასაგებად მიანიშნა იერარქებს, რა შეუძლია. მიუთითა: თვით პატრიარქსაც არ დავინდობთ და ვცადეთ მისი დისკრედიტაცია, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ შევამჩნევთ, რომ არ აკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვსურსო.

საერთო ჯამში, არავის არ აქვს ჩხუბის და შარის თავი. არავის არ უნდა, თავი იმართლოს, სად და ვისთან ჰქონდა სექსი, ან არ ჰქონია საერთოდ. ეს დელიკატური და უხერხული თემაა და ეს გახადა სწორედ „ოცნების“ მთავრობამ მთავარ სალაპარაკო თემად. ჩვენც დავაშავეთ ყველამ, მათ შორის, ჟურნალისტებმა, ვინც „ოცნებას“ ამაში ავყევით.

Posted byჯაბა ანანიძე29.04.202629.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: თეოლოგი, მირიან გამრეკელაშვილი, საქართველოს საპატრიარქო, სინოდის სხდომა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 328 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 894 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 486 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 40 825 ერთეული [+54]
  • MLRS – 1 755 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 356 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 262 033 ერთეული [+1 775]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 579 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 92 231 ერთეული [+245]
  • სპეცტექნიკა – 4 146 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთში, ტუაფსეში კვლავ ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად

ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოება დაიწყება

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Posted byბათუმელები29.04.202602.06.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

ახალი ჯარიმები ნარჩენების მართვაზე

„ოცნების“ პარლამენტი ახალ-ახალი ჯარიმების დაწესებას აგრძელებს. პარლამენტს გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვილებისა და ახალი ჯარიმების დაწესების თაობაზე ინიციატივით მთავრობამ მიმართა .

ინიციირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას უფლება ენიჭება დაადგინოს გამონაკლისი, ნარჩენების დროებით შენახვის ობიექტზე განთავსებისთვის დადგენილ ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის დამტკიცების შემდეგ კოდექსში უნდა დაკონკრეტდეს, თუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

  • კოდექსის 40-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება დადგენილი წესით, რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას 1500 ლარით.
  •  კოდექსის 44-ე1 მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული დისტრიბუტორის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

44-ე1 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც აწესებს 5000-ლარიან ჯარიმას რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის. კოდექსის 44-ე1 მუხლს ემატება მე-3 პრიმა ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, არასწორი ინფორმაციის წარდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება ეფუძნება ვალდებულების ყოველთვიურ ხასიათს და მწარმოებელთა რაოდენობას.

კოდექსის 44-ე1 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც სანქცია [5000 ლარი] გავრცელდება არა მხოლოდ ანგარიშგების შეუსრულებლობაზე, არამედ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენაზეც.

კოდექსის 44-ე1 მუხლის მე-8 ნაწილი აწესებს 10 000 ლარიან ჯარიმას მგვ-ის [მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება] ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობაზე.

კოდექსის 44-ე1 მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომელიც აწესებს 5 000-ლარიან ჯარიმას ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ისეთი მოთხოვნების დარღვევისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამავე მუხლის პირველი მე-9 ნაწილებით [მაგ: ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება და ა.შ.]

პროექტის მიხედვით, კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით: კოდექსის 47-ე მუხლს ემატება 1(1) ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რომ 35-ე1, მე-40, 40-ე1, 40-ე2, 42-ე, 43-ე, 44-ე და 44ე1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელი პირს შეიძლება დაედოს დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს 6 თვისა. ეს განპირობებულია დარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების სრულად გამორკვევისა და მტკიცებულებების სრულად შეკრების აუცილებლობით.

სახდელის დადების ვადის ათვლა იწყება ჩადენის დღიდან, ცვლილება კი გარკვეულ მუხლებზე ითვალისწინებს ვადის ათვლას გამოვლენის დღიდან.

„რადგან მოცემული მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის დღის განსაზღვრა შეუძლებელია, მიზანშეწონილია, რომ ათვლა დაიწყოს გამოვლენის დღიდან.“

კოდექსის 47-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის 20%-ით შემცირებას, თუ პირი მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე8 მუხლით დადგენილია ანალოგიური საშეღავათო დათქმა, რომელიც დამრღვევს აძლევს საშუალებას დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 10
დღის ვადაში გადაიხადოს ჯარიმა 20% ფასდაკლებით.

ნარჩენების მართვის კოდექსი დღეის მდგომარეობით ითვალისწინებს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე – ნარჩენების 3 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, დღის წესრიგში დგება ცალკეული პროდუქტის უფრო ხანგრძლივი ვადით დროებითი შენახვის საჭიროება. ეს საჭიროება მით უფრო მძაფრია იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ მოქმედებს სახიფათო ნარჩენების არცერთი თანამედროვე ნაგავსაყრელი, იმ პირობით, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

Posted byცაგო კახაბერიძე28.04.202628.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ნაგავსაყარი, ჯარიმები

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასფალტს ისევ დააგებენ, შემდეგ დახაზავენ ზებრა გადასასვლელებს

„წვიმიანმა ამინდებმა არ მოგვცა აქამდე ასფალტის დაგების საშუალება, მაისის თვეში მოწესრიგდება ასფალტის საფარი და შემდეგ დაიხაზება,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ არ მოეწყო ზებრა გადასასვლელები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, იგივე ხელვაჩაურის გზაზე?

ამ გზაზე რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს, დაახლოებით 70 კაცი დაიღუპა – კაცი სახლიდან დღისით გადადიოდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ამ დროს დაეჯახა მას მსუბუქი ავტომანქანა…

„ზებრა გადასასვლელი რომ ყოფილიყო, იქნებ ეს კაცი გადარჩენილიყო. ზებრა გადასასვლელის დახაზვა რა გახდა? ძლივს გააკეთეს ეს ქუჩა, ყველამ იცის ეს ამბავი. რა გააკეთეს „გუთენთრაკენის“ მეთოდით, მაგასაც ყველა ვხედავთ: დაზიანებული ქუჩა, ტროტუარები ფაქტობრივად აღარ გვაქვს.

გარდა ამისა, მთელ ქუჩას ისე ჩაივლი, ზებრა არ შეგვხდება… სად უნდა გადახვიდე? ყველგან დასახლებული პუნქტია და მუდმივად ინტენსიურად მოძრაობენ ავტომანქანები,“ – გვითხრეს დაბა ხელვაჩაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სულ 4 ზებრა გასასვლელია. ეს ქუჩა აჭარის მაღალმთიანეთში მიმავალი ცენტრალური გზის მონაკვეთია და დაახლოებით 7 კილომეტრი სიგრძისაა. ზებრა-გადასასვლელები რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არასაკმარისია, ეს გზების დეპარტამენტში, ანუ მთავრობაშიც წლებია იციან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ასფალტის დაგებას კიდევ ერთხელ აპირებენ.

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდა. 2 წელიც კი არაა გასული სამუშაოების დასრულებიდან.

„ასფალტი ხელახლა დაიგება?“ – მივწერეთ გზების დეპარტამენტის პრესცენტრს და მეტი დეტალის გარკვევა ვცადეთ.

„კი, განახლდება,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან და განმარტეს, რომ ცალკე ტენდერი არ ჩატარდება და მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში განახლდება ხელვაჩაურის გზა.

„სეზონურად საჭიროებისამებრ მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება ასფალტის საფარის მოწესრიგება. სამუშაოების ფასი დადგინდება მათი დასრულების შემდეგ,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

2024 წელს დასრულდა ფრიდონ ხალვაშის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია. აქვს დეპარტამენტს შეფასება შესრულებული სამუშაოების ხარისხზე? რატომ დარჩა წელს საჭირო ისევ განახლება და ახალი საფარის დაგება? – ამჯერად გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ბათუმი

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ახალციხის გზის ნაწილია. „ბათუმელები“ 2023 წლის დეკემბერში წერდა, რომ ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე იყო გაფორმებული.

ამავე თემაზე: ფული მიაქვთ ჯიბეში“, ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში

შპს „ერ ტე დე“ ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ამ კომპანიამ, კონკრეტულად კი, ჟურნალისტ ბექა ყორშიას ჟურნალისტური ნამუშევრით „გუთენთრაქენის მეთოდზე“.

კომპანიამ „ერ ტე დე“ ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც ახალდაგებული ასფალტის ნაწილი იმავე 2023 წელს აყარა და ხელახლა დააგო. გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 16-ჯერ შევიდა. 2023 წლის 15 დეკემბრის ცვლილებით კი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [ვიდეო]

„ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ის „ოცნების“ შემწირველიცაა.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ 2025 წლის არქივიდან. 

__

ამავე თემაზე:

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [VIDEO]

Posted byჯაბა ანანიძე28.04.202628.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: გზების დეპარტამენტი, რეაბილიტაცია, ფრიდონ ხალვაშის გამზირი

„ბათუმობა“ წელს 6-7 ივნისს ჩატარდება

ბათუმის მერიამ წელს სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ გამართვა 6-7 ივნისისთვის გადადო.

ბოლო წლებია „ბათუმობას“ აპრილის ბოლოს მართავდნენ. როგორც მერიაში განგვიმარტეს, წელს „ბათუმობა“ საკურორტო სეზონის გახსნას დაამთხვიეს, ამიტომაც ღონისძიებას ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ერთობლივად ჩაატარებენ.

2026 წლის ბათუმის ბიუჯეტში „ბათუმობისთვის“ 400 000 ლარია გათვალისწინებული, ზოგადად, ქალაქში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ხარჯებისთვის კი მერიაში 1 მილიონ 330 000 ლარი გაითვალისწინეს 2026 წელს.

გასულ, 2025 წელს, „ბათუმობასთან“ დაკავშირებული ხარჯების შესახებ კითხვები მერიამ უპასუხოდ დატოვა. ღონისძიების დასრულების შემდეგ არც მერიამ და არც ბათუმის კულტურის ცენტრმა რესტორნის ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა.

მოგვიანებით „ბათუმელებმა“ გამოარკვია, რომ  „ბათუმობა 2025-ის“ ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტიდან ტორტში და სხვადასხვა სარესტორნო მომსახურებაში 18 ათასი ლარი დაიხარჯა. ცალკე 70 ათასი ლარია გადახდილი „შერატონში“ გამართულ ვახშამში. მთლიანობაში კი „ბათუმობა 2025“-სთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 335 ათასზე მეტი ლარია გასულ წელს დახარჯული.

28 აპრილს „ბათუმობის“ აღნიშვნა ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივა იყო, მან თარიღი ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირა.

მაშინ მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა და მოსახლეობას ჰკითხა, როდის უნდა აღინიშნოს ბათუმობის დღესასწაული, სექტემბრის დასაწყისში თუ 28 აპრილს. გამოკითხვაში 556 ადამიანიდან 72-მა პროცენტმა ხმა „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნას მისცა.

„1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. გვსურს გავიგოთ მოსახლეობის აზრი „ბათუმობის“ დღესასწაულის ქალაქის სტატუსის მინიჭების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნა უფრო მეტ ხალისს შესძენს ამ დღესასწაულს, რადგან გაზაფხული სიცოცხლესთან, სიახლესთან და სინათლესთან ასოცირდება,“ – ეწერა მაშინ ბათუმის მერის ფეისბუქგვერდზე.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ბათუმის მერია „შერატონში“ გამართული ვახშმობის ხარჯებს არ ასაჯაროებს

 

 

Posted byცაგო კახაბერიძე28.04.202628.04.2026Posted inბათუმი, მთავარი, სიახლეებიTags: ბათუმის მერია, ბათუმობა

პატრიარქობის 3 კანდიდატი – ვინ არიან ისინი

დღეს, 28 აპრილს, გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი),  მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

წმინდა სინოდში 39 მღვდელმთავარია, დღეს გამართულ სხდომას კი 38 ესწრებოდა. სხდომაზე არ იყო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).

პატრიარქობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.

ხმები ასევე მიიღეს: წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოზმა.

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, რომელიც მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს, დადგენილია პატრიარქის არჩევის წესი. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.

გთავაზობთ პატრიარქობის კანდიდატების ბიოგრაფიებს, რომელიც მომზადებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიების მიხედვით.

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სწორედ ამ სამი კანდიდატიდან ერთი გახდება.

  •  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

შიო მუჯირი (ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა.

შიო (ელიზბარ) მუჯირი ბერად აღიკვეცა 1993 წლის 5 იანვარს, დიაკვნად აკურთხეს 1995 წლის 19 აგვისტოს, ხოლო მღვდლად აკურთხეს 1996 წლის 6 მაისს.

ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, ხოლო მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს 2009 წლის 20 სექტემბერს. მიტროპოლიტობა ებოძა 2010 წლის 2 აგვისტოს.

2017 წლის 23 ნოემბერს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაასახელა.

კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო

განათლება

შიო (ელიზბარ) მუჯირმა დაწყებითი საშუალო განათლება თბილისში, 53-ე საშუალო სკოლაში მიიღო. პარალელურად კი სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში.

1988 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

1998 წელს შიო (ელიზბარ) მუჯირმა დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე.

2001 წლიდან სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

საეკლესიო ცხოვრება

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ელიზბარ მუჯირი 1991 წელს  მორჩილად მივიდა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და  სახელად შიო უწოდეს. ბერი შიო ჯერ მონასტრის ტრაპეზარი იყო, შემდეგ კი ეკონომოსი.

1995 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელ-მონაზონი შიო თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

2001 წლის ოქტომბერში გახდა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე. 18 მარტს შეკრებიულმა სინოდმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი  

მეუფე იობი, ერისკაცობაში – ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი დაიბადა 1960 წლის 25 მაისს, სოფელი სნოში (დაბა ყაზბეგი).

1988 წლის 3 იანვარს აღიკვეცა ბერად, 1988 წლის 19 იანვარს აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1988 წლის 27 მარტს აკურთხეს მღვდლად.

1992 წლის 17 მაისს აკურთხეს ეპისკოპოსად, ხოლო 1996 წლის 25 დეკემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსობა.

2000 წლის 28 ნოემბერს გახდა მიტროპოლიტი.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი
  • განათლება  

მეუფე იობი (ელგუჯა) აქიაშვილმა 1977 წელს დაამთავრა სოფელ სნოს საშუალო სკოლა. 1978 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1982 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად. 1983 წელს კი საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილე გახდა. 1984 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად.

1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

  • საეკლესიო ცხოვრება

ელგუჯა აქიაშვილი სტუდენტობის წლებში სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი იყო. 1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ელგუჯა აქიაშვილი ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად იობი. იმავე წლის 19 იანვარს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო 28 მარტს – მღვდლად.

1988 წლის 22 ივნისს მღვდელმონაზონი იობი დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მღვდელმონაზონი იობი მონაწილეობდა აჭარაში მოწყობილ მისიონერულ მოგზაურობაში.

1989 წლის 3 სექტემბერს იგი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, იმავე წლის ოქტომბერში გადაიყვანეს აჭარაში, სხალთის ახლადგახსნილ მამათა მონასტერში.

1990 წლის 28 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იღუმენი იობი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1990 წლის სექტემბერში არქიმანდრიტი იობი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, კომანის მონასტერში, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო იძულებული გახდა დროებით კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო.

1990 წლის ივლისიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასაც.

1992 წლის მაისში სინოდმა მეუფე იობი გამოარჩია მანგლელ ეპისკოპოსად.

1992 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი იობი დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.

1992 წლის 25 დეკემბერს მეუფე იობი გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.

1995 წლის გაზაფხულზე წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ეპისკოპოსი იობი დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად.

1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტის ხარისხში.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით.

2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებს. არის საღვთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.

  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლი, ერისკაცობაში – გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი 1956 წლის, 18 ივლისს,  თბილისში.

დიაკვნად აკურთხეს 1989 წლის 14 ოქტომბერს, მღვდლად აკურთხეს 1990 წლის 27 მარტს. ბერად აღიკვეცა 1996 წლის 21 მარტს, ხოლო იმავე წლის 24 მარტს აკურთხეს ეპისკოპოსად.

მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს 2003 წლის 7 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტობა ებოძა 2007 წლის 3 ივნისს. მეუფე გრიგოლი არის საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 განათლება

მიტროპოლიტი გრიგოლი (გურამ) ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის 134-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1973 წელს.

1988-1991 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1991-1994 წლებში კი თბილისის სასულიერო აკადემიაში.

საეკლესიო ცხოვრება

1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი მსახურობდა თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მნათედ.

1989 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) გურამ ბერბიჭაშვილი აკურთხა დიაკვნად და განამწესეს ბათუმის საკათედრო ტაძარში.

1990 წლის 24 მარტს, დიაკონი გურამი აკურთხეს მღვდლად და დაადგინეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად.

1991 წლის 6 მაისიდან პარალელურად ახლადამოქმედებული აჭის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

მამა გურამმა ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვრობის დროს გამოსცა არაერთი საეკლესიო წიგნი, დააფუძნა ყოველთვიური ჟურნალი „წყარო“.

1993 წლის 15 ივლისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება.

1996 წლის 21 მარტს ეპისკოპოსმა იობმა დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი ბერად აღკვეცა და ეწოდა გრიგოლი.

1996 წლის 23 მარტს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.

1996 წლის 24 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა.

2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით კი ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა „ფოთისა და ხობის“ ეპარქია.

შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც. 2003 წლიდან მეუფე გრიგოლი მოიხსენიება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტად.

ფოთისა და ხობის ეპარქიაში ამჟამად 5 მოქმედი საპატრიარქოს საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებაა.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა, წმიდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრი „ნუგეში“, ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ – გამაჯანსაღებელი ცენტრი, ფოთის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი (თავშესაფარი მშობლების მზრუნველობას მოკლებულთათვის).

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა სინოდის სხდომის ოქმი.

Posted byმანანა ქველიაშვილი28.04.202628.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: საქართველოს საპატრიარქო

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე გარემოს სააგენტო თანახმაა

ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა უკვე აქვს.

პროექტის განხორციელების მიზნით შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ.

ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2024 წლის ნოემბერში წარუდგინეს. სააგენტოს უფროსის ბრძანების მიხედვით, განხილვის პროცედურის შემდეგ სამი ალტერნატიული ვარიანტიდან უპირატესობა მეორე ალტერნატივას მიანიჭეს.

გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, ქობულეთის არსებული შემოვლითი გზა იწყება სოფელ შეკვეთილიდან და მთავრდება ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან. ქობულეთის არსებული შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მშენებლობა/მოდერნიზაცია დაგეგმილია ქობულეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში:

მარშრუტის ფარგლებში გზა გაივლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებისა და საკარმიდამო ტერიტორიების მომიჯნავედ, რომელიც გადაკვეთს მდინარეებს: ნატანები, ჩოლოქი, ოჩხამური, აჭყვა, კინტრიში, დეხვა, ჩაქვისწყალი და სხვა მცირე ზომის ზედაპირულ წყლებს და ბოლო მონაკვეთზე გზა განთავსდება ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის სიახლოვეს.

დოკუმენტების მიხედვით, საპროექტო გზის საერთო სიგრძეა დაახლოებით 30,7 კმ და დერეფანი პირობითად იყოფა ორ ლოტად:

საწყისი 13 კმ სიგრძის მონაკვეთი სოფელ კაკუჩამდე (პირობითად ლოტი 1) და სოფელ კაკუჩადან ბოლო წერტილამდე (პირობითად ლოტი 2). საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია დამატებითი კვანძების და არსებული გვირაბების პარალელურად ორი ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია ახალი ხიდების და გზაგამტარების მოწყობა.

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს. ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის მარჯვენა მხარეს – მრუდების [მოხვევითი რადიუსების] გაუმჯობესების მიზნით. საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.

შერჩეული ვარიანტის მიხედვით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა: 581 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 10 031 191 კვ.მ-ია. აქედან 193 ნაკვეთი კერძო საკუთრებაა, ჯამური ფართობით – 2 491 944 კვ.მ.

პროექტის თანახმად, ზარალის ანაზღაურდება და კომპენსაციები გაიცემა სრული ღირებულებით, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზება სატრანსპორტო ნაკადის ზრდის გამო გადაწყდა.

გზშ-ის ანგარიშის თანახმად, პროექტის ხანგრძლივობად განსაზღვრულია დაახლოებით 4 წელი, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობად – დაახლოებით 24 თვე. 

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

ამჯერად კი ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.

ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო არ არის. ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი] – ორზოლიანია და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.

როგორ მიმდინარეობდა პროექტის განხილვის პროცედურა ვრცლად ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

Posted byცაგო კახაბერიძე28.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: გარემოს ეროვნული სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის მერია, ქობულეთის შემოვლითი გზა

ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება ხვალ 134 ათას აბონენტს შეუწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 აპრილის 06:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბათუმის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 65 902 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

ამავე დროს, 29 აპრილის 06:00 საათიდან 30 აპრილის 09:30 საათამდე ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 69476 აბონენტს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 30 აპრილის 09:30 საათიდან და სრულად აღდგება 2 მაისის 20:00 საათამდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114

გაზის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.

კომპანიის ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილიკაურთან, ცენტრალური გაზსადენის მონაკვეთზე დაფიქსირდა გაზის გაჟონვა, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავარიული სიტუაციის დროული ლიკვიდაციის მიზნით, მიმდინარე წლის 29 აპრილს, 06:00 საათიდან განხორციელდება მაგისტრალური გაზსადენის შესაბამისი მონაკვეთის გათიშვა, რის შედეგადაც ზესტაფონის, ასევე ბოსლევის, ხარაგაულის, წევისა და აჭარის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს დროებით შეეზღუდებათ ბუნებრივი გაზის მიწოდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 29 აპრილის 21:00 საათამდე და დაიწყება ეტაპობრივად გაზმომარაგების აღდგენა“ – წერს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.

Posted byნანა კვაჭაძე28.04.202630.04.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: გაზი, კომპანია „სოკარი"

ჩანაწერების გვერდებათ დაშლა

Newer posts 1 … 18 19 20 21 22 … 1,609 Older posts
Batumelebi, Proudly powered by WordPress.
Exit mobile version