აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი 8 087 154 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე, 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით 567 854 ლარით არის გაზრდილი. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წელს აჭარის ბიუჯეტში 7 519 300 ლარია გათვალისწინებული.
უცვლელი რჩება უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა – 117 საშტატო ერთეული.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები წელს, 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება.
აღნიშნული 8 მილიონი ლარიდან ხარჯები იქნება – 7 487 154 ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა – 600 000 ლარი, ხოლო შრომის ანაზღაურება – 5 226 216 ლარი [მიმდინარე წელს იყო 4 658 400 ლარი, ანუ სამომავლოდ უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა იზრდება].
„აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებული იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.“ – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში.
ამავე თემაზე:
7 მილიონი თუ მილიარდი? – რამდენით დააფინანსებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს






