დღეს, 5 თებერვალს, ევროპარლამენტარებმა მზია ამაღლობლის სოლიდარობის აქცია გამართეს.
„თავისუფლება მზიას“ – ამ პლაკატებით და საქართველოს დროშით იდგნენ ისინი ევროპარლამენტის ჰოლში.
მზია ამაღლობლის მიმართ სოლიდარობის აქცია ორგანიზებული იყო პეტრას აუსტრევიჩიუსის მიერ. მასთან ერთად იყვნენ ნატალი ლუაზო და მიხაელ გალერიც.
მათ გუშინაც გამოაქვეყნეს ერთობრივი წერილი, სადაც არაერთი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი უნდა იყოს გათავისუფლებული. ისინი აფიქსირებენ იმ აზრს, რომ დაუშვებელია თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
„რაც საქართველოში ხდება, სასაცილო საერთოდ არ არის. მე არ ვიცი, რა შეიძლება დაემართოს მზიას, მაგრამ მომავალ კვირას ჩვენ უფრო მკაცრ მესიჯს გავუგზავნით საქართველოს ხელისუფალთ (იგულისხმება 13 თებერვალს დაგეგმილი რეზოლუციის მიღება – ავტ.) სანქციები უკვე დაგვიანებულია.
ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქართველოში განვითარებულ პროცესებს“, – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა „განაახლე ევროპის“ ჯგუფიდან პეტრას აუსტევიჩიუსმა.
ევროპის სახალხო პარტიის წევრ მიხაელ გალერის აზრით, საფრანგეთის მთავრობას შეუძლია კონკრეტული ზომების მიღება და აქტივების გაყინვა, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე.
ევროპარლამენტარებმა თამარ ნუცუბიძის „ფეისბუქლაივში“ ისაუბრეს სანქციების საჭიროებაზე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ მისი გარემოცვის მიმართაც.
„რაც ხდება მზიასთან დაკავშირებით, აუტანელია“, – განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ („განაახლე ევროპა“).
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია და საჭიროა მიზანმიმართული პერსონალური სანქციები. ლუაზოს თქმით, ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესება ვერ მოხერხდება უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, თუმცა შესაძლებელია ეროვნულ დონეზე, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საფრანგეთი და გერმანია და სადაც ივანიშვილს აქვს გარკვეული ქონება.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს უკანონოდ. ის რუსთავის ქალთა იზოლატორში, უსამარართლობაზე პროტესტის ნიშნად 25-ე დღეა შიმშილობს.






