სიახლეები

ნათია როყვა – „ბათუმელებში მუშაობისას უამრავი დევნა ვნახე, მაგრამ ეს რაც ხდება – შეუდარებელია“

04.02.2025
ნათია როყვა – „ბათუმელებში მუშაობისას უამრავი დევნა ვნახე, მაგრამ ეს რაც ხდება – შეუდარებელია“

ჟურნალისტი, „ბათუმელების“ ყოფილი რეპორტიორი ნათია როყვა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ფეისბუქზე წერს იმ წლების შესახებ, რომლებიც „ბათუმელებში“ გაატარა და იმაზე, თუ რა გახმაურებულ საქმეებს აშუქებდა „ბათუმელები“ წინა ხელისუფლების დროსაც.

ნათია როყვა, ემიგრაციაში მყოფ სხვა ქართველ ჟურნალისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, 3 თებერვალს ნიუ იორკში, New York Times-ის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობლის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში მონაწილეობდა.

„მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე [„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი] სტუდენტობის დროს გავიცანი, მაშინ, როცა გაზეთ „ბათუმელებში“ სტაჟიორად დავიწყე მუშაობა.

ჯერ სტუდენტებზე ვწერდი, მერე – განათლებაზე, მერე – ადამიანის უფლებებზე.

კარგა ხანს არ ვიცოდი, რომ მზია ამ გამოცემის დირექტორი იყო. ის სხვა დირექტორებს არ ჰგავს.

რაზე მუშაობთ, გამოდის რამე საინტერესო? აკეთებთ რამეს განსხვავებულს? – მახსოვს, ძირითადად ამას მეკითხებოდა.

11 წელი სკოლაში და 4 წელი უნივერსიტეტში არ მისწავლია იმდენი რამ, რაც ამ გამოცემაში, მზიასგან, ეთერისგან, თედოსგან ვისწავლე.

სტაჟირების შემდეგ „ბათუმელებში“ წლები გავატარე. მერე წავედი სამუშაოდ ტელევიზიებში, მაგრამ ისევ დავბრუნდი რედაქციაში. სადაც არ უნდა მემუშავა, „ბათუმელებში“ ვიყავი სულ. ჩემი სამუშაო მაგიდა მაშინაც კი მქონდა იქ, როცა სხვა მედიისთვის ვმუშაობდი. ასე ვისწავლე, რას ნიშნავს იყო კეთილსინდისიერი და პასუხისმგებელი ჟურნალისტი, რას ნიშნავს ანგარიშვალდებულება შენი მკითხველის წინაშე, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები.

ამ რედაქციაში ჩემი მუშაობისას უამრავი ზეწოლა, შანტაჟი და დევნა ვნახე, მაგრამ ეს, რაც ახლა ხდება – შეუდარებელია.

წინა ხელისუფლების დროს, როცა „ბათუმელებში“ ვმუშაობდი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა 24 წლის გოგო გააუპატიურა. ამ გოგოს ჰქონდა სხეულზე ჩაქცევები, ექსპერტიზის დასკვნით უამრავი დაზიანებები, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს გირაო, 50 ათასი ლარი შეუფარდა და გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ამ საქმის პროკურორები და მოსამართლეები დღესაც ისევ თანამდებობაზე არიან.

„ბათუმელებში“ ჩემი მუშაობის დროს დეტალურად შუქდებოდა ბათუმის ციხის უფროსის და მისი მოადგილის სისხლის სამართლის საქმე უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დაზარალებულები, 200-ზე მეტი პატიმარი, სასამართლოზე იხსენებდნენ სასტიკ ისტორიებს, როგორ აწამებდნენ პატიმრებს… „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წამებაში ბრალდებული ორივე პირი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ჰოდა, მზია ამაღლობელს იმავე სასამართლომ სილის გაწვნის გამო პატიმრობა შეუფარდა.

ჩვენ რომ გვქონდეს სახელმწიფო, აუცილებლად გამოიძიებდნენ იმას, რატომ გააწნა სილა მზიამ პოლიციელს, მაგრამ ეს ვის აინტერესებს?! ვის აინტერესებს ქალის შეურაცხყოფა, ქალის, რომელიც მართავს ორ მედიაგამოცემას, რომლის კონტროლი ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

ესაა ჩვენი სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტი.

„ბათუმელები“ წერდა, კვარიათში ლობჟანიძეებს მერაბიშვილმა სახლი რომ ჩამოართვა და ბრალი წარუდგინა. ლობჟანიძემ შვეიცარიაში თავშესაფარი მიიღო, სახელმწიფომ მასზე ძებნა გამოაცხადა, „ბათუმელებმა“ ძებნილი ლობჟანიძე იპოვა, ჩავწერეთ ფაქტებსა და მტკიცებულებზე, თვითმხილველებზე დაყრდნობით, როგორ წაართვა მას ქონება შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფოს რეაქცია არ ჰქონია, თუმცა წლების შემდეგ, ვანო მერაბიშვილს ერთ-ერთი ბრალი „ბათუმელების“ ამ გამოძიების შედეგად წარუდგინეს. მახსოვს, პროკურატურა ჩვენგან, „ბათუმელებისგან“ ითხოვდა მტკიცებულებებს.

რატომ გამახსენდა ეს ამბავი? მაშინაც და ახლაც მჯერა, არავინ, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც დევნის, ძალადობს და ავიწროებს ადამიანებს.

ძალაუფლება დროებითია, სიცოცხლეზე ძვირფასი კი თავისუფლებაა, ამიტომ – თავისუფლება მზიას!“ – წერს ნათია როყვა.

__________________

ფოტოზე: ნათია როყვა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: