მთავარი,სიახლეები

„ბლატნოი“ რას ნიშნავს? – „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული პროცესის გამომძიებლები

17.07.2026
„ბლატნოი“ რას ნიშნავს? – „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული პროცესის გამომძიებლები

„როცა დამაკავეთ ღამის სამ საათზე, კარზე დამიკაკუნეთ და მწოლიარე ავდექი, 20 სპეცრაზმელით დამადექით თავზე, კარი გაგიღეთ თუ არა, მაშინვე ძირს დამაგდეთ, წინააღმდეგობა როგორ გაგიწიეთ?“ – ჰკითხა ბრალდებულმა რამაზ ჭ.-მ უფროს გამომძიებელს – ვლადიმერ ნაკაშიძეს. მან დღეს, 17 ივლისს, სასამართლოს ჩვენება მისცა ე. წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან კავშირში მყოფი ბრალდებულების საქმეზე.

უფროსი გამომძიებლის თქმით, რამაზ ჭ.-მ სპეცოპერაციის ჩატარების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთი პოლიციელი დააზიანა. ეს ბრალდებული შუაღამით ორი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ დააკავეს. გამომძიებლის თქმით, რამაზ ჭ.-ს ბავშვები მას დაკავების დროს არ ახსოვს.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა, გელა გელაძემ 2026 წლის 17 მარტს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი. ქალი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი თამარ მიქელაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებულის დედაა, შარაბიძეების დასახლებაში ცხოვრობს, სადაც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა და ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.

უფროსი გამომძიებელი, ვლადიმერ ნაკაშიძე კონკრეტულად რამაზ ჭ.-ს ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა. მისი თქმით, ბრალდებულთან ბინაში ღამით მივიდნენ.

„როგორ გამოიყურებოდა მონაცემები წინასწარ მქონდა… ვუთხარით, რომ განჩინების საფუძველზე ხდება მისი დაკავება“, – თქვა უფროსმა გამომძიებელმა და ჯერ ბრალდებულებს გახედა, მერე დაკავებულების ახლობლებით გადავსებულ დარბაზს.

„ჩხრეკის შედეგად რა ამოიღეთ?“ – გამომძიებელს მიმართა შეკითხვით ადვოკატმა მზია ზოიძემ.

„მობილური ტელეფონი“, – თქვა მოწმემ და აღნიშნა ისიც, რომ ბრალდებულს ჩხრეკის დროს „შორტი ეცვა“.

„რა ეცვა გახსოვთ და ბავშვები რომ უყურებდნენ ამ ყველაფერს, არ გახსოვთ?“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ადვოკატს.

უფროს გამომძიებელს აღარ უპასუხია.

მოწმემ ვერ დააკონკრეტა, რა ფორმით გაუწია წინააღმდეგობა ბრალდებულმა სამართალდამცველებს: „გაძალიანება იყო, მოგვიწია ძალის გამოყენება…“ – დასძინა მოწმემ.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, კიდევ ერთი უფროსი გამომძიებელი, ლიზი ბაჯელიძე იყო. მოსამართლეს ამ მოწმემ უთხრა, რომ მან ვიდეო და აუდიო ჩანაწერები დაათვალიერა და გამოძიებისთვის საინტერესო ეპიზოდები მოინიშნა.

„რას ეხებოდა ეს საქმე?“ – ჩააცივდნენ ადვოკატები უფროს გამომძიებელს.

„არ მახსოვს… ძალიან ბევრი დრო გავიდა, შეიძლება კონკრეტული მონაკვეთი მახსოვდეს“, – თქვა მოწმემ.

„რამდენი წლისაა?“ – უფროსი გამომძიებლის ასაკზე შეკითხვა გაჟღერდა დაცვის მხრიდან.

„2000 წელსაა დაბადებული, მარტივია გამოთვლა“ – ბრალდებულებს გახედა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

ადვოკატებმა იმის წარმოჩენა სცადეს, რომ სინამდვილეში ამ გამომძიებელს არ დაუმუშავებია ჩანაწერები, რაც ახლა ამ საქმის მთავარი მტკიცებულებებია და რაც სხვადასხვა „ქურდულ შეკრებას“ ასახავს.

„დრო რამდენი დაგჭირდათ ამ მასალის სრულად მოსასმენად?“ – ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

„არ მახსოვს“ – მიმართა მოწმემ ადვოკატს.

როგორ დაადგინა გამოძიებამ, რომ კონკრეტული ფინანსური დავა მოქალაქეებს შორის იყო „ქურდული გარჩევა?“ – ამ საკითხზე კითხვები გამომძიებელ დავით ზოიძეს ბრალდებულ გია ლ.-ს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ დაუსვა.

„ისინი არ ამბობდნენ იმას, რომ მოდი, მივმართოთ სასამართლოს… თითოეული მათგანი, ასე ვთქვათ, დალაგებას ცდილობდნენ ქუჩური კანონებიდან გამომდინარე, ასევე, ახსენებდნენ ტერმინებს, მაგალითად, „ბლატნოი“.

„ბლატნოი“ რას ნიშნავს თქვენი გაგებით?“ – გამომძიებელს ჰკითხა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ. სხვა ადვოკატებმაც სცადეს გამოძიების მიდგომის გამოკვეთა: რატომ გვაქვს საქმე „ქურდულ სამყაროსთან“, თუ ვინმე ამბობს, მაგალითად: „მე ბლატნოი ვარ“.

ირაკლი ფაღავას შეკითხვა მოსამართლემ განარიდა. ამ ადვოკატმა გამომძიებელს ისიც უთხრა, რომ ის „ქურდული სამყაროს“ საქმეების პირველი გამომძიებელი იყო აჭარაში, ყველაფერი იცის და „დაპყრობილი აქვს დუნია“:

„ახლა გეკითხებით საქმეზე და არ მახსოვსო, ამბობთ. რაც უნდათ, ახსოვთ, რაც არ უნდათ – არ ახსოვთ“, – მოსამართლეს გახედა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ.

„შეურაცხმყოფელია, როცა მოდიხართ გამომძიებლები და ამბობთ, არ მახსოვს, არ მახსოვსო“, – დაამატა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.

„ამ საქმის მთავარი გამომძიებელი მე არ ვიყავი, ამიტომაც გპასუხობთ ასე“, – მიმართა ადვოკატებს გამომძიებელმა, დავით ზოიძემ.

„აღარ მაქვს კითხვა, აზრი?“ – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ.

ამ საქმეზე დაკავებულებს შორის 38 ბრალდებულის საქმე განიხილება ორ ჯგუფად ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პროკურატურამ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება დაახლოებით ერთი თვის წინ შესთავაზა, თუმცა საპროცესოს მხოლოდ ერთი ბრალდებული დათანხმდა.

საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

__

ამ თემაზე:

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: