მთავარი,სიახლეები

თბილისში ერეკლე II-ის ძეგლის დასადგმელად 955 000 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

09.03.2025
თბილისში ერეკლე II-ის ძეგლის დასადგმელად 955 000 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

თბილისში ერეკლე II-ის ძეგლის დასადგმელად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 955 ათასი ლარია გამოყოფილი. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით პირველი ეტაპი [ძეგლის დამზადება ნატურალურ ზომებში] დასრულებულია და მეორე ეტაპისთვის [თაბაშირის ფორმის მომზადება, ძეგლის ჩამოსხმა ბრინჯაოში, ასევე ადგილზე მონტაჟი] საჭიროა 940 064 ლარი.

სამინისტროს ინფორმაციით „ძეგლის საზეიმოდ გახსნა დაგეგმილია 2025 წლის სექტემბერში“. ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით დამზადდება და ის  კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ დაიდგმება.

„გამოჩენილი მხატვრისა და მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ნამუშევარია ერეკლე II-ის ძეგლი ქალაქ თელავში, რომელიც ქალაქის ორგანული ნაწილია. სწორედ, აღნიშნული ესკიზის მიხედვით, უნდა დაიდგას ძეგლი თბილისის შემოსასვლელში, კახეთის გზატკეცილზე, რომელიც ქალაქის იერსახეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ახალ ნიმუშს შესძენს.

ერეკლე II-ის ძეგლის დადგმას ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ექნება. ერეკლე II-ის ცხენოსანი ფიგურა უდრეკ მებრძოლსა და მხედართმთავარს განასახიერებს, რომელიც ქვეყნის სიძლიერესა და მის პოლიტიკურ მოღვაწეობას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მისი მხატვრული ინტერპრეტაციისა და ფართო პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, სიმბოლურია, ერეკლე II-ის მონუმენტი ქალაქის შემოსასვლელში დაიდგას.“ – თვლის კულტურის სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით: „პროექტის პირველი ეტაპი შესრულდა შპს „ნიუკონსის“ მიერ. მარიამ და სოფიო მერაბიშვილებსა და „ნიუკონსს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, ერეკლე II-ის ესკიზის გამოყენების უფლების მიცემის თაობაზე, ძეგლის დამზადებისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოებიც უნდა შეასრულოს „ნიუკონსმა“, ამიტომ წინასწარ, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დაგეგმვა, სამუშაოს მთლიანობაში შეუფერხებლად შესყიდვის მიზნით, შეუძლებელი იყო.“

აქედან გამომდინარე ძეგლის დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს სამინისტრო ტენდერის გარეშე შეისყიდის და ხელშეკრულებას „ნიუკონსთან“ გააფორმებს. შესაბამისი თანხმობის მისაღებად სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

„ძეგლი, ნატურალურ ზომებში, დაამზადა შპს „ნიუკონსმა“, გამოცდილი მოქანდაკეების ჩართულობით, რისი ხელახალი განხორციელებაც, შეუძლებელია და დაკავშირებული იქნება დამატებითი ხარჯების გაწევასთან, შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ საბოლოო ჯამში ვერ მივიღოთ სრულყოფილი ნამუშევარი.

გარდა ამისა, შპს „ნიუკონსს“, პირველი ეტაპის დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისაგან, ასევე სსიპ საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსაგან აღებული აქვს შესაბამისი ნებართვები, ერეკლე II-ის ქანდაკების განთავსების თაობაზე.“ – წერს კულტურის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს.

„ნიუკონსი“ კახეთის გზატკეცილზე იმ სკვერსაც აკეთებს, სადაც ძეგლი უნდა დაიდგას. „ჩვენი კომპანია, ახორციელებს თბილისში სამგორის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სადაც უნდა დაიდგას აღნიშნული ქანდაკება“ – წერია კომპანიის მიერ სამინისტროში გაგზავნილ წერილში.

„თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოებზე“ თბილისის მერიას ხელშეკრულება „ნიუკონსთან“ ჯამში 5 988 999 ლარზე აქვს გაფორმებული. ამავე კომპანიასთან აქვს თბილისის მერიას ხელშეკრულება დადებული ვერის პარკის რეაბილიტაციაზეც – ამ შემთხვევაში სახელშეკრულებო თანხა 23 484 009 ლარია.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: ერეკლე მეორის ძეგლი თელავში / ფოტო: თელავის მერია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: