მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

09.03.2025
„ოცნება“ არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას ეხმიანება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს სტუდენტებზე ზეწოლის მიზნით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება.

თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი, რომელიც 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევს, პოლიციამ დღეს, 9 მარტს, 5000-5000 ლარით დააჯარიმა.

სტუდენტების დასაჯარიმებლად პოლიცია უნივერსიტეტში 9 მარტს მეორედ მივიდა. პირველად ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამოიძახა მას შემდეგ, რაც გაფიცულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის ტერიტორია არ დატოვეს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების დროს. სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ არავის გაუფრთხილებია. 9 საათზე ისინი ხსნარების სუნმა გააღვიძა.

ვრცლად: თეატრალურის გაფიცული სტუდენტების ნაწილი 5000-5000 ლარით დაჯარიმდა

„შსს სტუდენტების დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, 2025 წლის 6 თებერვალს შესულ ცვლილებებს იყენებს, რომლის საფუძველზეც, აკრძალულია შეკრების დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ქმედება იწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

„ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ზემოაღნიშნული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ემსახურება პროტესტში ჩართულ პირთა დასჯის და დაშინების მიზანს.“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ამავე ცენტრის განცხადებით, შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს.

„უნივერსიტეტი მისი ფუნქციიდან გამომდინარე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს და უნივერსიტეტის ჭერქვეშ პროტესტი დაცულია შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხელს არ უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

სასწავლებლის ფოიეს ნაწილში პროტესტის წარმართვა, მით უმეტეს, შესასვლელის ბლოკირების გარეშე, ხელს არ უშლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და არ აფერხებს მის ნორმალურ ადმინისტრაციულ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, სტუდენტებისთვის საპროტესტო სივრცის შეზღუდვისა, უნდა ჩაითვალოს შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევად.“ – აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა, როგორც თავად აღნიშნავენ, იძულებით უკვე დატოვეს, თუმცა ბრძოლის ახალ და უფრო ძლიერ ეტაპზე გადადიან.

ვრცლად ამ თემაზე: „იწყება ახალი ეტაპი“ — გაფიცულმა სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის შენობა დატოვეს

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: