მთავარი,სიახლეები

დასანქცირებულ პროკურორ გოგეშვილს დედა ემიგრაციიდან უგზავნის ევროს

07.03.2025
დასანქცირებულ პროკურორ გოგეშვილს დედა ემიგრაციიდან უგზავნის ევროს

დასანქცირებულ პროკურორს, თორნიკე გოგეშვილს,2023 წელს დედამ თანხა ევროპიდან ხუთჯერ გამოუგზავნა. გზავნილმა საერთო ჯამში 6300 ევრო შეადგინა. ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია თორნიკე გოგეშვილს 2024 წლის ივლისში შეუვსია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს 2023 წლის მონაცემები.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა, ესტონეთმა დაასანქცირა. ის სავარაუდოდ დაასანქცირა ლიეტუამაც.

პროკურატურის ვერსიით, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელებს ეძახდა – „ძაღლებო, ღორებო“. სინამდვილეში კი მზია ამაღლობელი ისე დააკავეს, ხმა არ ამოუღია, რაც ნათლად ჩანს მისი დაკავების ვიდეოში. შესაბამისად, პროკურატურამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დასაკავებლად  გაყალბებული ოქმი გამოიყენა.

სქრინი ქონებრივი დეკლარაციიდან

წინა წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრებზე ინფორმაცია არ იძებნებოდა, ახალი დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე გოგეშვილი 2023 წელს დაოჯახდა. იმავე დეკლარაციით მისი მეუღლე არ ფლობს ქონებას და არც დასაქმებული არ არის.

2023 წელს თორნიკე გოგეშვილმა შეიძინა ბინა ბათუმში, ელიავას ქუჩაზე, რაშიც 35 000 დოლარი გადაიხადა. ბინის ფართობი 57,65 კვ.მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგეშვილმა ერთ კვ.მეტრში 600-ზე მეტი დოლარი გადაიხადა.

2021 წელს თორნიკე გოგეშვილს ასევე აჩუქეს ბინა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [36 კვ.მეტრი]. როგორც 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, ეს ბინა მან საჩუქრად ბიძისგან მიიღო. სახელფასო შემოსავალზე თორნიკე გოგეშვილმაც ორ ნაწილად ჩაწერა ქონებრივ დეკლარაციაში, საერთო ჯამში მას სახელფასო შემოსავლის სახით 47 835 ლარი მიუღია.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021- 2022 წლებში პროკურორს ორი იპოთეკური სესხი აუღია, ჯამში 119 000 ლარი, ამ ვალდებულების დასაფარად 2023 წელს პროკურორმა 20 000 ლარზე მეტი გადაიხადა.

2023 წელს თორნიკე გოგეშვილმა ავტომანქანა MERCEDES-BENZ C შეიძინა, რაშიც 7500 დოლარი გადაიხადა. უფრო ადრე 2020 წელს კი მას Chevrolet Cruze შეუძენია 4200 დოლარად.

გოგეშვილმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის ივლისში შეავსო, თუმცა ამ დეკლარაციაში არ შეუტანია სანტორინში მოგზაურობის ხარჯი. სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების მიხედვით, ის საბერძნეთში საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა.

__

აქ ნახეთ ვინ არის მზია ამაღლობელი:

„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ – ვინ არის მზია ამაღლობელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: