მთავარი,სიახლეები

„ჩემი მეუღლე „ოცნების“ დამფუძნებელი დელეგატია, ორივე გაგვათავისუფლეს“ – ყოფილი საჯარო მოხელე

03.02.2025 •
„ჩემი მეუღლე „ოცნების“ დამფუძნებელი დელეგატია, ორივე გაგვათავისუფლეს“ – ყოფილი საჯარო მოხელე

მანანა ჯავაშვილი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, კერძოდ, წნორის ტერიტორიულ ორგანოში 12 წელი მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან დაითხოვეს მანანას მეუღლეც, რომელიც სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო 2012 წლიდან.

„ახალი წლიდან გადაიყვანეს ხელშეკრულებით, ერთთვიანი გაუფორმეს კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება პარტიას [ქართულ ოცნებას] ემსახურა, პირველი დელეგატი იყო, 2012 წელს, საარჩევნო შტაბიც ებარა და მთელი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო ამ ნაბიჯით, 3-3 მანქანა გვაცილებდა სახლში.

ნაცები რომ დავასრულეთ, პირველი იყო, ვინც საკრებულოში დასაქმდა და უვადო ხელშეკრულება ჰქონდა“- წერს მამის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქეთი მოლაშვილი ფეისბუქზე. ქეთი საპროტესტო აქციების მონაწილეა.

„ბათუმელები“ ქეთის დედას, მანანა ჯავაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა გახდა მისი და მისი მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. 

„2012 წლის მერე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავით და 2012 წლის არჩევნებშიც აქტიურად ვიყავით ჩართული მე და ჩემი მეუღლე.

ბოლო ერთი წელია, იმ რაღაც „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ, ღიად ვაფიქსირებდი ჩემს კრიტიკულ აზრს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მაგრამ კობახიძის გამოსვლა იყო პიკი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სრულ იზოლაციაში გვამყოფებდნენ. „გამჭვირვალობის“ კანონითაც კი მივხვდი რაც ხდებოდა და აღარ შეიძლებოდა ჩაყოლა, მაგრამ ეს იყო ბოლო“ – ამბობს მანანა ჯავაშვილი „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ბოლო ერთი წელი ყველამ იცოდა მუნიციპალიტეტში, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აღარ იყო.

„როცა 12 წელი ერთსა და იმავე სამსახურში ხარ, ცხადია, გყავს მეგობრები, რომლებიც მთხოვდნენ და მიმითითებდნენ, რომ პრობლემები შემექმნებოდა და ამაზე ოფიციალურადაც გამაფრთხილეს, მაგრამ პატარა აღარ ვარ და ისედაც ვიცოდი, რა საშიშროების წინაშე ვიდექი“ – ამბობს მანანა ჯავაშვილი.

მას ვკითხეთ, თუ ჰქონდა თავად კითხვები, ვთქვათ, იმავე კოლეგების მიმართ, ვინც მას ჩუმად ყოფნას ურჩევდა, რადგან საჯარო მოხელეობა ხომ პირველ რიგში სახელმწიფოს სამსახურს ნიშნავს და არა პარტიულს.

მანანა ჯავაშვილის თქმით, ამაზე კამათი უწევდა ყოფილ კოლეგებთან.

„მქონდა ძალიან სერიოზული კამათი. არჩევნების შემდეგ კი უფრო მწვავედ“ – ამბობს ის.

თქვენი მეუღლეც ასეთივე კრიტიკული იყო, თუ რატომ გამოუშვეს ისიც სამსახურიდან? – ვკითხეთ მას.

მანანას თქმით, მისი მეუღლე ბოლო დღემდე მიიჩნევდა, რომ „ოცნება ცუდს არაფერს იზამდა“.

„ჩემი მეუღლე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი დელეგატია და რაღაცნაირად სჯეროდა, რომ ქვეყანა მიდიოდა სწორი მიმართულებით. რა თქმა უნდა, არგუმენტი იყო ის, რომ „აბა რომელი პარტია?“;„ყველა თავისი ჯიბისთვის და სკამებისთვის იბრძვის“ და გუშინდელ დღემდე მაინც ამბობდა, რომ ეს პროცესები მართულია, ენჯეოების, ევროპის და ასე შემდეგ და ისევ იმ ნარატივს იმეორებდა, რომ „ევროპამ იმდენი რაღაცები მოგვთხოვა და ისეთ დღეში ჩაგვაგდო“.

„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად საპოლიციო რეჟიმზე გადაიყვანა ქვეყანა, ყოველ დღე იღებენ რეპრესიულ კანონებს და რეგულაციებს, რომელიც, ფაქტობრივად შთანთქავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? – ვკითხეთ მანანა ჯავაშვილს.

„ამას უკვე სახელი აღარ ჰქვია, ეს არ არის საპოლიციო რეჟიმი, უფრო უარესია. პოლიციელები აქციეს ქურდებად და ცრუ მოწმეებად. „მხედრიონია“, ჩვეულებრივ, მიჰყავს „მხედრიონს“ პარადი და პოლიციაც მიჰყვება ცუციკებივით“ – გვეუბნება მანანა ჯავაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ ჭკვიანი ხალხი თავიდანვე მიხვდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო „ეროვნული კაცი“, მაგრამ ამას ხალხი მხოლოდ გვიან მიხვდა.

„სამება“ იყო თუ სხვა რამ, თავის კარ-მიდამოდ მოიაზრებდა და ამასაც ალბათ ამიტომ აკეთებდა. მაგრამ, ის, რომ დღეს მხოლოდ თავისი მილიონებისთვის ყიდის ქვეყანას, იმდენად ცხადია, რომ ამას ქოშიც კი უნდა ხედავდეს. ყველაფერი მოსპო და გაანადგურა.

ვფიქრობ, თავის დროზეც ასეთი იყო, უბრალოდ კარგად ნიღბავდა, თუნდაც ის ფაქტი, რომ ასე „ებრძოდა“ ნაციონალურ მოძრაობას და ამ დროს მათი ლიდერი სასათბურე პირობებში ჰყავდა და ბუას როლი ჰქონდა ფაქტობრივად, რომ „აი, მე თუ არა, ბუა მოვა“, ან ის ფაქტი, რომ თურმე 12 წლის მერე იწყებს გამოძიებას და ამ დროს პარლამენტი სავსეა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნებით, ნიშნავს იმას, რომ არსად არ წასულა არც „ნაციონალური მოძრაობა“.

მე ვფიქრობ, რომ უარესზე წამსვლელები არიან, ოღონდ თავისი მილიონები, თავისი რუსული კანონები და დიქტატურა დაამყარონ“ – ამბობს მანანა ჯავაშვილი.

მისი აზრით, „ქართული ოცნების“ არჩევით ხალხმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, „მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებმაც. ცოტა ფხიზლად და ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.

„თუმცა, 2012 წელს ალბათ რთული იყო ამაზე ფიქრი, რადგან რეალური სახე „ოცნებამ“ მაშინ გამოაჩინა, როცა მიიღო რუსული კანონი და პირადად ჩემთვის ეს იყო წითელი ხაზი, ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა ხმა უნდა ამოიღოს. თუმცა მგონია, რომ ძალიან დაგვაგვიანდა, რადგან რეგიონებში მოსახლეობა საჯარო სამსახურებშია დასაქმებული და მთლიანად დამოკიდებულია ამ საბიუჯეტო შემოსავლებზე.

უამრავი ააიპი-ა, რომელიც გაჭედილია, გადაძეძგილია ადამიანებით და თანამშრომლებმა არც კი იციან, რომ ეს ხალხი მათთან მუშაობს.

ყოველ წელს უმატებენ ამ ხალხს ხელფასს და არც კი დადიან ეს ადამიანები სამსახურში.

სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანები კი არიან დაშინებული, რომ მოუხსნიან ამ დახმარებას. მაგალითად, წნორში 60-მდე სოციალურად დაუცველი დასაქმებულია, 300 ლარს არაფერში ვუხდით და ეს თანხა ერიცხებათ ოჯახიდან ორს და ზოგჯერ სამსაც და ამას არავინ არ დაკარგავს“ – გვეუბნება მანანა ჯავაშვილი.

„მე დიდი ხანი ვიმუშავე ამ სისტემაში და ვნახე, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილის აზროვნება მხოლოდ ყოფით მოთხოვნებზე გადის. ნუ გვავიწყდება, რომ ეს არის ყველაზე ღარიბი ფენა“.

მანანა ჯავაშვილი ამბობს, რომ არის ხალხი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ცუდს არაფერს გააკეთებს:

„ეს ჩემი მეუღლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომელსაც ბოლო დღემდე ასე ეგონა.

„ფული შემოაკლდათ ენჯეოებს და ახლა იკბინებიან“- ასე აზროვნებს ჯერ კიდევ ბევრი და ასეთ კატეგორიას სამშობლოზე ვერ დაელაპარაკები. ქვეყანა რომ იღუპება და იზოლაციაში, ცივილიზებული სამყარო რომ ზურგს გვაქცევს, მათ ასეთ რამეზე ვერ დაელაპარაკები.

ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ქუჩაშია, ჩემი შვილები, ახლობლები, ნათესავები, იმათ არ უჭირთ, არც 100-ლარიანებს ურიგებენ, როგორც ამბობენ ამას „ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ უკან დასახევი არ გვაქვს, უკან თუ დავიხევთ, უნდა დავტოვოთ საქართველო. აქ ორი აზრი არ არსებობს.

ბევრ ჩემს ახლობელს წასასვლელიც აქვთ, კარგი ცხოვრებაც, მაგრამ არ მიდიან და ვიცი ხალხი, ვინც დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, რომ ამ დროს აქ იყოს, რადგან ასეა საჭირო.

მე ვერ გეტყვით, რომ რაღაც ნათელ ფერებში იქნება ყველაფერი, ალბათ უარესი იქნება, რადგან რეჟიმებს ალალი გულით ვერ ამარცხებენ ადამიანები, მაგრამ ეს – „აბა ომი გინდათ“ ნარატივიც ხომ დასრულდება, როცა დასრულდება უკრაინის ომი, ხომ?!

დღეს აქვთ მოლოდინი, რომ აი, ტრამპი და პუტინი დაალაგებენ და ტრამპი დათმობს ამიერკავკასიას, რუსეთს გადაულოცავს და ამოისუნთქებენ.

არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ვნახოთ, წინ კიდევ ძალიან ბევრი რთული და მძიმე დღეები გველის, მაგრამ როცა მზია ამაღლობელი დღეს ციხეში, შიმშილობს და მართლა ყოველ დღე ამაზე ვფიქრობ, ამის ფონზე როგორ შეიძლება, თუნდაც სამსახურის დაკარგვაზე ხმა ამოიღო. მგონია, რომ ძალიან ღირსების შემლახველია წუწუნი ნებისმიერი ადამიანის მხრიდან“ – ამბობს მანანა ჯავაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: