მთავარი,სიახლეები

ბინა და 17 ათასი დოლარი საჩუქრად პენსიონერი მამისგან, ნახევარი მილიონის სახელმწიფო ტენდერები ოჯახს

10.03.2025 •
ბინა და 17 ათასი დოლარი საჩუქრად პენსიონერი მამისგან, ნახევარი მილიონის სახელმწიფო ტენდერები ოჯახს

„ეს იყო შურისძიება“ – განსაკუთრებული მონდომებით ამტკიცებდა პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე  მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელზეც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს პატიმრობა შეუფარდა.

  • პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის ლოგიკა შურისძიებაზე – მზია ამაღლობელის დევნა

„პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე, ეს არის მძიმე დანაშაული. ეს იყო შურისძიება პოლიციის სამმართველოს უფროსის მიმართ, ვინაიდან მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესით დააკავა ერთი საათით ადრე“, – თქვა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან.

14 იანვარს ამ განცხადების გასაკეთებლად პროკურორი სასამართლოს სხდომათა დარბაზში საგანგებოდ მომზადებული, პლანშეტით მივიდა, რომ საუბრის პარალელურად ჟურნალისტებისთვის ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის კადრები კიდევ ერთხელ ეჩვენებინა. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს ხმა თითქმის არ გაუღია და მისი ჩართულობა მხოლოდ მედიასთან აქტიურობით შემოიფარგლა.

ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა გაყალბებული ოქმის საფუძველზე – თითქოს მზია პოლიციელებს ეძახდა „ძაღლებო, ღორებო“. სინამდვილეში კი მზია ისე დააკავეს, ხმა არ ამოუღია, რაც ნათლად ჩანს მისი დაკავების ვიდეოში. შესაბამისად, პროკურატურამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დასაკავებლად გამოიყენა გაყალბებული ოქმი.

ნახეთ ვიდეო, რომელიც პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ (არ)ნახა.

პროკურორის ლოგიკით სილა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს მოხვდა, შურისძიება იყო, რადგან მზია „მისმა მოადგილემ დააკავა ერთი საათით ადრე“.

სინამდვილეში კი პირველად, ადმინისტრაციული წესით, მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავა არა „მოადგილემ“, არამედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ. ამაღლობელის დაკავება გადაღებულია და პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს კადრები იმავე წარმატებით შეეძლო ენახა, როგორც სილის გაწვნის კადრები ნახა.

 მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

სილის გაწვნას წინ უძღოდა დაპირისპირება, დაკავებები.

პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის ლოგიკით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა მზია ამაღლობელმა, პირველი დაკავების შემდეგ „შურისძიება დაგეგმა“. ეს პოლიციის შენობის დატოვებიდან მალევე, იქვე, დეპარტამენტის ჭიშკართან განახორციელა, როცა ათობით პოლიციელის გარემოცვაში მყოფ ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსს, სილა გააწნა. 

ირაკლი დგებუაძე, რომელსაც არავითარი დაზიანება არ მიუღია და ამტკიცებს, რომ ლოყა გაუწითლდა, თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ამიტომაც, პროკურორის მტკიცებით, მზია ამაღლობელი, როგორც თავდამსხმელი, პატიმრობაში უნდა დარჩეს.

თავად საქართველოს უზენაესის სასამართლოს პრაქტიკითაც კი, ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს. ამის შესახებ, ცხადია, ძალიან კარგად იცის პროკურორმაც.

  • პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს პენსიონერმა მამამ 17 000 დოლარი აჩუქა

რა ვიცით პროკურორზე, რომელმაც მზია ამაღლობელის პატიმრობა გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა?

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ 2024 წლის 16 ივლისს შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ბინას ბათუმში გორგასლის ქუჩაზე, რომელიც მისთვის უჩუქებიათ [70.4. კვ.მეტრი]. როგორც თავად ჩაწერა, ეს ბინა ოჯახის საჩუქარია.

დეკლარაციის მიხედვით, მას 2020 წელს შეუძენია ასევე ბინა თბილისში, მინდელის ქუჩაზე [52.5 კვ.მ] 49 000 დოლარად, იპოთეკური სესხით და ავტოსადგომი 2023 წელს 6000 დოლარად [11 კვ.მეტრი].

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ თურმანიძემ 2024 წელს საბანკო ვალდებულებების დასაფარად 30 324 ლარი გადაიხადა, რაც თვეში 2500-ზე მეტი ლარია. საერთო ჯამში კი ეს ვალდებულება, იპოთეკური სესხი 2034 წლამდე უნდა დაფაროს.

მიუხედავად იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული ვალდებულებებისა, პროკურორმა ფულის დაზოგვაც მოახერხა. 2024 წლის ივლისში, როცა დეკლარაცია შეავსო, მას დანაზოგის სახით 22 400 ლარი ჰქონია ანგარიშზე.

ვლადიმერ თურმანიძე აჭარის საპროკურორო სამმართველოს უფროსია, მან ხელფასის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში ორ ნაწილად შეიტანა: ერთ შემთხვევაში მიუთითა, რომ ხელფასის სახით 2023 წელს 46 011 ლარი მიიღო, რაც თვეში 3834 ლარია. მეორე შემთხვევაში კი 13 836 ლარი – სავარაუდოდ ეს დანამატია. საერთო ჯამში 2023 წელს ვლადიმერ თურმანიძის შემოსავალი 60 000-მდე ლარია. ამ შემთხვევაში მისი შემოსავალი თვეში 5000 ლარამდე იზრდება. როგორც უკვე ვიცით, ამ თანხიდან 2500-ზე მეტი ლარი ვლადიმერ თურმანიძეს სესხის დასაფარად სჭირდება. 

დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ თურმანიძე ლექციებს კითხულობს კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც ის მიწვეული ლექტორია. 2023 წელს მას, როგორც ლექტორს საგანმანათლებლო საქმიანობიდან 2 190 ლარი მიუღია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ სოლიდური საჩუქარიც მიიღო. პროკურორს მამამ, რევაზ თურმანიძემ, 8000 დოლარი აჩუქა. 2023 წელს შევსებული დეკლარაციით კი, 2022 წელს მამა პროკურორს 9000 დოლარით დაეხმარა.

გასულ წელს პროკურორს სხვა ხარჯებიც ჰქონდა. ვლადიმერ თურმანიძეს ავტომანქანა „NISSAN JUKE“ შეუძენია. ამ მანქანაში მას 8000 დოლარი გადაუხდია. 2022 წელს ავტომანქანა „TOYOTA RAV4“ შეუძენია პროკურორის მეუღლეს, რაშიც 13 500 დოლარი გადაუხდია. 2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, პროკურორის მეუღლემ 7500 დოლარად გაყიდა ავტომანქანა „ჰიუნდაი სონატა“ .

იმავე დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერის მეუღლე არ მუშაობს.

რა სახსრებით შეძლო პროკურორმა ავტომანქანების შეძენა, უცნობია. იმ შემთხვევაში, თუ თანხა ავტომანქანებისთვისაც აჩუქეს, პროკურორს ქონებრივ დეკლარაციაში ამ საჩუქრის შესახებაც უნდა ჩაეწერა.

  • როგორ ახერხებს პროკურორის პენსიონერი მამა შვილისთვის სოლიდური საჩუქრების ჩუქებას?

პროკურორის მამა, რევაზ თურმანიძე ფლობს შპს „მარდი ოქსის“ ას პროცენტს. შპს „მარდი ოქსი“ სახელმწიფო სტრუქტურების ტენდერებში მონაწილეობს. 2024 წელს კომპანიამ სახელმწიფო ორგანიზაციებიდან 400 000-ზე მეტი ლარის, 2023 წელს კი 160 000-ზე მეტი ლარის დაკვეთა მიიღო.

ეს კომპანია 2011 წელს ზურქიფლ მოსიძეს დაუფუძნებია. რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის ძირითადი საქმიანობა ჟანგბადის და ინერტული აირების რეალიზაცია, ასევე, ავეჯის წარმოება უნდა ყოფილიყო. 2019 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორად რევაზ თურმანიძე ფიქსირდება. 2022 წლის თებერვლის ამონაწერით კი კომპანიის მესაკუთრედ და დირექტორად ნუნუ მოსიძე დაფიქსირდა. მალევე მან კომპანიის ასივე პროცენტი რევაზ თურმანიძეს  გადაუფორმა უსასყიდლოდ.

2017 წელს რევაზ თურმანიძეს შპს „სახანძრო უსაფრთხოების სისტემები“ დაუფუძნებია.

რევაზ თურმანიძე ფლობს ასევე შპს „მარდიოქსი 2015“-ის 10 პროცენტს. კომპანიის 60 პროცენტი კი დიანა თურმანიძის საკუთრებაა. დარჩენილ 40 პროცენტს თურქეთის 2 მოქალაქე თანაბრად იყოფს. კომპანიის დირექტორად დიანა თურმანიძე ფიქსირდება. კომპანია „მარდიოქსი 2015“ პროკურორის მამამ რევაზ თურმანიძემ  და დიანა თურმანიძემ 2015 წელს დააფუძნეს და კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებდნენ, ვიდრე კომპანიის 40 პროცენტი თურქეთის ორ მოქალაქეზე არ გადააფორმეს.

პროკურორის მამა, რევაზ თურმანიძე ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე სამ მიწის ნაკვეთს, ჯამში 1480 კვ.მეტრს და მასზე დამაგრებულ 2 შენობას ფლობს. შენობების საერთო ფართობი 373.30 – კვ.მეტრია. ეს ქონება იპოთეკით არის დატვირთული. რეესტრის მონაცემებით, გარკვეულ პერიოდში ამ ნაკვეთის მოაღნაგედ შპს „ნეპტუნი“ ფიქსირდებოდა. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით აქ ჟანგბადის, ნახშირორჟანგის ბალონების და ქიმიური ნივთიერებების დატუმბვის პუნქტი, ასევე ფოლადის შემდუღებელი საწარმო ფუნქციონირებს.

მონიშნულია პროკურორის მამის ქონება

საჯარო რეესტრის მონაცემებით, რევაზ თურმანიძე ფლობს ასევე 4646 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და შენობას 110 კვ.მეტრს ქედაში, სოფელ სიხალიძეებში.

  • სახლი ზღვის ხედით

პროკურორის დედა ნარგიზ გორგილაძე ფლობს ორსართულიან სახლს და მიწის ნაკვეთს, 3128 კვ.მეტრს ქობულეთში, სოფელ ბუკნარში.

 

მიწის ნაკვეთის ნაწილი, 999 კვ.მეტრი ბუკნარში, მომაღლო ადგილზე, ზღვის ხედით პროკურორის დედამ 2015 წელს ჩუქების ხელშეკრულებით დაირეგისტრირა, ნაწილი კი ნაჩუქარი მიწის გვერდით იყიდა. 

2015 წლის ამონაწერის მიხედვით  ამ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირებული იყო მხოლოდ 44 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობა. 2018 წლის ამონაწერის მიხედვით იზრდება როგორც მიწის ნაკვეთის ფართობი, ასევე ჩნდება ორსართულიანი სახლი, საერთო ფართობით 267,61 კვ.მეტრი.

სახლის აივნებიდან მთისა და ზღვის ხედები იშლება.

სახლი, რომელიც ვლადიმერ თურმანიძის დედამ 2018 წელს ააშენა. აივნებიდან ბუკნარის სანაპიროს გადაჰყურებს

ხედი პროკურორის დედის სახლიდან

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურორის დედამ სახლი უნებართვოდ ააშენა. ამის გადასამოწმებლად ქობულეთის მერიას მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. ჯერ დაგვპირდნენ, რომ მიწოდებულ საკადასტრო კოდზე მშენებლობის კანონიერების შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ, თუმცა როცა გაიგეს, ვის ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი, საერთოდ აღარ გვიპასუხეს.

2025 წლის ოქტომბერში ნარგიზ გორგილაძემ რეესტრს ისევ მიმართა, ის ჩაქვში კიდევ ორი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვს.

 

___

აქ ნახეთ, ვინ არის მზია ამაღლობელი:

„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ – ვინ არის მზია ამაღლობელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: