შენობაში, სადაც დღეს აჭარის ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოა განთავსებული, გათბობა-გაგრილების სისტემას მოაწყობენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება.
„აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის [ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. №37] გათბობა-გაგრილების სისტემის სახელმწიფო შესყიდვაზე – თანმდევი მონტაჟით და არსებულის დემონტაჟით“ – ტენდერი საბჭოს 963 ათას 77 ლარით აქვს გამოცხადებული.
„დაიგეგმა შენობის გათბობა-გაგრილება VRV სისტემით. გარე ბლოკები დამონტაჟდეს სპეციალურ პლატფორმაზე ამ დროისთვის იქ მწყობრიდან გამოსული ბლოკების ადგილზე. შიდა ბლოკები დამონტაჟდეს არსებული ბლოკების ადგილზე… შეიცვალოს მაგისტრალური და ლოკალური დაერთების სპილენძის მილები, სასიგნალო სადენები, ხოლო კონდენსატის [დრენაჟის] მაგისტრალები ლოკალურად შემოწმდეს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს“ – აღნიშნულია პროექტში.
პირობის მიხედვით „სამუშაოების წარმოების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ექსპლუატაციაში არ მყოფი და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს“.
საქონლის მიწოდება-მონტაჟის [დემონტაჟის] შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუმეტეს 120 დღე.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 2 აპრილს დაიწყება და 7 აპრილს დასრულდება.
აჭარის 2025 წლის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსთვის 10 113 600 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 6 მილიონამდე ლარი უმაღლეს საბჭოში დასაქმებულთა ხელფასებში დაიხარჯება; მომუშავეთა რიცხოვნობაა – 117 [თავად უმაღლეს საბჭოს საკუთარი დაფინანსებისთვის, პროექტით 8 087 154 ლარი ჰქონდა დამტკიცებული, თუმცა აჭარის ბიუჯეტის დამტკიცებისას თანხა გაზარდეს]
შედარებისთვის, გასულ, 2024 წელს უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტიდან სულ 6 663 900 ლარი დაიხარჯა.
——
2024 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. სხდომაზე ცნეს უსკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებაც.
2025 წლის 12 თებერვალს, აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება“ ვადამდე შეუწყვიტა უსკოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეულ წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან:
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა