მთავარი,სიახლეები

რელიგიის სააგენტო საბჭოთა KGB-ს პოლიტიკის კლონია, ანუ როცა სტალინი ისევ ცოცხალია – ინტერვიუ

04.02.2024 •
რელიგიის სააგენტო საბჭოთა KGB-ს პოლიტიკის კლონია, ანუ როცა სტალინი ისევ ცოცხალია – ინტერვიუ

სტალინის მმართველობისას სასულიერო პირებს დევნიდნენ, ავიწროებდნენ, ხვრეტდნენ და უკეთეს შემთხვევაში მრავალწლიან გადასახლებაში უშვებდნენ.

სტალინური ტერორის წლებში ასობით ტაძარი გაანადგურეს, დახურეს, საწყობებად და საქონლის სადგომებად გადააკეთეს.

„ჩვენ ორ სტალინს ვიცნობთ ისტორიაში – ერთი არის 1943 წლამდე სტალინი, მეორე არის 1943 წლის შემდეგ“, – გვითხრა ინტერვიუში ვლადიმერ ნარსიამ.

ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეილორის უნივერსიტეტში მუშაობს არქივში და საბჭოთა კავშირში რელიგიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს სწავლობს.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომლის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

„1943 წლამდე სტალინი ცდილობს დაამტკიცოს ერთგულება ლენინის იდეების მიმართ. ლენინის იდეა გახლავთ ის, რომ რელიგია არის ძირითადი მტერი იმ იდეოლოგიისა, რომელსაც ის ქმნის.

ლენინი ქმნის სრულიად ახალ, სოციო-პოლიტიკურ იდეას, რომელიც ვერ ჰგუობს რელიგიას, რადგან ეს იდეა ტოტალიტარული კონტროლის პრეტენზიით გამოდის. ტოტალიტარული კონტროლი გულისხმობს იმას, რომ სხვა რაიმე ტიპის იდეოლოგია არ უნდა არსებობდეს მის გვერდით. ტოტალიტარიზმის ექსკლუზიური უფლებაა, რომ მხოლოდ მან გააკონტროლოს საზოგადოება.

ლენინის გარდაცვალების შემდეგ, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებით სტალინი უმტკიცებს პარტიის დანარჩენ წევრებს, რომ ის არის ლენინის იდეების ერთგული.

1943 წელს კი იცვლება ვითარება და სტალინი გადაწყვეტს, რომ ხელი შეუწყოს რელიგიის რეაბილიტაციას.

რა არის აქ ყველაზე მთავარი ამბავი? სტალინი ხვდება, რომ რელიგიის გაქრობა შეუძლებელია და ძალიან დიდი მარცხიც კი შეიძლება იყოს.

სტალინი კი მიხვდა, რომ რელიგიის გაქრობით შეიძლება დაკარგოს იდეოლოგიური ბერკეტები მასებზე, ამიტომ ის ცვლის ამ პოლიტიკას და 1943 წელს იბარებს სამ სასულიერო პირს თავისთან (აქედან ორი შემდეგ პატრიარქი ხდება), შეხვედრას ესწრება უშიშროების კომიტეტის მდივანი კარპოვი და აყალიბებს საკუთარ ეკლესიას.

საკუთარი ეკლესია ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ სტალინი გადაწყვეტს რელიგიური ფაქტორებით, რომელიც [ტოტალიტარიზმის] ბუნებისთვის არის მნიშვნელოვანი, შეძლოს საზოგადოების იდეოლოგიური გაერთიანება.  ეს ფაქტორები და ბუნება გამოიყენეს, მაგრამ მასში სრულიად ახალი სული ჩასვას, ჩადგას – ეს არის სტალინისტური ეკლესია.

ახლა ფულბრაიტის პროგრამით ვარ აშშ-ში. ვმუშაობ ბეილორის უნივერსიტეტში მდებარე უნიკალურ, კესტონის არქივში. კესტონის არქივი დაარსებულია დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში და 2009 წლამდე იყო იქ. შემდეგ გადმოიტანეს აშშ-ში, ბეილორის უნივერსიტეტში. ეს არქივი საინტერესოა იმით, რომ თავს უყრის საბჭოთა პერიოდში არსებულ ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ეხება უშუალოდ რელიგიას.

სტალინი 1943 წლის შემდეგ ქმნის საბჭოთა, წითელ ინტელიგენციას, წითელ სამღვდელოებას, წითელ იერარქიას.

ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაშინდელი კაგებე. ხოლო შემდეგ მისი სხვადასხვა ვერსიები  – რუსული სპეცსამსახურები იქნება ეს თუ რუსეთის გავლენების ქვეშ არსებულ ქვეყნებში არსებული უშიშროების სამსახურები, რომლებიც მაქსიმალურ კონტროლს აწესებენ რელიგიაზე.

რატომ არის ეს ჩვენი დღევანდელი დღე ან გუშინდელი წარსული? – იმიტომ, რომ საქართველოშიც შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არსებითად არის ზუსტად კლონი იმ საბჭოთა პოლიტიკის, იმ კაგებეს პოლიტიკის, რომელიც შექმნა სტალინმა. კესტონის არქივში არის შესანიშნავი მასალები, მაგალითად, კარპოვის მოხსენება რელიგიის საკითხებზე.

ამ დოკუმენტების გაცნობა ერთი-ერთზე გიჩვენებს, თუ რამდენად ჰგავს კაგებეს პოლიტიკური ტექნოლოგია, რელიგიასთან დაკავშირებით დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების და რელიგიის სააგენტოს პოლიტიკას რელიგიასთან დაკავშირებით.

გაგაოცებთ რა მზაკვრული გეგმით მოქმედებს კაგებე რელიგიის სფეროში. ერთი მხრივ თითქოს ურთიერთობებში შედის დასავლურ ინსტიტუციებთან – ამყარებს კავშირებს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის სხვადასხვა რელიგიურ ცენტრებსა და ორგანიზაციებთან. რუსეთში, მოსკოვში იწვევს დასავლური რელიგიური პლატფორმების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს ალიბისთვის, რომ თითქოსდა რუსეთში კაგებეს მიერ მართული რელიგიის პოლიტიკა არის მრავალფეროვნების და რელიგიური თავისუფლების დამცველი პოლიტიკა.

ზუსტად იმავეს აკეთებს დღეს რელიგიის სააგენტო.

თუ მათ საჯარო აქტივობას მიადევნებ თვალს, ერთი შეხედვით ეს ორგანიზაცია არაფერ ცუდს არ აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ალიბი. რეალურად ეს ორგანიზაცია ზუსტად იმას აკეთებს, რასაც აკეთებდა კურედოვის, კარპოვის და კაგებეს დროინდელი ინსტიტუციები. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მომხდარიყო დაახლოება საქართველოში არსებულ მცირე რელიგიურ ჯგუფებთან. გაეკონტროლებინა ისინი მაქსიმალურად.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ როცა საჭიროა ამ მცირე რელიგიურმა ჯგუფებმა გამოხატონ პროტესტი სახელმწიფოს ან ეკლესიის მხრიდან არასწორ რელიგიურ პოლიტიკაზე, ასეთ შემთხვევაში ისინი შებოჭილები არიან რელიგიის სააგენტოსთან ამ მჭიდრო ურთიერთობების გამო.

ვლადიმერ ნარსია

ეს მჭიდრო, ვითომ ურთიერთობა აგებულია იმაზე, რომ ისინი ფინანსდებიან და ეს ფინანსები ერთგვარი პრობლემაა თავისუფალი სიტყვის, მათი პროტესტის გამოხატვის გზაზე.

ეს მნიშვნელოვნად აზიარებს დემოკრატიულ პროცესს და თავად ამ რელიგიურ მცირე ორგანიზაციებს, რადგან მათ რეალურად პრობლემები რომ შეექმნათ, ხმის ამომღები არავინ აღარ იქნება.

ეს არის სტალინისეული პოლიტიკა, რომელიც წარსული კი არ არის, არამედ დღესაც არსებობს ამ ქვეყანაში.

დღეს თუ ვლაპარაკობთ სტალინზე, არ ვლაპარაკობთ წარსულზე, არამედ ვილაპარაკოთ სტალინზე, რომ მისი სახით საფრთხე არის ყველაზე ხილული ჩვენს რეალურ პოლიტიკაში.

სტალინი კი არ მოკვდა, ჩვენი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სტალინი ცოცხალია.

ცოცხალია ის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა თუ პირების წარმოდგენებში. ათასგვარი მითების საშუალებით მათ სურთ გააცოცხლონ სტალინი, უპირველეს ყოვლისა ყველაზე წმინდა სივრცეში – ეკლესიაში.

რატომ შემოჰყავთ ის ამ სივრცეში?

იმიტომ, რომ საზოგადოებამ ამ გზით დაინახოს, რომ სტალინი ბოროტება კი არ იყო, ეს ყველაფერი მოიგონა დასავლეთმა, ამერიკამ თუ ვიღაცამ და რეალურად სტალინი იყო ღირსეული ადამიანი.

სრული ინტერვიუ ვლადიმერ ნარსიასთან წაიკითხეთ აქ:

„როდის შეწყვიტა სტალინმა რელიგიის გაქრობის პოლიტიკა და როგორ გაჩნდა წითელი სამღვდელოება – ინტერვიუ“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: