მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 5 მილიონ 500 000 ლარია. ტენდერის დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი გენგეგმასთან თანხვედრაზე, რაც ბულვარის მთავარი დოკუმენტია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სატენდერო დოკუმენტებთან ერთად ატვირთა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2023 წლის განკარგულება „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“.
კორუფციის ბრალდებით დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი, დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ასევე ინფრასტრუტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.
გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს დაკავებული კობა გაბუნიას, ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძისა და სხვა პირების სახლები – 20 სხვადასხვა ობიექტზე.
ირაკლი ქარსელაძის შემცვლელის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემურია, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ამის შესახებ მან გასულ წელს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტის მიზანი საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებაა ტერიტორიისთვის, რომელიც აერთიანებს ბათუმის ძველ ბულვარს – კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ახალ ბულვარს და მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეებს.
სატენდერო მოთხოვნებს თუ კარგად შევისწავლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა ბათუმის ბულვარში, რომელსაც დამტკიცებული განაშენიანების გეგმა აქვს, საკმაოდ მასშტაბური სამუშაოების დაგეგმვა- განხორციელებას განიხილავს.
საპროექტო სამუშაოები ითვალისწინებს ტერიტორიის სივრცით დაგეგმარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებას, მათ შორის, როგორც ახალი შენობა-ნაგებობების დაგეგმვას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
პროექტი უნდა მოიცავდეს გამწვანების, გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების, აგრეთვე უნივერსალური დიზაინის პრინციპების სრულყოფილ ინტეგრაციას.
შემსყიდველი ითხოვს საპროექტო გადაწყვეტები შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამშენებლო სამუშაოების როგორც ეტაპობრივი, ისე პარალელური განხორციელების შესაძლებლობა, პროექტის ეფექტიანი და უწყვეტი შესრულების მიზნით. ასევე, ობიექტები დაგეგმარდეს და განხორციელდეს არქიტექტურის ძეგლის სტანდარტების შესაბამისად.
იმ ჩამონათვალის მიხედვით, რომლებსაც შემსყიდველი, დასაგეგმარებელ ან სარეაბილიტაციო სივრცეებად განიხილავს, ჩანაფიქრი საკმაოდ მასშტაბურია.
სატენდერო დოკუმენტებში ასეთ სივრცეებად მითითებულია საბავშვო სათამაშო სივრცეები, სპორტული ზონები – ღია მოედნები, სავარჯიშო სივრცეები და სკეიტ პარკები, ამფითეატრი, რეკრეაციული ზონები.
დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები, შიდა და სანაპიროს პრომენადი – სასეირნო ბილიკი, ველოსიპედის ბილიკი, არდაგანის ტბა და „მოცეკვავე შადრევნები“, ცენტრალური შესასვლელის „მოცეკვავე შადრევნები“, ახალი ბულვარის შადრევნები, სანაპიროზე გადასასვლელი ბილიკები.
უნდა დაიგეგმოს ასევე მოზაიკური ფილების მოწყობა-განახლება კოლონადებთან და საზაფხულო თეატრთან. ახალი სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტები. ახალი შენობა-ნაგებობები [I კლასი], სავაჭრო ჯიხურები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები.
არქიტექტურული ობიექტები, მაგალითად საინფორმაციო ცენტრი, ოფისი, პერგოლები და სხვა.
საზოგადოებრივი სანიტარული კვანძები ქალებისა და კაცებისათვის ინდივიდუალური კაბინებით, ადაპტირებული – ღია საშხაპეები, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის განთავსება [ტექნიკის ანგარით].
საინტერესოა, რას უპირებენ იმას, რასაც ამ დრომდე ბულვარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობით აწყობდა, აახლებდა და ასე შემდეგ. გამოდის ბულვარში აღარაფერი ვარგა და ყველაფერი გამოსაცვლელია?
დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია ასევე კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის ფუნქციის შეცვლა, მას ბულვარის მუზეუმად გადააკეთებენ.
ამ შესყიდვის ფარგლებში უნდა მომზადდეს ასევე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტი.
იგეგმება ავტოპარკინგის, სახლ-მანქანების ავტოპარკინგის [ადმინისტრაცია, სან.კვანძები საშხაპეებით და სხვა] ერთიანი იერ-სახის მქონე გასაქირავებელი ობიექტების, შეზლონგებისა და საჩრდილობლის მოწყობა ქოლგებისთვის.
ჩამონათვალში არის ასევე ურნები, სკამები, საჭიროების შემთხვევაში შემზღუდავი ბარიერები [ბოძკინტები], სანათები, სასმელი წყლის შადრევნები, ფურნიტურა, საინფორმაციო მცირე დაფები, სახასიათო ინსტალაციები და ქანდაკებები, საინფორმაციო მონიტორები, მანიშნებლები.
საინჟინრო ინფრასტრუქტურა, გარე განათების სისტემა [როგორც ველობილიკის, ასევე ბულვარის] სარწყავი სისტემა, ელექტრომომარაგების ქსელი, სადრენაჟე, წყალმომარაგება და კანალიზაციის სისტემები, ახალ ბულვარში ღია სანიაღვრე არხის მოწესრიგება, ვიდეო მეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემა.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, დავალება ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო კონცეფციის მომზადებას შემდეგი შემადგენლობით:
- განმარტებითი ბარათი
პროექტის განმარტებითი ბარათი უნდა მოიცავდეს ტერიტორიის წინასაპროექტო შეფასებას ვიზუალური დათვალიერების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის, კომუნიკაციების, მცენარეული საფარის შესახებ, საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების საფრთხეზე და სხვა.
შემოთავაზებული არქიტექტურული გადაწყვეტის აღწერას, ინფორმაციას ძირითადი გამოსაყენებელი [კონსტრუქციებისა და მოსაპირკეთებელი] მასალების შესახებ. უნდა მომზადდეს არსებული სიტუაციის ამსახველი უახლესი ფოტომასალა, სხვადასხვა ხედით.
- არქიტექტურული კონცეფცია
არქიტექტურული კონცეფცია უნდა მოიცავს ტერიტორიის გენგეგმას, საპროექტო ობიექტის სქემატურ გეგმარებას გაბარიტული ზომების მითითებით, სადაც უპირატესობა ენიჭება საკონკურსო კომისიის მიერ მინიჭებული ქულების მაღალ საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს.
საპროექტო ობიექტის სქემატურ ჭრილს [გრძივი და განივი მიმართულებით], საპროექტო ობიექტის ფასადებსა და ესკიზურ განშლას ნიშნულების მითითებითა და მიმდებარე განაშენიანების ჩვენებით.
რეალურ ფოტომასალაზე დამუშავებულ ფოტომონტაჟებს სხვადასხვა ხედით [არანაკლებ 4], ძირითადი ნიშნულების მითითებით [სავალდებულო ფოტომონტაჟების გარდა, პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი ფოტომონტაჟებიც, საკუთარი ნება-სურვილით] 3D აქსონომეტრიულ ხედებს, მასალის, ძირითადი ნიშნულებისა და გაბარიტული ზომების მითითებით.
საინტერესოა, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი ბულვარის დამტკიცებული გენგეგმა ჩასატარებელი სამუშაოების სახელმძღვანელო დოკუმენტად და რატომ გამოაცხადეს 5 მილიონიანი ტენდერი ახალი დოკუმენტის მოსამზადებლად?
ასევე, საინტერესოა, როცა ტენდერი გამოაცხადეს, ჰკითხეს თუ არა აზრი ბათუმის საკრებულოს, რომელმაც ბულვარის განაშენიანების გეგმა არაერთი ცვლილებით დაამტკიცა, როგორც მთავარი დოკუმენტი ბულვარისთვის. სხვათა შორის, ამ დოკუმენტის მოსამზადებლად ქალაქმა ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.
ბათუმის მერიისთვის საპროექტო დოკუმენტის წარდგენა გამარჯვებულ კომპანიას ამ დოკუმენტის ჩაბარების მესამე ეტაპზე ევალება. ეს დოკუმენტი ასევე უნდა შეთანხმდეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთანაც.
გამარჯვებული კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 აგვისტოს უნდა გამოავლინოს.
ბათუმის ბულვართან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების პროტესტის საგანი, მათ შორის იყო 2016 წელს მომზადებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ხეივნის გაუქმებას გეგმავდნენ.






