სიახლეები

პაემნებზე უარი ბრალდებულებს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება 

10.03.2025
პაემნებზე უარი ბრალდებულებს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ბრალდებულებს საქართველოში ისევ არ ექნებათ ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის უფლება. მოქმედი კანონმდებლობით პატიმრებს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლება აქვთ.

ამ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს 2021 წელს მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლება „გამოძიების ინტერესებს“ ხელს უშლის:

„ბრალდებულის კონტაქტი ოჯახსა და ახლობლებთან ხანგრძლივი და ვიდეოპაემნების უფლების გამორიცხვით იზღუდება იმის გამო, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ გამოძიების ინტერესებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რეალური საფრთხე, რაც წარმოშობს სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საჭიროებას.

ბრალდებულისთვის, მისი ოჯახის წევრებთან დაწესებულების წარმომადგენლების მეთვალყურეობის გარეშე პირდაპირი და უშუალო კონტაქტის – ხანგრძლივი პაემნის გზით – შესაძლებლობის მინიჭებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას გამოძიების ინტერესებს და, ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ანტიკონსტიტუციური პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, რაც ასახულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არ იმყოფებოდნენ არსებითად ერთგვაროვან ვითარებაში, რადგან ხანგრძლივი პაემანი, როგორც ოჯახთან კავშირის ერთ-ერთი საშუალება, არის არა პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტი, არამედ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დაწესებულებაში მოთავსებულ პირთათვის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც, სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი რისკისა და ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად ენიჭება მსჯავრდებულს.

„სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ვიდეო პაემნის, როგორც ოჯახთან კავშირის შენარჩუნების დამატებითი საშუალებით სარგებლობისას, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის რისკების არსებობის ფაქტზეც. მართალია, მოსარჩელის აზრით, ამგვარი რისკები შესაძლოა არსებობდეს სატელეფონო საუბრის დროსაც ინფორმაციის გაცვლის სახით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, ვიდეო პაემნის გამართვის პროცესში მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რამდენად მარტივად არის შესაძლებელი თუნდაც სხეულის ენით გამოძიების ინტერესების დაზიანება, რაც, თავისთავად, ხელს შეუშლის მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებას.

გარდა ამისა, ვიდეო პაემანი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ვიდეოპაემნის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ვინაიდან სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, ვიდეო პაემნის მიმდინარეობისას, განახორციელოს აუდიო კონტროლი ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, ცალსახად იზრდება ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის ალბათობაც,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდიდა განსხვავებით დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისგან, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების ვიდეოპაემნის უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობას.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამგვარი საკანონმდებლო რეგულაციები არაპროპორციულად ზღუდავდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებებს.

ამ ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობასთან მიმართებით თეორიულად თანაბარი ინტერესის მიუხედავად, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ვერ იქნებიან მიჩნეულნი, როგორც არსებითად თანასწორები, რომელთა მიმართაც ერთგვაროვანი მოპყრობა უფრო გამართლებული იქნებოდა, ვიდრე გაუმართლებელი.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან კომუნიკაციას ვიდეო პაემნის მეშვეობით, მათ შორის, ისაუბრა იმის ალბათობაზე, რომ ვიდეოპაემანი მათი მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას არალეგიტიმური მიზნით.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ [მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, გიორგი თევდორაშვილი] სახალხო დამცველს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა 2025 წლის 7 მარტს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: