მთავარი,სიახლეები

„თქვენ გავიწყდებათ, რომ ჩვენ აქ არც ერთი არ ვართ ნასამართლევი“ – ზვიად ცეცხლაძე მოსამართლეს

07.03.2025
„თქვენ გავიწყდებათ, რომ ჩვენ აქ არც ერთი არ ვართ ნასამართლევი“ – ზვიად ცეცხლაძე მოსამართლეს

6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ორი თვეა, რაც შეუდგა, აქციის მონაწილეების საქმე კი გუშინ დაეწერა. მიუხედავად ამისა, შვანგირაძე ირწმუნებოდა, რომ 13-ტომიანი საქმის გაცნობა მოასწრო.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე. მან გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 11 სინდისის პატიმარი კვლავ ციხეში დაეტოვებინა 10-საათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ აქციის მონაწილეებს შორისაა ბათუმელი, 19 წლის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლო პროცესზე ზვიად ცეცხლაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლესა და პროკურორებს. მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რატომ მიიჩნევს აბსურდულად ბრალდებას ჯგუფურ ძალადობაზე.

„ბათუმელები“ გთავაზობთ ზვიად ცეცხლაძის მიერ სასამართლოში წარმოთქმული სიტყვიდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს.

„ჩემთვის, როგორც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტისთვის, სავსებით გასაგებია, რომ ეს სასამართლოები მომავალში იქცევა ქეისად, შესაბამისად, ნებისმიერი მხრიდან, დაცვის თუ ბრალდების, მოსამართლის მხრიდან, ნებისმიერი ქმედება, იქნება სამაგალითო შემდგომი თაობებისთვის, რომელსაც მეც წარმოვადგენ და რომლებიდანაც უნდა დადგნენ ახალი ადვოკატები, პროკურორები და ა.შ.

მსურს ბრალდების მხარეს მივმართო და გარკვეული ფორმით დავსვა კითხვა და პასუხს გამცემენ თუ არა, ეს უკვე მათი სურვილი იქნება.

იყო ნახსენები, რომ არ არის აუცილებელი ერთმანეთს იცნობდნენო [ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები].

აქ მსურს ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი. მუხლი, რომელსაც მე მედავებიან, არის 225, რაც გულისხმობს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, რომელსაც მოჰყვება გარკვეული ზარალი და კონკრეტულად ქვეთავი, რომლითაც მედავებით, ეს არის ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზება.

ზოგადად, სიტყვა “ჯგუფი” მიუთითებს თავისი შინაარსით იმისკენ, რომ არის რაღაც ცენტრალიზებული და პლუს ამას, როდესაც ნათქვამია, რომ რაღაცას სჭირდება ორგანიზება, სადაც არის ნახსენები ორგანიზაცია, შეუძლებელია, რომ ამ ჯგუფში, ორგანიზაციაში არსებული ელემენტები არ იყვნენ ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ დაკავშირებულები, რომ მათ შორის კომუნიკაცია – მინიმუმ, ან ნაცნობობა არ არსებობდეს.

თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაშინ ამ დანაშაულებს ჩვენ ჯგუფის სახით კი არ უნდა გვედავებოდეთ, არამედ ინდივიდუალური სახე უნდა ჰქონდეს ამ შედავებას.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჯგუფზე, მაშინ მინიმუმ ფსიქოლოგიური განზრახვა უნდა არსებობდეს იმისა, რომ ჩვენ, კოლექტიურად, ერთად რაღაც კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ.

ზოგადად, ინდივიდუალიზმის პრინციპი არსებობს. შეიძლება ერთი ადამიანისადმი ან ერთი ინდივიდისადმი ორ სხვადასხვა ადამიანს ჰქონდეს ერთნაირი განზრახვა ერთმანეთის დამოუკიდებლად… ამას სასამართლო განიხილავს, როგორ ორ ინდივიდუალურ საკითხს და არ შეიძლება ინდივიდუალიზმი გაიბლაროს და კოლექტიურად იქნეს ორი ადამიანის ან რამდენიმე ადამიანის ქმედება განხილული.

…თუ ჩვენ აქ ინდივიდუალიზაციას არ ვიცავთ და ბრალდების მხარე ამბობს, რომ ეს არის ჯგუფური, პლუს ამას, ამბობს, რომ არ არის აუცილებელი, რომ ჩვენს [ბრალდებულებს] შორის იყოს რაიმე მკაფიო ნაცნობობა ან თანაორგანიზება, მაშინ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმ დღეს აქციაზე იყო… მსგავსი ფორმულირებით აბსოლუტურად ნებისმიერზე შეიძლება შეიქმნას ჯგუფური ძალადობის იარლიყი.

მაშინ, იქ გამოსული 20 ათასი ადამიანი არის ძალადობრივი, ჯგუფური ქმედების თანამონაწილე.

თქვენ ახსენეთ ბარიკადები და ბარიკადებს მართლა ჰქონდა ადგილი. მე არ შევალ განხილვაში, თუ ვის რატომ დასჭირდა ბარიკადები, ჩემი აზრით ეს იყო თავდაცვის მიზნით, მაგრამ მოცემულობა არის, რომ ბარიკადები გარკვეული პროტესტის დროს, გარკვეულ ადგილას გაკეთდა. ამ ბარიკადების შექმნაში თუ ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, სიტყვაზე, ერთმა მოიტანა ერთი აგური, მეორემ – მეორე აგური, მაგრამ თუ არ არსებობდა შეთანხმებული, ორგანიზებული, წინასწარ განზრახული ქმედება და ნარატივი, მაშინ ეს ადამიანები შეუძლებელია განხილულები იყვნენ, როგორც ერთი ძალადობრივი ჯგუფის წევრები.

…ის სხვა ამბავია, რომ შეიძლება ადგილზე გაიცნეს ერთმანეთი, შეიძლება – არა, მაგრამ თქვენი მხარე უბრალოდ ვერ ადასტურებს იმას, რომ ადგილზე გაცნობის რაიმე საშუალება მაინც არსებობდა ან ჩვენ ერთ გარკვეულ სივრცეში ერთდროულად რაიმე მომენტში მაინც თანავარსებობდით. ამის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია ჯგუფს ერქვას ორგანიზაციული.

ახსენეთ მიმალვის საფრთხე და ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანეთ ის, რომ თვითონ სისხლის სამართლის მუხლი არის მძიმე… თქვენ გავიწყდებათ ის, რომ ჩვენ აქ არც ერთი არ ვართ ნასამართლევი და გავიწყდებათ ის, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სპეკულირებთ, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებთ, რაც ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ჩავიდინეთ და სასამართლო სანამ ჩაქუჩს არ დაარტყამს, სასამართლოს წინაშეც კი ჩვენ უდანაშაულოები ვართ.

როდესაც ჩაქუჩს დაარტყამს [მოსამართლე], შემდგომ განვიხილავთ რამდენად სამართლიანი იყო ეს ან არ იყო.

შესაბამისად, როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ უსამართლობისკენ ვართ მიდრეკილნი, ჩვენი ინდივიდუალური ბიოგრაფია ამაზე არანაირად არ მიუთითებს. სისხლის სამართლის კუთხით ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ბრალდება, არც ერთი დანაშაული და საჩივარიც კი არ არის ჩვენს სახელზე შესული.

შესაბამისად, იმით სპეკულირება, რომ მძიმე მუხლით მედავებით, არ ქმნის იმის საშიშროებას, რომ მე უცებ ერთი გარდავიქმნები ინდივიდიდან მეორე, სულ სხვა სამართლებრივ ჩარჩოში მყოფ ინდივიდად.

გაქცევის საფუძველზე როცა ლაპარაკობთ, ერთი მაგალითიც არ მოგვეპოვება, როცა ჩვენ გავიქეცით ან ადგილზე მოსულ პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიეთ მას შემდეგ, როდესაც პოლიციელმა გაგვაცნო, რომ, აი, მე თქვენ უნდა დაგაკავოთ 225-ე მუხლით. იქ შეწინააღმდეგების ფაქტორი არ ყოფილა, მეტიც, მარტივი გზა არსებობს იმის, რომ გადავამოწმოთ, ადამიანი მიდრეკილია თუ არა იმისკენ, რომ გაექცეს სასამართლო პროცესს. არსებობს ალტერნატიული შემაკავებელი ხერხები, რაზეც ისაუბრეს – იგივე შინაპატიმრობა, იგივე გირაო და თუ დადგინდა, რომ ადამიანი შინაპატიმრობაში არაკეთილსინდისიერად იქცევა, გირაოს არაკეთილსინდისიერად მოეპყრო და რაღაც გარკვეული წესები დაარღვია, ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე როდესაც იმყოფება, ეს უკვე, ერთი პრეცედენტი მაინც ქმნის იმას, რომ ეს ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ გაექცეს სასამართლოს მხრიდან მოსალოდნელ ან დადებით, ან უარყოფით განაჩენს.

შესაბამისად, სანამ ეს პრაქტიკა არ არსებობს, იმაზე საუბარი, რომ ადამიანი გაიქცევა, აბსურდულია.

ჩემს პირად მაგალითს მოვიყვან, რაც სამართლებრივ ჩარჩოში შეიძლება არ მოთავსდეს, მაგრამ ჩემს მორალურ ჩარჩოში ჯდება.

მაშინ როდესაც მე კიდევ, აპრილ-მაისის შემდეგ ვიმყოფებოდი უკრაინაში და გავდიოდი გარკვეულ სამხედრო გადამზადებას, იმიტომ, რომ ჩემი პირადი შეხედულებით სამშობლოს სჭირდება მებრძოლი ადამიანები, გაჩნდა საფრთხე, რომ ჩემს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, მე დავეკავებინე. იყო გარკვეული ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით. უკვე საზღვარგარეთ მყოფს შემეძლო გადამეწყვიტა, დავრჩენილიყავი უცხოეთში და მესწავლა იქ სამართალი, თუ დავბრუნებულიყავი საქართველოში. მე უკვე იქ [უკრაინაში] გავაკეთე ჩემი რაციონალური არჩევანი, ჩემთვის რაც იყო მისაღები და ჩემი მორალისთვის რაც იყო მისაღები. ვიცი, რომ ამას სამართლებრივად შეიძლება სპეკულაციად განიხილავდეს ვინმე, მაგრამ ჩემი მორალური მხარისთვის აუცილებელი იყო ამის დაფიქსირება“ – განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

____________________

მთავარ ფოტოზე: ზვიად ცეცხლაძე. ფოტო: მინდია გაბაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: