დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, „რადისონ ბლუში“, მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ითვალისწინებდა.
კონფერენცია ორგანიზებული იყო „მოტივირებულ პედაგოგთა“ ჯგუფის ავტორი მასწავლებლების – ნატალია თურქაძისა და მზია კახაძის მიერ.
შეხვედრას ასამდე მასწავლებელი ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

მასწავლებლები ბათუმში ფიცრული ტექნოლოგიების კონფერენციაზე/ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, როლანდ შავაძის თქმით, კონფერენციის მიზანია, როგორც სკოლის, ასევე ლექტორ-მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით.
„მე ინგლისურის მასწავლებელი ვარ, მაგრამ ვიყენებ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს შეძლებისდაგვარად. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მოსწავლეები გაჯეტების თაობაა, ბუნებრივია, ჩვენც უნდა მოვერგოთ ამ რეალობას.
მაგალითად, ის აქტივობები, რასაც აქამდე ფიზიკურ გარემოში ვაკეთებდით, გადავიტანეთ ციფრულ რეალობაში – ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ძალიან მარტივად იქმნება უამრავი პლატფორმა, სადაც მასწავლებლის სასწავლო მასალა შესაძლებელია დამუშავდეს და მიეწოდოს ძალიან მარტივად, სხვადასხვა პლატფორმით.
შეუძლებელია დღეს ამ რეალობას გავექცეთ, ამიტომ საჭიროა ადაპტირება: მოვერგოთ, დავნერგოთ და სწორად წავიყვანოთ სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტი“, – ამბობს როლანდ შავაძე.
მას და ასევე სხვა პედაგოგებსაც ვკითხეთ, თუ რა აზრის არიან სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვაზე, რამდენად სწორია ეს და რა გავლენას იქონიებს ის სასწავლო პროცესზე?
როლანდ შავაძის აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.
„ჩემი აზრით, ეს უფრო გაურთულებს მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის ჩატარებას, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცის აკრძალვა არ არის გამოსავალი. ასე თუ ისე, ინტერნეტ სივრცე ბავშვებისთვის არის ფერადი სამყარო და ამ სამყაროს ჩამოაშორო შენ და შავ დაფასთან და თეთრ ცარცთან დასვა თანამედროვე ბავშვი, არასწორი მგონია.
ჩვენ შეგვეძლო გაჯეტები კარგ სასწავლო რესურსად გვექცია და მათი საშუალებით მოგვეწოდებინა ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლება.
ახლა კი, ამ გადაწყვეტილების მიზანია საზოგადოების მორჩილება, რომელიც სკოლის მერხიდანვე უნდათ, რომ მიიღონ. გარდა ამისა, შესაძლოა უფრო აგრესიულებიც კი გახდნენ ბავშვები კლასში და უფრო გაურთულდებათ ეს სიტუაცია. თუ ასე არ უნდათ, მაშინ რაღაც სასწაულები უნდა მოვახდინოთ დაფაზე, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო გახდეს სასწავლო პროცესი.
თუ ტელეფონები არ უნდათ, მაშინ ყველა კლასი სმარტ-დაფებით აღეჭურვათ. ცარცი და დაფა კი, ჯადოქარიც რომ იყოს მასწავლებელი, ვერაფერს ვერ მოახდენს. იმ ეპოქაში, სადაც სასწაულებს სჩადიან ბავშვები – კოდირებებს წერენ და გამომგონებლობით არიან გატაცებული, ცარცით ვეღარ დავაინტერესებთ. სამინისტრო ცდილობს, რომ ჩვენი პროგრესული თაობა უკან გადასწიოს, ერთი საუკუნით“, – ამბობს როლანდ შავაძე.

ციფრული ტექნოლოგიების კონფერენცია ბათუმში მასწავლებლებისთვის.
თეა გაგუა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში ასწავლის ისტორიას, სკოლაში ინოვაციური ჰაბიც აქვს და ამბობს, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ძალიან აქტიურად იყენებს სასწავლო პროცესში.
„ისტ-ჯგუფი გაწევრიანებული არიან მოსწავლეები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ ამ მიმართულებით. დოკუმენტურ ფილმებს ვიღებთ რა თქმა უნდა, ისტორიული კონტექსტით.
აქტიურად მუშაობენ ბავშვები PowerPoint-შიც, საერთოდ ნებისმიერი მიმართულებით, რაშიც კი შეიძლება გამოიყენო ტექნოლოგია და მეც, ჩემს მრავალწლიან პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებდი ყოველთვის ამ მიმართულებას“, – ამბობს თეა გაგუა.
ამის მიუხედავად, თეა ამბობს, რომ ხარისხიანი ინტერნეტის ქონა სკოლებში, მაინც რჩება გამოწვევად. „ინტერნეტზე მაინც გვაქვს ხოლმე ხარვეზი, მაგრამ ჩემი სკოლა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
ტელეფონების აკრძალვას რაც შეეხება, მე ოფიციალურად ვეწინააღმდეგები ამ მოსაზრებას – ჩემს გაკვეთილზე აქტიურად ვიყენებ ტექნოლოგიებს. ამიტომ, ეს მეც შემიქმნის პრობლემას და დიდი დისკომფორტი იქნება.
მე, პირადად, ტელეფონის არამიზნობრივად გამოყენების უფლებას მოსწავლეს არ ვაძლევ. ამიტომ ჩამორთმევის დებულებას ვეწინააღმდეგები“, – ამბობს თეა გაგუა.

თინათინ გიორგაძე ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მისი კოლეგების მსგავსად მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების იგნორირებით სასურველი შედეგების მიღწევა დღეს გაკვეთილზე შეუძლებელია.
„იმისთვის, რომ შინაარსი აქტუალური გახდეს მოსწავლისთვის, მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი გზებისა და ხერხების გამოყენება და ამაში გვეხმარება სწორედ ტექნოლოგიები.
ჩვენს დღევანდელ კონფერენციასაც AI ტექნოლოგიების ხელშეწყობით პედაგოგიური წარმატებების მიღწევის კონტექსტში განიხილავენ ჩვენი კოლეგები, მოხსენებებიც აღნიშნულ შინაარსს მიემართება. ეს იმდენად ბუნებრივი და ჩვეულებრივი პროცესია, რომ შეუძლებელია სხვა მხარე აღმოვაჩინოთ“, – ამბობს თინათინ გიორგაძე.
მისი აზრით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მასწავლებლების ნაწილი მომხრეა სკოლაში მობილურების გამოყენების და ამას მხარი განათლების სამინისტრომაც აუბა.
„ოდესღაც პრეისტორიულ სამყაროშიც ვცხოვრობდით, მაგრამ ახლა ციფრულ ეპოქაში ვართ. ამიტომ ეს ვერ იქნება არგუმენტი, რომ ადრე არ გვქონდა მობილურები, მაგრამ მაინც ვატარებდით თურმე გაკვეთილებს. ზოგჯერ მასწავლებლებს უჭირთ წამოეწიონ საკუთარ მოსწავლეებს განვითარებაში – ჩვენი მოსწავლეები დღეს უდიდესი ღია ინფორმაციის ველში იბადებიან და იწვრთნებიან.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელთა კომპეტენციები პასუხობდეს მოსწავლეთა საჭიროებებს“, – ამბობს თინათინ გიორგაძე.
ვესაუბრეთ კიდევ ერთ პედაგოგს ხობიდან – ნინო ჯიშკარიანს, რომელიც მათემატიკის მასწავლებელია. მისი თქმით, მათემატიკაში ძალიან ბევრი აქტივობის გაკეთება შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიებით, მაგრამ სკოლას არა აქვს კომპიუტერები.
„გვინდა პროექტორი, გვინდა კომპიუტერები, რომ შეიყვანო ბავშვი და რაღაც აჩვენო, ხომ? ბევრი თვალსაჩინოება ბავშვს უხარია. მით უმეტეს, როცა ყველაფერი ვიზუალიზაციაზეა გადასული. ტექნოლოგიები კი ნამდვილად ეხმარება ბავშვს, რომ კარგად გაიაზროს მასალა“, – გვეუბნება ნინო ჯიშკარიანი.






