მთავარი,სიახლეები

„არ შემიძლია ამ საშინელების წინაშე მდუმარედ და უმოქმედოდ ვიდგე“- მსახიობის შიმშილობა მერიის წინ

30.01.2025 •
„არ შემიძლია ამ საშინელების წინაშე მდუმარედ და უმოქმედოდ ვიდგე“- მსახიობის შიმშილობა მერიის წინ

„მოვკვდები სიმართლისთვის“- ამბობს ლაშა ჩხვიმიანი, მსახიობი, რომელიც მეორე დღეა დმანისის მერიის წინ შიმშილობს.

მოშიმშილე მსახიობი „ბათუმელებთან“ საუბარში ხსნის, თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა სიმართლის დასაცავად.

„იმ უსამართლობის გამო, რასაც განსაკუთრებით ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ“-ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.

ის სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პატიმარია და იზოლატორში მე-19 დღეა შიმშილობს.

„გუშინ, როცა გამოვდიოდი სახლიდან, „იმედზე“ გადიოდა კობახიძის ინტერვიუ, სადაც ცინიკურად ლაპარაკობდა ადამიანზე (მზიაზე), რომელიც მე-19 დღეა შიმშილობს და არ ვიცით როგორი დღე გაუთენდება ხვალ. არ შემიძლია ამ საშინელების წინაშე მდუმარედ ვიდგე და უმოქმედოდ ვიდგე“- ამბობს ლაშა.

რა შეიძლება დაუპირისპიროს საზოგადოებამ ამ ცინიზმს და გულგრილობას? – ვკითხეთ მას.

ლაშას ხალხის იმედი აქვს.

„ერთადერთი, ხალხის იმედი მაქვს მხოლოდ, რადგან ხალხი, რომელიც ხედავს უსამართლობას, ხედავს, რომ უსამართლოდ ჩატარდა არჩევნები და როგორ უკანონოდ დაიჭირეს ამ უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად გამოსული ხალხი.

მე არ შემხვედრია ხალხი, ვისაც ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ჰქონოდა, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს უსამართლობაში ვცხოვრობთ.

უბრალოდ ერთია, ვეგუებით ამ უსამართლობაში ცხოვრებას, თუ არ ვეგუებით. მე ვერ წარმომიდგენია ამაზე თვალი დავხუჭოთ“- ამბობს ლაშა.

მისი თქმით, სისტემამ ყველაზე მეტად რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დაასუსტა და დააშინა. ახლა კი ამ სისუსტეზე დგას რეჟიმი.

„ვითომ ხომ „მოიგეს“ არჩევნები რეგიონებში, მაგრამ ყველაზე მეტად რეგიონებშია ხალხი გამწარებული, ყველაზე მეტი პრობლემები დღეს რეგიონებს აქვთ. უბრალოდ, ყველაზე მეტად გაღარიბებულია ხალხი რეგიონში და ყველაზე მეტად გამოჭერილი ჰყავთ.

დმანისის მაგალითზე ვიტყვი, 20 ათასი ადამიანიდან 9 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველია და მათ ქცევაზეა დამოკიდებული მათი ხვალინდელი დღე.

ისინი ზედა რგოლს გააფერადებდნენ საარჩევნო ბიულეტენში თუ ქვედა რგოლს, რომელიც ჩანდა, ამაზე იყო დამოკიდებული, შეუნარჩუნდებოდათ თუ არა მათ ეს 300-ლარიანი დახმარებები. გააღარიბეს და შეაშინეს ხალხი და ამ სიღარიბესა და შიშზე დგას ეს ხელისუფლება.

მაგრამ ხალხმა ხომ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული ეს ხელისუფლება და ჩვენ არ ვართ მასზე დამოკიდებული.

როგორც კი ჩვენ უსამართლობის წინააღმდეგ გავერთიანდებით, მაშინვე ჩამოიშლება ეს სისტემა, „სახელმწიფოს“ რომ უწოდებს რამდენიმე ასეული ადამიანი.

არა მგონია, ვინმეს გაცნობიერებული არ ჰქონდეს რა ხდება, მაგრამ რაღაც გვაკლია სრული ერთიანობისთვის.

ჩვენ თვალწინ ადამიანს უსამართლოდ სცემენ და ეს ხომ ფაქტია. ჩვენ თვალი უნდა ავარიდოთ ამას? ფაქტია, რომ დაგვიჭირეს, ფაქტია, რომ აქციებზე დაჭერილ, პოლიციის ფურგონში შეყრილ ადამიანებს სცემეს, დაასახიჩრეს ადამიანები. ამიტომ არ ვიცი, როგორ შეგვიძლია, რომ გავჩუმდეთ.

ეს უნდა გავიაზროთ, რომ ძალა არის ჩვენს ხელში, ჩვენს გაერთიანებაში და არანაირად არ ვართ ხელისუფლებაზე დამოკიდებული. პირიქით, ისინი დგანან ახლა ჩვენს გაუბედაობასა და შიშზე“- ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.

მისი აზრით, ყველაფერი მალე დამთავრდება, თუ ხალხმა ეს ნაბიჯი ერთად გადადგა.

„ახლა ჭაობის პირას ვდგავართ. ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და გადავეშვებით ჭაობში. ისეთი კანონები აქვთ მიღებული, ისეთი გეგმები აქვთ, ჩვენ რომ დაველოდოთ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, სახელმწიფო აღარ იარსებებს, ჩამოყალიბებული დიქტატურა იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ აღარ უნდა ჩავდგათ იმ ჭაობში ფეხი.

გადამწყვეტ მომენტში ვართ და ეს ხომ ყველამ ვიცით, რუსეთის მაგალითები ხომ ვიცით, რა მოხდა იქ. აი, ამ ზღვარზე ვდგავართ. გადავეშვებით ან გადავრჩებით.

ამიტომ ჩავთვალე, რომ რადიკალური ზომა იყო ახლა მისაღები. ბევრი ადამიანი ვანერვიულე ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ ჩვენ ძალიან ლამაზი, მრავალფეროვანი პროტესტი ვცადეთ ამ ორი თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, – გაგვიყალბეს არჩევნები, თეთრზე შავად გაჟონა და სასამართლოზე გვითხრეს, რომ არ გაუჟონია, გამოვედით ამის გასაპროტესტებლად და გვცემეს და ჩვენ მაინც ვითმენდით მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით, მაგრამ რაღაცნაირად მგონია, რომ დადგა დრო, უფრო რადიკალურები ვიყოთ“- გვითხრა ლაშამ.

ლაშა ჩხვიმიანი მეორე დღეა შიმშილობს.

ლაშა ბოლო წლებში დმანისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, თუმცა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თეატრიდან წამოვიდა და დმანისში  მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე ააშენა.

„ეს იყო პირველი, სახალხო დაფინანსებით აშენებული სივრცე, „შეხვედრის ადგილი“, სადაც თეატრიც იქნება, კაფეც, წიგნების მაღაზიაც და ასე შემდეგ.

მას შემდეგ, რაც შიმშილობა დაიწყო, ლაშა ამბობს, რომ ბევრმა ადამიანმა გამოხატა მის მიმართ სოლიდარობა.

„საერთოდ, ამ ორი თვის პროტესტის განმავლობაში ბევრმა დმანისელმა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, ბევრი საინტერესო საპროტესტო აქტივობებიც გვქონდა და გავაძლიერეთ ერთმანეთი და დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მეიმედებიან და აქვთ სურვილი, რომ ამ ჩემს პროტესტზე რაღაც დავაშენოთ, გაკეთდეს რაღაც გამოღვიძებისთვის“- გვეუბნება ის.

ვინც მერიაში შედის და გამოდის, იმ ადამიანების სახეებზე თუ კითხულობთ ემოციებს და რა ემოციებია ეს, გრძნობთ სოლიდარობას თუ არა? – ვკითხეთ ლაშას.

„ბევრი „ოცნების“ მხარდამჭერი და თვითმმართველობაში დასაქმებული ახლობელი, ვისაც არც კი ველაპარაკებოდი, ასეთი ადამიანები მოვიდნენ ჩემთან და ღელავენ ჩემ გამო.

ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა ვხედავთ ამ უსამართლობას. უბრალოდ, გვინდა, რომ ახლა ერთად გავიდეთ.“ – ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: