მთავარი,სიახლეები

„დაუყოვნებლივ უზრუნველყავით საქმის ეფექტიანი გამოძიება“ – ქალთა მოძრაობის განცხადება

16.07.2026
„დაუყოვნებლივ უზრუნველყავით საქმის ეფექტიანი გამოძიება“ – ქალთა მოძრაობის განცხადება

 „ქართა მოძრაობა“ ნატა ვიბლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საქმის დამოუკიდებელი, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება.

განცხადება დღეს, 16 ივლისს გავრცელდა ორგანიზაციის ფეისბუქზე.

„ქალთა მოძრაობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ნატა ვიბლიანს, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა და საჯაროდ ისაუბრა ბავშვობაში მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.

ბავშვზე სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, ყველაზე დაფარული დანაშაულია. საქართველოში დღემდე უცნობია მისი რეალური მასშტაბი, რადგან სახელმწიფოს არ შეუქმნია პრევენციის, გამოვლენისა და გადარჩენილთა მხარდაჭერის ეფექტიანი სისტემა. მეტიც, ბოლო წლებში თანმიმდევრულად იზღუდება იმ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა და რესურსები, რომლებიც ბავშვთა და ქალთა უფლებებს იცავენ და ძალადობაგამოვლილ ადამიანებს დახმარებას უწევენ. ეს გარემო ხმის ამოღებას კიდევ უფრო ართულებს.

ნატას მონათხრობი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: დუმილი არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ მომხდარა. დუმილი ხშირად ტრავმის, შიშის, სირცხვილის თავსმოხვევის, საზოგადოებრივი ზეწოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის შედეგია. სწორედ ამიტომ, თითოეულ ხმას, რომელიც დუმილს არღვევს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მოვუწოდებთ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საქმის დამოუკიდებელი, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება;
  • გამოიკვლიონ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული ყველა გარემოება და ფაქტი;
  • გამოძიების ყველა ეტაპზე დაიცვან დაზარალებულზე ორიენტირებული და ტრავმაზე მგრძნობიარე მიდგომა – მათ შორის, თავიდან აიცილონ ხელახალი ტრავმირება განმეორებითი დაკითხვებითა და არასაჭირო პროცედურებით;
  • მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ნატა ვიბლიანის უსაფრთხოების, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად;

დროულად და სრულად მიაწოდონ დაზარალებულ მხარეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

მოვუწოდებთ მედიას, გააშუქოს ეს საქმე ეთიკური სტანდარტების დაცვით – სენსაციურობის, ტრავმული დეტალების ტირაჟირებისა და დაზარალებულის ხელახალი ტრავმირების გარეშე.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, გვერდით დაუდგეს ნატას და არ გახდეს მისი დადანაშაულების, დისკრედიტაციისა თუ გაჩუმების მცდელობების ნაწილი. მსხვერპლის დადანაშაულება სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ძალადობას წლების განმავლობაში უხილავად ტოვებს.

ქალთა მოძრაობა ნატა ვიბლიანისა და ყველა ძალადობაგამოვლილი ქალისა და ბავშვის გვერდით დგას. გვჯერა, რომ ნატას გამბედაობა ბევრ ადამიანს მისცემს ძალას, დაარღვიოს დუმილი, დაიბრუნოს საკუთარი ხმა და მოითხოვოს სამართლიანობა“-ნათქვამია განცხადებაში.

ნატა ვიბლიანმა საკუთარი ისტორიის გაზიარება სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, იუთუბზე, თამუნა მუსერიძის გადაცემაში – “ვეძებ”,  მან დეტალურად ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე.

როგორც ის ჰყვება, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 8-9 წლის ასაკში, ის გააუპატიურა ოჯახის ახლობელმა კაცმა – ნათლიის ძმამ, რომელიც მაშინ სრულწლოვანი იყო. ქალი ამბობს, რომ მასზე სისტემური სექსუალური და ფიზიკური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: