NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს, დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარედ, სადაც ის საპროტესტო აქციას აშუქებდა, პოლიციელმა თავში ჩაარტყა.
რა ვითარებაში მოხდა ძალადობა და რა უთხრეს კლინიკაში NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს, სადაც იგი დარტყმის შემდეგ იმყოფებოდა? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ვანცენტ ხაბეიშვილს.
- ვანცენტ, შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა ვითარებაში იძალადა პოლიციამ თქვენზე?
როგორც იცით, ჟურნალისტები ვიყავით პარლამენტთან. მქონდა ლაივი ჩართული, მივყვებოდით მსვლელობას და ვაშუქებდი.
უცებ შეგროვდა ძალიან ბევრი პოლიციელი და დაიწყეს „გადადით, გადადით“.
- ტროტუარიდან როცა ყრიდნენ ხალხს, იქ მოყევით?
კი, აი, მანდ გადასვლის მომენტში შექმნეს ჭყლეტა.ზურა ვარდიაშვილისგან [გამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი] ვიღებდი ინტერვიუს და დაიწყო ჩოჩქოლი.
ამ დროს თავში, ყურის არეში მომხვდა მუშტი და ამ ინერციამ წამაქცია, დავეცი, თან დაღმართია იქ და ჩავგორდი.
- ვინ დაგარტყათ ჩანდა? ნიღბიანი იყო, თუ უჩანდა სახე?
დიდი ალბათობით ეს იყო ნიღბიანი, იმიტომ, რომ როგორც მახსოვს, იმ დროს ჩემ უკან სულ ნიღბიანები იდგნენ.
როცა დავეცი, მერე კადრებშიც ვნახე, ამ დროს რამდენიმე წამით ითიშები… გარემო რომ აღვიქვი, ჩემ წინ ადამიანები იდგნენ, შევხედე ტელეფონს და ლაივში ვიყავი ისევ, წამოვდექი უცებ და გავაგრძელე მუშაობა.
დაცემის მომენტშიც ლაივში ვიყავი და იქაც ჩანს, რომ ვეცემი.
- ვინ გადაგიყვანათ კლინიკაში, იყო სასწრაფო მოსული?
ჩემით გადავედი, რადგან მტკიოდა კეფა, მირჩიეს, რომ მივსულიყავი კლინიკაში. ირგვლივ ვისაც აქვს, სამწუხაროდ, ჟურნალისტებს, იგივე გამოცდილება – ცემის და გადაყვანის, მირჩიეს, რომ მივსულიყავი კლინიკაში.
- რა გითხრეს კლინიკაში, გაქვთ რაიმე დაზიანება?
ტვინის შერყევა არ მაქვს, მაგრამ მაქვს გაბუჟების შეგრძნება, რაც იმის თანმდევია, რომ ძლიერად მომხვდა. მირჩიეს, რომ ცოტა ხნით მოვწყდე ელექტრონულ მოწყობილობებს და დავისვენო, მაგრამ ეს არ გამომივა.
- დღეს არალეგიტიმური პარლამენტი განიხილავს ახალ რეპრესიულ კანონებს, რომლებიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. უკვე ვნახეთ, რომ ადამიანებს ნიღბიანი პირები ტროტუარზე დგომის საშუალებასაც არ აძლევენ. თქვენი აზრით, რა იქნება ხვალ, როცა ახალი, რეპრესიული კანონები შევა ძალაში?
როგორც ვიცით, ბოლო ორი წელია ეს ვითარება მძიმდება და ამის გამოძახილია ეს ყველაფერი, უფრო მეტი ნაცემი და დაჭერილი ჟურნალისტი გვყავს დღეს. დღევანდელი აქციაც მზიას გათავისუფლების მოთხოვნით იყო.
ონლაინ მედიებისთვის განსაკუთრებით რთულია მუშაობა დღეს, რადგან, ფაქტობრივად, გამოყრილი ვართ პარლამენტიდან და ყოველთვის ყვითელი რეჟიმი მოქმედებს ჩვენთვის, აქციებზეც ხშირად დავდივარ, ვაშუქებ და აშკარად ჩანს, რომ ჩვენ ვართ სამიზნე, ნიღბიანი „სამართალდამცავების“ ნებისმიერი მოქმედებიდან იგრძნობა ეს და ამას ადასტურებს ისიც, რომ ბევრი ჟურნალისტია ნაცემი.
ჩვენ დავინახეთ გუშინ მდინარაძის მიერ დაანონსებული პოლიციური სახელმწიფო, შესაბამისად, ჟურნალისტი იქნება ეს თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამას, ცხადია, თავისთავზე იწვნევს და უფრო დამძიმებული და გართულებული იქნება ცხოვრება მისთვის, ვისთვისაც დემოკრატია და დემოკრატიის ბაზისი მნიშვნელოვანია.
თუ რამის იმედი მაქვს ამ პროცესში, ეს არის საოცარი სოლიდარობა, მტკიცე და ურყევი ყველა მოქალაქის მიმართ თანაბრად და ეს თანაგანცდა არის, ვფიქრობ, უკეთესი მომავლის დასტური.
მადლობა ყველას ამ მტკიცე სოლიდარობისთვის და ცხადია აქვე, – თავისუფლება მზია ამაღლობელს.
_______________
ფოტო: ვანცენტ ხაბეიშვილი/facebook