მთავარი,სიახლეები

ბელგიის საგარეო მზია ამაღლობელზე – „პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია“

07.03.2025 •
ბელგიის საგარეო მზია ამაღლობელზე – „პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია“

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმეს  ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.

„ამ კვირას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის სასამართლო დაიწყო საქართველოში. რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გვაშფოთებს და ვთვლით, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.

ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას.

პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია“ – ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა “X”-ზე ეს განცხადება გუშინ, 6 მარტის საღამოს გამოაქვეყნა, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პლატფორმა “X”-ზე

მზია ამაღლობელის პატიმრობის საქმეს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც 3 მარტს, სასამართლო სხდომის წინა დღეს.

„ქართველი ჟურნალისტი ამაღლობელი ხვალ სასამართლოს წინაშე წარდგება, პატიმრობაში ყოფნიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ, ვინც იცავს თავისუფლებას“, – ნათქვამი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ რეპრესიულმა სასამართლომ 4 მარტს ისევ პატიმრობაში დატოვა. შემდეგი მოსმენა 18 მარტს არის ჩანიშნული.

______________________________

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი].

სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: