სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობლის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.
ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.
ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატორულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.
განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი,“ – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
————————————————————–
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად დამხმარე ნაგებობაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.