მთავარი,სიახლეები

„მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე“ – ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

04.02.2025
„მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე“ – ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ფეისბუქზე წერს, რომ მას აღარ მიჰყავს „მოამბის“ 18:00-საათიანი გამოშვება და ამის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა „მოამბის“ პროდიუსერების უარი მასთან მუშაობაზე.

„მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.

ოფიციალური პოზიცია:

როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც „მოამბე“-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროტესტის მონაწილეა. ჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენაში ადანაშაულებს.

„(საზოგადოებრივ მაუწყებელში) გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის. მე პოზიციას არ ვცვლი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ – გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა 30 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: