მთავარი,სიახლეები

„თბილისი მოლთან“ გამართული აქციის 8 მონაწილეს სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს

04.02.2025
„თბილისი მოლთან“ გამართული აქციის 8 მონაწილეს სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 პირი დააკავეს თბილისში, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს და 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული ი.წ., 1982 წელს დაბადებული ი.ტ., 2004 წელს დაბადებული ნ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.ე., 1978 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული ა.გ., 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და 1975 წელს დაბადებული გ.უ.

შსს-ს წერს, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

2 თებერვალს დიდი რაოდენობით პოლიცია შუა დღიდან მობილიზებული იყო „თბილისი მოლთან“, სადაც მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 16:00 საათიდან შეიკრიბნენ და სტუდენტების შეკრების ადგილას — „თავისუფალ უნივერსიტეტთან“.

„თბილისი მოლთან“ იმყოფებოდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილიც (ხარება) — სანქცირებული მაღალჩინოსანი, რომელიც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ცოტა ხნის წინ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. აქციის მონაწილეები და გადაღებული ვიდეოკადრები ადასტურებენ, რომ „ხარება“ მომიტინგეებს აგინებდა და სცემდა.

______________

ფოტოზე: აქცია „თბილისი მოლთან“. ფოტო: ნეტგაზეთი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: