მთავარი,სიახლეები

8 მარტს ბათუმში ქალების მარში გაიმართება – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“

07.03.2025 •
8 მარტს ბათუმში ქალების მარში გაიმართება – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“

„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ – 8 მარტს, საღამოს 6 საათზე, ბათუმში ქალების მარში იგეგმება.

მარშის მონაწილეები მსვლელობას გამოცემა „ბათუმელების“ ოფისიდან დაიწყებენ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად.

„ბათუმელი ქალები ვერთიანდებით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!

ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს და ეს ხმა შენია!
2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმართან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს.

მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ დიქტატურასა და პოლიციურ რეჟიმს, რომელსაც ტყვედ ჰყავს უდანაშაულო ადამიანები, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე.

სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები ვიკრიბებით ბათუმში, „ბათუმელების“ რედაქციასთან და ვმართავთ საპროტესტო მარშს – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში, ფეისბუქზე.

4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი.

განჩინებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. „პუტინის სასამართლო“, „მონებო“, „სირცხვილია, სირცხვილი“, – სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები.

„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, – თქვა გუშინ, 4 მარტს სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა.

გუშინ, 4 მარტს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელის საქმეში დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

მოსამართლემ მტკიცებულებებიდან ამორიცხა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სილის გაწვნიდან რამდენიმე წამში ირაკლი დგებუაძეს ლოყა გაწითლებული არ ჰქონდა.

ადვოკატების თქმით, „სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში“.

ამავე თემაზე:

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: