მთავარი,სიახლეები

სტალინმა არ იცოდა? – რა როლი ჰქონდა ტირანს 1937-38 წლების რეპრესიებში

29.07.2024 •
სტალინმა არ იცოდა? – რა როლი ჰქონდა ტირანს 1937-38 წლების რეპრესიებში

1937 წლის ივლისში იოსებ სტალინმა, რომელიც იმ დროისათვის იკავებდა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტს, სახალხო კომისარს, ნიკოლაი ეჟოვს დაავალა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში დაეწყოთ რეპრესიები.

რეპრესიები ეხებოდა ყველას, ვისაც საბჭოთა ხელისუფლება სისტემისთვის მიუღებლად მიიჩნევდა. 1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება №00447.

ეჟოვის ბრძანებაში დასაპატიმრებელი ადამიანები ორ კატეგორიად დაჰყვეს.

პირველი კატეგორიით ვისაც ასამართლებდნენ, ეს ნიშნავდა, რომ ამ ადამიანებს ხვრეტდნენ, ხოლო მეორე კატეგორიის მიხედვით დაპატიმრებულებს გადასახლებაში უშვებდნენ მრავალი წლით. გადასახლებულები ძირითადად შრომა-გასწორებით კოლონიებში ხვდებოდნენ, მათი ნაწილი იქვე იხოცებოდა მძიმე სამუშაო პირობების გამო.

ინტერნეტში, ღია წყაროებში ხელმისაწვდომია ეჟოვის ბრძანების ასლი. ამ ბრძანების თანახმად, ყველა მოკავშირე რესპუბლიკას (საბჭოთა კავშირი შედგებოდა ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებისგან. ეს იყო წითელი არმიის მიერ ძალით გასაბჭოებული დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო).

ამ ბრძანების თანახმად, პირველივე ჯერზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში 5 ათასი ადამიანის კვოტა გამოიყო. აქედან 2 ათასი პირველი კატეგორიით უნდა გაესამართლებინათ, ხოლო 3 ათასი მეორე კატეგორიით, ანუ გადაესახლებინათ.

  • განსაკუთრებული სამეული ე.წ. ტროიკა

1937-38 წლებში დახვრეტილ ადამიანების დახვრეტის ოქმებს ხელს სულ რამდენიმე ადამიანი აწერდა.

„საქართველოში 1937 წლის 7 ივლისს ლავრენტი ბერიას ბრძანებით შეიქმნა განსაკუთრებული სამეული, რომლის წევრებიც იყვნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე აქვსენტი რაფავა, საქართველოს რესპუბლიკის პროკურორი ილარიონ ტალახაძე და მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსი შალვა წერეთელი.

განსაკუთრებულმა სამეულმა 1938 წლის ოქტომბრის ჩათვლით იმუშავა. მისი შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა.

აქვსენტი რაფავა მისმა შეფმა, საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა სერგო გოგლიძემ ჩაანაცვლა. ხშირად, როდესაც გოგლიძე ვერ ახერხებდა სამეულის სხდომაში მონაწილეობას, მას ანაცვლებდა შინსახკომის მეოთხე განყოფილების უფროსი ბოგდან ქობულოვი. სამეულის მუშაობაში, მისი შექმნის პირველი დღიდან ბოლო დღემდე, სრულად მონაწილეობდა სამეულის სხდომის მდივანი, შინსახკომის მე-8 განყოფილების უფროსი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მოროზოვი.

გოგლიძის და ბერიას მოსკოვში გადაყვანის შემდეგ სამეულის თავმჯდომარე კანდიდ ჩარკვიანი გახდა, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი,“ – ჰყვება ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი 1937-38 წლების საბჭოთა ტერორის აღმასრულებლების შესახებ.

სამეული საოცარი სისწრაფით მოქმედებდა. შედარებისთვის, დღეს, როცა ადამიანს რაიმე დანაშაულში დასდებენ ბრალს, სასამართლო მის საქმეს თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც კი განიხილავს. 1937-38 წლებში კი ადამიანების ბედს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, განსაკუთრებული სამეულის ე.წ. ტროიკის მეშვეობით, წუთებში წყვეტდნენ.

ამის საილუსტრაციოდ და მასშტაბის აღსაქმელად ისტორიკოს დავით ჯიშკარიანს 1937 წლის ერთი კონკრეტული დღის ოქმი მოჰყავს.

„1937 წლის 21 დეკემბერს სამეულმა 350 ადამიანი გაასამართლა, აქედან პირველი კატეგორიით – 102, ხოლო მეორე კატეგორიით – 248 ადამიანი. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ სამეულის წევრებმა 24 საათიანი მუშაობის შემთხვევაში (რაც, რასაკვირველია, შეუძლებელი იყო) ადამიანის ბედის გადაწყვეტაზე საშუალოდ 4 წუთი და 11 წამი დახარჯეს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სამეულის მუშაობა ხშირ შემთხვევაში კონვეიერული პრინციპით ხდებოდა,“ – აღწერს „ტროიკის“ მუშაობის პროცესს ისტორიკოსი.

  • ბრძანება №00447-ის შედეგები

ისტორიაში დიდი ტერორის სახელით შესული პერიოდის შემოქმედი იყო იოსებ სტალინი და ასევე კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრები.

1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოცემული  ბრძანება №00447-ის საფუძველზე დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში.

განსაკუთრებულმა სამეულებმა ე.წ. ტროიკამ, რომელიც იყო არასასამართლო, არაკონსტიტუციური ორგანო, ათიათასობით ადამიანს სასამართლოს გარეშე გამოუტანეს დახვრეტის განაჩენი.

სხვადასხვა წყაროს ვარაუდით, 1937-38 წლებში მთელ საბჭოთა კავშირში დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს, რომელთაგან 725 ათასი სასამართლოს გარეშე, ე.წ. სამეულების მიერ გამოტანილი განაჩენებით დახვრიტეს.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას დაწესებული ჰქონდა ლიმიტი, თუ რამდენი ადამიანი უნდა დაეპატიმრებინათ და დაეხვრიტათ.

1937-38 წლებში საქართველოში სტალინის სისხლიან რეპრესიებს ემსხვერპლა დაახლოებით 29 051 ადამიანი, აქედან 14 372 ადამიანი დახვრიტეს, ხოლო 14 679 პირი სხვადასხვა ადგილას გადაასახლეს.

საქართველოსთვის ასევე შედგენილი იყო ე.წ. სტალინური სია. ამ სიაში შედიოდა 3 600 ადამიანი. ამ სიიდან 3 500 ადამიანი დახვრიტეს, ასი ადამიანი კი გადაასახლეს.

სტალინის მიერ ხელმოწერილი სიების შესახებ, რომლითაც უდანაშაულო ადამიანები სიკვდილით დასაჯეს, პირველად 1956 წელს გახდა ცნობილი ნიკიტა ხრუშოვის მოხსენებიდან, რომელიც მან კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე წაიკითხა. თუმცა ეს სიები ამ მოხსენებიდან კიდევ 50 წელი არ იყო ხელმისაწვდომი მკვლევრებისთვის.

  • რატომ იცოდა სტალინმა ყველაფერი რეპრესიების შესახებ

იოსებ სტალინმა, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო, თუმცა თავს აიდენტიფიცირებდა როგორც რუსი, თავად შექმნა რეპრესიული სისტემა.

სტალინმა მისცა ბრძანება ნიკოლაი ეჟოვს, რომელი ბრძანებაც გახდა საფუძველი 1937 წლის სისხლიანი რეპრესიების.

სტალინის უშუალო ზედამხედველობით შეიქმნა არასასამართლო, არაკონსტიტუციური ე.წ. ტროიკა, რომელიც კონვეიერული სისტემით ანადგურებდა ადამიანებს.

არსებობს სტალინის მიერ ხელმოწერილი ათასობით დოკუმენტი – დასახვრეტთა სია, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანების.

დოკუმენტურად დადასტურებულია ამ სიებზე სტალინის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სტალინმა იცოდა, ვის ხვრეტდნენ და რატომ.

„სტალინური სიების მიხედვით, 1937-38 წლებში რეპრესირებული იქნა 3600 ადამიანი. მათგან 3500 – პირველი კატეგორიით, ანუ დახვრეტით და მხოლოდ ასი ადამიანი, ძირითადად ქალები, იყვნენ გადასახლებულები, რომელთა უმეტესობა დაიღუპა გადასახლებაში.

სტალინის სიებით ჩატარებული რეპრესიების მიხედვით,   იყო ერთ-ერთ პირველ ადგილზე მოკავშირე რესპუბლიკებს შორის.

პროცენტულად, სტალინის სიებით, საქართველო იყო მესამე ადგილზე რუსეთის და უკრაინის შემდეგ. თუ გავითვალისწინებთ სტალინის სიების შეფარდებას პროცენტულად მოსახლეობის რაოდენობასთან, საქართველო იყო პირველ ადგილზე.

უკვე ამით შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში რეპრესიები აღწევდა უზარმაზარ მასშტაბს.

ეს იყო განპირობებული პირადად სტალინის დამოკიდებულებით ძველი ქართველი ბოლშევიკების და უშუალოდ ქართველი ხალხისადმი. მას სურდა მოესპო არამხოლოდ ძველი ქართველი ბოლშევიკები, არამედ ყველა ადამიანი, ვინც მათთან იყო დაკავშირებული: მათი ნათესავები, მეგობრები, მათ მიერ თანამდებობებზე დაწინაურებული ხალხი. მთლიანად, დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი იქნა განადგურებული საქართველოში სტალინური რეპრესიების დროს,“ – ამბობს საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი გიორგი მამულია.

  • ოჯახების რეპრესიები

ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ რეპრესიებს ჰქონდა კოლექტიური ხასიათი.

„გასამართლებული ადამიანი კარგავდა საკუთრების უფლებას, მისი საკუთრება კონფისკაციას ექვემდებარებოდა. ჩამორთმეულ სახლებსა და ბინებში სხვა ადამიანებს ასახლებდნენ. პირად ნივთებს ხშირად სპეციალურ ადგილას ყიდდნენ, სადაც მათი შეძენის უფლება მხოლოდ შინსახკომის თანამშრომლების ოჯახების წევრებს (ძირითადად, მათ ცოლებს) ჰქონდათ. მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ გასამართლებულთა ოჯახის წევრებიც. ცოლებს, ქმრის დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, ასევე ასახლებდნენ შრომა-გასწორებით კოლონიებში.  მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ შვილებიც“, – აღნიშნავს ისტორიკოსი.

ასიათასობით ადამიანის ცხოვრების განადგურების მიუხედავად, სტალინს არასდროს უღიარებია მისი დანაშაული. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია დაიწყო სტალინის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ. რეპრესირებულთა ცოცხლად დარჩენილი ოჯახის წევრები იღებდნენ ფარატინა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ მათი წინაპრების წინააღმდეგ წაყენებული ბრალი ანულირებული იყო.

სტალინური რეპრესიების შესახებ ცალკეული ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ “ბათუმელებზე”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: