უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 845 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240]
ტანკი – 9 965 ერთეული [+18]
ჯავშანტექნიკა – 20 737 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 22 753 ერთეული [+46]
MLRS – 1 271 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 055 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 185 ერთეული [+83]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 36 211 ერთეული [+133]
სპეცტექნიკა – 3 737 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
653 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
42 463 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 034 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 513 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 276 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
31 218 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც 20 დღეა შიმშილობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მნიშვნელოვნად დასუსტებულია.
თემურ ქათამაძის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 5 თებერვალს, საღამოს გამოაქვეყნა.
„იგი დასუსტებულია წინა დღეებთან შედარებით და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება. ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებასაც ვერ შეძლებს სისუსტის გამო“ – აცხადებს საია.
მიუხედავად იმისა, რომ საიამ თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის და კვლევების შესახებ არაერთხელ მოითხოვა ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ აწვდიან.
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია, რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ – ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს.
„ამასთან, მივმართავთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი“ – აცხადებს საია.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. ის, დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს.
ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვას ედავება იმ აქციაზე, რომელსაც ფოტოგრაფი აშუქებდა.
მედია “აპრილის” ინფორმაციით, ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება. ვახო ქარელი ამ და სხვა აქციებზეც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა.
„ვახო ქარელს შსს-დან დღეს, 5 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკეს და კითხვაზე, სად შეუძლია ადმინისტრაციული საქმის მასალების ნახვა, უპასუხეს, რომ 18:00 საათამდე თუ მივა განყოფილებაში, შეძლებს გაეცნოს დოკუმენტებს“.
შსს-ს წარმომადგენლის თქმით, „დადგენილი ფაქტია“, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე. ფოტორეპორტიორის რეპლიკას, რომ ნამდვილად იქნებოდა, რადგან ჟურნალისტია, შსს-ს წარმომადგენელმა ასე უპასუხა: „ეს თქვენ უნდა ამტკიცოთ, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ, რის მიხედვითაც უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.
26 იანვარს ვახო ქარელი თავდაპირველად პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ მარშზე იმყოფებოდა, რომელიც დიდუბის მეტროსადგურიდან დაიწყო. მოგვიანებით მან გადაინაცვლა დამკვირვებლების მარშზე, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. გარდა იმისა, რომ ასრულებდა თავის მოვალეობას, ვახო ქარელს თან ჰქონდა პრესის ბარათი, რომელიც ადასტურებს, რომ ის მედია აპრილის ფოტორეპორტიორია,“ – წერს „მედია აპრილი“.
გამოცემა ასევე ავრცელებს მედიაომბუდსმენის იურისტ, ჯანო ჭკადუას კომენტარს. იურისტის განმარტებით, „როცა ადამიანის იდენტიფიცირება ხდება, როგორც წესი, ვინაობასთან ერთად დასაქმების ადგილსაც ადგენენ, შესაბამისად, შსს-სთვის იმის გარკვევა, რომ ვახო ქარელი აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რთული არ უნდა ყოფილიყო.
პარადოქსია, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლიფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და პარალელურად, შსს-ში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება გზის გადაკეტვის გამო,“ – ამბობს ჯანო ჭკადუა „მედია აპრილთან“.
როგორც მედია “აპრილი” აცხადებს, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა ფოტორეპორტიორ ვახო ქარელის განყოფილებაში დაბარების შესახებ, მას განმეორებით დაურეკეს შსს-დან და უთხრეს, რომ „მიიტანოს ჟურნალისტის დამადასტურებელი ცნობა და დანარჩენს მერე მოახსენებენ“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ონლაინ მედიის ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს შსს-ს თანამშრომლები მუშაობაში ხელს უშლიან. 12 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც თან ჰქონდა პრესის ბარათი. არც შსს-მ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ის ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა დაკავების მომენტში. გურამ მურვანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები 6 თებერვალს, საღამოს 20:00 საათზე, უნივერსიტეტის ფოიეში „თეატრის ენით სტუდენტების პრობლემებზე“ მოჰყვებიან.
სტუდენტები ამბობენ, რომ ელიან ყველას, ვისთვისაც ახალგაზრდები, სტუდენტები და მათი სათქმელი მნიშვნელოვანია.
„ეს სპექტაკლი არ დაიდგმება მხოლოდ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ამ სპექტაკლს დავდგამთ ყველა იმ უნივერსიტეტის ფოიეში, სადაც სტუდენტებს დაკავებული აქვთ ფოიე.
ყველას შეუძლია მოვიდეს და დააკავშიროს ჩვენი პრობლემები მათ პრობლემებთან“ – გვითხრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ მღებრიშვილმა.
მარიამ მღებრიშვილი, სტუდენტი
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მიიჩნევენ, რომ თეატრი ერთ-ერთი გამორჩეული, ძლიერი იარაღია ხალხთან კომუნიკაციის დასამყარებლად.
„ჩვენ საუბარი გვინდა და თეატრით უნდა ვილაპარაკოთ. ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიეთ, სათქმელი ყოველთვის გვაქვს მსახიობებსა თუ რეჟისორებს.
ყველას ველოდებით ხვალ. ეს სპექტაკლი არის თავიდან ბოლომდე სტუდენტურ პრობლემებზე, რასაც ვაჟღერებდით ყოველდღე და რის გაჟღერებასაც უფრო აქტიურად ვგეგმავთ. სოციალური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ყველაფრის შეცვლა გვინდა. ამ პრობლემებზეა ეს სპექტაკლი და არ ვიცი, რამდენად ჰქვია ამას სპექტაკლი, იყოს – „სტუდენტების ხმა ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიედან“.
ჩვენი ეს ამბები ყველას ეხება, ამას ვგრძნობთ და ამას ვხედავთ ჩვენს სახელმწიფოში.
ხუთი სხვადასხვა ამბავია და ხუთივე პასუხობს იმ მთავარ გამოწვევებს, რასაც სტუდენტები ვხვდებით – [ოჯახის წევრის] ემიგრაცია, სტუდენტური საცხოვრებლის არარსებობა… სოციალური საკითხებია მაქსიმალურად ამოწეული” – გვიამბობს ნოდარ სამთელიძე, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი.
ნოდარ სამთელიძე, სტუდენტი
დღეს ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები პროტესტის ნიშნად 21-ე ღამეს გაათევენ უნივერსიტეტის ფოიეში. მათი მოთხოვნებია: ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.
28 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ განიხილა „4 სტუდენტისა და დეკანის საქმე“ და 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან, 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების საფუძველზე გაათავისუფლა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები: დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პიანისტი, კონსერვატორიის სტუდენტი.
„დღეს საქართველოში დასრულდა პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი თავისთავად აღარ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოთქმის უფლება, არც შეკრების უფლება აღარ არის დაცული და ჩვენ ამას ვხედავთ,“ – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 5 თებერვალს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
„ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება გაგრძელდეს ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, რამე პოლიტიკური წარმონაქმნი, წარმოუდგენელია, მანამ, სანამ არ იქნება დანიშნული ახალი არჩევნები. სწორედ ეს ვუთხარით დღეს ელჩებს. როგორც აქ [საქართველოში] განახლდა რეპრესიები, ისე უნდა განახლდეს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც დღეს შეიძლება ასე ვახსენოთ, როგორც რეჟიმი, როგორც რუსული ყაიდის რეჟიმი. [ზეწოლა] ამ რეჟიმზე იმისთვის, რომ დაინიშნოს არჩევნები“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნა და ზეწოლის გაგრძელება რეჟიმზე – ეს იყო მთავარი გზავნილი ელჩებისთვის და დედაქალაქებისთვის.
„არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ დღეს ვერავინ იტყვის როგორ შეიძლება დაინიშნოს არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიცაა, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლის შედეგად. არ არსებობს ქვეყანა და არ არსებობს ისტორიული მაგალითი, რომ როცა რეჟიმი სრულად იზოლირებულია თავისი მოსახლეობიდან და დანარჩენი პარტნიორებისგან, გააგრძელოს თავისი მმართველობა. პატარა ქვეყანაა საქართველო, ეს არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია დიდი პერიოდი გაუძლოს სანქციებს, ან ირანი, რომელსაც შეუძლია ჩაიკეტოს მთლიანად. ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 5 თებერვალს, მზია ამაღლობლის ადვოკატმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, „ვივამედის“ კლინიკაში საკვები შეუტანეს. რაც ადვოკატის თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლაა.
„როდესაც ადვოკატი შევიდა დღეს მზიასთან პალატაში, აღმოჩნდა, რომ მას საკვები უდევს იქ. მოშიმშილე ადამიანს საკვები არ უნდა ედოს. ეს არის სწორედ ფსიქოლოგიური ზეწოლა.
შიმშილობს ადამიანი და მას საკვები არ უნდა ედოს წინ. საკვები უნდა შესთავაზონ ყოველდღიურად და ყველა კვების დროს, მაგრამ იქ (პალატაში) არ უნდა ედოს, როცა ის უარს აცხადებს კვებაზე. ამიტომ, როცა ადვოკატმა შენიშვნა მისცა, მერე გაიტანეს ეს საკვები“- ამბობს მაია მწარიაშვილი.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი არ შიმშილობს პოლიტიკური ქულების დასაწერად.
„ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც ამ შიმშილობას რაღაცის გამო აკეთებს. ეს არ არის სპეკულაციის და პოლიტიკური ქულების დაწერის თემა“-ამბობს მწარიაშვილი.
მან ასევე გააკრიტიკა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, მედიაში გაკეთებული კომენტარის გამო, თითქოს მზია ამაღლობელი კლინიკაში დარჩენას აპირებდა.
„აღმოჩნდა, რომ მას იზოლატორში არ უტარდებოდა ის საჭირო კვლევები, რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველსაყოფად და შემდეგ თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მოეხდინათ მისი ტრანსპორტირება „ვივამედში“.
ამიტომ, საზოგადოებას არ უნდა მიაწოდო ინფორმაცია ისე, თითქოს მზიას უნდა, რომ იმკურნალოს და ამიტომ გადმოიყვანეს. ძალიან უხერხულია, როცა კლინიკის ექიმი ასეთ განცხადებებს აკეთებს.“- ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს უკანონოდ. ის რუსთავის ქალთა იზოლატორში, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად 25-ე დღეა შიმშილობს.
დღეს, 5 თებერვალს, ევროპარლამენტარებმა მზია ამაღლობლის სოლიდარობის აქცია გამართეს.
„თავისუფლება მზიას“ – ამ პლაკატებით და საქართველოს დროშით იდგნენ ისინი ევროპარლამენტის ჰოლში.
მზია ამაღლობლის მიმართ სოლიდარობის აქცია ორგანიზებული იყო პეტრას აუსტრევიჩიუსის მიერ. მასთან ერთად იყვნენ ნატალი ლუაზო და მიხაელ გალერიც.
მათ გუშინაც გამოაქვეყნეს ერთობრივი წერილი, სადაც არაერთი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი უნდა იყოს გათავისუფლებული. ისინი აფიქსირებენ იმ აზრს, რომ დაუშვებელია თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
„რაც საქართველოში ხდება, სასაცილო საერთოდ არ არის. მე არ ვიცი, რა შეიძლება დაემართოს მზიას, მაგრამ მომავალ კვირას ჩვენ უფრო მკაცრ მესიჯს გავუგზავნით საქართველოს ხელისუფალთ (იგულისხმება 13 თებერვალს დაგეგმილი რეზოლუციის მიღება – ავტ.) სანქციები უკვე დაგვიანებულია.
ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქართველოში განვითარებულ პროცესებს“, – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა „განაახლე ევროპის“ ჯგუფიდან პეტრას აუსტევიჩიუსმა.
ევროპის სახალხო პარტიის წევრ მიხაელ გალერის აზრით, საფრანგეთის მთავრობას შეუძლია კონკრეტული ზომების მიღება და აქტივების გაყინვა, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე.
ევროპარლამენტარებმა თამარ ნუცუბიძის „ფეისბუქლაივში“ ისაუბრეს სანქციების საჭიროებაზე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ მისი გარემოცვის მიმართაც.
„რაც ხდება მზიასთან დაკავშირებით, აუტანელია“, – განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ („განაახლე ევროპა“).
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია და საჭიროა მიზანმიმართული პერსონალური სანქციები. ლუაზოს თქმით, ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესება ვერ მოხერხდება უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, თუმცა შესაძლებელია ეროვნულ დონეზე, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საფრანგეთი და გერმანია და სადაც ივანიშვილს აქვს გარკვეული ქონება.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს უკანონოდ. ის რუსთავის ქალთა იზოლატორში, უსამარართლობაზე პროტესტის ნიშნად 25-ე დღეა შიმშილობს.
ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია – EFJ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თუკი უსამართლოდ სანქცირებულ ჟურნალისტს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს დაუყოვნებლივ არ აღადგენენ სამსახურში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს EBU-დან, ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან.
განცხადება ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ დღეს, 5 თებერვალს გააკეთა.
„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია” (EFJ) მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებმაც დაგმეს მზია ამაღლობლის დაკავების არასათანადო გაშუქება საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე. შეხვედრა სარედაქციო დამოუკიდებლობის გამო მზარდი დაძაბულობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა.
შეხვედრისას ცნობილმა ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის სარედაქციო გადაწყვეტილებებში პოლიტიკური ჩარევა, რომელიც მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო და სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაკვრით ახსენა მისი დაკავების შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში“, – თქვა ჩიქოვანმადა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას, ხელი შეუწყოს აღნიშნულ საქმეზე საჯარო დებატებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა, ნინო ზაუტაშვილმაც გამოუცხადა სოლიდარობა ამაღლობელს და ყველა „სინდისის პატიმარს“ და დასძინა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად უნდა გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები.
ამის საპასუხოდ 4 თებერვალს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წაყვანის შესაძლებლობა არ მიეცა. EFJ-ი ამ აკრძალვას მიუღებლად, ცენზურად და პოლიტიკურ ჩარევად მიიჩნევს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს ჩაერიოს“, – დაჟინებით მოითხოვა EFJ-ს გენერალურმა მდივანმა, რიკარდო გუტიერესმა.
„თუ უსამართლოდ სანქცირებულ ჟურნალისტს დაუყოვნებლივ არ აღადგენენ სამსახურში, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან (EBU)“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთანავე ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) კიდევ ერთხელ ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში უკანონო დაკავების შემდეგ 25 დღეა შიმშილობს.
„EFJ ასევე შეშფოთებულია ქვეყანაში რეპრესიების გაძლიერებით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა მიტაცებით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე ცენზურის დაწესების მიზნით.
მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან შიმშილობს დაკავებისას ყოფნისას მასზე განხორციელებული ძალადობის გამო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მას არ მიუღია ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და პატიმრობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის,“ – ვკთხულობთ წერილში, რომელიც EFJ-მ გაავრცელა.
11 იანვარს ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, დაკავებული, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი], მე-20 დღეა შიმშილობს. ის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, სამთვიან პატიმრობაში იმყოფება.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც მიგრაციის დეპარტამენტს და არც სხვა შესაბამის უწყებებს.
თემურ ქათამაძის მდგომარეობაზე ინფორმაციას ითხოვს საიაც, თუმცა როგორც საია-ში აცხადებენ, მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის თაობაზე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
მათივე ინფორმაციით, ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით.
„ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით“ – აცხადებს საია.
„ბათუმელები“ სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა და ჰკითხა, მოინახულეს თუ არა თემურ ქათამაძე და რა შეფასება შეუძლიათ გააკეთონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ნინო სულამანიძე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თემურ ქათამაძე გუშინ, 4 თებერვალს მოინახულეს.
„პირადად მე მოვინახულე თემურ ქათამაძე, ვესაუბრე და იყო კონტაქტური, შეეძლო გადაადგილებაც.
ჩვენ გამოთხოვილი გაქვს ინფორმაცია ყველა მიმართულებით, მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაცია და როცა მივიღებთ სამედიცინო დოკუმენტაციას, ჩვენგან მოხდება შეფასება“ – გვითხრა ნინო სულამანიძემ.
მას ვკითხეთ, რამდენ ხანში უნდა მიაწოდონ სამედიცინო დოკუმენტაცია. როგორც ნინო სულამანიძემ გვითხრა, კანონმდებლობით ათი დღეა გათვალისწინებული, თუმცა, რადგან შიმშილობს დაკავებული, დაჩქარებული წესით უნდა მიაწოდონ დოკუმენტაცია.
რას ამბობს თავად თემურ ქათამაძე, აუღეს თუ არა ანალიზები და აქცევენ თუ არა სათანადო ყურადღებას? – ისევ ვკითხეთ ნინო სულამანიძეს. მისი თქმით, თემურ ქათამაძეს სამედიცინო მომსახურების კუთხით პრეტენზიები არ გამოუხატავს.
„თუ დავადგენთ, რომ საჭიროებს სხვა სახის მკურნალობას, ამაზეც გვექნება რეკომენდაცია, თუმცა მანამდე უნდა გავერკვეთ რა მომსახურება გაუწიეს. რა არის აღრიცხული, რა შედეგები მიიღეს და ასე შემდეგ“ – ამბობს ნინო სულამანიძე.
სულამანიძის თქმით, მასთან შეხვედრისას თემურ ქათამაძეს რამდენიმე მიმართულებით ჰქონდა პრეტენზიები, „პირველი ეს იყო, მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი, თავშესაფრის საკითხი, ბინადრობა და ასე შემდეგ“.
„ბათუმელები“ შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსაც დაუკავშირდა და კითხვები დაუსვა თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის თაობაზე, თუმცა დეპარტამენტს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. „როგორც კი გვექნება პასუხი, შეგეხმიანებით“- გვითხრეს აღნიშნულ სამსახურში.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.
ის, დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც ის გუშინ, 4 თებერვალს გადაიყვანეს, პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს.
„მზია ამაღლობელმა დღეს მოითხოვა, დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ დარჩენა არ უნდა. როგორც ზურა ჩხაიძემ მითხრა, განმეორებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს, შემდეგში გადაწყდება, როდის გადაიყვანენ პენიტენციურში“, – თქვა მზია ამაღლობლის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატი ამბობს, რომ „მდგომარეობა სტაბილურია“.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შიმშილობის 25-ე დღეა და რა თქმა უნდა, შესუსტებულია. იცით, რომ აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა მხნედ გრძნობს თავს. აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს იმით, რითაც შეუძლია. ხილულად, რაც მე შემიძლია შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. „ვივამედში“ ჩაუტარდა გარკვეული სახის კვლევები. შევხვდი ექიმებს და როგორც მითხრეს, რაღაც განსაკუთრებული პრობლემები ჯერჯერობით არ არის ანალიზებში.
ჩვენი მხრიდან მედიკოსთა სპეციალური ჯგუფის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს, თითქმის დასრულებულია. გარკვეული ტექნიკური საკითხებია დარჩენილი და გაიგებთ, როცა შედგება“, – თქვა ჯუბა ქათამაძემ ჟურნალისტებთან.
„მზია ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო თავის თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. მზიას თხოვნაა მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა. ეს ამძიმებს მხოლოდ და მხოლოდ მას. ასევე მითხრა, რომ ის ცინიკური განცხადებები, რომლებიც მმართველი გუნდის მხრიდან ესმის მის შიმშილობაზე, უფრო მეტად ძალის მიმცემია მისთვის, რომ შიმშილობა გააგრძელოს. ჩვენ ვთხოვთ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა გვიწევს პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ და დასძინა, რომ მზია ამაღლობლის თხოვნაა, მისი შიმშილობა არ იყოს წინა პლანზე.
25-ე დღეა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის““ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტი ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24-ე დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა. გუშინ, 4 თებერვალს კი, კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება. ის აგრძელებს შიმშილობას.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად დამხმარე ნაგებობაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობლისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
საია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პირველი არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას ჩამოაშორონ წამყვანი ეთერს, ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიად აფასებს.
„ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს არა მარტო ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა ის ამას ვერ ახერხებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ,“ – აცხადებს საია.
გუშინ, 4 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი და წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00 საათზე საინფორმაციო გამოშვება „მოამბეს“ აღარ წაიყვანს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობლის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.
ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.
ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატორულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.
განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი,“ – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
————————————————————–
25-ე დღეა „ბათუმელების” და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტი ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24 დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა. გუშინ, 4 თებერვალს კი კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება.ის აგრძელებს შიმშილობას.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად დამხმარე ნაგებობაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 844 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
ტანკი – 9 947 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 20 721 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 22 707 ერთეული [+52]
MLRS – 1 269 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 053 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 102 ერთეული [+99]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 36 078 ერთეული [+157]
სპეცტექნიკა – 3 735 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
42 338 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 007 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 513 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 190 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
31 149 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია კარვებში ღამისთევით აღარ გაგრძელდება – ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, გვიან ღამით განაცხადეს აქციაზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანესშიმშილობის 24-ე დღეს.
„რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა გააკეთა ვრცელი განცხადება, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ არის გარკვეული ცვლილებები, რაც საჭიროებს მედიკამენტურ და სხვა ტიპის ჩართულობას. ის არის საიმედო ექიმების ხელში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება სულ მცირე მომდევნო რამდენიმე დღე. ამავე დროს, მზია ამაღლობელი აგრძელებს შიმშილობას.
ჩვენ ერთი კვირის წინ განვაცხადეთ, რომ კარვები საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის წინ დაიდგმებოდა მანამდე და სამოქალაქო აქტივისტები, საჯარო პირები, პოლიტიკოსები – მათ შორის, გაათენებდნენ ღამეს მზია ამაღლობლის ჰოსპიტალიზაციის, მისი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით, სანამ არ მოხდებოდა შიმშილობით გამოწვეული საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა.
ამიტომ ბათუმის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელმაც აქ ექვსი ღამე გაათია, წყვეტს ამ ფორმით პროტესტს, პირდაპირი ეთერის შემდეგ დავიწყებთ კარვების დემონტაჟს. ეს კარვები ამ დღეებში ყველაზე მკაფიოდ განასახიერებდა ჩვენს პროტესტს, მუხტს, რომელიც აქ მყოფ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც აქ იყო“ – განაცხადა მალხაზ ჭკადუამ აქციაზე.
ამავე დროს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ყოველდღიური აქციები, რომელიც უკვე 69 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, გაგრძელდება.
ასევე, წინააღმდეგობის მოძრაობა გაიშლება აჭარის მუნიციპალიტეტებში, სადაც საპროტესტო აქციების მონაწილეები გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ.
პირველი ადგილი, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები აპირებენ ჩასვლას, შუახევია, ჭვანის ხეობა, საიდანაც არის მზია ამაღლობელი. გარდა ამისა, იგეგმება გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარვები 29 იანვარს გაშალეს. ტროტუარზე ჯერ მოზრდილი კარავი განათავსეს, თუმცა ეს კარავი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და ფაქტობრივად, გაიტაცა.
ამის შემდეგ აქციაზე უფრო მსუბუქი კონსტრუქციის ორი კარავი მიიტანეს და გაშალეს პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად. აქ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გრძელდებოდა.
სასამართლომ რუსული კანონის პროტესტის დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული ყველა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
„დღეს, 2025 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ბრალდებული კიდევ ორი პირის – გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ეს ბოლო საქმეა, რომელიც რუსული კანონის პროტესტის კონტექსტში დაკავებულ პირებს უკავშირდება.
ბრალდების მხარე გიორგი კუჭუაშვილს პოლიციელზე თავდასხმას, ხოლო დავით კოლდარს, ნივთის დაზიანებას ედავებოდა. სასამართლომ ორივე ბრალდებული წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო. გიორგი კუჭუაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლის ვადით, ხოლო დავით კოლდარს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, რადგან კოლდარი დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, საბოლოოდ 2 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
საყურადღებოა, რომ 2024 წლის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), თუ დაზარალებული გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი იყო დავით კოლდარისთვის ბრალად წარდგენილ სსკ-ის 187-ე მუხლს შეხებოდა ამნისტია. თუმცა სს საქმეში დაზარალებულად მიჩნეულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს (დაზიანებულ ნივთს პოლიციის მანქანა იყო) წარმომადგენელმა უარი განაცხადა დავით კოლდარის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
საია ხსენებულ შემთხვევაშიც აღნიშნავს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან. აღნიშნულ ეჭვს მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განხილვების საეჭვო საფუძვლებით გაჭიანურებასთან ერთად, ამყარებს სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან დავით კოლდარის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარიც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეზე სრულყოფილ შეფასებას განაჩენის გაცნობის შემდგომ გამოაქვეყნებს“ – წერს საია.
ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა წინააღმდეგ გამოყენებული სასჯელის სახეებისა და ზომების შესახებ ინფორმაციას:
„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, სადაც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მთელი რიგი რეპრესიული ცვლილებები შედის.
როგორც პლატფორმა „კომენტარის“ იურისტი ნინო კაპანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ახალი ცვლილებებით „ოცნება“ ფაქტობრივად აუქმებს ადამიანის უფლებებს ქვეყანაში და ოფიციალურად ფორმდება დიქტატურა.
ნინო, გვინდა საზოგადოებას აუხსნათ, რა იცვლება „ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილებებით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში და ეწინააღმდეგება თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლებას?
ეს ცვლილებები ძირითადად ეხება შეკრება-მანიფესტაციების ძირითად უფლებას და მაქსიმალურად, კიდევ უფრო მეტად ითვალისწინებს შეზღუდვებს და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის იმ მიზნის მიღწევას, რაც შესაძლოა შეკრება-მანიფესტაციას ჰქონდეს.
პირველ რიგში შემოდის სპონტანური შეკრების და მანიფესტაციებზე გაფრთხილების ვალდებულება. ეს აქამდე არ იყო, როგორც ვიცით. ახლა კი ეს გაჩნდა.
უნდა იცოდეს წინასწარ მერიამ, ვინ სად და როდის იკრიბება.
თუ არ მომცა მერიამ შეკრების უფლება, ვერ ვმართავ აქციას?
ნებართვას არ იღებ, მაგრამ აფრთხილებ მერიას, რომ აპირებ შეკრების გამართვას, განცხადება უნდა დაწერო, შეატყობინო, თუ სად მართავ, რამდენი იქნება დაახლოებით ტრაექტორია და ასე შემდეგ.
მაგალითად, როცა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებდნენ, ხალხი კი პროტესტის ნიშნად, სპონტანურად შეიკრიბა რუსთაველზე, ახლა ამის უფლება აღარ ექნებათ მოქალაქეებს?
ვერა. თუ ვინმე იქნება ორგანიზატორი, მან უნდა შეატყობინოს მერიას.
თუ არ ჰყავს შეკრებას ორგანიზატორი?
ერთ-ერთი ცვლილებით, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ორგანიზატორი. და იმდენად აწვრილმანებენ ამას, რომ შესაძლებელია ნებისმიერი პირი იყოს, რომელსაც იმ მომენტში რუპორი უჭირავს ხელში, ან პოსტს დაწერს და იტყვის, რომ აი, აქ წავიდეთ.
ნახეთ, როგორი განმარტებაა – ინიციატორი შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
თუ რომელიმე მოქალაქე სპონტანურად აიღებს რუპორს და სიტყვით გამოვა აქციაზე, ისიც შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზატორად?
კი ბატონო. ნებისმიერი მოწოდება – თუნდაც, მაგალითად, აქედან იქ გადავადგილდე რომ უთხრას აქციის მონაწილეებს, ესეც შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზატორობად. ძალიან ბევრი ვინმე შეიძლება მიიჩნიონ ორგანიზატორად და შემდეგ მათზე გავრცელდება ორგანიზატორის ვალდებულებები.
გაფრთხილება მან უნდა შეიტანოს მერიაში, მასზე ხდება ძალიან ბევრი პასუხისმგებლობის გადატანა და ორგანიზატორი უფრო მაღალი ჯარიმით ისჯება ცალკეულ შემთხვევებში. შესაბამისად, არავინ იცის ვის რის ორგანიზატორად ჩათვლიან და ვფიქრობ, ეს სპეციალურად არის შემოღებული, რადგან აქამდე ვერ იპოვეს ამ აქციების ორგანიზატორი.
ეს სჭირდებათ, ვთქვათ, იმისთვის, რომ შემდეგ მარგინალიზაცია მოახდინონ ამ პროტესტის ორგანიზატორის გაშავებით?
მათ შორის. აქციებისაც და იმ პირების მაღალი ჯარიმებით დასჯისთვის და დაშინებისთვის.
ხშირად მოქალაქეები ბანერებით გამოდიან ხოლმე და აპროტესტებენ და შეკრებად თუ ჩაითვლება ეს ყველაფერი და ამას არ ექნება წინასწარი თანხმობა, ესეც დარღვევად ჩაითვლება, ფაქტობრივად.
შენობის მფლობელმა, სადაც პროტესტს აპირებს მოქალაქე, თანხმობა უნდა მისცეს, თუ გაფრთხილებაც საკმარისია?
თანხმობა. წინასწარი წერილობითი თანხმობაა საჭირო.
როგორც ვიცით, გარკვეულ უნივერსიტეტებში, მაგალითად, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცული სტუდენტები ღამეს ათენებენ. ამ ცვლილებებით, სტუდენტებს აღარ ექნებათ იქ დარჩენის, შეკრებისა და პროტესტის უფლება?
თუ წერილობით თანხმობას არ მისცემს უნივერსიტეტი სტუდენტებს, ცხადია, აკრძალული იქნება და დარღვევაში ჩაეთვლებათ პროტესტი.
ამიტომ, ჩატარების წესის დარღვევისთვის პირი დაჯარიმდება 2000 ლარით, მაგრამ თუ ორგანიზატორად ჩაითვლება ვინმე – 5000 ლარია ჯარიმა.
შემდეგ განმეორების შემთხვევებია ჩამატებული, სამმაგდება, 6 000 ლარია და უკვე პატიმრობაც არის შემოტანილი 60 დღემდე ვადით.
უნივერსიტეტის ეზო ექცევა ამ რეგულაციებში?
ეზო ალბათ ვერ ჩაითვლება. შეიძლება რომელიმე მუხლში გაიყვანონ, ზუსტად ვერ გეტყვით.
ასევე, აკრძალული ხდება ხიდების, გვირაბების, ესტაკადების ან სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება.
მაგალითად, ხიდი რომ გადაკეტო, ეს ითვლება ბლოკირებად. ან ხიდზე რომ დადგე და აღარ იყოს შესაძლებელი იქ ავტომანქანის გავლა. აქ წერია, რომ მანიფესტანტებს ეკრძალებათ განზრახ დაბრკოლებების შექმნა ხალხის გადაადგილებისთვის. ეს იმდენად ბლანკეტური და ზოგადი ჩანაწერია, რომ თუ ხალხის გადაადგილებას ეშლება ხელი, ამაში ნებისმიერი რამე შეუძლიათ გაიყვანონ – გინდათ ტროტუარები იყოს, გინდათ მეტროს შესასვლელი.
ფაქტობრივად ყველაფერი იკრძალება, ასე გამოდის?
კი, ასე გამოდის.
ადრე სალომე ზურაბიშვილმა დაადო ვეტო ამ კანონპროექტს, თუმცა ახლა აქ მოხდა მისი ინტეგრირება, რომ აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციების აგება. კარვების გამოა ალბათ ეს ჩანაწერი. უშლი თუ არ უშლი ამ კონსტრუქციის დადგმით ხელს პოლიციას ან საზოგადოებას, ეს უნდა შეფასდეს და მტკიცების ტვირთი ალბათ იქნება პოლიციაზე.
ახალი რეგულაციებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით. რას გულისხმობენ აქ. მაგალითად, მოქალაქეები ხშირად „ოცნების“ მაღალჩინოსნებს ეძახიან „მონას“, „რუსს“ და ასე შემდეგ, ესეც შეურაცხყოფად ჩაითვლება?
კი ბატონო, ითვლება სიტყვიერ შეურაცხყოფად.
„შე რუსო!“- აი, ამ ფრაზას, მაგალითად, რის საფუძველზე ჩათვლის სასამართლო შეურაცხყოფად?
ვერ გეტყვით, შეიძლება ესეც გაიყვანონ შეურაცხყოფაში. შესაძლოა იმსჯელოს ამაზე, რომ შეურაცხმყოფელია. ეს არის პრობლემატური ზუსტად, რომ ყველაფერი შეიძლება შეიყვანონ ამაში.
ასევე აღნიშნულია შეურაცხმყოფელი გადაკიდება, რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ რაღაც სიტყვებს რომ ეძახი და თავს არ ანებებ პირს.
ფაქტობრივად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.
მაშინ გამოდის, რომ საჯარო მოხელეებს კი აღარ აკისრებენ თმენის ვალდებულებას, არამედ მოქალაქეებს?
ასე გამოდის, კი. მოთმენის ტვირთი გადავიდა მოქალაქეზე და არა პოლიტიკოსზე. ამაში კიდევ რა შევა, პირადად გალანძღვა თუ სოციალური ქსელით გალანძღვა, ესეც ცალკე საკითხია.
ხშირად გამწარებული ადამიანები წყევლიან მოძალადეებს. ესეც შეურაცხყოფად შეიძლება ჩაითვალოს?
წყევლა არა მგონია.
ეს საქმეები მიდის სასამართლოში და იქ რას გადაწყვეტს მოსამართლე… მდინარაძემ ასეთი ტიპის კომენტარი გააკეთა, გააჩნია რა ტიპის შეურაცხყოფა იქნებაო.
ჩვენ ვნახეთ როგორ აკავებენ ადამიანებს ქუჩებში, არსებობს მტკიცებულებები, ვიდეომასალები, სადაც ჩანს დაკავების პროცესი, ჩანს რომ მოქალაქეებზე რეალურად პოლიციელები ძალადობენ და აგინებენ, მაგრამ სასამართლოში მოდიან ცრუმოწმეები და აცხადებენ, რომ მოქალაქემ მათ აგინა, რისი მტკიცებულებაც არ აქვთ, მოსამართლე კი მაინც მოქალაქეს აჯარიმებს ან აპატიმრებს. ანუ, აქამდეც ასამართლებდნენ ადამიანებს ცრუ ბრალდებებით და ახლა რა შეიცვლება ამით?
ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. თავის დამზღვევი არაფერი გვაქვს.
ასევე, გაიზარდა ჯარიმები წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის. 60 დღით შეუძლიათ ადამიანი ჩასვან ციხეში 15 დღის ნაცვლად.
ვიღაც ნიღბიანი, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული, მოდის და მეუბნება, რომ არ მაქვს ტროტუარზე დგომის უფლება. ნებისმიერი რამ, შეუძლია ჩათვალოს „პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობად“, შეურაცხყოფად, დამაჯარიმოს ან დამაკავოს 60 დღით. მაშინ სად არის მოქალაქის უფლება?
არა, არანაირი ადამიანის უფლებები აქ აღარ არის, ამას ვაპროტესტებთ სწორედ.
ამ ცვლილებებით აბსოლუტურად განადგურებულია ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება. ეს არის ბოლო წერტილი, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს. არაფერზე აღარ გვაქვს თავის დაზღვევის ინსტრუმენტი, რომ აქ რაზე შეიძლება მოგედავონ.
ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ფაქტობრივად გამქრალი, ასე გამოდის?
რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ უფლებებს აქრობენ ამ ცვლილებებით. კანონი უნდათ სასამართლოსთვის, რომ თქვან, „აი, კანონში მიწერია“.
მაგრამ კონსტიტუციაში ხომ წერია, რომ ორგანული კანონი არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონსტიტუციასთან?
დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასაც სასამართლო ადგენს მერე და სასამართლო ვისაც არ გვაქვს, რისი იმედი უნდა გვქონდეს.
ჯარიმებიც ძალიან დიდია, 60 დღე ადმინისტრაციული პატიმრობაც ძალიან დიდია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება თავისი არსით, ამხელა არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სახდელი.
როგორც ვიცით, რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმებსაც კი არ აქვთ ამხელა ადმინისტრაციული სახდელი…
დიახ ასეა, 15-15 დღეა აქაც.
ერთ-ერთი დაკავებული ამბობდა, რომ მხოლოდ იმიტომ დააკავა პოლიციამ, რომ უთხრა „სისტემას არ ვენდობიო“. მაშინ რა შეურაცხყოფაზე საუბრობთ, როცა აზრის გამოხატვის გამო აკავებენ ფაქტობრივად ადამიანებს…
არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს არაფერში არ გადის. აქ შეუძლებელია პასუხი იპოვო რისთვის გსჯიან. გამოდის, რომ ყველანაირი კრიტიკა შეიძლება შეურაცხყოფაში ჩაგითვალონ.
თუკი ჩვენი, როგორც მოქალაქის ყველა უფლება შეიზღუდება ამ ქვეყანაში ამ საკანონმდებლო ცვლილებით, მაშინ რა გვრჩება ჩვენი უფლებების დასაცავად?
ეს კანონები, რასაც ახლა მიიღებენ, შესაძლოა გასაჩივრდეს. განა თვითონ არ იცია, რომ ეს კანონები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება? უბრალოდ ახლა სჭირდებათ სასწრაფო წესით ამ პროტესტის შეკავება რაც ქვეყანაშია.
გასაგებია, მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია აღარ გვაქვს და პირდაპირ დიქტატურა ფორმდება?
კი, ნამდვილად ასეა, რადგან ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რაც დეკემბრიდან მოყოლებული მიიღო „ოცნების“ ხელისუფლებამ, ყველაფერი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან. ერთადერთი უფლება, რაც მოქალაქეს საკუთარი უფლების დასაცავად დარჩა, ეს არის ქუჩაში გამოსვლა. თუმცა რაზე უნდა ვისაუბროთ, როცა მაგისტრალზე გადასვლის გამო სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს ხალხი.
დღეს, 4 თებერვალს, მზია ამაღლობელი შიმშილობის 24-ე დღეს, კლინიკაში გადაიყვანეს.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მზია ამაღლობელი ჰოსპიტალურ მკურნალობას მათ კლინიკაში აგრძელებს, სადაც ის კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, ჩატარდა კვლევები, „იქნა ნანახი ცვლილებები“ და პაციენტს შესთავაზეს ჰოსპიტალური მკურნალობა, რაზეც ის დათანხმდა, თუმცა შიმშილობას კვლავ აგრძელებს.
„მას ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, ვნახეთ კვლევის შედგები და პაციენტს შევთავაზეთ სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება ჰოსპიტალურ მკურნალობაზე.
ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები და საჭირო გახდა ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, გონების კარგვის ეპიზოდი მზია ამაღლობელს არ ჰქონია და ის ამჟამად კონტაქტურია.
„დემონური თავხედობაა, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის და შენ უკმეხად იმეორებ სიმართლის შენს ვერსიას. ესეც ვერსიაა, რომ მას თითქოს გააჩნია ყველა რესურსი, მხარდაჭერა… ეს ყველაფერი ილუზიაა და მას ბოლო მომენტამდე შეინარჩუნებენ,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც „ოცნების“ აშშ-ს საელჩოსთან მორიგ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ.
პოლიტოლოგის დაკვირვებით, ივანიშვილს ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ დარჩა და ის მხოლოდ მოკლევადიანი სტრატეგიით მოქმედებს – „ოღონდ ახლა გადავრჩე“, შემდეგ კი, ის ელოდება, „რუსეთს რა უფლებები მიეცემა რეგიონში“.
„საბოლოო ჯამში, ყველა მათ წინააღმდეგ დადგება,“ – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი. მას ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები ეიმედება, თავისუფლებისკენ სწრაფვა, რასაც საბჭოთა კავშირიც კი ვერ მოერია. „ამის შემდეგ რა მთავრობა უნდა მოვიდეს საქართველოში თავისი 4 ათასი პოლიციელით, რომ შეაჩეროს ამ ერის თავისუფლებისკენ სწრაფვა? ეს ხომ არ არის კორუმპირებული ერი შინაგანად?“ – კითხვას სვამს კახა გოგოლაშვილი.
„ბათუმელებმა“ კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო კახა, დღევანდელი აქციით დავიწყოთ – ჟურნალისტებზე დღეს უკვე კამერების თვალწინ იძალადეს პოლიციელებმა, მანამდე, 2 თებერვლის აქციაზე ომბუდსმენის მონაცემებით 22 დაკავებულს ეტყობოდა არასათანადო მოპყრობის კვალი. თქვენი დაკვირვებით, „ქართულ ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ რეპრესიებით და ძალადობით პროტესტის ჩახშობას შეძლებს?
„ქართულ ოცნებას“ ერთადერთი ამის იმედი დარჩა. დათმობას და მოლაპარაკებას ისინი არ აპირებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. რეჟიმი დაადგა თვითიზოლაციის გზას. ამ პირობებში რას უნდა ველოდოთ: ისევ რაღაცის გამკაცრებას და რეაქციულ მოქმედებებს.
თუმც, საბოლოო ჯამში, ეს „ოცნებას“ მხოლოდ დროს მოაგებინებს, მეტი არაფერი.
ისინი მიზეზებს ვერ ხსნიან. რაც დრო გადის, ხალხი უფრო და უფრო ღიზიანდება და ბრძოლისუნარიანი ხდება. იღებენ რაღაც კანონებს, რეპრესიულს, მაგრამ ხალხი სწავლობს წინააღმდეგობას. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს.
ყველა დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი ერთი და იმავე ლოგიკით მოქმედებს. ისინი ეძებენ გზებს, როგორ შეიძლება გადარჩნენ ამ იზოლაციაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქ არის გარეგნული მხარე, იმის ჩვენება, რომ, აი, „ჩვენ არავინ გვჭირდება“, „ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ქვეყანა.“
არა მგონია, რომ ამ გზამ მიიყვანოს „ოცნება“ მათთვის სასურველ შედეგამდე.
რატომ არ გგონიათ? დასავლეთის მხარდაჭერის იმედი გაქვთ, თუ წინააღმდეგობის, რომელიც არ ჩერდება ქვეყანაში?
საქართველო 30 წელია დემოკრატიის განვითარების გზაზეა. ხალხი შეეჩვია იმ აზრს, რომ საბოლოო ჯამში იცხოვრებს სრულად დემოკრატიულ ქვეყანაში, ხალხი შეეჩვია იმ აზრს, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირში.
თუ, მაგალითად, აზერბაიჯანში დიქტატურამ შეძლო ფესვების გადგმა, იქ ასეთი ამბიცია არც არასდროს ყოფილა. მათ მასიურად არ უგემიათ დემოკრატია. სამოქალაქო საზოგადოება იქაც იყო, რომელიც მოსპეს. ჩვენთან კი, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია ყველა, ვინც ახლა დგას ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს კარგად ესმის, რა არის დემოკრატია, ან რატომ არის საჭირო ევროკავშირში გაერთიანება. საქართველოს განსხვავება ძალიან დიდია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში დარჩენილი არიან ავტორიტარულ წყობილებაში.
აიღეთ შუა აზიის ქვეყნები და აზერბაიჯანი. სომხეთმა კი, რომელიც ჩვენზე უკან იყო დემოკრატიის განვითარების გზით, გაგვასწრო უკვე. ისინიც აღარ დაუშვებენ უკვე დემოკრატიის უკუსვლას.
დემოკრატიის უკუსვლა შეიძლება მხოლოდ დროებით, იზოლაციის პირობებში, ან ძალით, როგორც ეს, მაგალითად, ვენესუელაში ხდება – ძალის გამოყენებით და ყველანაირი ცინიზმით ცდილობენ ჩაახშონ პროტესტი, თუმცა ვენესუელაშიც კი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხვდება, რაშია საქმე. არჩევნებზე, მაგალითად, გამოჩნდა აშკარად, რომ 70%-მა ხმა მისცა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ვენესუელაში რეჟიმს გააჩნია თავისი ხალხის დაჩაგვრის მანქანა და ამით უჭირავს თავი.
საქართველოში, ვენესუელისგან განსხვავებით ნავთობი არ არის, ამიტომაც, სრული იზოლაციის პირობებში საქართველოში რეჟიმი მარტივად ვერ გადარჩება – ის კარგად ვერ აცხოვრებს თავის მომხრეებს. რეჟიმი ვერ უზრუნველყოფს იმ მინიმუმსაც კი, რაც, მაგალითად, რუსეთში უზრუნველყო ხელისუფლებამ.
კახა გოგოლაშვილი
ოფშორებიდან საქართველოში გადმოტანილი ფული, ან ახალი კავშირები ჩინეთთან, თქვენი აზრით, ვერ უშველის ივანიშვილის რეჟიმს?
რა თქმა უნდა, ივანიშვილი შეეცდება ჩინეთთან, რუსეთთან, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან გარიგებას და ასე შემდეგ, მაგრამ მოსახლეობის 85%, ვისაც ევროკავშირი უნდა, აშკარად გაიგებს, რაშიცაა საქმე. „ოცნების“ პროპაგანდა, „იმედი“, პოსტ TV“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობენ ხალხს ჩაუტენონ ტვინში ტყუილები, თითქოს ჩვენ მივდივართ ისევ ევროკავშირში და თითქოს დემოკრატიას ვაშენებთ.
„ოცნება“ იგონებს, რომ თითქოს მას ებრძვის რეაქციული ძალები, „დიფ სთეითი“, მაგრამ ეს აშკარა გახდება ძალიან მალე. ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო – ეს ფეხები გამოჩნდა უკვე. ამიტომაც მგონია, რომ ამ 85%-ს ვერაფერს უზამენ. საბოლოო ჯამში, ყველა მათ წინააღმდეგ დადგება. იმის დანახვა, რომ ხარ საშინელ იზოლაციაში, ვიღაცის სატელიტი… ამისთვის არ მიუცია ხმა ქართველ ამომრჩეველს.
მათ შორის, „ოცნების“ ამომრჩეველს?
დიახ, მათ შორის, „ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც თავისი ილუზიები ჰქონდა ყოველთვის. გასაგებია, რომ ახლაც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ და „იმედის“ ხიბლის ქვეშაა, ის უსმენს და „ჭამს“ ყველა იმ ინფორმაციას, რასაც მას მიაწოდებენ შოუებს შორის. საბოლოო ჯამში, ისინი გამოდიან ამ ხიბლიდან და გამოვლენ კიდეც.
ჩემი აზრით, ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლებენ დიდი ხნით ქვეყნის ასე მართვას.
აღნიშნეთ, დროს იგებს „ოცნებაო“. რა შედეგზეა ეს გათვლილი? შეშინებული არიანო, ამბობდა სალომე ზურაბიშვილი მორიგ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზე…
ზუსტად ასეა. ეს არის პანიკური გადაწყვეტილებები. ეს არ არის გრძელვადიანი სტრატეგია. ეს არის მოკლევადიანი სტრატეგია: „ოღონდ ახლა გადავრჩე“. ისინი ხან ტრამპის მოსვლას ელოდებოდნენ, შემდეგ იძახიან, „დიფ სთეითი“ არც ისე მარტივი დასამარცხებელი ყოფილაო.
ამჯერად ელოდებიან, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთს რა უფლებები მიეცემა ამ რეგიონში. ელოდებიან ამას და ცდილობენ, დრო გაიყვანონ, როგორმე შეინარჩუნონ თავი, რომ მერე სათავისოდ გამოიყენონ ახალი გეოპოლიტიკური ვითარება. ფიქრობენ, რომ იქ ჩინეთი გაძლიერდება, იქ რუსეთი უკრაინას წაართმევს ტერიტორიებს და თან მოითხოვს, რომ ნატოში არავინ არ დავინახო, მათ შორის, არც საქართველოო. სხვადასხვა ეტაპზე მათ სხვადასხვა ილუზიები გააჩნდათ.
მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროსაც ომობდა საქართველო – უზარმაზარი მონსტრიც კი ვერ აჩერებდა საქართველოში თავისუფლებისკენ სწრაფვას. ამის შემდეგ რა მთავრობა უნდა მოვიდეს საქართველოში თავისი 4 ათასი პოლიციელით, რომ შეაჩეროს ამ ერის თავისუფლებისკენ სწრაფვა?! ეს ხომ არ არის კორუმპირებული ერი შინაგანად?!
კი, ქართველებს ბევრი მინუსი გვაქვს, თავისთავად: არაორგანიზებული ვართ, კანონის მორჩილიც ხშირად არ ვართ, მაგრამ თავისუფლების მოყვარე ერი ვართ მაღალი ხარისხით.
ამის შეჩერება შეეძლო ისეთ მონსტრებს, როგორიც იყვნენ თავის დროზე სპარსეთის იმპერია, ოტომანთა იმპერია, რუსეთი ბოლო 200 წლის განმავლობაში. ესენი ახერხებდნენ თავისუფლების შეკავებას. მაგრამ დღეს გლობალიზებულ სამყაროში ვართ.
ამიტომაც, „ოცნების“ ეს სტრატეგია არის მოკლევადიანი. მათი გათვლაა, რომ როგორმე იქნებ რამე შეიცვალოს: იქნებ რუსეთის, ან ჩინეთის ჰეგემონია დამკვიდრდეს, ან რომელიმე ავტორიტარული ქვეყნის ჰეგემონია დამკვიდრდეს ამ რეგიონში, რომ ჩვენ უბრალოდ ლოიალურები გავხდებით ამ დიდი, ავტორიტარული რეჟიმის.
მეორე მხარეც არის: ევროკავშირი და აშშ არიან თუ არა მზად, საქართველო დაუთმონ რუსეთს, ან ჩინეთს? თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა, შეიძლება ნაწილობრივ მათმა სტრატეგიამ გაამართლოს. ნაწილობრივ, იმიტომ, რომ ქართველი ერის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ ვერავინ შეაკავებს.
რა ეტაპზე გადავიდა „ოცნების“ და აშშ-ს ურთიერთობა? მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებები აცდენილია აშშ-ს ახალარჩეული ხელისუფლების ნარატივებს“. მას ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გამოეხმაურა X-ზე განცხადებით – „ანტიამერიკული ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან. ტრამპი ამას გამოასწორებს“.
რასაც ჩვენ ვხედავთ კონგრესიდან და სენატიდან, ეს აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც „ოცნების“ პროპაგანდა საუბრობს. ასევე ვხედავთ, რომ ტრამპის განცხადებები არის ურთიერთწინააღმდეგობრივი.
ჯერ იკვეთება მხოლოდ კონტურები. ტრამპმა ისეთი განცხადება გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით, რომ გამოდის, რომ აშშ აპირებს ტრანზაქციული პოლიტიკა განახორციელოს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ აშშ-ს გააჩნია თავისი საგარეო ურთიერთობების კონცეფცია, სტრატეგია და მიდგომა, ამას სჭირდება სენატის და კონგრესის მხარდაჭერა. ეს მიდგომა გულისხმობს იმას, რომ თუ რაღაცას მოგცემ, შენც რაღაცას მომცემ, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე ქვეყანაში დემოკრატია იქნება, თუ მონათმფლობელობა. თუ ამ მიდგომას სენატმა და კონგრესმაც დაუჭირა მხარი, მაშინ ამ გლობალურ პროცესებში საქართველოს დამოუკიდებლობას და მის თავისუფლებას ემუქრება საფრთხე.
აქ მინდა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დავსვა: ჯერ ერთი, არსებობს ევროპა, რომელიც არ აპირებს თავისი ღირებულებითი პოლიტიკის დათმობას, მეორეა, რომ არც შეერთებული შტატები აპირებს ამას, რაც არ უნდა თქვას პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც 4 წლის ვადით არის მოსული. ის საბოლოო ჯამში ჩადგება იმ ჩარჩოში, რასაც მიუთითებს კონგრესი და სენატი. შეიძლება ცოტათი შეიცვალოს პოლიტიკა, მაგრამ მთლიანად მიდგომა, როცა აშშ მხარს უჭერს თავისუფლებას და დემოკრატიას, უჭერს მხარს ქვეყნების დამოუკიდებლობას, ეს წარმოადგენდა შეერთებული შტატების პოლიტიკას განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ მიდგომის შეცვლა დღეს პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია.
უკუსვლა ბევრ ქვეყანაშია, მაგალითად, უნგრეთსა და სლოვაკეთში. აშშ-შიც ეს განცხადებები, რაზეც გესაუბრეთ, დემოკრატიის გარკვეულწილად უკუსვლაზე მიანიშნებს. ეს უკუსვლა აუცილებლად გაჩერდება, რადგან ქვეყნის ჩარხი უკუღმა არ დატრიალდება. შეიძლება რაღაც ციკლში შევდივართ, მაგრამ ამით არ უნდა შეშინდეს არავინ. ახლა ისე დაჩქარებულია პროცესები და იმდენად ბევრი ინფორმაცია, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უნდა გაერკვეს, რა არის მისთვის კარგი. დეზინფორმაციული საშუალებებიც გაზრდილია, მაგრამ ასევე გაზრდილია ანალიტიკური აზროვნების შესაძლებლობა.
4 ადამიანი ამ დრომდე პროტესტის ნიშნად შიმშილობს საქართველოში, მათ შორის, მზია ამაღლობელი – ჟურნალისტი და პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი. იგი 24 დღეა შიმშილობს. თქვენი აზრით, რა შინაარსი შეიძინა „მზია ამაღლობელის საქმემ“ დღევანდელ კონტექსტში?
ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში გმირების გადაშენება ვერ მოხდება. ეს არის სამოქალაქო გმირობა, რომელიც თავისი მნიშვნელობით არ არის არანაირად სამხედრო გმირობაზე ნაკლები.
როცა არაჯანსაღი ძალები ცდილობენ ქვეყანა არასწორ გზაზე დააყენონ და უსამართლობა დამკვიდრებას ქვეყანაში, ჩნდებიან გმირები და ამ ქვეყანას აქვს შანსი. ეს შანსი ძალიან დიდია.
ამ მომენტში ხალხი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თითოეული მოქალაქე არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინც ერთ აგურს დადებს საქართველოს გადარჩენაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებას.
„ოცნება“ როგორ იყენებს მზია ამაღლობელის საქმეს? თვლით, რომ ამ გზით ივანიშვილი კრიტიკული მედიის დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა?
„ოცნება“ ახალს ვეღარაფერს იგონებს, ის იგონებს მხოლოდ ზომებს, რაც არალეგიტიმურია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, კონვენციებს, პრინციპებს. მას აღარ გააჩნია შემოქმედებითი რესურსები – პრაქტიკულად აღარ ჰყავს ადამიანები ირგვლივ. მხოლოდ კარიკატურული ფილოსოფოსები და ჟურნალისტები, კარიკატურული მწერლები მუშაობენ „ოცნებისთვის“ და ცდილობენ რაღაცის კეთებას, რასაც მაშინვე სიცრუის სუნი ასდის.
ამიტომაც ფიქრობენ, რომ რეპრესიული ზომები უნდა გამოიყენონ იგივე მედიის მიმართ. სინამდვილეში კიდევ უფრო დაისუსტებენ თავს მორალურად და სამართლებრივად.
როდესაც აღარ იქნება „ოცნება“ ხელისუფლებაში, ყველა დარღვევა და დანაშაული გამოაშკარავდება, გაიმართება სასამართლოები და საზოგადოებრივი დებატები – თავი აღარ გამოეყოფა არა მხოლოდ იმას, ვინც „ოცნების“ სახელით მოქმედებს, არამედ მათაც, რომლებიც „ოცნების“ მხარდაჭერას გამოხატავენ.
რა ეფექტს აღწევს „ოცნება“ თავდაჯერებულობის ჩვენებით, რომ უკან დახევას და არაფრის დათმობას არ აპირებს?
თავდაჯერებულობა იქნება ის, რასაც ისინი ყველაზე ბოლოს დაკარგავენ. ნებისმიერი დიქტატორი, მათ შორის, სადამ ჰუსეინი ბოლო მომენტამდე საუბრობდნენ, რომ იგებდნენ პროცესს, მიდიან შეტევაზე, მათაც ჰქონდათ ეს თავდაჯერებულობა.
ეს არ არის თავდაჯერებულობა. ესაა დემონური თავხედობა, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის და შენ უკმეხად იმეორებ „სიმართლის“ შენს ვერსიას.
ესეც ვერსიაა, რომ მას თითქოს გააჩნია ყველა რესურსი, მხარდაჭერა, ან თითქოს კანონის ძალით მოქმედებენ. ეს ყველაფერი ილუზიაა და მას ბოლო მომენტამდე შეინარჩუნებენ.
რეპრესიების გააქტიურების პირობებში, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს წინააღმდეგობა?
შესაძლოა აღარ იყოს ეფექტური ეს სპონტანური აქციები, რაც აქამდე იმართებოდა. საჭიროა მეტი ორგანიზება. აუცილებელი არაა, პოლიტიკური პარტიები ჩაერთონ ამ პროცესში – საზოგადოებრივი მოძრაობები უნდა გაერთიანდნენ, შექმნან პროგრამები, ახალი ცენტრები. ყველა, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, სჭირდება ერთიანი მართვა. აუცილებელი არაა ერთი ძალა მართავდეს, მაგრამ კოორდინაცია უნდა არსებობდეს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის.
საპროტესტო აქციები უნდა იყოს ერთდროული, მიზანდასახული – კონკრეტული მიზანი უნდა იყოს გამოკვეთილი და ნელ-ნელ გამარჯვებებით გავდიოდეთ ფონს. არამხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში, რეგიონებში, ყველგან უნდა აღწევდეს ეს წინააღმდეგობა. „ოცნება“ მოიფიქრებს სტრატეგიულ ნაბიჯს, თუ მას არ დაუპირისპირდება ორგანიზებული ძალა.
გმირები არსებობენ. ახლა საჭიროა ორგანიზებული ძალის დახვედრება.
__________________
ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI
კობა ხაბაზი სასამართლოშია დაბარებული, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაცია კობა ხაბაზმა თავად გაავრცელა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ჩამაბარეს უწყება.
ხვალ, 5 თებერვალს 14.00 საათზე სასამართლოში ვარ დაბარებული.
უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს.
ისე სხვათა შორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში ჰყავთ გამომწყვდეული მეთქი…“
7 დეკემბერს, „ახალის“ ოფისთან, კობა ხაბაზს 50-მდე ნიღბიანი თავს დაესხა და სცემა. ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა. შემთხვევა საღამოს 10 საათისთვის მოხდა. კოალიციის ოფისში შავებში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანი შეცვივდა და კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდა. ეს ჩანს ოფისის სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებშიც.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ფეისბუქზე წერს, რომ მას აღარ მიჰყავს „მოამბის“ 18:00-საათიანი გამოშვება და ამის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა „მოამბის“ პროდიუსერების უარი მასთან მუშაობაზე.
„მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.
ოფიციალური პოზიცია:
როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც „მოამბე“-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროტესტის მონაწილეა. ჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენაში ადანაშაულებს.
„(საზოგადოებრივ მაუწყებელში) გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის. მე პოზიციას არ ვცვლი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ – გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, – განაცხადავასილ ივანოვ-ჩიქოვანმა 30 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.
სახალხო დამცველი ეხმიანება „ოცნების“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.
„წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვის დროს შეკრების მონაწილეებისათვის სხვადასხვა აკრძალვის დადგენა, მათ შორის, შეკრების ადგილის, შეკრების ატრიბუტიკის თუ ფორმების ნაწილში; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეკრებების აკრძალვის თუ შეწყვეტის დროს რიგი უფლებამოსილებების მინიჭება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით ხდება, როგორც მთელი რიგი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დამძიმება, ასევე ცვლილებები ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესებს და სასამართლოში საქმეთა განხილვისას პროცედურულ გარანტიებს. სანქციების დამძიმებასთან ერთად, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს ემატება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების ჩადენისათვის პასუხისმგებლობა.
სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს.
სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის გვერდზე, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 პირი დააკავეს თბილისში, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს და 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული ი.წ., 1982 წელს დაბადებული ი.ტ., 2004 წელს დაბადებული ნ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.ე., 1978 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული ა.გ., 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და 1975 წელს დაბადებული გ.უ.
შსს-ს წერს, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
2 თებერვალს დიდი რაოდენობით პოლიცია შუა დღიდან მობილიზებული იყო „თბილისი მოლთან“, სადაც მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 16:00 საათიდან შეიკრიბნენ და სტუდენტების შეკრების ადგილას — „თავისუფალ უნივერსიტეტთან“.
„თბილისი მოლთან“ იმყოფებოდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილიც (ხარება) — სანქცირებული მაღალჩინოსანი, რომელიც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ცოტა ხნის წინ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. აქციის მონაწილეები და გადაღებული ვიდეოკადრები ადასტურებენ, რომ „ხარება“ მომიტინგეებს აგინებდადა სცემდა.
NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს, დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარედ, სადაც ის საპროტესტო აქციას აშუქებდა, პოლიციელმა თავში ჩაარტყა.
რა ვითარებაში მოხდა ძალადობა და რა უთხრეს კლინიკაში NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს, სადაც იგი დარტყმის შემდეგ იმყოფებოდა? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ვანცენტ ხაბეიშვილს.
ვანცენტ, შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა ვითარებაში იძალადა პოლიციამ თქვენზე?
როგორც იცით, ჟურნალისტები ვიყავით პარლამენტთან. მქონდა ლაივი ჩართული, მივყვებოდით მსვლელობას და ვაშუქებდი.
უცებ შეგროვდა ძალიან ბევრი პოლიციელი და დაიწყეს „გადადით, გადადით“.
ტროტუარიდან როცა ყრიდნენ ხალხს, იქ მოყევით?
კი, აი, მანდ გადასვლის მომენტში შექმნეს ჭყლეტა.ზურა ვარდიაშვილისგან [გამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი] ვიღებდი ინტერვიუს და დაიწყო ჩოჩქოლი.
ამ დროს თავში, ყურის არეში მომხვდა მუშტი და ამ ინერციამ წამაქცია, დავეცი, თან დაღმართია იქ და ჩავგორდი.
ვინ დაგარტყათ ჩანდა? ნიღბიანი იყო, თუ უჩანდა სახე?
დიდი ალბათობით ეს იყო ნიღბიანი, იმიტომ, რომ როგორც მახსოვს, იმ დროს ჩემ უკან სულ ნიღბიანები იდგნენ.
როცა დავეცი, მერე კადრებშიც ვნახე, ამ დროს რამდენიმე წამით ითიშები… გარემო რომ აღვიქვი, ჩემ წინ ადამიანები იდგნენ, შევხედე ტელეფონს და ლაივში ვიყავი ისევ, წამოვდექი უცებ და გავაგრძელე მუშაობა.
დაცემის მომენტშიც ლაივში ვიყავი და იქაც ჩანს, რომ ვეცემი.
ვინ გადაგიყვანათ კლინიკაში, იყო სასწრაფო მოსული?
ჩემით გადავედი, რადგან მტკიოდა კეფა, მირჩიეს, რომ მივსულიყავი კლინიკაში. ირგვლივ ვისაც აქვს, სამწუხაროდ, ჟურნალისტებს, იგივე გამოცდილება – ცემის და გადაყვანის, მირჩიეს, რომ მივსულიყავი კლინიკაში.
რა გითხრეს კლინიკაში, გაქვთ რაიმე დაზიანება?
ტვინის შერყევა არ მაქვს, მაგრამ მაქვს გაბუჟების შეგრძნება, რაც იმის თანმდევია, რომ ძლიერად მომხვდა. მირჩიეს, რომ ცოტა ხნით მოვწყდე ელექტრონულ მოწყობილობებს და დავისვენო, მაგრამ ეს არ გამომივა.
დღეს არალეგიტიმური პარლამენტი განიხილავს ახალ რეპრესიულ კანონებს, რომლებიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. უკვე ვნახეთ, რომ ადამიანებს ნიღბიანი პირები ტროტუარზე დგომის საშუალებასაც არ აძლევენ. თქვენი აზრით, რა იქნება ხვალ, როცა ახალი, რეპრესიული კანონები შევა ძალაში?
როგორც ვიცით, ბოლო ორი წელია ეს ვითარება მძიმდება და ამის გამოძახილია ეს ყველაფერი, უფრო მეტი ნაცემი და დაჭერილი ჟურნალისტი გვყავს დღეს. დღევანდელი აქციაც მზიას გათავისუფლების მოთხოვნით იყო.
ონლაინ მედიებისთვის განსაკუთრებით რთულია მუშაობა დღეს, რადგან, ფაქტობრივად, გამოყრილი ვართ პარლამენტიდან და ყოველთვის ყვითელი რეჟიმი მოქმედებს ჩვენთვის, აქციებზეც ხშირად დავდივარ, ვაშუქებ და აშკარად ჩანს, რომ ჩვენ ვართ სამიზნე, ნიღბიანი „სამართალდამცავების“ ნებისმიერი მოქმედებიდან იგრძნობა ეს და ამას ადასტურებს ისიც, რომ ბევრი ჟურნალისტია ნაცემი.
ჩვენ დავინახეთ გუშინ მდინარაძის მიერ დაანონსებულიპოლიციური სახელმწიფო, შესაბამისად, ჟურნალისტი იქნება ეს თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამას, ცხადია, თავისთავზე იწვნევს და უფრო დამძიმებული და გართულებული იქნება ცხოვრება მისთვის, ვისთვისაც დემოკრატია და დემოკრატიის ბაზისი მნიშვნელოვანია.
თუ რამის იმედი მაქვს ამ პროცესში, ეს არის საოცარი სოლიდარობა, მტკიცე და ურყევი ყველა მოქალაქის მიმართ თანაბრად და ეს თანაგანცდა არის, ვფიქრობ, უკეთესი მომავლის დასტური.
მადლობა ყველას ამ მტკიცე სოლიდარობისთვის და ცხადია აქვე, – თავისუფლება მზია ამაღლობელს.
საქართველოს უცხოელი მეგობრები მზია ამაღლობელისა და პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებას ავრცელებენ.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შედეგი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჩვენ არ გავბრიყვდებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯოს ის გარემოებები, რამაც გამოიწვია მზია ამაღლობელის დაპატიმრება და შელახოს მისი პროფესიული სანდოობა „უცხოური დაფინანსების“ კვალიფიკაციით. ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას საქართველოს მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ევროატლანტიკური გზის გარშემო, რომელიც ჩაწერილია არა მხოლოდ კონსტიტუციაში, არამედ ხალხის ნებაშიც — ძალაუფლების უკანონო მიტაცებით ორივეს უღალატა რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა „ქართულმა ოცნებამ“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები მხარდაჭერას უცხადებენ ქართველი ხალხს და სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს და ითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ბოლოდროინდელი უკანონო კანონების გაუქმებას.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებს და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება სანქციების დაწესებით პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის მიმართ“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
პაველ ფიშერი, ჩეხეთის სენატის წევრი
რადოსლავ ფოგილი, პოლონეთის პარლამენტის წევრი
მიხაელ გალერი, ევროპარლმენტის წევრი
გუსტავ გოტბერგი, შვედეთის პარლამენტის წევრი
ბერნარდ გეტა, ევროპარლამენტის წევრი
რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტის წევრი
იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
ჯერალდ კნაუსი, ევროპული სტაბილურობის ინიციატივა
რიჰარდ კოლსი, ევროპარლამენტის წევრი
იუკა კოპრა, ფინეთის პარლამენტის წევრი
დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი
ევგენია კრავჩუკი, უკრაინის პარლამენტის წევრი
ერიკ ნილს კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი
მიაპეტრა კუმპულა-ნატრი, ყოფილი ევროპარლამენტარი
ნატალი ლუაზო, ევროპარლამენტარი
ოლექსანდ მერეჟკო, უკრაინის პარლამენტის წევრი
მარია მეზენცევა-ფედორენკო, უკრაინის პარლამენტის წევრი
მარკო მიხელსონი, ევროპარლამენტის წევრი
ინარა მურნიეცე, ლატვიის პარლამენტის წევრი
ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის წევრი
ფრედერიკ პეტი, საფრანგეთის პარლამენტის წევრი
ლია ქუარტაპელე, იტალიის პარლამენტის წევრი
მიხაილ როთი, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
რენდი შონემანი, Orion Strategies-ის პრეზიდენტი
კატარინა ტოლგფორსი, შვედეთის პარლამენტის წევრი
ტომ ტუგენჰატი, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი
სებასტიან ტინკინენი, ევროპარლამენტარი
რეინიე ვან ლანშოტი, ევროპარლამენტარი
ვიოლა ფონ კრამონი, ყოფილი ევროპარლამენტარი
მიხალ ვავრიკევიჩი, ევროპარლამენტარი
ჯო უილსონი, კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
ბათუმში 5 თებერვალს იგეგმება საავტომობილო, საპროტესტო მარში პოლიტპატიმრების გათავისუფლების, მოძალადე პოლიციელების დასჯისა და ახალი არჩევნების მოთხოვნით.
საავტომობილო მსვლელობა 5 თებერვალს, ოთხშაბათს, 17 საათიდან დაიწყება ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის უკანა მხარეს მდებარე შადრევნის მიმდებარე ტერიტორიიდან.
პირველი საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა ბათუმში კვირას, 2 თებერვალს გაიმართა. ავტომანქანების კოლონა დროშებითა და შეძახილებით – „თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს! თავისუფლება ანრის! თავისუფლება თემურ ქათამაძეს!“ – ქალაქის ქუჩებში მოძრაობდა და სარფის საზღვრამდე ჩავიდა.
„დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი“ – ასე ახასიათებენ ბათუმში მიმდინარე აქციებზე დაკავებულები ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ქცევას წინასწარი დაკავების იზოლატორში. საპროტესტო აქციებზე დაკავებულები გათავისუფლების შემდეგ ჰყვებიან, რომ ირაკლი დგებუაძე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და ზოგჯერ იმდენად გადადის ზღვარს, რომ მის შეკავებას სხვა პოლიციელები განსაკუთრებულ ძალისხმევას ანდომებენ.
ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერება ბოლო რამდენიმე კვირაა ბათუმში აქციების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად იქცა. ამ მოთხოვნით აქციებს მართავენ ჟურნალისტები ბათუმსა და თბილისში მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითდააკავეს, პროკურატურის მოთხოვნა კი პატიმრობაზე სასამართლომ ძალაში დატოვა. არაერთი დაკავებული „ბათუმელებთან“ საუბრობს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულებს სცემს, აგინებს და აფურთხებს.
ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბათუმის პოლიციის უფროსს არაფერი აქვს ერთი ავტომანქანის, HYUNDAI ELANTRA -ს გარდა, რომელიც მას 2021 წელს 4 500 დოლარად შეუძენია. არ აქვს საკუთარი სახლი, მიწის ნაკვეთი, დანაზოგი და სხვა რაიმე სახის ღირებული ქონება, არც ძვირადღირებული საჩუქრები მიუღია.
მის ქონებრივ დეკლარაციაში არც ის წერია, ეხმარებიან თუ არა მშობლები ფინანსურად – თუ ასეა, იგი ვალდებულია ამის შესახებ დეკლარაციაში ჩაწეროს.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რისი მიღებაც მისი დეკლარაციიდან შეიძლება, ეს ხელფასის ოდენობაა.
ირაკლი დგებუაძემ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 2023 წელს სახელფასო შემოსავლის სახით 51 615 ლარი მიიღო, რაც თვეში 4 300 ლარია. ამ თანხით მდიდრულად ვერ იცხოვრებ და ვერც მსოფლიოს ძვირადღირებულ კურორტებზე, კლუბებში და ღირსშესანიშნავ ადგილებში შეძლებ მოგზაურობას, თუმცა იმ ფოტო და ვიდეომასალის მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელში მის მეგობარ ქალს აქვს განთავსებული, ირაკლი დგებუაძე ხელმომჭირნედ ნამდვილად არ ცხოვრობს. თუმცა ევროპის ქალაქებში ხარჯების შესახებ ინფორმაციას დეკლარაციაში არ უთითებს.
ბათუმის პოლიციის უფროსის მეგობარი ქალი, მარიკა გერლიანი ბათუმში ზღვის სანაპიროზე კაფე-ბარ „ალოჰას“ და კლუბ „ბოჰემას“ ფლობს. „ბოჰემა“ ძველ ბათუმში, ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში გახსნეს. იმის შესახებ, რომ „ალოჰას“ და „ბოჰემას“ დამფუძნებელი და მფლობელია, მარიკა გერლიანს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვს მითითებული. მან ტელეკომპანია „პირველთან“ თქვა, რომ კლუბები მისია და ბიზნესის ირაკლი დგებუაძესთან კავშირი უარყო.
„ალოჰა“, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ პლაჟზეა განთავსებული, მხოლოდ ზაფხულობით მუშაობს. ახლა ეს ადგილი ცარიელია. მომიჯნავე ნაკვეთებზე ბიზნესის მფლობელები საუბრობენ, რომ ზაფხულობით, მაშინ როცა მათ მუსიკისთვის ხმის დაწევას სთხოვენ და გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ, „ალოჰა“ პრივილეგიებით სარგებლობს – „მთელი ღამე გრიალებენ“.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი პლაჟზე, სადაც „ალოჰაა“ განთავსებული 2 497 კვადრატული მეტრია. ამონაწერიბოლოს 2021 წელს ორჯერ განუახლებიათ. 2021 წლის ივლისში ეს ნაკვეთი პლაჟზე იგივე საკადასტრო კოდით „ბათუმის ბულვარმა“ ელექტრონული აუქციონით გაასხვისა. გაყიდვის ფასი 9 270 ლარი იყო, ბიჯი – 270 ლარი. აუქციონის აღწერილობაში მითითებული იყო, რომ ბულვარი 1 500 კვ.მეტრს ასხვისებდა და არა სრულ ფართობს, რასაც საკადასტრო კოდი მოიცავს.
ახლა აქ კაფე არ ფუნქციონირებს, დატოვებულია კონსტრუქციის ნაწილი და ღობეფოტო: „ბათუმელები“
აღწერაში მითითებული იყო ისიც, რომ ბულვარის ადმინისტრაცია მიწის ნაკვეთს პლაჟზე „ბულვარის სანაპირო ზოლის ბრენდინგის“ ფარგლებში ასხვისებდა 2021 წლის პირველ ნოემბრამდე ვადით. საგულისხმოა, რომ აუქციონის დასრულების შემდეგ რეესტრის ამონაწერი არ განაახლეს, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ გამარჯვებულზე ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო, რაც ამ დრომდე მიღებული პრაქტიკა არ ყოფილა.
როცა ბულვარი 1000 კვადრატულ მეტრზე მეტს საიჯარო წესით ასხვისებს და საუბარი არ ეხება მცირე ზომის ტერიტორიებს პლაჟზე, რასაც სანაყინის ან ყავის აპარატის ჩადგმის ან მსგავსი მცირე ბიზნესებისთვის იყენებენ, რეესტრის ამონაწერში ყოველთვის არის ასახული, ვინ არის მოიჯარე და ისიც კი, ვინ არის ქვემოიჯარე.
ამის დადასტურება იმ საკადასტრო კოდის ამონაწერების შესწავლითაც შეიძლება, სადაც ახლა „ალოჰაა“ განთავსებული. 2020 წლის ამონაწერშიშეძლებთ იმის ნახვას, რომ ეს ნაკვეთი 2020 წელს ბათუმის ბულვარს, საიჯარო წესით შპს „ტურისნვესტისთვის“ ჰქონდა გადაცემული, ხოლო ქვემოიჯარე შპს GLI იყო.
ამონაწერში დაფიქსირებულია ამ კომპანიების საიდენტიფიკაციო კოდებიც. 2021 წელს პლაჟზე ნაკვეთის გასხვისების შემდეგ კი, ყველაფერი დამალეს. ამონაწერში აღარ ფიქსირდება ვინ არის მიწის ნაკვეთის მოიჯარე 2021 წლიდან და ამის შემდეგ ამონაწერი არც განახლებულა.
2021 წლის ნოემბრის შემდეგ იგივე საკადასტრო კოდზე მიწის ნაკვეთის საიჯარო წესით გასხვისებაზე აუქციონი არ იძებნება. შესაბამისად არ ვიცით, ვინ არის ოფიციალური მოიჯარე, 2021 წელს აუქციონში გამარჯვებულს ვადა გაუგრძელეს თუ ვინმე სხვას პირდაპირი წესით გადასცეს მიწის ნაკვეთი. ფაქტი ერთია, რომ 2023 -2024 წლების ზაფხულში აქ კაფე „ალოჰა“ ფუნქციონირებდა, რომლის დამფუძნებელი და მფლობელიც დგებუაძის მეგობარი ქალია.
კაფე „ბოჰემა“ კი ბათუმში კერძო საკუთრებაშია განთავსებული.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, დგებუაძის მეგობარი ქალი, მარიკა გერლიანი ინდივიდუალურ მეწარმედ 2023 წლის ივნისში დარეგისტრირდა. ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ ამ დროს გერლიანი მოვალეთა რეესტრში იყო დარეგისტრირებული – შემოსავლების სამსახურის შეტყობინების საფუძველზე მისთვის ქონება დაუყადაღებიათ.
საჯარო რეესტრის მონაცემებში ირაკლი დგებუაძე 2 შემთხვევაში ფიგურირებს. 2016 წელს მან საჯარო რეესტრს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ბინის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა და ეს ბინა დედის, ადა სინჯარაძის საკუთრებად დაარეგისტრირა. ბინის ფართობი 132 კვ.მეტრია. როგორც ამონაწერშია მითითებული, მას თან ახლავს საზაფხულო ფართობი 7.40 კვ. მეტრი. ეს ბინა 2020 წელს გაუსხვისებიათ.
უფრო ადრე, 2011 წელს კი დგებუაძის განაცხადით, ერთი ბინა [29 კვ.მეტრი] ნინო გოგოტიშვილს დაურეგისტრირეს. საფუძვლად ჩუქების ხელშეკრულებაა მითითებული. მანამდე ეს ბინა ხვიჩა გოგოტიშვილს ეკუთვნოდა.
ირაკლი დგებუაძის დედა, ადა სინჯარაძე ფლობს ბინას თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 94.80 კვ.მეტრია. ის ფლობდა ასევე ორ მიწის ნაკვეთს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ეს ნაკვეთები მას 2016 წელს დაურეგისტრირებია.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ფლობს სახლს და მიწის ნაკვეთს აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელიაც. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე გრიგოლ ბესელიას ნათლიაა და მისი ბათუმში გადმოყვანაც ბესელიას ინიციატივა იყო. ბესელია შს მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან დაახლოებული პოლიციელია.
ბათუმის პოლიციის უფროსის მამა, სოსო დგებუაძე ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელია. ბიძა, გოჩა დგებუაძე კი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო 2010-2014 წლებში. სწორედ მისი გამგებლობის დროს სენაკის მუნიციპალურმა ორგანიზაციებმა არაერთი კონტრაქტი გაუფორმა გამგებლის ძმების სოსო [ირაკლი დგებუაძის მამა] და თამაზ [ირაკლი დგებუაძის კიდევ ერთი ბიძა] დგებუაძეების კომპანიებს.
ირაკლი დგებუაძის ბიძა, გოჩა დგებუაძე სენაკის მერის გამგებლად მუშაობის პერიოდში სკანდალში არაერთხელ გაეხვა, მათ შორის იყო ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირებაც – ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში დღემდე იძებნება.
შპს „სენ კაპიტალი“ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც სოსო დგებუაძემ, ირაკლი დგებუაძის მამამ თანამესაკუთრესთან ერთად 2014 წელს დააფუძნა. ის 50 პროცენტის მფლობელი იყო. დარჩენილ 50 პროცენტს კი ვლადიმერ გვასალია ფლობდა. მალევე კომპანიის წილები სრულად სოსო დგებუაძემ გადაიფორმა. 2014 -2015 წლებში ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ტენდერებში მონაწილეობა სცადა და ზუგდიდის მუნიციპალური ორგანიზაციებიდან რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა.
2013 წლიდან სენაკის მუნიციპალური ორგანიზაციების ტენდერებს იგებდა ირაკლი დგებუაძის ბიძის, თამაზ დგებუაძის კომპანია შპს „ბალავარიც“.
„ბალავარი“ 2004 წელს დაფუძნებული კომპანიაა, დგებუაძის ბიძა ამ კომპანიაში წილებს თავიდანვე არ ფლობდა. შპს „ბალავარსა“ და გამგეობას შორის დადებული ხელშეკრულების გაფორმების მომენტში თამაზ დგებუაძე შპს-ს არც მეწილე და არც ხელმძღვანელი არ ყოფილა. თამაზ დგებუაძე შპს „ბალავარის“ დირექტორად2014 წლის 17 თებერვლიდან ჩანს, კომპანიის მფლობელად კი მისი მეუღლე ნანა ხარება დაფიქსირდა.
2012 წელს სოსო დგებუაძეს თანამესაკუთრესთან ერთად დაუფუძნებია ასევე შპს „ჯეო ნატს“-ი, სადაც კომპანიის დირექტორად სოსო დგებუაძე ფიქსირდებოდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „სენ-თბი“ სოსო და თამაზ დგებუაძეებმა 2016 წელს დააფუძნეს. ისინი კომპანიის 50-50 პროცენტს ინაწილებენ. 2016- ში სოსო დგებუაძემ კიდევ ერთი კომპანია შპს „სენსივერა“ დააფუძნა. დოკუმენტებში მითითებულია, რომ კომპანიამ შეიძლება განახორციელოს მშენებლობა და სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით არ იკრძალება.
2006 წელს სოსო დგებუაძეს დაუფუძნებიაშპს „დგებუ“. დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროებად მშენებლობა, სამშენებლო მასალების რეალიზაცია და სხვა რამდენიმე სფერო იყო განსაზღვრული, მათ შორის იყო ნავთობპროდუქტების იმპორტიც. კომპანია სენაკში, ჭავჭავაძის #138-ში დაარეგისტრირეს.
კომპანიას ერთპიროვნულად ფლობდა სოსო დგებუაძე და თავად იყო დირექტორიც. ბოლო მონაცემებით მას რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.
სოსო დგებუაძე ფლობს ბინას თბილისში, შარტავას ქუჩაზე, რომლის ფართობიც 61.20 კვ.მეტრია. ეს ბინა მან 2021 წლის ივლისში დაირეგისტრირა. რეგისტრაციის საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაა მითითებული.
ასევე, ირაკლი დგებუაძის ბიძის, თამაზ დგებუაძის კომპანია თბილისის პრესტიჟულ უბანში საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს. ერთ- ერთი ასეთი კომპანია შპს „გოლდენ სტარია“ , რომლის 50 პროცენტსაც ირაკლი დგებუაძის მამის კომპანია, „იყალთო 2013“ ფლობს. დარჩენილი 50 პროცენტის მფლობელი კი ანა მახათაძეა.მას თავისი წილი მართვაში მიხეილ ჯიქიასთვის აქვს გადაცემული. ამ კომპანიამ თბილისში ალექსანდრე ბასილაიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ამონაწერის მიხედვით, ამ კორპუსში ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.
ჟურნალისტი, „ბათუმელების“ ყოფილი რეპორტიორი ნათია როყვა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ფეისბუქზე წერს იმ წლების შესახებ, რომლებიც „ბათუმელებში“ გაატარა და იმაზე, თუ რა გახმაურებულ საქმეებს აშუქებდა „ბათუმელები“ წინა ხელისუფლების დროსაც.
ნათია როყვა, ემიგრაციაში მყოფ სხვა ქართველ ჟურნალისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, 3 თებერვალს ნიუ იორკში, New York Times-ის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობლის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში მონაწილეობდა.
„მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე [„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი] სტუდენტობის დროს გავიცანი, მაშინ, როცა გაზეთ „ბათუმელებში“ სტაჟიორად დავიწყე მუშაობა.
ჯერ სტუდენტებზე ვწერდი, მერე – განათლებაზე, მერე – ადამიანის უფლებებზე.
კარგა ხანს არ ვიცოდი, რომ მზია ამ გამოცემის დირექტორი იყო. ის სხვა დირექტორებს არ ჰგავს.
რაზე მუშაობთ, გამოდის რამე საინტერესო? აკეთებთ რამეს განსხვავებულს? – მახსოვს, ძირითადად ამას მეკითხებოდა.
11 წელი სკოლაში და 4 წელი უნივერსიტეტში არ მისწავლია იმდენი რამ, რაც ამ გამოცემაში, მზიასგან, ეთერისგან, თედოსგან ვისწავლე.
სტაჟირების შემდეგ „ბათუმელებში“ წლები გავატარე. მერე წავედი სამუშაოდ ტელევიზიებში, მაგრამ ისევ დავბრუნდი რედაქციაში. სადაც არ უნდა მემუშავა, „ბათუმელებში“ ვიყავი სულ. ჩემი სამუშაო მაგიდა მაშინაც კი მქონდა იქ, როცა სხვა მედიისთვის ვმუშაობდი. ასე ვისწავლე, რას ნიშნავს იყო კეთილსინდისიერი და პასუხისმგებელი ჟურნალისტი, რას ნიშნავს ანგარიშვალდებულება შენი მკითხველის წინაშე, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები.
ამ რედაქციაში ჩემი მუშაობისას უამრავი ზეწოლა, შანტაჟი და დევნა ვნახე, მაგრამ ეს, რაც ახლა ხდება – შეუდარებელია.
წინა ხელისუფლების დროს, როცა „ბათუმელებში“ ვმუშაობდი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა 24 წლის გოგო გააუპატიურა. ამ გოგოს ჰქონდა სხეულზე ჩაქცევები, ექსპერტიზის დასკვნით უამრავი დაზიანებები, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს გირაო, 50 ათასი ლარი შეუფარდა და გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ამ საქმის პროკურორები და მოსამართლეები დღესაც ისევ თანამდებობაზე არიან.
„ბათუმელებში“ ჩემი მუშაობის დროს დეტალურად შუქდებოდა ბათუმის ციხის უფროსის და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმე უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დაზარალებულები, 200-ზე მეტი პატიმარი, სასამართლოზე იხსენებდნენ სასტიკ ისტორიებს, როგორ აწამებდნენ პატიმრებს… „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წამებაში ბრალდებული ორივე პირი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ჰოდა, მზია ამაღლობელს იმავე სასამართლომ სილის გაწვნის გამო პატიმრობა შეუფარდა.
ჩვენ რომ გვქონდეს სახელმწიფო, აუცილებლად გამოიძიებდნენ იმას, რატომ გააწნა სილა მზიამ პოლიციელს, მაგრამ ეს ვის აინტერესებს?! ვის აინტერესებს ქალის შეურაცხყოფა, ქალის, რომელიც მართავს ორ მედიაგამოცემას, რომლის კონტროლი ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.
ესაა ჩვენი სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტი.
„ბათუმელები“ წერდა, კვარიათში ლობჟანიძეებს მერაბიშვილმა სახლი რომ ჩამოართვა და ბრალი წარუდგინა. ლობჟანიძემ შვეიცარიაში თავშესაფარი მიიღო, სახელმწიფომ მასზე ძებნა გამოაცხადა, „ბათუმელებმა“ ძებნილი ლობჟანიძე იპოვა, ჩავწერეთ ფაქტებსა და მტკიცებულებზე, თვითმხილველებზე დაყრდნობით, როგორ წაართვა მას ქონება შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ამ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფოს რეაქცია არ ჰქონია, თუმცა წლების შემდეგ, ვანო მერაბიშვილს ერთ-ერთი ბრალი „ბათუმელების“ ამ გამოძიების შედეგად წარუდგინეს. მახსოვს, პროკურატურა ჩვენგან, „ბათუმელებისგან“ ითხოვდა მტკიცებულებებს.
რატომ გამახსენდა ეს ამბავი? მაშინაც და ახლაც მჯერა, არავინ, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც დევნის, ძალადობს და ავიწროებს ადამიანებს.
ძალაუფლება დროებითია, სიცოცხლეზე ძვირფასი კი თავისუფლებაა, ამიტომ – თავისუფლება მზიას!“ – წერს ნათია როყვა.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR] იცავს იმ არასრულწლოვნის ინტერესებს, რომელიც პოლიციამ უკანონოდ დააკავა თბილისში, 2 თებერვალს, „თბილისი მოლის“ მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
„არასრულწლოვანს დაკავებისას და დაკავების შემდეგ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ასევე, ნ.გ. იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მას არ მიეცა ადვოკატთან შეხვედრისა და მისი მომსახურებით სარგებლობის საშუალება.
ადვოკატი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იდგა შენობის გარეთ, მას არ მიეცა შიგნით შესვლისა და ნ.გ-ს ინტერესების დაცვის შესაძლებლობა“ – წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ფეისბუქზე.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, რომელმაც გამოძიება დაიწყო და არასრულწლოვანი დღეს ადვოკატთან ერთად გამოიკითხება.
„ ნ.გ-ს ინტერესებს PHR დაიცავს როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალწარმოების პროცესში. აღნიშნულ ფაქტს, ასევე, სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი“ – წერს ორგანიზაცია.
არასრულწლოვანი ამბობს, რომ დაკავებისას მას ამოაცალეს ტელეფონი და საფულე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 თებერვლის 21 საათიდან 5 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს ადგილას წვიმა, მთაში – თოვა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 6-7 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელი ბოდიშს არ მოუხდის ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელმაც მას შეაფურთხა.
„მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები.
მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.
ის პასუხისმგებლობას აკისრებს ,,ქართულ ოცნებას”, სოზარ სუბარს, და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფრულ განცხადებებს აკეთებს“ – წერს საიას თავმჯდომარე. საიას, სხვა ადვოკატებთან ერთად, მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.
გუშინ, 3 თებერვალს, „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მზია ამაღლობლის საქმეზე კომენტარისას განაცხადა, რომ მზია ამაღლობელმა „ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი“. მან ასევე თქვა:
„არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მსოფლიო, ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. და კარგად უნდა იყოს. შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედოს“.
მზია ამაღლობელმა არაერთგზის გაუსვა ხაზი, რომ არ შიმშილობს რაიმე შეღავათის მიღების მიზნით და ესაა შიმშილობა პროტესტის ნიშნად. იგი დაკავების დღიდან, 2025 წლის 12 იანვრიდან დღემდე შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს.
რა ხდება? – მოკლედ
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 842 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
ტანკი – 9 938 ერთეული [+18]
ჯავშანტექნიკა – 20 709 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 22 655 ერთეული [+66]
MLRS – 1 269 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 053 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 003 ერთეული [+92]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 35 921 ერთეული [+123]
სპეცტექნიკა – 3 733 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
42 338 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 007 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 513 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 190 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
31 149 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მანანა ჯავაშვილი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, კერძოდ, წნორის ტერიტორიულ ორგანოში 12 წელი მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან დაითხოვეს მანანას მეუღლეც, რომელიც სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო 2012 წლიდან.
„ახალი წლიდან გადაიყვანეს ხელშეკრულებით, ერთთვიანი გაუფორმეს კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება პარტიას [ქართულ ოცნებას] ემსახურა, პირველი დელეგატი იყო, 2012 წელს, საარჩევნო შტაბიც ებარა და მთელი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო ამ ნაბიჯით, 3-3 მანქანა გვაცილებდა სახლში.
ნაცები რომ დავასრულეთ, პირველი იყო, ვინც საკრებულოში დასაქმდა და უვადო ხელშეკრულება ჰქონდა“- წერს მამის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქეთი მოლაშვილი ფეისბუქზე. ქეთი საპროტესტო აქციების მონაწილეა.
„ბათუმელები“ ქეთის დედას, მანანა ჯავაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა გახდა მისი და მისი მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.
„2012 წლის მერე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავით და 2012 წლის არჩევნებშიც აქტიურად ვიყავით ჩართული მე და ჩემი მეუღლე.
ბოლო ერთი წელია, იმ რაღაც „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ, ღიად ვაფიქსირებდი ჩემს კრიტიკულ აზრს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მაგრამ კობახიძის გამოსვლა იყო პიკი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სრულ იზოლაციაში გვამყოფებდნენ. „გამჭვირვალობის“ კანონითაც კი მივხვდი რაც ხდებოდა და აღარ შეიძლებოდა ჩაყოლა, მაგრამ ეს იყო ბოლო“ – ამბობს მანანა ჯავაშვილი „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ბოლო ერთი წელი ყველამ იცოდა მუნიციპალიტეტში, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აღარ იყო.
„როცა 12 წელი ერთსა და იმავე სამსახურში ხარ, ცხადია, გყავს მეგობრები, რომლებიც მთხოვდნენ და მიმითითებდნენ, რომ პრობლემები შემექმნებოდა და ამაზე ოფიციალურადაც გამაფრთხილეს, მაგრამ პატარა აღარ ვარ და ისედაც ვიცოდი, რა საშიშროების წინაშე ვიდექი“ – ამბობს მანანა ჯავაშვილი.
მას ვკითხეთ, თუ ჰქონდა თავად კითხვები, ვთქვათ, იმავე კოლეგების მიმართ, ვინც მას ჩუმად ყოფნას ურჩევდა, რადგან საჯარო მოხელეობა ხომ პირველ რიგში სახელმწიფოს სამსახურს ნიშნავს და არა პარტიულს.
მანანა ჯავაშვილის თქმით, ამაზე კამათი უწევდა ყოფილ კოლეგებთან.
„მქონდა ძალიან სერიოზული კამათი. არჩევნების შემდეგ კი უფრო მწვავედ“ – ამბობს ის.
თქვენი მეუღლეც ასეთივე კრიტიკული იყო, თუ რატომ გამოუშვეს ისიც სამსახურიდან? – ვკითხეთ მას.
მანანას თქმით, მისი მეუღლე ბოლო დღემდე მიიჩნევდა, რომ „ოცნება ცუდს არაფერს იზამდა“.
„ჩემი მეუღლე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი დელეგატია და რაღაცნაირად სჯეროდა, რომ ქვეყანა მიდიოდა სწორი მიმართულებით. რა თქმა უნდა, არგუმენტი იყო ის, რომ „აბა რომელი პარტია?“;„ყველა თავისი ჯიბისთვის და სკამებისთვის იბრძვის“ და გუშინდელ დღემდე მაინც ამბობდა, რომ ეს პროცესები მართულია, ენჯეოების, ევროპის და ასე შემდეგ და ისევ იმ ნარატივს იმეორებდა, რომ „ევროპამ იმდენი რაღაცები მოგვთხოვა და ისეთ დღეში ჩაგვაგდო“.
„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად საპოლიციო რეჟიმზე გადაიყვანა ქვეყანა, ყოველ დღე იღებენ რეპრესიულ კანონებს და რეგულაციებს, რომელიც, ფაქტობრივად შთანთქავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? – ვკითხეთ მანანა ჯავაშვილს.
„ამას უკვე სახელი აღარ ჰქვია, ეს არ არის საპოლიციო რეჟიმი, უფრო უარესია. პოლიციელები აქციეს ქურდებად და ცრუ მოწმეებად. „მხედრიონია“, ჩვეულებრივ, მიჰყავს „მხედრიონს“ პარადი და პოლიციაც მიჰყვება ცუციკებივით“ – გვეუბნება მანანა ჯავაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ ჭკვიანი ხალხი თავიდანვე მიხვდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო „ეროვნული კაცი“, მაგრამ ამას ხალხი მხოლოდ გვიან მიხვდა.
„სამება“ იყო თუ სხვა რამ, თავის კარ-მიდამოდ მოიაზრებდა და ამასაც ალბათ ამიტომ აკეთებდა. მაგრამ, ის, რომ დღეს მხოლოდ თავისი მილიონებისთვის ყიდის ქვეყანას, იმდენად ცხადია, რომ ამას ქოშიც კი უნდა ხედავდეს. ყველაფერი მოსპო და გაანადგურა.
ვფიქრობ, თავის დროზეც ასეთი იყო, უბრალოდ კარგად ნიღბავდა, თუნდაც ის ფაქტი, რომ ასე „ებრძოდა“ ნაციონალურ მოძრაობას და ამ დროს მათი ლიდერი სასათბურე პირობებში ჰყავდა და ბუას როლი ჰქონდა ფაქტობრივად, რომ „აი, მე თუ არა, ბუა მოვა“, ან ის ფაქტი, რომ თურმე 12 წლის მერე იწყებს გამოძიებას და ამ დროს პარლამენტი სავსეა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნებით, ნიშნავს იმას, რომ არსად არ წასულა არც „ნაციონალური მოძრაობა“.
მე ვფიქრობ, რომ უარესზე წამსვლელები არიან, ოღონდ თავისი მილიონები, თავისი რუსული კანონები და დიქტატურა დაამყარონ“ – ამბობს მანანა ჯავაშვილი.
მისი აზრით, „ქართული ოცნების“ არჩევით ხალხმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, „მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებმაც. ცოტა ფხიზლად და ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.
„თუმცა, 2012 წელს ალბათ რთული იყო ამაზე ფიქრი, რადგან რეალური სახე „ოცნებამ“ მაშინ გამოაჩინა, როცა მიიღო რუსული კანონი და პირადად ჩემთვის ეს იყო წითელი ხაზი, ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა ხმა უნდა ამოიღოს. თუმცა მგონია, რომ ძალიან დაგვაგვიანდა, რადგან რეგიონებში მოსახლეობა საჯარო სამსახურებშია დასაქმებული და მთლიანად დამოკიდებულია ამ საბიუჯეტო შემოსავლებზე.
უამრავი ააიპი-ა, რომელიც გაჭედილია, გადაძეძგილია ადამიანებით და თანამშრომლებმა არც კი იციან, რომ ეს ხალხი მათთან მუშაობს.
ყოველ წელს უმატებენ ამ ხალხს ხელფასს და არც კი დადიან ეს ადამიანები სამსახურში.
სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანები კი არიან დაშინებული, რომ მოუხსნიან ამ დახმარებას. მაგალითად, წნორში 60-მდე სოციალურად დაუცველი დასაქმებულია, 300 ლარს არაფერში ვუხდით და ეს თანხა ერიცხებათ ოჯახიდან ორს და ზოგჯერ სამსაც და ამას არავინ არ დაკარგავს“ – გვეუბნება მანანა ჯავაშვილი.
„მე დიდი ხანი ვიმუშავე ამ სისტემაში და ვნახე, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილის აზროვნება მხოლოდ ყოფით მოთხოვნებზე გადის. ნუ გვავიწყდება, რომ ეს არის ყველაზე ღარიბი ფენა“.
მანანა ჯავაშვილი ამბობს, რომ არის ხალხი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ცუდს არაფერს გააკეთებს:
„ეს ჩემი მეუღლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომელსაც ბოლო დღემდე ასე ეგონა.
„ფული შემოაკლდათ ენჯეოებს და ახლა იკბინებიან“- ასე აზროვნებს ჯერ კიდევ ბევრი და ასეთ კატეგორიას სამშობლოზე ვერ დაელაპარაკები. ქვეყანა რომ იღუპება და იზოლაციაში, ცივილიზებული სამყარო რომ ზურგს გვაქცევს, მათ ასეთ რამეზე ვერ დაელაპარაკები.
ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ქუჩაშია, ჩემი შვილები, ახლობლები, ნათესავები, იმათ არ უჭირთ, არც 100-ლარიანებს ურიგებენ, როგორც ამბობენ ამას „ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ უკან დასახევი არ გვაქვს, უკან თუ დავიხევთ, უნდა დავტოვოთ საქართველო. აქ ორი აზრი არ არსებობს.
ბევრ ჩემს ახლობელს წასასვლელიც აქვთ, კარგი ცხოვრებაც, მაგრამ არ მიდიან და ვიცი ხალხი, ვინც დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, რომ ამ დროს აქ იყოს, რადგან ასეა საჭირო.
მე ვერ გეტყვით, რომ რაღაც ნათელ ფერებში იქნება ყველაფერი, ალბათ უარესი იქნება, რადგან რეჟიმებს ალალი გულით ვერ ამარცხებენ ადამიანები, მაგრამ ეს – „აბა ომი გინდათ“ ნარატივიც ხომ დასრულდება, როცა დასრულდება უკრაინის ომი, ხომ?!
დღეს აქვთ მოლოდინი, რომ აი, ტრამპი და პუტინი დაალაგებენ და ტრამპი დათმობს ამიერკავკასიას, რუსეთს გადაულოცავს და ამოისუნთქებენ.
არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ვნახოთ, წინ კიდევ ძალიან ბევრი რთული და მძიმე დღეები გველის, მაგრამ როცა მზია ამაღლობელი დღეს ციხეში, შიმშილობს და მართლა ყოველ დღე ამაზე ვფიქრობ, ამის ფონზე როგორ შეიძლება, თუნდაც სამსახურის დაკარგვაზე ხმა ამოიღო. მგონია, რომ ძალიან ღირსების შემლახველია წუწუნი ნებისმიერი ადამიანის მხრიდან“ – ამბობს მანანა ჯავაშვილი.
უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი საქმის მიხედვით, პოლიციელზე დანით დაზიანების მიყენება „პოლიციელზე თავდასხმა“ სასამართლოს შეფასებით არ არის. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს კი, სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით ედავებიან დანაშაულის ჩადენას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესაც აჭარის პოლიციის სამმართველო იძიებდა.
ეს და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები აჩვენებს, რატომ არისმზია ამაღლობელიპოლიტიკური პატიმარი. ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.
მზია ამაღლობელიპირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. იგი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად უკვე 23 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის2025 წლის 11 იანვარს სილის გაწვნას ედავებიან, რაც პოლიციელის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს მოჰყვა.
ასევე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. მზია ამაღლობელის ადვოკატების მტკიცებით, სილის გაწვნა არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ ტიპის ქმედება შეიძლება, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი].
პოლიციელის დანით დაზიანება რომ „პოლიციელზე თავდასხმად“ უზენაეს სასამართლოს არ მიიჩნია – ამ საქმის შესახებ დღეს, 3 თებერვალს, იურიდიული კომპანია BLB წერდა. ეს კომპანია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და გიორგი ხიმშიაშვილი მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ.
„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებით – პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“.
სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციისათვის სახეზე უნდა იყოს თავდასხმა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის მიზნით და არა მისი დაზიანება იმ გარემოებაში, როდესაც მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა ან პოლიციის საქმიანობის შეწყვეტა.
სასამართლომ მიუთითა, რომ 3531-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება, თუ თავად პოლიციელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ თუნდაც ფიზიკური ძალადობა, თუ ბრლადებულთა ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.
შესაბამისად, საქმეში, სადაც ბრალდებულმა განახორციელა პოლიციელზე თავდასხმა დანის გამოყენებით და მიაყენა მას დაზიანება, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელის დანით დაზიანება არ იყო მიმართული პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის თვალსაზრისით, არამედ მისი მიზანი იყო პოლიციელის საქმიანობისათვის ხელის შეშლა და არ დააკმაყოფილა ბათუმის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის ქმედების 353-ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციის შესახებ.
მზია ამაღლობელის ბრალდების საქმეში პროკურატურას უნდა დაგვაჯეროს, რომ მზიას მიერ გაწნული სილა იყო თავდასხმა პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე,“ – აცხადებს BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი.
რა ვითარებაში მიაყენეს პოლიციელს დანით დაზიანება და რა თქვა სასამართლომ? – საქმის დეტალები
საქმე, რომელზეც ადვოკატი მაია მწარიაშვილი საუბრობს, უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის იანვარში განიხილა. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა – ლევან თევზაძემ, შალვა თადუმაძემ და მერაბ გაბინაშვილმა მიიღეს.
განჩინების მიხედვით, პოლიციელი დანით 2020 წლის 11 აგვისტოს დააზიანეს ქობულეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ელექტროგანათების ბოძს. ადგილზე მისული პოლიციელებთაგან ერთ-ერთს ბრალდებულმა რ.მ.-მ ხელზე დანა დაარტყა:
„…ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-ეს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ჯ. კ. ნასვამ რ. მ.-ს მოუწოდებდნენ შეეწყვიტა ქუჩაში პოლიციელების მისამართით წარმოთქმული ხმამაღალი გინება და ცდილობდნენ მის დამშვიდებას. მას წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობა და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები. აღნიშნულის საფუძველზე, რ. მ-მ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანის გამოყენებით მარჯვენა ხელზე მიაყენა ჭრილობა ჯ. კ.-ს, ხოლო მარჯვენა გვერდის არეში ძლიერად ჩაარტყა ფეხი გ. კ-ს, რამაც გამოიწვია ჯ. კ-სა და გ. კ-ის ჯანმრთელობის ხელყოფა,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რ.მ. დამნაშავედ მიიჩნიეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით [სსკ-ის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი], რისთვისაც მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ცვლილება შეიტანა და განმარტა, რომ რ. მ-ის ჩადენილი ქმედება არა არის სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და გადააკვალიფიცირა უფრო მსუბუქ მუხლზე, შესაბამისად შეუმცირა სასჯელის ზომა 3 წელი და 8 თვემდე.
პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრით მოითხოვა რ.მ.-ს დამნაშავედ ცნობა ისევ „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით. ადვოკატმა კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება ითხოვა.
უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ „საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებით – პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა.
იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება, თუ წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა, თუ მათი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტებმა დღეს, 3 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების შესახებ განცხადება გაავრცელეს.
მათი თქმით, გასული ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მიიღეს შეტყობინება. დაკავებულთა მონახულება დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს ადვოკატებმა.
იურისტების განცხადებით, დაკავებულები საუბრობენ დაკავებისას და დაკავების შემდგომ პოლიციელების მხრიდან მათზე მაფიზიკურ ძალადობაზე. 5 პირი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში.
„აღსანიშნავია, რომ საპოლიციო ძალები მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის შეკრების უფლების განხორციელებაში. ისინი თვითნებურად აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ამასთან, რამდენიმე ეპიზოდში ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროებას, რაც ჭყლეტის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა.
ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან ერთად, ცალკეული სამართალდამცავები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დემონსტრანტებს, განსაკუთრებით კი, ქალებს.
დაკავებულთა ნაწილი საუბრობს დაკავების შემდგომ, ავტომობილებში პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე. დაშავებულთა შორის არის ჟურნალისტი, ნიკო კოკაია. იგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა და კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ აგრძელებს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას.
„TV პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე, გავრცელდა კადრები, თუ როგორ მიუთითებს აღნიშნული პირი საპოლიციო ძალებს კამერების წინ მოერიდონ დემონსტრანტებზე ძალადობას.
დაკავებულთა შორის იყო არასრულწლოვანიც, რომლის ადგილსამყოფელიც რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დადგინდა. ის იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის გზატკეცილზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში.
ადვოკატს არ მიეცა არასრულწლოვან დაკავებულთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და მხოლოდ მისი დაჟინებული მოთხოვნით, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ თავად გამოიყვანეს იგი შენობიდან. დაკავებული ადვოკატთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არის ნაცემი და მას დაკავების შემდეგ ამოაცალეს ტელეფონი და საფულე“ – აცხადებს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
მათი ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფება. ადვოკატებისთვის არ არისცნობილი, დაკავებულები 24 საათის გასვლისთანავე დატოვებენ იზოლატორებს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს სრულიად უსაფუძვლოდ, მაქსიმალური, 48-საათიანი ვადის გამოყენების მავნე პრაქტიკას.
„მოვუწოდებთ, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მომხდარზე აწარმოოს დროული და ეფექტიანი გამოძიება სათანადო კვალიფიკაციით და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი სამართალდამცველების, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.
ჩვენ ვაგრძელებთ უკანონოდ დაკავებული ყველა პირის დაცვას“- აცხადებენ ორგანიზაციები.
3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, 4 ადამიანი შიმშილობს.
მზია ამაღლობელი – შიმშილობის 23-ე დღე
თემურ ქათამაძე – შიმშილობის მე-18 დღე
ლაშა ჩხვიმიანი – შიმშილობის მე-6 დღე
ისაკო დევიძე – შიმშილობის მე-3 დღე
შიმშილობა შეწყვიტა მეხუთე მოქალაქემ, ლაშა ჩხვიმიანის დედამ, რომელმაც 4 დღე იშიმშილა.
ლაშა ჩხვიმიანი, რეჟისორი, მსახიობი
„ოთხშაბათ საღამოს დმანისის მერიის ცენტრში, სადაც ჩემი მანქანით ვდგავარ და ვშიმშილობ, თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას.
თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ, მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად უფრო გაძლიერებული შევუერთდები ამ საერთო ბრძოლას.
ეს ყველაფერი ავუხსენი დედაჩემსაც, რომელმაც პირველივე დღიდანვე ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილობა. მასაც მივეცი ხალხის ერთობის იმედი. მან დამიჯერა და ამ ერთობის იმედით შიმშილობა გუშინ შეწყვიტა“ – ამბობს ლაშა ჩხვიმიანი ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს, 3 თებერვალს გაავრცელა.
ლაშა ამბობს, რომ მეხუთე დღეა შიმშილობს ხალხის გაერთიანების იმედით.
ლაშა ჩხვიმიანი
„ერთადერთი მამოტივირებელი ახლა ჩემთვის არის იმედი და ფიქრი იმაზე, რომ ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას ჯერ არ აქვს იმის უნარები, რომ გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდეს.
მათ შეუძლიათ დასცინონ ციხეში გამომწყვდეულ, მომაკვდავ ადამიანს, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ არ აქვთ იმის უნარები გამომუშავებული, რომ სიმართლის, სამართლის გარშემო გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდნენ. ამიტომ ეშინიათ ხოლმე ჩვენი სიმრავლის. ამიტომ ითვლიან ყოველთვის ჩვენს თავებს, რომ ამ ორთვიან პროტესტში თურმე 500 ადამიანი ვმონაწილეობთ.
ჩვენ კი ვიცით იქ ვინ ვდგავართ, რამდენი ვდგავართ და როგორ ვდგავართ, მაგრამ ამით ამშვიდებენ ისინი თავიანთ ამომრჩეველს, რომლებსაც რეგიონებში აკრძალულიც კი აქვთ ოპოზიციური არხების ყურება და ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და ასე ცდილობენ რეალობა გააყალბონ მათთვის.
მე აქ ვადაგასული და მავნებელი ხელისუფლების იმედით არ ვდგავარ, მე აქ ვდგავარ მათზე გაბრაზებული და მახრჩობს ბრაზი, რომ მათ დაკარგეს ფოკუსი და მათთვის მთავარი ღირებულება აღარ არის ადამიანი და არ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლე მიანდო.
თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ აქ ჩვენ თვალწინ უსამართლობა ხდება, აღარ არის არც ფიქრის, არც ლაპარაკის დრო, არის მოქმედების დრო, რომ ჩვენი ერთობით უნდა დავანახოთ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ვართ“ – ამბობს ლაშა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, აუცილებელია საკუთარი თვალით დაინახოს ხალხის ერთობა.
„გამოვიდეთ და ერთად დავდგეთ. მინდა ჩემი თვალით დავინახო ეს ერთობა. მშვიდად, დემოკრატიული, ჰუმანური პრინციპებით გაერთიანებული, რომლებიც პრინციპულად დგანან ერთად.
დმანისში მინდა მოხდეს ეს, ერთ-ერთ პატარა მუნიციპალიტეტში, დმანისი მინდა გახდეს ამ ერთობის მაგალითი და ეს ერთობა იყოს გადამდები სხვა პატარა ქალაქებისთვის და არა ჩემი შიმშილობა. დმანისს ასეთი ერთობის მაგალითი არასდროს უჩვენებია და ეს იქნება ჩემთვის ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ნიშანი და იმედი იმის, რომ ეს გაერთიანებული ხალხი ხელისუფლებას უკანონო პატიმრებსაც გაათავისუფლებინებს და ახალ, სამართლიან არჩევნებსაც ჩაატარებინებს.
სხვა შემთხვევაში, მე ისევ გავაგრძელებ შიმშილობას, ისევ ხალხის ერთობის მოლოდინში.
აღარ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ და ჩვენ, ადამიანებს ერთმანეთის სოლიდარობის იმედი დაკარგული გვაქვს“ – ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.
მზია ამაღლობელი – ჟურნალისტი, მედიამენეჯერი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი
მზია ამაღლობელი, რომელიც ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს უკანონოდ, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად 23-ე დღეა რუსთავის ქალთა კოლონიაში შიმშილობს.
სამართლებრივად მზია ამაღლობლის ბრალდების კვალიფიკაცია გახლავთ პოლიციელზე თავდასხმა, თუმცა როგორც ადვოკატები განმარტავენ, მზიას ქმედება (პოლიციის უფროსზე ხელის გარტყმა) არ შეესაბამება სისხლის სამართლის დანაშაულს, მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი და იდევნება მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.
მზია ამაღლობელი. ფოტო: „ბათუმელები“
„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“ – ასეთია მზია ამაღლობლის მოწოდება ციხიდან, სადაც ის 11 იანვრის შემდეგ უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
თემურ ქათამაძე – ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე
ბათუმის აქციების მედროშე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მე-18 დღეა შიმშილობს.
თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის წლებია საქართველოში ცხოვრობს და ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა დაუსაბუთებელი მიზეზების გამო ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან.
თემურ ქათამაძე პირველ ჯერზე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მეორედ კი – იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. ქათამაძე საკუთარ დაკავებას ასაჩივრებს და აქვს პროტესტი უსამართლობაზე.
28 ნოემბრის შემდეგ, როცა საქართველოში პროევროპული აქციები დაიწყო, თემურ ქათამაძე საქართველოს სახელმწიფო დროშიც ყოველდღე იდგა აქციებზე და აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების პროცესს.
თემურ ქათამაძე
ის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მიიჩნევს, რომ მისი ადგილი, როგორც ეთნიკური ქართველის, თავის სამშობლოში – საქართველოშია.
ისაკო დევიძე – აქტივისტი
აქტივისტი ისაკო დევიძე პირველ თებერვალს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლითაა დაწყებული.
ისაკო დევიძე
დაკავებისას ისაკო დევიძეს პოლიციელებმა სცემეს. ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო.
როგორც მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ჰყვება, დევიძე ქუჩაში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა აიყვანეს. შემდეგ სახლში მიიყვანეს და გაჩხრიკეს. ჩხრეკაზე დასწრების უფლება არ მისცეს არც მის დედას, ნინო ჭელიძეს და არც ადვოკატს.
ადვოკატი საუბრობს არაერთ პროცედურულ დარღვევაზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაზე.
„ვერ გაგვაჩერებენ, ვერ შეგვაშინებენ. ვიდგებით იქ, სადაც ქარიშხალია. გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – ასეთია ისაკო დევიძის გზავნილი ციხიდან.
„ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“- დაუწერია ქუთაისელ აქტივისტს, მირიან ბერულავას ფეისბუქში, ვიდრე მას 1-ელ თებერვალს ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ.
აქტივისტის, მირიან ბერულავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 თებერვალს გაიმართება.
პირველ თებერვალს, როცა პოლიციამ თბილისში აქტივისტების სახლების ჩხრეკა და გამოკითხვისთვის პოლიციაში გადაყვანა დაიწყო, კრიტიკული ფეისბუქპოსტების ავტორი და ქუთაისელი აქტივისტი მირიან ბერულავაც გამოკითხვისთვის გეგუთის პოლიციაში დაიბარეს. ვიდრე მას პოლიციელები ავტომანქანაში ჩასვამდნენ, უთქვამს: „არ ვენდობი სისტემას“. ადვოკატის, ვალერი თევდორაძის მტკიცებით, რეალურად ამ ფრაზის გამო დააკავეს მირიან ბერულავა.
„მანქანაში მას ტელეფონიც ჩამოართვეს, რაც უკვე გამოკითხვაზე გადაყვანის მიზნებს სცდება, გეგუთისკენ მიმავალ გზას გასცდნენ და წავიდნენ წყალტუბოში, წყალტუბოს პოლიციასთან გადმოიყვანეს მანქანიდან, გაუკეთეს ბორკილები და უთხრეს, რომ დაკავებულია პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის გაწევისთვის. ეს ოქმი ჯერ კიდევ არ გადმოუციათ, არ ვიცი, რა ჩაუწერეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ.
ადვოკატ ვალერი თევდორაძის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ გაჩხრიკეს ქუთაისში, ვარციხჰესში მდებარე სახლშიც, სადაც აქტივისტის მშობლები ცხოვრობენ:
„ჩხრეკა ჩაატარა სამხარეო პოლიციამ, ამოიღეს და წაიღეს მირიანის ძველი ტელეფონი და გადამყვანი,“ – ამბობს ადვოკატი ვალერი თევდორაძე. მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება] მიხედვით გრძელდება. ამ საქმეზე გაჩხრიკეს აქტივისტის სახლიც. ადვოკატი ამბობს, რომ არ იცის, წარუდგინეს თუ არა მირიან ბერულავას მშობლებს პოლიციელებმა ბინის ჩხრეკის ორდერი.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს დღისით და გვიან ღამით 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.