არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტებმა დღეს, 3 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების შესახებ განცხადება გაავრცელეს.
მათი თქმით, გასული ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მიიღეს შეტყობინება. დაკავებულთა მონახულება დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს ადვოკატებმა.
იურისტების განცხადებით, დაკავებულები საუბრობენ დაკავებისას და დაკავების შემდგომ პოლიციელების მხრიდან მათზე მაფიზიკურ ძალადობაზე. 5 პირი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში.
„აღსანიშნავია, რომ საპოლიციო ძალები მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის შეკრების უფლების განხორციელებაში. ისინი თვითნებურად აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ამასთან, რამდენიმე ეპიზოდში ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროებას, რაც ჭყლეტის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა.
ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან ერთად, ცალკეული სამართალდამცავები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დემონსტრანტებს, განსაკუთრებით კი, ქალებს.
დაკავებულთა ნაწილი საუბრობს დაკავების შემდგომ, ავტომობილებში პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე. დაშავებულთა შორის არის ჟურნალისტი, ნიკო კოკაია. იგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა და კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ აგრძელებს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას.
„TV პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე, გავრცელდა კადრები, თუ როგორ მიუთითებს აღნიშნული პირი საპოლიციო ძალებს კამერების წინ მოერიდონ დემონსტრანტებზე ძალადობას.
დაკავებულთა შორის იყო არასრულწლოვანიც, რომლის ადგილსამყოფელიც რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დადგინდა. ის იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის გზატკეცილზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში.
ადვოკატს არ მიეცა არასრულწლოვან დაკავებულთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და მხოლოდ მისი დაჟინებული მოთხოვნით, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ თავად გამოიყვანეს იგი შენობიდან. დაკავებული ადვოკატთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არის ნაცემი და მას დაკავების შემდეგ ამოაცალეს ტელეფონი და საფულე“ – აცხადებს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
მათი ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფება. ადვოკატებისთვის არ არისცნობილი, დაკავებულები 24 საათის გასვლისთანავე დატოვებენ იზოლატორებს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს სრულიად უსაფუძვლოდ, მაქსიმალური, 48-საათიანი ვადის გამოყენების მავნე პრაქტიკას.
„მოვუწოდებთ, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მომხდარზე აწარმოოს დროული და ეფექტიანი გამოძიება სათანადო კვალიფიკაციით და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი სამართალდამცველების, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.
ჩვენ ვაგრძელებთ უკანონოდ დაკავებული ყველა პირის დაცვას“- აცხადებენ ორგანიზაციები.